IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ვინ და რატომ შეცვალა სახელმწიფო დროშა?!

♥ ს.ე.გ.მ.

 

სტატია ეძღვნება ბატონ გურამ შარაძის ხსოვნას

 

drosha5

ვინ და რატომ შეცვალა სახელმწიფო დროშა?!

ვისი სიმბოლოა ხუთჯვრიანი დროშა?

(საქართველო ერთადერთი ქვეყანა, რომლის არც ხელისუფლების წარმომადგენელთა და არც მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას არ ესმის სახელმწიფო დროშის შინაარსი)

 

“ქართული ოცნების” წინაასაარჩევნო კამპანიის დროს ივანიშვილი სახელმწიფო სიმბოლიკასთანAმიმართებითაც გვპირდებოდა `სამართლიანობის აღდგენას”, თუმცა, სადღეისოდ, მხოლოდ მერიის მცირე გუმბათებიდან ჩამოიხსნა სააკაშვილის მიერ ჯერ კიდევ 2002 წელს აღმართული 8 “ხუთჯვრიანი”, ფაქტობრივად კი, პარტიული დროშა, რომელიც გლოვის დღეებშიც კი არ ეშვებოდა……(ამისთვის, მადლობა საკრებულოს მესვეურებს!)

nacmoშედეგად, ჰერალდიკის საბჭომ მოუწოდა მოქალაქეებს, 14 იანვარს, სახელმწიფო დროშის (“უმთავრესად ეროვნული დღესასწაულის”) დღეს, “საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის, აგრეთვე ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით” ხუთჯვრიანი დროშა შენობებზეც გამოფინონ და ავტომობილებზეც აღმართონ. არადა, ერთადერთი სახელმწიფო ვართ, რომლის არც ხელისუფლების წარმომადგენელთაA და არც მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას “ეროვნული დროშის” ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ შეუძლია…

ფაქტია, რომ არსებული სახის ხუთჯვრიანი (“ისტორიული”) დროშა პირველად “მოქკავშირის” ღონისძიებებზე 1995 წელს გამოჩნდა (“მონარქისტების” დროშაში მცირე ჯვრები სწორი იყო). “ოპოზიციონერმა” სააკაშვილმა ის ჯერ “ნაცმოძრაობის” სიმბოლოდ აქცია, მერე დავით აღმაშენებლის დროშად “მონათლა” და სახელმწიფო დროშადაც “გაამწესა”, ხოლო ახალმა ხელისუფლებამ ჰერალდიკის საბჭოს მიერ ადრე “ჯვაროსან ჯოფრუა დე ბუილონის გერბად, იერუსალიმის გერბად და წმინდა ნიშნად” მოხსენიებული სიმბოლო საქართველოში უკვე “სავარაუდოდ, გიორგი ბრწყინვალის დროს დამკვიდრებულად” ჩათვალა…

drosha7

არჩევნების მეორე ტურში გასულ პრეზიდენტობის კანდიდატებს გაზეთის მეშვეობითაც მივმართე და ოფისებშიც ვეახელი. სხვა საკითხებთან ერთად, მაინტერესებდა, თუ რა შინაარსით ესმით “ქართული” ხუთჯვრიანი დროშა (ორიგინალურია, პარტიული, ისტორიული, სახელწიფო თუ რელიგიური) და თვლიან თუ არა, რომ ძირითადი სახელმწიფო სიმბოლოს დასადგენად კონკურსი უნდა გამოცხადდეს, პროექტების თაობაზე საჯარო დისკუსია გაიმართოს, ხოლო დროშის შინაარსი და მისი საბოლოო სახე (ზუსტი აღწერილობა) ორგანული კანონით დადგინდეს? კითხვა უპასუხოდ დარჩა, სამაგიეროდ მე-5 პრეზიდენტმა პირველი პრესკონფერენცია 5 ხუთჯვრიანი დროშის ფონზე ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ, კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო სიმბოლოები “ორგანული კანონით” უნდა იყოს დადგენილი (ანუ, მისაღებად გაცილებით მეტი ხმა სჭირდება, ვიდრე კანონს), როგორც ჩანს, ჟურნალისტებს “ეროვნული დროშის” (“უმნიშვნელოვანესი სიმბოლოს”) თემა უმნიშვნელოდ მიაჩნიათ…

ამდენად, სწორედ დღეს მინდა მოქალაქეებს შევახსენო, რომ 2004 წლის 14 იანვარს მოხდა “ვადაგასული” დეპუტატების “მობილიზება” (1999 წელს არჩეულ პარლამენტს უფლებამოსილება 2003 წლის 22 ნოემბერს შეუწყდა) და ახალი (“რევოლუციური”) დროშის ცაიტნოტურ რეჟიმში “დაკანონება”, ისე, რომ “მოქკავშირელი” საპარლამენტო უმრავლესობიდან მისი აღწერილობის თაობაზე არავის ჰქონდა მკაფიო წარმოდგენა… (მხოლოდ აკადემიკოსი გურამ შარაძე იყო ჯვაროსნულ-კათოლიკური სიმბოლოს სახელმწიფო დროშად დაკანონების კატეგორიული წინააღმდეგი).

ისიც ფაქტია, რომ მხოლოდ სააკაშვილის მიერ, ერთპიროვნულად, ინაუგურაციის დღეს, 2004 წლის 25 იანვარს გამოცემული #31 ბრძანებულებით მოხდა ახალი ‘სახელმწიფო დროშის ზუსტი გამოსახულების დადგენა” და, ისიც მას შემდეგ, რაც პარლამენტში გამოფენილისგან მცირედ სახეშეცვლილი ხუთჯვრიანი დროშა (ე. წ. მალტურ ჯვრები ან მათი იმიტაცია რომ არ გამოსულიყო, მცირე ჯვრებს შეუცვალეს ფორმა), ილია II-მ აკურთხა და ქრისტეს ხუთი ჭრილობის სიმბოლოდ მოიხსენია (მანამდე პატრიარქმა პარლამენტს სახელმწიფო დროშის საკუთარი პროექტი წარუდგინა, რომელიც დღეს სამების ტაძარში “ხუთჯვრიანის” გვერდით არის გამოფენილი და წმინდა ნინოს დროშის სახელით მოიხსენიება).

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მანამდე სასამართლომ 2003 წლის 21 მარტს, თბილისის საკრებულოს აშკარად უკანონო დადგენილება ბათილად ცნო და კანონით გაუთვალისწინებელი (“ხუთჯვრიანი”) დროშების ჩამოხსნა დაადგინა (სარჩელი ბატონმა გურამ შარაძემ და რამოდენიმე იურისტმა შეიტანა). სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესრულდა, ხოლო დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე დამზადებული “მიშას დროშები” პარლამენტისა და კანცელარიის შენობების თავზეც აღიმართა… აღსანიშნავია, რომ მაშინდელმა კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან მოლაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე კორუფციაში დაადანაშაულა და ბიუჯეტის ხარჯზე პარტიული დროშების დამზადებაშიც ამხილა, თუმცა თავად აღმოჩნდა ციხეში… როგორც ჩანს, სააკაშვილსაც დაავიწყდა, რომ ერთ დროს შევარდნაძის “ვარსკვლავთბიჭუნაც” გახლდათ და მისთვის პასუხი არ მოუთხოვიათ, თორემ ტელეეთერით მორიგი გამოსვლისას ასე უტიფრად როგორ იცრუბდა: “დროშის გამო ჩემს მიმართ რამოდენიმე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრულიო…”

მართალია, ნაციონალები “ვარდების რევოლუციის” დღეებში “დავით აღმაშენებლის დროშას” აფრიალებდნენ, მაგრამ მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყეს ამის დამადასტურებელი მტიცებულებების ძებნა, რისთვისაც სპეციალისტები საგანგებო მისიით თურქეთში, ირანში, საბერძნეთსა და საფრანგეთში მიავლინეს, თუმცა ქართულ “ხუთჯვრიანს” ვერსად მიაკვლიეს, რაც სრულიად ლოგიკურია…

ცხადია, როდესაც, 5-ჯვრიან სიმბოლოს ჯერ დავით აღმაშენებლის დროშად წარმოგიდგენენ, მერე კი “დაკანონებულ” სახელმწიფო დროშას უკვე “ვარაუდების” დონეზე შეეცდებიან, როგორმე საქართველოს რომელიმე სხვა მეფესთან დააკავშირონ, გასაგები ხდება თუ რატომ დაარსდა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ყოფილ პრეზიდენტთან და რატომ დაითხოვეს მისი შემადგენლობიდან ერთადერთი პროფესიონალი ჰერალდიკოსი, ისტორიის დოქტორი მალხაზ აფრიდონიძე (სხვათა შორის, მანამდე პროფესორი სვიმონ გამსახურდია აღარ მიიწიეს სხდომებზე, ვინაიდან 5-ჯვრიანი დროშის არაქართული წარმომავლობის მტკიცება გაბედა…

ცხადია, თუ იმ “რევოლუციონებს”, რომლებმაც სახელმწიფო სიმბოლიკა, სპეციალურად შექმნილი კომისიების დასკვნების გარეშე მიიღეს, არც მოეთხოვებოდათ კანონმორჩილება და “ანალიტიკური აზროვნება” (ლენინის განმარტებით “რევოლუცია _ კანონით შეუზღუდავი ძალაუფლებაა”), ნამდვილად გაუგებარია, როდესაც ავტორიტეტული მეცნიერების აზრი არც არჩევნების გზით მოსულ ახალ ხელისუფლებას აინტერესებს.

დარწმუნებული ვარ, დღევანდელი პარლამენტისა და უკვე მასთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წევრებს არც ბატონი აკაკი ბაქრაძის აზრი დააინტერესებდათ. არადა, ფაქტობრივად 5-ჯვრიანის გამოჩენისთანავე ცდილობდა საზოგადოებისათვის განემარტა, რომ “მართალია, ჩვენი მატიანე ახსენებს “გორგასლიან-დავითიან” დროშას, მაგრამ არსად ოდნავადაც კი არ არის მინიშნებული როგორი იყო იგი. Aარ გვაქვს არც იმის რაიმე საბუთი, რომ უცხოელების მიერ დახატულ საქართველოს რუკაზე გამოსახული ხუთჯვრიანი დროშა გავაიგივოთ `გორგასლიან-დავითიანთან”. ზუსტად ასეთი ხუთჯვრიანი დროშა ცნობილია იერუსალიის დროშად. ჩვენს მეცნიერებს არ დაუსაბუთებიათ, რომ იერუსალიმის ხუთჯვრიანი დროშა ქართველების შეტანილია სამი რელიგიის წმიდა ქალაქში. Uუნდა მეცნიერულად გაირკვეს, რატომ ემთხვევა ასე ზუსტად ერთმანეთს იერუსალიმის დროსა და ის დროშა, რომელსაც გვთავაზობენ საქართველოს სახელმწიფო დროშად.

ფრთხილად, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავვარდეთ და დროშის ქურდობა არ დაგვაბრალონ.

ჯერ-ჯერობით არაფერს მოგახსენებთ იმაზე, რა დიდი ხიფათით ემუქრება საქართველოს ერთიანობა-მთლიანობას ხუთჯვრიანი დროშა” (გაზეთი `საქართველო”, #54, 1997 წელი)

drosha1

ქართული ისტორიული დროშების ცნობილმა მკვლევარმა, პროფესორმა სვიმონ გამსახურდიამაც გაზეთების მეშვეობით არაერთხელ განმარტა საქვეყნოდ, რომ “მე-14 საუკუნეში ანონიმი კათოლიკე ბერის მიერ შექმნილ ატლასზე ჩახატული ხუთჯვრიანი დროშა შეუძლებელია 2 საუკუნით ადრე მოღვაწე დავით აღმაშენებელს დავუკავშიროთ. ამის დამადასტურებელი არც ერთი ისტორიული ცნობა არ მოგვეპოვება. წყაროების მიხედვით, არც მანამდე და არც მე-11-12 საუკუნეების ქართულ დროშებზე ხუთი ჯვრის გამოსახულება არსად ფიგურირებს…” (ამისთვის, ბატონი სვიმონი შევარდნაძის დროს შექმნილი ჰერალდიკის იმ სახელმწიფო კომისიიდან დაითხოვეს, რომელსაც იგივე კინორეჟისორი ელდარ შენგელაია ხელმძღვანელობდა… )

როგორც ჩანს, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წევრები, “ვარდისფერ” პროფესურასთან ერთად ცდილობენ, როგორმე ლოგიკურად განმარტონ, თუ რატომ აქვს დღევანდელ “სახელმწიფო დროშას” სწორედ ისეთი ფორმა, როგორიც რევოლუციურმა ხელისუფლებამ დაამკვიდრა, მაგრამ ფაქტია, რომ “ვარაუდს” ვერ ასცდებიან, ვინაიდან ზოგადქრისტიანულ სიმბოლოში, რომელიც მაცხოვართან და ოთხ მახარობელთან ასოცირდება, დიდი ჯვარი სიმეტრიულია და დროშის კიდეებამდე არ გრძელდება, ხოლო მცირე ზომის ჯვრები სწორკუთხაა და არა ფიგურული. ამასთან, დიდი ალბათობაა, რომ ვერც მომავალში მოვახერხებთ იმის უტყუარად დამტკიცებას, რომ “ხუთჯვრიანი” კომპოზიცია, ანუ იერუსალიმის ჯვარი (გერბი), რომელსაც ინფორმირებული საზოგადოება “კათოლიკური სამყაროს ინტეგრაციულ სიმბოლოდ” (ჯვაროსან ჯოფრუა დე ბუილონის ჰერალდიკურ ნიშნად) აღიქვამს (თედო დუნდუა, “ძელი ცხოვრებისაი და მისი ვარიანტები”, თბილისი, 2000), `ჩაკრულოსავით” ქართველების მიერ არის შექმნილი.

ყველასი რა მოგახსენოთ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველა ელემენტარულად განათლებულმა ევროპელმა იცის, თუ რას ნიშნავს “5-ჯვრიანი” სიმბოლო, რომლითაც ჯვაროსანმა რაინდებმა იერუსალიმი აიღეს და XI საუკუნეში ქალაქი-სახელმწიფო დაარსეს. ამასთან, ზოგიერთს ალბათ ისიც ეცოდინება, რომ XIII საუკუნეში რაინდების ნაწილმა, ვინც “ერეტიკოსთა” ძარცვით დიდი ქონება დააგროვა, ე. წ. ტამპლიერთა ორდენი შექმნა და ერთ-ერთ სიმბოლოდ 5-ჯვრიანი დროშის ერთ-ერთი ვარიანტი შეარჩიეს, რისთვისაც წმინდა გიორგის ჯვრის (ერთი წითელი ჯვარი დროშის კიდეებამდეა გაგრძელებული. მაგ. ინგლისის ე.წ. ეროვნული დროშა) კუთხეებში ე.წ. მალტური (`ლეოპოლდის”) მცირე ჯვრები ჩასვეს.

drosha3

რაც შეეხება საქართველოს, ეჭვი არ მეპარება, განათლებული და ინფორმირებული მოქალაქეები, “სახელმწიფო დროშას” უკვე მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობასთან” აიგივებენ, ხოლო რეალურად ოპოზიციურად განწყობილ ძალებს შეკრება-მანიფესტაციებზე 5-ჯვრიანი (`მიშას დროშა!”) არასოდეს გამოაქვთ.

როგორც ჩანს, სახელმწიფო დროშის თაობაზე მკაფიო წარმოდგენა არც დღევანდელი ხელისულების წარმომადგენლებს აქვთ და თვითონაც ჰერალდიკის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული “ოფიციალური ინფორმაციით” სარგებლობენ, რომელიც კონიუქტურის შესაბამისად იცვლება… ამასთან, არცთუ იშვიათად, ადმინისტრაციული შენობების წინ გამოფენილი “სახელმწიფო დროშები” და პოლიტიკოსების მკერდზე მიმაგრებული “საიდენტიფიკაციო ნიშნები” აშკარად არსებითად განსხვავდებიან კანონმდებლობით დადგენილი “სტანდარტული ზომისა და ზუსტი გამოსახულებისგან”.

ამდენად, დაინტერესებულ მოქალაქეებს, საკუთარი სახელმწიფოს უპირველესი სიმბოლოს წარმომავლობასა და ლეგიტიმურობაში გასარკვევად, 5-ჯვრიანი დროშის თაობაზე ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მოსაზრებების გაცნობას ვურჩევდი. ამასთან, ილია II-ს ერთ-ერთ ეპისტოლესაც შევახსენებდი, რომელშიც ბრძანა, რომ “საერთოდ, უფრო მეტად გვმართებს ანალიტიკური აზროვნების უნარის გამოვლენა, ვიდრე გულის კარნახით სიარული. ჩვენი ყოველი ნაბიჯი აწონილი და გამართლებული უნდა იყოსო!”.

ამ ბრძნულ დანაწესს (შეგონებას), რომელიც პირველ რიგში ქართველი პოლიტიკოსებისთვის უნდა იყოს ყურადსაღები, სტუდენტებსაც ხშირად ვახსენებ და სწავლების პროცესში მუდმივად ვცდილობ მომავალ იურისტებს ანალიტიკური აზროვნების უნარი განვუვითარო. თუმცა, როდესაც ქვეყანაში არსებული ვითარების, რომელიმე აშკარად წინააღმდეგობრივი ინსტიტუტის ან ბუნდოვანი სამართლის ნორმის თაობაზე მთხოვენ განმარტებას, ძალიან მიჭირს ლოგიკურად ავუხსნა, თუ რატომ მოქმედებენ უფროსები ზოგჯერ ასე გაუაზრებლად.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს რეალური დამოუკიდებლობა თუ ეღირსა, სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის თაობაზე სპეციალისტებსაც და სამოქალაქო საზოგადოებასაც სერიოზული სჯა-ბაასი მოუწევს. უაღრესად არაგონივრულია, როდესაც სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, ფაქტობრივად, ერთი კაცის (თუნდაც, პარტიის) ხუშტურების მიხედვით ვწყვეტთ, ნაცვლად იმისა, რომ კონსტიტუციით განსაზღვრულ “ხელისუფლების წყაროს” _ ხალხს თუ არა, შესაბამისი დარგის სპეციალისტებს მაინც დავეკითხოთ. ამასთან, ქვეყანაში შექმნილი მეტად სპეციფიკური ვითარებიდან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურად მიმაჩნია, რომ ანალიტიკურად მოაზროვნე მეცნიერებისა და რეალურად თავისუფალი მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გარეშე, “სამოქალაქო სექტორი” ვერც სახელმწიფო სიმბოლიკასთან დაკავშირებულ საკითხებში გაერკვევა ხეირიანად და სამართლებრივი ნიჰილიზმის “ხუთჯვრიან სტადიამდე” მისულ ქვეყანასაც ვეღარაფრით განკურნავს. შედეგად კი, ადამიანის უფლებების დაცვის ევროსტანდარტებზე ორიენტირებული დემოკრატიული რესპუბლიკის ნაცვლად, მართლაც შუასაუკუნეების ჯვაროსნების დროინდელი მოდელის მსგავსი, პლუტოკრატიული ტირანია შეგვრჩება ხელში და ევროკავშირში კი არა, ევრაზიულშიც აღარავინ მიგვიღებს.

ავთანდილ კახნიაშვილი
სამართლის დოქტორი
13.01.2018

 
%d bloggers like this: