IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• „პუტჩისტური ანდერძის“ მიმდევრებს

• ს. ე. გ. მ.

 მ     ი    მ     ა     რ     თ     ვ     ა

 „პუტჩისტური ანდერძის“ მიმდევრებს

მაშ ასე, იწყება მორიგი ფარსი, 2016 წლის დე ფაქტო ხელისუფლების „არჩევნების“ წინა პერიოდი. ისევ და ისევ ხელისუფლების სათავეში მოსვლას ცდილობენს ძალები, რომლებიც სახელმწიფოს ნგრევასა და კრიმინალურ გადატრიალებასთან ასოცირდებიან. ასევე დე ფაქტო პარლამენტში მოსვლას ცდილობენ მათი „მოწინააღმდეგე“ ძალები, რომლებიც ამ გზით „აპირებენ გარკვეული სასიკეთო“ ცვლილებების მოხდენას?!

მომავალი არჩევნები პატრიოტიზმში შეჯიბრების მარათონს ემსგავსება და თვით ე. წ. ლიბერტანიანელებიც კი გარკვეული პატრიოტული ლოზუნგების წინ წამოწევასაც კი ცდილობენ.

ყველა ცდილობს თავიაანთი განუმეორებლობის ხაზგასასმელად წინა პლანზე ეროვნული და რელიგიური გრძნობების დაყენებას. ერთნი თუ თავიაანთი „შეხედულებების“ გასამყარებლად „იბრძვიან“ პატრიარქის ღირსების დასაცავად, წმინდა მამა გაბრიელის სიტყვებსაც კი იშველიებენ: „ვინც პატრიარქს განიკითხავს თავზე ცეცხლის მუგუზალს დაიყრისო!“- და ამავე დროს (ისევე როგორც 1991-92 წლებში) არაფრისდიდებით სიახლოვეს არ იკარებენ მის ხვეწნა-მუდარას, მის მოწოდებებს და შეგონებებს, რომ შეჩერდით: „ზვიად გამსახურდიას მტერი სამშობლოს მტერიაო!“ მეორენი მეორე გამონათქვამს აპიარებენ უფრო მეტად და ამით უნდათ ხალხის მასების მიზიდვა.

    ჩვენ რა ვქნათ?!! ჩვენ, ვისთვისაც ერთიდაიგივეა ჩვენი წმინდა მამის ნებისმიერი შეგონება. ჩვენ, რომლებიც აგერ უკვე 24 წელია ტანჯვა-წამების გზაზე, ჯვარცმის გზაზე ვდგავართ და „დროებითი დამარცხების“ მიუხედავად არ ვნებდებით და მაქსიმალურად ვცდილობთ ვიაროთ ზვიად გამსახურდიას გზით: „ესაა ბრძოლა ჩვენი წინაპრების რელიგიური და ეროვნული იდეალების აღორძინებისათვის“. არასდროს გვავიწყდება, რომ: „ჩვენი მოძრაობა უწინარეს ყოვლისა რელიგიური მოძრაობაა, რამეთუ რელიგიის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ეროვნული აღორძინება, ამიტომაც არის დღეს ერთად ჩვენი ერი, ჩვენი ეკლესია. ჩვენ ვებრძვით უღმერთობის და უსამართლობის უკუნით ღამეს. ჩვენს მართალ საქმეს მფარველობს განგება და ამიტომაც დავამარცხეთ მტერი. ქართველი ერი არ წავა ბარაბას გზით, უღმერთობის, ავაზაკობის, ტერორიზმის გზით. ქართველი ერის გზა სათნოების გზაა, სიქველის გზაა, სიყვარულის გზაა და ქრისტეს გზაა!“ /ზვიად გამსახურდია, 14.11.90/

    ამ გზით სიარულია ზუსტად, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვიმყოფებით ჩვენი დედა ეკლესიის წიაღში და მისი საჭეთმპყრობელი პატრიარქის მრევლს წარმოვადგენთ.

    დღეს ყველა ცდილობს თავი ყველაზე დიდ პატრიოტად წარმოაჩინოს. აი ნახეთ, თურმე რამდენად ეროვნულია იგი, თურმე როგორი სიკეთე სურს საკუთარი ქვეყნისა და ერისათვის და ეს ჩვენ ვერ გაგვიგია მისთვის. გვერდში სათანადოდ არ ვუდგავართ, რაც ასე ძლიერ სჭირდება თურმე (არჩევნებში წარმატებისთვის???)

    ყველა ჩვენგან ელოდება დათმობას: თურმე ეს ჩვენ უნდა დავივიწყოთ ტანჯვა-წამების 24 წელი; რომ აღარასოდეს გავიხსენოთ იგი; რაც იყო იყო; რაღა დროს 91-93 წლებია; წინ გავიხედოთ მომავალზე ვიფიქროთ და ამით სამშობლოს წინსვლისთვის ნიადაგი შევქმნათ; ვიაროთ კონსტიტუციის უზენაესობის, კანონის და სამართლიანობის გზით. ამდაგვარი ლოზუნგები არ აკლიათ.

    კი ბატონო! მერედა ვინაა ასეთი გზის მოწინააღმდეგე? ჩვენ ხომ ეს 24 წელი ამ სამართლიანობისა და კანონიერების გზით სიარულისთვის ვიტანჯებით, როდესაც ვიმკით ამ გზიდან გადახვევის შედეგებს!

    საქმე ისაა, რომ ნებისმიერი თქვენგანი, რომელიც კანონებისა და სამართლის ენით საუბრობს, სინამდვილეში მხოლოდ თავის მეშჩანური ინტერესების გატარებისთვის ეფარება ამ მოწოდებებს! სინამდვილეში, ის ვინც არ გმობს რა წარსულში თავის არასამართლებრივ, არაკანონიერ მოქმედებებს, არ ინანიებს რა ჩადენილ დანაშაულს (ან უბრალოდ ფარავს ამ დანაშაულში მის თანამზრახველობას), სინამდვილეში ძირს უთხრის მომავალს და ამით იგი არა მარტო ჩვენს, არამედ საკუთარ, შვილებსა და შვილიშვილებსაც ისევ ტანჯვა-წამებისთვის იმეტებს!?

    თუ არ გმობ ძალადობის გზით ხელისუფლების ცვლას, არ გსურს ამის გამო ბოდიში მოიხადო, აღადგინო კანონიერება და ერთხელ და სამუდამოდ ასეთი გზა ქვეყნისა და ერის მტრობად გამოაცხადო, მაშინ რა გარანტია გაქვს რომ მომავალში ოდესმე არ გამოჩნდება ნაძირალათა ბრბო, რომელთაც არანაკლები ნაძირლები წაახალისებენ და ახლა უკვე იმ დროისთვის არსებულ მთავრობებს არ ჩამოყრიან ხელისუფლებიდან და არ გაძარცვავენ და მიისაკუთრებენ თქვენს მიერ ამავე გზით ნაშოვნ ქონებას. ნურვის გონია, რომ ასეთი რამ მის შთამომავლობას არ შეეხება. შეეხება და ცუდად, სამწუხაროდ. ვაი უბედურო საქართველო! ვაი, რადგან ჩვენ ეს უბედურება საკუთარ ზურგზე ვიწვნიეთ უამრავი დაღუპული ახლობლებით, დანგრეული და გაპარტახებული ოჯახებით. ჩვენ ეს არ გვინდა! არვის ვუსურვებთ ასეთი ტანჯვა-წამების გზით სიარულს. ამიტომ ვითხოვთ სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენას.

    თქვენ კი, ვინც ამ დღემდე მიგვიყვანეთ, ისევ ჩვენ გვთხოვთ დავივიწყოთ ყველაფერი??? კი ბატონო მაგრამ სადაა გარანტია, რომ აღარასოდეს მოხდება ასეთი უბედურება??? ცუდი მაგალითის არსებობა ცუდია!? უბრალოდ, არსებული პრეცედენტი ახალისებს და უბიძგებს სხვასაც ასეთი დანაშაულისკენ!? მითუმეტეს, თუ ასეთი გადატრიალება სიკეთესა და კეთილდღეობას მოუტანს მას, როგორც თქვენს შემთხვევაში?! შენ მე ახლა მთხოვ  დავივიწყო და შევეგუო ყველაფერს ამჟამად არსებულს??? ზუსტად იგივეს მოითხოვენ მერე ახალ ახალი გადატრიალების მომწყობნი! ისენიც იტყვიან კი ბატონო რაც იყო იყო „აწი აღარო“. და რამდენი ტრაგედია იქნება „აწი აღარ“ პერიოდებს შორის??? ეს პერიოდები კი აუცილებლად იქნება – საბაბს რა დალევს ამ ქვეყანაზე.

    ჩვენ არ გვინდა ამ გზით სიარული! ასეთი გზით სიარულს ვეწინააღმდეგებოდით ეს 24 წელი და ამავე გზით სიარულს ვეწინააღმდეგებით ახლაც! თქვენ კი ამ გზით დადიხართ ეს 24 წელი და სინამდვილეში იგივე გზით გინდათ იაროთ დღესაც და მომავალშიც?!

    და თუ ამ გზით სიარული ასე გხიბლავთ, მაშინ ნებისმიერმა თქვენგანმა მომავალ თაობას უნდა დაუტოვოთ შემდეგი შინაარსის ანდერძი: „არაუშავს რაც ახლა თქვენს თავს ტრიალებს, რაზეც მაფრთხილებდნენ წინასწარ. მაგრამ შეგნებულად წავედი ამ ნაბიჯზე რათა  იმწუთიერი სურვილები დამეკმაყოფილებინა!!! თქვენ კი შეეგუეთ ყოველივეს!“

    ზემოაღნიშნული პუტჩისტური ანდერძი ეხება ყველას, ვინც მხოლოდ დღევანდელი კანონების დაცვას მოითხოვს ჩვენგან, და იმ ე. წ. კონსტიტუციონალისტებს, რომლებმაც სინამდვილეში ფეხქვეშ გათელეს კონსტიტუციალიზმის არსი.

    გამოსავალი? როგორ დავაღწიოთ თავი ამ ლაბირინთიდან? გზა სამწუხაროდ ალბათ ერთადერთია, რადგან ვერცერთი სხვა გზა მომავალში ასეთივე პროცესების გამეორების საფრთხეს ვერ აღმოფხვრის. და ეს გზაა:

  1. ერთხელ და სამუდამოდ დაიგმოს 1991-1993 წლების და შემდგომი მოვლენები;
  2. შეფასდეს იგი, როგორც კრიმინალური გადატრიალება და უცხო ქვეყნის ინტერვენცია (ბალტინის ფლოტის შემოსვლა);
  3. ამ გადატრიალებაში მონაწილეობა გამოცხადდეს სამშობლოს ღალატად, ხოლო ამ გადატრიალების სულისჩამდგმელნი გამოცხადდნენ სამშობლოს მოღალატეებად და მათ მიმართ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე შესაბამისი მუხლით;
  4. ახლად არჩეულ პარლამენტთან ერთად აღდგენილად გამოცხადდეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, რომლის კანონიერებაც კანონიერი გზით ჯერჯერობით არავის გაუუქმებია. გამოცხადდეს გარდამავალი პერიოდი და საქართველოში იფუნქციონეროს, როგორც დე ფაქტო პარლამენტმა ასევე უზენაესმა საბჭომ როგორც ორპალატიანმა პარლამენტმა, რათა ამ პერიოდში მომზადდეს ყოველგვარი სამართლებრივი და კონსტიტუციური ნორმები ხელისუფლების კანონის ჩარჩოებში დაბრუნებისა და ახალი კანონიერი არჩევნების დანიშვნისა;
  5. შეიქმნას ერთობლივი, საკონსტიტუციო კომისია, რომელიც შექმნის რა ყველასათვის მისაღებ, ცივილიზირებულ ახალ კონსტიტუციას, რეფერენდუმზე გამოიტანს მას დასამტკიცებლად!

    ყოველივე ეს ნაბიჯი, თვითეულ ჩვენთაგანს საშუალებას მისცემს მოვინანიოთ ჩვენი (ამა თუ იმ ფორმით) მონაწილეობა ამ 24 წლიან ტრაგედიაში და მივუტევოთ ერთმანეთს, რაც ყველას მისცემს საშუალებას სახელმწიფოს მშენებლობაში სრულფასოვანი ჩართვისთვის. მხოლოდ ასეთი მონანიება და მიტევება იქნება მომავალში „აწი აღარ“ ეპოქის არგამეორების გარანტია!!!

   მონანიების უფლება აქვს ყველას!!!

    ცხადია ყველა სავლე ვერ იქცევა პავლედ, მაგრამ ყველა სავლეს უნდა მიეცეს პავლეს გზისაკენ სიარულის საშუალება!

    რაც შეეხება შენდობას, მითუმეტეს რომელიმე სავლეს პავლედ მოვლინებას, ეს მხოლოდ ქართველი ხალხის პრეროგატივაა!!!

    ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს ვინც ჭე3შმარიტად ეროვნული ფასეულობების დასაცავად და სამშობლოს მომავლის კეთილდღეობისთვის იბრძვის!!!

  გია ჩუთლაშვილი

4 თებერვალი, 2016

 
%d bloggers like this: