IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• მიმართვა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს

♥ ს.ე.გ.მ.

 

მ ი მ ა რ თ ვ ა

ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს

 

მეგობრებო! სატანა აგონიაშია! ხედავს რა ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას ერთად დგომის აუცილებლობის შესახებ, ყველაფერს აკეთებს რათა არ დაუშვას ასეთი ერთობა.

როგორც უკვე არაერთხელ აღგვინიშნავს, ჩვენ გავითვალისწინეთ ყოველივე ეს და ამის შესახებ შეძლებისდაგვარად ვაფრთხილებდით ყველას. კერძოდ, გვჯეროდა, რომ ჩვენი რიგებიდან მრავლად წამოწევდნენ წინ „თავიანთ ფავორიტებს“ და გაავრცელებინებდნენ ათასგვარ სიბინძურეებს საქართველოს ერთგულ მამულიშვილებზე, რათა ჩანასახშივე მოესპოთ ჭეშმარიტი ეროვნული ძალების მძლავრი გაერთიანების პრესპექტივა. ზუსტად ასეთი ქმედების საპირისპიროდ, ვაკეთებდით ყველაფერს, როდესაც ვეხვეწებოდით უზენაესი საბჭოს წევრებს, რათა შეკრებილიყვნენ და მოესმინად შეიარაღებული ძალების სარდლობის ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ შევინარჩუნეთ ძალაუფლება, რა გავაკეთეთ და რა არა, რა იყო დამარცხების მიზეზი. რის შემდეგაც გამოეტანათ ვერდიქტი ამა თუ იმ ძალის სწორი ქმედების თუ ღალატის შესახებ და ეს დასკვნა ყველასთვის გამხდარიყო ცნობილი.

დიახ ეს იქნებოდა ეროვნული ძალების გათითოკაცების დასასრულის დასაწყისი! თითქოსდა ყველას მოსწონდა ეს იდეა, მაგრამ არავის არ სურდა თუნდაც მცირედი წვლილი შეეტანა და გარკვეული ორგანიზება მაინც გაეწია ასეთი შეხვედრისთვის. ყოველივე ამან კანონიერი ეროვნული გვარდიის სარდლობა (კერძოდ თავად სარდალი), ამა წლის გაზაფხულიდან იძულებული გახადა გაევრცელებინა მიმართვა უზენაესი საბჭოს წევრებისა და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებისადმი (ეს მიმართვა წაკითხული იქნა PKTV-ის ეთერიდან), რომელსაც ახლა კვლავ გთავაზობთ უცვლელად:

qobalia

მ ი მ ა რ თ ვ ა

უზენაესი საბჭოს წევრებს,

ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს

მე, ლოთი ქობალია, მზად ვარ თქვენს მიერ დასმულ ნებისმიერ კითხვაზე გავცე ამომწურავი პასუხი! ბრალდებებით, რაც „პუტჩისტებმა“ – კრიმინალმა სამშობლოს მოღალატეებმა წამომიყენეს, არაერთხელ „დამხვრიტეს“! დღეს მინდა „პასუხი ვაგო“ იმ ბრალდებებზე, რასაც წამომიყენებენ ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები. დიდი ხანია ვამბობ, ვეუბნები და მოვითხოვ უზენაესი საბჭოს წევრებისაგან, რათა შეიკრიბონ და შექმნან სათანადო კომისია, რომელიც განიხილავს „ლოთი ქობალიას საქმეს“! კომისია ვალდებული იქნება მოიკვლიოს ჩემი იმ დროინდელი ბრძანებებისა თუ ქმედებების სისწორე. ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს ჩემი ბრალეულობა, თუ უდანაშაულობა ერისა და სამშობლოს მიმართ, იმ პერიოდში (1991-1993 წლებში), როდესაც მე ვასრულებდი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სრულუფლებიან საგანგებო რწმუნებულისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლის მოვალეობებს.

მე ვთვლი, რომ არანაირი დანაშაული მე არ მიმიძღვის სამშობლოს წინაშე! არასდროს არ გამიცია კანონსაწინააღმდეგო ბრძანება და საერთოდ არ დამიშვია შეცდომაც კი! არ ჩამიდენია ჟურნალისტ ბოლქვაძის მკვლელობა და საერთოდ არც არასდროს მყავს იგი ნანახი! თუ ვინმეს აქვს რაიმე მტკიცებულებები ჩემი დანაშაულებრივი ქმედებისა, მე მზად ვარ სახალხოდ, ღმერთისა და ერის წინაშე ვაგო პასუხი!

საქართველოს პრეზიდენტ ძვიად გამსახურდიას სრულუფლებიანი, საგანგებო რწმუნებული, საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდალი, პოლკოვნიკი:

ვახტანგ (ლოთი) ქობალია

დიახ, ჩვენს რიგებში ურთიერთ დასაპირისპირებლად მუშაობს ჭორ-გამავრცელებელი მანქანა, რამაც ქვეყანა მიიყვანა უკიდურეს მძიმე მდგომარეობამდე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთი ძალების გამოვლენა, რათა ფეხზე დავაყენოთ ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობა და ქვეყანა ვიხსნათ განსაცდელისგან! ამისთვის საჭიროდ მიგვაჩნია ყველასგან შესაბამისი თანადგომა.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით: თუ ვისმეს გაგაჩნიათ რაიმე დამამტკიცებელი საბუთი, ამა თუ იმ პიროვნებამ ჩვენი რიგებიდან როგორ ჩაიდინა ესა თუ ის დანაშაული (მითუმეტეს ღალატი), გთხოვთ შევიკრიბოთ, წარმოადგინეთ მტკიცებულება და ერთად მივაწოდოთ ქართველ ერს  სათანადო დასკვნები. ასეთი თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითი განხორციელდა ამ დღეებში. როდესაც უკიდურესად დაიძაბა რა მდგომარეობა საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო, მოხდა შეხვედრა. ამ შეხვედრაზე მკვეთრად გამოიკვეთა, რომ დასაბუთება ეყრდნობოდა მხოლოდ გარკვეული, თუნდაც ეროვნულ მოძრაობაში „ცნობილი“ („პოპულარული“), პიროვნებების სიტყვიერ მონათხრობებს (რომლებიც ცხადია სინამდვილეს არ შეესაბამებოდა). ცხადია თავად ასეთი „პოპულარული“ წამქეზებლები ამ შეხვედრაზე არ მოვიდნენ და „თავიანთი ჭორების“ გამხმოვანებელი დელიკატურად გადაამისამართეს სხვასთან?! ამ პიროვნებამ კი იპოვა თავის თავში ძალა სიმართლის დასადგენად ბოლომდე ძიებისთვის და შედეგი: თავისთავში დარწმუნება იმაში, რომ ყველაფერი რაც ბრჭყვიალებს ოქრო არ ყოფილა და პატრიოტობა გარეგნული საზომებით არ უნდა იზომებოდეს; სინანული დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებისთვის და სიმართლის შეცნობა; მონანიება და ჭეშმარიტი თანადგომა; ჭორების გავრცელების წყაროს ძიებაში საგრძნობი წინსვლა.

დიახ მეგობრებო! კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით ყველას, ვისაც სამშობლო საფიცარ ხატად გაგიხდიათ, რათა დავძლიოთ ურთიერთუნდობლობა და შევძლოთ რათა ურთიერთპატივისცემით ვეძიოთ სიმართლე და პატიოსნება! დავდგეთ ერთად და ჩვენს ქვეყანას ვუპატრონოთ! ასეთი გზა გამოავლენს ჩვენს შორის, არა მარტო ჭორების გავრცელებით დაკავებული პიროვნებების ნამდვილ ზრახვებს, არამედ გამოავლენს ამბიცია აყოლილ უამრავ თანამებრძოლს, რომლებიც მთელი თავისი ცხოვრება მხოლოდ იმით არიან დაკავებული, რათა ყველანაირად ამტკიცონ, რომ მხოლოდ ისინი არიან ყველაზე მეტი პატრიოტები, ერთგულები, ქვეყნისადმი თავდადებულები და სანდონი.

დიდება უფალს! სანთელ საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს და სიმართლეს ადრე, თუ მალე ფარდა აეხდება! სიმართლე ის მარმარილოს სვეტია რომელსაც რამდენი ტალახიც არ უნდა აცხო, ადრე თუ მალე მზე-წვიმა აუცილებლად მოაცილებს მას და მარმარილოს სვეტი (სიმართლე) იგივე სვეტად დარჩება!!!

გფარავდეთ უფლის ძალი და მადლი! ამინ!

გია ჩუთლაშვილი

19.12.2017

 

 

19.12.2017

Advertisements
 
%d bloggers like this: