IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გზა დამოუკიდებლობისაკენ

ეროვნული ხელისუფლება: გზა დამოუკიდებლობისაკენ
 

 

 

***

 

ქვეყნის სათავეში ეროვნული ხელისუფლების მოსვლა

 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლამ თვისობრივად ახალი ხასიათი მიიღო.

ეროვნულ-გამათავისუფლებელმა მოძრაობამ, გაითვალისწინა რა 1921 წლის იძულებით ემიგრაციაში წასული კანონიერი მთავრობის სწორი იურიდიული პოზიცია, მშვიდობიანი ბრძოლის ფორმების გამოყენებით აიძულა მმართველი კომუნისტური რეჟიმი, თავისივე არსებული კანონების დაცვით, თავისი თავი ფაქტობრივად უკანონოდ გამოეცხადებინა. ეს აისახა კიდეც 1990 წლის 20 ივნისის საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ დადგენილებაში.

ყოველივე აღნიშნული გახდა სამართლებრივი და იურიდიული საფუძველი საქართველოში ახალი, კანონიერი, მრავალპარტიული არჩევნების ჩასატარებლად.

ქართველმა ხალხმა და სრულიად საქართველოს მოსახლეობამ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ხმა მისცა საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ფლაგმანს, პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა გაერთიანება “მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო”-ს საარჩევნო ბლოკს, რითაც, პირველად 70 წლიანი კომუნისტური მმართველობის ისტორიაში, ქვეყნის სათავეში მოვიდა კანონიერი, ჭეშმარიტად დემოკრატიული გზით არჩეული ეროვნული ხელისუფლება.

1990 წლის 14 ნოემბერს მუშაობას შეუდგა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის პირველი სესია. ფარული კენჭისყრით ბატონი ზვიად გამსახურდია არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარედ. პირველივე სესიაზე მიღებულ იქნა კანონი “საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ”.

პირველივე სესიის სხდომაზე მიღებული იქნა აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის კანონები:

-საქართველოს რესპუბლიკის სახელწოდების შეცვლის შესახებ;

-საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ;

-საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ;

-საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნის შესახებ.

ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო შეუდგა მუშაობას საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იძულებით ყოფნის პერიოდში დანერგილი სისხლიანი სისტემის აღმოსაფხვრელად. შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის პროექტის მოსამზადებელი კომისია (1990 წ. 15 ნოემბერი); საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეჩერებულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ სსრ კავშირის კანონის მოქმედება (1990 წ. 15 ნოემბერი), მიღებულ იქნა დადგენილება “შინაგან ჯარებში-ეროვნულ გვარდიაში გაწვევის დროებითი ვალდებულების შესახებ” (1991 წ. 29 იანვარი), კანონი “გარდამავალ პერიოდში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების საკრებულოს არჩევნების შესახებ” (1991 წ. 29 იანვარი), კანონი “რეფერენდუმის შესახებ” (1991 წ. 29 იანვარი) და სხვა.

 

***

 

ეროვნული ხელისუფლება და სამაჩაბლოს პრობლემა

 

კანონიერი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთის ავტონომიერ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ მიიღო დადგენილება ოლქის “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ”. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს XV სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი” და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბრისათვის.

ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება:

”გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე.წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად” გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის, 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნასა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე, სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას”.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები.

რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისათვის და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად, იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაოშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად”.

მიუხედავად აღნიშნულისა, კრემლის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი-“სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ” და დადგენილება-“ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ” (1990 წლის 11 დეკემბერი).

კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედებების პასუხად გაისმა ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო:

”… ქართველები და ოსები, რომელებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიული ამბიციების დასაყრდენია, სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღება, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ, ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება… ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით… ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიროტიაზე…

მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიანი არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლისღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს” (1991 წ. 4 მარტი).

 

***

ურთიერთობა რუსეთთან

 

ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიება. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრისა და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა:

1) 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის. ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ:

2) რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთობლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.

3) რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.

4) სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს, გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.

5) რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.

6) რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.

7) შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.

8 ) შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს” (დაბა ყაზბეგი, 1991 წლის 23 მარტი).

აღნიშნულ რეგიონში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დარეგულირებას ისახავდა მიზნად საქართველოს პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ გამოცემული ბრძანებულება “შიდა ქართლში შექმნილი მდგომარეობის შესახებ”, რომელშიც ვკითხულობთ:

”… საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ქვეყნის უშიშროების და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ვადგენ:

-ცნობილ იქნეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი ორგანოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1991 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებები.

-დაისვას საკითხი სსრ კავშირის სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წინაშე შიდა ქართლში დისლოცირებული სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებისა და საბჭოთა არმიის ნაწილების საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ” (1991 წლის 2 დეკემბერი).

 

***

 

აფხაზეთის საკითხი

 

კრემლის მიერ ასევე ხდებოდა აფხაზი სეპარატისტების წაქეზება და მდგომარეობის დაძაბვა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებაში “აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ” ვკითხულობთ:

”აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ფაქტობრივად დამთავრდა 1990 წლის 25 თებერვალს.

… მიუხედავად ამისა, აფხაზეთის ასსრ უზენაეს საბჭოს არ გაუგრძელებია ვადა, არ მიუღია აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონი და შესაბამისად, არც აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნები დაუნიშნავს.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადგენს:

1) წინადადება მიეცეს აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს:

აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნები ჩატარდეს არა უგვიანეს 1991 წლის 1 ოქტომბრისა;

აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 75-ე მუხლის შესაბამისად გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების ვადა წ.წ. 15 მარტამდე.

2) იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით ავტონომიურ რესპუბლიკათა სახელმწიფო ორგანოების ვადა განსაზღვრულია ხუთი წლით, ხოლო აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო ექვს წელზე მეტია მოქმედებს, ამ დადგენილების პირველი მუხლის შეუსრულებლობა გამოიწვევს აფხაზეთის ასსრ რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ახლანდელი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას” (1991 წლის 25 თებერვალი).

არსებული დაძაბული მდგომარეობის განმუხტვას ისახავდა მიზნად ზვიად გამსახურდიას “მიმართვა აფხაზი ხალხისადმი”:

”ძვირფასო თანამემამულენო!

აფხაზთა და ქართველთა ძმობა უხსოვარი დროიდან იწყება… ჩვენ ერთ მიწა-წყალზე ვცხოვრობდით მუდამ და ურთიერთის ჭირ-ვარამს ვიზიარებდით… ჩვენ მრავალი იმპერიის შემოტევას გავუძელით, ჩვენი ძმობა და მეგობრობა ვერ შეარყიეს ვერც რომაელებმა, ვერც ბიზანტიელებმა, ვერც არაბებმა, ვერც თურქებმა და ვერც სხვებმა. მაგრამ აი, XIX-XX საუკუნეებში ჩვენ დაგვიპირისპირდა იმპერიათა შორის უვერაგესი და უბოროტესი-რუსეთის იმპერია, რომელმაც არნახული უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხს… მიზნად დაისახა ჩვენი ხალხების სრული ასიმილაცია და მოსპობა. მან დაინახა, რომ ამას ვერც განახორციელებდა მხოლოდ რეპრესიებითა და გენოციდით, ამიტომ გამოიყენა ყველა იმპერიის ნაცადი ხერხი-“გათიშე და იბატონე” და ყოველგვარ ღონეს ხმარობდა აფხაზი და ქართველი ხალხების ურთიერთდასაპირისპირებლად… დღევანდელმა მოდერნიზებულმა კომუნისტურმა იმპერიამ, საუბედუროდ, მიაღწია ამას თავისი აგენტურის მეშვებობით, რაც, მისი გეგმით, დასაწყისი უნდა გახდეს კავკასიის ბალკანიზაციისა და ლიბანიზაციისა, რათა ცენტრმა შეინარჩუნოს თავისი პოზიციები და ჰეგემონია კავკასიაში.

…მოგიწოდებთ: ნუ აჰყვებით პროკომუნისტებს-ჩვენი ისტორიული მტრების აგენტებსა და პროვოკატორებს. ბოიკოტი გამოუცხადეთ 17 მარტის საბჭოთა რეფერენდუმს და მონაწილეობა მიიღეთ საქართველოს რესპუბლიკის 31 მარტის რეფერენდუმში, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან. დამოუკიდებელი საქაართველო თქვენ გაცილებით მეტს მოგცემთ, ვიდრე მოდერნიზებული საბჭოთა იმპერია, რომლის მიზანი არის ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია. თვითმყოფად საქართველოში იარსებებს ჭეშმარიტად თვითმყოფადი აფხაზეთი, ჭეშმარიტი თვითმმართველობით, როგორც მას ჰქონდა აფხაზთა და ქართველთა ერთიანი სამეფოს არსებობის დროს საუკუნეთა განმავლობაში.

გაუმარჯოს ჩვენს ისტორიულ ძმობას, ერთობასა და დამოუკიდებლობას!

გვფარავდეს ღმერთი სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა!” (1991 წლის 12 მარტი)

სამწუხაროდ, კრემლის მიერ წაქეზებული სეპარატისტული ძალები აფხაზეთში აგრძელებდნენ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს. აი, რას წერდა ზვიად გამსახურდია ვლადისლავ არძინბას:

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1990 წლის 11 დეკემბრის კანონით საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე შეწყდა საბჭოების უფლებამოსილება, ხოლო 1991 წლის 29 იანვარს საერთოდ გაუქმდა ადგილობრივი საბჭოების სისტემა. საქართველოს რესპუბლიკისა და აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო ვალდებული იყო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოეყვანა აფხაზეთის ასსრ კონსტიტუცია, რაც შეუწყნარებლად ჭიანურდება და მრავალი უხერხულობის მიზეზად შეიძლება იქცეს…

…თქვენ პირადად, ბატონო ვლადისლავ, და მთლიანად აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, სისტემატურად უგულვებელყოფთ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას და სხვა და სხვა თანამდებობის პირებს აფხაზეთში უმზადებთ ნიადაგს სახელმწიფო დანაშაულის ჩასადენად.

თქვენი ასეთი საქციელი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც თანამდებობის ბოროტად გამოყენება, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ამით თქვენ საფრთხეს უქმნით მოქალაქეთა მშვიდობიან ცხოვრებას, აღვივებთ ეროვნულ შუღლს, იწვევთ ყოვლად გაუმართლებელ დაპირისპირებას ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის, უხეშად არღვევთ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას…

…ერთა შორის ჭიდილში გამარჯვებული არ არსებობს. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, გაითვალისწინეთ ისტორიის გაკვეთილები და, როგორც საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრმა, მონაწილეობა მიიღეთ მის მუშაობაში, რაც მთავარია, შეუსაბამეთ თქვენი პოლიტიკა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას, რომლის იურისდიქციის ქვეშაც ბრძანდებით” (1991 წლის 29 მარტი).

მიუხედავად კრემლის იმპერიული ძალების წინააღმდეგობისა, ქართული და აფხაზური მხარის ორმხრივი კონსენსუნსის საფუძველზე მაინც მოხერხდა მდგომარეობის ნორმალიზება-მიღებულ იქნა საარჩევნო კანონი, რომელიც გარკვეული კვოტების პრინციპს ითვალისწინებდა. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში იქნებოდა 65 დეპუტატი, მათ შორის-28 აფხაზი ეროვნებისა, 26-ქართველი და 11-სხვა დანარჩენი ეროვნების დეპუტატი. მიღწეული შეთანხმების თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე-ქართველი და რაც მთავარია, აფხაზეთის ასს რესპუბლიკის მოქმედ კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება (გარდა საპროცედუროსი) უნდა მიღებულიყო ხმების 2/3-ით, რომლის მოსაგროვებლად (44 ხმა) აუცილებელი ხდებოდა ქართული და აფხაზური მხარის დეპუტატთა ურთიერთკომპრომისი. ასე უსისხლოდ და სხვა მძაფრი დაპირისპირების განვითარების გარეშე მოხერხდა აფხაზური პრობლემის მოგვარება.

 

***

 
საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, დამოუკიდებლობის აღდგენა

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თითქმის ერთწლიანი მოღვაწეობის მანძილზე მიმდინარეობდა კონსტიტუციაში იმ ცვლილებების შეტანა, რაც გარდამავალი პერიოდით იყო ნაკარნახევი.

ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვება-განმტკიცების გზაზე უმნიშვნელოვანესი გახლდათ მოსახლეობის ნების გათვალისწინება, ამიტომაც გაიშალა მზადება ქვეყანაში რეფერენდუმის მოსაწყობად.

1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. აი, რამდენიმე მშრალი ინფორმაცია:

ამომრჩეველთა რაოდენობა საქართველოში-3.657.477

რეფერენდუმის მონაწილეთა რაოდენობა-3.302.572 (90,3%), საკითხის დადებითად გადაწყვეტის მომხრე ამომრჩეველთა რაოდენობა (“დიახ”)-3.266.265, რაც შეადგენს რეფერენდუმის მონაწილეთა 98,9%, ხოლო ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 89, 3%.

საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მომხრე ამომრჩეველთა რაოდენობა (“არა”)-17,400, რაც შეადგენს რეფერენდუმის მონაწილეთა 0,53 %, ხოლო ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 0,48%.

რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით. 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ბატონ ზვიად გამსახურდიას მიმართვაში “მსოფლიო ხალხებისადმი” ვკითხულობთ:

”1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და ამით გამოხატა საქართველოს მოსახლეობის ნება…

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს მსოფლიოს ხალხებს, ყველა კეთილი ნების ადამიანს, მხარი დაუჭირონ თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის იდეისათვის მებრძოლი ხალხების ნებას, არ დაუშვან მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და ხელი შეუწყონ საქართველოს რესპუბლიკის ცნობას და დამკვირებას დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში” (1991 წლის 9 აპრილი).

 

***

ზვიად გამსახურდია-საქართველოს პირველი პრეზიდენტი

 

საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ იქნა დადგენილება “საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების შესახებ” (1991 წლის 9 აპრილი)

1991 წლის 14 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით ზვიად გამსახურდია არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად. იმავე წლის 6 მაიის ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის საერთო-სახალხო არჩევნები. ამომრჩეველთა საერთო რიცხვიდან (3.550.371) მონაწილეობა მიიღო 2.967.744-მა, ანუ 89,59%. ზვიად გამსახურდიამ მოაგროვა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 86,52% და გახდა საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.

 

პრეზიდენტობის პირველი თვეები.

საქართველო რეალური დამოუკიდებლობისაკენ სულ უფრო მტკიცედ მიაბიჯებდა-მიღებულ იქნა “საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ” კანონი (პირველი მოსმენით, 1991 წლის 28 ივნისი), კანონები:

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ” (1991 წლის 2 აგვისტო);

საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფოებრივი პრივატიზაციის შესახებ” (1991 წლის 9 აგვისტო);

საინვესტიციო საქმიანობის შესახებ” (1991 წლის 10 აგვისტო);

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” (1991 წლის 10 აგვისტო);

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” (1991 წლის 10 აგვისტო) და სხვა.

 

***

მოსკოვის პუტჩი და ზვიად გამსახურდია

 

აი, როგორ გამოეხმაურა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოსკოვში 1991 წლის აგვისტოში მოწყობილ ე.წ. პუტჩს თავის მიმართვაში “დასავლეთის ქვეყნების ხალხებისა და მთავრობებისადმი”:

”საბჭოთა კავშირში შეიქმნა არასტაბილური სიტუაცია, რომლის გაკონტროლება ახლო მომავალში შეიძლება შეუძლებელი გახდეს.

მოვლენათა ასეთი განვითარება ყოველთვის გარდაუვალია ტოტალიტარულ იმპერიაში, სადაც იწყება დიდი ლიბერალიზაცია. ასეთ დროს პირდაპირ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დასავლეთის სახელმწიფოთა პრინციპულ პოზიციას, უკომპრომისო შეფასებას ყოველივე იმისა, რაც ხდება, აგრეთვე აქტიურ დიპლომატიურ თუ სხვაგვარ მოქმედებას. დასავლეთი არ უნდა იყოს პასიური მაყურებლის როლში. პოლიტიკური შეფასება მომხდარი გადატრიალებისა ძალზე რთულია, ვინაიდან ჯერჯერობით არ არის ნათელი, ნამდვილი გადატრიალებაა ეს, თუ მხოლოდ გარიგება, ან შოუ, რომლისგანაც პოლიტიკური დივიდენდების მიღებას მიელტვიან ცალკეული სახელმწიფო ლიდერები.

მთავარზე უმთავრესია, დასავლეთმა მხარი დაუჭიროს საბჭოთა კავშირში მხოლოდ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, დემოკრატიას, პლურალიზმის დამკვიდრებას.

შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა, რეაქციული ძალების შესაძლო გამარჯვება საფრთხეს უქადის, უწინარეს ყოვლისა, საბჭოთა კავშირში შემავალ იმ რესპუბლიკებს, რომლებიც იბრძვიან დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის და რომელთაც ჰყავთ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და პრეზიდენტი. ისინი უშუალოდ სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე დგანან.

ამიტომ, მე მოვუწოდებ დასავლეთის მთავრობებს, უწინარეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სასწრაფოდ და გადაუდებლად დე ფაქტო და დე იურე ცნონ ამ რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობისა და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარონ მათთან, რათა დაიცვან ჭეშმარიტად დემოკრატიული რეფორმების მონაპოვარი ამ ქვეყანაში” (1991 წლის 20 აგვისტო).

პუტჩის დამთავრებისათანავე მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებასაქართველოს კომუნისტური პარტიის შესახებ”, რომელშიც ნათქვამია:

”საბჭოთა კავშირის ე.წ. 19.21 აგვისტოს კომუნისტური პუტჩის დღეებში, საქართველოს კომპარტიამ მხარი დაუჭირა ე.წ. საგანგებო მდგომარეობის კომიტეტს. გარდა ამისა, მისი არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კანონს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”. აქედან გამომდინარე ვადგენ:

შეჩერდეს საქართველოს კომუნისტური პარტიის მოქმედება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე” (1991 წლის 26 აგვისტო).

 

***

 

ბრძოლა რეალური დამოუკიდებლობისათვის

 

დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება: “საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შექმნის შესახებ” (1991 წლის 9 სეტემბერი), რომელსაც მოჰყვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება “საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირისა შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ”, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები გამოცხადდა საოკუპაციო შეიარაღებულ ძალად.

ზემოთაღნიშნულს მოჰყვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კანონები

”საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საკავშირო და საკავშირო-რესპუბლიკური დაქვემდებარების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სტატუსის შესახებ” (1991 წლის 15 სექტემბერი),

”სსრ კავშირის სახელმწიფო საკუთრებაში საქართველოს წილის შესახებ”,

”საქართველოს რესპუბლიკის საბაჟოს შესახებ”

”საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო სივრცის შესახებ” (1991 წლის 15 სექტემბერი) და სხვა.

ამავე დღეებში საქართველოს უზენაესი საბჭო ღებულობს დადგენილებებს-

”ადამიანის უფლებათა დეკლარაციასთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთებისშესახებ”,

ჰელსინკის “ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის შემაჯამებელ დოკუმენტებთან” საქართველოს რესპუბლიკის შეერთების შესახებ (1991 წლის 15 სექტემბერი).

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით იქმნება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო (1991 წლის 21 სექტემბერი).

უდიდესი მნიშვნელობისაა საქართველოს რესპუბლიკის ბრძანებულება “საქართველოს რესპუბლიკაში დისლოცირებული სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების იარაღის, საბრძოლო მასალის, მიმოსვლის საშუალებების, სამხედრო ტექნიკისა სხვა ქონების შესახებ”, რომლის მიხედვით დგინდებოდა:

”1) გამოცხადდეს საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების იარაღი, საბრძოლო მასალა, მიმოსვლის საშუალებები, სამხედრო ტექნიკა და სხვა ქონება;

2) საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს მოლაპარაკება სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ქონების საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოსაცემად” (1991 წლის 7 ნოემბერი).

ამდაგვარივე ხასიათის იყო საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის შემდეგი ბრძანებულებანი:-

“საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა არმიის კუთვნილი იარაღის, საბრძოლო ტექნიკის, სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ქონების შესახებ” (1991 წლის 10 ნოემბერი),

”საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სსრ კავშირის სასაზღვრო ჯარების და სამხედრო-საზღვაო ფლოტის კუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის, მიმოსვლის საშუალებების, სამხედრო ტექნიკის, სამხედრო ბაზების და სხვა სამხედრო ქონების შესახებ” (1991 წლის 16 ნოემბერი) და სხვა.

საქართველოს ხელისუფლების გონივრული მოქმედებების შედეგად ხერხდებოდა კრემლის მიერ დაგეგმილი ყველა სიტუაციის განმუხტვა და, რაც ყველაზე მთავარია, ეს ხერხდებოდა არა იარაღის ჟღარუნითა და სისხლისღვრის საფასურად, არამედ ურთიერთდაპირისპირებულ მხარეთა გონივრული კომპრომისების ხარჯზე.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კრემლის იმპერიულ ძალებს არ შეუწყვეტიათ მოქმედება მათი მთავარი პრინციპის-“გათიშე და იბატონეს” მიხედვით. მათ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გააჩაღეს ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, რაც კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, როცა გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა (1991 წლის 9 აპრილი), უსისხლოდ გადაიჭრა აფხაზური და ოსური სეპარატისტული ჩანაფიქრები, ქვეყანა დაადგა საბაზრო ეკონომიკისკენ მიმავალ რეფორმისტულ კურსს.

 

***

საქართველოს დამოუკიდებლობის მტრები

 

1991 წლის 19-21 აგვისტოს მოსკოვში მოწყობილი კომუნისტური პუტჩის მარცხის შემდეგ, კრემლში იგეგმება საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

1991 წლის 2 სექტემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ ორგანიზებული იქნა პროვოკაციული მიტინგი, რომელიც დარბეულ იქნა. გაისმა იარაღის სროლის ხმა. ამ დღეს საქართველოში ჩამოვიდა ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით. მზადდებოდა ჩვენი ქვეყნის ცნობა მრავალი უცხო ქვეყნის მიერ და ეს უნდა ჩაშლილიყო. ეს იყო შეგნებულად მოწყობილი პროვოკაცია როგორც მილიციის, ასევე მომიტინგეების მხრიდან, ორივე მხარე კი ცენტრიდან, კრემლიდან იმართებოდა და ერთი ავტორი ჰყავდა.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ სპეციალურად მიმართა რუსეთის სფსრ პრეზიდენტს, ბორის ელცინს, რომელშიც ნათქვამია:

”… ზოგიერთმა გარემოებამ მაიძულა თქვენთვის მომემართა წერილით. როგორც მოგეხსენებათ, 2 სექტემბრიდან, ინციდენტის-თბილისში რესპუბლიკური მილიციისა და დემონსტრანტების შეტაკების დღიდან, რომლის შედეგად ტყვიით დაიჭრა სამი კაცი, ცენტრალურმა ტელევიზიამ და საბჭოთა პრესამ პრაქტიკულად დემოკრატიული საქართველოს დისკრედიტაციის კამპანია გააჩაღეს. ყოველი ეს ხდება იმის შესახებ ჩემი განცხადების მიუხედავად, რომ საქართველოს ხელმძღვანელობას არ გაუცია მომიტინგეთა გარეკვის ბრძანება და რომ გამოძიების დამთავრების შემდეგ დამნაშავენი, ვინც უნდა იყვნენ ისინი, პასუხისგებაში მიეცემიან…

საქართველოს რესპუბლიკა სუვერენული სახელმწიფოა და გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებისა და შესაძლებლობის კვალობაზე გავლენა მოახდინოთ ანტიქართულ ძალებზე, რომლებიც ცდილობენ განხეთქილება ჩამოაგდონ ჩვენსა და დემოკრატიულ რუსეთს შორის. სხვათა შორის, რუსეთის დეპუტატთა ჯგუფმა ბრალად დამდო, თითქოს არაკორექტულად დამემოწმებინოს თქვენი ავტორიტეტი, რაც წინასწარ განზრახული სიცრუეა და ხელს უწყობს საქართველოს წინააღმდეგ იმავე საინფორმაციო ომს.

უფრო მეტიც, რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო საქმეთა ურთიერთობის ქვეკომიტეტი წინადადებას იძლევიან, რომ “ალბათ ურიგო არ იქნებოდა გაგვეაზრებინა ყველა ზონაში, ესე იგი, მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგანგებო წესების რეჟიმის შემოღების შესახებ”.

ბატონო პრეზიდენტო!

თქვენ იცნობთ ჩვენს პოზიციას, ჩვენ ერთმორწმუნე რუსეთთან ნამდვილად კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების მომხრენი ვართ. ხელშეკრულება ჩვენს ქვეყნებს შორის-“სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის საფუძვლების შესახებ”-არსებითად ხელმოსაწერად მზად არის და მოხარული ვიქნებით მივიღოთ რუსეთის სფსრ საგარეო საქმეთა მინისტრი უახლოეს დღეებში.

ნება მიბოძეთ, დაგარწმუნოთ, რომ პატივს გცემთ თქვენ და რუსეთის ხელმძღვანელობას, რომელსაც თქვენ მეთაურობთ” (1991 წლის 14 სექტემბერი)

აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება “1991 წლის 2 სექტემბერს ქ. თბილისში მიტინგის დროს მომხდარი ფაქტის შესახებ”, რომელშიც ვკითხულობთ:

”ა.წ. 2 სექტემბერს ქ. თბილისში, რუსთაველის მოედანზე, მოხდა შეტაკება მიტინგის მონაწილეებსა და მილიციის ნაწილს შორის, რომლის შედეგადაც დაშავდნენ როგორც მომიტინგეები, ასევე მილიციის მუშაკები.

ითვალისწინებს რა ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის აღიარებული პრინციპების მოთხოვნებს, საქართველოს უზენაესი საბჭო ამ ფაქტს მიიჩნევს ქართველი ერის ინტერესების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად და აქედან გამომდინარე ადგენს:

1) დაიგმოს ა.წ. 2 სექტემბერს ქ. თბილისში, რუსთაველის მოედანზე მიტინგის დროს ძალის გამოყენების ფაქტი.

2) მიღებულ იქნეს ცნობად, რომ ამ ფაქტის გამო თბილისის პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე და აწარმოებს გამოძიებას.

3) მომხდარი ფაქტის გარემოებათა ყოველმხრივი შესწავლისა და სათანადო დასკვნების გამოტანის მიზნით შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კომისია ყველა რეგისტრირებული პარტიის, აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით”…

საქართველოში მიმდინარე პროცესების ინსპირირებაში თანდათან იკვეთება კრემლის პოზიციები. აი, როგორ ახასიათებს რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია:

”…თბილისში მიმდინარეობს ტიპიური სამხედრო პუტჩი პრეზიდენტისა და მთავრობის წინააღმდეგ… მათ აქვთ მძლავრი მხარდაჭერა მოსკოვიდან… მოსკოვის ტელევიზია და პრესა მათ უჭერს მხარს. საკმარისია ითქვას, რომ მიტინგებს, რომელებიც საქართველოს უზენაესი საბჭოს შენობის წინ იმართება კანონიერი მთავრობისა და პრეზიდენტის დასაცავად, ისინი გადასცემენ როგორც ოპოზიციის მიტინგებს” (1991 წლის 24 სექტემბერი).

1991 წლის 24 სექტემბერს გამოდის საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება “ქ. თბილისში 1991 წლის 25 სექტემბრიდან საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ”.

 

***

 

ღონისძიებანი დაპირისპირების აღსაკვეთავად

 

ესწრაფვოდა რა ხელისუფლება მშვიდობიანად მოეგვარებინა შექმნილი კრიზისი, გამოდის საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბრძანებულება “საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქციების მონაწილეთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების შესახებ”, რომელშიც ვკითხულობთ:

”საქართველოს რესპუბლიკაში ბოლო დღეებში შექმნილი მძიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის ნორმალიზებისა და სამოქალაქო მშვიდობის მიზნით ვადგენ:

საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლოს ყველა პირი, რომელმაც მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში ორგანიზაცია გაუკეთა ან მონაწილეობდა საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ აქციებში, თუ ისინი მიმდინარე წლის 3 ოქტომბრის დღის 12 საათამდე ნებაყოფლობით ჩააბარებენ იარაღს, საბრძოლო მასალებსა და ტექნიკას სპორტის სასახლეში საამისოდ სპეციალურად მოწყობილ პუნქტში და უარს განაცხადებენ ზემოთაღნიშული აქციების გაგრძელებაზე” (1991 წლის 30 სექტემბერი).

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი და მთავრობა ყველაფერს აკეთებდნენ უმსხვერპლოდ მოეგვარებინათ ქვეყანაში შექმნილი უაღრესად მძიმე მდგომარეობა. ამას ემსახურებოდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 8 ოქტომბრის განცხადება.

თანდათან უფრო აშკარა ხასიათს ატარებდა კრემლის იმპერიული მონაწილეობა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი პირდაპირ ამხელდა ასეთ მოქმედებებს თავის მიმართვაში “სსრ კავშირის პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ გორბაჩოვს”, რომელშიც ვკითხულობთ:

”ბატონო პრეზიდენტო!

ამ ბოლო ხანს, როცა უკვე დაისახა შიდა ქართლში (ყოფილი სამხრეთ ოსეთი) კონფლიქტის მოწესრიგების გზები, ამ რეგიონში დისლოცირებულმა სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანმა ჯარებმა დაიწყეს საბრძოლო ოპერაციები ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა პროტესტს აცხადებს სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების არამართლზომიერი მოქმედებების გამო და ამგვარი სადამსჯელო აქციები სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელებად მიაჩნია.

თუ ზემოთხსენებული ჯარები კვლავაც გამოიყენებენ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მთელი პასუხისმგებლობა კონფლიქტის შემდგომი გამწვავებისათვის მთლიანად თქვენ დაგეკისრებათ” (1991 წლის 17 ნოემბერი).

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მშვიდობიანი მოგვარებისათვის გაკეთდა “საქართველოს რესპუბლიკის მიმართვა ეროვნული გვარდიის ნაწილს, რომელიც არ ემორჩილება სახელმწიფო ხელისუფლებას”, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:

”ქართველებო!

ეს საუკუნე მეორედ გვაძლევს დიდებულ შესაძლებლობას მოვიპოვოთ ის, რისთვისაც მუდამ იბრძოდნენ და იღვწოდნენ ჩვენი წინაპრები-ჩვენი სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

პირველი შესაძლებლობა დავკარგეთ, რადგან არ აღმოგვაჩნდა საკმარისი ძალა და ერთობა იმპერიის შემოტევის წინაშე-მტრის ურდოებს საქართველოში ისევ მოღალატე ქართველები შემოუძღვნენ.

დღეს ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენი ისტორიის, წინაპრებისა და მომავლის წინაშე. ამიტომ არა გვაქვს უფლება ხელი შევუწყოთ იმ ძალებს, რომლებსაც სურთ შეიტანონ განხეთქილება ერში, შეაფერხონ ჩვენი მოძრაობა დამოუკიდებლობისაკენ.

გვარდიელებო!

ქართველ ხალხს არასოდეს დაავიწყდება სიამაყისა და კმაყოფილების ის გრძნობა, რომელიც ყოველმა ჩვენგანმა ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებისას განიცადა, ის ამაღელვებელი წუთები, როდესაც თქვენ ერთგულება შეჰფიცეთ საქართველოს, მის პრეზიდენტსა და კანონიერ ხელისუფლებას. ყველანი დარწმუნებული ვიყავით, რომ თქვენ არც ნიჭს, არც ვაჟკაცობას და თუ საჭირო გახდებოდა, არც სიცოცხლეს დაზოგავდით იმ ზნეობრივი მიზნის მისაღწევად, რომელსაც ერთიანობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჰქვია.

დღეს მე მოგმართავთ ისე, როგორც მოგმართავდით ადრე-მაშინ, როდესაც ეროვნული გვარდია ყალიბდებოდა; მაშინ, როდესაც თქვენ დებდით ფიცს, რომ ერთგული იქნებოდით საქართველოსი და მისი კონსტიტუციისა; ისე, როგორც მოგმართავდით, ვიდრე არ გადაუდექით თქვენს მიერვე არჩეულ კანონიერ ხელისუფლებას, რადგან მწამს, რომ ქართველი კაცი ყოველთვის წინ დააყენებს საქართველოს სიყვარულს.

ქართველო გვარდიელებო!

ნუ გადავჩეხავთ საქართველოს უფსკრულში, ნუ ვიზამთ ამას, ისტორია და შთამომავლობა არ გვაპატიებს ამ საბედისწერო შეცდომას. დღეს საქართველოს დგას დამოუკიდებლობის მიჯნაზე და ეს არის ჩვენი გადარჩენი ერთადერთი გზა-დამოუკიდებლობა ხომ ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც. დღეს უჭირს საქართველოს თქვენი განდგომა და თბილისის ზღვაზე დაბანაკება, რომელიც ზიანის მეტს არაფერს მოუტანს ჩვენს ერს. ამიტომ, მოგიწოდებთ დაუბრუნდეთ თქვენი დისლოცირების ადგილებს, კვლავ დაექვემდებაროთ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას და აკეთოთ ის, რაც მოეთხოვება დღეს ყველა ქართველს-მამულის ინტერესების დაცვა”.

 

***

 

ქვეყნის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება

 

თვისობრივად სხვაგვარი მდგომარეობა შეიქმნა საბჭოთა კავშირში 1991 წლის 8 დეკემბრის ცნობილი შეთანხმების შემდეგ.

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია დაფიქსირებულია ზვიად გამსახურდიას შემდეგ მიმართვაში:

”მის აღმატებულებას, ბატონ ბორის ელცინს, რუსეთის სფს რესპუბლიკის პრეზიდენტს

პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო!

ბელორუსიის რესპუბლიკის, რუსეთის სფს რესპუბლიკისა და უკრაინის 1991 წლის 8 დეკემბრის შეთანხმების შესაბამისად სსრ კავშირმა, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტმა, შეწყვიტა არსებობა. ამის საფუძველზე, ერთადერთ სამართლებრივ დოკუმენტად, რომელიც განსაზღვრავს რუსეთის სფს რესპუბლიკისა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას, უნდა მივიჩნიოთ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უფლებამონაცვლეა, და რადგან საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბწომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე 1991 წლის 31 მარტს გამართული რესპუბლიკური რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ეს ხელშეკრულება არ არის დენონსირებული არც რუსეთის სფს რესპუბლიკის, არც საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესი ორგანოს მიერ.

მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობა შეუსაბამოთ ზემოთ ნახსენებ ხელშეკრულებას, რუსეთის სფს რესპუბლიკის და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეთა 1991 წლის 23 მარტის ყაზბეგის შეხვედრის ოქმის სულისკვეთებით, რათა შესაძლებელი გახდეს ბოლო ათწლეულების პერიოდში წამოჭრილი საკითხების მოგვარება”.

შეიარაღებულ ოპოზიციათა მოქმედება შელამაზებული იყო მათი ვითომდა ქვეყნისადმი იმ გულისტკივილით, რომ თითქოს საქართველოში არსებული ხელისუფლების პოლიტიკით ქვეყანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში ექცეოდა, ანუ ფერხდებოდა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, საერთაშორისო აღიარება.

სინამდვილეში საქმე შემდეგში გახლდათ: 1990 წ. 28 ოქტომბერს კანონიერად არჩეულმა ხელისუფლებამ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და საბჭოთა კავშირიდან თავისი გასვლა დააფიქსირა. სხვა და სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ცნობა სსრ კავშირის დაშლამდე, 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაიწყო.

21 დეკემბრამდე საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა რვა სახელმწიფომ-რუმინეთმა, მოლდოვამ (1991 წ. 27 აგვისტო), აზერბაიჯანმა (1991 წ. 30 აგვისტო), სომხეთმა (1991 წ. 13 სექტემბერი), უკრაინამ (1991 წლის 12 დეკემბერი), თურქეთმა (1991 წ. 16 დეკემბერი), მონღოლეთმა, ლიტვამ (1991 წლის 20 დეკემბერი), მომდევნო სულ რაღაც ორი კვირის მანძილზე საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა ოცზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ, კანადამ, ირანმა (1991 წლის 25 დეკემბერი), ბრაზილიამ, კუბამ, ტაილანდმა, ინდოეთმა (1991 წ. 26 დეკემბერი), ვიეტნამმა, ბელორუსიამ, ეგვიპტემ, ალჟირმა, ჩინეთმა, სლოვენიამ (1991 წლის 27 დეკემბერი) და სხვებმა.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე კარგად ჩანს, თუ რა იყო კრემლის მიერ მართული შეიარაღებული პუტჩის მიზეზი-1991 წლის 21 დეკემბრიდან ქრებოდა მითი საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში ყოფნის შესახებ, რადგანაც საქართველომ უარი თქვა ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლაზე.

1991 წლის 22 დეკემბრიდან დაიწყო შეიარაღებული გამოსვლა კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ. ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობით დაედო სათავე იმ განუკითხაობას, ნგრევასა და უბედურებას, რაც ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა 12 წლის განმავლობაში.

 

http://bpg.sytes.net/Sinatle/default.asp?bpgpid=64&pg=1

 

                                  

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: