IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• იმედი გადარჩენისა!

• ს. ე. გ. მ.

33107410_459057557865829_2870826225922736128_n[1].png

იმედი გადარჩენისა!

 

24 წელია ტანჯვა-წამებაშია ქართველი ერი. ჩვენს დღევანდელ ყოფას ბევრი ჭვრეტდა ჯერ კიდევ სახელმწიფო გადატრიალების პერიოდიდან (იხ. „აქტივისტები“ N1, 1998წ.) და იქ გამოთქმული მოსაზრებები ყველაფერი ძალაშია დღესაც, მითუმეტეს, რომ ყველაფერი ახდა! ჯერ კიდევ მაშინ ბევრი ამბობდა და ამხელდა, რომ ბევრი არასამთავრობო, ერთის შეხედვით რადიკალური, ორგანიზაცია პირდაპირ ძალოვანი სტრუქტურების მითითებით, ინსტრუქციებით მოქმედებდა. დღესაც ეს ორგანიზაციები ამოფარებულნი პატრიოტულ ნიღაბს წინა პლანზე (ამჟამინდელ და ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოვებულნი) მოღვაწეობენ „წარმატებით“.

დღეს ვიმეორებთ და ვამბობთ: დაფინანსებული ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების აბსოლიტური უმრავლესობა, მთავრობის, პოლიტიკური პარტიების და ცალკეული ანგაჟირებული პიროვნებების ინსტუქციებით მოქმედებენ და ეს აღარავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს.

ყოველივე ამასთან ერთად, თუ რაზე აფრთხილებდა ქართველ ხალხს და რას ეწინააღმდეგებოდა და თავს წირავდა ბევრი ჭეშმარიტი მამულიშვილი წინა საუკუნის 90-იან წლებში, შემოგთავაზებთ სამშობლოს სიყვარულით გულანთებული პატრიოტის ბ-ნ ზურაბ ვარდოსანიძის სტატიის გრძელ ფრგმენტს ზემოთ აღნიშნული დაიჯესტიდან:

„ილუზიები გაჰქრნენ. ნებსით, თუ უნებლიედ ყველა დაადგა იმ გზას, რაც მათ ყოფაცხოვრებამ უკარნახა. იმ ყოფაცხოვრებამ, რომლის კომუნისტური ეპოქიდან უკვე „თავისუფალ და დემოკრატიულ“ საქართველოში გადმოტანა მოახერხა ედვარდ შევარდნაძემ და მართვის ერთადერთ ფორმად დაამკვიდრა: „იკადრე ყველაფერი, მოერგე ამ ცხოვრებას და შენც წილში იქნები რა დროს საქართველოა“ თვალსა და ხელს შუა გაიფანტნენ ეროვნული იდეალები. გაუფერულდა ყოველი დ დაიწყო შემორიგების პროცესი, სინამდვილეში კი ამ ყოფასთან შეგუების პროცესი, რომელსაც კარგა ხანია ისედაც შეგუებულნი იყვნენ. მაგრამ როცა ეროვნული მოძრაობა სარფიანი საქმე გახდა და უკეთესი პრესპექტივის შანსი გამოჩნდა, ხმა აღიმაღლეს. როცა ვეღარაფერი გააწყვეს, კვლავ ჩვეული ადგილების დაბრუნებაზე და მის შენარჩუნებაზეღა ზრუნავენ. და მაინც! როგორია ეს შერიგება, ის მომავალი, რომელთანაც შეგუებას გვიპირებენ? როგორი იქნება საქართველოსა და ქართველი ერისთვის ის ყოფა ცხოვრება?

ეს იქნება სიცრუის, სიყალბის, მექრთამეობის, ბოგანო პროტექციონიზმის, ცრუ პატრიოტიზმისა და ვულგარული ინტერნაციონალიზმის ასპარეზი. ჩვენ გვეყოლება მსოფლიოში ყველაზე მეტი პოლიტიკოსი, მეცნიერი, ექიმი, ინჟინერი, გენერალი, იურისტი, მომღერალი, რეჟისორი, მოცეკვავე, ვუნდერკინდი მოსწავლე თუ სტუდენტი და ხალხი მაინც სიბნელეში იქნება. მონურ შრომაში ჩაბმული არსებობის ზღვარზე იცხოვრებს, პატიოსანი კაცი სამართალს ვერ იპოვის, დავმარცხდებით ბრძოლაში. საქართველოს ექნება ბიოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ქართველი კაცი კანცეროგენული შხამით იქნება გაჟღენთილი. ჩვენი მარგანეცი, დარიშხანი თუ ბარიტი საერთაშორისო ბაზრებს დაამშვენებენ, ხოლო საქართველოში გაიხსნებიან მხოლოდ უცხოური კორპორაციები, ფირმები. სადაც ქართველ კაცს იმდენს გადაუხდიან თვიდან თვემდე თავი რომ ძლივს გაიტანოს. ჩვენი კურორტები უცხოელებით გადაიჭედება, ხოლო ქართველი მათი ფეხების ბანითა და პირისფარეშობით ნაშოვნი გროშებით აჭმევს თავის ოჯახს უმადურ ლუკმას.

მოკლედ, საქართველოს ექნება ძველებურად დიდი სახელი, ხოლო ქართველ ერს არ ექნება ის მთავარი, რის გარეშეც არ არსებობს არც ერთი ერი დედამიწაზე – მას არ ექნება ღირსება და ჭეშმარიტი თავისუფლება. იგი მოქცეული იქნება იმ ახალი მსოფლიო წესრიგის მარწუხებში, რომელიც არც მეტი არც ნაკლები ჰიტლერისეული ახალი ევროპული წესრიგის გაგრძელებაა და ემყარება უკვე ძალმომრეობას ინტერნაციონალიზმის ნიშნით. ქართველი ერი აღარ იქნება თვითმყოფადი ერი.

მთელი ევროპა და ამერიკა თითქმის ერთ ლათინთა ფუძე ენაზე ლაპარაკობს და წერს, მაგრამ მაინც არსებობს ფრანგი, ესპანელი, იტალიელი, გერმანელი, მექსიკელი, ნიკარაგუეელი ერი. სომხეთი სომხური იყო და სომხური დარჩება მომავალშიც, აზერბაიჯანი – თათრული, ჩეჩნეთი – ჩეჩნური მაგრამ საქართველო აღარ იქნება ქართული. იგი ერთდროულად იქნება რუსულიც, სომხურიც, თათრულიც, დასავლურიც, აღმოსავლურიც და სინამდვილეში არ იქნება არაფერი. აი ამის შეგუებას ეშურებიან ახლა.

მაგრამ ყველა არ აპირებს შეეგუოს ამას. ჩვენ ვიცით რომ არა! ისინი კი არც ისე ცოტანნი არიან: მათ დიახაც იციან, რომ უღირსად წარმოჩინებულთა ჟამი დგას ჯერ კიდევ, ამიტომაც სდუმან და ჩუმად იღწვიან. აი სწორედ მათი იმედი აქვს საქართველოს! ჭეშმარიტი მამულიშვილები, საქმის მცოდნენი, პროფესიონალები, სწავლულნი თუ უსწავლელნი, პატიოსანი ადამიანები. მნიშვნელობა არ აქვს ვიცნობთ თუ არა ჩვენ ერთმანეთს. სწორედ მათ გადაარჩინეს ჯერ კიდევ საქართველო და ისინი იტყვიან საბოლოო სიტყვასაც. და თუკი ზოგიერთი მათგანი უიმედობას შეუპყრია მაინც, ვთავაზობთ ერთ ლექსს ჟოზეფ რადიარ კიპლინგისა, რომელშიც მხოლოდ ორი სიტყვა შევცვალეთ და ამ ლექსით იხელმძღვანელონ მათ:

თუ

თუ ძალგიძს დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე

და არ დაიბნე, როცა თავგზა ებნევა ყველას.

თუ ძალგიძს სიმხნედ, შემართებად და რწმენად იქცე.

როცა შენს ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა;

თუ ძალგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს,

ცრუს გაუტანელს არ მიაგო სიცრუე ავი,

მოძულეს შენსას მძულვარება შეუნდო მალე

და თანაც ქრისტედ არ აჩვენო არავის თავი.

თუ შეგიძლია სულში მარად ოცნება რეკდეს,

მაგრამ ოცნების არასოდეს არ გახდე მონად,

გამარჯვებას და დამარცხებას თანაბრად შეხვდე

და ამ ორ თაღლითს მიეგებო ტოლად და სწორად;

თუ შეგიძლია აიტანო სიმართლე შენი,

ბრბომ სულმდაბალმა ვით აქცია ხითხითის საგნად,

იხილო ერთ დღეს დანგრეული, სიცოცხლის დღენი

რასაც შესწირე და შეუდგე შენებას ახლად;

თუ შეგწევს ძალა მაგიდაზე დაყარო ჩალად,

რაც გაგაჩნია, გიშოვია ოფლით და სისხლით,

წააგო წყნარად, წაგებული ჩათვალო არად,

იშოვნო კვალად და სასწორზე შეაგდო რისკით;

თუ შეგწევს ძალა წარბი შეჰკრა, მოთოკო გული,

მოუხმო ნერვებს, გამაგრდე და ივარგო ასწილ,

ეს მაშინ, როცა სულიერად დაღლილს და დაცლილს

ნებისყოფაღა გეუბნება: „წინ მეთქი გასწი!“

თუ შეგწევს ძალა ბრბოში იყო და დარჩე კაცად,

მეფეებს ახლდე და გახსოვდეს ყოველთვის ხალხი,

შენი ღირსება არ დაკარგო აროდეს არსად,

მტერ მოყვარესთან პირდაპირი იყო და ლაღი;

თუ შეგწევს ძალა, გაიზიარო ყოველი წუთი,

აზრით დატვირთო სამოცივე ფეხმარდი წამი,

მაშინ შენია ჩემო კარგო ეს საქართველო,

მამულიშვილიც მაშინ გქვიან და გერქვას – ამენ!“

სამწუხაროა მაგრამ ფაქტია ახდა ყოველივე და ბევრი შეეგუა ბედის უკუღმართობას, მაგრამ ასევე ფაქტია, რომ ბევრი პატიოსანი ადამიანი იღწვის საქართველოში და არ ეგუება ყოველივე ამას. ასეთი ხალხის არსებობის რწმენაა, რომ ეს შესანიშნავი ლექსი ორ ათეულ წელზე მეტია იქცა ჩვენი ცხოვრების კრედოდ! ასეთი, ღრმად მოაზროვნე, მამულიშვილების არსებობის და მოღვაწეობის შედეგია, რომ ვერ კლავენ ქართულ სულს! ამჟამად კი, მივმართავთ ყველა ასე ჩუმად მოღვაწე, უბრალოდ პატიოსან ხალხს: არ შედრკეთ რადგან უკვე, თუნდაც შორიდან, მაგრამ მოისმის გუგუნი აზვირთებული ქართული სულისა!!!

ამ შესანიშნავ ლექსს კი ამჟამად დავამატებთ შემდეგს:

თუ შეგიძლია გაითავისო ზემოთ თქმული?

მიჰყვე მას და აქციო შენი ცხოვრების კრედოდ?

მაშ არ გეგონოს ასეთი შენ ხარ ერთადერთი,

უიმედობით არ ჩაფერფლო გული რჩეული!

გჯეროდეს! ინებებს ღმერთი, დაგვიდგენს ისეთ ჟამს,

ზარების რეკვით, როდესაც ყველას მოგვიყრის თავს!

ქართული სული აღორძინდება იმავე წამს!

ახდება ნატვრა – საქართველო კვლავ გაბრწყინდება!!!

ამენ!

გია ჩუთლაშვილი

24.07.15

 
%d bloggers like this: