IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ზვიად გამსახურდიას წინასწარმეტყველება ეროვნული მოძრაობის და ეროვნული მთავრობის დაშლა დანაწევრებაზე

• ს.ე.გ.მ.

 

zviadi

ზვიად გამსახურდიას წინასწარმეტყველება ეროვნული
მოძრაობის და ეროვნული მთავრობის დაშლა დანაწევრებაზე

ყველასთვის ცნობილია ბ-ნ ზვიად გამსახურდიას „წინასწარმეტყველება“ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდებოდა თბილისსა და მთლიანად საქართველოში მისი პოსტიდან გადადგომის შემთხვევაში და რომელიც ახდა 100%-ით.

საქართველოში, კანონიერების აღდგენისთვის მებრძოლი ნებისმიერი ჩვენთაგანი, სიამაყით მოიყვანს მის ამ სიტყვას რათა ქვეცნობიერად თავის თავსა და სხვასაც დავუმტკიცოთ, რამდენად სწორი გზა ავირჩიეთ, როდესაც იმ ქარცეცხლიან დღეებში მის მხარდამხარ აღმოვჩნდით სამშობლოს საკეთილდღეოდ ბრძოლაში. იამაყებს, მაგრამ ერთი წამითაც არ დაფიქრდება იმაზე, რომ ამ წინასწარმეტყველებაში თითოეული ჩვენთაგანიც ვიგულისხმებით!

ყველას გთხოვთ კიდევ ერთხელ გაეცანით ამ სიტყვას, კარგად დააკვირდით და გაანალიზეთ რას ამბობს ბ-ნი პრეზიდენტი ამ მიმართვა-წინასწარმეტყველებაში, მან ხომ ქართულად მეტყველება უამრავ ჩვენთაგანზე უკეთ იცოდა:

„აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო თქვენ, რამეთუ არ იცით რას ითხოვთ!“

ხედავთ, ყველანიო! ყველაში ცხადია ჩვენც ვიგულისხმებით! განსაკუთრებით ოპოზიციონერებსო ე. ი. ეს ყველაფერ ჩვენ გვეხება, მაგრამ უფრო მეტად (განსაკუთრებულად) ოპოზიციონერებს, რადგან იმ დროისთვის ისინი უკვე მხილებულნი იყვნენ ანტიქართულ ქმედებებში.

და აი სულ მალე (პრეზიდენტის სიკვდილის შემდე) აღმოჩნდა, რომ ეს წინასწარმეტყველება ჩვენც გვეხებოდა და ფაქტია შეგვეხო ძალიან მწარედ, როდესაც ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობა დანაწევრდა და პრაქტიკულად გათითოკაცდა.

ჩვენი ასეთი დაშლა – დანაწევრებისთვის კი ნიადაგი შემზადდა ჯერ კიდევ პრეზიდენტის გროზნოში ყოფნის დროს. მაშინ „სპეციალური მისიებით“ ხშირად სტუმრობდნენ გროზნოში სამშობლოზე გულანთებული პატრიოტები, რომლებიც (ზოგ-ზოგიერთი შეგნებულად) უამრავ სწორ ინფორმაციასთან ერთად აწვდიდა დამახინჯებულ (არასწორ) ინფორმაციას. ბოლოს კი ითხოვდნენ (თავიანთი „შეფებისთვის“) გარკვეულ რეგალიების მინიჭებას.

ეს ყველაფერი იმდენად მოსაბეზრებელი გახდა პრეზიდენტისთვის, რომ 1993 წლის 5 აგვისტოს წერილში სთხოვს (უბრძანებს) გვარდიის სარდალს, რომ წინააღმდეგობის ფრონტის და მისი, როგორც პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის ვიზირების გარეშე არვინ ჩასულიყო მასთან გროზნოში.

თბილისი-გროზნო და ზუგდიდი-გროზნოს მარშუტზე მოსიარულე ძალებმა „მოახერხეს“ და საქართველოში წარმოაჩინეს „პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილთა“ მთელი არმია, რომლებიც შემდგომში ამ „დოკუმენტებს“ (ნდობის ფურცლებს) აფრიალებდნენ თავიანთ გარშემო მოტრიალე ეროვნული სულისკვეთების ქართველებში, რათა მეტი და მეტი ნდობა მოეპოვებინათ მათ თვალში და ამით „მტკიცედ“ დაემკვიდრებინათ ადგილი ეროვნულ მოძრაობაში, როგორც პრეზიდენტის ნდობის ღირსი „ერთადერთი“ წარმომადგენლები.

ამ ყოველივემ კი შედეგად ის მოგვიტანა, რომ საქართველოში გაჩნდა არაერთი პრემიერმინისტრი საკუთარი მთავრობებით, რამდენიმე „მრგვალი მაგიდა“ თავ თავისი სპიკერით და მასში შემავალი, მრავალგზის დუბლირებული პარტიებით („ჰელსინკის კავშირი“ და „წმინდა ილია მართლის საზოგადოება“). თითოეულ მათგანს მიაჩნია, რომ მხოლოდ ისინი არიან მართალნი და მათ ეკუთვნის პირველობა. უფრო მეტიც, ისინი იმდენად შორს წავიდნენ, რომ ეკონტაქტებიან რა 1991-1993 წლებში მოქმედი საქართველოს შეიარაღებული ძალების ცალკეულ წევრებს, ცდილობენ მაქსიმალურად გვერდში დაიყენონ ისინი, წარმოაჩენენ მათ მნიშვნელოვან სამხედრო მეთაურებად და თქვენ წარმოიდგინეთ სარდლებადაც კი.

საბედნიეროდ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის (სრეგ-ის) ხელმძღვანელობამ (საბრძოლო მეთაურებმა) დროულად აუღეს ალღო ამ ყოველივეს. არაერთხელ დაყენეს დღის წესრიგში უზენაესი საბჭოს წევრებისა და მრგვალი მაგიდის წევრების მიმართ, რათა შექმნილიყო კომისია და გამოკვლეულიყო პრეზიდენტის მიერ გაცემული ნდობის მანდატის ავთენტურობა. მისი დამტკიცების შემთხვევაში კი მოესმინა ანგარიში, თუ რა გააკეთა მან ამ კუთხით მოღვაწეობისას, ანუ როგორ ღირსეულად ატარა მასზე დაკისრებული ეს უზარმაზარი ტვირთი. ცხადია პასუხად მივიღეთ ასეთი საკითხისადმი თავის არიდება და აბსოლუტური ინერტულობა. არა და დარწმუნებული ვართ, როგორც კი ეს მოხდება იმ დღიდანვე დაიწმინდება და ერთ მუშტად შეიკვრება ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობა.

თავდაპირველად ამ მხრივ სასიკეთო ძვრები შეინიშნებოდა, რამაც მნიშვნელოვნად ააფორიაქა საქართველოს „კეთილისმსურველი“ ძალა და მოსკოვიდან და დასავლეთიდან შეხმატკბილებულად სასწრაფოდ აფრინეს დირექტივები სრეგ-ის წევრების დისკრედიტაციის მიზნით. ამის შედეგია, რომ დღემდე არ ხერხდება ასეთი კომისიის შექმნა, მითუმეტეს ეს მაშინ როდესაც თითოეულ ჩვენთაგანს აქვს ქვეცნობიერად შიში: ვაი თუ დამტკიცდეს, რომ მთელი, ამ წლების განმავლობაში 1991 წლიდან, რასაც კი ისინი უაპელაციოდ იჯერებდნენ და შესაბამისად მოღვაწეობდნენ თურმე ფიქცია ყოფილა. აი ამის გამო ასე იოლად აჰყვნენ შემოგდებულ დირექტივებს და დაიწყეს ერთმანეთზე ბინძური ჭორების ხელახალი აგორება.

ამ მხრივ კი მათთვის („ჩრდილში მყოფი უხილავი ძალისთვის“) უმთავრესი სამიზნეს პრეზიდენტის ოჯახის წევრები და გაერთიანებული, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი წარმოადგენენ. ეს ფიგურები შემთხვევით არ არიან შერჩეული. უბრალოდ კრიმინალური გადატრიალების ავტორებისა და შემსრულებლებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რაიმე ფორმით ჩრდილი მიადგეს (ტალახი მიეცხოს) თავად პრეზიდენტს, რათა როგორმე რაიმე ფორმით თავი იმართლონ, თუ რატომ არ იდგნენ ისინი პრეზიდენტის გვერდით ერის არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომენტში.

მათ შესანიშნავად იციან ქართველი კაცის ბუნება და რომ ქართველი კაცის ფსიქოლოგიაზე ძალიან მოქმედებს ოჯახის წევრებზე აგორებული სიბინძურეები. თანამდებობრივად კი ნებისმიერ პიროვნებაზე გავრცელებული სიბინძურეები იმის მემილიონედ ჩრდილს ვერ მიაყენებს პრეზიდენტის სახელს, როგორც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალზე, რადგან პრეზიდენტის (უმაღლესი მთავარსარდლის) შემდეგ მხოლოდ მას ჰქონდა თითქმის შეუზღუდავი უფლებამოსილება.

სრეგ-ის წევრებმა თავიდანვე (საწყის ეტაპიდანვე) დაიკავეს მკვეთრი პოზიცია: პრეზიდენტის ოჯახი ჩვენთვის ხელშეუხებელი თემაა, ეს არის აბსოლუტური სიწმინდე, მითუმეტეს, რომ ის ტანჯვა-წამება რაც მათ გაიარეს არვის გაუვლია საქართველოში და არვის არ აქვს უფლება განსასჯელად გაიხადოს ეს თემა. ამიტომაც ჩვენთვის ეს თემა დახურულია და ესა თუ ის აგორებული ჭორი დამტკიცების მოთხოვნასაც კი არ ექვემდებარება.

რაც შეეხება სრეგ-ის სარდლის მდგომარეობას, აქ ცალსახად ვთვლით, რომ საჭიროა ყველას და ყველაფრის საჯარო განხილვა, კერძოდ თუ ვინაა ამა თუ იმ ბრალდების ავტორი და რა ფაქტს ემყარება ესა თუ ის ბრალდება!!!

ამ მიზნით თავად სარდალმა საჯარო სივრცეში და პირადი კონტაქტებითაც არაერთხელ მიმართა უზენაესი საბჭოს წევრებს, მრგვალი მაგიდის და ზოგადად ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს შეექმნათ კომისია, ან უბრალოდ მიეწვიათ, დაესვათ ნებისმიერი მძაფრი საკითხი რათა გარკვეულიყო ამა თუ იმ პიროვნების ბრალეულობა, ან გამოაშკარავებულიყო ცილისმწამებელი. ამ საკითხშიც ისევდაისევ დუმილი. არა და სამწუხაროდ მრავლად ირევიან პრეზიდენტის ოჯახის წევრების ირგვლივ პიროვნებები, რომლებიც ზემოთ ნახსენები თბილისი-ზუგდიდი-გროზნო მარშუტის ხშირი მგზავრები იყვნენ და სამწუხაროდ ახლაც სხვადასხვა ჭორების აგორების ინიციატორებად გვევლინებიან.

ჩვენი ასეთი პოზიცია პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებით პრაქტიკულად ყველასთვის თვალნათელი გახდა 2017 წელს, როდესაც სუკის აგენტების მიზანმიმართულ დემაგოგიას აყოლილმა პიროვნებამ სრეგ-ის სარდალს საჯარო სივრცეში პრეზიდენტის ღალატი დააბრალა და ამ ფაქტის დასამტკიცებლად ბ-ნ ცოტნე გამსახურდიასთან საუბარი დაასახელა. ამასთან დაკავშირებით მას იქვე გაეცა პასუხი და ახლაც ვიმეორებთ: ცოტნე გამსახურდია არის პრეზიდენტის შვილი, რომელსაც მოუკლეს მამა, დაუწვეს სახლი, მოუსპეს ბავშვობა და მისთვის ამ ყველაფრის დაცვა გვევალებოდა ჩვენ, თითოეულ ქართველს. აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა უშუალოდ ვინ რა გააკეთა და ვის რა წილი მიუძღვის ყოველივე ამაში. ფაქტია ჩვენ ეს ვერ შევძელით და მას სრული უფლება აქვს ნებისმიერი ჩვენთაგანი დაგვადანაშაულოს ყოველივე ამაში, ხოლო ნებისმიერმა სხვა პიროვნებამ კეთილი ინებოს და დაამტკიცოს წამოსროლილი ბრალდებები.

შემდგომში ამ პიროვნებამ ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა, როდესაც უშუალოდ შეხვდა მეორე მხარეს და მამტკიცებელ დოკუმენტებად ამა თუ იმ პიროვნების (რომლებმაც მერე უარი განუცხადეს ამ ფაქტების თუნდაც სიტყვიერ დამოწმებაზე) მასთან საუბრები დაასახელა. მოისმინა რა დასაბუთებული არგუმენტაცია „სიტყვიერი ბრალდების“ გასაბათილებელად ბოდიში მოიხადა არაარგუმენტირებული ბრალდებისთვის და საჯარო სივრცეშიც მოინანია ეს ყველაფერი!

შეცდომის გულწრფელი აღიარება და მონანიება მხოლოდ ვაჟკაცების ხვედრია!!!
მტრის მიერ ჩვენს რიგებში ღრმად ჩანერგილმა ცილისმწამებლებმა სასწრაფოდ გაითავისეს ჩვენი პოზიცია პრეზიდენტის ოჯახის მიმართ და საქმე საქმეზე, რომ მიდგება ხელს მათკენ იშვერენ – ეს მათგან ვიცით და ჩვენ ფაქტებს რატომ გვთხოვთო.

ეს ყველაფერი კი ერთი ერთში გადამღერებაა ეროვნულ ძალებში ჩანერგილი უბოროტესი ძალის, გიორგი ჭანტურიასა და ირინა სარიშვილის შემოქმედებისა. მათ „გარკვეული გზებით“ შეძლეს და შუაგულ ციმბირში გამომავალი დისიდენტური გაზეთის ერთ ერთი გვერდის რედაქტორები და კორესპონდენტები გახდნენ. როგორც გაზეთის კორესპოდენტები (ცხადია ფსევდონიმებით) აქვეყნებდნენ ცილისმწამებლურ სტატიებს ბ-ნ ზვიად გამსახურდიაზე შემდეგ კი აქ თავისივე პარტიულ გაზეთში ბეჭდავდნენ მის თარგმანს, როგორც მსოფლიოში აღიარებული დისიდენტების (ამ ციმბირულ გაზეთის სარედაქციო კოლეგიის წევრების) ნათქვამ ჭეშმარიტებას. ამით მათ მოახერხეს და ბევრ გულანთებულ მამულიშვილს აუბნიეს თავგზა, რათა სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლის გზისთვის აეცილებინათ ისინი.

ზუსტად ახლაც ეს ნაძირალა მლიქვნელები ათას სიბინძურეებს უყვებიან პრეზიდენტის ოჯახის წევრებს, არარსებული მაგალითებით ცდილობენ გაუმყარონ ეს რწმენა, მერე კი მათ ასაღებენ მოსახლეობაში, როგორც პრეზიდენტის ოჯახიდან გამოსულ ინფორმაციას.

დიახ ამ ყველაფრის მთავარი შემომქმედი არის „ყოვლისშემძლე“ სუკის მიერ ჩვენში ღრმად ჩანერგილი აგენტურა, რომელმაც მოახერხა და ბრძოლის ჭეშმარიტ გზას ჩამოაშორა მრავალი ჩვენი (ყოფილი) თანამებრძოლი. თანამდებობის, ჯიბეში ვერცხლის ჩხრიალით, უბრალო დაპირებით ზოგი ე. წ. პოზიციას და ზოგიც ე. წ. ოპოზიციას მიაჯაჭვეს.

მათ მოახერხეს და პრეზიდენტის ოჯახის წევრებიდან ზოგი დღევანდელი დე-ფაქტო საოკუპაციო რეჟიმის უნებლიე მხარდამჭერი აღმოჩნდა ზოგიც გუშინდელი.

საქმე იქამდე მივიდა, რომ უდიდესი ქართველი კლასიკოსი მწერლის, კოსტანტინე გამსახურდიას იუბილეზე აბაშაში ჩასულ პრეზიდენტის მეუღლეს თავი ზუგდიდში ამოაყოფინეს მოსახლეობასთან შესახვედრად. მოსახლეობა, რომელიც საერთოდ საქმის კურსშიც კი არ იყო ასეთი დაგეგმილი შეხვედრის შესახებ. ხოლო ვინც შემთხვევით ბოლო მომენტში გაიგო ასეთი ღონისძიების შესახებ მივიდა რა თქმა უნდა მისი სათაყვანებელი პრეზიდენტის მეუღლის საპატივსაცემოთ.

ბუნებრივია შეხვედრაზე მისული ხალხის სიმცირემ უკმაყოფილება გამოიწვია სტუმართა შორის, ამ უკმაყოფილების გამოხატვამ კი უკვე ადგილობრივ მოსახლეობას გაუჩინა საპასუხო უარყოფითი რეაქცია, რადგან მათ ხომ სრულიად შემთხვევით გაიგეს პრეზიდენტის მეუღლის სტუმრობის შესახებ ინფორმაცია.

საინტერესოა ვინ დაგეგმა და ვინ გაუწია ორგანიზება ასეთ ღონისძიებას. დასკვნების დროული გაკეთებაა საჭირო!!! ასეთი „დაგეგმილი შეხვედრები“ კი არ გვაერთიანებს, არამედ უფრო მეტ და მეტ გათიშულობას იწვევს!

ჩვენ უნდა ვეძებოთ გზები არა ურთიერთდაპირისპირების გასაღრმავებლად, არამედ ყველანაირი ღონე ვიხმაროთ მათ აღმოსაფხვრელად!!!

„სადაც მტერი გვთიშავს – იქ ჩვენ უნდა შევაერთოთ, სადაც მტერი იწვევს შუღლს – ჩვენ სიყვარული უნდა ვთესოთ, სადაც მტერი სიძულვილს თესავს – ჩვენ ურთიერთგაგება უნდა აღვადგინოთ. აი ეს არის ჩვენი მიზანი მეგობრებო!“

ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დროს, როდესაც ოჯახის წევრები იტყვიან:
საკმარისია! დროა გავერკვეთ ყველაფერში, დავუსვათ კითხვები „მთავარ დამნაშავეს“ (ბოლო სიტყვის თქმის უფლება მაინც მივცეთ), მოვისმინოთ მისი ვერსიაც და საბოლოო ვერდიქტი გამოვიტანოთო. ყველას გასაგონად ვთქვათ დიახ მან უღალატა! ან ვთქვათ ყველაფერი ტყუილი ყოფილა და რატომ მაჯერებდნენ ყოველივე ამაში დასკვნები გავაკეთოთო. ეს იქნება იმ ზარების რეკვა, რომელსაც მოჰყვება ეროვნული ძალების განწმენდა და ერის მყისიერი გაერთიანება – პრეზიდენტის ოცნებების შესრულება!!!
გვჯერა უფლის ნებით ეს დრო მალე დადგება!
დიდება უფალს!!!

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული
გვარდიის ვეტერანთა კავშირის პრესცენტრი

24.05.19

***

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს:

 

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით … ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ… ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება – შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეირაღებული ბანდის ხელში… მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზები, კომუნიკაციები… საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია… საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას…“

 
%d bloggers like this: