IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის მიმართვა. 14.11.2019

• სეგმ

 

gvardia

საქართველოს რესპუბლიკის
ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის

მ  ი  მ  ა  რ  თ  ვ  ა

უზენაესი საბჭოს წევრებისა და ჭეშმარიტი
ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებისადმი

 

პატივცემულო დეპუტატებო! მეგობრებო! ქალბატონებო და ბატონებო! ძმებო, დებო! ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებო! ჩვენი ქვეყნის ერთგულო მამულიშვილებო! ჩვენ, კანონიერი, ეროვნული ხელისუფლების მომხრე მებრძოლმა ძალებმა, სისხლხორცეულად გავითავისეთ საქართველოს უდიდესი მამულიშვილის, ბ-ნ ზვიად გამსახურდიას დასახული ერის გადარჩენისა და წინსვლის გზა. ესაა ყველა ქართველის მიერ ურთიერთმიტევებისა და ერთად დგომის გზით სიარულის აუცილებლობა!!!

ასეთი გზით სიარულისთვის კი დღევანდელი დღე მიგვაჩნია მნიშვნელოვან ეტაპად! რადგანაც ასეთი გაერთიანების ინიციატორი და შემაკავშირებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი ძალა, რომელსაც დღეს არსებული გათითოკაცებულ ეროვნული მოძრაობა ჭეშმარიტებად აღიარებს – ესაა უზენაესი საბჭო!!! ამიტომაც ჩვენ მივესალმებით უზენაესი საბჭოს წევრების დღევანდელ მამულიშვილურ ინიციატივას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ, რამეთუ მტკიცედ გვწამს და გვჯერა აუცილებლობა ბ-ნ ზვიად გამსახურდიას მიერ 1990 წლის 14 ნოემბერს უზენაესი საბჭოსადმი დასახული მიზნისა:

„ჩვენმა მოძრაობამ მიაღწია ჭეშმარიტად მრავალპარტიული პარლამენტის არჩევას, რომელიც იქნება არა მხოლოდ უზენაესი საკანონმდებლო ორგანო ჩვენი ქვეყნისა, არამედ იქნება ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი და კორდინატორი და ამავე დროს ეროვნული დაუმორჩილებლობის განხორციელების ძირითადი სამართლებრივი ინსტიტუტი!“

დიახ ბატონებო! ჩვენ გვწამს, რომ უზენაესი საბჭოს წევრები კი არ უნდა დარბოდნენ აქეთ-იქით სხვადასხვა ვითომ ეროვნულ ნიადაგზე მდგომ პარტიებსა და გაერთიანებებში გარკვეული მიზნების მისაღწევად, არამედ თავად უზენაესი საბჭო (ხაზს ვუსვავთ უზენაესი საბჭო როგორც ინსტიტუტი და არა ცალკეული წევრები), თავად უზენაესი საბჭო უნდა იყოს ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი და კორდინატორი!!! ჩვენ ამ საკითხში ყველანაირად გვერდში დავუდგებით მათ!

მოგმართავთ ყველას! გთხოვთ, მოგვიტევოთ ჩვენ და მივუტევოთ ერთმანეთს, თუ ამ ხანგრძლივ, დაუნდობელ ბრძოლაში ყოველთვის სათანადოდ ვერ ვიდექით ერთმანეთის გვერდით! ფაქტია, ჩვენში არ არსებული ერთიანობის გამო, ერს გადაგვარებისაკენ მიაქანებენ! ამიტომაც დაჟინებით გთხოვთ დავივიწყოთ მცირედი ურთიერთწყენაც კი, გავერთიანდეთ და ვიმოქმედოთ. ცხადია ეს არ იქნება, მარტივი, რადგან მტერი ყველანაირად შეეცდება არ დაუშვას ჩვენი გაერთიანება. ამიტომაც ამ გზით სიარული დიდ თავდადებასა და უკომპრომისო ბრძოლას საჭიროებს! გჯეროდეთ, ამ ბრძოლაში ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით!!! ჩვენ მტკიცედ მივყვებით ჩვენს გაცხადებულ პოზიციას, ეროვნული მოძრაობის გაერთიანების აუცილებლობის გზას, რომელიც თვით ბ-ნმა ზვიად გამსახურდიამ დაგვისახა ჯერ კიდევ 1990 წლის 28 ოქტომბრის ღამეს არჩევნებში ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ:

„… მიუხედავად იმისა რაც მოხდა ეროვნულ მოძრაობაში, ჩვენი ლტოლვაა ისევ გამთლიანება, ისევ აღდგენა ერთიანობისა ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენი უმთავრესი მიზანია ეროვნული შემწყნარებლობა, შერიგება, სიყვარული, ურთიერთგაგება.
იმპერიამ, იმპერიულმა ძალებმა დაქსაქსეს ეროვნული მოძრაობა, სხვაგვარად ისინი ვერ მოახერხებდნენ გამარჯვებას. … სადაც იმპერია გვთიშავს – იქ ჩვენ უნდა შევაერთოთ, სადაც იმპერია იწვევს შუღლს -ჩვენ სიყვარული უნდა ვთესოთ, სადაც იმპერია სიძულვილს თესავს – ჩვენ ურთიერთგაგება უნდა აღვადგინოთ!

…მაგრამ ვაი, რომ ამ იმპერიისგან მოწამლულნი ვართ ყველანი და ვერ განვთავისუფლდით ამ ჩვევისგან. საკმარისია ურთიერთის მიმართ გამოვთქვათ რაიმე

განსხვავებული, რომ მტრებად ვიქცევით. არ არის ეს ლამაზი, მეგობრებო. გამოთქვას სხვამ ჩვენს შესახებ ცუდი აზრი, გამოთქვას ცუდი შეხედულება – მოდი ნუ გავხდებით სასტიკ მტრად, ნუ დავუპირისპირდებით. საქმით დავარწმუნოთ რომ ის ცდება! მოდით ასე ვიდოდეთ ჩვენს ცხოვრებაში.

…მე იმას კი არ ვამბობ, მეგობრებო, რომ ღალატი ვაპატიოთ ვინმეს, მაგრამ მოდით დავამკვიდროთ მეტი შემწყნარებლობა გამოთქმული აზრისადმი, მეტი ურთიერთგაგება. უნდა გვახსოვდეს ადამიანი ზოგჯერ ცდება უნებლიედ, ზოგჯერ ცდება ემოციებით და იმ წუთისთვის იმ წამისთვის, როდესაც მან უარყოფითი პოზიცია გამოავლინა ჩვენს მიმართ, მას ნუ შევიძულებთ, ეს ჩვენი დევიზი უნდა იყოს! და მხოლოდ ამ გზით მივაღწევთ საქართველოს ერთ მთლიან მუშტად შეკვრას და იმპერიული ძალებისადმი დაპირისპირებას. სხვაგვარად არაფერი გამოგვივა.

… ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ყოველგვარ პიროვნულზე, პიროვნულ წყენაზე მაღლა მეგობრებო. პიროვნულ წყენას და შეურაწყოფას ვინც ვერ აპატიებს მოყვასს, იმას პოლიტიკაში და ეროვნულ მოძრაობაში ადგილი არ აქვს. ეს გახსოვდეთ ყველას!

ამას იმიტომ ვქადაგებ, რომ ჩვენს შორის აღვივებენ შუღლს. იმპერია (მტერ გ. ჩ.) ცდილობს ურთიერთშუღლისა და მტრობის მორევში ჩაგვახრჩოს. ეს მან ვერ უნდა შეძლოს. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი (ერთადერთი გ. ჩ.) უმთავრესი ამოცანა და მიზანი.“ /ზვიად გამსახურდია, 28 ოქტომბერი 1990წ./

აი ამ იდეებისადმი ერთგულება (შერიგების აუცილებლობა) იქნება ტესტი ყველა ქართველისთვის და რაღა თქმა უნდა ყველა „ზვიადელისთვის“, რომლთა შორის ბევრი მის სახელს მხოლოდ საკუთარი პატრიოტობის „თვითდამკვიდრების ჭიის“ გასახარებლად თუ ეფარება, რადგან ვერ ახერხებს რა ლიდერის პოზიციის მორგებას (შენარჩუნებას), ბოროტდება და ცდილობს სულ უფრო მეტი და მეტი ტალახი მოსცხოს სხვას რათა სხვისი დამდაბლებით საკუთარი თავი ამაღლებულად წარმოაჩინოს?! თითვეული „ზვიადელი“ ნებისმიერ პოლემიკაში საბოლოო ჯამში კამათში გადადის. ყველა ცდილობს „წარსულის გვირგვინი“ თავის თავზე მოირგოს: მე ეს გავაკეთე შენ სად იყავი, რატომ მაშინ მე არ დამიდექი გვერდში, მე ხომ ამით თავს ვწირავდი რათა ქვეყანა გადამერჩინა. და ეს ყოველივე მაშინ, როდესაც ნებისმიერ ამ მიმდინარეობაში უამრავი ოჯახია განადგურებული და სამშობლოს კეთილდღეობისთვის ბრძოლაში თავშეწირული! პატივი ვცეთ მათ ხსოვნას! პატივი ვცეთ მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ხსოვნას! მივყვეთ მათ არჩეულ გზას -გავერთიანდეთ!!!

თვითვეული ჩვენთაგანი საკუთარ არჩეულ გზას მიიჩნევს შეუმცდარ, იდეისა და სამშობლოს კეთილდღეობის მომტან გზად (თანაც ერთადერთ) და დანარჩენ ყველას იდეის და სამშობლოს მოღალატედ აღიქვავს. არვის არ უნდა აღიაროს, რომ შეიძლება ჩემი არჩეული გზაც იყოს მცდარი.

მივმართავ ყველას: მეგობრებო, ძმებო, დებო, საკუთარ თავში დარწმუნებულო სამშობლოს მოსიყვარულე თანამებრძოლებო: აგერ ყველას წინ გვაქვს პროგრამა ჩვენი მოქმედებისა, რომელიც თვით ბ-ნმა ზვიად გამსახურდიამ შეგვიდგინა – გზა საქართველოს გადარჩენისა. იგი შემწყნარებლობისა და მიტევებისკენ მოგვიწოდებდა მაშინაც კი, როდესაც ტრიუმფალურ გამარჯვებას მიაღწია, და რომ თითქოს და არ უნდა ეფიქრა ასეთ რამეზე. ზუსტად ამიტომ იყო ბ-ნი ზვიადი უდიდესი მამულიშვილი, რომ თვით ასეთ წუთებშიც კი, დიდების შარავანდედში მყოფი, გამარჯვების ზეიმის ნაცვლად სამშობლოს მომავალზე ფიქრობდა და ერთიანობისკენ გვიბიძგებდა.

თვითვეულმა ჩვენთაგანმა თავად უნდა გადაწყვიტოს ეთანხმება თუ არა იგი ამ გეგმას, მოთოკოს თავისი ამბიციები, ამაღლდეს საკუთარ თავზე მაღლა, რათა დავივიწყოთ ახლო წარსული და გავიხსენოთ ის რაც გვაერთიანებდა, ის თუ რატომ ვიდექით და ვიბრძოდით ერთად, რატომ ვწირავდით ერთმანეთის გულისთვის საკუთარ თავს. დავუბრუნდეთ ჩვენი ერთად დგომის, ერთად ბრძოლის საწყისს.

მოვუწოდებთ ყველას! დავძლიოთ ჩვენში არსებული უთანხმოებანი, თუ გაუგებრობანი გავერთიანდეთ უზენაესი საბჭოს ირგვლივ, რაც საწინდარი იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და გაბრწყინებისთვის ბრძოლაში!

გვფარავდეს ღმერთი ჩვენს სამართლიან ბრძოლაში!

ამინ!

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის
ვეტერანთა კავშირი

14.11.2019

 
%d bloggers like this: