IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გვარდიის ვეტერანთა კავშირის მიმართვა ქართველ ერს

• სეგმ

25594241_307710489742042_1139383975062208318_n[1]

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის
მ ი მ ა რ თ ვ ა
ქართველ ერს

ძვირფასო მეგობრებო! ძმებო და დებო! მოგესალმებით ყველას და მოგილოცავთ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპის დაწყებას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წლის 14 ნოემბერს, ეროვნული ბიბლიოთეკაში!

მადლობა უზენაესი საბჭოს ყველა იმ დეპუტატს, ვინც გადალახა ყოველგვარი წინააღმდეგობა, უკან დატოვა საკუთარი ამბიცია, არ შეუშინდა შესაძლო ინტრიგებს (თქვენ წარმოიდგინეთ ფარულ მუქარასაც კი), არაფრად ჩააგდო თავისი ჯამრთელობა მოვიდა ამ დღეს და განაცხადა – დიახ ჩვენ ვალდებული ვართ მივყვეთ იმ გზას, იმ ამოცანას, რომელიც მოგვინიშნა თვით ბ-ნა ზვიად გამსახურდიამ 1990 წლის 14 ნოემბერს:

უზენაესი საბჭო „იქნება არა მხოლოდ უზენაესი საკანონმდებლო ორგანო ჩვენი ქვეყნისა, არამედ იქნება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი და კოორდინატორი და ამავე დროს ეროვნული დაუმორჩილებლობის განხორციელების ძირითადი სამართლებრივი ინსტიტუტი!“

დიახ ბატონებო კარგად გავიაზროთ და მტკიცედ გავითავისოთ – უზენაესი საბჭო ეს არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი და კორდინატორი!!! ჩვენ ყველა, ვინც თავს ვთვლით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლად, ჩვენი სიმპათიებისა თუ ანტიპათიების მიუხედავად ვალდებული ვართ გავერთიანდეთ უზენაესი საბჭოს ირგვლივ!!!

მოვუწოდებთ ყველას! დავძლიოთ ჩვენში არსებული უთანხმოებანი, თუ გაუგებრობანი გავერთიანდეთ უზენაესი საბჭოს ირგვლივ, რაც საწინდარი იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და გაბრწყინებისთვის ბრძოლაში!

ავაღორძინოთ ეროვნული მოძრაობა – ეს ჰგავს მწარე ვაზის ძირზე, რომ კარგს დაამყნობ – ნამყენია უკვე. დამყნობის პროცესი ეს მონანიება და მიტევებაა, შედეგი – ნამყენი (საუკეთესო), ეს ეროვნული სულის აღორძინებაა! მიტევება ჩვენი რწმენაა, მონანიება – ჩვენი მოვალეობა!

„შეცდომა ყველას მოუვა, მაგრამ ვინც შეცდომას იცავს ის სულელია“ /ციცერონი/

„გახსოვდეს, აზრის შეცვლა და ისეთი მოქმედება, რაც შენს შეცდომას გამოასწორებს უფრო შეჰფერის თავისუფლებას, ვიდრე შეცდომის ჯიუტად დაცვა“ /მარკუს ავრელიუსი/

„…ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ყოველგვარ პიროვნულზე, პიროვნულ წყენაზე მაღლა მეგობრებო. პიროვნულ წყენას და შეურაცხყოფას ვინც ვერ აპატიებს მოყვასს, იმას პოლიტიკაში და ეროვნულ მოძრაობაში ადგილი არ აქვს. ეს გახსოვდეთ ყველას! …იმპერია ცდილობს ურთიერთ შუღლისა და მტრობის მორევში ჩაგვახრჩოს.  ეს მან ვერ უნდა შეძლოს. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და მიზანი.“ /ზვიად გამსახურდია, 28 ოქტომბერი 1990წ./

ჩვენ არაერთხელ მიგვიმართავს დღეს პრაქტიკულად გათითოკაცებული ჭეშმარიტი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებისთვის, მივმართეთ. ა. წ. 14 ნოემბერსაც და კიდევ ერთხელ მივმართავთ ყველას:

მეგობრებო, ძმებო, დებო, საკუთარ თავში დარწმუნებულო სამშობლოს მოსიყვარულე თანამებრძოლებო: აგერ ყველას წინ გვაქვს პროგრამა ჩვენი მოქმედებისა, რომელიც თვით ბ-ნმა ზვიად გამსახურდიამ შეგვიდგინა – გზა საქართველოს გადარჩენისა. იგი შემწყნარებლობისა და მიტევებისკენ მოგვიწოდებდა მაშინაც კი, როდესაც ტრიუმფალურ გამარჯვებას მიაღწია, და რომ თითქოს და არ უნდა ეფიქრა ასეთ რამეზე. ზუსტად ამიტომ იყო ბ-ნი ზვიადი უდიდესი მამულიშვილი, რომ თვით ასეთ წუთებშიც კი, დიდების შარავანდედში მყოფი, გამარჯვების ზეიმის ნაცვლად სამშობლოს მომავალზე ფიქრობდა და ერთიანობისკენ გვიბიძგებდა.

თითოეულმა ჩვენთაგანმა თავად უნდა გადაწყვიტოს ეთანხმება თუ არა იგი ამ გეგმას, მოთოკოს თავისი ამბიციები, ამაღლდეს საკუთარ თავზე მაღლა, რათა დავივიწყოთ ახლო წარსული და გავიხსენოთ ის რაც გვაერთიანებდა, ის თუ რატომ ვიდექით და ვიბრძოდით ერთად, რატომ ვწირავდით ერთმანეთის გულისთვის საკუთარ თავს. დავუბრუნდეთ ჩვენი ერთად დგომის, ერთად ბრძოლის საწყისს.

გვახსოვდეს, ეროვნული მოძრაობა ის კამკამა წყაროა, რომლის სათავესთან უნდა იმყოფებოდე მუდმივად, წინააღმდეგ შემთხვევაში ან გაქრები, ან სხვა დინებას შეუერთდები, რომელიც საბოლოო ჯამში ზღვაში შთაინთქმება.

„სწრაფი წყაროც ვერ მიაღწევს ზღვას
გზაზე უნდა შეუერთდეს სხვას.“/ხალხური/

მოვუწოდებთ ყველას! დავძლიოთ ჩვენში არსებული უთანხმოებანი, თუ გაუგებრობანი გავერთიანდეთ უზენაესი საბჭოს ირგვლივ, რაც საწინდარი იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და გაბრწყინებისთვის ბრძოლაში!

„შეგვაძლებინე, მაღალო ღმერთო,
მოყვასთა ჩვენთა მუხლი ვუყაროთ,
მოძმე მკერდიდან არ მოვიკვეთო,
ტრფიალი მისი არ განვიქარვო.“ /მერაბ კოსტავა/

დასასრულს კიდევ ერთხელ მოუხდით დიდ მადლობას უზენაესი საბჭოს ყველა იმ დეპუტატს ვინც ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ ღონისძიებაში, ასევე ყველა იმას ვინც აწი აქტიურად ჩაერთვება აღნიშნული მიმართულებით მუშაობაში და ამით თავის უდიდეს წილს შეიტანს ეროვნული ძალების სრულ მობილიზაციასა და ჩვენი ქვეყნის აღორძინების საქმეში!!! დიდი მადლობა ამ ღონისძიების ორგანიზატორებს და პირადად ბ-ნ ნუგზარ შავთვალაძეს თავდაუზოგავი მუშაობისთვის!

ჩვენ აუცილებლად ყველანაირად გვერდში დავუდგებით, უზენაესი საბჭოს ირგვლივ გაერთიანებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და ვიქნებით მისი ერთგული ჯარისკაცები!!!

გჯეროდეს! ინებებს ღმერთი, დაგვიდგენს ისეთ ჟამს, ზარების რეკვით, როდესაც ყველას მოგვიყრის თავს! ქართული სული აღორძინდება იმავე წამს! ახდება ნატვრა – საქართველო კვლავ გაბრწყინდება!!! ამინ!

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის
ვეტერანთა კავშირის პრესსამსახური

15.11.2019

 

 
%d bloggers like this: