IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გია ჩუთლაშვილი – გუთნისდედა

• ს. ე. გ. მ.

გ უ თ ნ ი ს დ ე დ ა !

 

 cms-image-000030918[1] საყდრისის აფეთქებას, ჩვენზე ზრუნვით გვიხსნიან,

  ხუდონჰესის შენებას მით მეტად გვამადლიან?!

  წინაპრის დავიწყებით, ყანას თუ სხვას უმკიან,

  ერთი გამაგებინა, მომავალს რას ერჩიან?!

       ქართველი ერი, საუკუნეების მანძილზე, მუდმივად იბრძოდა თვითგადარჩენისათვის, მიუხედავად დღე და ღამ  ბრძოლაში ყოფნისა, ქართველი მეფეები ყოველთვის ზრუნავდნენ ქართველთა ეკონომიურ მდგომარეობაზე და დიდ პატივს მიაგებდნენ ეროვნული დოვლათის შემქმნელ მშრომელ ადამიანს. ხალხის კეთილდღეობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე მზრუნველი ადამიანი კი ოდითგან გუთნისდედად მოიაზრებოდა.

            გუთნისდედა – ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში შრომობდა და იღწვოდა, რათა ქვეყანა გამოეკვება, გაეძლიერებინა.

            ქართველი ხალხი განსაკუთრებულად აფასებდა ასეთ ხალხს. ქართველი მეფენი სამკვდროსასიცოცხლო ომების დროსაც კი, უფრთხილდებოდნენ მათ და ომში არ მიჰყავდათ.

            ყველამ იოცნებოს გუთნისდედის პატივი!

           დღეს გუთნისდედობას ჩემულობენ მთავრობის წევრები, როდესაც თავიანთ ქმედებებს ქართველი კაცის გამოკვებასა და გაძლიერებაზე ზრუნვით ხსნიან.

            ხალხზე ზრუნვა რომ აუცილებელია, მათთვის სამუშაო ადგილებისა და შესაბამისი პირობების შექმნა ეს ყველასათვის ნათელია. მაგრამ კითხვა ისმის – რის ფასად ???

            ამ კითხვაზე შესანიშნავი პასუხი გასცა ქართველმა ხალხმა, რომელიც ასე ათაყვანებდა რა გუთნისდედობას, ყველაფერს არ იღებდა მისგან, თუ თვლიდა, რომ ეს მის ღირსებას თელავდა. ქართველი კაცის ღირსება კი იყო: ენა, მამული, სარწმუნოება, რომელიც დაფუძნებული იყო:  წარსულის პატივისცემაზე, აწმყოს არსებობასა და მომავლის აუცილებლობაზე. ის ვინც ამ ურთიერთობას არღვევდა, მისგან არავინ არაფერს ღებულობდა, სიკეთესაც კი. ამ ღირსებამ ათქმევინა ქართველ ხალხს:

                                    „სირცხვილი იმ გუთნისდედას

                                    წინაპართა საფლავს ხნავდეს!!!“

            ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ აუცილებელია გავუფრთხილდეთ ჩვენი მამაპაპის ოფლითა და სისხლით მორწყულ მიწაწყალს, მის ფლორასა და ფაუნას, თუ ისტორიას და რომ აუცილებელია მათი შენარჩუნებით შევქმნათ მომავალი!

            ამ გზას მტკიცედ დაადგა ქართველი ერი 1990-91 წლებში:

            „სოციალური ჰარმონიის დამყარების ერთადერთი გზა იცის კაცობრიობამ. ეს არის: რელიგიის აღორძინება, ახალგაზრდობის სწორი აღზრდა, ზნეობრივი იდეალების დამკვიდრება საზოგადოებრივ ცხოვრებაში.“ /ზ. გამსახურდია, 1990წ.,14 ნოემბერი/

            „შორს არ არის ის დრო, როდესაც საქართველო იქცევა ზნეობრივი სიდიადის მაგალითად მსოფლიო ხალხისთვის.“/იქვე/

            ან: „ქართველი კაცი კიდევ ერთხელ ამბობს უარს ამქვეყნიურ ფიზიკურ კეთილდღეობაზე, სულისმიერი ეროვნული აღორძინების სახელით.“ /ზ. გამსახურდია, 1991წ., 7ივნისი, პრეზიდენტის საპროგრამო სიტყვა/

            ზუსტად სულისმიერი და ზნეობრივი იდეალებისადმი ასეთი სწრაფვა არ აპატიეს მას ძლიერთა მსოფლიოსა შინა, დაამხეს მისი ხელისუფლება და თავადაც მოაკვდინეს. მას შემდეგ ქართველ ხალხს ატარებენ უზნეობის ჭაობში, როდესაც შევარდნაძე-სააკაშვილის რეჟიმებმა, არსებობის ერთადერთ ლოზუნგად აქციეს: „იკადრე ყველაფერი, მოერგე ამ ცხოვრებას და შენც წილში იქნები. იცხოვრე შენთვის, რა დროს საქართველოა“.

            დღეს კი ყველაფერს ფარისევლობის ნიღბით უდგებიან, ხალხზე ზრუნვით ცდილობენ ახსნან უცხოტომელებზე მიწების გაყიდვა, ისტორიის მოსპობა, ბუნების განადგურება. ამ მიზეზით იყიდებოდა სტრატეგიული ობიექტები, ამ მიზეზით ართმევდნენ ქონებას, ამ მიზეზით ხოცავდნენ ქართველებს ეს 23 წელია და ამ მიზეზით ხდება დღესაც ყველაფერი! ეს ყველაფერი გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა,  რომლებიც ყველა დროში მოიძებნებიან და მზად არიან ორიოდ გროშის (დროებითი სამსახურის) ფასად უღალატონ ეროვნულ სულს, ეროვნულ ღირებულობებს და ხოტბა შეასხან ხელისუფლებას. უბრალოდ გადახედონ საქართველოს ისტორიის ფურცლებს:

  •  არანაკლებ გაჭირვებას განიცდიდა ბერი თეოდორეს დროს ქართველი ხალხი. განა აწყენდა მას დაპირებული დიდძალი ოქრო-ვერცხლი, რომლითაც უამრავ ეკლესიას და ქვრივ ობოლს შეეწეოდა, მაგრამ რა არჩევანიც მან გააკეთა ერის ხსოვნაში სამუდამოდ დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი!!!
  •  ასევე ერის ხსოვნაში სამუდამოდ დაიმკვიდრა (ოღონდ გამყიდველის) ადგილი ყორღანაშვილმა, რომელმაც თითქმის ანალოგიურ სიტუაციაში, არჩევანი ოჯახსა და ფუფუნებაზე გააკეთა – შედეგად კი მიიღო ის, რომ თვით მისი უშუალო მემკვიდრენიც კი წყევლა-კრულვით მოიხსენიებენ მის სახელს?!!

            ეს 23 წელია „ყორღანაშვილთა“ ჟამი დგას საქართველოში, როდესაც ყველა და ყველაფერი იყიდება (იცვლება) დროებით სიამოვნებაზე (სტატუსზე, ფულზე, სამსახურზე). ისტორია კი დაუნდობელია და ყველას საკუთარ ადგილს მიუჩენს შთამომავლობის თვალში!

                                    „დრონი მეფობენ და არა მეფენი!“

            საყდრისის ნგრევის, ხუდონჰესის და სხვა ანტიქართული პროექტების შენების, სხვა „ახალი საყდრისების“ ნგრევების მეხოტბენო და მათ უკან მდგომო ლობისტებო ისტორიის სამსჯავროს უფრთხილდით!

            მთავრობას კი კიდევ ერთხელ შევახსენებ:  გუთნისდედობა შესანიშნავია –  წინაპართა საფლავის თხრა კი ძალინ ცუდი!!! ათასობით კეთილი საქმის კეთებაც კი ვერ გადაფარავს და ხალხი არასოდეს მიიღებს თქვენს გუთნისდედობას, არამედ სამუდამოდ დაგრჩებათ „წინაპართა საფლავის მთხრელის“ იარლიყი

P.S. საინტერესოა, როდესაც მთლიანად გადაითხრება ეს პატარა ბორცვი, მერე რას უპირებთ იმ 3000 ოჯახს? კიდევ რის დანგრევას და გაყიდვას აპირებთ???

გია ჩუთლაშვილი

მარტი, 2015წ.

 
%d bloggers like this: