IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გია ჩუთლაშვილი – მიმართვა უზენაესი საბჭოს წევრებს

♥ ს. ე. გ. მ.

Gia Chutlashvili

მიმართვა უზენაესი საბჭოს წევრებს

                აგერ უკვე მეოთხედი საუკუნეა ქართველი ხალხი თავისი რჩეულებისგან ელოდება ქმედით ნაბიჯებს! თქვენ ღმერთმა გარგუნათ წევრობა უზენაესი საბჭოსი:

            -მრავალპარტიული, უაღრესად დემოკრატიული და სამართლიანი გზით არჩეულის;

            -ეროვნული მოძრაობის წიაღიდან აღმოცენებულის;

            -წამებულის, სამშობლოს ერთიანობისა და კეთილდღეობისათვის დევნილის.

            წევრობა უზენაესი საბჭოსი, რომელმაც ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ჩაატარა რეფერენდუმი, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც გამოცხადდა საქართველო ერთიან, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ!!! ამით იმდენად მძლავრი ბალავერი შეიქმნა, რომ ჩვენმა შიგა და გარე მტრებმა თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავათ, ვერ მოახერხეს ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის ამ ქვაკუთხედის შერყევა.

            შერყევა, რომელიც ასე მძლავრად (სამხედრო გადატრიალებით) დაიწყო 1991 წლის 22 დეკემბერს და გრძელდება დღესაც! ქვაკუთხედს ძვრას ვერ უშვრებიან! ამიტომაც ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყეს საფუძვლების მორღვევა:

            -ნაწილ-ნაწილ გვიყიდიან ქვეყანას. შაგრენის ტყავივით ვიწროვდება საქართველო;

            -შუაგულ ქვეყანაში სხვადასხვა ანკლავებს გვიქმნიან და მათ აქ ყოფნას ამაგრებენ მათთვის მიწის საკუთრებაში გადაცემის დაკანონებით;

            -მენტალიტეტს გვიცვლიან. იერსახეს უცვლიან ყველაფერს, თბილისი რას დამსგავსეს;

            -ბუნება გააპარტახეს. მთის მორღვევით ცდილობენ საქართველოს ერთიანობის მოსპობას. ამიტომაც ახლა ხუდონჰესის (და სხვა ჰესების) „შენებით“ მიმდინარეობს საქართველოს ციტადელების: სვანეთის, მაღალმთიანი აჭარის, ხევის თუ ფშავ-ხევსურეთის დაცლის პროცესი;

            -ისტორიას გვისპობენ: საყდრისს გვიფეთქებენ, ბაგრატს და რაბათს გვიცვლიან, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დიდ ნაწილს ვერ ვაკონტროლებთ და ამ დროს გვაიძულებენ სხვადასხვა დამპყრობელს სალოცავები ვუშენოთ მამა-პაპის სისხლით გაჟღენთილ მიწაზე;

            -სოციალური პრობლემებით აღატაკებენ მოსახლეობას;

            -მომავალს გვისპობენ, გენმოდიფიცირებული პროდუქტებით გვიწამლავენ;

            -გარშემო მტერს გვიმრავლებენ;

            -რწმენას გვირყვნიან, გვიცვლიან სხვადასხვა კანონებით.

            ყოველივე ამის შემხედვარეებმა რა ვქნათ რჩეულნო? დიახ რჩეულნო, რადგან განგებამ და მისი ნებით ზვიად გამსახურდიამ ასე გადაწყვიტა: თქვენ გერგოთ უზენაესი საბჭოს წევრობა!!!

            მართალია სამხედრო გადატრიალების გზით დაემხო ხელისუფლება და ქვეყანა შეუდგა გოლგოთას გზას, რომელსაც დასასრული ჯერჯერობით არ უწერია. ბევრი ქართული ოჯახი შეეწირა ამ პროცესს, მაგრამ მტერმა ვერ მოახერხა ქართული სულის მოკვლა, რადგან ღვთის შეწევნით საქართველოში მრავლადაა ადამიანი, რომლებიც ღირსეულად ეწევიან საკუთარ ჭაპანს გოლგოთას გზაზე. მათ სჯერათ ამ გზის დასასრულის და გარდაუვალი აღდგომისა. მათ არასოდეს გაუყიდიათ სამშობლო და არ გაუცვლიათ პრინციპები პირად კეთილდღეობაზე.

            მათი ასეთი მტკიცედ დგომის შედეგია, რომ პრეზიდენტის „ანდერძისამებრ“ მოხერხდა და შენარჩუნდა კანონიერების მძლავრი ბერკეტი – უზენაესი საბჭო!!! ცხადია მისი წევრობა არაა ადვილი და უანგარო თვითშეწირვას მოითხოვს! ჩვენ კი 1993 წლის შემდეგ რა გავაკეთეთ ქართველი ხალხისა და ქართული სულის გადარჩენისთვის? არაფერი გარდა იმისა, რომ ყველა საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტეთ, გავთითოკაცდით. საკუთარ სიმართლეს და ერთადერთობას ვუმტკიცებთ ერთმანეთს, თუ რამდენად ძლიერები და შეუმცდარები ვართ.

            რატომ გავიწყდებათ, თქვენ უზენაესი საბჭოს დეპუტატებს, რომ არა ბ-ნი ზვიად გამსახურდია ბევრი თქვენგანის არსებობას თქვენი საახლობლო წრის გარდა (სამსახური, სამეგობრო, სანათესაო) ვერავინ გაიგებდა. დღეს კი რას ვქადაგებთ, რომ თქვენ ძლიერები ხართ. თურმე უშეცდომონიც კი და რომ არა ზვიად გამსახურდიას შეცდომები ისტორიის ჩარხი წაღმა დატრიალდებოდა: ჩვენ ასე გვინდოდა; მან ესა და ეს არ გააკეთა; მკაცრი არ იყო; ჩვენს შორის, ცხადია მე არა მაგრამ, ბევრი შემოგზავნილი იყო; არ ამხილა, ბოლომდე გვერდით ჰყავდა და უამრავი სხვა ბრალდება.

            კი ბატონო მაგრამ, თუ უთხარ, ის აღარ გახსოვს რა გიპასუხა? თუ ვერ უთხარი, რატომ? თუ ხმა მიაწვდინე, რატომ არ იმოქმედა ისე? ნუთუ მართლა გგონია, რომ შენ 2 საათში (თუნდაც 2 დღეში) მის კაბინეტში დაცულ არქივებში უფრო მეტი ამოიკითხე, დეპუტატების, მინისტრების, თუ სხვა უმაღლესი სახელმწიფო მოხელეების შესახებ, ვიდრე თავად იცოდა?

            დიახ, ძალიან კარგად იცოდა ყველაერი და როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანმა და უდიდესმა პატრიოტმა ისიც კარგად იცოდა, რომ განწმენდის (მონანიების) შემდგომ ყველას ჰქონდა უფლება სამშობლოს საკეთილდღეოდ გამოეყენებინა თავისი შესაძლებლობები. როგორც ეტყობა  ერთადერთი მხოლოდ ბ-ნი ზვიადი ხედავდა და გრძნობდა უზენაესი საბჭოს კანონმემკვიდრეობის ჭეშმარიტ არსს!!! მისთვის მთავარი ეს იყო! იქნებ თქვენც, ბოლოსდაბოლოს, გაითავისოდ უზენაესი საბჭოს არსებობის აუცილებლობა და სხვადასხვა პარტიებში შესვლით კი არ  გაიკაფოთ პოლიტიკურ პოდიუმისკენ გზა, არამედ გაიხსენოთ თქვენი ჭეშმარიტი მისია:

            დაძლიოთ ერთმანეთისადმი  უნდობლობა, ბოღმა, შუღლი და „საკუთარი ჭეშმარიტების“ საერთო საქმისათვის შეხიდებით დადგეთ ერთად, ხალხს იმედი აუგიზგიზოთ. გამოეხმაუროთ და დააფიქსიროთ თქვენი დამოკიდებულება ერისთვის საჭირბოროტო (ყოფნა არ ყოფნის) საკითხებზე. გააბათილოთ დე ფაქტო მთავრობის მიერ მიღებული ესა  თუ ის, ეროვნული სულისთვის მიუღებელი, კანონები, რათა დამთავრდეს ქართველი ხალხის აცრა ანტიეროვნული, სხვადასხვა ჩარჩო კონვენციების მიერთებით ახსნილი,  გლობალური კანონებით!!!

            ასეთი მიდგომები უამრავ მამულიშვილს გადაარჩენს კანონის ძალით ღირსების შემლახავი, დამამცირებელი მოპყრობისაგან. ხოლო მათზე სახელმწიფოს მხრიდან კანონით ძალადობის შემთხვევაში ასეთი მამულიშვილები კანონდამრღვევებათ კი აღარ აღითქმებიან არამედ როგორც სინდისისა და პოლიტიკური ნიშნის მიხედვით დევნილებად!!!

            ამასთან,დღეს თუ ეკონომიური, მორალური და ფიზიკური ზეწოლის შედეგად გვაიძულებენ სამშობლო დავტოვოთ, ან სულაც ფიზიკურად მოგვსპონ, უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონებით იმის იმედი მაინც გვექნება, რომ ოდესმე, ისევე როგორც ებრაელებში, ჩვენს შთამომავლებშიც აუცილებლად გაიღვიძებს დევიზი „ყველა ქართველი საქართველოში“ და სწორედ ამ კანონების ძალით დაიბრუნებენ საკუთარ ქვეყანას!

            რატომ არაა დღეს უზენაესი საბჭო ამ კუთხით ქმედითუნარიანი? თქვენ დღეს ხომ ისე აღარ გიჭირთ, როგორც ეროვნული მოძრაობის წიაღიდან წამოსულ რიგით ჯარისკაცებს და ამიტომ ვეღარ ახერხებთ შეკრებებს. თქვენ, ხომ ავად თუ კარგად, თუნდაც მცირედს,  მაგრამ უზენაესი საბჭოს წევრისთვის განკუთვნილ გასამრჯელოს ღებულობთ? ან ხომ არ გგონიათ, რომ ეს მართლა შევარდნაძის და სააკაშვილის მორთმეული საჩუქარია თქვენი სიჩუმის ფასად? არავითარ შემთხვევაში, ეს ჩვენ, ქართველი ხალხი, ჩვენი შრომით გიხდით ამ ყველაფერს, იმისთვის რომ უზენაესი საბჭოს წევრები ბრძანდებით! შესაბამისად თქვენგანაც ველით შესაბამის ნაბიჯებს!

            შეიძლება, მართლაც და ვერ ხედავთ უზენაესი საბჭოს ამოქმედებაში პოზიტივს და სხვადასხვა პარტიის, თუ პოლიტიკური გაერთიანების შექმნით (ან წევრად შესვლით) გსურთ ხელისუფლებაში მოსვლა, რათა სამშობლოს სასიკეთოდ იღვაწოთ, კი ბატონო ეს პრობლემას არ ქმნის, ოღონდ დაწერეთ განცხადება (ქართველი ხალხის სახელზე) უზენაესი საბჭოს წევრობის შეჩერების შესახებ და მერე ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. სხვანაირად დაემსგავსებით იმ თქვენს ყოფილ კოლეგებს, რომლებიც ორ ნავში ჯდომის იმედით, დღევანდელ და წინამორბედ დე ფაქტო ხელისუფლებებში დაიმკვიდრეს ადგილი და მთელს თავის შესაძლებლობებს საკუთარი ოჯახის კეთილდღეობას ახმარენ. რა სახელიც აქვთ მათ ხალხში ყველასთვის ნათელია.

            გვჯერა, თქვენს შორის ბევრს აქვს კარგად გათვითცნობიერებული უზენაესი საბჭოს წევრის მისია და მზადაა ქართველ ხალხს ამ გზით წაუძღვეს წინ ჩვენი საოცნებო, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვენის მშენებლობისკენ!

            ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ამ ბრძოლაში!

გია ჩუთლაშვილი  

2015

 
%d bloggers like this: