IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის საბჭოს მიმართვა უზენაესი საბჭოს დეპუტატებს

♥ სეგმ

drosha

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის საბჭოს
მიმართვა
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატებს

მოგმართავთ თქვენ, 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების შედეგად უმრავლესობით არჩეულ დეპუტატებს, საარჩევნო ბლოკი: „მრგვალი მაგიდა, თავისუფალი საქართველოდან“, რომლებიც 1990 წლის 15 დეკემბერს გაერთიანდნენ უზენაეს საბჭოში და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით ჩამოაყალიბეს დემოკრატიული ხელისუფლება.

1991 წლის 31 მარტს, თქვენ მიერ ჩატარებული საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის შედეგების აღსრულების მიზნით, 1991 წლის 9 აპრილის დადგენილებით უზენაესმა საბჭომ საქართველოში აღადგინა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი, განახორციელა კონსტიტუციური ცვლილებები, რის შედეგადაც 1991 წლის 26 მაისს ჩატარდა საქართველოს პრეზიდენტის მრავალ კანდიდატიანი არჩევნები. პრეზიდენტად არჩეული იქნა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პატრიარქი ზვიად გამსახურდია.

ჩამოყალიბდა აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოები.

თქვენს მიერ განხორციელებული ყველა საკანონმდებლო მოქმედება შეესაბამებოდა საერთაშორისო კანონმდებლობას, რაც აღიარებულია გაეროს მიერ და საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო მიღებულია გაეროში.

2005 წლის 11 მარტს დე-ფაქტო ხელისუფლების პარლამენტი იძულებული გახდა ეღიარებინა 1991-1992 წ.წ ხელისუფლების კანონიერება, მათ შორის კანონიერადაა ცნობილი კანონიერი რესპუბლიკის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალები, ანუ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდია.

1991-1992 ედუარდ შევარდნაძის მიერ შექმნილმა მეხუთე კოლონიამ, საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების, შეიარაღებული ძალებისა და კრიმინალური შეიარაღებული ბანდფორმირებების მეშვეობით მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ძალადობრივი გზით.

1992 წლის 13 მარტს ქალაქ გროზნოში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება და ამის შესახებ ამცნო მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფლებებს, რაც დღესაც ძალაშია.

ბატონებო, თქვენ, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერები დღესაც წარმოადგენთ ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

თქვენ, დე-ფაქტო ხელისუფლება გიხდით პენსიას არა მოწყალებისათვის, არამედ გაჩუმებისათვის, ვინაიდან თქვენ ხართ კანონიერი ხელისუფლების კანონმდებელი ორგანოს წარმომადგენლები და არა ოპოზიცია.

თქვენ არაფერი გესაქმებათ დამნაშავეთა ხროვასთან, რომლებმაც გაერთიანებული ოპოზიცია დაირქვეს.

თქვენ უნდა მოსთხოვოთ დე-ფაქტო ხელისუფლებას ქვეყანაში აღადგინოს სამართლიანობა, რისთვისაც უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც თქვენ და კანონიერი ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლები პარიტეტული პრინციპით იქნებით წარმოდგენილი. ეს არის მშვიდობიანი გზა, კომპრომისი იმისა, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოვიდნენ სახელმწიფო მოღვაწენი (არა პარტიული სიით), რომლებიც გახდებიან კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრეები ანუ ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლება.

სახელმწიფო კომისია დადებს დასკვნას, რომელიც მისცემს პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას 1991-1993 წლებს და მას შემდეგ ქვეყანაში განხორციელებულ მოვლენებს.

  • პოლიტიკურად უნდა დაიგმოს ხელისუფლებაში მოსვლის ძალადობრივი გზა;
  • სამართლებრივად უნდა იქნეს გამოვლენილი სახელმწიფო და სისხლის-სამართლის დამნაშავენი, რომლებმაც განახორციელეს ქვეყანაში შეიარაღებული კრიმინალური გადატრიალება, შეიარაღებული დაპირისპირებები, გაასხვისეს ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე მეტი, ფიზიკურად გაანადგურეს ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ლტოლვილად აქცია საკუთარ სამშობლოში ასობით ათასი ადამიანი, ქვეყანა მიიყვანა ეკონომიკურ და ფინანსურ კოლაფსამდე!

თქვენ, როგორც კანონიერი ხელისუფლების უზენაესი საბჭოს წევრებმა, უნდა იზრუნოთ ხუნტის მიერ რეპრესირებულთა რეაბილიტაციისთვის.

ისინი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყანაში კანონიერების აღდგენისთვის იბრძოდნენ და სიცოცხლეს სწირავდნენ !

არსებული დე-ფაქტო ხელისუფლების უსუსურობით ვკარგავთ ქვეყანას, რომელიც ჩვენი სამშობლოა !

ესენი მედროვენი არიან და ერთმანეთს ებრძვიან პირადი კეთილდღეობისათვის.

სახელმწიფოს უნდა მართავდეს ლეგიტიმური, ხალხის მიერ არჩეული სახელმწიფო მოღვაწენი და არა მედროვენი, რომლებიც დაკავებულები არიან პროსტიტუციის, ნარკომანიის, სოდომისა და გომორის ცოდვების დაკანონებითა და პროპაგანდით.

ქვეყანას შველა სჭირდება!

გახსოვდეთ! – თქვენ ვალდებული ხართ ქართველი საზოგადოების წინაშე

პატივისცემით,

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა საბჭოს წევრები:


ვახტანგ (ლოთი) ქობალია
როზლანდ (გურამ) ლაკია
ბაკურ ეფენია
გია ჩუთლაშვილი

 

7 დეკემბერი, 2019 წელი

 
%d bloggers like this: