IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გოჩა ესებუა

 
 

 გოჩა ესებუა

 უგმიროდ ცხოვრება არ შეიძლება. წარმოუდგენელია უგმიროდ ცხოვრება.
ამიტომ გამოჩნდა უცებ, თითქოს არსაიდან გოჩა ესებუა, იმ რეპრესიულ პერიოდში რაინდის ჯვრიანი სამოსელი ამოიღო წინაპართა სკივრიდან და მთელს მსოფლიოს ანახა, როგორი “ტერორისტები” არიან ქართველები. ტერორისტები თუ მასპინძლები.
როცა ალყა შემოურტყამთ მისთვის და მისი მეგობრებისთვის (აბა შევარდნაძე საქვეყნოდ გამოჭენებას აპატიებდა?), ბიჭებისთვის უთქვამს, ჯერ მე გავალ ძმებო, მე მომკლავენ, მერე თქვენ აღარაფერს გერჩიანო”. ასეც მოხდა. გმირმა იცის როგორც იქნება.
სიმბოლურია ისაა, რომ გოჩა ესებუა ზვიადის დაბადების დღეს მოკლეს.
გაიოზ მამალაძე  – “გმირები საქართველოს აღარ მართავენ”
 
 
1998 წლის 9 თებერვალს…
 
 
1998 წლის 9 თებერვალს...1997 წლის ოქტომბრის ერთ საღამოს. ჩეჩნეთში, სალმან რადუევის საველე-სამხედრო ბაზას ზვიად გამსახურდიას დროინდელი საქართველოს უზენაესი საბჭოს რამდენიმე წევრი ეწვია.- გროზნოში გავიგეთ, რომ ბაზაზე ქართველთა ერთი ჯგუფი სამხედრო წვრთნას გადის. მათთან შეხვედრა გვინდა. იქნებ დაგვეხმაროთ, – სთხოვეს მასპინძლებს, რომელთაც ეტყობოდათ, აშკარად არ ესიამოვნათ დაუპატიჟებელი სტუმრების მოსვლა.რამდენიმე საათში ქართველ სტუმრებთან 30-ოდე წლის, მაღალი, ვაჟკაცური აღნაგობის ბიჭი მივიდა.- გავიგე, გვეძებთ. ალბათ სათქმელი გექნებათ რაღაც… – ბიჭის ხმას ირონია შეჰპარვოდა.- სათქმელი მართლაც გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ჯგუფის უფროსთან! – იყო პასუხი.- მე ვარ უფროსი! – მოკლედ მოუჭრა მოსულმა და დასძინა, – გოჩა ესებუა!..- გოჩა ესებუა?! – ერთ-ერთი სტუმარი თითქოს მის გახსენებას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ.

– დრო ბევრი არა მაქვს! მითხარით თუ რამე გაქვთ სათქმელი და მოვრჩეთ! – ულტიმატუმი წამოაყენა ესებუამ.

– გროზნოში გავიგეთ, რომ თქვენი ჯგუფი რაღაცას გეგმავს. არ ვიცით, აქ რატომ ხართ ან რას აკეთებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება ყოველგვარი ტერაქტისა თუ დივერსიის წინააღმდეგია და ამგვარ რამეს ჩვენი სახელით ვერ გააკეთებთ.

ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა.

– მე ტერორისტი არ ვარ! – ზარივით გაისმა სიჩუმეში ესებუას ხმა, რომელიც ამ სიტყვების დასრულებისთანავე შეტრიალდა და დაუმშვიდობებლად დაშორდა თანამემამულეებს. ქართველთა დელეგაციის წევრები მიხვდნენ, რომ მათი წასვლის დროც დამდგარიყო და ბაზა დატოვეს.

გზაში მოულოდნელად მათ წინ მანქანა გადაუდგა, სანამ გონზე მოსვლას მოასწრებდნენ, მეორე მანქანაც მოუახლოვდათ. იქიდან გოჩა ესებუა და კიდევ რამდენიმე შეიარაღებული პირი გადმოვიდნენ.

– მე ჩემი საქმე მაქვს, თქვენ – თქვენი! მეორედ თქვენს სტუმრობას ნამდვილად არ ველი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვანაირად მოვიქცევით. ახლა მშვიდობიან გზას გისურვებთ!.. – ესებუა არ ხუმრობდა…

უზენაესი საბჭოს წევრები თითქმის მთელი გზა დუმდნენ. მოულოდნელად სიჩუმე ერთ-ერთმა მათგანმა დაარღვია.

– ახლა გამახსენდა ეს ბიჭი. ძმა მოუკლეს პარლამენტის წინ, როდესაც პრეზიდენტს იცავდნენ. ტყვიამ გოჩას შუბლი გაუკაწრა, მერე კი მის ძმას, გიას ეძგერა და მოკლა… ამბობენ, იმ ტყვიას გულზე დაკიდებულს ატარებსო…

– მაგარი გამწარებული ყოფილა… – ჩაილაპარაკა მეორემ თავისთვის.

1998 წლის 9 თებერვალს, თბილისში ღამით, სამასი არაგველის ძეგლის პირდაპირ მდებარე ბაღში რამდენიმე მამაკაცი სიცივეს არყით ებრძოდა.
– ღამით სიცივე სცოდნია თბილისს!.. – იხუმრა ერთ-ერთმა.

– არა უშავს, ცოტა შევხურდით კიდეც. თუმცა, ხომ არ ჯობდა, მანქანაში დავრჩენილიყავით.

– საბირჟაოდ ხომ არ ჩამოვსულვართ, საქმე გვაქვს გასაკეთებელი. სჯობს, ადგილზე ვიყოთ, – თქვა გულუამ და რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ განაგრძო, – საქმეზე გამახსენდა, გოჩა! თავიდან სიმართლე გითხრა, ჩეჩნეთში რომ მივდიოდით, მეგონა, აფხაზეთის ომისთვის ვემზადებოდით.

– ჩვენც ასე ვფიქრობდით, – დაეთანხმა გიორგი მელაძე.

– ჩვენი აფხაზეთი ამ ბაღთან იწყება! – ჩაილაპარაკა გოჩა ესებუამ, – საქართველო ჯერ აქ უნდა გავათავისუფლოთ და ეს დღეს უნდა გავაკეთოთ.

– პოჩემუ ტი ზადუმალსია, ოსმან? – მიუბრუნდა ესებუა ჯანგალიევს, რომელიც ჩაფიქრებული იჯდა და მათ საუბარს ყურადღებას არ აქცევდა.

– პროსტა ტაკ… კაკ უ ნას, ვ ჩეჩნე გოვარიათ, პუსკაი ნამ ალაჰ პომოჟეტ…

საუბარი მობილურის ზარმა შეაწყვეტინა.

– გიზო მესხია რეკავს, – თქვა გოჩამ და ტელეფონი გახსნა. საუბარი რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

– მოვემზადოთ! ესკორტი კანცელარიიდან გამოვიდა. მარშრუტი არ შეუცვლიათ, აქ გამოივლიან… – ამ სიტყვებით ესებუა წამოდგა. Oორ წუთში ყველა თავის ადგილზე იყო.

– ა  მოჟეტ ვსიო ტაკი ია ბუდუ სტრელიატ? – ჰკითხა ჯანგალიევმა ეჯიბიას.

– ნე ნადა, ია ტოჟე უსპეიუ! – და ეჯიბიამ ნაღმმტყორცნს ხელი დაავლო. შევარდნაძის ავტომანქანისთვის მას უნდა ესროლა.

ჩასაფრებულებს წუთები უკვე საათებად ეჩვენებოდათ, დაძაბულობაც მატულობდა. ამასობაში ესკორტიც გამოჩნდა.

– ამ დღემაც ჩაიარა, კრწანისიდან ხომ არ გაგვევლო სადმე?

– დავაი. მოვიფიქროთ! – პრეზიდენტის დაცვის მანქანაში ბიჭები კარგ ხასიათზე იყვნენ.

– რას ჩაუბნელებიათ ეს მონაკვეთი? – გაიფიქრა თავისთვის ერთ- ერთმა დაცვის წევრმა და მანქანის ფანჯრიდან იქაურობის შეთვალიერებას შეეცადა, როდესაც ბაღში ავტომატიანი პირები დალანდა. უკვე გვიანი იყო, ესკორტს ცეცხლი გაუხსნეს.

– არ გაჩერდე, იარე! – უყვიროდა პრეზიდენტის მანქანაში მყოფი დაცვის უფროსი მძღოლს, – თუ გაჩერდები, იოლად მოგვარტყამენ! იარე, იარე!.. – უცებ მანქანა შეტორტმანდა, მძღოლმა საჭის დამორჩილება ძლივს მოასწრო.

– ეტყობა, მუხა გვესროლეს! იარე, იარე, არ გაჩერდე! – კვლავ ყვიროდა დაცვის უფროსი და გამწარებული მიშტერებოდა მათ უკან ცეცხლის ალში გახვეულ ესკორტის მანქანებს. პრეზიდენტის მანქანამ ინერციით რამდენიმე ათეული მეტრის გავლა კიდევ მოასწრო და პეტრე ბაგრატიონის ძეგლთან გაჩერდა. ბედად, იქვე მდგარი საგზაო პოლიციის მანქანა შენიშნეს და პრეზიდენტი უსაფრთხოდ აიყვანეს რეზიდენციაში..

– ბიჭები როგორ არიან? – იკითხა ედუარდ შევარდნაძემ.

– დამიხოცეს!.. – სიმწრის ცრემლს ვეღარ იკავებდა დაცვის უფროსი, – ოღონდ ჯერ არ ვიცი, რამდენი.

სულ მალე პრეზიდენტს მოახსენეს, რომ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები უკვე კრწანისის რეზიდენციაში იმყოფებოდნენ.

– მართალი იყავი, შენ უნდა გესროლა! – დანანებით გადაულაპარაკა ეჯიბიამ ჯანგალიევს, მაგრამ ამ უკანასკნელს ხმა არ გაუცია, რადგან უკვე მკვდარი იყო.
– წავედით, წავედით! – გაისმა გოჩა ესებუას ხმა. – ყველანი მანქანებში! ერთად არ უნდა ჩავსხდეთ, თორემ დაკავების შანსი დიდი იქნება! ეცადეთ, იარაღი არ დატოვოთ!..

გოჩა ესებუა გამწარებული იყო ოპერაციის უშედეგოდ დამთავრების გამო. მოკლული ჩეჩნის წაღება ვერ მოახერხეს, შემთხვევის ადგილზე დატოვეს.

– გზები გადაკეტილია, შორს ვერ წავლენ! – თავის მართლებას ცდილობდა შინაგან საქმეთა მინისტრი.

– კახა, შემთხვევის ადგილზე ალბათ იყავით უკვე! როდესაც ამ მასშტაბის ტერაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროდან ორასიოდე მეტრში ხდება, მინისტრს სალაპარაკო უფრო მეტი უნდა ჰქონდეს, ასე არ არის? – პრეზიდენტი მინისტრისგან პასუხს ელოდებოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი დუმდა. დუმდნენ გენერალური პროკურორი და უშიშროების მინისტრიც. თავის მართლებას აზრი არ ჰქონდა.

– შემთხვევის ადგილზე უკვე უამრავ ძალოვანს მოეყარა თავი. გადაკეტილი იყო ყველა გზა. თავისუფლების მოედანზე პოლიციის სამი საპატრულო ჯგუფი იდგა.

– ყველა გზა მოჭრილი გვაქვს! ერთადერთი გამოსავალი ნარიყალიდან ფეხით გადასვლაა. მაგრამ იარაღით გაძეძგილ მანქანებს რა ვუყოთ… – ხმამაღლა ფიქრობდა გოჩაA ესებუა. მათი სამარშრუტო ტაქსი თავისუფლების მოედანს უახლოვდებოდა.

– გზის გაგრძელებას აზრი არა აქვს. მოედანზე დაგვაკავებენ, ერთადერთი შანსია, ისევ ორთაჭალით უნდა წავიდეთ!

– ეს სიგიჟეა! – წამოიყვირა დაჭრილმა გიორგი მელაძემ, – როგორ გაგვატარებენ იმ ტრასაზე, სადაც 15 წუთის წინ ქვა ქვაზე არ დავტოვეთ, თან იარაღით სავსე მანქანით, ეს ხომ წარმოუდგენელია. იქ ალბათ უკვე ასობით პოლიციელია!..

– სწორედ წარმოუდგენელი რომ არის, ეს გვაძლევს შანსს. ჩვენ იქ არავინ გველოდება, ამიტომაც იქნებ ღირდეს გარისკვა.

– მართალი ხარ! – დაეთანხმა ესებუას მძღოლი და სამარშრუტო ტაქსის სამგზავრო ტრაფარეტი გაუკეთა, – ვითომ სამარშრუტო ხაზზე ვმოძრაობ…

მანქანამ გეზი ისევ ორთაჭალისკენ აიღო. როდესაც შემთხვევის ადგილს ჩაუარეს, მძღოლმა სვლა უნებურად შეანელა. ნანახით გაოგნებულები იყვნენ, ესკორტის რამდენიმე მანქანას ცეცხლი ისევ ეკიდა, ტყვიებით დაცხრილული და დამწვარი მანქანები საშინელი სანახავი იყო. შეძრწუნებული ჩანდა თავად ესებუაც..

– დროზე გაიარეთ, ნახეთ, რა თქვენც სანახავი! – პოლიციელის ხმამ გამოარკვია მანქანაში მსხდომნი. – არ გესმის, გაიარე დროზე! – მიუბრუნდა მძღოლს პოლიციელი.
დაბნეულმა მძღოლმა პასუხის ნიშნად თავი დაუქნია და სიჩქარეს მოუმატა…

ღამით ესებუამ მესხიას დაურეკა:

– მშვიდობაა თქვენკენ?

– ჯერჯერობით,

– გადაღება მოახერხეთ?

– კი, შეძლებისდაგვარად, თითქმის ყველაფერი ჩანს.

– კარგი, მაგრამ კასეტა გადამალეთ სადმე, თან არ ატაროთ.

– კარგი. გავიგე მელაძე დაუჭრიათ…

– ჰო, ცუდად არის, მაგრამ საავადმყოფოში ვერ მიგვყავს, ხომ იცი… ახლა ნახალოვკაში გვყავს, ბევრი სისხლი დაკარგა… აბა, თქვენ იცით, კასეტა სადმე შეინახეთ.
13 თებერვალს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ინფორმაციის გასაცვლელად შეიკრიბნენ.

– როგორ არის საქმე? – იკითხა გენერალურმა პროკურორმა.

პასუხი უშიშროების მინისტრმა დაასწრო: – 11 თებერვალს ჩემი სამსახურისთვის გახდა ცნობილი, რომ ლოტკინის მთაზე საეჭვო მანქანა შეამჩნიეს. გაიხსნა სამეთვალყურეო პოსტი. იმ ღამით მანქანასთან არავინ გამოჩენილა, მეორე დღეს შევამოწმეთ და მასში დიდი ოდენობით იარაღი აღმოვაჩინეთ. რაც მთავარია, ბლოკნოტი ვიპოვეთ, სადაც ჩვენთვის საინტერესო ტელეფონის ნომრებია. ასეთი თორმეტია. დავადგინეთ ავტომანქანის მფლობელი. ის ეჯიბია გახლავთ.

– რომელიც წინა დღით სატრანსპორტო პოლიციას დაუკავებია შემთხვევით, – საუბარში შინაგან საქმეთა მინისტრი ჩაერთო. – ეჯიბია დაიკითხა და მეტად საინტერესო ჩვენება მოგვცა, ასე არ არის არის, ბატონო ჯემალ?

– მართალი ხართ! – დაეთანხმა უშიშროების მინისტრი ჯემალ გახოკიძე.

– ჩვენ, ეჯიბიას მეშვეობით დავადგინეთ ის მისამართები, სადაც ორი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ თავდასხმაში ეჭვმიტანილები. გავჩხრიკეთ ბინები, ნაძალადევში, ერთ-ერთ ბინაში სისხლიანი ლეიბები ვიპოვეთ… რატომღაც მგონია, რომ დაჭრილი მეგობარი სწორედ ამ ბინაში მოუკვდათ.

– როგორც მითხრეს, ერთ-ერთი მაგათი ბინის ქვედა სართულზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ცხოვრობს, – განმარტა პროკურორმა, – ეს თუ მართალია, გამოდის, რომ ორი თვის განმავლობაში ტერორისტები თქვენი მოადგილის ცხვირწინ ტრიალებდნენ. მეტიც, ტერაქტისთვის ემზადებოდნენ.

პროკურორის გამჭოლი მზერა შინაგან საქმეთა მინისტრს მისწვდა. ამ უკანასკნელს პასუხი არ გაუცია, მხოლოდ უხერხულად შეიშმუშნა.

– კარგი, გავაგრძელოთ… – ჩაილაპარაკა გენერალურმა პროკურორმა.

– ბატონო ჯამლეთ, ჩვენ მივაგენით კასეტას, რომელზეც ტერაქტია აღბეჭდილი… – შინაგან საქმეთა მინისტრის ხმაში კმაყოფილება იგრძნობოდა. – იგი გიზო მესხიას ლოტკინის მთაზე, ე.წ. სანერგეს დასახლებაში მიუცია თავისი ნათესავისთვის დროებით შესანახავად. კასეტით რომ არ დაინტერესებულიყვნენ, უთქვამს, პორნოფილმია და მისი ყურება მაინცდამაინც მიზანშეწონილი არ არისო. არადა მათი ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსი ვარკეთილშიც აღმოვაჩინეთ, იარაღით დატვირთული. ავტოსადგომზე იდგა…

– იქ როგორ მოხვდა? – დაინტერესდა უშიშროების მინისტრი.

– რამდენად პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, ეს მანქანა, ტერორისტებითა და იარაღით დატვირთული, ჩვენვე გაგვიტარებია. – და შინაგან საქმეთAა მინისტრმა ამ ფაქტის დეტალები გააცნო კოლეგებს.

– დოყლაპიები ვართ, – ჩაილაპარაკა თავისთვის ჯემალ გახოკიძემ და იქ მყოფთ თავისი მოსაზრება გააცნო:

– რადგან პრეზიდენტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა უმრავლესობა სამეგრელოდანაა, გამორიცხული არ არის, სწორედ ამ რეგიონს შეაფარონ თავი. ამიტომ მართებულად მიმაჩნია იქ საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფების გაგზავნა!..

უშიშროების მინისტრს გენერალური პროკურორიც დაეთანხმა. თათბირი კიდევ დიდხანს გაგრძელდა.

იმავე საღამოს უშიშროების მინისტრს მოახსენეს, რომ პრეზიდენტი ელოდებოდა. რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ შევარდნაძემ მოულოდნელად თქვა:
– გავიგე, გოჩა ესებუას დაკავების შანსი არსებობდა, მაგრამ ხელიდან გაუშვით.

– მართალი ხართ, – უხალისოდ დაეთანხმა მინისტრი პრეზიდენტს, – ჩემი და პოლიციის სამსახურები კოორდინირებულად არ მოქმედებდნენ, რის გამოც მისი დაკავება ვერ მოხერხდა.

მინისტრი პრეზიდენტს დაემშვიდობა. კაბინეტის კართან იგი შევარდნაძის ხმამ შეაჩერა.

– ჯემალ, შოთა კვირაია ამბობს, მე რომ მინისტრი ვყოფილიყავი, 9 თებერვლის ტერაქტი არ მოხდებოდაო.

მინისტრი მიხვდა, რომ პრეზიდენტი ამ კითხვაზე პასუხს არ ელოდა, ამიტომ თავი დაუკრა და კაბინეტი დატოვა.

ზუგდიდში მიმავალ ესებუას კი წინ ჯიხაშკარი ელოდა…

ესებუას ტვირთი

 
 
 
ესებუას ტვირთი მოსკოვში, “სადოვაია კოლცოზე”, ერთ მყუდრო კაფეში ორი კაცი იჯდა და საუბრობდა. ერთ-ერთს აქცენტზე ეტყობოდა, რომ ქართველი იყო.- საქართველოში რაც ხდება, უკვე მომახსენეს. რა შოუს აწყობს იმ სოფელში ესებუა? – იკითხა ირონიით  ანატოლიმ.- გენერალო, სამწუხაროდ, რაღაცებს ჩვენ უკვე ვეღარ ვაკონტროლებთ, – თავის მართლებას ცდილობდა  დავითი.- ეგ ჩვენი პრობლემა არ არის!   ესებუას კი ვატყობ, მოსწონს კეთილი ტერორისტის როლი და  კამერებთან ტრიალი, ნახეს რა, ეგეც შოუმენი.- ეგ არც ჩვენ მოგვწონს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ესებუა ბუნებით ე. წ. ისპოლნიტელი არ არის. ამიტომაც……- ამიტომაც ადრე უნდა გეფიქრათ ამაზე, როცა მის კანდიდატურას გვტენიდით. ხელისუფლებაზე ისეა გამწარებული, არავის დაინდობსო. რა მივიღეთ? – შეაწყვეტინა ანატოლიმ და დასძინა, – რადგან სიტუაციას ვერ აკონტროლებთ, სავარაუდოდ მოვლენათა განვითარებაზე გავლენასაც ვერ მოახდენთ. ამიტომ ერთი იცოდეთ – ესებუა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაჰბარდეს, ძალიან ბევრი იცის და ეს გულუბრყვილო კაცი ჩვენთვის  შეიძლება საშიში გახდეს!

– მაგრამ თუ დაითანხმეს?

– ეგ უკვე თქვენი პრობლემაა, რამე მოიფიქრეთ, ციხეში ესებუამდე მიღწევა გაგვიჭირდება! სადმე გარეთ რომ იყოს, მაშინ სხვა საქმეა, ოღონდ ყველაფერი ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს. ის მეორეც არ დაგავიწყდეთ, რა ჰქვია?

– პუშკინა!.. გამოდის, მათი განეიტრალება უნდა მოხდეს? – აღელდა დავითი.

– მაოცებთ ეს ქართველები! ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ. ეტყობა, რაღაცები კიდევ კარგად ვერ გასწავლეთ. მოკლედ, საქმეს მიხედეთ. დაიმახსოვრეთ, ესებუა არ უნდა ჩაჰბარდეს!

ამ სიტყვებით გენერალი წამოდგა და კაფე დატოვა, დავითი კიდევ დიდხანს იჯდა ჩაფიქრებული.  შემდეგ აეროპორტში დარეკა და თბილისის რეისზე  ბილეთი შეუკვეთა.

ჯიხასკარში განვითარებულ მოვლენებს ლამის მთელი მსოფლიო ყურადღებით და ერთგვარი გაოცებითაც ადევნებდა თვალს. ქართველი ტერორისტები არ ითხოვდენენ მილიონებს და თვითმფრინავს სადმე გასაფრენად, მათი მოთხოვნები იმდენად გულუბრყვილო იყო, რომ  ბევრის  მნახველი ექსპერტებიც კი საგონებელში ჩააგდო. ესებუა შევარდნაძესა და კანონიერ ხელისუფლებას შორის  დაუყოვნებლივ მოლაპარაკებათა დაწყებას ითხოვდა. სანამ ხელისუფლება ტერორისტების მოთხოვნებზე ფიქრობდა, უცხოელი მძევლები აღფრთოვანებას  ვერ მალავდნენ მასპინძლებით.

ყოველ საღამოს ჟურნალისტებთან ერთად საქართველოს სადღეგრძელოს სვამდნენ და  ესებუასთან სტუმრობას მომავალშიც აპირებდნენ(?!). ამასობაში დრო გაიწელა, დაძაბულობა მატულობდა და არავინ იცოდა, ასეთი იდილია კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა.

20 თებერვალს ზუგდიდში სამხარეო უშიშროების უფროსის, თემურ გაბუნიას კაბინეტში, ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები შეიკრიბნენ.

– რა პასუხი აქვთ ჩვენს შეთავაზებაზე ტერორისტებს? – იკითხა  უშიშროების მინისტრმა.

– იარაღის დაყრასა და დანებებაზე უარს აცხადებენ. – უპასუხა აფხაზეთის უშიშროების უფროსმა თემურ ხევსურიანმა, – გარდა ამისა, ჩვენ დათმობაზე წავედით. შევთავაზეთ აფხაზეთის მხარეს დერეფნის მოწყობა და მათი უსაფრთხოდ გაშვება.

– რაო მერე? – დაინტერესდა  შინაგან საქმეთაA მინისტრის მოადგილე.

– უარი თქვეს! ჩვენ ტერორისტები არა ვართო. თუმცა  მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს.

– პრეზიდენტის ბრძანებაა, ყველაფერი უსისხლოდ და მშვიდობიანად დამთავრდეს. ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი კი მზად არის, შუამავლის როლი იკისროს ხელისუფლებასა და ტერორისტებს შორის,  მაგრამ მოვლენების სხვაგვარად განვითარებისთვისაც უნდა ვიყოთ მზად…  – აღნიშნა ჯემალ გახოკიძემ. 

– თქვენ ფიქრობთ, რომ  მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში  ტერორისტები მძევლებს დახოცავენ და სოფელს დატოვებენ? – დაეჭვებით იკითხა პროკურორმა.

– ყველაფერია შესაძლებელი, – საუბარში შინაგანი ჯარების უფროსი გია შერვაშიძე ჩაერთო, – საქმე იმაშია, რომ ზუგდიდსა და ჯიხასკარის მიმდებარე ტერიტორიაზე  უამრავი  შეიარაღებული პირი იმყოფება და არა მხოლოდ შინაგანი ჯარის ნაწილები. ისიც გასათვალისწინებელია, რომ შეიარაღებული მხარდამჭერები მეორე მხარესაც ჰყავს, ამიტომ პროვოკაციის შანსი დიდია! გარდა ამისა, სამწუხაროდ, არის ადგილები, საიდანაც ტერორისტები საჭიროების შემთხვევაში გაპარვას შეძლებენ.

სოფელი ალყაში რომ მოვაქციოთ, დაახლოებით 2000 კაცი გვჭირდება. ხოლო ალყა რომ კვირაობით გაგრძელდეს, ამდენი ხალხის საკვებით უზრუნველყოფა  პრობლემა იქნება. გარდა ამისა, ამდენი შეიარაღებული ხალხის კონტროლი გაჭირდება.

– საერთოდაც, ვფიქრობთ, უმჯობესი იქნება, მძევალთა გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია ჩავატაროთ – მეგონა მარღიას სახლი შტურმით ავიღოთ! – წინადადებით გამოვიდა შინაგან საქმეთაA მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია.

– ამგვარი ოპერაციის  ჩატარებას ჯერ არ განვიხილავთ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ვინ განახორციელებს? ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ მძევალთა სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება, ან ტერორისტებს არ დახოცავთ…”

თემურ გაბუნიას ამ კითხვაზე სიჩუმე ჩამოვარდა.

– იცით? – გააგრძელა მან, – ესებუამ მითხრა, ჩვენ რომ სატელიტური კავშირით არ გაგვევრცელებინა ინფორმაცია გაეროს დამკვირვებლების გატაცების შესახებ, პოლიცია გზაშივე დაგვხოცავდა ყველას, მათ შორის მძევლებსაც და მერე მათ დახვრეტას ჩვენ დაგვაბრალებდაო..

– თემური მართალია, ჩვენ მძევლებიც და ტერორისტებიც ცოცხლები გვინდა. Aარ დაგავიწყდეთ, რომ ესებუა დიდ ინფორმაციას ფლობს, ჩვენ კი გამოსაძიებელი კიდევ ბევრი გვაქვს, – განმარტა პროკურორმა.

– შეიძლება  სამხედრო ოპერაცია დაგვჭირდეს, მაგრამ მე ვიცი, ამას ვინც ჩაატარებს, – სპეცდანიშნულების რაზმი “ომეგა”.

ჯემალ გახოკიძის ამ სიტყვებმა  მოთათბირეთა გაკვირვება და ამასთანავე ინტერესი გამოიწვია.

– “ომეგა”  ფაქტობრივად აღარ არსებობს, რაზმის მეთაური ნიკა კვეზერელი ციხეში ზის, – უკმაყოფილებას ვერ მალავდა თემურ მურღულია.

– “ომეგა” ამერიკაში მოამზადეს ასეთი ლოკალური ოპერაციებისთვის, მათ კვალიფიკაციაში ეჭვი არც ამერიკელებს ეპარებოდათ, საკითხი გადაწყვეტილია. მის შესახებ პრეზიდენტს უკვე ვესაუბრე, ბრძანებაც გავეცი, რომ ბიჭები დაუყოვნებლივ ჩამოიყვანონ ზუგდიდში. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ესებუას დავითანხმებთ  მძევალთა გათავისუფლებასა და ჩაბარებაზე.

ეს კი თქვა, მაგრამ თათბირზე უშიშროების მინისტრს არ დაუზუსტებია, რომ ესებუასთან შეხვედრას აპირებდა. თათბირის შემდეგ ჯემალ გახოკიძემ თემურ გაბუნიას სთხოვა, კაბინეტში დარჩენილიყო.

– თემო, როგორ ფიქრობ, ესებუასთან შეხვედრა შედეგიანი იქნება? რამე ხომ არა აქვს ჩაფიქრებული. მაგალითად, ჩემი მძევლად აყვანა?

– როგორ გითხრათ, ბატონო ჯემალ! მართალია, ესებუამ 5 წელი ტყეში გაატარა, მაგრამ რადგან თვითონვე ითხოვს მოლაპარაკებას, ვფიქრობ ცუდს არაფერს გააკეთებს.

– ვნახოთ, ამ შეხვედრისთვის მეც ვემზადები…

ჯემალ გახოკიძისა და გოჩა ესებუას შეხვედრა მართლაც შედგა. ხელისუფლება თანახმა იყო, ზვიად გამსახურდიას მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დამჯდარიყო. გარდა ამისა, ესებუას  ჰპირდებოდნენ, რომ ჩაბარების შემთხვევაში დამკვირვებელთა გატაცებაში მონაწილე პირებზე სისხლის სამართლის დევნა არ განხორციელდებოდა. თავად ესებუა ეყოლებოდა უშიშროების სამინისტროს იზოლატორში, შესაბამის პირობებში, გასამართლების შემდეგ, მისი დედა პრეზიდენტის სახელზე დაწერდა თხოვნას შეწყალებაზე, რაც რამდენიმე წლის შემდეგ დაკმაყოფილდებოდა… მაგრამ გოჩა ესებუას ჩაბარება არ სურდა.

22 თებერვალს ჯიხასკარში მეგონა მარღიას სახლიდან ხმამაღალი ლაპარაკი ისმოდა.

– გოჩა, ხომ ნახე, არაფერი გამოვიდა, ჩამოვიდნენ ბურჭულაძე და ვიღაცები მოსკოვიდან, ილაპარაკეს  შევარდნაძესთან, მაგრამ რა, როგორც  ჩამოვიდნენ, ისე წავიდნენ! – აღშფოთებული იყო გვაზავა, -– რა მოგველის, დღეს თუ ხვალ მაინც მოგვიწევს დანებება! ვერ ხედავ, გაავსეს ჯარით აქაურობა.

– რა იყო, იარაღმა შეგაშინა ნაომარი კაცი?! – ჩაეცინა ესებუას, – წავალთ, ტყის მეტი რა არის, განა 5 წელი ტყეში არ გავატარეთ?

– გოჩა, შენ ოჯახი არ გყავს და შენთვის შეიძლება სულერთი იყოს, სად იქნები, მაგრამ ჩვენ ოჯახები გვყავს! კი გავალთ ტყეში, მაგრამ ცოლ-შვილი ამათ დავუტოვოთ ასაწიოკებლად? – საუბარში კიდევ ერთი ტერორისტი ჩაერთო.

– აბა, შენი აზრით, რა ვქნათ? – გაბრაზდა ესებუა.   

–  დავთანხმდეთ! ერთი მძევალი ხომ გავათავისუფლეთ, დანარჩენებიც გავუშვათ და მშვიდობიანად დავიშალოთ. გარდა ამისა, ის ბიჭები რას იფიქრებენ, ახლა ციხეში რომ სხედან… ისინი ხომ შენ გამოგყვნენ,  შენ გვერდით იდგნენ, ახლა კი ისინი ციხეში არიან, შენ  კი გარეთ! ხომ იცი, ამას  შენგან არ იმსახურებდნენ.

– ხვალამდე  დროა და გადაწყვიტე. – უთხრეს მეგობრებმა ბოლოს გოჩას და ეზოში სამორიგეოდ გავიდნენ.

გოჩა ესებუა ადგილს ვეღარ პოულობდა.

– ხომ არ დაგველია… – მოესმა ჩეხი ვიცე-პოლკოვნიკის დამტვრეული რუსულით ნათქვამი. ესებუამ მხოლოდ ახლა შენიშნა ოთახში შემოსული  მძევალი, რომელსაც ღვინიანი დოქი ეჭირა. გაეღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

– მარტო დარჩი, ტერორისტო? – ბოლო სიტყვას ჩეხმა ღიმილი მოაყოლა.

– შენ ხომ იცი, იაროსლავ, რომ მე ტერორისტი არა ვარ! მე მხოლოდ ჩემი ქვეყანა მიყვარს და რასაც ვაკეთებდი, მხოლოდ იმისთვის, რომ მინდოდა საქართველო თავისუფალი ყოფილიყო!… – ესებუა ცრემლს ვეღარ იკავებდა.

–  ხშირად ის, რაც გვიყვარს ისევე როგორც ჩვენ, დიდი თამაშის მსხვერპლი ხდება. ასე მხოლოდ საქართველოში როდია, ჩვენთან, ჩეხეთშიც ასევეა…

– დღეს მე მეგობრებმა მიღალატეს… – გულდაწყვეტილი ჩანდა ესებუა.

– ამას მე ღალატს ვერ დავარქმევდი! – გააპროტესტა ჩეხმა მძევალმა, – ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც პრინციპებზე მეტად საკუთარი ცხოვრება უღირთ. ხომ არ შეიძლება, ყველა გმირი იყოს. ამ მოვლენების გმირი კი შენ ხარ, თუმცა შენთვის ჯიხასკარის გმირის სახელი  მძიმე ტვირთი იქნება,  მეგობარო!..
– რომლის ზიდვაც ძალიან გამიჭირდება! – ქართულად უპასუხა ესებუამ…

მეორე დღეს გოჩა ესებუამ გადაწყვეტილება მიიღო, სამართალდამცველებს ჩაჰბარებოდა.

23 თებერვალს საღამოს, ჯიხასკარში, ვალიკო ზარანდიას  ჭიშკარს მანქანა მიადგა.

– ვახტანგი სახლშია? – ჰკითხეს ვალიკოს, რომელმაც სტუმრები შინ შეიპატიჟა. ორნი იყვნენ, ერთი ზარანდიების ნათესავი, მეორე – უშიშროების თანამშრომელი, ვინმე თოდუა.

– მომისმინე ვახტანგ, დღეს ესებუა უნდა გააპარო ჯიხასკარიდან, მანქანა და დერეფანი მზადაა! –  უთხრა თოდუამ ზარანდიას.

– როგორ?! – გაუკვირდა თოდუას, – ხვალ გოჩა ჩაბარებას აპირებს და..

– ხელმძღვანელობასთან შეთანხმებულია! – იყო პასუხი.

როდესაც გოჩა ესებუას ვახტანგ ზარანდიამ გაპარვის შესახებ აცნობა, ესებუა დაიბნა. ნუთუ მომატყუესო, გაიფიქრა, მაგრამ სამწუხაროდ, ფიქრის დრო აღარ რჩებოდა.
– სად მიდიხარ, გოჩა? ჩვენ თუ დაგვტოვებ, ხვალვე ციხეში ჩაგვყრიან! – არწმუნებდა გამწარებული პუშკინა, მაგრამ ამაოდ.

–  მარტო არ გაგიშვებ! – მიაძახა გია მესხიამ ესებუას და ისიც გაჰყვა. მათთან ერთად გვაზავაც წავიდა.

მეორე დილით, როდესაც გახოკიძეს მოახსენეს, ესებუა გაიპარაო, ძალიან გაუკვირდა, – დავიჯერო, მომატყუა? – ჰკითხა გაბუნიას, მაგრამ პასუხი კითხვაზე არავის ჰქონდა.

ხელისუფლებამ პირობა შეასრულა და  გამტაცებლებს ოჯახებში უპრობლემოდ დაბრუნების საშუალება მისცა.

ტყეში გასულ ჯიხასკარის გმირზე კი ნადირობა დაიწყეს.

 
 
 

ღალატის ფერი

 
 
ღალატის ფერი ჯიხასკარის მოვლენების შემდეგ ხელისუფლებამ სამეგრელოში ე.წ. შემორიგების პროცესი წამოიწყო. ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერ შეიარაღებულ ჯგუფებს უფლება მიეცათ იარაღის ჩაბარების შემდეგ სახლებში დაბრუნებულიყვნენ.27 თებერვალს, საღამოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის უშიშროების სამხარეო სამმართველოს უფროსი თემურ გაბუნია კაბინეტში  ბოლთას სცემდა.
– ეჭვი მეპარება, ესებუას ჯიხასკარიდან გაპარვის გადაწყვეტილება თავად მიეღო. ჩვენ ხომ ყველაფერზე შეთანხმებული ვიყავით, იარაღიც კი ჩამაბარა, – ეუბნებოდა გაბუნია მოადგილეს.- მისი მოკვლა ხომ არ უნდათ, თემო? – იკითხა მოულოდნელად მოადგილემ, თამაზ ჩიხრაძემ.
– მოკვლა? რა თქმა უნდა! მისი მოკვლა უნდათ! – წამოიძახა გაბუნიამ, თითქოს რაღაც გაახსენდაო. მოადგილემ გაკვირვებით შეხედა უფროსს.

– ესებუა მზად იყო გარანტიის შემთხვევაში ხელისუფლების ის მაღალი თანამდებობის პირი დაესახელებინა, რომელიც 9 თებერვლის ტერაქტსა და მის შემდგომ მოვლენებში იყო გარეული. სწორედ ამიტომ გააპარეს… – ღელავდა სამმართველოს უფროსი.

– ვინ  იცოდა კიდევ გოჩას ამ გადაწყვეტილების შესახებ?

– ნებისმიერი ინფორმაცია თათბირებზე განიხილებოდა და რა თქმა უნდა, ეს ინფორმაციაც ცნობილი იყო რამდენიმე პირისთვის.

– ესებუა როგორმე შეხვედრაზე უნდა დავითანხმოთ. იქნებ მერე დავარწმუნოთ, რომ მაშინ ჯიხასკარში მახე დაუგეს და ჩაბარებაზე დავიყოლიოთ?

– მართალი ხარ, – დაეთანხმა გაბუნია, – ესებუას როგორმე უნდა შევხვდე. მაგრამ როგორ? გოჩა თავის ძველ თანამოაზრეებს აღარ ენდობა.

– მიზეზი რა უნდა იყოს? – დაინტერესდა ჩიხრაძე.

– შემორიგების პროცესი! – გაეღიმა  უშიშროების სამსახურის უფროსს, – რაც ჯიხასკარელი ტერორისტები შემოვირიგეთ, მას შემდეგ ჩვენს ბიჭებს აღარ შორდებიან. გროზნოს ბირჟაზეც (ადგილი, სადაც ე.წ. ზვიადისტები იკრიბებოდნენ) ხელგადახვეულები დგანან, ხან რომელ რესტორანში ქეიფობენ და ხან რომელში. ასე ესმით აქ შემორიგების პროცესი! ხუმრობა იქით იყოს და  ხალხი ამას კარგი თვალით არ უყურებს. შესაბამისად, ესებუამდეც მიდის ხმები…. თუმცა ვიცი ერთი კაცი, რომელიც შეიძლება დაგვეხმაროს…

–  უარი რომ გითხრას?

– ვცდი, იქნებ გაგვიმართლოს….

7 მარტს ზუგდიდის უშიშროების სამმართველოს სამორიგეოში  ტელეფონის ზარი გაისმა. უცნობი იტყობინებოდა, რომ მისი ჯგუფი მზად იყო იარაღი ჩაებარებინა, რამდენიმე საათში უშიშროების სამმართველოში იარაღის მთელი არსენალი შეიტანეს.

თემურ გაბუნია გვიან ღამით დაბრუნდა სამსახურში, კაბინეტში  მოადგილე ელოდებოდა.

– დღეს დიდი რაოდენობით იარაღი ჩაგვაბარეს. ვფიქრობ, დღემ  კარგად ჩაიარა, – კმაყოფილებას ვერ მალავდა მოადგილე.

– ძალიან კარგი! ისე, მეც მაქვს ერთი ახალი ამბავი, შეიძლება ესებუას უახლოეს დღეებში შევხვდე, – თქვა გაბუნიამ, – სოფელ კანთში  დაკრძალვაზე ვახო ზარანდია ვნახე და მას ვთხოვე, ესებუასთან შეხვედრა მოეწყო. დღეს გავიგე, რომ ესებუაც თანახმა ყოფილა. შეხვედრის ადგილს დავაზუსტებთ მხოლოდ…

ამ დროს კაბინეტში თანამშრომელი შემოვიდა.

– ბატონო თემურ, უშიშროების მინისტრის მოადგილე დღეს ამოღებული იარაღიდან 4 ავტომატს ითხოვს. საქმისთვის მჭირდებაო.

– წაუღეთ! ნეტა, რისთვის უნდოდა? – გაიფიქრა გაბუნიამ.

მეორე დღეს, თათბირზე  უშიშროების სამსახურის უფროსმა ესებუასთან მოსალოდნელ შეხვედრაზე ისაუბრა.

– ეს შეხვედრა არ შედგება! – მოულოდნელად განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, – გამორიცხული არ არის, ესებუა შენს მძევლად აყვანას აპირებდეს, ჩვენ კი ახალი მძევლები ნამდვილად არ გვჭირდება. შეიძლება შენი მოკვლაც უნდოდეს, გარდა ამისა, როგორც ვნახეთ, მაგ კაცთან ლაპარაკი არ ღირს.

გაბუნია, რომელიც მოვლენების ამგვარ განვითარებას არ მოელოდა, გაოგნებული იჯდა.

გოჩა ესებუა მეგობრებთან ერთად ურთის მთაზე იმყოფებოდა, როდესაც  იგი ზურა შონიამ (პუშკინამ) ინახულა.

– რატომ მოხვედი, ზურა, აქ? – მღელვარებას ვერ მალავდა გია მესხია (კონგი).

– დაანებე თავი, იქნებ რამე დარჩა სათქმელი, – უხალისოდ თქვა გოჩამ და პუშკინას ანიშნა, დაჯექიო.

– გოჩა, ვიცი ჩვენ შესახებ ცუდი ხმები მოგდის, მაგრამ აქ იმიტომ მოვედი, რომ გითხრა, მე შენთვის არასდროს მიღალატია!

– აბა, რასაც ზუგდიდში აკეთებთ, ის რა არის?! – თავი ვეღარ შეიკავა ესებუამ, – დადიხართ კაგებეშნიკებთან ხელგადახვეული. გავიგეთ, მანქანა გიყიდეს, დანარჩენებს სამსახურები უშოვეს და თქვენ გგონიათ, ამას ხალხი ვერ ხედავს? ჩემთან ბევრი ჭორი მოაქვთ. შენ გგონია, მინდა ამ ყველაფრის დაჯერება? შენ გგონია, გული არ მტკივა? ერთად რამდენი რამ გამოვიარეთ… – ემოციებისგან ესებუა სიტყვებს ვერ პოულობდა.

პუშკინა ჩუმად იჯდა.

– გოჩა, შენ გვიღალატე! როდესაც იქ, ჯიხასკარში მიგვატოვე და აქეთ წამოხვედი, არავინ იცოდა, რა გველოდა. შენ ის ბიჭებიც მიატოვე, შენი გულისთვის რომ ციხეში სხედან. რა თქმა უნდა, აქედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს, ხალხის თვალში შენ გმირი ხარ,  ჩვენ – მოღალატეები…

– მე არ მიმიღია ის გადაწყვეტილება. უბრალოდ, სხვა გზა არ მქონდა… – დაბნეული იყო ესებუა, – ისიც არ ვიცოდი, რა ბედი მელოდა. ჩვენ ხომ უიარაღოდ წამოვედით.

– იარაღი არც მე და არც გვაზავას წამოგვიღია! – საუბარში გია მესხია ჩაერთო.

– აბა, ეს რა არის?! – პუშკინამ იქვე დაწყობილი ავტომატებისკენ გაიშვირა ხელი.

– ეს 10 დღის წინ მოგვიტანეს ძმებმა, –  ჩაილაპარაკა თავისთვის ესებუამ, –  სულ რაღაც 4 ავტომატია.

– ამ შეიარაღებით აპირებდი რუსების პოსტებზე თავდასხმას?! – დაეჭვებით იკითხა პუშკინამ.

– ასეთს არაფერს ვგეგმავდით! – ბრაზი მოერია მესხიას, – ეგ ყველაფერი ჭორია!

–  წადი, ზურა და ჩემთან არასდროს მოხვიდე! – მოულოდნელად თქვა გოჩამ.

პუშკინა წამოდგა, თითქოს უნდოდა რაღაცა ეთქვა, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრა. ხმა არ ამოუღია, ისე დაშორდა მეგობარს.

30 მარტს, გოჩა ესებუა, გვაზავასთან ერთად სოფელ ონარიაში ესტუმრა თავის მეგობარს. აქ ერთი ღამით დავრჩებით და მერე წავალთო, უთხრა მასპინძელს.
გვაზავა აღელვებული ჩანდა.

– გოჩა,  აქვე, სულ რაღაც ერთ კილომეტრში, სამხარეო პოლიციის შენობა და სპეცრაზმის ბაზაა. რატომ ფიქრობ, რომ აქ უსაფრთხოდ ვიქნებით?

– იმიტომ, რომ ჩვენ აქ არავინ გველოდება. თან ერთი ღამით ვართ მოსულები, –  დაამშვიდა ესებუამ.

საღამოს, როდესაც ესებუა ეზოში მასპინძელს ესაუბრებოდა, მოულოდნელად შეამჩნია, რომ ქუჩაში “იკარუსის” მარკის რამდენიმე ავტობუსმა გაიარა.

–  რა ხდება? – ჰკითხა მასპინძელს.

– არაფერი ისეთი. სოფელში მიცვალებულია და სამძიმარზე მოდის ხალხი, – მასპინძელმა გოჩას დაუმალა, რომ ავტობუსებით სპეცრაზმელები გადაჰყავდათ.
31 მარტს ესებუას  ცუდ ხასიათზე გაეღვიძა. სადილზეც უხმოდ იჯდა და ღვინით სავსე ჭიქას მიშტერებოდა.

– იცი, ღალატი რა ფერისაა? – მოულოდნელად ჰკითხა მასპინძელს.

ეს უკანასკნელი დაიბნა და მხრები აიჩეჩა.

– ადრე ნისლისფერი მეგონა, ახლა მივხვდი, რომ წითელია, სისხლისფერი!..

სუფრაზე სიჩუმე ჩამოვარდა.

– დღეს ჩემი პრეზიდენტის დაბადების დღეა და მოდი, თითო ჭიქით აღვნიშნოთ! – გაისმა მოულოდნელად გოჩას ხმა და მასპინძელს ღვინის მოტანა სთხოვა. სადილი დიდხანს გაგრძელდა.

– რაღაც სასმელი მომეკიდა, ცოტა ხნით წამოვწვები, დავისვენებ,  თუ ძილი გამიგრძელდა, გამაღვიძეთ, წასასვლელები ვართ. – თქვა გოჩამ და სუფრიდან წამოდგა.

ის-ის იყო, წამოწვა, რომ ავტომატის კაკანი შემოესმა. ერთ ჯერს მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე… ყოველი მხრიდან ისროდნენ. გოჩა ესებუა მიხვდა, სახლი ალყაში იყო, საწოლიდან წამოხტა. ავტომატს დასტაცა ხელი და ეზოში გავარდა, თუმცა მხოლოდ ერთხელ გასროლა მოასწრო, იქვე მოკლეს. გვაზავამ გაქცევა მოახერხა.…

გია მესხია საღამოს ტყეში, ცეცხლთან იჯდა, როდესაც მასთან გაფითრებული გვაზავა მივარდა და უთხრა, – გოჩა მოკლესო.

–  რაა?! – წამოვარდა ფეხზე მესხია. გვაზავა დიდხანს უყვებოდა მესხიას ონარიის თავდასხმის ამბავს.

– შენ როგორღა გადარჩი?! – ჰკითხა ბოლოს  კონგმა.

– გაქცევა მოვახერხე…

– იქნებ შენი მოკვლა არც უნდოდათ და  საშუალება მოგცეს, გაქცეულიყავი? იქნებ შენც მოღალატე ხარ! დაგხოცავთ ყველას! – ღრიალებდა  ცრემლმორეული მესხია და კიდევ დიდხანს არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ესებუა მკვდარი იყო.

ონარიაში დატრიალებული ამბების შესახებ თემურ გაბუნიამ  კაბინეტში გაიგო.

– მაინც მოკლეს! – გაიფიქრა და ზუგდიდის პოლიციის უფროსს, ზვიად მანიას დაურეკა, – იქნებ სპეცოპერაციის დეტალები მომიყვეთო.

– არაფერი  განსაკუთრებული არ მომხდარა, ბატონო თემურ! – რიხიანად უპასუხა ზვიად მანიამ,  – სპეცოპერაცია ჩატარდა სამხარეო პოლიციის სამმართველოს ძალებით.

– მე თქვენს ადგილზე ასეთი კმაყოფილი არ ვიქნებოდი! – აღშფოთებას ვერ მალავდა გაბუნია, – ესებუა მკვდარია.

– მან შეიარაღებული წინააღმდეგობა გაგვიწია, თან ლიმონკის გახსნასაც აპირებდა, ამიტომ სამწუხაროდ, ასე მოხდა. ჰო, მართლა, გვაზავა გაგვექცა.

– შეიარაღებულ წინააღმდეგობას  როგორ გაგიწევდათ, ესებუა უიარაღოდ იყო, – თავისას არ იშლიდა უშიშროების სამსახურის უფროსი, მაგრამ როდესაც კაბინეტში შემოსული აფხაზეთის უშიშროების მინისტრი თემურ ხევსურიანი დაინახა, სატელეფონო საუბარი შეწყვიტა.

– თემო, ორიოდე კვირის წინ შენგან ავტომატები რომ წავიღეთ, გატარებული გქონდა?

– ის 4 ავტომატი? რა თქმა უნდა, უშიშროების სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.

გაბუნიას ეს განმარტება ხევსურიანს აშკარად არ მოეწონა და სასწრაფოდ დატოვა კაბინეტი. საღამოს გაირკვა, რომ ონარიაში, შემთხვევის ადგილიდან ესებუას და გვაზავას ავტომატები უკვალოდ გაქრა(?!).

– ეჭვი მაქვს, ის ავტომატები ვიღაცამ ესებუას შეუგზავნა ტყეში. ახლა კი გამოძიებას რომ არ დაედგინა ავტომატების წარმომავლობა, შემთხვევის ადგილიდან გააქრეს. ნეტა რა იცოდა ასეთი ესებუამ, – ფიქრობდა შინ მიმავალი თემურ გაბუნია.

5 აპრილს მთელი ზუგდიდი მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე ესებუას. სამგლოვიარო პროცესია მშვიდად მიიწევდა წინ, მოულოდნელად ჭირისუფლებს ორი შეიარაღებული უცნობი პირი შეერია და როგორც კი ზურა შონიას მიუახლოვდნენ, ერთმა  დაუძახა, – მოღალატე, ესეც შენი საზღაურიო და ადგილზევე მოკლა. თავდამსხმელში ხალხმა გია მესხია ამოიცნო. როდესაც შეიარაღებული პირების დაკავება სცადეს, ერთ-ერთმა მათგანმა ხელყუმბარა გახსნა და ხალხში გადააგდო. აფეთქებამ ხუთი კაცის სიცოცხლე შეიწირა, შეიარაღებულმა პირებმა კი გაქცევით უშველეს თავს…

P.S ასე დაიწყო 1998 წელი საქართველოში, თუმცა წინ მაისის გალის მოვლენები და  აკაკი ელიავას სამხედრო ამბოხი იყო. ჯიხასკარის ამბები კი მალე დავიწყებას მიეცა.

 
ნინო ბურჭულაძე
 
 
“კვირის პალიტრა” #5-7,  2010
 
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: