IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ეროვნული მოძრაობის ხელახალი აღორძინების გზები

            • ს. ე. გ. მ.

ეროვნული მოძრაობის ხელახალი აღორძინების გზები

 საქართველოს გაბრწყინება – ეს ქართველთა ერთიანობაა!!!

 

          ვინც არ იბრძვის ამ ერთიანობისთვის ის მტრის წისქვილზე ასხავს წყალს! ნებისმიერი ქართველის ვალია ყველაფერი გააკეთოს ქართველთა ერთიანობისთვის და მითუმეტეს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ეროვნული მოძრაობის წიაღიდან წამოსულ სამშობლოს კეთილდღეობისთვის მებრძოლ მამულიშვილებს!

          გვახსოვდეს ეროვნული მოძრაობა – „უწინარეს ყოვლისა რელიგიური მოძრაობაა, რამეთუ რელიგიის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ეროვნული აღორძინება!

          დაე იცოდეს ყველამ! ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით ჩვენი წინაპრების რელიგიური და ეროვნული იდეალების აღორძინებისათვის, რამეთუ საქართველოს დიდი მისია დააკისრა ღმერთმა.“ /ზვიად გამსახურდია, 1991წ, 14 ნოემბერი/

          მტერმა შეძლო და იმისათვის, რომ არ გვევლო ამ გზით, ეროვნული მოძრაობა და ზოგადად ქართველები გაგვათითოკაცა, ერთმანეთს დაგვაშორა. ჩვენს შორის იმძლავრა: ურთიერთქიშპმა, ერთმანეთის აზრის მიუღებლობამ, გაუტანლობამ, ეგოისტურმა სიამაყემ, დიდკაცობისადმი ლტოლვამ. შედეგი – 25 წლიანი ნგრევა?! ამ ნგრევის შეჩერება კი მხოლოდ თანადგომას შეუძლია, თანადგომას მთელი ერისა!

          როგორ მოხერხდება ეს თანადგომა, თუ თვით საკუთარ ოჯახში (თანამებრძოლებში) მხოლოდ მტერს ვხედავთ ერთმანეთში, როდესაც გგვონია რომ მხოლოდ ჩვენ ვართ შეუმცდარნი? ამისთვის საჭიროა ავმაღლდეთ საკუთარ თავზე მაღლა და ღმერთს შევთხოვოთ:

          „ღმერთო მომეცი თვალი, რომელიც ადამიანში საუკეთესოს ხედავს,

        მომეცი გული, რომელიც ყველაზე უარესს პატიობს,

        მომეცი გონება, რომელიც ცუდს ივიწყებს და

        მომეცი სული, რომელიც არასდროს კარგავს რწმენას!“

         რწმენას იმისას, რომ საქართველო აღორძინდება! რისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართველთა ერთიანობა.

                    „თუ საქართველოს ნამდვილად

                    თავისუფლება სწყურია,

                    გაერთიანდეს შეიკრას

                    მეფე, ერი და ბერია.“

          დიახ უნდა გაერთიანდეს ყველა. გვახსოვდეს: „დიდ კაცობას კარგი კაცობა სჯობს, კარგ კაცობას – კარგი მამულიშვილობა.“ /გიორგი სააკაძე/. ყველა ვალდებულია იყოს, უბრალოდ კარგი მამულიშვილი. ამისთვის კი საჭიროა ყველამ დავივიწყოთ საკუთარი ამბიციები და პრეტენზიები. გავისისხლხორცოთ, რომ „დრო ყველა ჭრილობას კურნავს“ და რომ „ყველა ბრძოლის და ტანჯვის შედეგი: ბოლოს და ბოლოს ყველაფერი დავიწყებას მიეცემა“. რაც მალე გავითავისებთ ამ ყოველივეს და დავადგებით მონანიების და მიტევების გზას, მით მალე მოხერხდება ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის აღორძინება. მითუმეტეს „ქვევეყნად არსის ხვედრი ფერფლია და დავიწყება“.

          ავაღორძინოთ ეროვნული მოძრაობა – ეს ხომ ჰგავს მეორედ შობას, რომელიც ჰგავს მწარე  ვაზის ძირზე, რომ კარგს დაამყნობნამყენია უკვე. დამყნობის პროცესი ეს მონანიება და მიტევებაა, შედეგი – ნამყენი (საუკეთესო) , ეს ეროვნული სულის აღორძინებაა! მიტევება ჩვენი რწმენაა,  მონანიებაჩვენი მოვალეობა!

          „შეცდომა ყველას მოუვა, მაგრამ ვინც შეცდომას იცავს ის სულელია“ /ციცერონი/

          „გახსოვდეს, აზრის შეცვლა და ისეთი მოქმედება, რაც შენს შეცდომას გამოასწორებს უფრო შეჰფერის თავისუფლებას, ვიდრე შეცდომის ჯიუტად დაცვა“ /მარკუს ავრელიუსი/

          და მაინც რა მოხდა ეროვნულ მოძრაობაში, რატომ მივედით ამ განხეთქილებამდე, როგორ დავაღწიოთ თავი ამ უბედურებას? ეს ყოველივე შესანიშნავად ჩამოაყალიბა ბ-ნმა ზვიად გამსახურდიამ და დაგვისახა გადარჩენის ერთადერთი გზა:

          „… მიუხედავად იმისა რაც მოხდა ეროვნულ მოძრაობაში, ჩვენი ლტოლვაა ისევ გამთლიანება, ისევ აღდგენა ერთიანობისა ყველა  პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენი უმთავრესი მიზანია ეროვნული შემწყნარებლობა, შერიგება, სიყვარული, ურთიერთგაგება.

        იმპერიამ, იმპერიულმა ძალებმა დაქსაქსეს ეროვნული მოძრაობა, სადაც იმპერია გვთიშავს – იქ ჩვენ უნდა შევაერთოთ, სადაც იმპერია იწვევს შუღლს – იქ ჩვენ სიყვარული უნდა ვთესოთ, სადაც იმპერია სიძულვილს თესავს – ჩვენ ურთიერთგაგება უნდა აღვადგინოთ!

        აი ეს არის ჩვენი მიზანი! იმ ადამიანს, რომელიც გუშინ იმპერიას ემსახურებოდა, გავუხსნით გულს, მივესალმებით. მოვიდეს დადგეს ჩვენთან ერთად – ვიყოთ ძმები. არ გვინდა მეტი არაფერი მეგობრებო.

        ჩვენი უდიდესი კრედოც ხომ ისაა, რაც გადმოცემულია „ვეფხისტყაოსანში“. ესაა უდიდესი შემწყნარებლობა და სიყვარული ქრისტიანული, რომელიც გამოხატულია შემდეგ სტრიქონებში:

        „ბრძენთა ვინმე მოსწავლემან, საკითხავსა ესე ვპოვნე,
        ესააო მამაცისა მეტისმეტის საგულოვნე,
        ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე,
        გინდეს სრული მამაცობა, ესე სიტყვა დაიხსოვნე.“

        აი ეს არის მეგობრებო ჩვენი ცხოვრების წესი, ამ გზით მიდიოდა ჩვენი უდიდესი წმინდანი, ჩვენი უსაყვარლესი ადამიანი მერაბ კოსტავა. ამ გზით მიდიოდა ცხოვრებაში და ამიტომ აღზევდა იგი მთელს საქართველოზე და დაჰნათის ზეციური საქართველოდან ჩვენს მოძრაობას. …

        არ დავმალავ და ვიტყვი, ბევრი თვით აი ამ ხელისუფლებაში (ყოფილი თუ ამჟამინდელი გ. ჩ.), რომელიც მართლა კრემლს (მტერს გ. ჩ.) ემსახურება, თვით აქაც ბევრია ჩვენი მხარდამჭერი, ნუ დავხუჭავთ ამაზე თვალს, ნუ უკუვაგდებთ მათ. პირიქით – მოვიახლოვოთ, ჩავაყენოთ ეროვნული მოძრაობის და ეროვნული ძალების სამსახურში, ეს არის მთავარი მიზანი ახლა ამაზე უნდა ვიმუშაოთ, რათა იმპერიამ ვერ მიაღწიოს ისევ განხეთქილებას, ვერ შეინარჩუნოს ის განხეთქილება, რომელიც დათესა.

      …მაგრამ ვაი, რომ ამ იმპერიისგან მოწამლულნი ვართ ყველანი და ვერ განვთავისუფლდით ამ ჩვევისგან. საკმარისია ურთიერთის მიმართ გამოვთქვათ რაიმე განსხვავებული, რომ მტრებად ვიქცევით. არ არის ეს ლამაზი, მეგობრებო. გამოთქვას სხვამ ჩვენს შესახებ ცუდი აზრი, გამოთქვას ცუდი შეხედულება – მოდი ნუ გავხდებით სასტიკ მტრად, ნუ დავუპირისპირდებით. საქმით დავარწმუნოთ რომ ის ცდება! მოდით ასე ვიდოდეთ ჩვენს ცხოვრებაში. მოდით ნამდვილი „ჰაიდ-პარკი“ შევქმნათ, სადაც თვით უკიდურესად მწვავე შეხედულებებიც კი არ იქნება ჩვენთვის საწყენი – თუნდაც უარყოფითი შეხედულება. აი ასე გაიმარჯვებს დემოკრატიის იდეები საქართველოში.

        მე იმას კი არ ვამბობ, მეგობრებო, რომ ღალატი ვაპატიოთ ვინმეს, მაგრამ მოდით დავამკვიდროთ მეტი შემწყნარებლობა გამოთქმული აზრისადმი, მეტი ურთიერთგაგება. უნდა გვახსოვდეს ადამიანი ზოგჯერ ცდება უნებლიედ, ზოგჯერ ცდება ემოციებით და იმ წუთისთვის იმ წამისთვის, როდესაც მან უარყოფითი პოზიცია გამოავლინა ჩვენს მიმართ, მას ნუ შევიძულებთ, ეს ჩვენი დევიზი უნდა იყოს! და მხოლოდ ამ გზით მივაღწევთ საქართველოს ერთ მთლიან მუშტად შეკვრას და იმპერიული ძალებისადმი დაპირისპირებას. სხვაგვარად არაფერი გამოგვივა.

        … ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ყოველგვარ პიროვნულზე, პიროვნულ წყენაზე მაღლა მეგობრებო. პიროვნულ წყენას და შეურაწყოფას ვინც ვერ აპატიებს მოყვასს, იმას პოლიტიკაში და ეროვნულ მოძრაობაში ადგილი არ აქვს. ეს გახსოვდეთ ყველას!

        ამას იმიტომ ვქადაგებ, რომ ჩვენს შორის აღვივებენ შუღლს. იმპერია (მტერი გ. ჩ.) ცდილობს ურთიერთშუღლისა და მტრობის მორევში ჩაგვახრჩოს. ეს მან ვერ უნდა შეძლოს. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი (ერთადერთი გ. ჩ.) უმთავრესი ამოცანა და მიზანი.“ /ზვიად გამსახურდია, 28 ოქტომბერი 1990წ./

          აი ამ იდეებისადმი ერთგულება (შერიგების აუცილებლობა) იქნება ტესტი ყველა ქართველისთვის და რაღა თქმა უნდა ყველა „ზვიადისტისთვის“, რომლებიც მის სახელს მხოლოდ საკუთარი პატრიოტობის „თვითდამკვიდრების ჭიის“ გასახარებლად თუ ეფარება,  რადგან ვერ ახერხებს რა ლიდერის პოზიციის მორგებას (შენარჩუნებას), ბოროტდება და ცდილობს სულ უფრო მეტი და მეტი ტალახი მოსცხოს სხვას რათა სხვისი დამდაბლებით საკუთარი თავი ამაღლებულად წარმოაჩინოს?! თვითეული „ზვიადისტი“ ნებისმიერ პოლემიკაში საბოლოო ჯამში კამათში გადადის. ყველა ცდილობს „წარსულის გვირგვინი“ თავის თავზე მოირგოს: მე ეს გავაკეთე შენ სად იყავი, რატომ მაშინ მე არ დამიდექი გვერდში, მე ხომ ამით თავს ვწირავდი რათა ქვეყანა გადამერჩინა. და ეს ყოველივე მაშინ, როდესაც ნებისმიერ ამ მიმდინარეობაში უამრავი ოჯახია განადგურებული და სამშობლოს კეთილდღეობისთვის ბრძოლაში თავშეწირული! პატივი ვცეთ მათ ხსოვნას! პატივი ვცეთ მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ხსოვნას! მივყვეთ მათ არჩეულ გზას -გავერთიანდეთ!!!

         თვითვეული ჩვენთაგანი საკუთარ არჩეულ გზას მიიჩნევს შეუმცდარ, იდეისა და სამშობლოს კეთილდღეობის მომტან გზად (თანაც ერთადერთ) და დანარჩენ ყველას იდეის და სამშობლოს მოღალატედ აღიქვავს. არავის არ უნდა აღიაროს, რომ შეიძლება ჩემი არჩეული გზაც იყოს მცდარი.

         მივმართავთ ყველას: მეგობრებო, ძმებო, დებო, საკუთარ თავში დარწმუნებულო სამშობლოს მოსიყვარულე თანამებრძოლებო: აგერ ყველას წინ გვაქვს პროგრამა ჩვენი მოქმედებისა, რომელიც თვით ბ-ნმა ზვიად გამსახურდიამ შეგვიდგინა – გზა საქართველოს გადარჩენისა. იგი შემწყნარებლობისა და მიტევებისკენ მოგვიწოდებდა მაშინაც კი, როდესაც ტრიუმფალურ გამარჯვებას მიაღწია, და რომ თითქოს და არ უნდა ეფიქრა ასეთ რამეზე. ზუსტად ამიტომ იყო ბ-ნი ზვიადი უდიდესი მამულიშვილი, რომ თვით ასეთ წუთებშიც კი – დიდების შარავანდედში მყოფი, გამარჯვების ზეიმის ნაცვლად სამშობლოს მომავალზე ფიქრობდა და ერთიანობისკენ გვიბიძგებდა. ზუსტად მაშინ 1990 წლის 28 ოქტომბერს, შუაღამისას, არჩევნებში ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ მოგვმართა ქართველებს და დაგვისახა მოქმედების აუცილებელი და ერთადერთი სწორი ზემოაღნიშნული გეგმა.

       თვითვეულმა ჩვენთაგანმა თავად უნდა გადაწყვიტოს ეთანხმება თუ არა იგი ამ გეგმას, მოთოკოს თავისი ამბიციები, ამაღლდეს საკუთარ თავზე მაღლა, რათა დავივიწყოთ ახლო წარსული და გავიხსენოთ ის რაც  გვაერთიანებდა, ის თუ რატომ ვიდექით და ვიბრძოდით ერთად, რატომ ვწირავდით ერთმანეთის გულისთვის საკუთარ თავს. დავუბრუნდეთ ჩვენი ერთად დგომის, ერთად ბრძოლის საწყისს.

„უნდა მოვუსმინოთ ბავშვის ხმას, რომელიც, შენ ოდესღაც იყავი და რომელიც სადღაც შენს შიგნით არსებობს ისევ. თუ ამას გავაკეთებთ ჩვენს თვალებში ისევ გაჩნდება სხივი. თუ გვექნება ამ ბავშვთან კავშირი, მაშინ კავშირს არც ცხოვრებასთან გავწყვეტთ.“ /გაბრიელ მარკესი/

          ჩვენც ვეცადოთ გავიხსენოთ ვინ ვიყავით, რამხელა სიყვარული იყო ჩვენს შორის, როდესაც ეროვნული მოძრაობის დასაწყისში ერთად, გვერდიგვერდ ვიბრძოდით.

         გვახსოვდეს ეროვნული მოძრაობა ის კამკამა წყაროა, რომლის სათავესთან უნდა იმყოფებოდე მუდმივად, წინააღმდეგ შემთხვევაში ან გაქრები, ან სხვა დინებას შეუერთდები, რომელიც საბოლოო ჯამში ზღვაში შთაინთქმება.

                   „სწრაფი წყაროც ვერ მიაღწევს ზღვას

                   გზაზე უნდა შეუერთდეს სხვას.“

          ამიტომ საჭიროა ჩვენი ურთიერთკავშირები მოვიძიოთ ეროვნული მოძრაობის საწყის ეტაპზე, თუ რა გვაერთიანებდა მაშინ და იმ საწყისებზე გავერთიანდეთ კვლავ, ცხადია უნდა გავითვალისწინოთ ის მიზეზები, თუ რამ და რატომ დაგვაშორა ერთმანეთს, კი ბატონო ვამხილოთ, მაგრამ ყველას მივცეთ საშუალება მოინანიოს და შევძლოდ მივუტევოთ ერთმანეთს შეცოდებანი, რათა მხარდამხარ, ისევ და ისევ ერთად დავიწყოთ სამშობლოს საკეთილდღეოთ წინ სიარული.

                   „შეგვაძლებინე, მაღალო ღმერთო,

                მოყვასთა ჩვენთა მუხლი ვუყაროთ,

                მოძმე მკერდიდან არ მოვიკვეთო,

                ტრფიალი მისი არ განვიქარვო.“ /მერაბ კოსტავა/

 გია ჩუთლაშვილი

2015

          მინაწერი:

თვითვეული ჩვენთაგანის ვალია შეუძლებელი შეძლოს და ყველაფერი გააკეთოს ბ-ნ ზვიად გამსახურდიას ზემოაღნიშნულ სიტყვაში წარმოჩენილი იდეების ხორცშესხმისთვის, თავიც კი გაწიროს, რადგან დრო აღარაა: 25 წელია გადაგვარებისკენ მივექანებით. ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს და ყოველ წამს მცირდება ჩვენი რიგები, შევსება კი არ ჩანს სათანადოდ, რადგან შეუძლებელია მარტივად დააჯერო ახალგაზრდა თაობა იმაში, რომ შენი უანგარო თავდადება და პატრიოტიზმი უფრო მეტად ფასობს ვიდრე მისი, ვინც გებრძოდა, დაგამარცხა და ახლა შენზე მეტად პატრიოტული სულის მოსაზრებებს აჟღერებს, ამ ნიღაბს ეფარება და მიიწევს მაღლა კარიერისტული მიზნებისკენ. მითუმეტეს, თუ მას ზურგს უმაგრებს ამ დაპირისპირების პერიოდში ჩვენი უნიათობით მიტაცებული, ნაძარცვი ავლა-დიდება. ჩვენ კი რა გვიმაგრებს ზურგს? – მხოლოდ უანგარო თავგანწირვა, პატიოსნება და ურთიერთთანადგომა (ესეც იშვიათად), ამიტომაც ჩვენი რიგების შეთხელება ჩვენს თავგანწირვას კატასტროფისკენ მიაქანებს. ცხადია ბუნების კანონებს წინ ვერ დავუდგებით, ამიტომაც საჭიროა მოქმედება, მოქმედება და მოქმედება, თორემ სულ რამოდენიმე წელში გარდასულ დღეთა გამხსენებელი აღარავინ დავრჩებით. მტრებიც ხომ ამაზე ოცნებობენ და ახლა იმისათვის, რომ საბოლოოდ ჩაკლან ჩვენში პროტესტის გრძნობა გადაწყვიტეს თვით ღმერთის ნაბოძები უფლებაც კი ჩამოგვართვან – უფლება დუმილისა. გადაწყვიტეს ჩამოგვართვან უფლება არჩევნებზე არ გამოცხადებისა, რათა ჯარიმებით უკანასკნელი გროშებიც კი წაგვართვან და ამით მიღებული მილიონები ისევ თავიაანთ ვნებებს მოახმარონ.

          დიახ უნდა გაერთიანდეს ქართველი ერი, მაგრამ ამისთვის ხალხი უნდა დარწმუნდეს, რომ მართლა გულწრფელია შენი გაერთიანება გუშინდელ შენს მოწინააღმდეგესთან და რომ მტკიცედ ადგახარ გზას – „საქართველო შენ სადა გყავს შვილი დასაკარგავი“. ხოლო გუშინდელი შენი მოწინააღმდეგე, რომ გაერთიანდეს შენთან, მან უნდა დაინახოს, რომ მისი მოწინააღმდეგე „კანონიერების დამცველი“ ძალები თავადაა ერთიანი და მტკიცე. არა და ყველაზე მეტად ეს ძალაა დაქსაქსული და გათითოკაცებული, ყველაზე მეტად ამ ძალებს მიაჩნიათ მიუღებლად ერთმანეთი.

          ასე, რომ ნათლად გამოკვეთილია გადარჩენის ერთადერთი გზა:

        კანონიერების დამცველი ძალების სრული კონსოლიდაცია – რასაც მოჰყვება შემორიგების პროცესი დაპირისპირებულ

ძალასთან – ამით ეროვნული მოძრაობის სრული აღორძინება, მთელი საქართველოს გაერთიანება და გაბრწყინება!

          ეს მეტად რთული პროცესია და ყველაზე რთული მაინც პირველი ეტაპია – გათითოკაცებული კანონიერების დამცველი ძალების სრული კონსოლიდაცია. მიგვაჩნია, რომ უნდა შეიქმნას ამ იდეის მტკიცე მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ჩამოაყალიბებს ამ ყველაფერს როგორც თეზისებს. წარმოაჩენს და გამოყოფს „კანონიერების დაცვისთვის“ მებრძოლ ძალების სრულ სპექტრს და ყველას ოფიციალურად მიმართავს ზემოთ ჩამოყალიბებული საკითხების ირგვლივ გაერთიანების მოთხოვნით. ეს მოთხოვნა უნდა იყოს ე. წ. „პროიავიწელი“ თვითვეული ასეთი ჯგუფისთვის რათა ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაიგოს (გასაჯაროვდეს) ისინი მართლა სამშობლოს გადარჩენისათვის იბრძვიან, თუ პირადი წარმოჩენის მიზნით. დაე ყველამ გაიგოს, თუ ვინ რაზე და რატომ თქვა უარი.

          მივიღებთ რა პასუხებს ამა თუ იმ ჯგუფისგან გაერთიანებასთან დაკავშირებით, მომზადდეს ყველა ასეთი ჯგუფის შეკრება, სადაც მოხდება აზრების გაზიარება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მტკიცედ დაიდება პირობა, რომ ურთიერთდაპირისპირებას, ურთიერთ დაკნინებას და ურთიერთუპატივცემულობას ადგილი არ ექნება. შეიქმნება ასეთი ჯგუფების სათათბირო საბჭო, რომელიც საინიციატივო ჯგუფის მიერ მიღებული თეზისების საფუძველზე შექმნის ერთიან სამოქმედო გეგმას. და თუ ეს გაერთიანება იქნება მტკიცე, ერთსულოვანი, ბრძოლისუნარიანი, მაშინ მიეცემა მას საშუალება ქართველი ხალხის გაერთიანების შემდგომი ეტაპის განხორციელებისა, როდესაც შესაძლებლობა იქნება 25 წლიანი დაპირისპირებული ძალების შერიგებისა. შედეგი იქნება „ეროვნული საკონსულტაციო საბჭოს“ შექმნა, რომელიც საბოლოოდ შეიმუშავებს ქართული სულის აღორძინების სტრატეგიას. ხოლო 2016 წლის არჩევნების შემდგომ, უნდა მოვითხოვოთ, რომ  პრემიერ- მინისტრის აპარატთან „ეროვნული საკონსულტაციო საბჭოს“ ბაზაზე შეიქმნას 4-5 კაციანი „ერთიანი ეროვნულ საკონსულტაციო საბჭო“, ეს საბჭო ყოველთვის მიაწვდის საკუთარ (გაერთიანებული ეროვნული მოძრაობის) ხედვებს მთავრობას ერისთვის საჭირბოროტო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში რათა არ მოხდეს დაპირისპირება ხელისუფლებასა და ხალხს შორის.( აქვე ავღნიშნავთ, რომ როგორც კი ხელისუფლება იგრძნობს ასეთი გაერთიანების საშიშროებას შეეცდება თავად წამოწიოს ე. წ. ეროვნული ძალები და ეს იდეები თავად განახორციელოს რათა ხელიდან არ გაუშვას მართვის სადავეები, მაგრამ ამან ჩვენ უკან არ უნდა დაგვახევინოს, სწორი ანალიზით ყველა სასურველ საკითხში გვერდში დავუდგეთ, ხოლო დანარჩენში ვამხილოდ და უკომპრომისო ბრძოლა გამოვუცხადოთ). მხოლოდ ასეთი ერთიანობისა და ჰარმონიული მუშაობის შემთხვევაში საქართველო გაბრწყინდება! რაც თვითვეული ჩვენთაგანის ოცნებაა!

          პრინციპულად მიგვაჩნია, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაიყოს კანონიერების სადარაჯოზე მდგომი ძალები ორ კატეგორიად:

          – პირველნი, ვინც „უზენაეს საბჭოს“, კანონიერ ეროვნულ გვარდიას და კანონიერ სამთავრობო სტრუქტურებს (პრეფექტები და ა. შ.) თვლიან ლეგიტიმურ სახელმწიფო ორგანოებად და დღევანდელ ხელისუფლებას აღითქვავენ როგორც დე ფაქტოს. და ამ თავის კანონიერ სტრუქტურების უფლებმოსილების გადაცემას (შეჩერებას) გეგმავს მხოლოდ კანონიერად არჩეული ხელისუფლებისთვის. რომლის მოსვლაც შესაძლებელია მხოლოდ 1991 წლის ბოლოდან საქართველოში განვითარებული მოვლენების ერთმნიშვნელოვანი შეფასებით და ამის შემდგომ დანიშნული კანონიერი არჩევნების გზით;

          – მეორე ძალა რომელიც თვლის, რომ აუცილებელია ეროვნული ძალის დე ფაქტო ხელისუფლებაში მოსვლა, რათა საშუალება მიეცეთ თავისუფლად მოქმედების და ეროვნული საქმის კეთების. (თუმც ჯერ ვინც იქ მოხვდა ყველა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის ზრუნავს) ღმერთმა ყველა თავის გზით გაუმარჯოს!

          ეს ორი მიმართულება არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის მტერი გავხდეთ! თუმცა მეორე მიმართულების მიმდევრებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ პირველი მიმართულების მიმდევრები არასდროს აღიარებენ მეორე მიმართულებას მისაღებად (მათ ამის მტკიცე არგუმენტები გააჩნიათ), რადგან მათ მტკიცედ სწამთ, რომ ახალი ველოსიპედის გამოგონება არაა საჭირო, როდესაც გადარჩენის და შექმნილი მდომარეობიდან გამოსვლისთვის ბრძოლის გზა უკვე გაიარა ეროვნულმა მოძრაობამ 1989-1990 წლებში, როდესაც დე ფაქტო კომუნისტური მთავრობა აიძულა ეცნო თავისი უკანონობა და დაენიშნა სამართლიანი უკვე კანონიერი არჩენები.

          ჩვენ მტკიცედ ვიზიარებთ იმ აზრს, რომ ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არაა და რომ ერთიანობის გარეშე ბრძოლა დამარცხებისთვისაა განწირული!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: