IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ედპ-ს რექვიემი

 ♥ სეგმ

 

*** 

გიტირეთ მაძინი!

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის რექვიემი

 

ხანდახან (ხშირად!) აფიქსირებ ადამიანი, რა ზედაპირული და ზერელეა თანამედროვე ქართული პოლიტიკის, ჟურნალისტიკის… და ა. შ. “ბაგაჟი”.

დავბრუნდეთ 20… არა, 22 წლით უკან. თბილისის ქუჩებში მანიფესტაციები და მიტინგები ქუხდა. მიტინგებზე ხშირად გამოდიოდა ახალგაზრდა მგზნებარე პოლიტიკოსი, რომელიც არ უშვებდა ხელიდან თავისი პარტიის პიარის შემთხვევას, მათ შორის – საჭირო ადგილას თუ უადგილოდ ჩაურთავდა ხოლმე მათი პოლიტიკური კერპის სახელს. ამ დროს მარჯვენა ხელი წინ და მაღლა იყო შემართული და პოლიტიკოსი თითქოსდა ვიღაცას ემუქრებოდა საჩვენებელი თითის ქნევით: “მაძინი ამბობდა!..” “ჩვენ, ქართველი მაძინისტები!”

საერთოდ, ეს პარტია, შემდგარი მეტად მიზანსწრაფული ადამიანებისაგან, ძალიან ხშირად იმუქრებოდა. შეადარეთ ერთმანეთს ზვიადისტების სახელგანთქმული (და მათი მოწინააღმდეგეების მიერ ყბად აღებული) შეძახილი “იუდა!”, და “ედეპეშნიკების” “ჩა-უ-შეს-კუ!” რუსთაველზე. ყველა – ახალგაზრდა, აგრესიული და ცხოვრებაში წარმატების მიღწევის სურვილით მოცული; “ყველა როგორც ერთი”, მომუშტული ხელის ქნევის საოცარი სინქრონიზაციით, თავი ფაშისტურ გერმანიაში რომ გეგონებოდათ ჰიტლერელთა პარადებზე; და, რაც მთავარია, იმ მძაფრი შთაბეჭდილების შექმნით, რომ ისინი არ ხუმრობენ, და ოღონდ მიეცი მათ ზვიად გამსახურდია – ახლავე, თვითონ აღასრულებენ ლინჩის წესს.

მიზანსწრაფვა შემთხვევით არ ვახსენე. პარტიის ბევრი წევრი შემდეგ თბილ, შემოსავლიან ადგილებზე მოყუჩდა. მათი საბაჟო-ეკონომიკური ლიდერი (ამ ფიზიონომიაზე რატომ მახსენდება მუდამ ფრაზა “მორცხვი ქურდბაცაცა”?) შემდეგ კიდევ უფრო თბილად მოკალათდა და ახლაც იქაა (არავინ ამტკიცებს, რომ იქაც მორცხვად იპარავს, მაგრამ სინდისიც ხომ კარგი საქონელია?). იდეოლოგიურ-თეორეტიკული ლიდერი ახლა საკუთარი კარიერისთვის ძალიან მიზანსწრაფულად იკვლევს კორუფციის საკითხებს. მთავარმა მაძინისტმა ჯერ კიდევ 92-ში დაასაბუთა და დაადასტურა, რომ 2 სექტემბრის პროვოკაცია მათ შეგნებულად მოაწყვეს, რადგან მათ “უნდა ეჩქარათ”: მალე დასავლეთი აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ეს მათი საბოლოო პოლიტიკური მარცხი იქნებოდა. ან რა გასაკვირია ლიდერისგან, რომელმაც 91-ის მარტში საჯაროდ განაცხადა – “ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე კრემლი კი არა, საქართველოს უზენაესი საბჭოა”-ო (თუნდაც აქედან ჩანს სააკაშვილის პირველივე მასკარადის, ე. წ. შერიგების აქტის მთელი აბსურდი. მაშინ მან თქვა, იმ დროს “ორივე დაპირისპირებული მხარე საქართველოსთვის იბრძოდაო”. კი მაგრამ, როგორ? – უზენაესი საბჭო ებრძოდა კრემლს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, ხოლო ედპ და მთელი ოპოზიცია, აი, ამ დროს, ებრძოდა უზენაეს საბჭოს; მე მგონი, კომენტარი საჭირო აღარაა)! 90-ის ოქტომბერში – სადგისის თვითჩხვლეტის ცნობილი დადგმა. იმავე პერიოდში – მისი ცნობილი ფრაზა: კი მოვკლავდით გამსახურდიას, მაგრამ მთაწმინდაზე აასვენებენო. დეკემბერში – მისი უცნობლად დარჩენილი წამოძახილი ეროვნული კონგრესის II ყრილობაზე, გამომსვლელის პასუხად, რომელმაც თქვა, არ გვინდა თავიდანვე ულტიმატუმები, ცოტა დავაცალოთ უზენაეს საბჭოს, იქნებ რამე კარგი გააკეთოსო: “კი მაგრამ, მე ვერ გავიგე, რატომ გინდათ თქვენ, რომ უზენაესი საბჭო მაინცდამაინც კარგი იყოს?!” (ესე იგი, შენ არ გინდა, ხომ?🙂 ). 91-ის მაისში დამოუკიდებლობის აქტის გაქილიკება: “ეს აქტი 1918 წლის 26 მაისის აქტის პაროდირებაა, თვით გარეგნულადაც კი”-ო (ჩუქურთმიანი არშიაა მხედველობაში). წერილი ციხიდან ომის წინ: “ვინც შერიგებისაკენ გადადგამს ნაბიჯს, ის თავის თავს დააყენებს პარტიის გარეთ!” საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე – პარტიამ შემოიტანა მარჯვე სიახლე პოლიტიკურ პრაქტიკაში: წევრობის დროებით შეჩერება იმ თანაპარტიელთათვის, რომლებიც აპირებდნენ მონაწილეობის მიღებას “ძმათამკვლელ ომში” (მაშინ როცა თავად პარტია თითქოსდა სუფთა რჩებოდა🙂 ). 91-ის დეკემბერში გამყიდველი სუკ-ელების მიერ იზოლატორიდან გათავისუფლებულმა ლიდერმა მაშინვე თავის თავზე აიღო “რაიონების მიხედვა” და “самый натуральный პუტჩის” (მისივე ტერმინით; ეს სიტყვები კისკისით ითქვა, იმ დროს, როცა ქუჩაში ზარბაზნები ქუხდნენ და ხალხი იხოცებოდა) პოლიტიკური სტრუქტურების შექმნა. ედეპეშნიკები პოლიტკომისრებად დაჰყვებოდნენ მხედრიონის მარბიელ რაზმებს ომის დღეებში, რათა მათ ზედმეტი არ წამოეროშათ (მაგალითად, გალეშილ და გაბრუებულ ბანდიტებს ხანდახან სურვილი ეძალებოდათ, ყველასთვის ეჩვენებინათ ფულის დასტები, რითაც მათ უხვად ამარაგებდნენ; ჰოდა, კომისრები ასეთ მომენტებს აკონტროლებდნენ, გამანეიტრალებელ კომენტარებს აკეთებდნენ და მსგავსი). 92-ის მაისში – მისივე ცნობილი შეთავაზება ზვიადისტების დაბეზღების თობაზე. 93-ში – ედპ-ს ბელადი ერთადერთი აღმოჩნდა ეროვნული მოძრაობის ყველა, პირველი თუ მეორე რიგის ლიდერისგან, რომელმაც უსინდისოდ განაცხადა: ეს “ჩვენ, დანარჩენმა ლიდერებმა არ ვიცოდით, და მარტო გამსახურდიას ჰქონდა ინფორმაცია, რა მოჰყვებოდა 9 აპრილს მიტინგის დარბევას მსხვერპლისა და მისი მომავალი კარიერის უზრუნველყოფის თვალსაზრისით”-ო (კი არ “ვარაუდობდა” ან “გეგმავდა”, – “იცოდაო”!). დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო ომის დროს, ჯ. იოსელიანის დადასტურებით, პარტიის ლიდერი პირადად ესწრებოდა დაპატიმრებული ზვიადისტების დაკითხვა-წამებას (მაგალითად, მუხლების ტყვიით გახვრეტით; ამის შემსწრე ჯაბამ თავისთვის გაიფიქრა, ბიჭებმა ცოტა გადააჭარბესო და… წყნარად გამოიხურა კარი), და რა ვიცი კიდევ, რამდენი ასეთი მიზანსწრაფული გაფართხალება.

თუ არ ჩავთვლით მაშინ ჭანტურიას თბილისში სასწრაფოდ დაბრუნებას, რადგან დსთ-ში შესვლაზე დაიწყო ლაპარაკი (და რითაც აღაშფოთა იოსელიანი), პარტიის ისტორიაში მეტი წილი გადაწყვეტილებებისა იყო არასწორი, თუ ბრიყვული არა. პირველი, რაც მახსოვს, იყო 1989 წლის ივლისში განხეთქილების, ალბათ პირველი, საჯარო დაფიქსირება. მაშინ მოძრაობის საერთო მაკოორდინირებელმა კომიტეტმა მიიღო აწონილ-დაწონილი დადგენილება აფხაზეთში გართულებული სიტუაციის ირგვლივ, მაგრამ ჭანტურიამ კინოს სახლთან გამართულ მიტინგზე მაინც სეპარატულად გამოაქვეყნა ედპ-ის გეგმა: მოსახლეობა ახლავე შეესიოს მაღაზიებს, შეისყიდოს მარაგად პროდუქტები, რადგან ეროვნულ დაუმორჩილებლობას ვიწყებთ იმ კვირიდანო. პარტიის ეს იდეა-ფიქსი კი არსებობდა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც, ბევრი რომ არ მივედ-მოვედოთ, გია ჭანტურიას უყვარდა თავისი თავის წარმოდგენა ამ დაუმორჩილებლობის სათავეში… ამ იდიოტიზმს სტვენა რომ მოჰყვა, მან ვეღარ დაიმორჩილა თავი და დაიწყო ყვირილი “კერპთყვანისმცემლობასა” და “ბელადომანიაზე”. ეს არაა გასაკვირი: დავით ბერძენიშვილმა 93-ში ერთხელ გააქილიკა ედპ-ის ლიდერი, 1988 წლის მაისში (დაუკვირდით – ამ დროს გია ჭანტურია სულაც არაა “პირველი რიგის მოვლენა” მოძრაობაში) ვუსაყვედურე გიას, ამ სახელგატეხილი გამსახურდიას გვერდით რატომ დგახარ-მეთქი, და ჭანტურიამ ბრძანა, “მე ზვიადს კონტროლს ვუწევო” (ტრაგიკომედია აქ ისიცაა, რომ ბ-ნი დავითი ის კაცია, ძმა რომ ჰყავს ლევან მომნანიებელი, ხოლო ვისაც საყვედურობს, იმას “ობსლუგაში” სამსახურზე განცხადება აქვს დაწერილი, – ოღონდ ამ განცხადების გამოქვეყნება საზოგადოების “მაღალზნეობრივმა” ნაწილმა, მანამდეც და მერეც ტანსაცმელს რომ იგლეჯდა, ზვიადმა “მონანიებით” ჩირქი მოგვცხოო, – “სიმდაბლედ” ჩაუთვალეს ეროვნულ ხელისუფლებას). როგორ გაუწია, ვნახეთ. რომ ვერ გაუწია, იმიტომ იყო სტამბების პიკეტირება და სხვა “დემოკრატიული” ექსცესები. მერე იყო – გია ხან პერსონალური, კონტროლირებადი მონარქის გამოჩხრეკას ცდილობდა, ხან კი ედუარდ შევარდნაძე ეგონა “ერთი საბრალო ბერიკაცი”. კომენტარი საჭიროა? და ეროვნული ხელისუფლების ერთადერთი გადაწყვეტილება, რასაც ედპ-მ მხარი დაუჭირა, – სამტრედიაში რკინიგზის ბლოკირება, – ბედის ირონიით, იყო ამ ხელისუფლების ყველაზე სერიოზული შეცდომა.

ეს ყოველივე ნებისმიერს შეეძლო შეენიშნა მაშინაც და შემდეგაც, ამ 20 წლის განმავლობაში, მაგრამ ცოტამ თუ შენიშნა (განსაკუთრებით – ახალგაზრდა ჟურნალისტმა გოგონებმა, რომელთა წრეშიც ედპ-ის ლიდერი დიდი სიმპათიებით სარგებლობდა). და რაღა ვთქვათ იმაზე, რაც ჩანაწერის მთავარი საგანია.

ესე იგი, მაძინი. კი, გასაგებია – როგორც ძველად თავადურ საგვარეულოებს ჰყავდათ გამოჩხრეკილი თავისი უნიკალური, აუცილებლად უცხო წარმოშობის ფუძემდებელი, ისე პარტიას შეიძლება სურდეს, თავისი “კოზირის ტუზი” ჰყავდეს, რომელიც მისი “სავიზიტო ბარათი” იქნება. მაგრამ, ჯერ ერთი, როდესაც არის ილია, ვაჟა, აკაკი და მრავალი სხვა, – მაძინი ვინ ფეხებია?!🙂 და მეორე, ანუ საგანი: რა ჩლიქებიანი ფეხებიც იყო ეს მაძინი.

დავუაროთ შორიდან და გავიხსენოთ ედპ-ს გაზეთში, პუტჩისშემდგომ პირველივე ნომერში გამოქვეყნებული კარიკატურა, სადაც ასახული იყო რინგზე “გამსახურდიასა და შევარდნაძის ორთაბრძოლა”, კომენტარით: “ასპარეზობის სპონსორია თავისუფალ ქვისმთლელთა საძმო!” საიდან სადაო, ხომ? მაგრამ ასეთი რამეები ისე არ ხდება. მაგალითისთვის – იმავე იანვარში გამოსული ახალი გაზეთი, “პეგასი”. გაზეთი პუტჩისტური სულისკვეთებისა იყო. მთელ პირველ გვერდზე გამოსახული იყო წაკვეთილი პირამიდა, ზედ გასხივოსნებული თვალით. პირამიდის ძირას – პატარა ფიგურები, და წარწერა: “აღზევდა, აღზევდა ვით პირამიდა, რამეთუ მწვერვალიდან უკეთ ჩანს “ხალხის მტერი”, “კრიმინალური ინტელიგენცია”!” აი, აბსურდი. ამ აზრის გადმოცემა უადგილო პირამიდის გარეშეც შეიძლებოდა, არა? ესე იგი, ეს ისეთი აბსურდია, რომელშიც ღრმა აზრი ძევს; კერძოდ, როგორც ცნობილია, ქვისმთლელ ბატონებს ძალიან უყვართ რამენაირად თავისი სიმბოლიკის დაფიქსირება.

ამდენად, ჩვენ დავადგინეთ, რომ უკვე 92-ის იანვარში სულ ცოტა ორმა ბეჭდვითმა გამოცემამ და ამდენივე საზოგადოებრივმა ერთეულმა დააფიქსირა, რომ მათ რაღაცა ისეთი იციან, რაც სხვებმა, უმრავლესობამ არ იცის. მაგრამ ედპ-თან მიმართებით საკითხი არასაკმაოდ დასაბუთებულია, რადგან მათ შეეძლოთ უბრალოდ დამკვირვებლის პოზიცია გადმოეცათ. ამიტომ წავიდეთ წინ.

ვაი, რომ მაძინის პოლიტიკური იდეალი იყო არა თავისუფალი იტალია, არამედ “მსოფლიო რესპუბლიკა”! დასკვნა ერთია: ან იგივე სურდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ წამყვან პარტიას, ანდა საქმე გვაქვს გაუგონარ უმეცრებასთან.

ვაი, რომ მაძინი იყო – არც მეტი და არც ნაკლები – მასონური მოძრაობის ავანგარდის, ილუმინატთა ორდენის მეთაური, ავადხსენებული ადამ ვეისჰაუპტის მემკვიდრე ამ პოსტზე!

ვაი, რომ 1871 წელს მაძინიმ რჩევა სთხოვა ალბერტ პაიკს, შეედგინა გეგმა-ინსტრუქცია, თუ როგორ ებრძოლათ ეფექტურად ქრისტიანობის (ყურადღება მიაქციეთ – არა პაპის ტახტის, არამედ რელიგიის) წინააღმდეგ, რათა “საბოლოოდ ამოეძირკვათ” ის! პაიკმა, ილუმინატების ერთ-ერთი იერარქმა, “სატანის პირველმღვდელმა და ქურუმმა”, აშშ-ის ლუციფერიანული მასონობის ლიდერმა, კუ-კლუქს-კლანის დამაარსებელმა, პასუხი გასცა – გეგმით, თუ როგორ მიეღწიათ მსოფლიო ბატონობისათვის და “ახალი მსოფლიო წესრიგის” დამყარებისათვის სამი დიდი ომის მეშვეობით. სწორედ ამ წერილის პოსტულატები დაედო შემდეგ საფუძვლად ცნობილ “სიონის ბრძენთა ოქმებს”.

და მე მაინტერესებს – რა სინდისით ეტმასნებიან საპატრიარქოს ედპ-ის ლიდერები?

მაგრამ, დავუშვათ, გია ჭანტურიამ და მისმა მომხრეებმა ეს ყველაფერი არ იცოდნენ (თუმცა, სანამ ვინმეს ხატად აისვენებ, სულ ცოტა, ალბათ მისი ნააზრევი უნდა წაიკითხო მაინც, არა? – რომ კოსმოპოლიტიზმი და სატანიზმი ნაციონალიზმსა და სარწმუნოებაში არ აგერიოს). და აქ გვახსენდება თავად ჭანტურიას ინტერვიუ 93-ში (“ქართველ ერში” ანდა “ახალგაზრდა ივერიელში”). სადაც მას ეკითხებიან მასონობის შესახებ და ის ამას ქირქილით “თითიდან გამოწოვილ ზღაპრებს” უწოდებს.

აბა არა – რაც 92-ის იანვარში ზღაპარი არ იყო, ახლა ასეთი გახდა.🙂 მაგრამ ეს ყველაფერი არაა, და დავსვათ წერტილი. 94-ის ინტერვიუ (იგივე გაზეთები), რომელშიც ჭანტურია აღწერს პარტიის ლიდერების ტურნეს ევროპაში, და, სასხვათაშორისოდ, შენიშნავს: “შემდეგ ჩვენ გადავედით ამსტერდამში და შევხვდით ცოტა სხვა ძალებს, რომლებიც ჩრდილში დგანან, მაგრამ ევროპულ პოლიტიკას ქმნიან”.

ხომ ვერ მეტყვით, რა ძალაა ასეთი? რამე ნახევრად- ან ოფიციალური სტრუქტურაა? ჯერ ერთი, დახასიათება თავად მეტყველებს, ვისზეცაა საუბარი. და თუ ამოვალთ იქიდან, რომ ამსტერდამი ევროპული მასონობის ერთ-ერთი ცენტრია, მაშინ ყველაფერი გასაგები იქნება.

და ზღაპარს რაღაც არ ჰგავს.

ესეც ასე. რა დაგვრჩა წამყვანი “ეროვნული” პარტიისგან? წევრები უკვალოდ დაიფანტნენ – ცხოვრება მოიწყვეს, მეტი კი არც არაფერი აინტერესებდათ. ლიდერები ჯერ აქ მაძინისტობდნენ და მერე ევროპაზეც გავიდნენ. დავუმატოთ ამას, რომ სწორედ ირინა სარიშვილმა გადააფიქრებინა 25 დეკემბერს გაქცევა კიტოვანს (სუკ-ის ხსენებით და დარწმუნებით: “ორი დღეც გაუძელით და ნახავთ, რაც მოხდება!”. მოხდა კი ის, რომ 27-ში, დილის 5 საათზე, ოპოზიციამ პირველად და მასობრივად გამოიყენა არა საარტილერიო, არამედ რაკეტული იარაღი, და დილაადრიან “პოლიტპატიმრები” თავად სუკ-მა გამოუშვა იზოლატორიდან; მანამდე კიტოვანის შტაბში დაირეკა სუკ-იდან და მათ შეატყობინეს, “მოდით და წაიყვანეთ თქვენი პატიმრები, ოღონდ სროლა-სროლით მოდით, რომ ეჭვი არ აიღონ”-ო! ამ საქმეზე გაიგზავნა, აღარ მახსოვს, ტყიბულის თუ საჩხერის ბატალიონი, და სუკ-თან მისულებს ყველა კარი ღია დახვდათ) – და “ეროვნული” ანტურაჟისაგან ხელში არაფერი შეგვრჩება. სუკ-ი, მასონობა, სატანიზმი, საბაჟო (და სუკები:) ) და ასე შემდეგ.

და ეს ამბავი დარჩა უცნობლად, ხოლო პარტია – „ეროვნულის“ იმიჯით. ამის შემდეგ (და კიდევ ბევრი რამის გამო) ქართული სოციო-პოლიტიკური კონტინგენტის „ბაგაჟი“ არის – ნული…

Eeki  Tbilisi

             

***

 

ლეილა ცომაია 

 გია ჭანტურია და 2 სექტემბრის მიტინგის პოლიტიკური ანატომია

 

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დემოკრატიული მმართველობის პირობებში ოპოზიციას ეძლეოდა მიტინგების ჩატარების სრული თავისუფლება შეუზღუდავ ადგილებში და ხელისუფლების დამხობის მოწოდებების მიუხედავად, არც ერთი მიტინგი არ ირბეოდა. ერთადერთ გამონაკლისს, მხოლოდ 1991 წლის 2 სექტემბრის მიტინგის პროვოკაციული დარბევა წარმოადგენდა, რის გამოც პრეზიდენტმა აღშფოთება ვერ დამალა: 15 სექტემბრის უზენაესი საბჭოს სხდომაზე მან მღელვარედ განაცხადა: “როდესაც ამერიკის კონგრესის დელეგაცია ჩამოდის თბილისში. დრო, როდესაც მე მას ვხვდები… ამ დროს გაისმის სროლა რუსთაველის პროსპექტზე. რა ჰქონდა მიზნად დასახული ყოველივე ამის ჩამდენს და მომწყობს, გეკითხებით მე! მე მგონი დღესავით ნათელია, მეგობრებო, მზადდებოდა ცნობა ჩვენი ქვეყნისა მრავალი უცხო ქვეყნების მიერ, დელეგაციის ჩამოსვლა მისადაგებული იყო, სწორედ ამასთან და ეს უნდა ჩაშლილიყო. ნუთუ ამის მიხვედრა ასე ძნელია, მეგობრებო?!… მე მწარე სიმართლე უნდა ვთქვა: მილიციაში არის ჩვენდამი მტრულად განწყობილი ძალები… ეს იყო შეგნებულად მოწყობილი პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ ორივე მხრიდან, რომლებიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთი ცენტრიდან იმართებოდნენ და ერთი ავტორი ჰყავს ყოველივე ამას… ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა ზომები, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, ეს არის ჩვენი მოვალეობა… დღევანდელი სიტუაცია საქართველოში ძალიან მაგონებს 1918-21 წლების სიტუაციას… მაშინაც, მოსკოვს გადახვეწილი მოღალატე ქართველები მართავდნენ ყველაფერს, ისინი ქმნიდნენ აქ დასაყრდენ ჯგუფებს… მეორე ანექსიას ამზადებენ, მეგობრებო, მოსკოვში გადახვეწილი ჩვენი მოღალატე თანამემამულეები…”

პრეზიდენტის სიტყვა, რომელიც კუპიურებით მოვიტანეთ აქ, ბოლომდე მღელვარე იყო. “მოსკოვში გადახვეწილ მტრებში” პრეზიდენტი მოიაზრებდა: ე. შევარდნაძეს, ვალერიან ადვაძეს, გურამ მგელაძეს, ნუგზარ ფოფხაძეს, ზურაბ წერეთელს (ფინანსურ ოლიგარქს). ერთ-ერთი ამათთაგანის, გურამ მგელაძის (აბაშის ყოფილი რაიკომის მდივანი) საიდუმლო კავშირს კრემლთან ადასტურებს 1991 წლის 20 თებერვლის გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.  პოლიციის სტრუქტურებში შეპარული შეთქმულები კი, რომლებმაც 2 სექტემბრის სისხლიანი ავანტიურა მოაწყვეს (თუმცა, არავინ დაღუპულა) გამოვლენილ იქნენ, თუმცა პრეზიდენტმა მათი მოხსნა ვერ შეძლო. ესენი გახლდათ შსს მინისტრი დილარ ხაბულანი, გელა ლანჩავა და სხვები, რომლებსაც თენგიზ სიგუა და თენგიზ კიტოვანი მფარველობდნენ. ომონელი გელა ლანჩავა, რომელიც გადატრიალების შემდეგ კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა მიტინგებსაც ხვრეტდა, შევარდნაძემ, “დამსახურებებისათვის”, ჯერ შინაგანი ჯარის სარდლად დააწინაურა, ხოლო მოგვიანებით კი მას გენერლის წოდებაც უბოძა.

შევარდნაძეს არასოდეს დაუმალავს, რომ “გამსახურდიას ოპოზიციონერები ხშირად ჩამოდიოდნენ მოსკოვში ჩემთან კონსულტაციებისთვის”-ო. ერთერთი ამგვარი მიზნობრივი ვიზიტის დროს, გია ჭანტურიას შევარდნაძისაგან, უთუოდ ეცნობა, რომ 2 სექტემბერს მოსკოვში ტარდებოდა დეპუტატთა ყრილობა, რომელზეც განიხილებოდა ბალტიისპირეთისა და საქართველოს სსრკ-დან გამოყოფის საკითხი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ჭანტურიამ, ამ ცნობასთან ერთად, შევარდნაძისაგან სათანადო ინსტრუქტაჟიც მიიღო. საიდუმლო ინსტრუქციები მიეცა, აგრეთვე შევარდნაძესთან ფარულ ალიანსში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებსაც, რომლებმაც გია ჭანტურიას მიერ წინასწარ დაანონსებულ 2 სექტემბრის მიტინგზე შეიარაღებული ომონი წარგზავნეს და ცნობილი პროვოკაციული გასროლებიც განახორციელეს, რომლის ექო (როგორც გათვალისწინებული იყო) მოსკოვში მიმდინარე ყრილობასაც მისწვდა და რომელმაც თბილისის 2 სექტემბრის მიტინის დარბევა, საქართველოში დიქტატორული რეჟიმის არსებობად შერაცხა და გაურკვეველი ვადით გადადო სსრკ-დან საქართველოს გასვლის ცნობა-აღიარება, ხოლო ბალტიისპირეთის რესპუბლიკები კი გასულად გამოაცხადა.

ეროვნულ-დემოკრატები, მართალია თავს იმართლებდნენ, რომ ჩვენ კინოს სახლთან ორშაბათობების მიტინგი წინასწარ გვქონდა დაგეგმილი და 2 სექტემბრის მიტინგიც ამ გეგმის მიხედვით ჩატარდაო, მაგრამ, მას შემდეგ, რაც გაცხადდა მათი მოსკოვური ვოიაჟები შევარდნაძესთან, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ “ორშაბათობების” ერთთვიანი ციკლის დაგეგმვა კალენდრით ხელში მოსკოვში მოხდა. ნოდარ ნათაძე “სახალხო ფრონტის” გაზეთ “საქართველოში” სათაურით “რაც ვიცი” წერს: “…ახალ ურთიერთობაში მყოფმა პატრიოტმა და გამოკვეთილმა დისიდენტმა… მითხრა გაკვრით: “სექტემბერში ზვიადის წასვლის პროცესები დაიწყებაო” ( “საქართველო”. 1999წ. N15(1716). ჩემი ვარაუდით იგი, სწორედ გია ჭანტურია უნდა ყოფილიყო.

2 სექტემბრის ყბადაღებულ დარბევასთან დაკავშირებით საგულისხმოა, აგრეთვე მწერალ მერაბ ელიოზიშვილის გამოსვლა მწერალთა კავშირის 1991 წლის 12 სექტემბრის ცნობილ სხდომაზე (რუსეთუმე ქართველი მწერლები: რეზო ამაშუკელი, კობა იმედაშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, მურმან ლებანიძე, რეზო ჯაფარიძე, გურამ ფანჯიკიძე, იზა ორჯონიკიძე, გურამ გვერდწითელი, ნოდარ გრიგალაშვილი, დავით მაღრაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, თამაზ წივწივაძე, ჯუმბერ თითმერია და სხვები კატეგორიული აღშფოთებით გმობდნენ 2 სექტემბრის დარბევას): “…ორი თვის წინ ტელევიზორის ძებნაში… ერთმა კაცმა მითხრა ვერ იშოვიო და ლაპარაკში დაამატა: 2 სექტემბერს არ გადასცდება, ზვიად გამსახურდიას ყოფნა-არყოფნის ამბავი დადგებაო. ახლა მაინტერესებს, საიდან იცოდა ვაჭარმა, რომ 2 სექტემბერს უნდა მომხდარიყო ეს ინცინდენტი” (სტენოგრამა იხ. გაზ. “საქართველო”, 28-31 ოქტომბერი,1996).

სახელმწიფო გადატრიალების 10 წლისთავთან დაკავშირებით ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ზე 2002 წლის 6 იანვარს ნაჩვენებ დოკუმენტურ ფილმში “ჩაკეტილი წრე”, ედპ-ს ყოფილმა წევრმა იური ტალახაძემ განაცხადა: მოსკოვიდან მორიგი ვიზიტიდან დაბრუნებულმა ირინა სარიშვილმა აგვისტოში გვითხრა, მოგვცეს მითითება, რომ განვაახლოთ და გავააქტიუროთ გამსახურდიას საწინააღმდეგო გამოსვლები და მე 2 სექტემბრის შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენი საპროტესტო აქციები მოსკოვიდან იმართებოდაო.

მოვიყვანთ, აგრეთვე კგბ-სა და გრუ-ს საიდუმლო აგენტის თემურ მასხულიას წერილის ფრაგმენტს ე.შევარდნაძისადმი, რომელიც დათარიღებულია 1996 წლის ივლისით: “1990 წლიდან რუსეთის სპეცსამსახურებმა მნიშვნელოვნად გაააქტიურეს ოპერატიული მუშაობა მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში… დამთავრებული კრიმინალურ სამაყაროში, რისი ერთი მაგალითია “მხედრიონი“… მახსენდება 1991 წლის 2 სექტემბრის ორგანიზება და უშუალო შემსრულებლები: გურამ მგელაძე, იგორ გიორგაძე, თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა, თემურ ხაჩიშვილი და გრუ-ს გენერალი ივანენკოვი. მიტინგის ორგანიზება ხდებოდა გრუ-ს მეშვეობით, ბატონო ედუარდ!…” (იხ. “მართალი გაზეთი”, N18(103), 30.05, 2002. გვ.17). ნიშანდობლივია, რომ ბატონი თემურ მასხულია, იმავდროულად იყო ედპ-წევრიც.

ასე ღრმად იყვნენ ალიანსში ქართველი “პატრიოტი” ოპოზიციონერები კრემლის პოლიტიკურ ძალებთან, მეტროპოლიასთან. ამიტომაც, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გულითადმა მცდელობამ _ “არც ერთი ქართველი კრემლის სატანას!” და შეიარაღებული ოპოზიციონერებისათვის “ტყვიის ნაცვლად ყვავილების სროლამ” ნაყოფი ვერ გამოიღო.

 

 

            

 

 

 

One Response to “• ედპ-ს რექვიემი”

  1. სტატიაში მოყვანილი დამახინჯებული ფაქტების და ამბების, 100%-ის მომსწრე და თვითმხილველი. said

    ძალიან ბევრი ტყუილი და დამახინჯებული ფაქტი წერია ამ ე.წ. სტატიებში. დეტალურ გამოხმაურებას ვაპირებდი, მაგრამ აზრი არ აქვს. ვიცი რომ, სტატიის ავტორი თუ ავტორები, საკუთარი გამოგონილი ფაქტების ტყვეობაში დარჩებიან მაინც…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: