IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• საქართველოს სახელმწიფოს გეოპოლიტიკური რეალიზმი

helsinkis kavshiri

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება
“საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება“

• სეგმ

საქართველოს სახელმწიფოს გეოპოლიტიკური რეალიზმი

და სამართლებრივი ტენდენციები

მ ო ნ ო გ რ ა ფ ი ა

მამულიშვილნო! დანო და ძმანო!
მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილო ქართველო ერო!

უკვე რამდენი წელია დამცირებული დადის ქართველი კაცი და სიმწრისაგან აღარ იცის რა გზას დაადგეს. მინავლდა და სადაცაა მივიწყებას მიეცემა ჩვენი დიდი წინაპრების, წამებულების მიერ ნალოლიავები ღვთით ბოძებული გრძნობა ჭეშმარიტი ეროვნული თვითშეგნებისა და ცნობიერებისა.

ცნობილია, რომ სახელმწიფოს დანიშნულება, ერის პოლიტიკური და სულიერი დამკვიდრებაა. თვითდამკვიდრების ურთულეს გზაზე კი, ყოველი ერი ესწრაფვის თავისი სულიერი და სოციალურ-პოლიტიკური ველის გაფართოვებას. სწორედ ამაში ვლინდება ერის სიძლიერე და სიცოცხლის უნარიანობა. სახელმწიფოს დემოკრატიულობა ძევს მის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, რომელიც ამ სახელმწიფოს ისტორიულად ჩამოყალიბებულ, ევოლუციურად აღმავლობაში მყოფი მისი ბუნებიდან გამომდინარეობს და სარგებლობს როგორც სახელმწიფოს შიგნითა ხალხის, ასევე მსოფლიოს თავისუფლებისმოყვარე ხალხთა საყოველთაო მოწონებით.

თანასწორუფლებიანობის პრინციპებიდან და ქვეყნის საკუთარი გამგებლობის უფლებიდან გამომდინარე, ნამდვილი სახელმწიფო გარედან ჩარევის გარეშე თავადვე უნდა განსაზღვრავდეს თავის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას. ისტორიული პროცესების განვითარების დიალექტიკა კი, თავისთავად გვკარნახობს არსებულ წარმოდგენათა გარკვეული კორექტირების აუცილებლობას, რამეთუ, დღეს, ქვეყნის დაშლასთან, ეკონომიკის რღვევასთან, ხალხის გაღატაკებასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურის დაცემასთან ერთად, საქართველოს ემუქრება ყველაზე საშინელი საფრთხე – თავისი ეროვნული სახის დაკარგვა და უფრო მეტიც, ქართველი ერის, როგორც კულტურულ-ისტორიული ერთიანობის ფიზიკური გაქრობა. ჩვენი სააზროვნო არსენალიდან დღეს ბევრი რამ საჭიროებს აუცილებელ სამართლებრივ გამოსწორებას, სულიერ ფასეულობათა სასწრაფო და გადაუდებელ გადარჩევა-გადაფასებას, რაც მომავალში ქართველი ერის ისტორიული მეხსიერების, დროთა მიერ ტრაგიკულად დარღვეული კავშირისა და „ჩატეხილი ხიდების’’ გამთელების აუცილებელ წინაპირობად უნდა იქცეს.

დადგა გადარჩენის უკანასკნელ შესაძლებლობათა გამონახვა–გატარების აუცილებლობის გარდაუვალობა, ამისათვის ყველა საქმე, იქნება ეს მეურნეობრივი, წარმოებრივი, ცხოვრებისეული, სოციალური, ეკოლოგიური, პოლიტიკური თუ სხვა, უნდა ვაქციოთ საკუთარ საქმედ და გავხადოთ ერთიანი, განუყოფელი საქართველოს სახელმწიფოს, მისი ხალხის ინტერესების დამცველად, რათა აშენდეს ერთიანი ქართული სხეულით გასხივოსნებული სახელმწიფო.

ღვთის იმედად ყოფნა აუცილებელია, მაგრამ არც ჩვენ არ უნდა ჩამოვუშვათ ხელები. სახელმწიფოთა უფლებებისა და თავისუფლებების, როგორც მსოფლიოს ერთა კულტურათა და კოლექტიური უსაფრთხოების, მასთან ერთად ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ფუძემდებლური პრინციპიდან გამომდინარე ადამიანის ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეროვნული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ცხოვრებაში გატარება უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოსა და ადამიანის ღირსების უზრუნველყოფის, მისი კანონიერი უფლების რეალიზაციის, მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის, დემოკრატიული და სამართლებრივ სახელმწიფოთა მშენებლობის, მათი მშვიდობიანი თანამშრომლობის საძირკველს, რამეთუ სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სულიერი მდგომარეობის დაუცველობა, ძალზე დიდ დაბრკოლებას იძლევა თითოეული ერის ღირსების განვითარებაზე. ეროვნული ღირსება კი, არა მარტო თეორიული ცნება, არამედ რეალური ერთეულის, მრავალსაუკუნოვანი წარსულისა და ისტორიის მქონე ერის ძირითადი ატრიბუტია და თავისთავად მიღწევადი რეალობაა, რადგან იგი გამომდინარეობს ერის ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ერთობიდან, რომელიც წარმოშობილია ენის, ტერიტორიის, ეკონომიკური ცხოვრებისა და იმ ფსიქიკური წყობის ბაზაზე, რომლის გამოხატულებაა კულტურის ერთობა.

აუცილებელია, მხედველობაში იქნას მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აღიარებული და მომავალშიც ასაღიარებელი პრინციპები აპარტეიდისა და ნეოკოლონიალიზმის ლიკვიდაციის, აგრესიის, უცხო ქვეყნის ოკუპაციისა და სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევის დაუშვებლობის შესახებ, „დიდი ევროპის” საქმიანობასთან ერთად, ახლო მომავალში მსოფლიოსათვის მისაღები ახალი იდეის განხორციელება – სრულიად კავკასიის პოლიტიკური კონტინენტის, როგორც მსოფლიოს ახალი რეგიონალური ერთეულის ჩამოყალიბება-აღიარება, რომელიც „დიდი ევროპის” მსგავსად , ოთხ ძირითად მიმართულებას დაეფუძნება: 1. კავკასიის თავისუფალ ადამიანთა დიდი ქარტიის შემუშავება: 2. დიდი კავკასიური ბაზის შექმნა; 3. ევროპულ და დასავლურ პროგრესულ კულტურასთან ერთად და მის გვერდით დიადი კავკასიური კულტურის სივრცის შექმნა; 4. სრულიად კავკასიის უშიშროების კონვენციის მომზადება და ტრადიციულ სახელმწიფოთა ერთიანობის პრინციპზე ჩამოყალიბება.

მისაღებია სახელმწიფოებრიობისა და ადამიანური განზომილებისადმი მიძღვნილი სრულიად კავკასიის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც კავკასიის ქვეყნები გადაჭრით უნდა გმობდნენ ძალებს, რომლებიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მსვლელობისას გამოხატული ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და კანონიერად დადგენილი კონსტიტუციური წყობის დარღვევით წარმომადგენლობითი მთავრობისათვის ხელისუფლების წართმევას ლამობენ. ასევე, სრულიად კავკასიის სახელმწიფოებში დემოკრატიულად არჩეული კანონიერი მთავრობის არაკანონიერი გზით დამხობის, ან დამხობის მცდელობისას მონაწილე სახელმწიფოები გაეროს ახალი, გადამუშავებული წესდების თანახმად ულაპარაკოდ უნდა დაუჭირონ მხარი ადამიანის უფლებათა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სადარაჯოზე მდგარ ამ სახელმწიფოთა კანონიერ ორგანოებს, ამით უნდა გამოხატონ რა თავიანთ ზოგადი ვალდებულებები და წინ აღუდგენ ამ ფუძემდებელ ფასეულობათა შემზღუდველ ნებისმიერ მცდელობას.

მშვიდობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლა მოწინავე მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენდა და წარმოადგენს დღესაც. კაცობრიობის, მოქალაქეობრივი შემწყნარებლობის, მოქალაქეთა უფლებრივი გარანტიების დაცვის უმაღლესი შეგნება, ყოველთვის სახელმწიფოებრიობის ფუძემყარ საფუძველს უნდა წარმოადგენდეს, ურომლისოდაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება და განმტკიცდება როგორც სახელმწიფო.

უკვე ახალ საუკუნეში, მსოფლიო ისტორიული მისიაა საფუძველი ჩაეყაროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (დანიშნულებისა და ფუნქციებიდან გამომდინარე, მისი უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების დაუბლოკავად, გამარტივებულად მიღებისა და ამ გადაწყვეტილებების დროულად შესრულების აუცილებლობა ეჭვს არ იწვევს) თვისობრივად ახალ ინსტიტუტს, რომლის უზენაესი მიზანი ასევე იქნება, ადამიანის უფლებათა დაცვასთან ერთად, მსოფლიოს ერთა კულტურათა და სახელმწიფოთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. ახალ სიტუაციაში მკვეთრად გაიზრდება როლი საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების კონტროლის სფეროშიც, ასევე გადაუდებელ ამოცანადაა აღიარებული ეროვნულ ნიადაგზე წარმოქმნილ კონფლიქტთა რეალური მიზეზების ობიექტური შესწავლა, რაც რომელიმე ავზრახვიან ქვეყანას საშუალებას აღარ მისცემს თავიანთი ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე პერმანენტული ხასიათი მისცენ ეთნიკურ კონფლიქტებს.

საქართველოს სახელმწიფოს გეოპოლიტიკური რეალიზმი და სამართლებრივი ტენდენციები მუდმივ თანაფარდობაში და ჰარმონიაში უნდა იყოს მომავალი მსოფლიოს წესრიგთან. ამავდროულად, ასევე უნდა ვეყრდნობოდეთ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის აქტით, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებით, 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით განცხადებულ პრინციპებს და ვაცნობიერებდეთ პასუხისმგებლობას ქართული ერის წინაშე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, აღდგენა-აღორძინებისა და განვითარების უზრუნველყოფისათვის. ახლა უკვე საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საქართველოში 1991-93 წლების შეიარაღებული, სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების გზით დაამხეს კანონიერი ეროვნული, სახალხო ხელისუფლების ყველა შტო და დაამკვიდრეს ანტიქართული და ანტისახალხო კრიმინალური, ნომენკლატურული რეჟიმი. როგორც ცნობილია, 1990 წელს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მიწა, საჰაერო სივრცე, წყლის რესურსები, კონტინენტური შელფი და წიაღისეული ეროვნულ საკუთრებად გამოაცხადა, სსრკ-ს ჯარს მიანიჭა საოკუპაციო ჯარის სტატუსი, მიიღო აგრეთვე საკანონმდებლო აქტები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრების შესახებ, საბაჟო სამსახურის შესახებ, ეროვნული საჯარისო ფორმირებების შესახებ, ეროვნული უშიშროების სამსახურის შესახებ.

ვინაიდან გასული საუკუნის გარიჟრაჟზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა კანონიერი გზით არ გაუქმებულა, საქართველოს კანონიერ მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია, არ არსებობდა საქართველოს სსრკ-ის შემადგენლობაში შეყვანის სამართლებრივი საფუძველი. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით გამოაცხადა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენა. 1991-1993 წლების სახელმწიფო გადატრიალებამ კი შესაძლებლობა მოუსპო ხელისუფლებას ეწარმოებინა აქტიური პოლიტიკა სახელმწიფოებრიობის აღორძინებისა და განვითარების მიმართულებით. საქართველოს ტერიტორიულ დანაწევრებას სათანადო გეზს აძლევდა გეოპოლიტიკური ტენდენციები და მათ განსახორციელებლად შემუშავებული ქვეყნის შიდა, თუ გარე სქემები. გადატრიალებამ ამ მხრივაც ძირითადი სამართლებრივი ბაზაც გამოაცალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას. 1992 წლის 2 იანვრის დადგენილებით სამხედრო საბჭომ შეაჩერა საქართველოს რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუციის (1990-1991 წლების შესწორებებითა და დამატებებით) მოქმედება ქვეყნის ტერიტორიაზე, არასამართლებრივად და უკანონოდ „აღადგინა” 1921 წლის კონსტიტუცია, აფხაზეთის უზენაეს საბჭოში დაიწყო ქართული დეპუტაციის ყოვლად გაუაზრებელი მოქმედებები, რასაც მოჰყვა 1992 წლის 14 აგვისტოს ომის იურიდიული მომზადება რუსეთის, აფხაზეთისა და საქართველოს _ კომუნისტური ნომენკლატურის მიერ, რის შემდეგ იმ ძალებს, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოსთვის მოეგლიჯათ ტერიტორიები, ხელ-ფეხი გაეხსნათ და აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სეპარატისტული ხელისუფლების ჩამოყალიბებით ქვეყანას ჩამოაშორეს სამაჩაბლო და აფხაზეთი. საფუძველი დაედო საქართველოს ტერიტორიის არასამართლებრივ დანაწევრებას. აღნიშნული დანაწევრების ფაქტობრივი აღიარება საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია იყო, სადაც არ იყო დაფიქსირებული არც აფხაზეთი, არც აჭარა (მოგვიანებით, შედარებით დარეგულირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკითხი) და არც ე. წ. შიდა ქართლის ე. წ. ყოფილი „სამხრეთ ოსეთის” ტერიტორია (სამაჩაბლო), ანუ არ არსებობს კანონი, რომელიც არეგულირებს დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზეთის, ასევე ე. წ. „სამხრეთ ოსეთის” ხელისუფლებას შორის.

1978 წლის კონსტიტუცია (1990-1991 წლების შესწორებითა და დამატებებით) კი იყო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისადმი აფხაზეთისა და აჭარისა ხელისუფლებათა დაქვემდებარებების გარანტი. ეს დაქვემდებარება მათი საკუთარი კონსტიტუციებითაც (აჭარა, აფხაზეთი) იყო განმტკიცებული. აღნიშნული კონსტიტუცია აკონტროლებდა საქართველოს მთელ ტერიტორიასა და სამართალმემკვიდრეობის გამო საკონსტიტუციო ვაკუუმი გამორიცხული იყო. სწორედ 1991-93 წლების სახელმწიფო გადატრიალებამ დაარღვია ზემოთაღნიშნული მოწესრიგებული მდგომარეობა, რისი ერთ-ერთი ძირითადი შედეგიც არის ასევე, 2008 წლის აგვისტოს ე. წ. „რუსეთ-საქართველოს” ომით გამოწვეული ტერიტორიების შემდგომი ფაქტობრივი დაკარგვა და მსოფლიო ცივილიზებული ქვეყნების აზრის საწინააღმდეგოდ რუსეთის მიერ ცალმხრივად აფხაზეთისა და ე. წ. „სამხრეთ ოსეთის” რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობა.

დღეს გეოპოლიტიკური სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა, ამუშავდა სხვა სქემები. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკით, მსოფლიო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია ოპტიმალურად გადავწყვიტოთ დღევანდელი პრობლემები.

ოღონდ ყოველივე ამის განსახორციელებლად საქართველომ, სხვა მნიშვნელოვან პრობლემათა შორის უნდა გადაჭრას უპირველესი პრობლემა: უნდა აღდგეს და მოწესრიგდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი კანონიერების, სამართალმემკვიდრეობისა და ტერიტორიულ მთლიანობის სამართლებრივი საფუძველი, რაც ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობასა და მასთან ერთად ქვეყნის ხელისუფლებისა შიდა ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობებს დაარეგულირებს.

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის დასკვნითი აქტის (ჰელსინკი, 1975) III და IV პრინციპების თანახმად აკრძალულია ქვეყნის საზღვრების ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. იგივე მიდგომას საზღვრებსა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ადასტურებს 1986 წლის ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მონაწილე სახელმწიფოების ვენის შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტი.

აღნიშნული დოკუმენტები ცალსახად განმარტავენ, რომ აფხაზეთის და ე. წ. „სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიები ეკუთვნის საქართველოს და მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად ვერავინ სცნობს, ვინაიდან დაირღვევა საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, მაგრამ მითითებული ნორმები ვერ აიძულებენ აღნიშნულ წარმონაქმნებს, დაემორჩილონ საქართველოს ხელისუფლებას, ანუ ისინი მხოლოდ გარედან აწესრიგებენ მდგომარეობას, შიდა მდგომარეობა კი მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციამ უნდა მოაწესრიგოს. განვლილი წლების განმავლობაში სისხლიანმა კრიმინალურმა რეჟიმმა უდიდესი დანაშაულებები ჩაიდინა ქართველი ხალხის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ – მტრულ ძალებს მიჰყიდა საქართველოს ძირძველი ტერიტორიები; გამოიწვია დემოგრაფიული კატასტროფა; მოსპო ინდუსტრია; დაამკვიდრა ნარკომანია, უზნეობა, გარყვნილება და უდიდესი მასშტაბის კორუფცია; გაუხანგრძლივა საქართველოში ყოფნა რუსეთის საოკუპაციო არმიას.

გადატრიალების შემდეგ არც პრეზიდენტ გამსახურდიას და არც საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებას – მთავრობას უფლებამოსილება არ მოუხსნია და დევნილობაში აგრძელებდნენ ფუნქციონირებას. საქმე გვაქვს არა თავისუფალ ქვეყანაში მომხდარ სასახლის კარის გადატრიალებასთან, რომლის მიმართაც მოქალაქეთა უმრავლესობა გულგრილია, საქმე ეხებოდა დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარ საქართველოს, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დაუნდობელ, ბოლშევიკურ იმპერიასთან უთანასწორო ბრძოლაში იყო ჩაბმული. ის, ვინც ეროვნულ ხელისუფლებას დაუპირისპირდა, შეგნებულად, თუ შეუგნებლად ახლადფეხადგმული ქართული სახელმწიფო აქცია სამიზნედ. იმ პირობებში გადადგომა და ბრძოლიდან განდგომა ხელისუფლებისათვის ბრძოლაზე ხელის აღებას კი არ ნიშნავდა, არამედ გარეშე მტერთან კაპიტულაციას. დევნილობაში კანონიერი ხელისუფლების მოქმედების მთავარი მიზანი დანაშაულებრივი რეჟიმის შინაური და საერთაშორისო პოლიტიკის მხილება და იზოლაცია იყო. რეაგირების გარეშე არ დარჩენილა ამ პერიოდის არცერთი რამდენადმე მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის სეპარატისტების მიერ აფხაზეთში მიღებული ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაც, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა გაუქმებულად გამოაცხადა. ეს იყო თბილისში შექმნილი საკონსტიტუციო ვაკუუმის შევსების მცდელობა, რაც უპასუხოდ დარჩა ორივე მხრიდან. ასევე უპასუხოდ დარჩა მოწოდება ცეცხლის შეწყვეტისა და სიტუაციის შერეული, ქართულ–აფხაზურ–ჩეჩნური ძალებით გაკონტროლების შესახებ, რაც მიზნად კონფლიქტიდან რუსული ფაქტორის გამორიცხვას ისახავდა. სამწუხაროდ, გადატრიალების შემდეგ გასული წელიწადნახევარი მორალური და მატერიალური თვალსაზრისით იმდენად დამანგრეველი აღმოჩნდა, რომ ზვიად გამსახურდიას ჭეშმარიტად თავგანწირვამ საქმე ვეღარ გამოასწორა.

საგანგებოდ აღსანიშნავია, რომ არალეგიტიმურმა ფაქტობრივმა ხელისუფლებებმა, უკანონო დროებითმა ფაქტობრივმა მმართველობებმა და მათ უკან მდგარმა ძალებმა ცალსახად არ განაცხადეს მათი დამოკიდებულება 1991-93 წლების პუტჩისა და შემდგომ – 1993 წელს რუსეთის არმიის ინტერვენციის გზით კანონიერი ხელისუფლების ხელახალი განდევნის გამო.

ეროვნულად განწყობილ ქართველობას კარგად ახსოვს, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, ეროვნული ხელისუფლების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად პუტჩის შემდგომ მოღალატე ხელისუფლების მიერ ხელოვნურად გაღვივებული ისტერიის ფონზე საქართველო ჩათრეული იქნა დამარცხებისათვის განწირულ, „გაყიდულ“ სამხედრო კონფლიქტებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში – ე. წ. „აფხაზეთის ხაფანგში“. ანტიეროვნულმა მმართველმა კასტამ დასავლეთის წაყრუება-წაქეზებით უკიდურესობამდე გააძლიერა ეს ისტერია საქართველოსა და უცხოეთში.

ამასთან, მარიონეტულმა ფაქტობრივმა ხელისუფლებამ ჩაიდინა სახელმწიფოებრივი ღალატის ტოლფასი ქმედება და ის რაც არ გაუკეთებია საბჭოთა კავშირის ხელისუფლებასაც კი, დაარსა ე. წ. „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა”, მესამე ხელოვნური ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოში, კიდევ უფრო გააღრმავა კრიზისი და მოამზადა ნიადაგი ძირძველი შიდა ქართლის ტერიტორიების მტერზე ჩაბარებისათვის, რაც რუსეთმა აღასრულა კიდეც 2008 წელს. ამასთანავე, 2008 წელს ნაციონალისტური ისტერიის ვითარებაში ინსპირირებულმა და მოღალატურად წარმართულმა ქმედებებმა და „ომმა“ (რომლის მიზანიც იყო საქართველოში რუსეთისა და დასავლეთის გავლენის სფეროების მკაცრი გამიჯვნა) – გამოიწვია ქართველი ხალხის უმძაფრესი საპროტესტო მუხტი, რომლითაც სპეკულაციური მიზნებით სარგებლობენ კვლავ ის ანტიეროვნული ძალები, რომლებმაც თავის დროზე ეროვნული ხელისუფლების განდევნაში მიიღეს მონაწილეობა და ამჟამად კი, ზოგი ხელისუფლებაში და ზოგი ხელისუფლების გარეთ დარჩნენ. გამძაფრდა ფაქტობრივი, დამპყრობლური რეჟიმის არალეგიტიმურობის საკითხი.
დასავლეთი, რომელსაც საკუთარი – ანგარებითი ინტერესები გააჩნია რუსეთის მიმართ – ბოროტად იყენებს რა ქართველობის ბუნებრივ მისწრაფებას დაიბრუნოს წართმეული აფხაზეთი და სამაჩაბლო – აიძულებს საქართველოს უკიდურესობამდე და სერიოზული დადებითი პერსპექტივის გარეშე გაამწვავოს ურთიერთობა რუსეთთან. საქართველოს ხელისუფლებაში ხელახლა მოსული „გველივით პერანგშეცვლილი” ნომენკლატურული „ხუნვეიბინები” პირადი ანგარების მიზნით ნერგავს ქართველობას შორის ცრუ იმედებს, დეზინფორმაციას და ამით უსინდისოდ მანიპულირებს ხალხის აზრით. პარალელურად მიმდინარეობს ყველაფერ ეროვნულზე სასტიკი შეტევა და ყოველგვარი ეროვნული ფასეულობის განადგურება – „ხუნვეიბინური ანტიეროვნული კულტურული რევოლუცია“.
საქართველოში მოშლილია პოლიტიკური პერსპექტივებისა და პროცესების დემოკრატიული, საზოგადოებრივი ანალიზისა და თავისუფალ პაექრობაში საუკეთესო გზების ძებნის მექანიზმი იმ პირობებში როდესაც მასმედიის მთელი სიმძლავრეები მმართველი კასტის პროპაგანდისტული მანქანის როლს ასრულებს – პრაქტიკულად, წლებია დამყარებულია ტოტალიტარული ერთპარტიული დიქტატურის სისტემა. ყოველივე ამ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების ვითარებაში – არ არის გამორიცხული საქართველოში უარესი სახით განმეორდეს 1992-1993 წლებში აფხაზეთის ავანტიურის მსგავსი მოვლენები – როდესაც საქართველო ამდაგვარი „პოლიტიკური სიბრმავის” ვითარებაში ჩათრეული იქნება ახალ დამღუპველ ომშიც. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს „მმართველი კასტა” არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მტკიცდებოდეს და ფართოვდებოდეს აფხაზ და ოს ხალხთან ნდობა-მეგობრობა, კულტურული ურთიერთობები. ხელისუფლება და მმართველი პოლიტიკური პარტიები არ აწარმოებენ ადამიანურ-ჰუმანიტარულ, სახალხო-დიპლომატიურ ურთიერთობებს აფხაზურ და ოსურ მხარესთან, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობასთან.

ამავე დროს თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დასავლეთს არ აქვს რაიმე დასტური, ან შეთანხმება რუსეთის მხრივ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში კვლავ რეალური გაერთიანების შესახებ (გარდა ლიტონი დეკლარაციებისა, რომ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას) და დასავლეთი საქართველოს ყოველგვარი რეალური გარანტიების გარეშე უბიძგებს რუსეთს ხისტად, მწვავედ, სარისკოდ დაუპირისპირდეს. დასავლეთის დაკვეთით საქართველოსათვის არაფრისმომტანი „შპიონური პიარ-კამპანიის“ მოწყობით – რომლის მიზანი იყო დასავლეთისათვის არგუმენტების მიცემა რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო ფორუმებზე – რუსეთი ინსპირირებული იყო მოეწყო საქართველოსათვის პრაქტიკულად ტოტალური ბლოკადა და ათასობით რუსეთში მომუშავეთა ხარჯზე მცხოვრები ქართული ოჯახი დარჩა შემოსავლების გარეშე. კოდორის ხეობის ვითომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ჩართვისა და იქ ვითომ „აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების“ დაფუძნებას სინამდვილეში მოჰყვა ამ ხეობაში რუსის „სამშვიდობოების“ კონტროლის აღდგენა და ნაშთად დატოვა უკიდურესად გამძაფრებული ურთიერთობები აფხაზ სეპარატისტებთან.

ნატოში გაურკვეველ მომავალში და სათუო გაწევრიანების პერსპექტივებით მმართველი ფაქტობრივი ხელისუფლებების მიერ ისტერიული პოლიტიკური სპეკულაციების შედეგად – რეალურად და ამჟამად საქართველოს აქვს ამ სპეკულაციებით პროვოცირებული რუსეთული სადამსჯელო-დრაკონული მეთოდების გამოყენება საქართველოს მიმართ – არსებითად სრული ბლოკადა, ქართველობის რუსეთიდან დეპორტაცია, შესაბამისად – საქართველოს მოსახლეობისათვის და ეკონომიკისათვის ხელოვნურად პროვოცირებულ სირთულეები.

დასავლეთისათვის სულ ერთია – შევა საქართველო ნატო-ში აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, თუ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე – ამიტომ, დასავლეთი არც იმ შემთხვევაში იქნება წაგებული, თუ საქართველო სამუდამოდ დაკარგავს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ეს კი ჩვენთვის დაუშვებელია. ყველა უბედურება, რაც საქართველოს დაატყდა თავს 1992 წლიდან ლეგიტიმურობის დარღვევითაა გამოწვეული და დღესაც არ ძალუძთ ლეგიტიმურობაზე დაბრუნება.

ყველაფერ ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმათაც, ვინც ახლა საერთო-სახალხო ჯანყის ინსპირირებით სურს ისარგებლოს და ხელისუფლებაზე აცხადებს პრეტენზიებს, ვინც რეჟიმთან კოლაბორაციონისტობდა და ლეგიტიმიზების მორიგ მცდელობაშია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გზით. ამ გზით მოსული და ასეთი ხელისუფლება ვერ შესძლებს და არც მოინდომებს საქართველოს წინაშე მდგარ არც ერთი საკვანძო პრობლემის მოგვარებასა და გადაჭრას.

აქედან გამომდინარე, საჭიროა უკომპრომისო ბრძოლა იმ დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომელსაც ხელისუფლება უზურპირებული და ოკუპირებული აქვს. ამასთან, საჭიროა დაპირისპირება ანტიეროვნულ პოლიტიკასა და იდეოლოგიასთან, რომელსაც ქვეყანაში ნერგავენ ხელისუფლების სხვა სატელიტი ფსევდო-დემოკრატიული ორგანიზაციები.

არადა, საქართველო ყოველთვის იყო ცენტრი დიდ კავკასიაში. ეს სტატუსი მოსკოვს არ ემეტებოდა და არ აწყობდა, ამიტომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა სიტუაციის დაძაბვისა და გამწვავებისათვის. რუსეთს აწყობდა რათა რეგიონში, მეზობელ ქვეყნებს შორის ყოფილიყო მუდმივი დაძაბულობა და კონფლიქტები. ჩვენ გრძელვადიანი თანამშრომლობის კონკრეტული გეგმა უნდა გვქონდეს კავკასიის ხალხებთან. ჩვენ უნდა აღვადგინოთ საქართველოში და სრულიად კავკასიაში არა მარტო დემოკრატია და მშვიდობა, არამედ სამართლიანობა.

საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი – ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწეობის ისტორიულობა და მისი ეგზისტენციალური დრო არ შეწყვეტილა. იგი გაგრძელდება, მანამდე, სანამ საქართველო თავის თავისუფლებაში არ განმტკიცდება ყველა ასპექტით: ეკონომიკური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური. შესაბამისად უწყვეტია ისტორიულ-თემატური დრო და ამ ყოველივეს დამწყები პიროვნების როლი. მის მიერ დატოვებულია კვალი ამ ისტორიულ-თემატურ დროში, რომელიც გრძელდება მომავალში. საერთოდ პიროვნებები, რომლებიც ისტორიას ქმნიან მათი მოღვაწეობა არ მთავრდება ეგზისტენციალური დროის დასრულებით. მათი მოღვაწეობა სიუჟეტურ დროში გრძელდება და ყველა სიუჟეტი, რომელიც მათ ერს შესთავაზეს განსაკუთრებული დატვირთვა ეძლევა. მიუხედავად ლეგიტიმიზების არაერთი მცდელობისა ვითომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გზით – უკანონო რეჟიმმა ვერ შესძლო საბოლოო დამკვიდრება საქართველოში. საქართველოს კანონიერი მთავრობა, ეროვნული ძალები, ქართველი ხალხი არ შეეგუა მის არსებობას, არ აღიარა იგი და მის წინააღმდეგ განუწყვეტელ ბრძოლაში ჩაება.
არსებულ ვითარებაში, ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად ლეგიტიმური კონსტიტუციის მიხედვით სავსებით აუცილებელი და გადაუდებელია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, როგორც ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეოლოგიით ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეალებისათვის ბრძოლის ხელახალი აღმავლობა, მისი ორგანიზაციების აღდგენა-აღორძინება.

ამიტომაც, უმნიშვნელოვანესია საქართველოში ლეგიტიმურობის აღდგენის საკითხები, ანუ ეროვნული ხელისუფლებისა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.

ეროვნული, ანუ კანონიერი ხელისუფლების აღდგენა პირველ რიგში და საფუძველში გულისხმობს მის აღდგენას როგორც ეროვნული მოძრაობის ინსტიტუციისას, ინსტრუმენტისას და არა რაღაც განყენებული აბსტრაქციისას (თუმცა საქართველოს მტრებს სწორედ ასე აწყობთ). დავსძენთ, რომ ლეგიტიმურობის აღდგენა პირველ რიგში გულისხმობს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ზოგადად ქართველი ერის მიზნების განმახორციელებელი ხელისუფლების აღდგენას. ლეგიტიმურობა და კანონიერება ჩვენი თვალსაზრისით და ჩვენი სიმართლით ეროვნულობაზეა აგებული და არა შემონერგილ რაღაც ტრანსნაციონალურ-ინტერნაციონალურ აბსტრაქტულობებზე.

ამდენად, მთელი ამ ჩვენი მსჯელობების მიზანია დავასაბუთოთ და განვმარტოთ, რომ პირველადია სამართლებრივად კონსტიტუციური საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის პოლიტიკური ორგანიზაციები, ხოლო ეროვნული მოძრაობის მიერ შექმნილი სახელმწიფოებრივი სტრუქტურები – პარლამენტი იქნება ეს, თუ მთავრობა კი მეორეულია, დაქვემდებარებულია, ინსტრუმენტია და მეტი არაფერი და თუ ეს ასეა, მაშინ, ეროვნული ხელისუფლებისა და ზოგადად ჩვენი კანონიერებისა და ჩვენი სამართალ–სიმართლის აღდგენა შეუძლებელია მთლიანად საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების ხელახალი და მძლავრი აღმავლობისა და მომძლავრების გარეშე.

აქედან გამომდინარეობს ის დასკვნა, რომ ბატონ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ლეგიტიმური იყო და არის პირველ რიგში როგორც ეროვნული ხელისუფლება და მხოლოდ ამავე დროს, მეორე რიგში – როგორც კანონიერი ხელისუფლება. საქართველოში მხოლოდ ეროვნული ხელისუფლება შეიძლება იყოს კანონიერი, ლეგიტიმური და ვერავითარი ტრანსნაციონალურ-ინტერნაციონალური ხელისუფლება ლეგიტიმური ვერ იქნება და ქართველი ერის ინტერესებს ვერ ემსახურება.

„საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის” მიზანია დაანახოს და გააცნოს საქართველოსა და მთელ მსოფლიოს მისი ხედვა ქვეყნის მოწყობის, მისი სრული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მიღწევის, ერთიანობის უზრუნველყოფის, განათლებული სამოქალაქო და სოციალური სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბების გზით ჭეშმარიტი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინების, რეალურად დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო წყობილების შექმნა-განმტკიცებისა და მისი კანონიერი რეალიზაციის, მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის, დემოკრატიული და სამართლებრივ სახელმწიფოთა მშენებლობის, მათი მშვიდობიანი თანამშრომლობის ფუძემდებლური, ყოველმხრივი აღორძინების რეალური გეგმა და გზები, რომლითაც მოხდება სახელმწიფოს მიერ ადამიანის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეროვნული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ცხოვრებაში გატარება, ადამიანის ღირსებების უზრუნველყოფა და რომელიც დაფუძნებული იქნება სახელმწიფოებრიობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალური ჰარმონიის პრინციპებზე, ზნეობის პრიმატისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებით დაიცავს და დაამკვიდრებს ეროვნული თვითმყოფადობის, დემოკრატიისა, სამართლებრივი სახელმწიფოსა და თვითმმართველობის იდეალებს, პატივს სცემს ხალხთა თანასწორუფლებიანობას, საკუთარი ბედის გამგებლობას, მხარს დაუჭერს საომარი კონფლიქტების, გათიშულობისა და კონფრონტაციის თავიდან აცილების სამშვიდობო ცივილიზებულ პოლიტიკას. სახელმწიფოს ამოცანაა ყველა სფეროში ერის პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა, ეროვნული ინტერესების დაცვა, ერის თვითმყოფადობის, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინება, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრება, საკუთარი იერსახის შენარჩუნება-განვითარებით მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველი ერისათვის ღირსეული ადგილის დამკვიდრება. ამ ფუძემდებლურ პრინციპებს კი აშკარად მივყავართ მომავლისაკენ, სადაც წარმატების კრიტერიუმი შრომა, ნიჭი და მსახურება იქნება, სადაც  მთავარია: შესაძლებლობა, პასუხისმგებლობა და სოციალური სოლიდარობა. ეს იქნება ბურჯი, რომელსაც ქართული სახელმწიფო დაეფუძნება. სახელმწიფო კი უნდა იყოს ენის, მამულის, სარწმუნოების დაცვის გარანტი, ქართული ცხოვრების არსის განმსაზღვრელი.

გამოსავალი აღნიშნული მდგომარეობიდან არის ერთადერთი – რეალობიდან გამომდინარე ლეგიტიმური მთავრობის მიერ 2014 წლის 26 მაისის სამართლებრივი, პოლიტიკური და იურიდიული შეფასების თანახმად, რომელშიც შეფასებულია 1991-1993 წლების სახელმწიფო გადატრიალება და მისგან გამომდინარე ქვეყნის შემდგომი პროცესები, უნდა შემუშავდეს ახალი სამართლებრივი და იურიდიული საკანონმდებლო ბაზა და შესაბამისი აქტები, სადაც გათვალისწინებული იქნება და იურიდიულად აღსდგება 1992 წლის 2 იანვარს შეჩერებული საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისი მუხლები საზღვრების ურღვევობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის პრინციპების შესახებ, რაც სრულიად აღადგენს სამართლებრივ საფუძველს ტერიტორიული მთლიანობისათვის. 1991-1993 წლებისა და 2008 წლის ომები დაკარგავს თავის პოლიტიკურ შინაარსს და ის ტერიტორიები, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის გარეთ დარჩნენ, კანონიერად მოექცევიან მისი გავლენის ქვეშ. ამის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივად აღდგენისათვის წარმოებული ყოველგვარი ღონისძიება საერთაშორისო სამართლის დამატებითი სტატუსითაც იქნება განმტკიცებული.

უნდა შემუშავდეს, მომზადდეს და რეფერენდუმის გზით მიღებულ იქნას ახალი ეროვნული კონსტიტუცია, სადაც ასევე აღნიშნული იქნება სახელისუფლო კანონიერებისა და მისი სამართლებრივი უწყვეტობის საკითხი, რითაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას ქვეყნის სამართლებრივი, პოლიტიკური და იურიდიული მოწყობის სამართლიანობა და კანონის უზენაესობა.

საქართველოს ნამდვილ მამულიშვილს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს და სჯეროდეს, რომ უნდა ემსახუროს ქართველი ხალხის უზენაესობას, მარადიული ჭეშმარიტების მოთხოვნებს. დიდი მიზნების მიღწევას შესაძლოა ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდეს. გამარჯვების გარანტი სწორად საქართველოს ჭეშმარიტი თავისუფლებისაკენ დაუოკებელი სწრაფვაა.

არსებული კრიზისული მდგომარეობიდან საქართველოს გამოსახსნელად ერთადერთი გზაა მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღდგენა-აღორძინება და განვითარება.

მიგვაჩნია, რომ არა რომელიმე სხვა მოწოდება, ლოზუნგი, არამედ – სწორედ სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის, დემოკრატიული და სუვერენული საქართველოს რესპუბლიკის გადარჩენის იდეა უნდა გახდეს ის შემაკავშირებელი სტრატეგია, რომელმაც შესაძლებელი უნდა გახადოს ეროვნულ ძალთა გაერთიანება და რეალურად ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თანხმობის მიღწევა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ეყრდნობა რა, უპირველეს ყოვლისა, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის აუცილებლობის ძირითად პრინციპებს, კვლავ ხაზს უსვამს, რომ არსებული კრიზისული მდგომარეობიდან საქართველოს გამოსახსნელი ერთადერთი გზაა ყველა ეროვნული ღირსების მქონე ჯანსაღ ძალთა გაერთიანება და საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისათვის ბრძოლა.

კავკასია კი, განხილულ უნდა იქნას, როგორც მსოფლიოს მშვიდობიანი ერთობის გარანტი და საქართველოს, როგორც კავკასიური სახლის ქვეყნის, მედიატორული როლი მსოფლიოსათვის. ცივილიზაციის განვითარება იმ ფაზაში შევიდა, როდესაც მოწინავე ქვეყნები ერთობლივად ცდილობენ გადაჭრან ზოგადსაკაცობრიო პრობლემები. მსოფლიო პროცესები იმდენად დაჩქარებულია, რომ უახლოეს ხანში ამ წინააღმდეგობათა მოუგვარებლობა უაღრესად ზრდის საყოველთაო კატასტროფის შესაძლებლობას.

მსოფლიოს ახლებურად მართვის ეტაპზე დიდად მნიშვნელოვანია პოლიტიკური მოვლენების ახლებურად განჭვრეტა და წარმართვა. საქართველომ მიზანმიმართულად უნდა გამოიყენოს გეოპოლიტიკური უპირატესობანი და შესძლოს დამოუკიდებელი პოლიტიკურ-დიპლომატიური აქტიურობა.

საქართველოს ისტორია ნათლად მეტყველებს, რომ ქართული ფენომენისათვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო ეროვნული, რელიგიური თავსებადობა. ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების მანძილზე ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების გარეშე გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნების, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლები. საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ძველი ერის მტკიცე სახელმწიფოებრივი და კულტურული ტრადიციების გამო ყოველთვის მიზანმიმართულად ახერხებდა მოწინავე აზრის, კულტურის ექსპორტირებას მეზობელ მონათესავე ტომებში. ამ მოვლენას ნოყიერი ნიადაგი ასაზრდოებდა – იბერიულ-კავკასიური სამყაროს არსებობა, რომელიც უძველესი და უნიკალური ცივილიზაციის პოლიეთნიკურ და ამავე დროს ერთიან გეოპოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ სივრცეს, დასავლეთსა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გზაჯვარედინს წარმოადგენდა. საქართველოს კავკასიელ მეზობლებთან სარწმუნოებრივი სხვადასხვაობის მიუხედავად, ისტორიულად მუდამ ჰქონდა მთლიანი კავკასიური სამყაროსადმი კუთვნილების, საერთო წარმომავლობის, ბიოგენეტიკური ნათესაობის გრძნობა, ეროვნული წიაღიდან აღმოცენებული, ერთმანეთისაგან განსხვავებულ მეზობელ ცივილიზაციებთან შემაჯერებელი საერთო მენტალიტეტი, კულტურული, მორალური და ზნეობრივი ღირებულებები.

კავკასიის, როგორც მსოფლიოს მშვიდობიანი ერთობის განმსაზღვრელი ახალი რეგიონის, შიგა მოწესრიგების პრინციპი კი ისტორიულ-ეთნიკური პროცესების განვითარებამ, მისმა ღრმა ფესვებმა უნდა განსაზღვროს, რაც საქართველოს იბერიულ-კავკასიურ ტომებთან ნათესაობით და ასევე შავი ზღვის ნავსადგურთა გარკვეული ნაწილის კონტროლით განსაზღვრულ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

კავკასიური ერთობის შესაქმნელად, რომლის საფუძველი იდეაში ყოველთვის არსებობდა, საჭიროა მკაფიო და მკაცრი, თანმიმდევრული მსოფლიო პოლიტიკური კურსის შემუშავება, რაც საჭიროების შემთხვევაში როგორც კავკასიური სახლის, ასევე მსოფლიოს დამცველ მექანიზმად ამოქმედდება.

ცხადია, კავკასიური სახლი არ გულისხმობს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთი მიმართულებით განვითარებას. ასეთი პოლიტიკა განსაზღვრულია საქართველოს და მსოფლიოს კეთილდღეობის ინტერესებით და ოთხივე მხრივ უნდა წარიმართოს.
მაგრამ, მარტო დასავლეთის პროგრესული დემოკრატიული აღმშენებლობის სურვილი საკმარისი არ არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული აღორძინებისათვის, მას ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის სწორად წარმართვამაც, რომელიც დამყარებული იქნება სამართლიანობისა და კანონიერების ბაზაზე.

ვეყრდნობით რა 1918 წლის 26 მაისის საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის აქტით, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებით, 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით განცხადებულ პრინციპებს, ვაცნობიერებთ რა პასუხისმგებლობას ქართული ერის წინაშე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, აღდგენა-აღორძინებისა და განვითარების უზრუნველყოფისათვის, მიგვაჩნია და ვადასტურებთ:

  • უნდა აღსდგეს ისტორიული სამართლიანობა და ჩამოყალიბდეს მსოფლიოს მშვიდობიანი ერთობის განმსაზღვრელი ახალი რეგიონი და ერთობა – კავკასია, როგორც გარანტი მსოფლიოში მშვიდობისა, სამართლიანობისა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისათვის დაცვისა, სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თანხმობა-ერთობისა და თანასწორობისა;
  • საშურია, თუ კავკასიაში და სწორედ საქართველოში განთავსდება და მოეწყობა სახელმწიფოთა უსაფრთხოებისა, ერთა კულტურათა, უფლებებისა და თავისუფლებების, დაცვისა და უზრუნველყოფის „მსოფლიო ერთა ასამბლეა”, რამდენადაც საქართველოს, როგორც „კავკასიური სახლის” ქვეყანას, სახელმწიფოს ისტორიული, გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე და ეროვნული სულის მეოხებით ძალუძს ეზიაროს ჭეშმარიტად საღვთო საქმეს და განხორციელოს მსოფლიოს სახელმწიფოთა მშვიდობიანი ურთიერთობისა და თანამშრომლობისათვის აუცილებელი გარანტის როლი. იგი უნდა გახდეს მედიატორი სახელმწიფო, აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ქრისტიანულ და მუსულმანურ სამყაროს შორის, რაც მისი ოდინდელი ისტორიული მისიის დაბრუნება იქნება.

სახელმწიფოთა უფლებებისა და თავისუფლებების, როგორც მსოფლიოს ერთა კულტურათა და კოლექტიური უსაფრთხოების, მასთან ერთად ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ფუძემდებლური პრინციპები უნდა იქნეს აღიარებული ყველა სახელმწიფოს მიერ და ამ პრინციპიდან გამომდინარე ადამიანის ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეროვნული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ცხოვრებაში გატარება უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოსა და ადამიანის ღირსების უზრუნველყოფის, მისი კანონიერი უფლების რეალიზაციის, მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის, დემოკრატიული და სამართლებრივ სახელმწიფოთა მშენებლობის, მათი მშვიდობიანი თანამშრომლობის საძირკველს, რამეთუ სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სულიერი მდგომარეობის დაუცველობა, ძალზე დიდ დაბრკოლებას იძლევა თითოეული ერის ღირსების განვითარებაზე. ეროვნული ღირსება კი, არა მარტო თეორიული ცნება, არამედ რეალური ერთეულის, მრავალსაუკუნოვანი წარსულისა და ისტორიის მქონე ერის ძირითადი ატრიბუტია და თავისთავად მიღწევადი რეალობაა, რადგან იგი გამომდინარეობს ერის ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ერთობიდან, რომელიც წარმოშობილია ენის, ტეროტორიის, ეკონომიკური ცხოვრებისა და იმ ფსიქიკური წყობის ბაზაზე, რომლის გამოხატულებაა კულტურის ერთობა.

ეროვნული ღირსების გრძნობის ამაღლება შესაძლებელია ქვეყნის სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მდგომარეობის, ასევე ერის იდეურ-მორალური, ეთიკური, ზნეობრივი და საღმრთო რწმენის დონეთა ამაღლებით. ეროვნული ღირსების გრძნობა თავისთავად ერის ნაყოფიერი ორიენტაციაა და იგი დიდ როლს თამაშობს როგორც პიროვნული ღირსების, ასევე ცხოვრების დონის ამაღლებასა და ქვეყნის განვითარებაზე.

მართალია ისტორიულ ეტაპებზე ხდება ღირებულებათა გადაფასება, მაგრამ მისი მუდმივობის ცვალებადობა ფაქტობრივად არ იცვლება, რამეთუ ცვალებადობას მხოლოდ სუბიექტივიზმი განსაზღვრავს მნიშვნელოვნად. ასე, რომ იდეალიზმთან მიახლოებული რეალობა ობიექტურ, თეორიულ და ემპირიულ განსაზღვრებაში შეიძლება ისტორიულად განსაზღვრულ მუდმივად მივიჩნიოთ. მორალური პრინციპების განხორციელება კი შესაძლებელია არა მხოლოდ სახელმწიფოში და თავად ერში, არამედ საყოველთაოდ და ყველგან.

მოწინავე ქვეყნები უნდა ადასტურებდნენ ერთა თანასწორუფლებიანობის, საკუთარი ბედის განმგებლობის უფლების პატივისცემისა და მათი ეფექტური განხორციელების საყოველთაო მნიშვნელობას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების განვითარებისათვის. მათ უნდა შეახსენონ ურთიერთს აგრეთვე იმის მნიშვნელობა, რომ უნდა გამოირიცხოს ამ პრინციპის დარღვევა ნებისმიერი ფორმით.

⦁ მსოფლიო ქვეყნების სახელმწიფოებრიობის დონის ამაღლებისა და აღორძინების მიზნით, ახალი რეალობიდან გამომდინარე სასურველია დაიხვეწოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა აქტები მათი უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განხრითაც, რათა ახალ საუკუნეში სახელმწიფოებმა და ხალხებმა იცხოვრონ მშვიდობიან, განვითარებად მსოფლიო თანამეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის გარემოში. მსოფლიო პოლიტიკურ ძალებს უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ მოვლენათა შორის მუდმივი და უცილობელი კავშირი და ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც დასტურდება ბუნებასა და საზოგადოების შემეცნების პროცესში. უნდა ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად შესაბამისი პოლიტიკური წყობა, რომლის დროსაც დამყარებულია და პრაქტიკაში ხორციელდება ერთა ხელისუფლებათა საშუალებები და ფორმები, რომლებიც გამაგრებულია თითოეული ქვეყნის მოქალაქეთა თავისუფლებებისა და თანასწორობის კანონებში. სახელმწიფოს დემოკრატიულობა ძევს მის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, რომელიც ამ სახელმწიფოს ისტორიულად ჩამოყალიბებულ, ევოლუციურად აღმავლობაში მყოფი მისი ბუნებიდან გამომდინარეობს და სარგებლობს როგორც სახელმწიფოს შიგნითა ხალხის, ასევე მსოფლიოს თავისუფლებისმოყვარე ხალხთა საყოველთაო მოწონებით.

ქვეყნის საკუთარი განმგებლობის უფლებიდან და თანასწორუფლებიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მუდამ უნდა ჰქონდეს უფლება სრული თავისუფლების პირობებში დაადგინოს თუ როდის და როგორ სურს მას განსაზღვროს თავისი შინაგანი და გარეგანი პოლიტიკური სტატუსი. ქვეყანა საერთო, საყოველთაო რეფერენდუმის გზით, გარედან ჩარევის გარეშე თავადვე უნდა განსაზღვრავდეს თავის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას.

სახელმწიფოს დანიშნულება ერის პოლიტიკური და სულიერი დამკვიდრებაა. თვითდამკვიდრების ურთულეს გზაზე ყოველი ერი ესწრაფვის თავისი სულიერი და სოციალურ-პოლიტიკური ველის გაფართოვებას. სწორედ ამაში ვლინდება ერის სიძლიერე და სიცოცხლის უნარიანობა. დემოკრატიის გარეშე კი შეუძლებელია რაიმე სახის სულიერების გავრცელება.

მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამართლებრივი გადაწყვეტა და მისი დაცვა. ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მისი ტერიტორიის და ბუნებრივი რესურსების დაცვას. სახელმწიფოს ტერიტორიას – ხმელეთს, წყალს, წიაღს, საჰაერო სივრცეს მომიჯნავე სახელმწიფოს ტერიტორიისაგან გამოჰყოფს სახელმწიფო საზღვარი. ამდენად, ნათლად სჩანს სახელმწიფოსათვის საზღვრის მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა პრობლემატური საკითხების გადაწყვეტის სასიცოცხლო მნიშვნელობა, როგორც შიდა სახელმწიფოებრივი ფუნქციონირების, ასევე სახელმწიფოებათაშორისი ურთიერთობის თვალსაზრისითაც.

1921 წლის ანექსიისა და ძალდატანებითი გასაბჭოების შემდეგ საქართველომ დაკარგა ერთა ლიგის რიგი ქვეყნების მიერ აღიარებული ტერიტორიის თითქმის მესამედი, ლამის ამდენივე მნიშვნელოვანი ტერიტორიული ნაწილები 1991-93 წლების სახელმწიფო გადატრიალებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს საომარი პროცესების შედეგად.
სამწუხაროდ, საქართველომ 1918-21 წლების დამოუკიდებლობის პერიოდში, ცნობილ მიზეზთა გამო ვერ შესძლო მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრების სრულად სამართლებრივი განსაზღვრა და დღეისათვის არ მოგვეპოვება ასეთი ნორმატიული ბაზა.

სასაზღვრო სიტუაცია ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან შედარებით ყველაზე კარგად აზერბაიჯანთან იყო დაცული, ამ შემთხვევაშიც იგი 1938 წლის მდგომარეობას ეფუძნება. კომისია შეიქმნა სომხეთთან დაკავშირებითაც, მაგრამ განსაზღვრულ ვითარებათა გამო პრობლემის გადაწყვეტა ყოველთვის ჭიანურდებოდა. საერთაშორისო ნორმების შესაბამისად დელიმიტირებული გარე საზღვარი საქართველოს მხოლოდ თურქეთთან ჰქონდა, იგი მას სსრკ-სთან ჰქონდა გარკვეული და მდგომარეობა ასევე დარჩა.

გარდა ტერიტორიული დანაკარგებისა ბარბაროსულად განადგურდა საქართველოს ბუნება და კულტურის ძეგლები, გაიძარცვა ბუნებრივი რესურსები. ცხადია, ამ პროცესებმა უზარმაზარი ფინანსური ზარალი მიაყენეს ქვეყანას და ეს სათანადოდ საქართველოს ტერიტორიული დაუცველობითა და სახელმწიფო საზღვრების ფაქტობრივი არარსებობითაც იყო გამოწვეული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 1990 წელს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მიწა, საჰაერო სივრცე, წყლის რესურსები, კონტინენტური შელფი და წიაღისეული ეროვნულ საკუთრებად გამოაცხადა, სსრკ-ს ჯარს მიანიჭა საოკუპაციო ჯარის სტატუსი, მიიღო აგრეთვე საკანონმდებლო აქტები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრების შესახებ, საბაჟო სამსახურის შესახებ, ეროვნული საჯარისო ფორმირებების შესახებ, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შესახებ.

ერთის მხრივ, ვინაიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა კანონიერი გზით არ გაუქმებულა, საქართველოს კანონიერ მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია, არ არსებობდა საქართველოს სსრკ-ის შემადგენლობაში შეყვანის სამართლებრივი საფუძველი. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით გამოაცხადა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენა.

მეორეს მხრივ, 1991 წლის 21 დეკემბრიდან დაიწყო საქართველოს რესპუბლიკის ცნობა და საქართველოს ტერიტორია, მისი ფარგლები განისაზღვრა 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიის და შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დადგენის საფუძვლად აღიარებულია საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში მოკავშირე რესპუბლიკებთან საქართველოს სსრ-ს ადმინისტრაციული საზღვრები. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გაერო-ს (რომლის წევრიც საქართველო გახდა), საერთაშორისო თანამეგობრობისა და ორგანიზაციების მიერ საქართველო იურიდიულად და ფაქტობრივად აღიარებულ იქნა მის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ანუ საქართველოს დარჩა სსრკ-ს დაშლის შედეგად მიღებული საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიების სამართალმემკვიდრე.

საქართველოს 1990 წელს არჩეული ხელისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უმნიშვნელოვანეს საქმეს, რასაც იმ პერიოდთან დაკავშირებული ზემოთ მითითებული შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მიღებაც ადასტურებს. 1991-1993 წლების სახელმწიფო გადატრიალებამ კიდევ უფრო შესაძლებლობა მოუსპო ხელისუფლებას ეწარმოებინა აქტიური პოლიტიკა ზემოთაღნიშნული მიმართულებით.

საქართველოს ტერიტორიულ დანაწევრებას სათანადო გეზს აძლევდა გეოპოლიტიკური ტენდენციები და მათ განსახორციელებლად შემუშავებული ქვეყნის შიდა, თუ გარე სქემები. დღეს გეოპოლიტიკური სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა, ამუშავდა სხვა სქემები. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკით, მსოფლიო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია ოპტიმალურად გადავწყვიტოთ დღევანდელი პრობლემები. ოღონდ ყოველივე ამის განსახორციელებლად საქართველომ, სხვა მნიშვნელოვან პრობლემათა შორის უნდა გადაჭრას უპირველესი პრობლემა:

  • უნდა აღდგეს და მოწესრიგდეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის სამართლებრივი საფუძველი, რაც ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობასა და მასთან ერთად ქვეყნის ხელისუფლებისა და შიდა ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობებს დაარეგულირებს.

კვლავ აღვნიშნოთ, რომ ევროპის უშიშროებასა და თანამშრომლობის თათბირის დასკვნითი აქტის (ჰელსინკი, 1975) III და IV პრინციპების თანახმად აკრძალულია ქვეყნის საზღვრების ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. იგივე მიდგომას საზღვრებსა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ადასტურებს 1986 წლის ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი მონაწილე სახელმწიფოების ვენის შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტი.

აღნიშნული დოკუმენტები ცალსახად განმარტავენ, რომ აფხაზეთი და ე. წ. „სამხრეთ ოსეთი” ეკუთვნის საქართველოს და მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად ლეგიტიმურად ვერავინ სცნობს, ვინაიდან დაირღვევა საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, მაგრამ მითითებული ნორმები ვერ აიძულებენ აღნიშნულ წარმონაქმნებს, დაემორჩილონ საქართველოს ხელისუფლებას, ანუ ისინი მხოლოდ გარედან აწესრიგებენ მდგომარეობას, შიდა მდგომარეობა კი მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციამ უნდა მოაწესრიგოს.
1978 წლის კონსტიტუცია (1990-1991 წლების შესწორებითა და დამატებებით) იყო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისადმი აფხაზეთის, აჭარისა და ე. წ. „სამხრეთ ოსეთის” ხელისუფლებათა დაქვემდებარებების გარანტი. ეს დაქვემდებარება მათი საკუთარი კონსტიტუციებითაც (აჭარა, აფხაზეთი) იყო განმტკიცებული. აღნიშნული კონსტიტუცია აკონტროლებდა საქართველოს მთელ ტერიტორიასა და სამართალმემკვიდრეობის გამო საკონსტიტუციო ვაკუუმი გამორიცხული იყო. 1991-93 წლების სახელმწიფო გადატრიალებამ დაარღვია ზემოთაღნიშნული მოწესრიგებული მდგომარეობა, რისი ერთ-ერთი ძირითადი შედეგიც არის 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომით გამოწვეული ტერიტორიების შემდგომი ფაქტობრივი დაკარგვა და მსოფლიო ცივილიზებული ქვეყნების აზრის საწინააღმდეგოდ რუსეთის მიერ ცალმხრივად აფხაზეთისა და ე. წ. „სამხრეთ ოსეთის” რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობა..

  • გამოსავალი აღნიშნული მდგომარეობიდან არის ერთადერთი – რეალობიდან გამომდინარე უნდა შემუშავდეს ახალი სამართლებრივი აქტები, სადაც გათვალისწინებული იქნება და იურიდიულად აღსდგება 1992 წლის 2 იანვარს შეჩერებული საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისი მუხლები საზღვრების ურღვევობისა, ტერიტორიული მთლიანობისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის პრინციპების შესახებ, რაც სრულიად აღადგენს სამართლებრივ საფუძველს ტერიტორიული მთლიანობისათვის: 1991-1993 წლებისა და 2008 წლის ომები დაკარგავს თავის პოლიტიკურ შინაარსს და ის ტერიტორიები, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის გარეთ დარჩნენ, კანონიერად მოექცევიან მისი გავლენის ქვეშ. ამის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივად აღდგენისათვის წარმოებული ყოველგვარი ღონისძიება საერთაშორისო სამართლის დამატებითი სტატუსითაც იქნება განმტკიცებული.

ცხადია, არა გვაქვს ილუზია, რომ ზემოთაღნიშნული ქმედებანი ერთბაშად მოაწესრიგებს ყოველივეს, მაგრამ სამართლებრივად მოგვარებული პრობლემების გადაჭრა საერთაშორისო სამართლის პრეროგატივაა. ამას საერთაშორისო არბიტრაჟი მოყვება და ამგვარ დონეზე საკითხთა გადაწყვეტა კი ცხადია, სათანადოდ შეამცირებს ძალადობის ფაქტორს.

საქართველოს სახელმწიფოებრივ, სამართლებრივ სივრცეში არ უნდა არსებობდეს შავი ხვრელები, რომლებიც არამარტო ზედმეტად ტვირთავს ენერგიას, არამედ სწორედ ასეთი არასამართლებრივი, არაკანონიერი და არაკონსტიტუციური ორგანოების მეშვეობით ზიანს აყენებენ ქვეყნის იმიჯს.

ზოგადად, ლეგიტიმურობა კანონიერებას, სამართლებრივი საფუძვლების არსებობას ნიშნავს, ეს ცნობილია. ცნობილია ასევე, დევნილი ხელისუფლების – მთავრობის საკუთრივ სამშობლოში, თუ სხვა ქვეყანაში დევნილობაში მოქმედება, სამართლებრივი, თუ პოლიტიკური თვალსაზრისით მისი პრეცედენტულობა. ამდაგვარი ლეგიტიმური ფუნქციობის მაგალითები კაცობრიობის ისტორიაში საკმაოდ მოიპოვება.

ამას ადასტურებს საქართველოს უახლოესი წარსულიც. მაგალითად, საქართველოს 1918–1921 წლების მთავრობა და 1990–2019 წლების მთავრობა. მათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გარკვეული სამართლებრივი ფუნქციები გააჩნდათ და გააჩნიათ, მათ შორის, წარმომადგენლობითიც. მაგრამ ასევე, ერთი ქვეყნის შიგნით გადაადგილებული ადგილობრივი და თვითმართველობითი კანონიერი ხელისუფლების ორგანოების (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიების სახელისუფლებო, პრეფექტურათა, თუ საკრებულოთა ინსტიტუციები და მათი კანონიერი წარმომადგელობითობა, რომელთა ფუნქციები სამართლებრივად და იურიდიულად არსებობს) ფუნქციობას თანამედროვეობა არ იცნობს. ამიტომაცაა, რომ ეს არის გარკვეულწილად პრეცედენტული. პრეცედენტულობა კი თავისთავად არაკანონიერებას როდი ნიშნავს. აფხაზეთში დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა. იქ, როგორც მთელ ქვეყანაში, მოქმედებს უკანონო და დანაშაულებრივი რეჟიმი. აფხაზეთი ოკუპირებულია და შექმნილია ხელისუფლების ვაკუუმი. აფხაზეთში არსებული უკანონო ხელისუფლების მიერ გარეშე ძალების დახმარებით განხორციელებულია არამარტო ქართული, არამედ – თავად აფხაზური მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და გენოციდი. მთელი მსოფლიო საზოგადოება, გარდა ერთი ქვეყნისა (რუსეთისა), იქ ჩატარებულ არჩევნებს მიიჩნევს უკანონოდ და ბათილად. აფხაზეთის კანონიერი უზენაესი საბჭოსა და მთავრობის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოების წარმომადგენლობითი უმრავლესობა, რომლებიც დევნილნი არიან თავიანთივე სამშობლოსა, თუ ქვეყნის გარეთ, ფაქტობრივად არის მთელი აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესების გამომხატველი.

მართალია ფიქტიურად იგი არსებობს თბილისში ფაქტობრივი, უკანონო ხელისუფლების ძალისხმევით, მაგრამ ის ფიქციაა და უკანონობის დანამატია მხოლოდ. აქ თითქოს სადაო არაფერია, მაგრამ მთავარი ფაქტორი, რაც მათ ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აქცევს, არის თითქმის ოცდაექვსწლიანი სამართლებრივი, კანონიერი და კონსტიტუციური გადაურჩევლობა და ყოველივე დღეისათვის არსებულ ზოგიერთ ამ ორგანოს არადემოკრატიულად და თავადაც უკანონოდ აქცევს. აფხაზეთის კანონიერი უზენაესი საბჭოსა და მთავრობის, ასევე ადგილობრივი თვითმართველობითი ორგანოების დღევანდელი წარმომადგენლობითობის უფლებამოსილება ეჭვქვეშ აყენებს წარმომადგენლობითი არჩევითი ორგანოს ისეთ აუცილებელ ატრიბუტებს, როგორიცაა, სამართალი, კანონიერება, დემოკრატიულობა, არჩევითობა, ხალხის ნების გამოხატვა, პოლიტიკური პლურალიზმი, რესპუბლიკური სახელმწიფოებრივი წყობილება. არ შეიძლება, სამართლებრივად, კანონიერად და კონსტიტუციურად არჩევითი, თუ დანიშვნითი ორგანოები და წარმომადგენლობა იყოს კანონიერი სამართლებრივი და კანონიერი არჩევნების გზით მისი განახლების გარეშე, ასევე, კანონიერი, ლეგიტიმური მთავრობისაგან განყენებული. ეს არის წარმოუდგენელი და მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენაა. ასეთ შემთხვევაში ირღვევა ადამიანის უფლებები. ხალხის უფლება, იყოს ხელისუფლების წყარო და პიროვნების უფლება, აირჩიოს და იქნეს არჩეული, თავისუფლად გამოხატოს კანონიერ არჩევნებში თავისი ნება. მნიშვნელოვანია ერთი არგუმენტიც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მათი სამართლებრივი და კანონიერი არჩევნები თუ კონსტიტუციური დანიშვნები უნდა ტარდებოდეს გონივრული პერიოდულობით. მოწინააღმდეგენი შეიძლება თვლიდნენ, რომ კანონიერი, კონსტიტუციური არჩევნები ხელისუფლების დევნილობის პერიოდში, რომ აუცილებლად აფხაზეთში უნდა ჩატარდეს, რაც არსად არ წერია. ამომრჩეველი არის ხალხი და არა ტერიტორია, აფხაზეთის ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობა ხომ, დღეს დევნილთა – იძულებულ გადაადგილებულთა სტატუსით აფხაზეთის გარეთ ცხოვრობს. უსაფუძვლოა ამ აზრის მოწინააღმდეგეთა ის ეჭვიც, რომ ახალი არჩევნების ჩატარება ავტომატურად ლეგიტიმურს გახდის სეპარატისტების საოკუპაციო რეჟიმს. საოკუპაციო რეჟიმის უკანონობა საერთოდ არ არის დამოკიდებული აფხაზეთის უზენაესი საბჭოსა, თუ უმაღლესი საბჭოს არსებობაზე. საოკუპაციო-სეპარატისტული რეჟიმი არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უცვნია. ნებისმიერი საერთაშორისო დოკუმენტი თვით აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს თვლის უკანონოდ, თუნდაც იმიტომ, რომ დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია ეთნიკური წმენდისა და მასობრივი განადგურების შედეგად დაზარალებულ, ლტოლვილ და იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას. მაშასადამე, საერთაშორისო ინსტიტუტების აზრით, აფხაზეთში ჩატარებული არჩევნები და, შესაბამისად, მის შედეგად არჩეული ხელისუფლება კანონიერი და ლეგიტიმური იქნება მხოლოდ ამ გარემოებათა აღმოფხვრის შემდეგ. აფხაზეთი არის ოკუპირებული ტერიტორია. მარტო აფხაზეთი კი არა, უკანონოდ, ძალისმიერად, სახელმწიფო გადატრიალების მეშვეობით საქართველოს შიდა და გარე ძალების მიერ ინტერვენცირებული, ოკუპირებული და ანექსირებულია მთლიანად მთელი საქართველო, მიტაცებულია მთელი სახელმწიფო ხელისუფლება, სტრუქტურები, დემონიზირებული და დაპყრობილია მოსახლეობა. კონკრეტულად აფხაზეთში მოქმედებს უკანონო რეჟიმი, რომელიც არის ეთნიკური წმენდისა და ადამიანების მასობრივი განადგურების ორგანიზატორი რეჟიმის მემკვიდრე და მონაწილე. ამ ტერიტორიაზე არ ვრცელდება საქართველოს თუნდაც ფაქტობრივი რეჟიმის იურისდიქცია. დღესაც უხეშად ირღვევა ადამიანის ელემენტარული უფლებები. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში შეუძლებელია, ვისაუბროთ ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობაზე. ამა თუ იმ ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზებით არჩევნებში მონაწილეობის შეუძლებლობა სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო უფლება წავართვათ დანარჩენ მოსახლეობას. ანუ, თუ იქ არ შეუძლია კაცს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მაშინ რა დააშავა, როგორც იქ მაცხოვრებელმა და იქედან დევნილმა მოსახლეობის უმრავლესობამ?! ამდაგვარადვე შეგვიძლია განვიხილოთ სამშობლოდან გადახვეწილი ემიგრანტები, რომელთაც, ვფიქრობთ, კანონიერმა მთავრობამ შესაბამისი, მისივე მიღებული კანონით, უნდა მიანიჭოს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის სტატუსი. ამ ყოველივეს კი მივყავართ ლეგიტიმური ხელისუფლების სრულ აღდგენამდე და ახალი კანონიერი ხელისუფლების არჩევნებამდე, საჭიროების შემთხვევაში რეფერენდუმის მოწყობამდე და კანონიერად, საერთაშორისო დონეზეც ქვეყნის ლეგიტიმურობის აღდგენა-აღორძინებამდე.

კერძოდ, აფხაზეთის დაბრუნებისა და აფხაზეთში დაბრუნების სუბიექტი აფხაზეთიდან დევნილი საქართველოსა და მთელს მსოფლიოში გადახვეწილი უმრავლესი მოსახლეობაა.

საკუთარი ინტერესების დასაცავად და უკან დასაბრუნებლად მათ სამართლებრივი, კანონიერი და კონსტიტუციური წარმომადგენლობითი ორგანოები სჭირდებათ, რომლებმაც საქართველოს რესპუბლიკის კანონიერ ხელისუფლებასთან ერთად, უნდა დაიცვან მათი შელახული უფლებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ასეთი ორგანოები კი უნდა იყვნენ სამართლებრივი და კანონიერი კონსტიტუციის სახელმწიფოებრივი სტატუსის მატარებელი და არჩევითობის შემთხვევაში არჩევითი. ისინი უნდა გახდნენ ქმედუნარიანი, მოქმედი, ახალი ძალებითა და საზოგადოებისაგან უფლებამოსილების მატარებელი ადამიანებისაგან დაკომპლექტებული. ანალოგიურად, ოდნავ განსხვავებულად (რამეთუ აჭარა ოკუპირებულია პუტჩის მემკვიდრეთა მიერ ქვეყნის გარეშე ძალების ჩუმი თანხმობითა და უმოქმედობით), სამართლებრივად, კანონიერად და კონსტიტუციურად უნდა აღსდგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერი წარმომადგენლობითი ორგანოების ფუნქციებიც.

ყოველივეს კი ხელს უნდა უწყობდეს ლეგიტიმური, სამართალმემკვიდრე, კანონიერი დევნილი ხელისუფლების კანონიერი, კონსტიტუციური და სამართლებრივი წარმომადგენლობა – საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.

საერთაშორისო სამართალი და ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დეკლარაცია კონკრეტულ განმარტებას აძლევს ლეგიტიმურ ხელისუფლებას: ლეგიტიმურია ხელისუფლება, თუ მას აქვს ხალხის ნდობის სამართლებრივი და კანონიერი მანდატი, ანუ თუ იგი გამოხატავს თავისი ერის კანონიერ ნებას.
ყველა დროში ასე აღიქმებოდა იგი.

ერის ნების წინააღმდეგ დაამხეს საქართველოს ისტორიულად მეორე, სამართლებრივად, კანონიერად, საყოველთაოდ, დემოკრატიულად არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება და საქართველოს წინააღმდეგ ,,შეთქმულმა ძალებმა” სისხლიანი რეჟიმის მეშვეობით ფეხქვეშ გათელეს ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების საერთაშორისო დეკლარაცია, როდესაც ქართველ ხალხს განუცხადეს, რომ სისხლიანი აჯანყების უფლებას ამ დეკლარაციის პრეამბულა უტოვებს ყველა ხალხსო. იცრუეს და ცრუობენ კაცობრიობისა და თითოეული კეთილი ნების ადამიანის მტრები, რადგან ეს დეკლარაცია სწორედ მსგავსი ვანდალიზმების პრევენციისათვის იქნა შექმნილი და იგი გვაუწყებს, რომ უკანასკნელი მეთოდი – სამოქალაქო და ეროვნული დაუმორჩილებლობა მხოლოდ ტირანიის წინააღმდეგ საბრძოლველად არის და არა – დემოკრატიულად, საყოველთაოდ არჩეული ხელისუფლების დასამხობად, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადებიდანვე დემოკრატიულად, ქართველი ერის ნებითა და საერთაშორისო სამართლის, ისტორიული სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე იბრძოდა ქვეყნის სრული თავისუფლებისათვის.

არ არის ზოგადი ცნება. ლეგიტიმური ხელისუფლება, მთავრობა კონკრეტულად არის ნამდვილი (ერის ნების გამომხატველი) რეალური ხელისუფლება და მთავრობა. ნებისმიერი ერი მხოლოდ მაშინაა თავისუფალი ერი საკუთარ მიწაზე, როცა მას ჰყავს საკუთარი ინტერესების გამომხატველი და მსახური ხელისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ერი თავად ხდება მსახური, ნიჰილისტური ფსიქო-ინტოქსიკაციითა და ტერორით იქცევა ვიტალისტურ მასად, რომელსაც არ გააჩნია ეროვნება და, აქედან გამომდინარე, არც – სამშობლო.

ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ შექმნილი სამართლებრივ-პოლიტიკური ბაზა არის ნამდვილი საშუალება და გასაღები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენადაც. ეს მომენტი უაღრესად მნიშვნელოვანია სოციალური ფსიქოლოგიის თვალსაზრისითაც, რადგან ამ „გასაღების”, პირობითად, მოსკოვში, ვაშინგტონსა, თუ პეკინში ძებნა მიუთითებს ნიჰილისტურ მარაზმს სრული ამნეზიით, რეალობის აღქმის სრული დაკარგვითა და თვინიერობით რომ აღიწერება.

ლეგიტიმურობის „გასაღები” – დამხობილი ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსტიტუციური და სამართლებრივ-პოლიტიკური ბაზის ამოქმედება, ერთადერთია ასევე აფხაზეთისა და შიდა ქართლის დასაბრუნებლადაც. ის საქართველოშია, მის უდიდებულესობა ხალხშია და მის ნება-გადაწყვეტილებაშია. ლეგიტიმური წყვეტის აღდგენის აუცილებელი ნიშანია არა მხოლოდ კანონიერი არჩევნების დანიშვნა, არამედ – ლეგიტიმური სამართლებრივი ბაზის ამოქმედება საქართველოს გადასარჩენად. აუცილებელია, მოხდეს სამართლებრივი, კანონიერი და კონსტიტუციური წყვეტის აღდგენა და შემდგომ ქვეყანამ უნდა აირჩიოს ახალი ლეგიტიმური ხელისუფლება. კანონიერმა ხელისუფლებამ, მთავრობამ უნდა დანიშნოს და ჩაატაროს არჩევნები. მხოლოდ ამ არჩვენების შედეგად მოსული ხელისუფლება იქნება სამართლებრივი, კანონიერი, ლეგიტიმური, ასევე უფლებამოსილი და ვალდებულიც, რომ იხელმძღვანელებს ლეგიტიმური, სამართლებრივი ბაზით.

ამ მხრივ კი, აუცილებელია კონსტიტუციურად საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტივიზაცია, რათა აღსდგეს ეროვნული ცნობიერება, ქრისტიანული რწმენისა და ქართული ეროვნული იდეოლოგიის აღორძინება, ქართული სახელმწიფოებრიობა და ეროვნული ხელისუფლება. ეს კი ჩვენი სამშობლოს ბრძოლის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს. ღვთისა და მამულისათვის თავგანწირვა დღეს ერთადერთი გზაა გადარჩენისა, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგველის ეროვნული გადაგვარება და კატასტროფა.

ამრიგად, ლეგიტიმურობა აუცილებელია იყოს სამართლებრივ–კანონიერი, ანუ რაციონალური. მთავარი ამოცანაა სამართლებრივი, კანონიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც, თავის მხრივ, უპირისპირდება ტოტალიტარულ, ავტორიტარულ სახელმწიფოებს.

წარმოდგენილი ახლებური კონცეპტუალური მიდგომის ერთ-ერთი აუცილებელი გამოვლენაა, საჭიროებისამებრ, საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდიზაციის მეტ-ნაკლებად ოპტიმალური სქემის ფორმირებაც: რა შეიძლება ავირჩიოთ ძირითად კრიტერიუმად, ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის პროცესის შინაგანი ეტაპების კლასიფიკაციის სისტემად ამ სფეროში, სადაც ძირითად ორიენტირს უნდა წარმოადგენდეს ქართული ეროვნული იდეა – საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის იდეა. ამ იდეის მატარებელი ადამიანები თუ სოციალური ჯგუფები უნდა წარმოადგენდნენ საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის სუბიექტს. ეს სუბიექტი, ცხადია, ყოველთვის იყო გარკვეული ერთობა, გარკვეული ეროვნული მოთხოვნილებებისა და ინტერესების მქონე ადამიანთა აპოლიტიკური დასი. ამასთან, ეს კოლექტიური და იერარქიზებული სუბიექტი, არსებული კრიზისული სიტუაციების პერიოდული ცვალებადობის კვალად, თვითონაც იცვლებოდა რაოდენობრივადაც და ხარისხითაც, განიცდიდა ევოლუციას. სწორედ ამ ევოლუციის ცალკეული ფაზების კონტექსტშია მიზანშეწონილი ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ეტაპობრივი დიფერენციაცია. ეროვნული მოძრაობის სუბიექტის შინაგანი დინამიკაა სწორედ ამ უაღრესად ღირებული და პროგრესული პოლიტიკური პროცესის პერიოდიზაციის განმსაზღვრელი ფაქტორი და მისი იმანენტური თვისობრიობისა და ორგანიზაციის ფორმების პოლიტოლოგიური ანალიზისათვის მეცნიერული ბერკეტი.

შესაძლოა, ისტორიის ამ ფაზაზეც, როცა კვლავ არსებობს და საგრძნობლად გაღრმავდა მმართველი უკანონო რეჟიმის დელეგიტიმაციის პროცესი, საქართველოში კვლავ დღის წესრიგში დადგეს ფაქტობრივად თავისებური ორხელისუფლებიანობის სიტუაციის წარმოშობა. სახელისუფლო, თუ ოპოზიციური სტრუქტურებისა და ფრთების პოლიტიკური პოტენციის გამოფიტვისა და მათი მზარდი დეზორიენტაციის პარალელურად, სულ უფრო გაიზრდება სამართლებრივი ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ავტორიტეტი და პოლიტიკური რესურსები. მიუხედავად იმისა, რომ პარადიგმამ „ჩვენ და ისინი” მიიღო ტოტალური ხასიათი, საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელმა მოძრაობამ შეძლო იმ ძალების ბლოკირება და ფაქტობრივი იზოლაცია, რომლებიც ამუხრუჭებდნენ ეროვნული იდეის რეალიზაციის პროცესს. ორხელისუფლებიანობის რეჟიმის დამკვიდრებას, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს იმპერიულ ცენტრში მიმდინარე პროცესებიც. საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში ინტეგრირებულმა ძალებმა იმპერიულ ცენტრთან და მის ადგილობრივ ადმინისტრაციასთან ბრძოლის თავისებური, ფრთხილი სინთეზური ტაქტიკაც შეიძლება აირჩიოს ასევე ტაქტიკური ბრძოლის ორიენტირად. ამ ტაქტიკაში ერთმანეთს უნდა შეერწყას, როგორც სამოქალაქო და ეროვნული დაუმორჩილებლობის კურსი, ისე წმინდა პოლიტიკურ-პრაგმატული თვალსაზრისით აუცილებელი მოლაპარაკებებისა და იძულებითი კონტაქტების (მაგრამ არა კაპიტულაციებისა და კომპრომისების) კურსი, რის საფუძველზეც რეჟიმის მიერ თავისივე განვლილი პერიოდის უკანონობა უნდა დაფიქსირდეს თავიანთივე გადაწყვეტილებით. შემდგომ კი ერთობლივი შეთანხმებით, უშუალოდ კანონიერი ხელისუფლების მიერ უნდა დაინიშნოს და ჩატარდეს საყოველთაო, ლეგიტიმური, მრავალპარტიული, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები. ცხადია, რომ ამას ხელი უნდა შეუწყოს საერთაშორისო დონეზე გლობალურმა პროცესებმაც, რისი იურიდიულ ბაზა საჭიროებისამებრ უნდა შექმნას გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალური დეკლარაციით, რითაც ბოლო მოეღება ე. წ. თალასოკრატიული იმპერიების არსებობას. ამ იმპერიების ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივ სტრუქტურას მეტროპოლია-კოლონიის სუბორდინაციის სისტემაზე აგებული იურიდიული ხასიათი უნდა ჰქონდეს. საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელმა მოძრაობამ უნდა განმარტოს ულტრა რადიკალების მცდარი და უიდეო ტაქტიკური ჩავარდნები, რეალურად ეროვნული ოპოზიციური სტრუქტურების კოორდინაციის გზით უნდა უნდა აიღოს პოლიტიკური ინიციატივა ეროვნული იდეისა და ლეგიტიმაციის ფაზის განხორციელებისათვის, ამ ახალ ეტაპზე საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავისებურებები ისაა, რომ იგი ამიერიდან სათავეში უნდა ჩაუდგეს დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ ბრძოლას, რამდენადაც მას ენიჭება დუალისტური ფუნქცია – ის, თავის კანონიერ და სამართლებრივ სტრუქტურებთან (ინსტიტუციებთან) ერთად, წარმოადგენს, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ასევე ეროვნული მოძრაობის წარმმართველ ცენტრსაც, ეროვნული დაუმორჩილებლობის მთავარ იურიდიულ ინსტიტუტს.

ამდენად, აუცილებელია დაიწყოს საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ლეგიტიმაციის, სამართლებრივი განსახელმწიფოებრიობის ახალი ეტაპი, რადგანაც საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა კონსტიტუციურად თავად წარმოადგენს სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეროვნულ ხელისუფლებას, ქვეყნის პოლიტიკური სივრცის იურისდიქციის სუბიექტს. რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია, რატომ უნდა უწოდონ არსებული სამართლებრივი და კანონიერი კონსტიტუციური სისტემის ფარგლებში და საარჩევნო კანონმდებლობის ბაზაზე განხორციელებულ პოლიტიკურ ცვლილებას გადატრიალება, ან ე. წ. ,,რევოლუცია”?! ამ მოვლენისათვის შეიძლება მშვიდობიანი, სამართლებრივი, კანონიერი სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების აღდგენა გვეწოდებინა, რასაკვირველია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი მოხდებოდა მმართველ რეჟიმზე არაძალადობრივი დაუმორჩილებლობის აქციის ზეწოლის სახით და დაუმორჩილებლობის კოორდინატორი სტრუქტურა შეიძენდა საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივებს. სამართლებრივი და კანონიერი არჩევნების გზით მოსული ლეგიტიმური ხელისუფლება უნდა გახდეს სამართლებრივად წარმომადგენლობითი დემოკრატიის პირმშო, საერთო-ეროვნული სუვერენიტეტის განსახიერება და არა – სახელმწიფო გადატრიალების პროდუქტი.

საქართველოს მოსახლეობის ფართო ფენების მიზიდულობის ცენტრი უდავოდ სამართლებრივი, კანონიერი და ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენის იდეა უნდა იყოს და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინების კონტექსტში უნდა გავიაზროთ. ეროვნულ-პოლიტიკური თვითიდენტიფიკაციაში უნდა დავინახოთ ამ მოვლენის არსი და იმპერიალისტურმა ნომენკლატურულმა ფაქტობრივმა რეჟიმმა სწორედ რომ ვერ უნდა გაუწიოს რეალური წინააღმდეგობა სამართლებრივი, კანონიერი, ეროვნული ძალების ხელისუფლების სათავეში დაბრუნების პროცესს, რამეთუ პოლიტიკური ტრანსფორმაციის შეფასება კომპლექსურ-ინდუქციური პოლიტიკური ანალიზის საფუძველზე გაცილებით მართებული, ობიექტური იქნება და უნდა შეფასდეს შემდგომ მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთიან სისტემაში და არა – მათგან იზოლირებულად და განყენებულად.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა, როგორც ადრე დაუპირისპირდა, შეიძლება კვლავ დაუპირისპირდეს მსოფლიო იმპერიალისტურ ძალებს. ისტორიულადაც ხომ ამ ბრძოლებში, ეროვნული იდეალებითა და პოლიტიკური გამოცდილებით იკვებებოდა XIX საუკუნის დასაწყისის მონარქისტულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, XIX საუკუნის II ნახევრის ლიბერალურ-დემოკრატიული მოძრაობა (,,ილიას დასი”), ასევე 1918-1921 წლების საქართველოს პირველი რესპუბლიკაც. ამდენად, ეს იყო და არის სერიოზული ეტაპი ჩვენი ქვეყნის ეროვნული აღორძინების გზაზე. თვით აღორძინების არსი, უპირველეს ყოვლისა, არის ეროვნული ისტორიის ღრმა სულიერი გააზრება, ისტორიული ეროვნული თვითშემეცნების აღდგენა, იმპერიათა ექსპანსიამდე არსებული ტრადიციებისაკენ მიბრუნება. აღორძინება ხომ თავადვე მოიაზრება, როგორც მთელი ერის მობილიზაცია სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის მოპოვებისათვის საბრძოლველად, როგორც მთელი მამულის კონცენტრაცია ეროვნული იდეის ბაზაზე.

კიდევ ერთი ფუძემდებლური მომენტი: ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აუცილებლად უნდა დადგეს ერის გვერდით. მან მთელი თავისი სულიერ-ზნეობრივი ძლიერებით უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღოს საერთო-ეროვნული აღორძინების პროცესში, რითაც უნდა გამოიკვეთოს ჩვენს ეპოქაში შექმნილი სულიერი ვაკუუმის ქრისტიანული რწმენით შევსების ტენდენცია.

„იბერია – საქართველო გაბრწყინდება!” – ქართული სახელმწიფოებრიობის ფაქტობრივად ერთადერთი ,,პოლიტიკური დოქტრინაა”, რომელიც პოლიტიკური მართლმადიდებლობისა და ქართული ეროვნულობის ჰიბრიდმა წარმოშვა და უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებაში დომინირებს.

რადგანაც ამ ხნის მანძილზე საქართველოში მოქმედ არცერთ ფაქტობრივ სახელისუფლებო, თუ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას რეალობასთან მიახლოებული ქართული სახელმწიფოებრიობის არანაირი კონცეფცია არ შეუქმნია, ეს ფორმულა ერთადერთი პოლიტიკური რეალობის განსახიერებად იქცა. საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის შინაგანი დინამიკა უნდა იყოს ,,ახალი მსოფლიო წესრიგის” არქიტექტონიკაში კავკასიის გეოპოლიტიკური სივრცისა და მისი ღერძული სახელმწიფოს – საქართველოს სუვერენობის საკითხის უცილობელი ჩასმა და აღდგენა და იმ ბარბაროსული კოსმოპოლიტური ოკეანედან გამოსვლა, სადაც პოსტინდუსტრიული ცივილიზაციის გენეზისის ეპოქაში ქართული ეროვნულობა შთაინთქა იმპერიალისტური ძალების დროებითი გარიგებებით.

უნდა გვახსოვდეს ასევე, რომ მთავარი არგუმენტი და უმოკლესი გზა მთელი კავკასიის რეკოლონიზაციისაკენ, დამოუკიდებელი და თავისუფალი კავკასიის, როგორც მსოფლიო ახალი რეგიონის ჩამოყალიბებისაკენ, საქართველოს სამართლებრივ და კანონიერ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე გადის.

თუ ჩვენ ერთ მთლიანობაში გავიაზრებთ ისტორიულ, ეროვნულ და მართლმადიდებელ–ქრისტიანულ ტრადიციებს, მხოლოდ მაშინ აღმოვაჩენთ ეროვნული ღირებულებების ჭეშმარიტ ფასეულობათა სამართლებრივ სისტემას.

ვისაც სჯერა – დაიჯეროს, ვისაც არა – არა, მაგრამ შემთხვევითი როდია წინასწარმეტყველება: „კაცობრიობის ხსნა იბერიიდან მოვა”, იბერია კი ოდითგან საქართველოს სახელია. გამგებელნი სახელმწიფოს ბედისანი აცხადებენ, რომ ერი პოლიტიკისათვის არის ქვეყანაზე გაჩენილიო, სახელმწიფოს გულშემატკივარნი, ერის მოყვარენი კი პასუხად მიუგებენ – პოლიტიკაა ერისათვის გაჩენილი და არა ერი – პოლიტიკისათვისაო.

ჩვენ ჩვენი ვიმეცადინოთ, ჩვენი ქვეყნისათვის ვიზრუნოთ, მისი მდგომარეობა ვაუმჯობესოთ, და მაშინ, თუ ვინმე მოინდომებს ჩვენს დახმარებას და ხელის მომართვას, ხომ უკეთესი და თუ არ მოინდომებს, ის ჩვენი ნაშრომი და შენაძენი ხომ ხელიდან მაინც არ წაგვივა და ისევ ჩვენ დაგვრჩება.

ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებსაც მზერა უჭრით გაცილებით უფრო შორს, ვიდრე საზოგადოებას ზოგადად და ამ საზოგადოების ყველაზე განათლებული ნაწილსაც კი. ასეთი ადამიანები ხედავენ საშიშროებას მაშინაც კი, როდესაც საზოგადოების დიდი უმრავლესობა აღტაცებული და ეგზალტირებულია.

სიცოცხლისათვის, არსებობისათვის, გადარჩენისათვის, სიყვარულისათვის, მემკვიდრეობის დატოვება–გაგრძელებისათვის, სწავლისა და ზრდა-განვითარებისათვის ბრძოლამ დღეს მოითხოვა ადამიანის ახალი პარადიგმის აუცილებლობის შეჰქმნა: გულისხმიერად მოქცევა, შემოქმედებითად გამოყენება და საზოგადოებისათვის პატიოსანი სამსახური დადგა დღის წესრიგში. ადამიანმა უნდა გააკეთოს არჩევანი დაბალი იერარქიიდან მაღლისაკენ: წინააღმდეგობა-აჯანყებიდან, ბოროტი დამორჩილებიდან და საკუთარი სურვილის დათმობიდან ხალისიან თანამშრომლობამდე, გულსავსე ვალდებულებამდე და შემოქმედებით აღტკინებამდე.

ასევე გვსურს, ერთ დეტალზე გავამახვილო ქართული ინტელიგენციის ყურადღება: მოგეხსენებათ, კანონიერი ხელისუფლების დამხობის დღიდან საქართველო უმძიმესი ტერორის ქვეშ იმყოფება. ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ამ ტერორისა არის ომი ყოველგვარი ინტელექტუალურის, ანუ გონიერების წინააღმდეგ, მისი განადგურების მიზნით, რადგან მხოლოდ ეროვნული თვითშეგნების ამოძირკვით, ქართული ინტელექტის განადგურებით მიაღწევს მტერი თავის განზრახვას – აღგავოს პირისაგან მიწისა ქართველობა და მოსპოს საქართველოს სახსენებელი! სწორედ ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ერთი სტრატეგიის ფარგლებში ტაქტიკურ ლოიალობას, სრულ ინტოლერანტობას უკანონობისა და არალეგიტიმურთან მიმართებაში, მტრის გეგმის გაანალიზებასა და სწორი სამოქმედო ნაბიჯის გადადგმას. კრიტიკულმა მიდგომამ საკითხებისადმი არ უნდა გამოიწვიოს ურთიერთდაპირისპირება, რადგან ეს მხოლოდ ინტელექტის, ანუ ჭკუის ნაკლებობის მაჩვენებელი იქნება, რაც დამარცხების ტოლფასია. მხოლოდ ეროვნული, ქართული იდეა შესძლებს, გააერთიანოს ქართველი ხალხი და აღმოფხვრას დანარჩენი საზოგადოებრივი, სოციალური და ა.შ. პრობლემები. მხოლოდ ამ აზრით გაერთიანებული ადამიანები შესძლებენ ქვეყნის გამოხსნას, მხოლოდ მაშინ აღიკვეთება ცრუ თავისუფლების ინსტიტუტის ტერორი საქართველოში, თუ ქართველი ხალხის გაერთიანებას საფუძვლად დაედება სულისკვეთება, განწყობა, რწმენა და სამშობლოს სიყვარული. პერმანენტული მშვიდობიანი აქციებითა და კონკრეტული კანონიერი მოთხოვნებით შესძლებს ქართველი ერი, გაწმინდოს საქართველო და გადაარჩინოს მამული განადგურებას. დღევანდელობაში გაბატონებული ზიზღი, უნდობლობა, ურთიერთ გამეტება, მასობრივი დეპრესია ხელოვნურადაა მოხვეული ჩვენს თავს და დამღუპველია, როგორც თითოეული ქართველისათვის, ასევე ქვეყნისათვის მთლიანობაში. ამასთანავე, დავძენთ, რომ ჩვენ არ გვამოძრავებს შურისძიების გრძნობა, თუ არა ქვეყნის გადარჩენის წმიდათაწმიდა იდეა, რაც გვავალებს, მოვთხოვოთ გზა აბნეულთ – ზურგი შეაქციონ მორიგ პოლიტიკურ ავანტიურას, საქართველოს განადგურებით რომ ემუქრება და აღიარონ საჯაროდ, ქართველი ერის წინაშე ჩადენილი შეცდომები. მათ, ვინც გაითავისებს კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნას, მიეცემა ტრიბუნა, 31 მარტის – თავისუფლების ტრიბუნა და შანსი საქმით გამოისყიდონ შეცდომები იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც თავისუფალი საქართველოს იდეა პირველადია და შეუცვლელი!

ჩვენს ერს, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლება შეიძლება, იყოს მხოლოდ ეროვნული ხელისუფლება და არა – ამა თუ იმ დამპყრობლის მიერ დასმული რომელიმე მარიონეტული ძალაუფლება.

ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, ქართველი ერის მოკავშირე, მფარველი და მხსნელი უფალია და არა – რომელიმე ზესახელმწიფო. საქართველოში არსებულ ყველა ეროვნულ ძალას მოვუწოდებთ გაერთიანებას გულწრფელი, გაუსვრელი ეროვნული მოღვაწეების გარშემო, ვუსურვებთ ეროვნული მოძრაობის თანდათანობით აღორძინებას ტყვეობის ურთულეს გარემოში – რამდენადაც მხოლოდ ეროვნულ მოძრაობას შეუძლია, იხსნას ქართველი ერი, მთელი ქართველი ხალხი ტყვეობისაგან და კვლავ შექმნას ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლება – ქართველების, მთელი ქართველი ხალხის უფლებებისა და თავისუფლებების დამცველი ხელისუფლება.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ქართველ ერს ჰპირდება თავისუფლებას!

ღმერთმა დალოცოს ქართველობა!
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!

ნუკრი ბაღდავაძე
საქართველო, თბილისი
19. 10. 2019

მ ა ტ ი ა ნ ე # 3-4 (29-30), გვერდი 11-27
19 ოქტომბერი, 2019 წელი

MONOGRAFIA-11-28-18. PDF

 

იხილეთ აგრეთვე: ჰელსინკის კავშირი: წერილი-მიმართვა. 19.10.2019

 
%d bloggers like this: