IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• სოსო ჯაჯანიძე: ზვიად გამსახურდია – 77

• ზვიად გამსახურდია

 

12386806_961736783896021_1653680322_n[1]სოსო  ჯაჯანიძე

ზვიად გამსახურდია –  77

ძმებო და დებო, ქართველო მამულიშვილებო, თანამემამულენო, ახლოვდება საქართველოს ქრისტიანულ-ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცის და ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე – 31 მარტი. მას 77 წელი შეუსრულდებოდა.

მართალია, ზვიად გამსახურდიას მკვლელობიდან თითქმის 23 წლის გასვლის შემდეგ მას მაყვედრებელი მტერშიც კი არ შემორჩა, მაგრამ, პარადოქსული ის გახლავთ, რომ ყოველგვარ კანონზომიერებას და საღ აზრს მიღმა, საქართველოში არსებობენ „პატრიოტი“ ადამიანები (ყოველ შემთხვევაში, „პატრიოტობის“ პრეტენზია გააჩნიათ), რომელნიც დღემდე მის უსამართლო კიცხვასა და შურით გაჯერებულ განქიქებაში არიან. მეტიც, მისი სახელის დისკრედიტაციის მიზნით ამზადებენ ე.წ. დოკუმენტურ ფილმებს და ტელე-გადაცემებს, რომელშიც ზვიად გამსახურდიას სულიერ ძმას და ერთგულ თანამებრძოლს მერაბ კოსტავას დადებით პიროვნებად და ეროვნული მოძრაობის ერთადერთ ღირსეულ თავკაცად წარმოაჩენენ, ხოლო ზვიად გამსახურდიას უარყოფით პიროვნებად და ეროვნულ მოძრაბაში დესტრუქციული როლის მქონე პიროვნებად. ამავე დროს, ცდილობენ ისე წარმოაჩინონ საქმე, თითქოს ზვიადსა და მერაბს შორის განხეთქილებას და ურთიერთშუღლს ჰქონდა ადგილი.

[შ ე ნ ი შ ვ ნ ა: ამ ადამიანებს „პატრიოტ“ მოღვაწეებად და „პატიოსან“ ჟურნალისტებად მოაქვთ თავი, ამ დროს კი, მათ უმრავლესობას რუსეთ-ამერიკის ორმაგი ემისრის შევარდნაძის მიერ საქართველოში ორგანიზებულ სახელმწიფო გადატრიალებაში და მისი ანტიეროვნული დესპოტური რეჟიმის დამყარება-გამძლავრებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული; ამასთანავე, დაქირავებული მასობრივი დეზინფორმატორის უ რ ც ხ ვ მ ა დ ი დ ე ბ ე ლ თომა ჩაგელიშვილის მსგავსად, ისტორიის გაყალბებას ცდილობენ – რეალობისგან შორს მდგარი „დოკუმენტური“ ფილმების და ტელეგადდაცემების მომზადების მეშვეობით. ქართველები მიმტევებელი ხალხი ვართ, გვინდა მათი ავი საქმეების დავიწყება და პატიება, ვინძლო, შეიგნონ თავიანთი გადაცდომა, მოინანიონ და ერის მსახურებაში ჩადგნენ, მაგრამ თავიანთი არაეთიკური/უმსგავსო და უტაქტო ქმედებებით, გაუმართლებელი თავის მართლების ჯიუტი მცდელობებით ამის საშუალებას არ გვაძლევენ. ამიტომ მივმართავ მათ – დროა მოინანიოთ თქვენს მიერ ჩადენილი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და შეწყვიტოთ უგვანო ავისმჩხრეკელობა (ავისმჩხრეკელი – ადამიანი, რომელიც სიკეთეში სიავეს სჩხრეკს, ანუ კეთილში – ბოროტს ეძიებს). მერწმუნეთ, ვერ შესძლებთ ქართველი ხალხის მოტყუებას და ისტორიის „გაცურებას“, ისევე, როგორც ვერ შესძლეს ეს წმიდა ილია მართლის მკვლელებმა. თუ არ მოეგებით გონს და გააგრძელებთ ერისა და სარწმუნოებისათვის მოწამეობრივად აღსრულებული ერისკაცის ამაო დისკრედიტაციით თავის გამართლების მცდელობას, ჟამთაღრიცხვის ფურცელი შევარდნაძის და მისი მსგავსი ვაიქართველების გვერდით დაგიმკვიდრებთ ადგილს, რაც, დამეთანხმებით, სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ არის]

რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას უდიდეს ქრისტიანულ-ეროვნულ ღვაწლს ჩვენი ერის წინაშე და მის თავგანწირულ ორმოც წლიან (1953-1993 წ.წ.) გმირულ ბრძოლას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად, ამის შესახებ, ვგონებ, უპრიანი იქნება, უპირველეს ყოვლისა, მოვუსმინოთ მისი ქრისტესმიერი ძმის მერაბ კოსტავას დედას, ქალბატონ ოლღა დემურია-კოსტავას, რომელიც ღვიძლ შვილად თვლიდა მას და რომლის პირუთვნელობასა და გულწრფელობაში, – ამ ღირსეული ქართველი ბანოვანის მაღალზნეობრივი პიროვნულობიდან გამომდინარე, – ვფიქრობთ, არც ერთ ჭეშმარიტ ქართველს არ შეეპარება ეჭვი. მის ერთერთ მოგონებაში ვკითხულობთ: „მერაბი გადასახლებიდან ახალი დაბრუნებული იყო, როცა მისი დაბადების დღის აღსანიშნავად პატარა წვეულება გაიმართა სახლში და მაგიდა გაიშალა. მერაბმა სუფრის გაძღოლა და თამადობა ზვიადს სთხოვა. სადღეგრძელოში უკლებლივ ყველა ერის თვითშეგნების გამოღვიძებასა და ეროვნულ მოძრაობაში მერაბის უდიდეს დამსახურებას აღნიშნავდა. მერაბმა მოკრძალებულად და მისთვის ჩვეული ტაქტით აღკვეთა ეს ხოტბა-დიდება მისი და სთქვა: „პირველობა ეკუთვნის ზვიადს“.

ასევე, მერაბმა ხატოვანი სახით – სრულიად გამოკვეთილად და ერთსახოვნად განსაზღვრა თავისი პირადი დამოკიდებულება ზვიადის, როგორც პოლიტიკურ „ქაჯეთთან“ პირველმბრძოლი რაინდის და უერთგულესი თანამებრძოლის მიმართ ლექსში „ძმას ქრისტესმიერს“, რომელიც 1978 წლის 12 ასგვისტოს დაწერა:
„ხომ ხედავ, როგორ გართულდა ომი,
ვაჰ, თუ ძალები შემომელია,
თუმცა მარადში ვარ თანამდგომი,
ავთანდილობა ერთობ ძნელია“.

[შ ე ნ ი შ ვ ნ ა: ეს ლექსი ზვიადის და მერაბის დაპატიმრების შემდგომ არის დაწერილი. ამდენად, იგი არა მარტო მერაბის მიერ ეროვნულ მოძრაობაში ზვიადის პირველობის/თავკაცობის/„ტარიელობის“ დამადასტურებელია, არამედ ააშკარავებს მათ მიერ შემუშავებულ სტრატეგიას ზვიად გამსახურდიას თავისუფლებაზე დარჩენის გამო. ამ ფაქტს ადასტურებს ქ-ნი ოლღა დემურია-კოსტავას ეს მოგონებაც: „დაპატიმრებამდე რამდენიმე ხნით ადრე, მერაბი ხშირად აივანზე სკამზე ჩამოჯდებოდა და ჩამოიძინებდა ხოლმე. ვეჩხუბებოდი, შინ შემოდი, დაიძინე-მეთქი. გაიცინებდა და მეტყოდა: „დედა, მე ახლა ასე ძილს უნდა შევეჩვიო, მალე დამიჭერენ, რა ვიცი საკანში როგორ პირობებში მომიწევს დაძინება, ყველაფრისათვის მზად უნდა ვიყო“-ო. მე ვეუბნებოდი – შენ თუ დაგიჭერენ, ზვიადსაც დაიჭერენ-მეთქი. ჩაფიქრდებოდა და მიპასუხებდა: „არამც და არამც, ზვიადის ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, გარეთ უნდა დარჩეს, ეს ერს ასე სჭირდება“-ო. ასეთი მოლაპარაკება ჰქონდათ, ზვიადი გარეთ უნდა დარჩენილიყო“]

მერაბ კოსტავას მიერ ეროვნულ მოძრაობაში ზვიად გმსახურდიას თავკაცობის აღიარებას ადასტურებს მისი მეუღლის რუსუდან ბერიძის ბიძაშვილის ელიკო გოგუაძის ნაამბობიც: „კვიტოკში (მერაბ კოსტავას გადასახლების ადგილი ციმბირში-ს.ჯ.) რომ ავედით, მე და ირაკლის ძალიან მალე დაგვეძინა. მერაბმა და ზვიადმა მთელი ღამე საუბარში გაატარეს. საოცარი იყო, რომ დილით არც ერთს არ ეტყობოდა დაღლილობა. სუფრასთან დავსხედით. მერაბი მოგვიბრუნდა მე და ირაკლის და გვითხრა: „თქვენც გახსოვდეთ და საქართველოშიც უთხქარით ყველას, ვისაც ხმას მიაწვდენთ: ქართული ეროვნული მოძრაობისათვის ზვიადი გადამწყვეტი ძალაა. ზვიადი დგას ამ მოძრაობის სათავეში და მას შეუძლია მხოლოდ ამ მოძრაობის წარმართვა“.

უპრიანია მანონ შავდიას მოგონებაც: „დღესაც ჩამესმის მერაბის მიერ ჩემს ოჯახში წარმოთქმული სიტყვები: „ზვიად გამსახურდია ეს ის კაცია, რომელიც მსოფლიო ისტორიის ჩარხს დააბრუნებს“.
ზვიადის და მერაბის თანაბარ ღვაწლზე ეროვნულ მოძრაობაში, ზვიადის (საერთოდ, კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის) მნიშვნელოვან როლზე მერაბის ერისკაცად ჩამოყალიბებაში, მათ თანამებრძოლობასა და უზადო მეგობრობაზე კვლავ მოვიხმობთ ქ-ნ ოლღა დემურია-კოსტავს მოგონებებს: „მერაბმა მეექვსე კლასიდან დაიწყო კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებების კითხვა და საოცრად შეიყვარა ის, მით უმეტეს, რომ მისი შვილი ზვიადი მერაბის სკოლის და სიყრმის მეგობარი იყო. მერაბი თანდათან დაუახლოვდა კონსტანტინეს ოჯახს…

ზვიადს და მერაბს ბავშვობიდანვე შესტკიოდათ გული სამშობლოს დაჩაგრული ერის ბედზე. ისინი ქრისტესმიერი ძმები იყვნენ. ერთი ბატონ კონსტანტინეს ხორციელი, ორივენი კი მისი სულიერი შვილები…
მერაბის ცხოვრებაში ზვიადმა დიდი როლი ითამაშა, ისინი დიდი კონსტანტინეს სულიერი შვილები იყვნენ…
მათ ბევრი საერთო ჰქონდათ – იდეა, სამშობლოსა და ერის სიყვარული…
იმ დროს, როდესაც ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას, ზვიადმა და მერაბმა გამოამჟღავნეს გმირული იმპულსები და ამ დროიდან იწყება მათი თავგანწირული ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის…
ზვიადმა და მერაბმა გამოაღვიძეს ხალხში ეროვნული თვითშეგნება…
ზვიადი და მერაბი იბრძოდნენ მშობლიური ენის სიმტკიცისათვის…

მერაბი ზვიადს ყოველთის ერთგულ თანამებრძოლად თვლიდა, რამეთუ ბრძოლა ზვიადმა დაიწყო მერაბთან ერთად. მახსენდება 1956 წელი. ბიჭები მეათე კლასში სწავლობდნენ, პირველად რომ დაიჭირეს ანტისაბჭოური პროკლამაციებისათვის, სადაც ერს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისაკენ მოუწოდებდნენ… აქედან იწყება მათი თავგანწირული ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის…

ზვიადმა და მერაბმა სერიოზულად მოჰკიდეს ხელი ერის განთავისუფლებისათვის ბრძოლის საქმეს…
მახსოვს, 1964 წლიდან ზვიადმა და მერაბმა დაიწყეს ინტენსიურად რელიგიური და ფილოსოფიური წიგნების კითხვა და ეკლესიაში სიარული. მაშინ ისეთი ათეიზმით იყო გამსჭვალული ჩვენი ქვეყანა, რომ ყველასათვის ეს საოცრება იყო და ყველგან მათზე იყო ლაპარაკი. ბევრნი კიდევაც დასცინოდნენ მათ…

ზვიადს ყველა პირობა ჰქონდა იმისათვის, რომ უზრუნველად ეცხოვრა, მაგრამ მას არასოდეს უზრუნია საკუთარი კეთილდღეობისათვის, მისი ერთადერთი საზრუნავი და საფიცარი ყოველთვის იყო და არის სამშობლო, ყველაზე წმინდა, რაც კი ადამიანს გააჩნია…
აბა, ზვიადისნაირი ერისკაცი ვინ გვყავდა“.

მაშ ასე, როგორც ვნახეთ, თავად მერაბი აღიარებს ზვიადის უპირველეს როლს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, კაცი, რომელმაც სკოლის მერხიდან ზვიადთან ერთად განაახლა და ააღორძინა ეს ეროვნული მოძრაობა და თავი გასწირა მის გასამარჯვებლად. იმავეს ადასტურებს მისი დედაც, რომლის თვალწინაც წამოიზარდნენ და ქრისტეს მხედრებად ჩამოყალიბდნენ სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის თავშეწირული ეს ორი დიდი ერისკაცი. ყოველივე აქედან გამომდინარე დაისმის კითხვა: თქვენ, „პატრიოტო ჟურნალისტებო“, ვისაც მერაბის და მისი დედის პატივისცემით მოგაქვთ თავი, რა უფლებით უწევთ ათეულ წლობით პირად ურთიერთობასა და საერთო განსაცდელში გამობრძმედილ მათ ნააზრევს არაკორექტულ რევიზიას? რატომ ეძიებთ სიკეთერში ბოროტებას და ცდილობთ ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანას, ისტორიის „მოტყუებას“? იქნებ გაგვცეთ ქართველ მამულიშვილებს ამაზე პასუხი.

[შ ე ნ ი შ ვ ნ ა: მეგობრებო, ისე არ გამიგოთ, თითქოს მე ზვიადსა და მერაბს შორის უპირატესობას ვარკვევდე, არამც და არამც. ჩემი ღრმა რწმენით, მათი ღვაწლი თანაბარია სრულიად საქართველოსთვის, ჩვენი ერის გამოღვიძების, ქართველ ხალხში ეროვნული ცნობიერების განახლების და ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ მობრუნების საქმეში, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში. ეს ორი ბუმბერაზი ქართლოსიანი ურთიერთს ავსებდა და ერთობით ქმნიდა იმ უძლეველ ძალას, რომლის დამარცხებაც დღემდე ვერ შესძლეს საქართველოს მტრებმა და შინაგამცემებმა, რომელიც ქართველი ხალხის მომავალი გამარჯვებების მამოძრავებლად იქცევა უთუოდ. მე მხოლოდ იმის გამო მოვიხმე თვით მერაბის, მისი დედის და სხვა ადამიანების მოგონებები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ გამექარწყლებინა ავისმჩხრეკელთა მცდელობა ეროვნულ მოძრაობაში ზვიად გამსახურდიას როლის დასაკნინებლად]

რაც შეეხება, ზვიადისა და მერაბის შორის სულიერ მეგობრობას, როგორც ვთქვით, ბევრი ავისმჩხრეკელი ადრეც ცდილობდა და ახლაც აგრძელებს უნაყოფო მცდელობას ზვიადის და მერაბის ურთიერთმიმართებას ზადი მოუძებნოს და ამით თითქოს ზვიად გამსახურდიას სახელს მიაყენოს ჩრდილი, მაგრამ ყოველი მათგანისათვის გამზადებულია მერაბ კოსტავას შეუვალი სიტყვა-რვალი: „ბევრი ეცადა ჩემი და ზვიადის მეგობრობაში ბზარის გაჩენას, მაგრამ ეს ვერავინ ვერ შეძლო, ეს არასოდეს არ მოხდება, მაგრამ თუ მოხდა სასწაული და ჩვენს მეგობრობაში ბზარი გაჩნდა, მაშინ მე ვიტყვი, რომ მეგობრობა საერთოდ არ არსებობს, ეს კი უკვე ქვეყნის დანგრევას უდრის“.

აქვე, ზვიადი, მისთვის ჩვეული პირდაპირობით განაქიქებს ავისმჩხრეკელთა უნაყოფო ბოროტმცდელობას ლექსში „წამებულ ძმისადმი“:
„გვეტანებოდნენ ძაღლნი და ღორნი,
შემუსრვა სურდათ ელვარე ჭაღის,
მაგრამ ხომ დავრჩით მაინც ჩვენ ორნი,
მკრთალნი რაინდნი მწუხარე სახის“.

ქალბატონ ოლღა დემურია-კოსტავას მოგონებებიდან ირკვევა, რომ იგი ერთმანეთში არ არჩევდა ზვიადს და მერაბს, ორივეს თავის შვილებად და ღვიძლ ძმებად თვლიდა: „ჩემი შვილების, მერაბისა და ზვიადის გადასახლებიდან დაბრუნებამდე, 26 მაისის, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაზე, ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო“.

ქ-ნი ოლღა, ამავე დროს, აღნიშნავს მერაბის უზომო სიყვარულს და პატივისცემას ზვიადის მიმართ, დამატებით ადასტურებს მათ ქრისტესმიერ ჭეშმარიტ შეუბღალავ მეგობრობას: „მერაბს ძალიან უყვარდა ზვიადი. მახსოვს, ერთხელ აღფრთოვანებული მოვიდა სახლში. „დედა, ეკლესიების აღდგენას ვამოწმებდით. ერთერთი ეკლესიის ძებნაში უფსრულს მივადექით. ზვიადს შევხედე და მის თვალებში შიში ვერ დავინახე“-ო (ესეც თქვენი „მშიშარა“ ზვიადი ავისმჩხრეკელო „პატრიოტო ჟურნალისტებო“-ს.ჯ.). თანაც დაამატა: „ამ ქვეყანაზე ჯერ ღმერთი მიყვარს, შემდეგ – ზვიადი, მერე კი – შენ“-ო. გამეცინა, არაფერი მითქვამს…

ზვიადსა და მერაბს ღვიძლი ძმებივით უყვარდათ ერთმანეთი. იმდენად უყვარდათ, რომ ეჭვიანობდა კიდეც ზვიადი სხვებზე. ჩემი სათხოვარია, ნურავინ მოსცხებს ჩირქს მათ მეგობრობას (ქართველი ბანოვანის ეს სათხოვარი მაინც შეისმინეთ ავისმჩხრეკელო „პატრიოტო“ „ჟურნალისტებო“-ს.ჯ.)…

მე, როგორც მერაბის დედა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ზვიადის და მერაბის მეგობრობა იყო ყოველთვის ქრისტესმიერი, ჭეშმარიტი და შეუბღალავი და ძალიან განვიცდი, როდესაც ჩირქს სცხებენ მათ მეგობრობას…

მერაბის თავისუფალ გადასახლებაში გასვლის შემდგომ, ვინც პირველი წავიდა ციმბირში მის სანახავად, ეს იყო ზვიადი, მერაბის ვაჟიშვილთან ირაკლისთან და რუსუდანის ბიძაშვილთან ელიკო გოგუაძესთან ერთად…

მაგონდება მერაბის ნათქვამი, რომელიც მას უნივერსიტეტში წარმოუთქვამს: „ბევრი ეცადა ჩემი და ზვიადის მეგობრობაში ბზარის გაჩენას, მაგრამ ეს ვერავინ ვერ შესძლო, ეს არასოდეს არ მოხდება, მაგრამ თუ მოხდა სასწაული და ჩვენს მეგობრობაში ბზარი გაჩნდა, მაშინ მე ვიტყვი, რომ მეგობრობა საერთოდ არ არსებობს, ეს კი უკვე ქვეყნის დანგრევას უდრის“. მერაბის ეს სიტყვები გულის ფიცარზე უნდა აღებეჭდოს ყოველ ქართველს და მათი მეგობრობა და თანადგომა მისაბაძ მაგალითად უნდა გაიხადოს ცხოვრებაში ყოველმა ქართველმა. მხარში ამოუდგნენ ერთმანეთს და ყველამ საკუთარი თავიც კი უნდა მიიტანოს მამულის საკურთხეველზე იმ დიადი საქმის გამარჯვებით დასაგვირგვინებლად, რასაც საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჰქვია და რასაც მთელი თავისი მოწამეობრივი სიცოცხლე შესწირა ჩემმა შვილმა — მერაბ კოსტავამ“.

[ქართველნო! შევიგონოთ ღირსებაშემკული ქართველი მანდილოსნის, ბრძენი ბანოვანის, გმირი შვილის აღმზრდელი დედის ეს ბრძნული და სამშობლოს სიყვარულით გაჯერებული შეგონება!]

საბოლოოდ ამას ვიტყვი ავისმჩხრეკელ „პატრიოტ ჟურნალისტთა“ გასაგონად: თქვენს ყალბ ფილმებზე და ტელეგადაცემებზე ეს ქართული ანდაზა მახსენდება: „ქმარი ლაშქარს იყო, ცოლი ამბავს უყვებოდაო“. როგორც ზემოთ ვნახეთ, თავად მერაბიც და მისი ყოველი ქართველი მამულიშვილისათვის პატივსაცემი დედაც, – რომელთაც ათეული წლების საერთო განსაცდელში გამობრძმედილი ურთიერთობა აკავშირებნდათ, – ურყევად ადასტურებენ ზვიად გამსახურდიას უდიდეს ღვაწლს და თავკაცობას ეროვნულ მოძრაობაში, ასევე, მათ უზადო მეგობრობას; თქვენ კი, გამოჩზრეკილ ავ ზღაპრებს გვიამბობთ, „ლაშქარს“ არ ყოფილხართ და „მბავს“ გვიყვებით… უკაცრავად და, ასეთი შემთხვევებისთვის ქართველებს ასეთი კითხვა გვაქვს – საიდან სადაო?.. კიდევ ერთხელ დავამოწმებ თქვენს წინაშე: ზვიად გამსასხურდიას და მერაბ კოსტავას მეგობრობა და თანამებრძოლობა კლასიკური ნიმუშია მოყმეთა შორის რაინდული ძმობილობისა და ზნეობრივი კატეგორიებით მხოლოდ რუსთაველისეული ტარიელისა და ავთანდილის ძმადნაფიცობას თუ შეედრება, რასაც მერაბიც ადასტურებს ზემოთ მოხმობილ ლექსში: „ძმას ქრისტესმიერს“ (და, თქვენი აზრით, მერაბ კოსტავამ ეს „უღირს“ მეგობარს უწოდა „ქრისტესმიერი ძმა“? როგორც ვხედავთ, ბევრი კითხვა იბადება თქვენს მიმართ). ისინი ზედმიწევნით ამართლებდნენ რომაულ გამონათქვამს: „მეგობრობა არის ერთი სული ორ სხეულში“ და სწორედ ამ ერთსულობით მიაღწიეს საქართველოსთვის თავისი ბრძოლის გამარჯვებას. ასე რომ, თქვენ განუცალკევებელის განცალკევება და დაუცილებელის დაცილება გადაგიწყვეტიათ, რაც თქვენ თავად დაგაზიანებთ და შემოგიბრუნდებათ ფარსაგად, ხოლო ზვიადის და მერაბის უზადო მეგობრობას და თავდადებულ თანამებრძოლობას ვერაფერს დააკლებს. თქვენი ყოველგვარი ავისმჩხრეკელური მცდელობა საწყისშივე ფუჭია, განწირულია დავიწყებისთვის. ასე რომ, ვგონებ, გიჯობდეთ თქვენი პროფესიული ნიჭი სიმართლის მსახურებას მოახმაროთ და არა ერში ისტორიული სიყალბის დამკვიდრების ამაო მცდელობას.

28 მარტი, 2016

 
%d bloggers like this: