IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• სამართლიანობის აღდგენა პარლამენტიდან უნდა დაიწყოს

avtandil_kakhniashvili[2]

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლიანობის აღდგენა პარლამენტიდან უნდა დაიწყოს
(სამართლიანობა პარლამენტშიც უნდა აღდგეს)

 

25 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს განიხილავს

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზეა განთავსებული და შთამბეჭდავ შენობაში კანცელარიაც გამართულად მუშაობს (მაგ., უპრობლემოდ იღებს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე შესულ განცხადებებს), ჩემი სარჩელები (N3/684–17, 31.01.2017; N3/2938–17, 24.04.2017; N3/5029–17, 19.07.2017) თბილისის საქალაქო სასამართლოდან, რატომღაც, ქუთაისში გადაიგზავნა და თაროზე დიდი ხნით შემოიდო…

არადა, სწორედ აღნიშნული სარჩელების განხილვის შედეგად არის შესაძლებელი განხორციელდეს “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის გონივრული განმარტება და მისი არსის დაზუსტება. აგრეთვე, შესაძლებელია ჩამოყალიბდეს შედარებით მკაფიო კრიტერიუმები “სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტისა” და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევად. ამასთან, გარდა იმისა, რომ აუცილებელია, ე. წ. მესამე ხელისუფლებამ პოლიტიკოსებს განუმარტოს, რომ არ შეიძლება კონკურსების (მითუმეტეს, თუ სასამართლოს ეხება) კანონმდებლობის დარღვევით ჩატარება, თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ სანამ არსებობს ეჭვი თანამდებობებზე მათი გამწესების კანონიერებაში, მათი მონაწილეობა არსებითი მნიშვნელობის მქონე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია.

მივიჩნევ, რომ როდესაც პოლიტიკოსები და მათ მიერ საჯარო სამსახურში დასაქმებული იურისტები არასწორად განმარტავენ კანონს და/ან არაგონივრულად ახდენენ სამართლის ნორმების შეფარდებას, სწორედ სასამართლოა ვალდებული ერთმნიშვნელოვნად განსაზღვროს სადაო იურიდიული ტერმინებისა და ინსტიტუტების მნიშვნელობა, აგრეთვე უზრუნველყოს პრაქტიკაში სამართლის ნორმების მიზნობრივი დანიშნულებით და გონივრული გამოყენება, რაც სავსებით შეესაბამება “ევროსტანდარტებს” და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის უფლებების დაცვის პრიორიტეტებს. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად კანონმდებლობის აშკარა დარღვევით გამწესებულ პირებს, რომლებიც კანონით განსაზღვრულ ვადაში შეტანილი სარჩელების განხილვის გაუმართლებელი გაჭიანურების გამო, დღემდე მონაწილეობენ მოსამართლეების უვადოდ გამწესების კენჭისყრებში

მართლაც, ძნელი დასაჯერებელია, რომ ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული სახელმწიფოს საკანონმდელო ორგანო კანონმდებლობის დარღვევით ატარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსებს, ხოლო გამარჯვებული კანდიდატების მიერ საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება კონკურსის პირობებს, რაც, სავსებით შესაძლებელია, ობიექტური გარემოებითაცA იყოს განპირობებული.

მართლაც, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე ორიენტაცია სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებასა და ევროპულ ფასეულობებზე (ანუ, ფაქტობრივად, ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობაზე!) ავიღეთ, კანონმდებლობის ხშირი ცვლილებების და გაუაზრებელი “იმპლემენტირების” გამო, არა მარტო ცალკეული ინსტიტუტის, არამედ ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი იურიდიული ტერმინის არსის დადგენაც და გონივრული განმარტებაც, შეიძლება, თვით “სამართლებრივი რეფორმების მამებსაც” კი გაუჭირდეთ, მაგრამ სახელმწიფოში ის მაინც ხომ უნდა განისაზღვროს მკაფიოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს რა მოეთხოვება?!A

ლოგიკურია, როდესაც სახელმწიფოს უზენაესი კანონის თანახმად, “ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს” (მუხლი 44.1), რიგით მოქალაქეებს თუ არა, საჯარო სამსახურში (მითუმეტეს, პარლამენტში…) დასაქმებულ იურისტებს ხომ მაინც უნდა ესმოდეთ სახელმწიფოში მოქმედი სამართლის ნორმების არსი, რათა არამართლზომიერი ქმედებებისა და შესაძლო პასუხისმგებლობის “განჭვრეტა” შეძლონ. ამასთან, სანამ თავად პარლამენტი პარლამენტის მიერვე მიღებულ სამართლის ნორმას გამოიყენებს, ხომ უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა ამ ნორმის არსის თაობაზე ან თუნდაც იმ სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ, რომელთა დარეგულირებას აღნიშნული ნორმის გამოყენებით აპირებს?!

იმ შემთხვევაში კი, თუ კანონმდებელს არ გააჩნია რაიმე არსებითი პრობლემის ან თუნდაც შედარებით უმნიშვნელო საკითხის მოწესრიგების “პოლიტიკური ნება”, ხოლო აღმასრულებელს _ საამისო უნარი, სწორედ მოსამართლე უნდა იყოს ის დამოუკიდებელი `მესამე ხელისუფალი”, ვინც კონსტიტუციაში ასახული მიზნების და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებების არსის გათვალისწინებით, გონივრულად (ლოგიკურად) განმარტავს სადაო ტერმინებს და მათში მკაფიო სამართლებრივ შინაარსს ჩადებს. კერძოდ, თუ დამოუკიდებელ საქართველოში საკანონმდებლო ორგანო დღემდე მკაფიოდ ვერ ჩამოყალიბდა, არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში წარმომადგენლობა სასამართლოებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს მოეთხოვება, თუ მის წარმდგენ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციას, სასამართლო ხელისუფლებამ ხომ მაინც უნდა განსაზღვროს ერთმნიშვნელოვნად ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ჩატარდება კონკურსები და იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეალურად დაკომპლექტდება სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტებით და არა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, იუსტიციის მინისტრის, პრემიერ-მინისტრის ან, თუნდაც პრეზიდენტის “ფავორიტებით”.

ამდენად, ვინაიდან კანონმდებელმა ეს დღემდე ვერ მოახერხა, ხარვეზი სასამართლომ უნდა გამოასწოროს და დროულად განმარტოს, რა იგულისხმება მაგ., `საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტში ან რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს იუსტიციის საბჭოს წევრი _ `სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი”. შესაბამისად, ქუთაისში `დასაწყობებული” სამივე საქმე მილიონამდე საქართველოს მოქალაქის მიერ არჩეულ პარლამენტს, მის მიერ სამართლის ნორმების არაგონივრულ განმარტებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად `სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტების” გამწესების კანონიერებას, ანუ, ფაქტობრივად, საჯარო ინტერესებს ეხება.

ყველა შემთხვევაში, მომავალს მაინც იმედის თვალით ვუყურებ და საქართველოს პარლამენტთან ჩემს დავასაც, ფაქტობრივად, მოგებულად მივიჩნევ, ვინაიდან, სარჩელები დაუსაბუთებელი რომ ყოფილიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგია აქამდე მეტყოდა უარს პარლამენტის მიერ ჩატარებული კონკურსების ბათილად ცნობაზე… ვინაიდან, სარჩელები ქუთაისში გადაიგზავნა, მოსამართლეც რამოდენიმეჯერ შეიცვალა და განხილვის დაწყებაც გაუმართლებლად გაჭიანურდა, როგორც ჩანს, პარლამენტშიც გაიაზრეს საქმიანობაში, რბილად რომ ვთქვათ, “გაპარული შეცდომები” და შეეცადნენ მაქსიმალურად შეეფერხებინათ სარჩელების განხილვა.

არაერთგზის სატელეფონო და წერილობითი მოთხოვნების შედეგად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამივე საქმის განხილვა ერთ დღეს, 25 დეკემბერს, დაინიშნა. ამდენად, სასამართლოს მიეცა შანსი აღადგინოს სამართლიანობა, მე კი ჩემს ლამაზ ქუთაისში მიწევს გამგზავრება და იმასაც ვნახავ, ვრცელდება თუ არა სახელმწიფოს იურისდიქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე… აშკარად ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ საკანომდებლო ორგანოს შენობის წინ აღმართული დროშა განსხვავდება კანონმდებლობითY დადგენილი ე. წ. სახელმწიფო დროშის გამოსახულებისა და ზუსტი აღწერილობისგან…(სავარაუდოდ, პოლიტიკური გაერთიანების, “ნაციონალური მოძრაობის” დროშაა გამოფენილი, რომელშიც დიდი ჯვარი გაცილებით ვიწრო ზოლებით არის გამოსახული). აღნიშნული მორიგი `ტექნიკური ხარვეზის’ აღმოსაფხრელად პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მივმართე.

ამდენად, როგორც ხედავთ, ისევ ვცდილობ, მოკრძალებული წვლილი შევიტანო საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებასა და ტოტალიტარიზმის დროინდელიდან მყარად ფესვგადგმული სამართლებრივი ნიჰილიზმის (სამართლის ნორმების არცოდნა და/ან აბუჩად აგდება) დაძლევაში.

ავთანდილ კახნიაშვილი
სამართლის დოქტორი
24 დეკემბერი, 2018 წელი

 
%d bloggers like this: