IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ჯემალ იონათამიშვილი – პუტჩის დღეები

♥ სეგმ

 

***

ionatamishvili

ჯემალ იონათამიშვილი

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი

… ისევ წარსულის გახსენება – ისევ პუტჩის დღეები!..

რომელი ერთი გავიხსენო!.. პუტჩის ყოველ დღესა და საათს უბედურება, სისხლი, სიკვდილი, ნგრევა-განადგურება ახლდა და მისი სრული სიმართლით აღწერა და ,,დადება“ რომ ისევ ჩვენთვისა და ჩვენი ხვალინდელი დღისთვისაა აუცილებელი, ეს აქსიომაა და დასაბუთებას არ საჭიროებს.

ძალზე მნიშვნელოვანია იმათი მოგონებების გასაჯაროება, ვინც ამ დღეთა მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე იწვნია, თუმცა აქაც სიფრთხილე და ჯეროვანი დაკვირვებაა საჭირო, თორემ ზოგჯერ, ვინ იცის, რა მიზეზით, ისეთ სამწუხარო უზუსტობებსა აქვთ ადგილი, როცა მოწოდებულ ინფორმაციას სინამდვილეში ,,მოგონებებზე“ მეტად – ჩვენს პრეზიდენტს დავესესხები და ვიტყვი, სახელად ,,გამოგონებები“ უფრო მიესადაგება!.. თვითონ მინახავს ინტერნეტში გამოქვეყნებული ,,რამდენიმეკაციანი“ ფოტოები და ამ ფოტოებისადმი განკუთვნილი თბილი კომენტარები! – ამ ადამიანებს პუტჩის დროს უზენაესი საბჭოს შენობიდან ფეხი არ მოუცვლიათო და ა.შ. (კი იცით, ლანძღვის გარდა, ქებაც როგორი ეხერხებათ მტრებსაც და მოყვრეებსაც!..)… ფოტოზე გამოსახულნი ქებას მადლობით(?) პასუხობენ და ამ დროს ვერც მე და ვერც ბევრ ჩემ მეგობარს მათგან ნაწილის ე. წ. ბუნკერში ყოფნა რატომღაც არ გვახსოვს!.. ამაზე ლაპარაკი თითქოს არ ღირს, მაგრამ რა ვქნა, რომ ზოგი ჩემი კოლეგის ასეთი ქცევის მიმართ მთლად გულგრილი ვერა ვარ!.. მათ ფონზე ერთი ჩვენი დეპუტატი მახსენდება – სროლების დაწყებისას იგი გარეთ იყო, მაგრამ უყოყმანოდ წამოვიდა (რუსთაველის მეტროს მხრიდან..), რათა ამ მძიმე დროს უზენაეს საბჭოს შენობაში, კოლეგებთან ერთად, თავის სამუშაო ადგილზე ყოფილიყო… ქუჩაში პუტჩისტებმა იცნეს, დაატყვევეს, შეიყვანეს ე.წ. იმელის შენობაში, დაღლამდე ურტყეს, ერთი, თუ ორი დღე ძალზე დამამცირებელ პირობებში ამყოფეს, შემდეგ გამოუშვეს და დაემუქრნენ – აქ აღარ გამოიარო, თორემ სულს ამოგხდითო!.. ამ ადამიანის ვინაობას არ ვასახელებ, მაგრამ მერწმუნეთ, ჭკუა-გონება, განათლება, აზროვნების უნარი და ე.წ. ცხოვრების ცოდნა სხვაზე ნაკლები არა აქვს, ვაჟკაცობაზეც არაფერს ვიტყვი, მხოლოდ გეტყვით, რომ ეს კაცი საფრთხეს მაინც არ მოერიდა და გამოშვებისთანავე, ისევ შეეცადა ჩვენამდე მოსვლას, რადგან ასეთ დროს მისთვის ყველაზე მთავარი პრეზიდენტისა და კოლეგების გვერდით ყოფნა იყო!.. და პუტჩისტებმა ისევ დაიჭირეს!.. ასეა – ,,კაციც“ არის და კაციც!..

… მიზეზი კარგად აღარც მახსოვს – მე და ბიძინა დანგაძე ჩვენივე სამუშაო ოთახების მოსანახულებლად გავედით. ჩემი სამუშაო ოთახი ჩიტაძის ქუჩის მხარეს, მეორე სართულზე, სულ ზემოთ, შენობის კუთხეში იყო… იქ მოხვედრისათვის ეზოში უნდა გავსულიყავით, შემდეგ შენობაში იქ შევსულიყავით, სადაც სამეურნეო სამსახური იყო განთავსებული (პირველი სკოლის მხარეს…), კიბით უნდა ავსულიყავით მეხუთე, თუ მეექვსე სართულზე, შემდეგ კი ზემოთა მხრიდან შემოვლით ჩიტაძის ქუჩის მხარეს გადასვლით შეიძლებოდა ჩემთვის სასურველ მეორე სართულზე ჩასვლა. ჰოდა, ავედით მე და ბიძინა ნახსენებ სართულზე, და დერეფანშიც შევედით, თითოეულ ნაბიჯს სიფრთხილით ვდგამდით… ყველა ოთახის კარებები ბოლომდე ღია დაგვხვდა, ოთახების ფანჯრებს მინა არც ერთს არ ჰქონდა შერჩენილი… წინ მე მივდიოდი და ცხადია, ყურადღებით ვიყავი – პირველი სკოლა სულ რაღაც რამდენიმე მეტრში იყო და მისი ფანჯრებიდან საფრთხეც რეალური იყო!.. ცოტა ხანს როგორც შემეძლო დიდი სიფრთხილით ვაკვირდებოდი სკოლის მხარეს, შემდეგ ჩავთვალე, რომ იქ არავინ იყო ჩასაფრებული და ნაბიჯი გადავდგი… შემდეგ ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა! – პირველი სკოლის მხრიდან ავტომატიანი ახალგაზრდა წამოიმართა, წამის რაღაც ნაწილში ჩვენი თვალები ერთმანეთსაც შეხვდა… საოცარია, მაგრამ მივხვდი, რომ ერთმანეთი ვიცანით, რატომღაც ასევე უცბად ვირწმუნე, რომ არაფერს დამიშავებდა (რაღაც ორიოდე წლის წინ გამაცნეს, შემდეგ ორჯერ რაღაცაში წავეხმარე, დახმარება მნიშვნელოვანი სულაც არ იყო, მაგრამ ვინმეს, ჩემს ნაცნობს სადაც კი გადააწყდებოდა მომენტს არ ტოვებდა და მადლობას მითვლიდა!..)!.. ვირწმუნე და კინაღამ სიცოცხლის ფასადაც დამიჯდა – მან სრულიად უყოყმანოდ დაიწყო ჩვენი მიმართულებით სროლა!.. კედელს მომენტალურად ამოვეფარეთ!.. საბედნიეროდ ფაქტია, ტყვიას რომ კიდევ ერთხელ გადავურჩით!.. ახლა გაუგებარიც კია, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ გზა ისევ განვაგრძეთ… ერთი ეგ იყო, რომ ის საშიში, მოკლე მანძილი დინჯად და წელში გამართულს რომ აღარ გაგვივლია!.. ბოლოსდაბოლოს ჩვენი სამუშაო ოთახები მაინც მოვინახულეთ!… ორივე ოთახში ყველაფერი თავდაყირა იდგა… ყველაფერი იატაკზე დაყრილი, სკამები წაქცეული, რისი დახევაც შეიძლებოდა დახეული, რისი დამტვრევაც შეიძლებოდა – დამტვრეული იყო!.. ასე მოქცევა მხოლოდ სიძულვილითა და ზიზღით გადავსებულ მტერს შეეძლო!.. ჰო!.. ეს ალბათ აუცილებლად უნდა გვენახა!..

ბოროტების იმპერიის მიერ ყოველმხრივი მხარდაჭერითა და დახმარებით უზრუნველყოფილი და გულმოცემული პუტჩისტები მთავრობის სახლს ყოველი მხრიდან განუწყვეტლივ, თითქმის შესვენებების გარეშე ესროდნენ!.. ახლაღა მიკვირს ერთი რამდენიმე კაციანი ჯგუფისა!.. აღარც კი ვიცი, უზენაესი საბჭოს შენობაში ღამეს თუ ათევდნენ, რადგან თიქმის ყოველ დილას (რა თქმა უნდა. პირველ დღეებში!..) დაბანილ-გაპარსულ-დავარცხნილები და მოწესრიგებულები გამოჩნდებოდნენ ხოლმე და მარჯვნივ და მარცხნივ პრეტენზიებს ,,აფრქვევდნენ“!.. მაგრამ მერე, უაზრო შენიშვნების გამო ,,კარგი“ პასუხიც რომ მიიღეს, მათი ხმამაღალი საუბარი აღარ მომისმენია!.. ამას ალბათ აღარც გავიხსენებდი, მაგრამ ამ ადამიანების შენობიდან ასე თავისუფლად გასვლა-შემოსვლის პარალელურად ისიც ხდებოდა, რომ საავადმყოფოებისკენ მიმავალ დაჭრილებით სავსე სასწრაფო დახმარების მანქანაც კი მოყვა პუტჩისტების მხრიდან ინტენსიურ სროლაში, რის შედეგადაც მანქანაში მყოფები მძიმედ დაიჭრნენ…

აქ მინდა ერთი ქალბატონი, სასადილოს თანამშრომელი გავიხსენო… იგი 22 დეკემბრის დილიდანვე, ალბათ ერთი კვირის განმავლობაში სასადილოდან არ გასულა (ან იქნებ ვერ გავიდა!..) და ჩვეულებრივ, როგორც სასადილოს თანამშრომელი გვემსახურებოდა. ბოლოს სახლში წასვლა რომ ითხოვა – ცოტა მოვწესრიგდები და დავბრუნდებიო(?..), ცხადია, უარი არავის უთქვამს და გარეთ სწორედ დაჭრილებიან სასწრაფო დახმარების მანქანას გააყოლეს… ამ ქალბატონს დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ქუჩაში შევხვდი – თვითონ მიცნო (არ ვიცი, იქნებ იმიტომ, რომ იქა ცხოვრობდა, სადაც დეპუტატად ამირჩიეს…), მომესალმა, მომიკითხა და თავს გადამხდარი ფათერაკის შესახებაც მიამბო; სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელშიც ეს ქალბატონი იჯდა, პუტჩისტებს იქვე, შენობასთან სულ ახლოს დაუცხრილიათ!.. თვითონ მუცელში მძიმედ დაუჭრიათ და გრძნობაზე საავადმყოფოში, ოპერაციის გაკეთების შემდეგღა მოსულა… არც იცოდა, იქ ვინ და რა დროს მიიყვანა, ხანგრძლივი მკურნალობა დაჭირვებია, ,,ახლა არა მიშავს, ეგაა, რომ ხანდახან, უამინდობისას ნაჭრილობევი მაწუხებს, მაგრამ სადღაც კარგიც მოხდა – ამ დაჭრის გამო, როგორც დაზარალებულს, პენსია დამინიშნეს(?!.) და რაღაც კაპიკებს მაინც ვიღებ, თორემ ისეთი დრო დადგა, რომ სამსახურის შოვნა მე კი არა(!), თქვენ(!), ქართველებსაც(!) გიჭირთო (ამ ორიოდე სიტყვით რამდენი რამ მითხრა!..)!..

12.12.2019

***

გუშინ, ჩემი მოგონებების ამ ფრაგმენტს გამოსაქვეყნებლად ვამზადებდი, როცა ავაზაკთა მიერ ცოტნე გამსახურდიას მძიმედ დაჭრის შესახებ შემატყობინეს!.. ბევრისათვის, მათ შორის ჩემთვისაც, ფაქტია, რომ უბედურება, რომელიც მთელ საქართველოს ათეული წლების წინ დაგვატეხეს, გრძელდება და წუთითაც არ შემწყდარა!.. ვერ ვიღებ ვერსიას, რომ ცოტნეს ვიღაც ბოროტი ხულიგნები დაესხნენ თავს – ახლა ეს უფრო პროფესიონალი მკვლელისა, თუ მკვლელების ნამოქმედარი მგონია! 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული კრიმინალების თარეში გრძელდება… ამიტომაც მგონია, რომ ყოველი დღე, ყველაფერი გასახსენებელია და ,,მაგიდაზე დასადები”!..

tbilisi.1992

… ისევ პუტჩის დღეები! – ამის დავიწყება არ შეიძლება!..

… ძალიან ცოტა მეძინა მეთქი – ზემოთ ვახსენე… კარგა ხანს ძილის არსებობა და მისი აუცილებლობაც კი დამავიწყდა… მაგრამ როცა პირდაპირ საუბრისას – დაუჯერებელსა გავს, მაგრამ შუა ლაპარაკში ფეხზე მდგარს(!) უცბად ჩამეძინა, უცბადვე, იატაკზე დაცემამდე გამეღვიძა, შემდეგ როგორღაც მაინც შევძელი თავის შეკავება და აღარ წავიქეცი – ამის შემდეგ უკვე კეთილი ვინებე და ვცდილობდი ცოტა ხანს მაინც წამეთვლიმა, თუმცა მაინც არანორმალურად ცოტა მეძინა, ეს ძილი კი არა, თვლემა უფრო იყო და საკუთარ თავს რატომღაც, ჩემდაუნებურად ძალისძალად მაინც ვაიძულებდი, რომ არ დამეძინა!..

განსხვავებული ერთადერთი დღე – 5 იანვარი, უფრო ზუსტად კი ამ დღის ბოლო საათები იყო!.. მახსოვს, იმ საღამოს, შენობაში მყოფთაგან ფაქტიურად ყველანი (მათ გარდა, ვინც პერიმეტრს იცავდა) შევიკრიბეთ და შექმნილ ვითარებაზე ვისაუბრეთ… შეკრებამ ჩვეულებრივ, ნორმალურად ჩაიარა… დეტალებზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ ჩემზე აშკარად დადებითად იმოქმედა – უკვე გვიანი იყო, იქ ყოფნის პერიოდში პირველად წავედი და მართლა დასაძინებლად დავწექი… მაშინვე ღრმა ძილს მივეცი თავი… ასევე მოიქცა გურამ ისაკაძეც, რომელიც მაშინაც და შემდეგაც, პრაქტიკულად თითქმის ყველა მძიმე წუთებში ჩემთან ერთად იყო და ძალიან ხშირად ორივენი ჩვეულებრივი დეპუტატებივით კი არა, შენობის ჩვეულებრივი დამცველებივით ვირჯებოდით!.. ვერ ვიტყვი, რამდენ ხანს გვეძინა!.. ფაქტია, რომ ყორნისის (ასე ჩვენ ყოფილ ზნაურის რაიონს ვუწოდეთ…) მილიციის უფროსმა ძლივს გაგვაღვიძა – მთელი ხმით ჩაგვყვიროდა – გაიღვიძეთ, ადექით, დროზე დატოვეთ აქაურობა, თითქმის ყველა უკვე გავიდა შენობიდან და აქაურობას თუ დროზე არ მოშორდებით უბედურებას გადაეყრებითო!.. ხან ერთს გვანჯღრევდა და ხან მეორეს – ძალიან ცდილობდა, რომ გავეღვიძებინეთ და მართლაც, იგი რომ არა, ვინ იცის, მე და გურამს იქნებ საერთოდაც ვეღარასდროს გაგვღვიძებოდა!.. (სამწუხაროა, რომ ამ კაცის გვარი და სახელი დღემდე არ ვიცი… დიდი დრო გავიდა, მაგრამ ამის მსგავსი და დარი ყოველდღე და ყოველ ნაბიჯზე ხდებოდა და ასეთი გაკითხვა და ძებნაც რომ ვერ მოვახერხე, ფაქტია!..)

მართლაც, გაღვიძებისთანავე, თვალში მომხვდა, რომ დასაძინებლად შემოსულთაგან შევსებულ ამ საკმაოდ დიდ დარბაზში, ჩვენს გარდა უკვე აღარავინ იყო!.. სასწრაფოდ ჩამოვედით ეზოში, საიდანაც ჩიტაძის ქუჩის მხრის ჭიშკრიდან ჯერ კიდევ გადიოდნენ გარეთ… ზედ ჭიშკართან ხალხით სავსე ავტობუსი იდგა და იქით მივაშურეთ… ავტობუსში მეც ავედი, მაგრამ ვნახე, რომ მძღოლი დაძვრას ვერ ახერხებდა… აშკარა იყო, რომ მის იმედზე ყოფნა არ გამოდგებოდა, ავტობუსიდან ჩამოვედი და ჩიტაძის ქუჩაზე გავედი,,, 10-15 კაცი კანცელარიის მიმართულებით მიდიოდა… შევეხმიანე და მიპასუხეს, რომ იქ, ზემოთ არიანო ,,ჩვენი ხალხი (?!.)“… მეც იქით გავემართე და მაშინღა შევამჩნიე რომ გურამ ისაკაძე ჩემთან აღარ იყო!.. ძახილი დავუწყე… ვიღაცამ დამიძახა მგონი ისიც ზემოთ მიდიოდაო… ზემოთ, კანცელარიასთან მართლაც ხალხმრავლობა იყო, ავტობუსები არა, მაგრამ მომეჩვენა, რომ მსუბუქი ატომობილები ცოტა არ იდგა… თენგიზ მათიაშვილს მოვკარი თვალი – მანქანების მწკრივში დაწყობას ცდილობდა… დამინახა და დამიძახა – მითხრა, პრეზიდენტი დასავლეთისაკენ გაემართა, მე ჯერ კიდევ აქ დარჩენილების ორგანიზებულად გაყვანა დამევალაო და თავისი მანქანისაკენ მიმითითა – ჩემთან ჩაჯექიო!.. სხვა რა უნდა მექნა – მანქანაში ჩავჯექი… წამებში ირაკლი ჩხეიძე და გია ხონელიძეც ჩაგვიჯდნენ და მანქანების კოლონა მართლა ორგანიზებულად, ინგოროყვას ქუჩით თავისუფლების მოედნისაკენ დაეშვა!..

როგორც მახსოვს, საკმაოდ ბევრნი ვიყავით!.. მოედანზე ჩავედით (იგი ჩემთვის, მით უფრო ამ დღის შემდეგ ისევ ლენინის მოედანია – ეს უფრო ზუსტი სახელწოდება მგონია!..), იქ როგორღაც გავიგეთ, რომ პრეზიდენტი და მისი თანმხლებები დასავლეთისაკენ აღარ წასულან და მაშინდელი ლესელიძის ქუჩის გავლით აღმოსავლეთისაკენ აიღეს გეზიო!.. ბევრი არავის უფიქრია და იგივე მიმართულებით დავაპირეთ წასვლა, მაგრამ უეცრად, სწორედ იმ მხრიდან მოედნისაკენ მომავალი BTR-ი დავინახეთ!.. ბიჭები სასწრაფოდ გაიფანტნენ და ბრონირებული მანქანის საკადრისად დახვედრისათვის მოემზადნენ… მაგრამ ამ დროს BTR-იდან ვიღაც ახალგაზრდამ თავი ამოყო და ყვირილი დაიწყო – არ მესროლოთ, თქვენიანი ვარო!.. შემდეგ თვითონვე დაადასტურა, პრეზიდენტი და მისი თანმხლებები ლესელიძის ქუჩით აღმოსავლეთისაკენ მიდიანო!.. და არავის უკითხავს, თვითონ ვინ იყო, აქ როგორ აღმოჩნდა, ან ამ დროს საიდან სად და რატომ მიდიოდა!.. პირიქით – ენდნენ, დაუჯერეს და კოლონის წინაც დაიყენეს!.. მაშინ არც დავფიქრებულვარ. რადგან დავინახე, ჩვენს ბიჭებს ძველი ნაცნობივით ელაპარაკებოდა და არც ისინი მოქცეულან ისე, რომ ეჭვის რაიმე საბაბი გამჩენოდა!.. სამწუხაროდ, მერე გამოჩნდა, რომ მეტი სიფხიზლე გვმართებდა!..

სიბნელეში მეტეხის ხიდამდე მივაღწიეთ და შევჩერდით… საშინელი სურათი დაგვხვდა!.. პირველი, რაც თვალში მომხვდა – ტროლეიბუსის ერთიანად ჩამოწყვეტილი სადენები იყო… ასფალტზე არ ეგდო, მაგრამ მოედნის გასწვრივ (აქ მაშინ, როგორც მახსოვს, ტროლეიბუსი უხვევდა…) სხავადასხვა სიმაღლეზე იყო დაშვებული და მასთან შემთხვევით გაკარება შეიძლება საბედისწეროც კი გამხდარიყო!.. ჯერ კიდევ სიბნელეში მაინც ჩანდა, რომ რატომღაც მთელი მოედანი აშკარად სველი იყო… მოედნის სიღრმეში ტყვიით დაცხრილული ცხედარი შევამჩნიეთ, იგი ტროტუარამდე გადავიყვანეთ და ისევ ასფალტზე დავასვენეთ… იქვე, ძირს დაგდებული იარაღი დავინახე… კარგად მახსოვს, მე და თენგიზ მათიაშვილი ერთდროულად დავწვდით… ავიღეთ და ვიცანით!.. მახსოვს, ერთმანეთს შევხედეთ და ერთდროულად სიტყვები კი არა, რაღაც ბღავილ-ბღუილი აღმოგვხვდა!.. ასეთი ძველებური, მაგრამ ძალიან სოლიდური ტყვიამფრქვევი (შესამჩნევად დიდი დისკით, რომელიც კარაბინის ტყვიებით იტენებოდა…), ჩვენს მხარეს მხოლოდ გამორჩეულ ქართველ ვაჟკაცს, გოგია გაბროშვილსა ჰქონდა!.. დარწმუნებული ვარ, რომ იმ დროს უზენაესი საბჭოს შენობაში მყოფთაგან ვისაც კი ერთხელ მაინც უნახავს გოგია თავისი იარაღით, ამას უკლებლივ ყველა დაადასტურებდა!.. ცხადზე ცხადი იყო, რომ გოგია გაბროშვილი ამ იარაღს ცოცხალი თავით არსად წამითაც არ დატოვებდა!.. ჩვენგან აქ ნაპოვნი ეს ტყვიამფრქვევი კი დიდი ალბათობით მისი მფლობელის დაღუპვას მიგვანიშნებდა!..
… ისევ გზის გაგრძელება გადავწყვიტეთ!..

მახსოვს, რატომღაც იყო მოლოდინი, რომ გზაში სადღაც ავტობუსი (თუ ავტობუსები!..) დაგვხვდებოდა და ვფიქრობდით, რომ სწორედ ამ ავტობუსებით უნდა დავწეოდით ჩვენზე წინ მიმავლებს… თუმცა მეტეხის ხიდთან უკვე აშკარა გახდა, რომ ეს მოლოდინი არ გამართლდებოდა… არადა, ჩვენი ავტომობილები ან გაუმართავი იყო, ან უბენზინო… ამ მანქანებით ქალაქსაც ვერ გავცდებოდით, აქაურობის სასწრაფოდ დატოვების აუცილებლობას კი სხვა რომ არცა ვთქვა, თუნდაც ამ მოედანზე ნანახი ადასტურებდა!.. გამოსავალი თითქოს აღარც ჩანდა, მაგრამ უცბად რაღაც მოვისაზრე და ხმამაღლა შევძახე – ახლა მე და თენგიზ მათიაშვილი მანქანით ორთაჭალის ავტოსადგურში გავარდებით, იქ არ შეიძლება ავტობუსები რომ არ იყოს და იქიდან სულ მალე აქ მინიმუმ ერთს მაინც მოვიყვანთ მეთქი… და აქა-იქ შეფიქრიანებული სახეების დანახვაზე, იქვე დავუმატე – ბიჭებო! აუცილებლად დავბრუნდებით და თუ არ დავბრუნდით, იცოდეთ, რომ მაშინ ცოცხლები აღარ ვიქნებით მეთქი!.. და ნათქვამი თავისი როხროხა ხმით მათიაშვილმაც დამიდასტურა!.. შემდეგ ირაკლი ჩხეიძემაც მხარი დაგვიჭირა – ხალხო, არ შეშინდეთ, მე თქვენთან ვრჩები, რადგან ვიცი, რომ აუცილებლად დაბრუნდებიანო!.. და მე და თენგიზი, მის მანქანას რაც კი შეეძლო, იმ ბოლო სიჩქარით ავტოსადგურისაკენ ,,გავფრინდით“… აბანოებს რომ გავუსწორდით, მტკვრის გაღმიდან და მგონი აბანოების მხრიდანაც თითო მოკლე ჯერი მანათობელი ტყვიებისა ,,გამოგვადევნეს“, მაგრამ იქაურობას მშვიდობიანად გავცდით და სულ მალე უკვე ავტოსადგურის ტერიტორიაზე ვიყავით!.. იქაურობა მართლა სავსე იყო ავტობუსებით, მაგრამ კაცის ჭაჭანება არ იყო და ტერიტორიის დათვალიერება დავიწყეთ… მოულოდნელად საიდანღაც მაღალჩინოსანი სამხედრო პირი, უზენაესი საბჭოს შენობაშიც რომ ბევრჯერ მყავდა ნანახი – გია უჩავა გამოგვეცხადა და გვკითხა, აქ საიდან გაჩნდით და რა გინდათო – უფრო თენგიზ მათიაშვილს მიმართავდა – მას ფაქტიურად ყველა სამხედრო იცნობდა და გამონაკლისი ალბათ არც იგი იყო… როცა ყველაფერი ავუხსენით, გვიპასუხა, რომ თვითონაც ავტობუსების გამო იყო მოსული და დაუმატა – ის კიდევ არაფერი, რომ აქ ერთი მძღოლიც არაა, მაგრამ არც ერთ ავტობუსში წვეთი ბენზინი არ ასხიაო!.. რაღას ვიზამდით!.. მაშინ მხოლოდ მეტეხის ხიდთან ჩვენს იმედად დარჩენილ ბიჭებზე ვფიქრობდი… კითხვები, თან საკმაოდ სერიოზული და ბევრი, მერე, დროთა განმავლობაში დამებადა!.. ჰოდა, უავტობუსოდ, მაგრამ უკან მაინც გამოვბრუნდით – ბიჭებისთვის ხომ დაბრუნების პირობა გვქონდა მიცემული!.. მათთვის მწარე სიმართლეც უნდა გვეთქვა და უკვე შემდეგ მოედნიდან სამშვიდობოზე გასვლაზეც ერთად გვეზრუნა!..

მეტეხის ხიდისწინა მოედნამდე მშვიდობიანად დავბრუნდით – აღარსად ,,დაგვდევნებია“ ის წყეული მანათობელი ტყვიები!.. შუა მოედანზე მანქანა გავაჩერეთ, ორივენი გადმოვედით და ის იყო, მოედნისპირა შენობებს მოფარებული და იქვე, ვიწრო ქუჩებში მიმოფანტული ჩვენი მომლოდინეებისთვის უნდა გვეხმო, რომ უეცრად მოედანზე ორთაჭალის მხრიდან ავტობუსი შემოვიდა და მეტეხის ხიდზე გასვლა დააპირა!.. თვალიც კი ვერ მივადევნე, ავტომატიანი და მართლა ბომბორა თენგიზ მათიაშვილი (ბომბორა – საკმაოდ ზორბა ტანის გამო შინაურებმა შეარქვეს…) უკვე ავტობუსის წინ ასვეტილიყო და მძღოლს უყვიროდა – გააჩერე, გააჩერეო!.. სანახევროდ ხიდზე გასული ავტობუსი შეჩერდა და კარებებიც გააღო!.. და მყისვე ავტობუსისაკენ ყოველი მხრიდან დაიძრნენ და მოედანი ბოლომდე გადაავსეს ეშმაკისათვის სულმიყიდული მოღალატეებისაგან მიზანში ამოღებულმა, მათგან სასიკვდილოდ გამეტებულმა ბიჭებმა!.. სროლა სხვადასხვა ადგილიდან დაგვიწყეს!,, ისროდნენ მეტეხის მხრიდან, ხიდის მოაჯირთან ჩასაფრებულები, კიდევ საიდანღაც ისროდნენ!.. ჩემს პირობას ამჯერად დავარღვევ… არ დამინახავს, მაგრამ ბარემ აქვე ვიტყვი, თენგიზ მათიაშვილმა რაც მითხრა – ის BTR-ი, გზაში რომ შემოგვხვდა და წამოგვყვა, სროლის დაწყებისთანავე ხიდზე გავარდა, მაგრამ შემოტრიალდა და თვითონაც ჩვენკენ ისროდაო!.. მანათობელი ტყვიები საკმაოდ მაღლა დაფრინავდნენ… მაგრამ თითქოს ტრაექტორიას თანდათან აზუსტებენო, ტყვიები სულ უფრო დაბლა, ახლოს ზუზუნებდნენ და მეც სასწრაფოდ სხვებთან ერთად მოედანზე გავწექი – ადრე ვახსენე, მოედანი სველი იყო მეთქი და ახლა ასფალტზე გაწოლილი მივხვდი, რომ ბენზინით დავსველდი!.. აზრად რაც მომივიდა, ის იყო, რომ მანათობელ ტყვიებს ბენზინგადასხმული ასფალტისათვის შეიძლებოდა ცეცხლი გაეჩინა!.. ანუ, ტყვიით ,,გამასპინძლების“ სრულიად რეალური საფრთხის გარდა ასევე რეალური იყო, რომ ნებისმიერ ჩვენგანს ცეცხლიც მოგვკიდებოდა და აგიზგიზებულ კოცონადაც გადავქცეულიყავით!.. ახლა მიკვირს და მწარედაც მეღიმება ჩემს მაშინდელ ქცევაზე. მაგრამ გაჭირვება მიჩვენეო, ხომაა ნათქვამი და მართლაც, ბენზინიან ასფალტზე გაშოტოლი, სათავგადასავლო ფილმის პერსონაჟივით ზურგზე რამდეჯერმე გადავტრიალდი, ან შეიძლება უფრო ზუსტი იყოს – გადავკოტრიალდი(!) და მოედნიდან ტროტუარზე ჩავხტი!.. ჰო, ჩავხტი! – ამ ადგილზე აბანოების მიმართულებით ფეხით სასიარულო გზის მცირე მონაკვეთი სამანქანო გზის სიმაღლესთან შედარებით გაცილებით დაბალია და რაღაც წამების განმავლობაში მანათობელი ტყვიების ნაკადისაგან დაცული ვიყავი!.. ცხადია, ჩემსავით სხვებიც გაისარჯნენ და მოედნისპირა ვიწრო ქუჩებში გაიფანტნენ!.. ბედად მათიაშვილის მანქანის გვერდზე აღმოვჩნდი, თენგიზმაც დამინახა, მანქანამდე აბობღებაში მომეხმარა, ჩავჯექით და ამ ჯოჯოხეთს ორთაჭალის მიმართულებით ჩვენც სასწრაფოდ გავერიდეთ!.. შემდეგ ხიდზე გადავედით და ავლაბარში, თენგიზ მათიაშვილის მამისეულ კერძო სახლში ჯერ კიდევ სიბნელეში მივაღწიეთ…

ჩემთვის მართლა ძნელია ოჯახის, განსაკუთრებით კი დედის იმ სიხარულის გადმოცემა, რაც თენგიზის დანახვამ გამოიწვია!.. არა, ხმაური და აჟიოტაჟი არ ყოფილა, მათი გულიანი ურთიერთობა, სითბო და ჩვენს მოსავლელად სწრაფი და სიტუაციის შესაბამისი ქმედებები უფრო მაქვს მხედველობაში!.. სასწრაფოდ მოგვხედეს, მოგვასვენეს – ძალიან ცოტა ხანს, ალბათ წუთები ჩამეძინა კიდეც, მაგრამ ჯერ კიდევ ადრე დილას, როგორღაც შედარებით უკვე დასვენებულმა გავიღვიძე… ჩემი ბენზინის სუნით აყროლებული და ტალახში ამოგანგლული პალტოც რაღაცა ჯადოსნობით წესრიგში იყო მოყვანილი!.. გარეთ თენგიზის მანქანის გარდა კიდევ ერთი – სხვა მანქანაც გველოდებოდა… ყველაფერი გაეთვალისწინებინათ – მე და თენგიზი აქაურობას სასწრაფოდ უნდა გავრიდებოდით. თორემ გადამთიელთა წაქეზებითა და შემწეობით, საკუთარი ქვეყნის დამმარცხებელი და ამ ,,გმირობით“ გალაღებულ-გათავხედებული, სისხლისა და დენთის სუნისაგან დამთვრალი მოღალატე-პუტჩისტებისაგან ნებისმიერი ქმედება იყო მოსალოდნელი!.. დიახ, მათ უნდა გავრიდებოდით და მერე დრო თვითონ გვიჩვენებდა, რა გვექნა და როგორ მოვქცეულიყავით!..

20.12.2019

***

e1839be18394e183a2e18394e183aee18398

ისევ პუტჩის, ისევ მეტეხის ხიდთან დატრიალებული ცოდვის კალოს შესახებ!..

აქ უკვე ვწერდი, წლებია გასული მას შემდეგ, რაც ბევრმა ჩემმა მეგობარმა მირჩია, მთხოვა, რომ აუცილებლად დამეწერა იმის შესახებ, რისი მოწმეცა და ხშირად მონაწილეც თვითონვე ვიყავი, მაგრამ მიუხედავად ჩემივე დიდი სურვილისა, ამას კარგა ხანს ვერ ვახერხებდი, რადგან აღმოჩნდა, რომ წარსულში ,,ჩაღრმავება” ჩემზე ემოციურად საკმაოდ მძიმედ მოქმედებდა და ასეთ დროს წერაზე ფიქრიც კი არ შემეძლო… მაგრამ ალბათ სწორედ სწორედ მეტეხის ხიდთან დატრიალებულმა ცოდვის კალომ და მასთან დაკავშირებულმა ზოგიერთმა ნიუანსმა, ბოლოსდაბოლოს გადამაწყვეტინა ამ რთული (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან რთული და საპასუხისმგებლო…) საქმისათვის მომეკიდა ხელი…

… თითქმის სამი ათეული წელია გასული და ინტერნეტსივრცეში ბოლოსდაბოლოს ამ წლის დასაწყისში მაინც გამოჩნდა ცნობა – თანაც რამდენჯერმე, რომ იმ ჯოჯოხეთურ ღამეს მეტეხის ხიდთან ნაძირალა პუტჩისტებმა ერთი ავტობუსის დაცხრილვის შემდეგ, სხვა, ანუ მეორე ავტობუსსაც გაუხსნეს ცეცხლი (ამის შესახებ სულ ახლახანს ვწერდი…)!.. პირველ ავტობუსში საზოგადოებისათვის ცნობილი ბევრი პიროვნება იჯდა, მათ შორის იყვნენ მთავრობისა და უზენაესი საბჭოს წევრები… ამ ავტობუსში მჯდომთა ტრაგიკული ისტორიის შესახებ ძალიან ბევრიც თქმულა და ბევრიც დაწერილა!.. ბოლოსდაბოლოს ამ ადამიანთა უმრავლესობისათვის ,,კალამთან”, ანუ ჩვენს პირობებში ინტერნეტთან ,,ურთიერთობა” უცხო ხილი სულაც არაა და სრულიად ბუნებრივია და საჭიროც იყო ინტერნეტში, თუ სხვა, ბეჭდურ მედიაში ყოველ წელს და ყოველი შესაძლებლობის დროს, ავაზაკების მიერ მათი სასიკვდილოდ უყოყმანოდ გამეტების ეს ცნობილი ისტორია გაესაჯაროებინათ!..

gogi gabroshvili

დიახ, ეს არაა ჩვეულებრივი, რიგითი შემთხვევა და დანაშაული – დამნაშავეთა პასუხისმგებლობას კი დროში სიმწვავე არ შეიძლება მოაკლდეს. სანამ სამართალი ამ კრიმინალებს თავისას არ მიუზღავს, მანამდე ასეთი მხილებები არ უნდა შეწყდეს და დამოკლეს მახვილივით უნდა ,,ეკიდოს” ყველა მოღალატე კრიმინალის თავზე!.. ერთსაც დავუმატებ – რაღა თქმა უნდა, ეჭვი მეპარება, ყველაფერი ბოლომდე ცნობილი და გამოკვლეული იყოს თუნდაც იგივე მეტეხის ხიდთან დახოცილებისა და დაჭრილების შესახებ – მაგალითად, პირველი ავტობუსის მოკლული მგზავრი, ხიდთან საკუთარი თვალით რომ ვნახე – აბა, ვინ იცის, მის შესახებ რაა ცნობილი და რა არა!.. შემდეგ, თვითონ შემთხვევით გადარჩენილმა მხოლოდ ის ვიცი, რომ მეორე ავტობუსის გამოჩენისთანავე, იგივე მეტეხის ხიდთან ამ ავტობუსში ჩასაჯდომად გამოსულ უამრავ ადამიანს ძლიერი ცეცხლი გაუხსნეს და როგორ დავიჯერო, რომ იქ არავინ დაჭრილა, არავინ დაღუპულა!.. დიახ, ასეა!.. და ბოლოს – მრავალჯერ მაქვს მოსმენილიცა და წაკითხულიც პირველ ავტობუსში მყოფთა შესახებ – ვინ დაჭრეს, ვის რამდენი ტყვია მოარტყეს ავაზაკებმა, ვინ გადარჩა!.. და არსად ერთი სიტყვაც არა თქმულა მთელი საქართველოსათვის ცნობილ ვაჟკაცზე – გოგია გაბროშვილზე, რომლის განადგურებისა, თუ დაჭერისათვის სეპარატისტებს ჯილდოდ კილოგრამობით ოქრო და უამრავი რუბლი ჰქონდათ დაწესებული!.. არადა, რაც მეტეხის ხიდთან თვითონა ვნახე, აშკარად მიანიშნებდა, რომ იგი მეტეხის ხიდთან დატრიალებული ცოდვის კალოს დროს იმ პირველი ავტობუსის მგზავრებთან ერთად უნდა ყოფილიყო!.. ცხადია, აბსურდია, რომ იქ იყო და ვერავინ იცნო!.. ამ ავტობუსისა და მისი მგზავრების შესახებ შემდეგ ფილმიც გადაუღიათ, სადაც იქ მყოფთაგან მხოლოდ უფლის ნებით სიკვდილს გადარჩენილები ინტერვიუებს იძლევიან, თავს გადახდენილს დაწვრილებით ყვებიან!.. რეჟისორი სულ ახალგაზრდა, გოგონა ყოფილა, რომელმაც ცხადია, ფილმი იმ მასალით შექმნა, რაც ხელთა ჰქონდა და ეს გამორჩეული ვაჟკაცი არც ამჯერად უხსენებიათ!.. ეს ყველაფერი ერთის მხრივ ცოტა გაუგებარია და ძნელად ასახსნელი, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ 100%-იან შესაძლებლობას, რომ იმ ავტობუსს მსუბუქი მანქანებიც მიყვებოდნენ, მაშინ. ცხადი ხდება, რომ გოგია გაბროშვილიც მსუბუქ ავტომობილში მჯდარა და ავტობუსში მჯდომთ მისი დაღუპვის ამბავი არც გაუგიათ!..

24.12.2019

***

ისევ ,,პუტჩიანობა”!.. 6 იანვრის დილა…

მართლა საოცრად გრძელი იყო ის ჯოჯოხეთური ღამე – რა აღარ შეგვემთხვა!.. და მაინც ჯერ კიდევ ადრიანი დილა იყო, როცა ორი მანქანით თბილისთან ახლოს მდებარე ერთი სოფლისაკენ თავის შესაფარებლად გავემგზავრეთ. ერთ მანქანას თენგიზის ძმა, ვაჟა მართავდა, იგი წინ, რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით მიგვიძღვოდა და თითქოს გზას გვიკვალავდა… მეორეში საჭესთან თენგიზი იჯდა, მასთან უკან.მარტო მე ვიჯექი… არ დავმალავ, სრულიადაც შესაძლებლად ვთვლიდით, გზაში ყველაზე ცუდიც, ანუ პუტჩისტების რაღაც პიკეტისმაგვარი ჯგუფი რომ შეგვხვედროდა, მაგრამ მათთან რაიმეს დათმობას არ ვაპირებდით!..

სოფლამდე და მერე უკვე სახლამდე მშვიდობით მივაღწიეთ. ოჯახის უფროსი სანდო კაცი იყო – ისიც კი გვითხრა, რაკი ჩემამდე მოხვედით, საშიშროება აღარ გელითო და ,,დაბზრიალდა”!.. იქით მამაპაპური აბანოს მომზადება დაიწყეს, აქეთ არც თუ სახელდახელო სუფრის თადარიგიც დაიჭირეს!.. ისე, თვალში მომხვდა, ღობე ისეთი სიმაღლისა იყო, რომ გარედან შეუძლებელი იყო ეზოში, თუ სახლში მყოფთა დანახვა!.. მოსავლელ-მოსაწესრიგებელი კი ნამდვილად ვიყავით – აღარც კი მახსოვდა, ბოლოს წესიერად როდის დავიბანე, ან როდის გავიპარსე… თან ახლაღა ვიგრძენი, კუჭი რომ შიმშილისგან მეწვოდა!..

ამასობაში თენგიზი საკუთარი ავტომატისა და ნაპოვნი ტყვიამფრქვევის მოვლა-შემოწმებასა და წესრიგში მოყვანას შეუდგა… პუტჩის დაწყებამდე იგი სამაჩაბლოს დამცველი ბიჭების გვერდითაც იდგა და იარაღთან ხამად სულაც არ იყო!.. და ელდა მეცა!.. ტყვიამფრქვევში სამად სამი ტყვია იყო დარჩენილი და ადვილი წარმოსადგენია, გზაში სერიოზული ინცინდენტის შემთხვევაში ამ ტყვიამფრქვევის მოიმედენი რა დღეში ჩავარდებოდით (ვიცი, ბევრი შენიშვნას მომცემს, თენგიზის სახლში რატომ არ შეამოწმეთო, მაგრამ ახლა ეს მხოლოდ სათქმელადაა ადვილი!..)!.. არ შევიმჩნიე, თუმცა საკმაოდ ავღელდი… თან ეზოში ცოტა კიდევაც ციოდა და იქაურობას გავშორდი, სახლში შევედი… ოთახში ორი შუახნის ქალბატონი დაფუსფუსებდა – ერთი მაგიდასთან ტრიალებდა, მეორე ჭურჭელს რეცხავდა… კედელზე მიმაგრებული ძველებური რეპროდუქტორი კი ,,ახალ ამბებს” გაუგონრად უკუღმართად ,,იუწყებოდა”!.. და რაც სულ რაღაც ორი, თუ სამი წუთის განმავლობაში ამ შხამითა და საოცრად ბოროტი ცილისწამებებით გაჯერებულმა ,,ახალმა ამბებმა” განმაცდევინა, არც აქამდე შემხვედრია და მომავალშიც, ალბათ რაც კი შესაძლებელი იყო, რომ შემხვედროდა, ყველას ერთიანად გადაწონიდა (ყოველ შემთხვევაში, ასე კარგა ხანს ვფიქრობდი…)!.. ამ წამს ყველაფერს მერჩივნა ყრუ ვყოფილიყავი, ან.სადმე ცხრა მთას იქით ვგდებულიყავი, სადაც ვერ ვნახავდი, რომ ადამიანად წოდებულს ასე თავისუფლად, შეეძლო ცოცხალ არსებათა შორის ყველაზე უფრო მხეცური, არაადამიანური სახე მიეღო, სადაც დაუფიქრებლად და დანანების გარეშე შეუძლიათ ჯოჯოხეთის საკადრისი ყველა ცოდვა გაუგონარი და უსაზღვროდ თავხედური მზაკვრობით მოგაწერონ!.. რა აღარ დაგვწამეს!.. ვეღარც გავიკვირვებდი, სადილად დანა-ჩანგლით ჩვილ ბავშვებს მიირთმევდნენო – რომ ეთქვათ!.. ნახევრად გათიშული იქვე, რეპროდუქტორთან, კედელს მიყრდნობილი, ცხადია, როგორც გამოვიყურებოდი!.. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ტანსაცმელი ფაქტიურად არ გამიხდია და დასაბანადაც თბილ წყალს სადღა ვნახავდი, ან ამისთვის ვის ეცალა!.. ამდენი ხნისავე გაუპარსავსა და გაბურძგნულს ახლა რადიოდან ნიაღვარივით წამოსული სიბინძურეც ხომ ზედ დამემატა და არ ვიცი, თუმცა წარმომიდგენია, რა სახე, რა გამომეტყველება მექნებოდა და ეს სანახევროდ გათიშული კაცი იმ წუთში საერთოდ ვის, ან რასა ვგავდი!.. და მართლაც, ოთახში მყოფმა ერთმა ქალბატონმა მეორეს ხმამაღლა, სრულიად გამოკვეთილად და მკაფიოდ, ისე, რომ კარგად მომესმინა, გადაულაპარაკა – ერთი ამას შეხედე, რასა გავს!.. მგონი არ მოეწონა, რადიო სიმართლეს რომ ამბობს!.. არა, მართლა ნახე! – ნამდვილი ბანდიტია და კიდევ კარგი, ახლა იარაღი თან არა აქვს, თორემ რადიოზე გაბრაზებული ჩვენზე იყრიდა ჯავრს და იქნება, ჩვენ დავეხოცეთო!.. ცხადი იყო, რომ აქ ყველა ოჯახის უფროსივით არ აზროვნებდა და ჩემგან რაიმეს თქმა კი შეიძლებოდა რაღაც ცუდის მიზეზი გამხდარიყო (ძალიან თვალში საცემი იყო ოჯახის უფროსის ჩვენს მიმართ კეთილგანწყობა!..) და თუმცა ძალიან გამიჭირდა, ისევ გაჩუმება და მოთმინება ვარჩიე – თან აქ დიდხანს დარჩენას ისედაც არ ვაპირებდით!..

. . .. ამდენი წელია გასული და ახლა აღარც თენგიზია და ხსენებულ ქალბატონებსაც ეს დღე, ეს წუთები და მეც იქნებ აღარც ვახსოვართ!..

…. . ..ამ ეპიზოდის შესახებაც სხვა დროს არ მისაუბრია!..

26.12.2019

 
%d bloggers like this: