IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ჰელსინკის კავშირი: წერილი-მიმართვა.

helsinkis kavshiri

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება
“საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება“

• სეგმ

georgia

გერმანიაში. გოტინგენის ბიბლიოთეკაში დაცული ფრანგული რუკა.
რუკაზე აღნიშნულია საქართველო 1920 წლის მონაცემებით

წ ე რ ი ლ ი – მ ი მ ა რ თ ვ ა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციას,
მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს, საერთაშორისო თანამეგობრობის და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ორგანიზაციებს

გამოხმაურების, ოფიციალური მსვლელობის მხარდაჭერისა და სათანადო წარმართვისათვის

მოგესალმებით და გიდასტურებთ ქართველი ხალხის დიდ ეროვნულ აღიარებას თქვენი უმნიშვნელოვანესი მისიისას დღევანდელი კაცობრიობის ეპოქალურად საბედისწერო განსაცდელის ჟამს, გიდასტურებთ ჩვენს რწმენას, რომ კაცობრიობის სასიცოცხლო პერსპექტივაში, ამ პერსპექტივის სწორად წარმართვაში, უდიდესი როლი შეუძლია, შეასრულოს თქვენმა ძალისხმევამ.

ამ უდიდესი როლის შესრულებისათვის კი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავად თქვენს სამოქმედო სტრატეგიას, ამასთან მსოფლიოს ხალხთა კეთილშობილი სულისკვეთების მთელი პოტენციალის ათვისებას, რამდენადაც სწორედ ეს ინტეგრაცია და მისი ხარისხი კიდევ უფრო ნათლად წარმოსახავს თქვენს პოლიტიკურ სიღრმესა და სახეს.

სწორედ თქვენი პასუხისმგებლობა მსოფლიოს წინაშე, პლანეტარული უსაფრთხოებისა და კაცობრიობის სიცოცხლის გადარჩენის საქმეში, დღეს იმდენად მაღალ ახალ ეპოქალურ ხარისხშია ასული, რომ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მსოფლიოს ახალი წესრიგის სრულიად ახალ მასშტაბს, დონეს და დღის წესრიგში აყენებს, როგორც გადაუდებელ შესასრულებელ ამოცანას.

ცივილიზაციათა ათასწლეულებ გამოვლილი ქართველი ერი, ცხადია, ვერ იქნება გულგრილი მაყურებელი ვერც ამ ზოგადსაკაცობრიო პასუხისმგებლობისა და, მითუმეტეს, ვერც საკუთარი ეროვნული პერსპექტივისა, რომლის ზოგადი სამართლებრივი პრინციპებიც, დღეს, საერთაშორისო ასპარეზზე წყდება.

ვფიქრობთ, აღნიშვნის ღირსია ფაქტი, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საერთაშორისო თანამეგობრობაში გაწევრიანებისათვის სწრაფვა ქართული საზოგადოებრიობის ეროვნულმა სულისკვეთებამ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის დროს გამოხატა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი ერთგვარი საყვედურის წერილით. საყვედურის შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ ცივილიზაციათა ათასწლეულებ-გამოვლილ ქართველ ერს, რომელსაც თავისი ეროვნული ინდივიდუალობა მკაცრად ჰქონდა დაცული, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრობის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა, რადგან მას არ ჰქონდა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა და სახელმწიფოთა გარკვეული იდეოლოგიური კავშირის, ანუ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა (იხ. ქართულენოვანი ჟურნალი:“სახელმწიფო და სამართალი“, რედაქტორი პროფ, თედო ნინიძე, 1990 წელი, #2).

მთელს საბჭოთა სივრცეში, ჰელსინკის 1975 წლის დეკლარაციაზე აღმოცენებულ დისიდენტურ მოძრაობებში ჩართულმა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობად გარდასახულმა, საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მოპოვებისას, უკვე საქართველოს ოფიციალური პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარი მიზანდასახულების სახით ჩამოყალიბებულმა – „საქართველოს ჰელსინკის კავშირმა“ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ერთად, ჯერ კიდევ 1989 წლის 25 თებერვალს მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დეკლარაციით: „საქართველოს ერთიანი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლობას გააჩნია ისტორიული, იურიდიული, პოლიტიკური და მორალურ-სამართლებრივი საფუძველი, მოითხოვოს საქართველოს

ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. საქართველოს მომავალი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, შეიყვანს თუ არა მას დემოკრატიული სამყარო მსოფლიო პოლიტიკის არეალში, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს?!“

მრავალჯერადად აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება” არის თანამოაზრეთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება, საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოში 1976 წელს შექმნილი ,,ჰელსინკის ხელშეკრულებისათვის” ხელშემწყობი ჯგუფის, შემდგომ „საქართველოს ჰელსინკის კავშირისა” და მოგვიანებით მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაქმნის შედეგად ჩამოყალიბებული „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება” – დღესდღეობით ლეგიტიმური ხელისუფლების ერთადერთი შემორჩენილი სამართალმემკვიდრე, საქმიანობისა და ტრადიციების გამგრძელებელი ორგანიზაცია, სამართლებრივი სტატუსის მქონე იურიდიული სუბიექტი და ინსტიტუცია.
კავშირის საქმიანობის ფუძემდებლურ პრინციპებს წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა. კავშირი მიიჩნევს, რომ ამ პრინციპებიდან გამომდინარე ადამიანის ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური, ეროვნული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ცხოვრებაში გატარება წარმოადგენს ადამიანის ღირსებების უზრუნველყოფის, მისი კანონიერი რეალიზაციის, მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის, დემოკრატიული და სამართლებრივ სახელმწიფოთა მშენებლობის, მათი მშვიდობიანი თანამშრომლობის საძირკველს.

კავშირი პატივს სცემს ხალხთა თანასწორუფლებიანობას, საკუთარი ბედის გამგებლობას, მხარს უჭერს საომარი კონფლიქტების, გათიშულობისა და კონფრონტაციის თავიდან აცილების სამშვიდობო ცივილიზებულ პოლიტიკას.

კავშირი იბრძვის ადამიანის უფლებების დარღვევის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ, საქართველოს სახელისუფლებო კანონიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა-შენარჩუნებისათვის, საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფის წინააღმდეგ, დემოგრაფიული ექსპანსიის შესაჩერებლად, ეროვნული თანხმობისა და ერთიანობისათვის, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი ყველა ის ძირითადი უფლებანი, რომლებიც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლის ნორმებით.

კავშირი 1976 წლიდან არის `საერთაშორისო ამნისტიის” (ცენტრი-ლონდონში) წევრი, 1990 წლის 22 სექტემბრიდან არის `ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშირისო ასოციაციის” (IGFM-ISHR, მაინის ფრანკფურტი) ასოცირებული წევრი.

“საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება” მჭიდროდ თანამშრომლობდა და კვლავაც სურს გააფართოვოს ურთიერთობები აშშ-ს სამართალდამცავ ორგანიზაცია “ჰიუმან რაითს ვოთჩთან”, რუსეთის საზოგადოება `მემორიალთან”, დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის ჰელსინკის ჯგუფებთან, ფინეთის პარლამენტის ე. წ. `საქართველოს ჯგუფთან”, პატიმართა უფლებების დამცავ ორგანიზაცია `საერთაშირისო ამნისტიასთან” (ინგლისი) და ა.შ.

ყოველივე ეს და არაერთი სხვა მასალა თვალნათლივ ადასტურებს კავშირის საერთაშორისო სტატუსსა და ავტორიტეტს.

საქართველოში, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმში: „ეთანხმებით თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ ამომრჩეველთა 89,9%-მა მისცა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას, ამასთან დამოუკიდებლობის აღდგენის ამ წესითა და ფორმით.

საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები იმავე დღეს ცნო ლეგიტიმურად ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა. ამავე, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს განხორციელდა ოფიციალური გამოცხადება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის პირველივე სესიაზე. საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობა აღიარა, სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის მიღების საფუძველზე.

თუ გულახდილები ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ თქვენს წინაშე ის სიმართლეც, რომელიც „საქართველოს ჰელსინკის კავშირისათვის“ დაფარული და მიუწვდომელი არ არის, ხოლო ქართველი ხალხისთვის, სამწუხაროდ, დღემდე გაურკვეველია მისი ქვეყნის, საქართველოს გაეროში გაწევრიანების პროცედურა, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან ოფიციალურად გამოსულმა და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის სტატუსით უფლებამოსილმა საქართველომ, მისი პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მეშვეობით, უკვე სუვერენულ სახელმწიფოებად გარდასახული ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ყველა დანარჩენ ხელმძღვანელებთან ერთად, სათანადო დოკუმენტაციის წარდგინებით, ოფიციალურად მოითხოვა, საქართველოს გაწევრიანება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, მოითხოვა მაშინვე, როგორც კი 1991 წლის 31 მარტის სახალხო რაფერენდუმის შედეგად, ისტორიული დოკუმენტით დაადასტურა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა იყო არა მხოლოდ საქართველოს დისიდენტური მოძრაობის მიზანი, არამედ ნება და სურვილი მთელი ქართველი ხალხის.
მოითხოვა, მოიპოვა და დაკარგა.

„საქართველოს ჰელსინკის კავშირისათვის“ ცნობილია, როგორ მოიპოვა და როგორ დაკარგა მტრულად შემართული მსოფლიოს საიდუმლო ძალებითა და საიდუმლო მეთოდებით, რევოლუციებისა და სახელმწიფო გადატრიალებების სპეციალისტთა მიერ შემუშავებული პროექტებით.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების: „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინების“ (შემოკლებით „საქართველოს ჰელსინკის კავშირი“) წარმომადგენელთათვის ცნობილი გახლავთ, ის, რაც ფართო საზოგადოებრიობისათვის დღესაც მიუწვდომელია. მოპოვებული საარქივო წყაროებით დასტურდება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში წარგზავნილი, საქართველოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის ოფიციალური დოკუმენტაცია. ცნობილი გახლავთ ისიც, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალური წესრიგით იქნა განხილული და რომ ეს განხილვა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ წარგზავნილი დოკუმენტაციისა, შესდგა უკვე 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის დღეებში, საქართველოში მიმდინარე სახელმწიფო გადატრიალების პროცესების პარალელურ რეჟიმში. გაცნობიერებული გახლავთ ისიც, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება საქართველოს ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ, იყო შედეგი საერთაშორისო ფარული შეთქმულებისა, რომელიც, მათი აზრით, მსოფლიოს პოლიტიკური დინების საწინააღმდეგოდ მიემართებოდა. გაცნობიერებული გახლავთ ისიც, რომ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების მოთხოვნისათვის ოფიციალური დოკუმენტაცია გაიგზავნა მანამ, სანამ საქართველოში, სახელმწიფო გადატრიალების პროცესები წარმოჩინდებოდა. როგორც კი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ბატონმა ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 31 მარტის სახალხო რეფერენდუმით შექმნა ისტორიული დოკუმენტი და დაადასტურა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა იყო არა მხოლოდ დისიდენტური მოძრაობის მიზანი, არამედ ნება და სურვილი მთელი ქართველი ხალხისა და მსოფლიო საზოგადოებრიობამ აღიარა რეფერენდუმის შედეგები. ამასთან, მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დაშლის მოტივით

მთელი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლობამ მიიღო უფლება ამავე მოთხოვნის წარდგინებისა და მაშინვე წარგზავნილ იქნა მთელი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკების დოკუმენტაციებიც.

საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებისათვის, ცხადია, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მის გაწევრიანებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სწორედ ყველასაგან განსხვავებული სტატუსის გამო (რეფერენდუმის შედეგად მიღებული საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის თანახმად).

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ჰელსინკის კავშირის“ წარმომადგენლთათვის ცნობილია ისიც, რომ ზვიად გამსახურდიას მიერ წარდგენილი დოკუმეტაცია საქართველოს გაწევრიანებისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ერთხმად იქნა მოწონებული და მხარდაჭერილი, რამეთუ, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებისათვის წარგზავნილი დოკუმენტაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისათვის აღმოჩნდა ყველა სხვა რესპუბლიკის დოკუმენტაციაზე უფრო უკეთ მომზადებული და ხაზგასმით მოწონებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტერიუმებისათვის.

მაგრამ, მიუხედავად ასეთი დიდი მხარდაჭერისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთელი ასამბლეის მხრიდან, მოხდა სასწაული: საქართველოს გაწევრიანების საკითხი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აღმოჩნდა ხელახალი განხილვის საგანი. ცხადია, ჩნდება კითხვა: სწორედ იმ დროს, როცა საქართველოს გაწევრიანება და გაეროს მხარდაჭერა ასე ჰაერივით ესაჭიროებოდა სახელმწიფოს, ვის შეეძლო და ვის აინტერესებდა მისი გაეროში გაწევრიანების აქტი ექცია აუცილებელი გადამოწმებისა და ხელახალი განხილვის საგნად?!

სამწუხაროდ, საქართველოს საკითხი ხელახლა განხილვას დაექვემდებარა, რომელშიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამ გზით ჯერ ისევ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი, ბატონი ედუარდ შევარდნაძე და მისი „მშობლიური ქვეყანა – საბჭოთა კავშირი“ აღმოჩნდა უფლებამოსილი და თავგანწირული მსურველი ვეტო დაედო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ უკვე პირველივე განხილვის გადაწყვეტილებით აღიარებული საქართველოს წევრობისათვის. მიზანი ამ თავგანწირვისა, ცხადია, ნათელზე ნათელია: საქართველოს რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლებისათვის, ბატონ შევარდნაძეს, საქართველოს მიერ მოპოვებული გაეროს წევრობის წაშლით უნდა აღეკვეთა შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო მხარდაჭერისა და ნებისმიერი დახმარებისა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხრიდან. სწორედ შევარდნაძის ვეტოთი აღმოჩნდა დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებაც და თავად დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ლეგიტიმურად არჩეული უკანასკნელი პრეზიდენტიც სრულიად დაუცველი, რადგან შევარდნაძის ვეტო დადებული საქართველო აღმოჩნდა ყოველგვარი ვინაობის გარეშე: იგი აღარ იყო აღარც საბჭოთა რესპუბლიკა, აღარც გაეროს წევრი ქვეყანა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. დღემდე შეუფასებელია საქართველოში განხორციელებული სახელმწოფო გადატრიალების დანაშაულებრივი მახასიათებლები. როგორც ცნობილია, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ლიდერობით წარმართული XX საუკუნის მეორე ნახევრის დიდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობით მოპოვებული დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ძალაუფლება, მსოფლიოს ფარული ძალების მხარდაჭერით, ხელში აიღო „მსოფლიოს წესრიგის“ ერთ-ერთი არქიტექტორის სტატუსით მოვლენილმა საბჭოთა საქართველოს მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა და საბჭოთა კავშირის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა – ედუარდ შევარდნაძემ. საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მმართველობაში დარული და ზოგჯერ ღია მხარდაჭერით მოდის პიროვნება, რომელიც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ხელმძღვანელობს ყველა უღირსი მექანიზმის გამოყენებით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც გაეროს მიერ და არც სხვა რომელიმე დონეზე არ მისცემია საუკუნის ამ დანაშაულს ჯეროვანი შეფასება.

დღეს, როდესაც საქართველოში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე მიუღწეველია იურიდიული პასუხის დოკუმენტირება, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საკითხი მიზანდასახულია, როგორც ეროვნული იდეოლოგიის აღკვეთა, ეს აღკვეთა იწყება მერაბ კოსტავას მკვლელობით და სრულდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთიანი მმართველი ძალის თავიდან მოშორებით.

„საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება“, როგორც საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი პრეზიდენტის – ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოში 1976 წელს შექმნილი ,,ჰელსინკის ხელშეკრულებებისათვის“ ხელშემწყობი ჯგუფის სამართალმემკვიდრე და საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი, სამართლებრივი მმართველი პოლიტიკური ორგანიზაცია, კონსტიტუციურად კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრე და იურიდიულ-სამართლებრივი ერთადერთი შემორჩენილი სუბიექტი, თავის ტრადიციულ ჟურნალში „მატიანე“-ში აქვეყნებს უნიკალური მნიშვნელობის წერილს, რომლითაც ამხელს საქართველოში მიმდინარე სახელმწიფო გადატრიალების მთელ სიღრმეს და კავშირს იმ ძალასთან, რომლის წარმომადგენელია ედუარდ შევარდნაძე, ინიციატორი და განმახორციელებელი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ეროვნული იდეოლოგიის შეცვლისა და სახელმწიფოს გაუკუღმართებისა.

ვფიქრობთ, აღნიშნული ფაქტები საკმარისად აშუქებენ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის ბრძოლის ორ უმნიშვნელოვანეს ეტაპს:

1) „ჰელსინკის 1975 წლის დეკლარაციაზე“ აღმოცენებული დისიდენტური მოძრაობისას, დაგვირგვინებულს ქართველი ხალხის მონოლითური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობით მოპოვებული სახელმწიფო დამოუკიდებლობითა და სახელმწიფო ძალაუფლების მფლობელად ეროვნული ხელისუფლების რამდენიმეთვიანი მოყვანით;

2) ეროვნული ხელისუფლების შეცვლას დღემდე გაუანალიზებელი და შეუფასებელი სახელმწიფო გადატრიალების გზით, თავსმოხვეული უცხო იდეოლოგიითა და მმართველობით.

უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, მსოფლიოს ახალი წესრიგისათვის გააზრებული ინტერესებიდან გამომდინარე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები აღიქმებიან როგორც მსოფლიოს ახალი წესრიგის ვითომ ხელისშემშლელნი და ყველაფერი კეთდება მათი აცილებისა და დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო მმართველობაში ჩანაცვლებისათვის.

სრული სიმკვეთრით შეიძლება განვაცხადოთ, რომ საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების გზით, განხორციელდა არა მხოლოდ ეროვნული ხელისუფლების საკადრო, ანუ პიროვნული შეცვლა, არამედ ეროვნული ხელისუფლების მისადაგისი ეროვნულ-მსოფლმხედველობრივი იდეოლოგიის ალტერნატიული იდეოლოგიური თეორიით შეცვლა, რითაც განხორციელდა არა მხოლოდ ეროვნული ხელისუფლების განდევნა საქართველოდან, არამედ განდევნა ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეოლოგიისა, ეროვნული ინტერესებისა და ეროვნული ღირებულებებისა.

სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსულმა შევარდნაძემ სახელმწიფო აზროვნების ასპარეზიდან, ელვის სისწრაფით, ეროვნულ იდეოლოგიასთან ერთად, გააძევა „ჰელსინკის დეკლარაციაც, რადგან ჰელსინკის დეკლარაციით სახელმწიფო დამოუკიდებლობის იდეა და მისი განხორციელების მიზანდასახულობა განუყრელად იყო დაკავშირებული ხალხისა, თუ ერების თვითმყოფადობადი განვითარების იდეასთან.

1991-1993 წლების შეიარაღებულმა სამხედრო-კრიმინალურმა, სახელმწიფო გადატრიალებამ საფუძველი დაუდო ტოტალურ უკანონობას, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა მასობრივ დარღვევებს, დაამკვიდრა რა ძალმომრეობის კულტი, მოსახლეობის ნაწილში დაამდაბლა სამართალშეგნება, ან სულაც უარი ათქმევინა მას კანონის უზენაესობის პრინციპზე. ამან კი თავისთავად დააბრკოლა საქართველოში სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების განმტკიცება, ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაძლიერება და, ამასთან, ქვეყნის საკაცობრიო განვითარებაც. ცხადია, შექმნილმა ვითარებამ განსაზღვრა თავისუფლებისა და დემოკრატიის საფუძვლად ძალადობის მიჩნევა, რამაც მრავალ უკიდურესობას მისცა გასაქანი.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის საკითხი დღეს გლობალური პრობლემაა. დღეს, აშკარად ვხვდებით უფლებათა გაუგონარ დარღვევებს, უფლებებისა, რომელსაც ხელყოფენ, როგორც სახელმწიფოთა მთავრობები, ასევე, ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც უფლებათა დაცვის ეგიდით სარგებლობენ. „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება“ ფიქრობს, რომ ფორმალიზმი, ან თუნდაც ზერელე დამოკიდებულება დამღუპველად მოქმედებს უფლებათა დაცვის ჭეშმარიტი განხორციელების იდეაზე.

თანამედროვე გლობალიზაციის პროცესში დამკვიდრდა ცალსახა შეხედულებები, არსებობს ერთი მიმართულება, რომელიც საიდან მოდის არავინ იცის, მაგრამ ყველანი ჯარისკაცებივით მიჰყვებიან მას. ასეთი მიდგომა მსოფლიო მომავლის გადაწყვეტაში მცდარია და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევასაც ამ წესითა და რიგით გამართული პროგრამით ეცლება საფუძველი.

„საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება“ გამოდის ინიციატივით დროზე მოვეგოთ გონს, დროა შეჩერებისა, მაგრამ როგორ? – ამისათვის „ჰელსინკის“ სახელით შექმნილმა და ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უპირველესად, უნდა აღიაროს საერთაშორისო დონეზე შექმნილი პარანორმალური სიტუაცია უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებში და შეთანხმდეს ურთიერთობის გაგრძელებაზე საერთაშორისო სტანდარტებით, რომელშიც აუცილებელია თანამედროვე ეპოქის ზოგადსაკაცობრიო დონის გათვალისწინებით ცვლილებათა შეტანა, რაშიც უნდა მოიაზრებოდეს სახელმწიფოთა სოციალურ-პოლიტიკური ვითარების ინდივიდუალური, ეპოქალური თავისებურებები. მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებში ცვლილებებით უნდა დაიწყოს გარდატეხა ამ სფეროში. ცვლილებები უნდა შეეხოს ყველა მუხლს, იმ თვალსაზრისით, რასაც ჰქვია რეალობისთვის ჯანმრთელი აზროვნებით თვალის გასწორება.ანუ ყველა და ყველაფერი საზოგადოების სხვადასხვა ფენის ყოველდღიური საყოველთაო ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს.

საკმაო დაგვიანებით, მაგრამ მაინც შესაფერისი ახალი გარემოებებისა და პოლიტიკურ – პროცესუალური ფონის მოძიებით, დღის წესრიგში კვლავ დადგა 1975 წლის ჰელსინკის დეკლარაციაზე ხელმომწერი სახელმწიფოების პასუხისმგებლობის საკითხი, რაც უსათუოდ უნდა იქცეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან სერიოზული განხილვისა და შეფასების პრობლემად. ასეთ ვითარებაში, რათქმაუნდა, დღის წესრიგში დგება თავად მსოფლიო თანამეგობრობის საერთაშორისო ორგანიზაციების ხედვის საკითხი კაცობრიობის მომავალზე, როგორც მთელზე და როგორც მისი შემადგენელი ხალხის, ქვეყნების და სახელმწიფოების სტრუქტურულ რაობებზე.

დღის წესრიგში დგება ცალკეული ქვეყნის თვითმყოფადობისა და თვითმმართველობის უკეთ განხორციელების საკითხი.

მავანთა და მავანთ შეუძლიათ მაინც საკითხი ამგვარად დააყენონ: რისთვის იყო საჭირო „1975 წლის ჰელსინკის დეკლარაციის“ შექმნა, თუ კი მისი გარანტიები ერთა თვითმყოფადობის განვითარებას არ მოემსახურებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნის გზით?!

და, მაშინ, პასუხი პირდაპირ პროცესუალურ რეალობაში დევს: „ჰელსინკის დეკლარაცია“ საჭირო ყოფილა მხოლოდ მსოფლიოს ახალი წესრიგის დამყარების იმ მონაკვეთისათვის, რომელსაც უნდა დაეშალა საბჭოთა კავშირი, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გამოდის რომ მას თავისი წინასწარ გათვლილი მისია უკვე შესრულებული აქვს და უნდა ჩანაცვლებულიყო. ქართველი ხალხი, რომელიც საბჭოთა რეალობიდან გამოვიდა „ჰელსინკის დეკლარაციის“ გარანტიებზე დაყრდნობით, ამ გამოსვლიდან მესამე ათეული წლის შემდეგაც დღის წესრიგში აყენებს საკითხს „ჰელსინკის დეკლარაციაზე“ ხელმომწერი სახელმწიფოების პასუხისმგებლობის შესახებ, ანუ საკითხს მსოფლიო პასუხისმგებლობისა იმ გარანტიებზე, რომლითაც საბჭოთა კავშირიდან გამოსული ხალხებისათვის საერთაშორისო სამართლით უნდა უზრუნველყოფილიყო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობებიც და თითეული ქვეყნის ინდივიდუალური ეროვნული თვითმყოფადობის განვითარების შესაძლებლობებიც თავთავიანთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივობების გზებით („ჰელსინკის 1975 წლის საერთაშორისო დეკლარაცია“, თავი მერვე).

ამდენად, ჩვენ კვლავ გვჭირდება თქვენი თანადგომა საგანგებო საერთაშორისო კონგრესის (ფორუმის, ასამბლეის) მოწვევისათვის ჰელსინკის დეკლარაციაზე ხელმომწერი სახელმწიფოების პასუხისმგებლობიდან გამომდინარე: კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და ეროვნული თვითმყოფადობის განვითარებისათვის. გვჭირდება აღთქმულ გარანტიებზე პასუხიმგებლობის გზით მივიღოთ მსოფლიო მხარდაჭერა, დაპირებული და შეუსრულებელი პირობის აღსრულებისთვის, რომელიც საფუძვლად დაედება საერთაშორისო ნორმატიულ კანონს ყველა ხალხისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ე. წ. „ვენის შეთანხმების“ დასკვნითი დოკუმენტი იძლევა გარკვეულ იმედს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მოწესრიგებული წევრობისას, ის მაინც არ წარმოადგენს სრულ გარანტს საქართველოს მიერ თავისი უფლებების აღდგენისას, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის სტატუსით, იმ ფორმით მოპოვების შედეგად, რომელიც მას მიენიჭა და გააჩნია საბჭოთა კავშირის დაშლისა და მისი შემადგენლობიდან გამოსვლის შემდეგ.

თუ რა მოგვიტანა მსოფლიოს ახალი წესრიგით დამკვიდრებულმა მსოფლიო სამოქალაქო საზოგადოებად გარდასახვის იდეოლოგიამ გამჭვირვალედ ჩანს საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევით დადებულ დასკვნაში: „საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი მოწყვლადია და ქართველმა ხალხმა უნდა გადახედოს თავის სახელმწიფოს პოლიტიკას. საქართველოს სახელმწიფო თავად აღიარებს პირველ ამოცანად ტოტალური სიღატაკის დამარცხების საჭიროებას და არ მალავს, რომ დღემდე ვერ უზრუნველყო ქვეყანა საარსებო მინიმუმით“.

აქედან გამომდინარე, საქართველოს დღევანდელი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ძალების თავისუფალი და დემოკრატიული ერთობა მოგმართავთ თხოვნით, გამოყენებულ იქნას არსებული შესაძლებლობანი, რათა ყველა საშუალებით მიეცეს ქართველ ხალხს სამართლებრივი და პოლიტიკური ქმედებით მიაღწიოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის აღდგენასა და ჭეშმარიტად ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლების რეალობას.
გთხოვთ, მოგვცეთ საშუალება, გვქონდეს თქვენი კომპეტენციური დოკუმენტებით დადასტურებული დეტალური ისტორიიდან გამომდინარე საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და დღემდე შეუთავსებელი სამართლებრივი საფუძვლების აღდგენა-გამოსწორებისა.

აქედან გამომდინარე მოგმართავთ ასევე მთავარი თხოვნით, მხილებულ იქნას აღნიშნული პერიოდების სახელმწიფოებრივი სამართლებრივი ხარვეზები და ოფიციალური სუვერინიტეტის ფალსიფიცირებული ხასიათი, რათა სამართლებრივად და ცალსახად განისაზღვროს ჩვენი სახელმწიფოს – საქართველოს რესპუბლიკის სამართლებრივად მართებული სტატუსი. მხილებულ იქნას კოლონიალურ მდგომარეობაში მყოფი ორმაგი (ტერიტორიული და სახელმწიფოებრივ-მმართველობითი) ოკუპაციის უღელქვეშ არსებული ქართველი ხალხის მდგომარეობა.

საქართველო, როგორც სახელმწიფოებრივი თვითმართველობის ტერიტორია შეყვანილ იქნას საერთაშორისო მეთვალყურეობის სისტემაში. საქართველოს, როგორც დატყვევებული ქვეყნის დეკოლონიზაციისა და დეოკუპაციის საკითხი გატანილ იქნას გაეროს უსაფრთხოების საბჭოში, მეთვალყურეობის საბჭოში, გენერალური ასამბლეის მე-4 მთავარ კომიტეტში – თვითმართველობასა და მეთვალყურეობას მოკლებული ტერიტორიების საკითხთა მთავარ კომიტეტში, მეთვალყურეობას და თვითმმართველობას მოკლებული ტერიტორიების დეპარტამენტში, დეკლარაციების განხორციელებისა და კოლონიალური ხალხებისა და ქვეყნებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების სპეციალურ კომიტეტში.

ყველა ამ თხოვნათა აღსრულების შედეგად, სამართლებრივ და ლეგიტიმურ საქართველოს სახელმწიფოს, ქართველ ხალხს მიენიჭოს ყველა ის უფლებამოსილება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისაგან და მიიღოს ყველა ის კანონიერი მხარდაჭერა, რომელიც მას ეკუთვნის, როგორც დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოსა და სუვერენულ ერს.

საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სრულფასოვანი სამართლებრივი აღდგენა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციისაგან მისი სრულყოფილი დოკუმენტური აღიარება, იქნება სამართლიანობის დიდი გამარჯვება ზოგად საკაცობრიო საერთაშორისო ასპარეზზე.

მსოფლიოს იურიდიულ-სამართლებრივი აზროვნების გამარჯვებასთან ერთად, ეს იქნება ბოროტების მძლეველი კეთილშობილების ძალთა გამარჯვება და კაცობრიობის მიერი აღმართვა ქართველი ერის ნამდვილად დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების დროშისა.

ასევე, მასთან ერთად, აუცილებელია, მხედველობაში იქნას მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აღიარებული და მომავალშიც ასაღიარებელი პრინციპები აპარტეიდისა და ნეოკოლონიალიზმის ლიკვიდაციის, აგრესიის, უცხო ქვეყნის ოკუპაციისა და სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევის დაუშვებლობის შესახებ, „დიდი ევროპის” საქმიანობასთან ერთად, ახლო მომავალში მსოფლიოსათვის მისაღები ახალი იდეის განხორციელება – სრულიად კავკასიის პოლიტიკური კონტინენტის, როგორც მსოფლიოს ახალი რეგიონალური ერთეულის ჩამოყალიბება-აღიარება, რომელიც „დიდი ევროპის” მსგავსად ოთხ ძირითად მიმართულებას დაეფუძნება: 1. კავკასიის თავისუფალ ადამიანთა დიდი ქარტიის შემუშავება: 2. დიდი კავკასიური ბაზის შექმნა; 3. ევროპულ და დასავლურ პროგრესულ კულტურასთან ერთად და მის გვერდით დიადი კავკასიური კულტურის სივრცის შექმნა; 4. სრულიად კავკასიის უშიშროების კონვენციის მომზადება და ტრადიციულ სახელმწიფოთა ერთიანობის პრინციპზე ჩამოყალიბება.

ასევე, სახელმწიფოებრიობისა და ადამიანური განზომილებისადმი მიძღვნილი სრულიად კავკასიის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც კავკასიის ქვეყნები გადაჭრით უნდა გმობდნენ ძალებს, რომლებიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მსვლელობისას გამოხატული ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და კანონიერად დადგენილი კონსტიტუციური წყობის დარღვევით წარმომადგენლობითი მთავრობისათვის ხელისუფლების წართმევას ლამობენ. ასევე, სრულიად კავკასიის სახელმწიფოებში დემოკრატიულად არჩეული კანონიერი მთავრობის არაკანონიერი გზით დამხობის, ან დამხობის მცდელობისას მონაწილე სახელმწიფოები გაეროს ახალი, გადამუშავებული წესდების თანახმად ულაპარაკოდ უნდა დაუჭირონ მხარი ადამიანის უფლებათა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სადარაჯოზე მდგარ ამ სახელმწიფოთა კანონიერ ორგანოებს, ამით უნდა გამოხატონ რა თავიანთ ზოგადი ვალდებულებები და წინ აღუდგენ ამ ფუძემდებელ ფასეულობათა შემზღუდველ ნებისმიერ მცდელობას.

მშვიდობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლა მოწინავე მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენდა და წარმოადგენს დღესაც. კაცობრიობის, მოქალაქეობრივი შემწყნარებლობის, მოქალაქეთა უფლებრივი გარანტიების დაცვის უმაღლესი შეგნება, ყოველთვის სახელმწიფოებრიობის ფუძემყარ საფუძველს უნდა წარმოადგენდეს, ურომლისოდაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება და განმტკიცდება როგორც სახელმწიფო.

უკვე ახალ საუკუნეში, მსოფლიო ისტორიული მისიაა საფუძველი ჩაეყაროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (დანიშნულებისა და ფუნქციებიდან გამომდინარე, მისი უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების დაუბლოკავად, გამარტივებულად მიღებისა და ამ გადაწყვეტილებების დროულად შესრულების აუცილებლობა ეჭვს არ იწვევს) თვისობრივად ახალ ინსტიტუტს, რომლის უზენაესი მიზანი ასევე იქნება, ადამიანის უფლებათა დაცვასთან ერთად, მსოფლიოს ერთა კულტურათა და სახელმწიფოთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. ახალ სიტუაციაში მკვეთრად გაიზრდება როლი საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების კონტროლის სფეროშიც, ასევე გადაუდებელ ამოცანადაა აღიარებული ეროვნულ ნიადაგზე წარმოქმნილ კონფლიქტთა რეალური მიზეზების ობიექტური შესწავლა, რაც რომელიმე ავზრახვიან ქვეყანას საშუალებას აღარ მისცემს თავიანთი ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე პერმანენტული ხასიათი მისცენ ეთნიკურ კონფლიქტებს.

დღეს გეოპოლიტიკური სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა, ამუშავდა სხვა სქემები. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკით, მსოფლიო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია ოპტიმალურად გადავწყვიტოთ დღევანდელი პრობლემები.

ოღონდ ყოველივე ამის განსახორციელებლად საქართველოს, როგორც კავკასიის რეგიონალური, ახალი პოლიტიკური კონტინენტალური სივრცის ცენტრალურმა ქვეყანამ, მსოფლიოს თანამეგობრობის დახმარებით, მსოფლიო ახალ წესრიგში ჩართვით, სხვა მნიშვნელოვან პრობლემათა შორის უნდა გადაჭრას უპირველესი პრობლემა: უნდა აღდგეს და მოწესრიგდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი კანონიერების, სამართალმემკვიდრეობისა და ტერიტორიულ მთლიანობის სამართლებრივი საფუძველი, რაც ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობასა და მასთან ერთად ქვეყნის ხელისუფლებისა შიდა ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობებს დაარეგულირებს და რაც მომავალში მაგალითი იქნება ყველა კავკასიური რეგიონის ქვეყნებისათვის, რამდენადაც საქართველო ისტორიულად ყოველთვის იყო ცენტრი დიდ კავკასიაში.

რამდენადაც საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ისტორიულობა და მისი ეგზისტენციალური დრო არ შეწყვეტილა. იგი გაგრძელდება, მანამდე, სანამ საქართველო თავის თავისუფლებაში არ განმტკიცდება ყველა ასპექტით: ეკონომიკური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური. შესაბამისად უწყვეტია ისტორიულ-თემატური დრო და ამ ყოველივეს დამწყები პიროვნების როლი. მის მიერ დატოვებულია კვალი ამ ისტორიულ-თემატურ დროში, რომელიც გრძელდება მომავალში. საერთოდ პიროვნებები, რომლებიც ისტორიას ქმნიან მათი მოღვაწეობა არ მთავრდება ეგზისტენციალური დროის დასრულებით. მათი მოღვაწეობა სიუჟეტურ დროში გრძელდება და ყველა სიუჟეტი, რომელიც მათ ერს შესთავაზეს განსაკუთრებული დატვირთვა ეძლევა.

გამოსავალი აღნიშნული მდგომარეობიდან არის ერთადერთი – რეალობიდან გამომდინარე ლეგიტიმური მთავრობის მიერ 2014 წლის 26 მაისის სამართლებრივი, პოლიტიკური და იურიდიული შეფასების თანახმად, რომელშიც შეფასებულია 1991-1993 წლების სახელმწიფო გადატრიალება და მისგან გამომდინარე ქვეყნის შემდგომი პროცესები, უნდა შემუშავდეს ახალი სამართლებრივი და იურიდიული საკანონმდებლო ბაზა და შესაბამისი აქტები, სადაც გათვალისწინებული იქნება და იურიდიულად აღსდგება 1992 წლის 2 იანვარს შეჩერებული საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისი მუხლები საზღვრების ურღვევობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის პრინციპების შესახებ, რაც სრულიად აღადგენს სამართლებრივ საფუძველს ტერიტორიული მთლიანობისათვის. 1991-1993 წლებისა და 2008 წლის ომები დაკარგავს თავის პოლიტიკურ შინაარსს და ის ტერიტორიები, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის გარეთ დარჩნენ, კანონიერად მოექცევიან მისი გავლენის ქვეშ. ამის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივად აღდგენისათვის წარმოებული ყოველგვარი ღონისძიება საერთაშორისო სამართლის დამატებითი სტატუსითაც იქნება განმტკიცებული.

კავკასია კი, განხილულ უნდა იქნას, როგორც მსოფლიოს მშვიდობიანი ერთობის გარანტი და საქართველოს, როგორც კავკასიური სახლის ქვეყნის, მედიატორული როლი მსოფლიოსათვის. ცივილიზაციის განვითარება იმ ფაზაში შევიდა, როდესაც მოწინავე ქვეყნები ერთობლივად ცდილობენ გადაჭრან ზოგადსაკაცობრიო პრობლემები. მსოფლიო პროცესები იმდენად დაჩქარებულია, რომ უახლოეს ხანში ამ წინააღმდეგობათა მოუგვარებლობა უაღრესად ზრდის საყოველთაო კატასტროფის შესაძლებლობას.

კავკასიის, როგორც მსოფლიოს მშვიდობიანი ერთობის განმსაზღვრელი ახალი რეგიონის, შიგა მოწესრიგების პრინციპი კი ისტორიულ-ეთნიკური პროცესების განვითარებამ, მისმა ღრმა ფესვებმა უნდა განსაზღვროს, რაც საქართველოს იბერიულ-კავკასიურ ტომებთან ნათესაობით და ასევე შავი ზღვის ნავსადგურთა გარკვეული ნაწილის კონტროლით განსაზღვრულ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

კავკასიური ერთობის შესაქმნელად, რომლის საფუძველი იდეაში ყოველთვის არსებობდა, საჭიროა მკაფიო და მკაცრი, თანმიმდევრული მსოფლიო პოლიტიკური კურსის შემუშავება, რაც საჭიროების შემთხვევაში როგორც კავკასიური სახლის, ასევე მსოფლიოს დამცველ მექანიზმად ამოქმედდება.

ცხადია, კავკასიური სახლი არ გულისხმობს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთი მიმართულებით განვითარებას. ასეთი პოლიტიკა განსაზღვრულია საქართველოს და მსოფლიოს კეთილდღეობის ინტერესებით და ოთხივემხრივ უნდა წარიმართოს.
ამრიგად:

  • უნდა აღდგეს და მოწესრიგდეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის სამართლებრივი საფუძველი, რაც ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობასა და მასთან ერთად ქვეყნის ხელისუფლებისა და შიდა ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობებს დაარეგულირებს.
  • უნდა აღსდგეს ისტორიული სამართლიანობა და ჩამოყალიბდეს მსოფლიოს მშვიდობიანი ერთობის განმსაზღვრელი ახალი რეგიონი და ერთობა – კავკასია, როგორც გარანტი მსოფლიოში მშვიდობისა, სამართლიანობისა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისათვის დაცვისა, სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თანხმობა-ერთობისა და თანასწორობისა;
  • საშურია, თუ კავკასიაში და სწორედ საქართველოში განთავსდება და მოეწყობა სახელმწიფოთა უსაფრთხოებისა, ერთა კულტურათა, უფლებებისა და თავისუფლებების, დაცვისა და უზრუნველყოფის „მსოფლიო ერთა ასამბლეა”, რამდენადაც საქართველოს, როგორც „კავკასიური სახლის” ქვეყანას, სახელმწიფოს ისტორიული, გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე და ეროვნული სულის მეოხებით ძალუძს ეზიაროს ჭეშმარიტად საღვთო საქმეს და განხორციელოს მსოფლიოს სახელმწიფოთა მშვიდობიანი ურთიერთობისა და თანამშრომლობისათვის აუცილებელი გარანტის როლი. იგი უნდა გახდეს მედიატორი სახელმწიფო, აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ქრისტიანულ და მუსულმანურ სამყაროს შორის, რაც მისი ოდინდელი ისტორიული მისიის დაბრუნება იქნება.

სახელმწიფოთა უფლებებისა და თავისუფლებების, როგორც მსოფლიოს ერთა კულტურათა და კოლექტიური უსაფრთხოების, მასთან ერთად ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ფუძემდებლური პრინციპები უნდა იქნეს აღიარებული ყველა სახელმწიფოს მიერ და ამ პრინციპიდან გამომდინარე ადამიანის ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეროვნული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ცხოვრებაში გატარება უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოსა და ადამიანის ღირსების უზრუნველყოფის, მისი კანონიერი უფლების რეალიზაციის, მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის, დემოკრატიული და სამართლებრივ სახელმწიფოთა მშენებლობის, მათი მშვიდობიანი თანამშრომლობის საძირკველს, რამეთუ სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სულიერი მდგომარეობის დაუცველობა, ძალზე დიდ დაბრკოლებას იძლევა თითოეული ერის ღირსების განვითარებაზე. ეროვნული ღირსება კი, არა მარტო თეორიული ცნება, არამედ რეალური ერთეულის, მრავალსაუკუნოვანი წარსულისა და ისტორიის მქონე ერის ძირითადი ატრიბუტია და თავისთავად მიღწევადი რეალობაა, რადგან იგი გამომდინარეობს ერის ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ერთობიდან, რომელიც წარმოშობილია ენის, ტეროტორიის, ეკონომიკური ცხოვრებისა და იმ ფსიქიკური წყობის ბაზაზე, რომლის გამოხატულებაა კულტურის ერთობა.

ეროვნული ღირსების გრძნობის ამაღლება შესაძლებელია ქვეყნის სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მდგომარეობის, ასევე ერის იდეურ-მორალური, ეთიკური, ზნეობრივი და საღმრთო რწმენის დონეთა ამაღლებით. ეროვნული ღირსების გრძნობა თავისთავად ერის ნაყოფიერი ორიენტაციაა და იგი დიდ როლს თამაშობს როგორც პიროვნული ღირსების, ასევე ცხოვრების დონის ამაღლებასა და ქვეყნის განვითარებაზე.

მართალია ისტორიულ ეტაპებზე ხდება ღირებულებათა გადაფასება, მაგრამ მისი მუდმივობის ცვალებადობა ფაქტობრივად არ იცვლება, რამეთუ ცვალებადობას მხოლოდ სუბიექტივიზმი განსაზღვრავს მნიშვნელოვნად. ასე, რომ იდეალიზმთან მიახლოებული რეალობა ობიექტურ, თეორიულ და ემპირიულ განსაზღვრებაში შეიძლება ისტორიულად განსაზღვრულ მუდმივად მივიჩნიოთ. მორალური პრინციპების განხორციელება კი შესაძლებელია არა მხოლოდ სახელმწიფოში და თავად ერში, არამედ საყოველთაოდ და ყველგან.

მოწინავე ქვეყნები უნდა ადასტურებდნენ ერთა თანასწორუფლებიანობის, საკუთარი ბედის განმგებლობის უფლების პატივისცემისა და მათი ეფექტური განხორციელების საყოველთაო მნიშვნელობას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების განვითარებისათვის. მათ უნდა შეახსენონ ურთიერთს აგრეთვე იმის მნიშვნელობა, რომ უნდა გამოირიცხოს ამ პრინციპის დარღვევა ნებისმიერი ფორმით.

  • მსოფლიო ქვეყნების სახელმწიფოებრიობის დონის ამაღლებისა და აღორძინების მიზნით, ახალი რეალობიდან გამომდინარე სასურველია დაიხვეწოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა აქტები მათი უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განხრითაც, რათა ახალ საუკუნეში სახელმწიფოებმა და ხალხებმა იცხოვრონ მშვიდობიან, განვითარებად მსოფლიო თანამეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის გარემოში. მსოფლიო პოლიტიკურ ძალებს უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ მოვლენათა შორის მუდმივი და უცილობელი კავშირი და ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც დასტურდება ბუნებასა და საზოგადოების შემეცნების პროცესში. უნდა ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად შესაბამისი პოლიტიკური წყობა, რომლის დროსაც დამყარებულია და პრაქტიკაში ხორციელდება ერთა ხელისუფლებათა საშუალებები და ფორმები, რომლებიც გამაგრებულია თითოეული ქვეყნის მოქალაქეთა თავისუფლებებისა და თანასწორობის კანონებში. სახელმწიფოს დემოკრატიულობა ძევს მის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, რომელიც ამ სახელმწიფოს ისტორიულად ჩამოყალიბებულ, ევოლუციურად აღმავლობაში მყოფი მისი ბუნებიდან გამომდინარეობს და სარგებლობს როგორც სახელმწიფოს შიგნითა ხალხის, ასევე მსოფლიოს თავისუფლებისმოყვარე ხალხთა საყოველთაო მოწონებით.

ქვეყნის საკუთარი განმგებლობის უფლებიდან და თანასწორუფლებიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მუდამ უნდა ჰქონდეს უფლება სრული თავისუფლების პირობებში დაადგინოს თუ როდის და როგორ სურს მას განსაზღვროს თავისი შინაგანი და გარეგანი პოლიტიკური სტატუსი. ქვეყანა საერთო, საყოველთაო რეფერენდუმის გზით, გარედან ჩარევის გარეშე თავადვე უნდა განსაზღვრავდეს თავის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას.

სახელმწიფოს დანიშნულება ერის პოლიტიკური და სულიერი დამკვიდრებაა. თვითდამკვიდრების ურთულეს გზაზე ყოველი ერი ესწრაფვის თავისი სულიერი და სოციალურ-პოლიტიკური ველის გაფართოვებას. სწორედ ამაში ვლინდება ერის სიძლიერე და სიცოცხლის უნარიანობა. დემოკრატიის გარეშე კი შეუძლებელია რაიმე სახის სულიერების გავრცელება.

ახალი რეალებიდან გამომდინარე,
1. ვთვლით, რომ დროა ბოლო მოეღოს ყოველგვარ პრობლემებსა და დაბრკოლებებს, რათა `საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნულ აღორძინებამ”, როგორც ყველა ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის სახელმწიფოთა ,,ჰელსინკის კომიტეტებმა”, კვლავ აღიდგინონ ჩვეული ფორმა, აღორძინდნენ და აღიდგინონ თავიანთი აღიარებული და ჩვეული ფუნქცია.

ვგრძნობთ რა ჩვენს ვალდებულებასა და შესაძლებელ ძალას, ვაცხადებთ მზადყოფნას და უდიდეს სურვილს ყოველივე ზემოთ თქმულში, ყველა შესაბამისი ფუნქციის მქონე ორგანიზაციათა ურთიერთშორის მუდმივი და უცილობელი კავშირისა და ურთიერთდამოკიდებულების გაღრმავებაში, რომელიც დადასტურდება ბუნებასა და საზოგადოების შემეცნებისა და ურთიერთთანამშრომლობის პროცესში, რისთვისაც ყველას ვთხოვთ შესაბამისსა და შესაძლო კონსულტაციებსა, თუ დახმარებებს ჩვენნაირი, უხუცესი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ორგანიზაციის აღორძინებასა და სრული ძალით ამოქმედებაში;

2. `საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება” შემოდის თქვენს წინაშე ინიციატივით უახლოეს, ყველასათვის მისაღებ დროს, ნებისმიერ ერთობლივად შერჩეულ ადგილას, თუნდაც საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ჩატარდეს ,,ახალი მსოფლიოს ფორუმი” – ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის არსებული ,,ჰელსინკის ორგანიზაციების” წარმომადგენელთა ,,მსოფლიო ფორუმი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვისა და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებში”, საერთო, ერთობლივი ღონისძიებების, ურთიერთობების დამყარებისა და შემდგომი მოქმედებების შემუშავების მიზნით. მნიშვნელოვანია, დროულად დაიწყოს მსჯელობები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში და დაისახოს შესაბამისი ღონისძიებები;

3. შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მნიშვნელოვანია ფორუმში მონაწილე სახელმწიფოთა როლიც. მონაწილე ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს: აზრის, სინდისის, რელიგიისა და შეხედულებათა თავისუფლებების ჩათვლით ყველასთვის, განურჩევლად რასისა, სქესისა, ენისა თუ რელიგიისა. სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ და განავითარებენ სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა უფლებებსა და თავისუფლებების ეფექტურ განხორციელებას, რომელნიც გამომდინარეობენ ადამიანის პიროვნების ღირსებებიდან და არსებით პირობას წარმოადგენენ მისი სრული და თავისუფალი განვითარებისათვის. მონაწილე ქვეყნები ამით აღიარებენ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების საყოველთაო მნიშვნელობას, რომელთა პატივისცემაც არის არსებითი ფაქტორი მშვიდობისა, სამართლიანობისა და კეთილდღეობისა, მეგობრული ურთიერთდამოკიდებულებებისა და თანამშრომლობის განვითარებისათვის. ამით ისინი აღიარებენ პიროვნებათა უფლებებსაც საკუთარ უფლება-მოვალეობათა ცოდნისას ამ სფეროში და მათ შესაბამისად მოქმედებას.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში მონაწილე ქვეყნები იმოქმედებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, მიზნებისა და პრინციპების, ასევე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესაბამისად. ამასთან შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს იმისდამიხედვით, თუ როგორ არიან ისინი დადგენილნი საერთაშორისო დეკლარაციებში და შეთანხმებებში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტების ჩათვლით.

მონაწილე ქვეყნებმა ასევე პატივი უნდა სცენ ერთაშორის თანასწორობას და მათ უფლებას. აგრეთვე უნდა იმოქმედონ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, იმ ნორმების ჩათვლით, რომელნიც ეხება სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობას. მონაწილე ქვეყნები ამით დაადასტურებენ ერთა თანასწორუფლებიანობის საყოველთაო მნიშვნელობას, საკუთარი ბედის განმგებლობის უფლების პატივისცემას და ეფექტურ განხორციელებას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების განვითარებისათვის; ისინი ყოველივეთი შეახსენებენ ურთიერთს აგრეთვე იმის მნიშვნელობას, რომ უნდა გამოირიცხოს ამ პრინციპის დარღვევა ნებისმიერი ფორმით;

4. ,,ახალი მსოფლიოს ფორუმის” მონაწილეთა ისტორიული მისიაა საფუძველი ჩაუყარონ თვისობრივად ახალ ინსტიტუტს, რომლის უზენაესი მიზანი იქნება, ადამიანის უფლებათა დაცვასთან ერთად, მსოფლიო კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. ახალ სიტუაციაში მკვეთრად გაიზრდება ამავე პროცესის როლი საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების კონტროლის სფეროშიც. ასევე გადაუდებელ ამოცანადაა აღიარებული ეროვნულ ნიადაგზე წარმოქმნილ კონფლიქტთა რეალური მიზეზების ობიექტური შესწავლა, რაც იმპერიულ ძალებს საშუალებას აღარ მისცემს თავიანთი ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე პერმანენტული ხასიათი მისცენ ეთნიკურ კონფლიქტებს; ,,ახალი მსოფლიოს” პროცესივე უნდა იქცეს ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და ერთა თვითგამორკვევის გარანტად, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით განუყოფელია საზღვრების ურღვევობის ფუძემდებელი პრინციპებიდან;

5. ვინაიდან, საქართველოს ისტორია ნათლად მეტყველებს, რომ ქართული ფენომენისათვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო ეროვნული, რელიგიური თავსებადობა და რომ ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების მანძილზე ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების გარეშე გვერდი–გვერდ ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნების, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლები.

ვინაიდან, საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ძველი ერის მტკიცე სახელმწიფოებრივი და კულტურული ტრადიციების გამო ყოველთვის მიზანმიმართულად ახერხებდა მოწინავე აზრის, კულტურის ექსპორტირებას მეზობელ მონათესავე ტომებში. ამ მოვლენას კი თავის დროზე ნოყიერი ნიადაგი ასაზრდოებდა – იბერიულ-კავკასიური სამყაროს არსებობა, რომელიც უძველესი და უნიკალური ცივილიზაციის პოლიეთნიკურ და ამავე დროს ერთიან გეოპოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ სივრცეს, დასავლეთსა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გზაჯვარედინს წარმოადგენს.

ვინაიდან, საქართველოს კავკასიელ მეზობლებთან სარწმუნოებრივი სხვადასხვაობის მიუხედავად, ისტორიულად მუდამ ჰქონდა მთლიანი კავკასიური სამყაროსადმი კუთვნილების, საერთო წარმომავლობის, ბიოგენეტიკური ნათესაობის გრძნობა, ეროვნული წიაღიდან აღმოცენებული, ერთმანეთისაგან განსხვავებულ მეზობელ ცივილიზაციებთან შემაჯერებელი საერთო მენტალიტეტი, კულტურული, მორალური და ზნეობრივი ღირებულებები.

ამიტომაც დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს, როგორც კავკასიური ახალი კონტინენტალური რეგიონის ცენტრალურ სახელმწიფოს, როგორც მსოფლიოში მშვიდობის, სამართლიანობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისათვის დაცვის, სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თანხმობა-ერთობისა და თანასწორობისა შესაძლო გარანტს, ჯერ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ელის – იგი შეიძლება იყოს და უნდა გახდეს მედიატორი სახელმწიფო, აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ყველა რელიგიურ სამყაროთა შორის, რაც, ერთის მხრივ მისი ოდინდელი მსოფლიო ისტორიული მისიის დაბრუნება იქნება და ამავე დროს ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა დაცვისა და მსოფლიო უსაფრთხოების მხრივ ახალი გარანტიების შექმნას.

საშურია, თუ კავკასიაში და სწორედ საქართველოში განთავსდება და მოეწყობა სახელმწიფოთა უსაფრთხოებისა, ერთა კულტურათა, უფლებებისა და თავისუფლებების, დაცვისა და უზრუნველყოფის “მსოფლიო ერთა ასამბლეა”, რამდენადაც საქართველოს, როგორც `კავკასიური სახლის” ქვეყანას, სახელმწიფოს ისტორიული, გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე და ეროვნული სულის მეოხებით ძალუძს ეზიაროს ჭეშმარიტად საღვრთო საქმეს და განხორციელოს მსოფლიოს სახელმწიფოთა მშვიდობიანი ურთიერთობისა და თანამშრომლობისათვის აუცილებელი გარანტის როლი;

“საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება” თავის ერთმნიშვნელოვან ამოცანად მიიჩნევს ერთა თანაარსებობის ზემოთ მითითებულ ტრადიციებზე დაყრდნობით ხელი შეუწყოს სახელმწიფოს მიერ რელიგიური თვითმყოფადობის დაცვას. თავსებადობის ამ პრინციპთა ცხოვრებაში გატარება ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი უნდა გახდეს (მით უფრო, რომ ეროვნულ უმცირესობათა ეთნიკურ, კულტურულ, ენობრივ და რელიგიურ თვითმყოფადობის დაცვის პრინციპებს კონსტიტუციური კანონის ძალა აქვს), რაც მისი საერთაშორისო ავტორიტეტის გარანტადაც იქცევა. ამ პრობლემის გადაწყვეტა ძალზე საშური შეიქმნება, რადგან უაღრესად გამძაფრებული პოლიტიკური, ეთნიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებამ შესაძლოა კატასტროფა მოაახლოოს. ჩვენ კი, აუცილებლად უნდა ავიცილოთ იგი;

6. მსოფლიოს ქვეყანათა სახელმწიფოებრიობის დონის ამაღლებისა და აღორძინების მიზნით, ახალი რეალობიდან გამომდინარე სასურველია დაიხვეწოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა აქტები ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვისა და მსოფლიო კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის განხრითაც, რათა ახალ საუკუნეში სახელმწიფოებმა და ხალხებმა იცხოვრონ მშვიდობიან, განვითარებად მსოფლიო თანამეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის გარემოში. მსოფლიო პოლიტიკურ ძალებს უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ მოვლენათა შორის მუდმივი და უცილობელი კავშირი და ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც დასტურდება ბუნებასა და საზოგადოების შემეცნების პროცესში;

7. უნდა ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად შესაბამისი ახალი მსოფლიო პოლიტიკური ურთიერთობების წყობა, რომლის დროსაც, მთელს მსოფლიოში, დამყარებულია და პრაქტიკაში ხორციელდება ხალხის ხელისუფლების საშუალებები და ფორმები, რომლებიც გამაგრებული იქნება ქვეყნის მოქალაქეთა თავისუფლებებისა და თანასწორობის კანონებში.
ცხადია, არა გვაქვს ილუზია, რომ ზემოთაღნიშნული ქმედებანი ერთბაშად მოაწესრიგებს ყოველივეს, მაგრამ სამართლებრივად მოგვარებული პრობლემების გადაჭრა საერთაშორისო სამართლის პრეროგატივაა. ამას საერთაშორისო არბიტრაჟი მოყვება და ამგვარ დონეზე საკითხთა გადაწყვეტა კი ცხადია, სათანადოდ შეამცირებს რისკის ფაქტორებს.

მსოფლიოს ზოგად სახელმწიფოებრივ, სამართლებრივ სივრცეში არ უნდა არსებობდეს შავი ხვრელები, რომლებიც არამარტო ზედმეტად ტვირთავს ენერგიას, არამედ სწორედ ასეთი არასამართლებრივი, არაკანონიერი და არაკონსტიტუციური ორგანოების მეშვეობით ზიანს აყენებენ ქვეყნებისა და მსოფლიო რეგიონების იმიჯს.

უნდა გვახსოვდეს ასევე, რომ მთავარი არგუმენტი და უმოკლესი გზა მთელი კავკასიის ჯერ რეკოლონიზაციისაკენ, ხოლო შემდგომ დამოუკიდებელი და თავისუფალი კავკასიის, როგორც მსოფლიო ახალი რეგიონის ჩამოყალიბებისაკენ, როგორც საქართველოს სამართლებრივ და კანონიერ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე, ასევე ახალი მსოფლიო წესრიგის უთუო ჩამოყალიბებაზე გადის.

თუ ჩვენ ერთ მთლიანობაში გავიაზრებთ მიმართვაში გაცხადებულ იდეებსა და მათი განხორციელებით მიღებულ შედეგებს, მაშინ უცილობლად აღმოვაჩენთ ახალი მსოფლიოსათვის ჭეშმარიტად ფასეული ღირებულებების სამართლებრივ სისტემას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პრინციპებით გაჯერებული მშვიდობიანი მსოფლიოს სახელმწიფოთაშორისი თანაარსებობის კრიტერიუმების რეალობაში აღსრულების უთუო პერსპექტივას.

უსამართლობას შეიძლება მოვერიოთ მხოლოდ სამართლით!
სიცრუეს შეიძლება მოვერიოთ მხოლოდ სიმართლით!
უკანონობას შეიძლება მოვერიოთ მხოლოდ კანონით!

ესაა სვლა წინ, ახალი, პერსპექტიული იდეების დროული გატარებითა და მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარებით მშვიდობიანი და თავისუფალი ქვეყნების ათასწლოვანი თანაარსებობის გარანტიების შექმნისაკენ!

მალხაზ მუსერიძე – ,,საქართველოს ჰელსინკის კავშირი –
ეროვნული აღორძინების“ თავმჯდომარე

დენიზა სუმბაძე – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი, „საქართველოს ჰელსინკის კავშირის“ საპატიო წევრი

ნუკრი ბაღდავაძე: ,,საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინების პრეზიდიუმის თავმჯდომარე, „საქართველოს ჰელსინკის კავშირის“ ჟურნალის – „მატიანეს“ სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე.

მ ა ტ ი ა ნ ე # 3-4 (29-30), გვერდი 28-40
19 ოქტომბერი, 2019 წელი

monografia – mimarTva.PDF

 
%d bloggers like this: