IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

•კახნიაშვილი – ევროინტეგრაციის შანსი

♥ ს. ე. გ. მ.

  • ევროინტეგრაციის შანსი
  • თბილისში „მართლმსაჯულების სასახლე“ უნდა აღიმართოს
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ბატონ გიორგი მიქაუტაძეს

 

kakhniashvili

ავთანდილ კახნიაშვილი

ევროინტეგრაციის შანსი

როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის აღდგენამდე საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული სამართლებრივი ნიჰილიზმის გამო, სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტისას, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად ნაუცბადევად ვმოქმედებთ. შედეგად, ერთხელ აშენებულის მრავალგზის გადაკეთება გვიწევს, რისი მკაფიო მაგალითიც, არა მარტო კაზინოს უზარმაზარ რეკლამასთან ჩასახვევში და ავეჯის სალონის უკან მდგარი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა (გაუზრებელ მიშენებებზე მეტად შენობის სხვენსა და სარდაფში „სხდომათა დარბაზების“ განთავსება მაწუხებს… ), არამედ მთლიანად სასამართლო ხელისუფლებაა, რომელიც მიუხედავად არაერგზის „რეფორმირებისა“, მაინც ვერ აკმაყოფილებს „ევროსტანდატებს“.

1991 წელს მოსამართლეების კომუნისტებისდროინდელი კორპუსი, ფაქტობრივად, სრული სახით შევინარჩუნეთ და 10 წლით გავამწესეთ თანამდებობებზე. სასამართლოებში 1997 წელს დაწყებულმა გაუზრებელმა „რევოლუციურმა რეფორმამ“ შედეგი ვერ გამოიღო, ხოლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ტოტალიტარიზმისდროინდელივით, ისევ მმართველი პარტიის მიერ სრულად კონტროლირებადი მოსამართლეთა კორპუსი მივიღეთ, რის გამოც 2012 წლის ბოლოს, ფაქტობრივად, მორიგი რეფორმის დაწყება გახდა საჭირო. დღეს კი, უკვე მის მე–4 ეტაპზე („ტალღაზე“) ვიმყოფებით, თუმცა უზენაესი სასამართლო მხოლოდ მესამედით არის დაკომპლექტებული…

არადა, მოქალაქეებმა „ურყევი ნება დავამკვიდროთ სამართლებრივი სახელმწიფო”, ჯერ კიდევ 1995 წელს მიღებული კონსტიტუციის პრეამბულაში ავსახეთ, ხოლო ახლახან „უზენაეს კანონს“ გარდამავალი დებულებაც დავუმატეთ „ევროპის კავშირში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. ამდენად, თუ საქართველოში სამართლიანი პროცედურებით კონკურსების ჩატარება ვერ ვისწავლეთ და სასამართლო რეალურად არ იქცა ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოდ, ევროპის სამართლებრივი სივრცის ნაწილად არავინ გვაღიარებს…

ფაქტია, რომ ზოგადსაკაცობრიოდ აღიარებულ დემოკრატიულ ფასეულობებზე ორიენტირებულ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა დაცვის ქმედით გარანტს, აგრეთვე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობის ყველაზე ეფექტურ შემაკავებელს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო წარმოადგენს. არც ის უნდა იყოს სადავო, რომ ევროპული ტიპის სასამართლოს ფორმირებისთვის, პირველ რიგში, „პოლიტიკური ნებაა“ აუცილებელი, ხოლო თუ ქართველ კანონმდებლებს რეალურად სურთ ევროინტეგრაცია და ე. წ. მესამე ხელისუფლებისთვის სახელმწიფო მექანიზმში სათანადო ადგილის მიჩენა, უზენაესი სასამართლოს წევრები მაინც უნდა შეარჩიონ ევროპაში მიღებული სტანდარტებით.

დარწმუნებული ვარ, დღევანდელი მოსამართლეების მიმართ მოქალაქეებს გაცილებით მეტი ნდობა ექნებოდათ, მათი შერჩევისას, თუნდაც ჩვენი სულმნათი წინაპრების მიერ, საუკუნეების წინ დადგენილი კრიტერიუმებით რომ გვეხელმძღვანელა. ბაგრატ კურაპალატისა და ვახტანგ VI სამართლის წიგნებში პრიორიტეტულად „გამჭრიახი გონიერება“, „მჩხრეკველობა“, „მიმხვდურობა“, „უქრთამობა“ და „ღვთის მოშიშობაა“ პრორიტეტულად მიჩნეული. ფაქტობრივად, იგივეს ითხოვდა მოსამართლისაგან ევროპაში განსწავლული ილია მართალიც, რომელმაც „ცხოვრება და კანონში“ განგვიმარტა, რომ „სამართალი უნდა იყოს იმისთანა კაცის ხელში, რომელსაც ხალხი იცნობს, ხალხი ენდობა და ხალხი პატივსა სცემს და რომელსაც თვითონაც გული უნდა შესტკიოდეს, რომ უწესობა, ურიგობა არ იყოს, რომ დანაშაულობა, ბრალი, დაუსჯელად არ ჩაივლის, წანახედი, ზიანი უზღვევლად არ დარჩება“, ხოლო „ამ ნდობის მოსაპოვებლად ისე კანონების ცოდნა არ არის საჭირო, როგორც ცოდნა ხალხის აზროვნებისა, ხალხის ზნისა, ჩვეულებისა და, ამასთანავე, საჭიროა საკუთრივ კაცსა ჰქონდეს გამჭრიახი გონიერება, პატიოსანი ხასიათი და უჩირქო ყოფა-ცხოვრება“, „უფრო საჭიროა ჰქონდეს შინაკაცის საქმიანი სიბრძნე, ვიდრე კანონიერების ცოდნა და მოსამართლეობის გამოცდილება“. „სამართალი და ზღვევაში“ კი აგვიხსნა, რომ „ის უწმინდესი და უმაღლესი დანიშნულება განკითხვისა, რომელსაც ჩვენ მართლიერებას, სამართალს ვეძახით, მთელი ერის განწმენდილი სინდისი და ნამუსია“, ხოლო „მსაჯული ის რჩეული კაცია, რომელსაც აბარია ჩვენი ქონება, ჩვენი ღირსება, ჩვენი სული და ხორცი, ერთი სიტყვით, ჩვენი კაცური კაცობა, ჩვენი ადამიანობა“.

ის, რომ „კანონის ცოდნა მისი აზრისა და მნიშვნელობის ჩაწვდომას ნიშნავს“ ბიზანტიელებმა ჯერ კიდევ VI საუკუნეში შენიშნეს და იუსტინიანეს კოდექსშიც ასახეს, ხოლო სულ ახლახან ე. წ. ვენეციის კომისიამაც გვირჩია, უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში „რაც შეიძლება ასაკოვანი, გამოცდილი და დამოუკიდებელი იურისტები გავამწესოთ“. მიუხედავად ამისა, საკმაოდ დიდი ალბათობაა, რომ იუს მიერ რეგისტრირებულ 139 კანდიდატს შორის გამარჯვებულები, ფაქტობრივად, მხოლოდ „სამართლის ნორმების ცოდნაში“ მიღებული მაღალი ქულებით გამოვლინდნენ…

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომის ფაქტმა, აგრეთვე პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დამარწმუნა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში ვითარება მართლაც საგანგებო და საგანგაშოა. ამას დაერთო „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების ნაჩქარევად შეტანა და საკანომდებლო ორგანოს მესვეურთა დაპირისპირება ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რამაც გადამაწყვეტინა მეც მიმეღო მონაწილეობა კონკურსში და საზოგადოებისთვის ჩემი თვალსაზრისი გამეცნო. მით უმეტეს, რომ, როგორც თითოეული მოქალაქე, დაინტერესებული ვარ, საქართველო სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივ რეფორმებსაც დიდი ხანია ვადევნებ თვალს და არც პოლიტიკური ამბიციები გამაჩნია.

ფაქტია, რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელ უმაღლეს ინტანციაში დასაქმების მსურველთა სიის გამოქვეყნებამ იურიდიულ საზოგადოებასა და ე. წ. სამოქალაქო სექტორში დამატებითი კითხვები გააჩინა. მითუმეტეს, რომ მრავალმა ავტორიტეტულმა იურისტმა (მაგ., ლია მუხაშავრიამ, ნათია წკეპლაძემ, გოჩა სვანიძემ, პაატა ცნობილაძემ, გია მეფარიშვილმა, შალვა ხაჭაპურიძემ…), როგორც ჩანს „გამომცდელებისადმი“ და პროცედურისადმი უნდობლობის გამო, თავი შეიკავა კონკურსში მონაწილეობისგან. სამაგიეროდ, კანდიდატებს შორის ისეთი მოსამართლეებიც არიან, რომლებსაც სრულიად დაუსაბუთებელი და პოლიტიკური („რევოლუციური“) გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული, ხოლო მაგ., საპატრულო პოლიციის ინტერესებში „შუქნიშნის გამორთული სექციის დაუმორჩილებლობისთვისაც“ გაუმტყუნებიათ მძღოლი და მარჯვენა-მარცხენაც არევიათ… აღარაფერს ვამბობ, „უზენაესში“ მოსამართლეობის მსურველებზე, რომლებმაც ერთგვერდიანი ავტობიოგრაფიებიც კი ვერ შეავსეს გამართულად (რედაქციული ხარვეზებით, ხელმოუწერელი, თარიღის მითითების გარეშე ან მესამე პირში შევსებული ატვირთეს…).

ნამდვილად ვერ ვანდობდი მოსამართლეობას იმ იურისტს, რომელსაც სპეციალობით წლები აქვს ნამუშევარი და ყველა კანონი ზეპირად იცის, მაგრამ სამართლის ერთი ნორმის მიმართაც კი არ გამოუთქვამს საჯაროდ შენიშვნა, არც კანონმდელობის სრულყოფისთვის შემოუთავაზებია რაიმე წინადადება და მიმდინარე კონკურსზე საბუთების შემოტანისას, ვერც იუს მიერ დადგენილი განცხადების ფორმაში „გაპარული ხარვეზები“ შენიშნა. არადა, ფაქტია, ვინაიდან კანონმდებლობით კანდიდატის შერჩევის მხოლოდ ორი კრიტერიუმია განსაზღვრული (კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა), როგორც ჩანს, იუს წევრებს კანდიდატის აზრი კრიტერიუმების ცალკეული მახასიათებლების თაობაზე აინტერესებთ, მაგრამ ეს განცხადების ფორმაშიც სათანადოდ უნდა აესახათ (რატომღაც, „სამი კრიტერიუმია“ ნახსენები…). ამასთან, კანონმდებლობასთან შეუსაბამოა და არაგონივრულიც ე. წ. შრომის წიგნაკიდან ამონაწერის მოთხოვნა, ვინაიდან შრომის კოდექსი მას აღარ ითვალისწინებს (შესაბამისად, „შრომის წიგნაკები“ ბაზრობებზე იყიდება, ბეჭდისა და შტამპის დამზადება კი, 50 – ლარამდე ჯდება…), ხოლო თუ განმცხადებელი, თუნდაც ბოლო 10 წლის განმავლობაში არსად ყოფილა დასაქმებული და ვერც მანამდე ნამსახურობის თაობაზე წარმოადგინა შესაბამისი ცნობები, მისი მოსამართლედ არჩევა შეიძლება?!

ასევე სრულიად გაუგებარია, რატომ ითხოვენ იუს წევრები კანდიდატისგან სამუშაო ადგილისა და დაკავებული თანამდებობის გარდა, „უშუალო ხელმღვანელების“, აგრეთვე მათი ტელეფონებისა და და ელექტრონული მისამართების მითითებას. ეს მაშინ იქნებოდა გამართლებული, საზოგადოებისთვის უცნობი იურისტი რომელიმე საწარმოში დასაქმებას რომ ითხოვდეს. ვინაიდან, საქმე უზენაეს სასამართლოს ეხება, კანდიდატის ნამსახურობის ნუსხა და მის მიერ, ფაქტობრივად, ათწლეულების განმავლობაში მიღწეული შედეგები, საკმარისი უნდა იყოს მისი შესაბამისობის თაობაზე სჯა-ბაასის გასამართად, ხოლო თუ კანდიდატს სამართლის დარგში ღირებული არაფერი შეუქმნია და მის შესახებ იუს არამოსამართლე წევრებსაც კი (კანონის თანახმად, მხოლოდ „სამართლის დარგის აღირებულ სპეციალისტები“ არიან) არაფერი სმენიათ, პარლამენტს მხოლოდ იმიტომ უნდა წარუდგინონ, რომ ყოფილი ან დღევანდელი „უშუალო ხელმღვანელი“ ხელმძღვანელი აქებს?! ამასთან, ვინაიდან განცხადების ფორმაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის, კანონით გათვალისწინებული 10–ზე მეტი საფუძვლიდან, რატომღაც, მხოლოდ მხოლოდ ორია მითითებული, როგორც ჩანს, არავის უფიქრია, რომ საქართველოში არც ის შემთხვევაა გამორიცხული, როდესაც კვალიფიციური იურისტი, შეიძლება, სწორედ არაკომპეტენტურ და რეპუტაციაშელახულ „უშუალო ხელმძღვანელთან“ დაპირისპირების გამო იყოს „პირადი განცხადებით განთავისუფლებული“, რის გამოც მისგან უარყოფითი შეფასება დაიმსახუროს (მაგ., სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელი პრინციპულმა თანამშრომელმა შეიძლება კორუფციაში დაადანაშაულოს, ხოლო იურიდიული ფაკულტეტის დეკანი კეთილსინდისიერმა პროფესორმა, შეიძლება, დოკუმენტის გაყალბებაში ამხილოს ან, თუნდაც, დეკანის ფავორიტ სტუდენტს ცოდნა „არადამაკმაყოფილებლად“ შეუფასოს).

ვინაიდან განცხადების ფორმაში კანდიდატს ისიც უნდა აღენიშნა, თუ რომელ საქმეში იყო მოსარჩელე, მოპასუხე ან მესამე პირი, ლოგიკური იქნებოდა, იუს წევრები იმითაც დაინტერესებულიყვნენ კონკურსში მონაწილე, სხვა პირის წარმომადგენლის სახითაც თუ მონაწილეობდა სასამართლოში საქმის განხილვაში.

კონკურსის ჩატარების პროცედურაც არაგონივრულად მიმაჩნია და წინასწარ შერჩეული პირების გამოსამართლებისთვის საგანგებოდ შემუშავებულს გავს. მითუმეტს, რომ კარგად მახსოვს სამედიცინო ინტიტუტსა და თსუ იურიდიულ ფაკუტეტზე ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დანერგილი სქემა („ნეგატიური მოვლენა“), როდესაც ნიჭიერ, მაგრამ „უპატრონო“ აბიტურიენტებს საგამოცდო კომისიიის წევრები განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი შეფასების წესების საფუძველზე უწერდნენ 4 ან 4,5 ქულას, ხოლო არაოფიციალურ სიაში შეტანილი „ახლობლები“ უმაღლესი ქულებით იმარჯვებდნენ კონკურსებში.

ფაქტია, სტუდენტების ცოდნის შეფასების ევროპიდან „იმპლემენტირებული“ 100 – ქულიანი სისტემა, არაკეთილსინდისიერ ადგილობრივ ლექტორს ცალკეული კომპონეტების მიხედვით ქულებით მანიპულირების და სასურველი ნიშნის დაწერის საშუალებას დღესაც უტოვებს. შესაბამისად, გასათვალისწინებელია, რომ კონკურსში მონაწილე პროფესორებიდან და წარმატებული ადვოკატებიდან პარლამენტში წარსადგენ კანდიდატებს, ფაქტობრივად, იუს მოსამართლე წევრების მიერ დაწერილი ქულებით გამოავლენენ. არადა, ისიც ცნობილია, რომ 2008 წელს თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის „რეფორმირებისას“, სამართლის დოქტორების მიერ კონკურსზე წარდგენილი სამეცნიერო კვლევების კონცეფციები აკადემიური ხარისხის არმქონე 8 მოსამართლისგან შემდგარმა საკონკურსო კომისიამ „ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა“ და მმართველი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელი მეცნიერები ცოდნის ტაძრიდან „ჩარეცხა“.

ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც პარლამენტის ვიცე–სპიკერიც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარეც და ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც იუს-დან არამოსამართლე წევრების გამოწვევას ითხოვენ, ანუ, ფაქტობრივად, ცალკეულ წევრთა კვალიფიკაციასაც საეჭვოდ მიიჩნევენ და მთლიანად საბჭოსაც უცხადებენ უნდობლობას (რის საფუძვლიანობაში იუს მიერ შედგენილი განცხადების ფორმის გაცნობამაც დამარწმუნა), სრულიად გაუმართლებლად მიმაჩნია კანდიდატების კომპეტენტურობის ცალკეული მახასიათებლების მიხედვით და თანაც ქულებით შეფასება.

ფაქტია ისიც, რომ იუს 2017 წლის 27 მარტის N1/33 შესაბამისი გადაწყვეტილებაც, რომელშიც კომპეტენტურობის ცალკეული მახასიათებლები და შესაფასებელი ქულებია გადგენილი, თავისთავად აჩენს კითხვებს და სრულყოფას საჭიროებს. მაგ., რა აუცილებლობას წარმოდგენს მე-9 მუხლში „წერისა და ზეპირი კომუნიკაციების უნარის“ ცალკე პუნქტად მითითება, ხოლო მომდევნო პუნქტებში „წერის უნარის“ და „ზეპირი კომუნიკაციის უნარის“ ცალ-ცალკე გამოყოფა. მით უმეტეს, რომ თ) პუნქტში მოცემული წინადადების ორ ნაწილად გაყოფისას, როგორც ჩანს, საკვანძო სიტყვა („წერილობით“) არის გამორჩენილი და ი) პუნქტი („წერის უნარები“) ისეა ფორმულირებული, თითქოს ზეპირად აზრის გადმოცემის უნარზე იყოს საუბარი.

იუს დღევანდელი შემადგენლობიდან და შერჩევის პროცედურიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მიუღებელია, უმაღლეს ინსტანციაში მოსამართლეობის კანდიდატებისთვის „სამართლის ნორმების ცოდნაში“, ფაქტობრივად, გამოცდის მოწყობა და 25 ქულით შეფასება. ფაქტია, გარდა იმისა, რომ ილია ჭავჭავაძეც შეეცადა საზოგადოებისთვის აეხსნა, რომ მოსამართლეობისთვის კანონების ცოდნა არ არის გადამწყვეტი, სულ ახლახან, ვენეციის კომისიის ყოფილმა წევრმა, კონსტიტუციონალისტმა, პროფესორმა ავთანდილ დემეტრაშვილმაც განაცხადა, რომ „უზენაეს სასამართლოში შეიძლება არაიურისტიც აირჩიო მოსამართლედ. თუ მაღალკვალიფიციურ კანდიდატს ირჩევ, ეს უკვე ნიშნავს, რომ მან იცის სამართალი და მაშინ რაღა საჭიროა გამოცდები?!“ (გაზეთი „ახალი თაობა“, 22.04.2019), რაშიც სავსებით ვეთანხმები.

მართლაც, საყოველთაოდ აღირებულია, რომ იურისტისთვის (მოსამართლისთვის) მთავარი ნორმების დამახსოვრება („დაზუთხვა“) კი არ არის, არამედ შესაბამისი ნორმის მოძიების, გააზრების (არსის ცოდნის) და გონივრული განმარტების უნარია, ხოლო ნორმის ბუნდოვნობის („არაგანჭვრეტადობის“) შემთხვევაში, იურისტს უნდა შეეძლოს მისი არსის (შინაარსის) სხვა შესაბამისი ნორმების საფუძველზე დაზუსტება ან/და, საჭიროების შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე ნორმატიული შინაარსის გაფართოება. ეს ყველაფერი კი მართლმსაჯულების განხორციელებაში იმ გონივრული „ევროსტრანდარტის“ დასამკვიდრებლად არის აუცილებელი, რომლის თანახმად, „მოსამართლემ არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, დაარწმუნოს მხარეები მის კანონიერებასა და სამართლიანობაში”.
„სამართლის ნორმების ცოდნის“ პრიორიტეტულად მიჩნევა, განსაკუთრებით, იმ ვითარებაშია მიუღებელი, როდესაც კანონმდებლობაში გაუთავებლად შედის ცვლილება-დამატებები, რომელთა ნაწილი ლოგიკასთანაც შეუსაბამოა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთანაც (მაგ., 1997 წელს მიღებული „რევოლუციური“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უვარგისად იქნა მიჩნეული, ხოლო 2010 წლიდან ამოქმედებული ახალი კოდექსის მომზადებაში არც მეცნიერებს მიუღიათ მონაწილება და არც ადვოკატებს. შედეგად, პირი დაკავებისთანავე, პროკურორის გარეშეა, ბრალდებული და ბრალდების წარდგენის შემდეგაც განაჩენის გამოტანას, შეიძლება, წლები ელოდოს… დაზარალებული პროცესში მხარე აღარ არის და, შეიძლება, განაჩენიც არ გააცნონ. ამასთან, „განრიდების“ გზით, ფაქტობრივად, უკვე პროკურორი ახორციელებს მართლმსაჯულებას…).

ამდენად, გაცილებით გონივრული იქნებოდა კანდიდატებისთვის კოდექსები წინ დაგვეწყო და კანონმდებლობაში „გაპარული“ ბუნდოვანი ნორმების ან ინსტიტუტების თაობაზე გვეკითხა აზრი, ანუ ე. წ. ზოგადი (ანალიტიკური აზროვნების) უნარი შეგვემოწმებინა. შეიძლებოდა, დასკვნისთვის წერილობით ჩამოყალიბებული ისეთი კაზუსიც გადაგვეცა, რომელშიც სამართლის ნორმების დარღვევებთან ერთად, ეთიკური გადაცდომებიც იქნებოდა შეტანილი (აშშ-ში გამოიყენება მოსამართლეების შესარჩევად. ასევე, ევროპაში მაგ., მარტენსის საერთაშორისო კონკურსში მონაწილე სტუდენტებს, ჰუმანიტარულ სამართლის პრობლემებზე შედგენილ ორგვერდიან ტექსტს აძლევენ და დასკვნის მოსამზადებლად 4 საათის განმავლობაში ბიბლიოთეკით სარგებლობის ნებას რთავენ). საგულისხმოა, რომ განვითარებულ ქვეყნებში მოსამართლის კაბინეტი ბიბლიოთეკას ჰგავს, ხოლო კონკრეტული საქმის შესწავლისას დამხმარე ლიტერატურას ზოგჯერ სპეციალური ურიკებითაც კი ეზიდებიან (ძირითადად, მათი თანაშემწეები).

შექმნილ ვითარებაში, გაუმართლებლად მიმაჩნია, პარლამენტში წარსადგენი კანდიდატების იუს წევრთა ხმების 2/3–ით შერჩევაც. ამ ეტაპზე, პარლამენტმა მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად მხოლოდ იმ იურისტების თაობაზე უნდა იმსჯელოს, რომლებსაც სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრები ერთხმად დაუჭერენ მხარს. დაუშვებელია, სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში გამწესდეს პირი, რომელიც ერთ კითხვაზე მაინც ვერ გასცემს დამაკმაყოფილებელ (დასაბუთებულ) პასუხს და რომლის კეთილსინდისიერებაში (რეპუტაციაში), თუნდაც იუს ერთ არამოსამართლე წევრს მაინც შეეპარება ეჭვი (მითუმეტეს, კანონის თანახმად, „სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია“).

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს ცვლილებები, რომლებითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს აღარ შეაფასებდნენ ქულებით (მაგ., გაუქმდებოდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 34 მუხლის მე–11 პუნქტი, ხოლო მე–14 პუნქტს მოაკლდებოდა ბოლო წინადადება), რასაც ობიექტურად და მიუკერძოებლად მაინც ვერ მოახერხებენ. მითუმეტეს, რბილად რომ ვთქვა, უხერხულია, მაგ., კონკურსში მონაწილე სამართლის დოქტორებს „სამართლის ნორმების ცოდნაში“ ქულები იუს–ს იმ წევრებმა დაუწერონ, რომლებსაც ორი წლის განმავლობაში თვითონ ვერ გაუციათ პასუხი იუს–ს არამოსამართლე წევრთა შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებულ რამოდენიმე მარტივ კითხვაზე ან თავად მათი გამწესების თაობაზე სასამართლოში მიმდინარე დავაში არიან მესამე პირებად ჩართულები.

შედეგად, იუს წევრებს 100 – ქულიანი სისტემით შეფასებასთან დაკავშირებული „დაჯამების“ პრობლემაც მოესხნებოდათ და ფარული კენჭისყრის დროს, ფაქტობრივად, მხოლოდ კანდიდატის თანამდებობისათვის შესაბამისობის თაობაზე მოუწევდათ პოზიციის ჩამოყალიბება, ხოლო პარლამენტს ფარული კენჭისყრით გამოვლენილ და ყველასთვის მისაღებ იურისტებს წარუდგენდნენ. ამასთან, ვინაიდან დღევანდელ პარლამენტში ძნელი იქნება ერთიან პოზიციაზე შეჯერება, დარწმუნებული ვარ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მხოლოდ სხდომაზე დამსწრეთა კვალიფიციური უმრავლესობით და, თან, არანაკლებ 9/10–ით მაინც უნდა აირჩეს, რომ სასამართლო ხელისუფლებისადმი მოქალაქეებსაც გაუჩნდეთ ნდობა (არადა, კონტიტუციით მხოლოდ „პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის“ მხარდაჭერაა საკმარისი… პარლამენტის კანცელარიის უფროსის თანამდებობაზე ხომ არ ვამწესებთ 4 წლით?!). მართლაც, გაუგებარია, როგორ შეიძლება „უზენაესში“ მართლმსაჯულებას (მითუმეტეს, უვადოდ) ისეთი მოსამართლე ახორციელებდეს, რომელსაც, ფაქტობრივად, მხოლოდ მმართველი პარტია უჭერს მხარს, ხოლო ხალხის რჩეულების, თუნდაც 1/3 (50 დეპუტატი) არ ენდობა.

ამდენად, სასამართლო ხელისუფლების რეალური დამოუკიდებლობისა და მოიუკერძოებლობისთვის, გაცილებით აჯობებდა, „უზენაესში“ გამწესებისთვის პასუხისმგებლობა იუს აქტიურ წევრებსაც და ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატების უმრავლესობასაც გადაენაწილებიათ. ამასთან, საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტში ასარჩევად წარდგენამდე, გაცილებით გონივრული იქნებოდა, მათ შესახებ აზრი „უშუალო ხელმძღვანელის“ ნაცვლად, დამოუკიდებელი იურისტებისთვის გვეკითხა….

ცნობილია, რომ მაგ., აშშ–ში უზენაესი სასამართლოს წევრად გამწესება, ფაქტობრივად, ამერიკის ადვოკატთა (იგივე, იურისტთა) ასოციაციასთან (ABA) შეთანხმებით ხდება. ამდენად, ვინაიდან საქართველოში იურისტთა პროფესიული გაერთიანება, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს (ინტერნეტსივრცეშიც მხოლოდ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იძებნება…), გონივრული იქნებოდა, მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე, ადვოკატების აზრით მაინც დავინტერესდეთ. გამოკითხვა ინტერნეტით, შეიძლება, სულ რამდენიმე დღეში ჩატარდეს, ხოლო ადვოკატთა კორპუსის უმრავლესობის მიერ მოწონებულ კანდიდატებს საბჭო პარლამენტს ასარჩევად წარუდგენდა.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ადვოკატები, რომლებსაც ყველაზე მეტად უნდა ესმოდეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ქვეყანაში ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვისთვის („სამართლიანობის აღდგენისთვის“), მოსამართლეობის კანდიდატებად, უპირველეს ყოვლისა, რეპუტაციაშეულახავ პროფესორებს ან/და ადვოკატებს დაუჭედნენ მხარს, ხოლო თუ 10 000–მდე ადვოკატმა იუს მიერ შერჩეული კანდიდატების თაობაზე არ გამოთქვა მკაფიო პოზიცია, გამოდის, რომ რეალური რეფორმა ადვოკატთა პროფესიულ გაერთიანებაშიც უნდა გატარდეს…

ადვოკატების გამოკითხვის შედეგად მოწონებული კანდიდატების პარლამენტში წარდგენით, საბჭოც აღიდგენდა შელახულ რეპუტაციას, ხოლო პარლამენტი, იმედი მაქვს, სრულად გაიაზრებს სასამართლო ხელისუფლებაში დაგროვილი პრობლემების სიმწვავეს და მხარს დაუჭერს ადოკატთა კორპუსის მიერ რეკომენდირებულ პირებს. ცხადია, პარლამენტში წარსადგენი კანდიდატების სიის განსაზღვრიდან კენჭისყრამდე გონივრული ვადა (არანაკლებ ერთი თვე მაინც) უნდა გავიდეს, რომ საზოგადოებასაც მიეცეს კანდიდატების თაობაზე აზრის გამოთქმის საშუალება. სრული ინფორმაციის მოპოვებისთვის ჟურნალისტებიც სათანადოდ უნდა გაისარჯონ, რომ უვადოდ გამწესებისას პარლამენტს არ გამორჩეს რაიმე მნიშვნელოვანი გარემოება (თუნდაც, მორალურ მხარესთან მიმართებით), რომელიც მთლიანად სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისთვის იქნებოდა საფრთხის შემცველი.

კანდიდატურების შერჩევის საკითხში ნამდვილად არ გვმართებს აჩქარება და ცივილიზებული პროცედურის მორიგ ნაუცბადევ კამპანიად გადაქცევა. არაფერი გამოვა, თუ სისტემიდან დათხოვნილი ერთი მოსამართლის ადგილზე, თუნდაც ადგილობრივი „სამართლის ნორმების ცოდნაში“ მასზე წარმატებული და ევროპული (სამოსამართლეო) სამართლის თაობაზეც ჯეროვნად ინფორმირებული („ღრმად განსწავლული ინტელექტუალი“), მაგრამ, უზნეო, უპრინციპო ან კორუმპირებული სხვა იურისტი მოვა. მიმაჩნია, რომ უზენაეს სასამართლოში, მხოლოდ პიროვნული თვისებებით გამორჩეული „სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტები“ უნდა გავამწესოდ და, პირველ რიგში, ცნობილი მეცნიერებიდან და ადვოკატებიდან შევარჩიოთ.

თითოეული მოქალაქის, პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანების, აგრეთვე მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ყურადღება სწორედ იმაზე უნდა იყოს გამახვილებული, რომ კონკურსში მონაწილეებიდან მოსამართლეებად ყოველმხრივ ღირსეული იურისტები შეირჩნენ, ხოლო პარლამენტში ასარჩევად წარდგენილი კანდიდატურების განხილვა საჯაროდ უნდა მოხდეს. ამასთან, მოსამართლედ გამწესებასთან დაკავშირებით, სავსებით ვიზიარებ ჟურნალ „სამართლის“ ყოფილი რედაქტორის ბატონ ანგი არსენიშვილის მოსაზრებასაც: „ხანგრძლივმა პროფესიულმა და სამსახურებრივმა საქმიანობამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ მტყუანისა და მართლის გასარჩევად მარტოოდენ სპეციალური ცოდნა და დიპლომი საკმარისი არ არის. მართლმსაჯულების ქურუმი რომ იყო, საამისოდ, უპირველესად, განსაკუთრებული ნიჭი და პატიოსნებაა საჭირო, თორემ დაშტამპული განაჩენებისა და გადაწყვეტილებების წერას ზოგჯერ ისინიც კი ახერხებენ, რომელთა იურისტობაზეც ანეკდოტად ქცეულ თავგადასავალებსაც ყვებიან ხოლმე“.

არც იმით დაშავდება რამე, თუ ამჯერად 20–ვე მოსამართლე არ შეირჩევა. სამაგიეროდ, თითოეული კანდიდატურის თაობაზე პარლამენტში სერიოზული სჯა–ბაასი უნდა გაიმართოს და უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანამდებობებზე პარტიული ერთგულების ნიშნით კი არა, პირველ რიგში, კანონის უზენაესობისადმი დამოკიდებულებით და ცხოვრების წესით გამორჩეული სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტები უნდა გამწესდნენ. ამასთან, აუცილებელია, კანდიდატების შერჩევის პროცესი მანამდე შეჩერდეს, სანამ სასამართლოში არ დასრულდება პარლამენტის წინააღმდეგ 2017 წელს შეტანილი სარჩელების განხილვა, რომლებიც იუს 5 არამოსამართლე წევრის ასარჩევი კონკურსების კანონიერებას ეხება…

ამდენად, ვინაიდან არა მარტო მოსამართლეობის კანდიდატების, არამედ, თვითონ იუს წევრების შერჩევის პროცედურაშია „ტექნიკური ხარვეზები გაპარული“, ფაქტობრივად, მხოლოდ საბჭოსა და პარლამენტის წევრთა კეთილსინდისიერებაზე, პერსონალურ პასუხისმგებლობასა და „პოლიტიკურ ნებაზეა“ დამოკიდებული გამოიყენებენ თუ არა შანსს, თავად სასამართლო ხელისუფლების მიმართ „აღადგინონ სამართლიანობა” და უზენაესი სასამართლო მაინც დააკომპლექტონ პიროვნული თვისებებით გამორჩეული პროფესიონალებით.

დარწმუნებული ვარ, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სპეციალისტებსაც და საზოგადოებასაც კიდევ მოუწევთ სერიოზული სჯა-ბაასი. ამასთან, გონივრული იქნებოდა, ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II–ის დარიგებასაც თუ გავითვალისწინებდით, რომ „საერთოდ, უფრო მეტად გვმართებს ანალიტიკური აზროვნების უნარის გამოვლენა, ვიდრე გულის კარნახით სიარული. ჩვენი ყოველი ნაბიჯი აწონილი და გამართლებული უნდა იყოს“. ფაქტია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩატარებული ე. წ. საკვალიფიკაციო გამოცდებით შერჩეულთა და თანამდებობებზე გამწესებულ მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი ინტელექტუალური მონაცემებით და მიუკერძოებლობის ხარისხით ვერ აკმაყოფილებს „ევროსტანდარტებს“. შედეგად, სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილები, არცთუ იშვითად, საერთოდ დაუსაბუთებელია ან არასაკმარისად არის დასაბუთებული, რის გამოც ზემდგომ ინსტანციებშიც საჩივრდება და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც. ამდენად, კეთილსინდისიერი, კომპეტენტური და რეალურად დამოუკიდებელი იურისტებით დაკომპლექტებული სასამართლო „ევროპელი მეგობრების“ წინაშე თავის მოსაწონებლად კი არა, ისევ მოქალაქეებს გვჭირდება საქართველოში ადამიანის უფლების ეფექტურად დასაცავად და სამართლიანობის გონივრულ ვადაში აღსადგენად.

დარწმუნებული ვარ, თუ უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანამდებობებზე, თუნდაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შერჩეული იურისტები გამწესდებიან, ჯერ კიდევ შესაძლებელია, „სარეფორმო ტალღებში“ აღმოჩენილი სასამართლო გადარჩეს, საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული სამართლებრივი ნიჰილიზმიც (სამართლის ნორმების არცოდნა და/ან აბუჩად აგდება) დავძლიოთ და საქართველო, მართლაც დემოკრატიულ, სტაბილურ და განვითარებულ ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს.

ავთანდილ კახნიაშვილი
08 ივნისი, 2019 წელი

***

თბილისში „მართლმსაჯულების სასახლე“ უნდა აღიმართოს

საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი „ურყევი ნება სამართლებრივი სახელმწიფო დაგვემკვიდრებინა” კონსტიტუციის პრეამბულაში ავსახეთ, ხოლო სულ ახლახან „უზენაეს კანონს“ გარდამავალი დებულებაც დავუმატეთ „ევროპის კავშირში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. ამდენად, თუ სასამართლო ხელისუფლება რეალურად არ იქცა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ინსტიტუტად, ევროპის სამართლებრივი სივრცის ნაწილად არავინ გვაღიარებს.

არც ის უნდა იყოს სადავო, რომ ევროპული ტიპის სასამართლოს ფორმირებისთვის, პირველ რიგში, „პოლიტიკური ნებაა“ აუცილებელი. შესაბამისად, თუ სახელმწიფოს მესვეურებსაც რეალურად სურთ ევროინტეგრაცია, უპირველეს ყოვლისა, ე. წ. მესამე ხელისუფლებას უნდა გამოუყონ შესაფერისი შენობები. ქართველ პოლიტიკოსებს, როგორც ჩანს, მხედველობიდან გამორჩათ, რომ მათი ევროპელი კოლეგები „სისტემის“ განვითარებისა და დემოკრატიულობის ხარისხზე პოლიციის შენობების იერსახის მიხედვით კი არ მსჯელობენ, არამედ სასამართლოების… ადამიანი შენობაში შესვლისთანავე უნდა განიმსჭვალოს პატივისცემითა და ნდობით სახელმწიფოს სახელით მოქმედი მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოსადმი.

საქართველოში ამ მხრივ რა ვითარებაა, მკაფიოდ ჩანს, აეროპორტიდან მომავალ ავტომაგისტრალზე აღმართული შსს–ს მესვეურთა რეზიდენციისა და დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე გზის პირას მდებარე ავეჯის სალონის უკან განთავსებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის შედარებით. არც იმის გამართლება შეიძლება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოც დიღომში მთავარი გზის პირას მდგარი პროკურატურა-პოლიციის შთამბეჭდავი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლისთვის გათვალისწინებულ ნაგებობაშია განთავსებული, ხოლო სასამართლოს ეზოში შესასვლელი „მეორადი საქონლის“ საწყობებს უფრო შეეფერება. სამაგიეროდ, თბილისის პროკურატურისთვის აიგო ორიგინალური დიზაინის შენობა და ისიც თვალსაჩინო ადგილზე, განთავსდა (მას რომ გასცდები, „კაზინო–ტოტალიზატორის“ უშველებელ რეკლამასთან, მარჯვნივ, „შუკაში“ უნდა ჩაუხვიო და თბილისის სასამართლოსაც მიადგები…).

გაცილებით გონივრულად არის შერჩეული ადგილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთვის. პრესტიჟულ უბანში ბორცვზე აღმართული შენობის ნათელი სხდომათაAდარბაზები ნამდვილად პატივისცემის გრძნობით განგაწყობს სასამართლო ხელისუფლებისადმი. რაც შეეხება დედაქალაქს, ფაქტია, რომ ადმინისტრაციულ საქმეებზე (მაგ., დავები პრეზიდენტთან, პარლამენტთან, მერიასთან ან შსს–თან…) `სამართლიანობის აღდგენა” დღემდე 2005 წლის მე–5 თვის 5 რიცხვში ნაუცბათევად გახსნილი 5 სართულიანი შენობის სხვენში (`მანსარდაში”) განთავსებულ უსარკმელო ოთახებში ხორციელდება. მართალია, მიმდინარე წლიდან, ადმინისტრაციული დავების ნაწილი უკვე მე-2 სართულზეც იხილება, სამაგიეროდ, სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განსახორციელებლად ახალი შენობის დახუთულ სარდაფში გამოიყო `სხდომათა დარბაზები”, რაც, პირველ რიგში, თვითონ მოსამართლეებისთვის უნდა იყოს შეურაცხმყოფელი და ცხადყოფს, რომ „სასამართლო რეფორმის მამებს“, ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული სასამართლო ხელისუფლების ადგილი და მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. როგორც ჩანს, არც მოდავე მხარეები გახსენებიათ, ვინაიდან არც საქალაქო და არც საპელაციო სასამართლოებთან ღია ავტოსადგომი საერთოდ არ არის გათვალისწინებული (არადა, დარწმუნებული ვიყავი, „პარკინგი“ ახალი შენობის სარდაფში მაინც მოეწყობოდა…).

აღნიშნულიდან გამომდინარე, წლის დასაწყისში პარლამენტის მესვეურებს შევთავაზე გამონთავისუფლებული ავლაბრის რეზიდენცია სასამართლო ხელისუფლებისთვის გადაეცათ. მართალია, ლუბლიანის ქუჩის მიმდებარედ გაიხსნა ერთსართულიანი „მართლმსაჯულების სახლი“, მაგრამ თუ მართლა გვინდა ევროპასთან დაახლოება, კარგი იქნებოდა, თუნდაც რუმინეთისგან აგვეღო მაგალითი, სადაც ქვეყნის ღირშესანიშნაობათა ჩამონათვალში „მართლმსაჯულების სასახლე“ პირველ ნომრად არის დასახელებული (მერე მოდის მეფის სასახლე და მსოფლიოში უდიდესი მთავრობის სახლი), ხოლო ესპანეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსში ქართველმა არქიტექტორებმაც მიიღეს მონაწილეობა და 330 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული „მართლმსაჯულების სასახლის“ პროექტი წარადგინეს…

მიმაჩნია, რომ სასამართლო ხელისუფლების („მართლმსაჯულების სასახლის“) მტკვრის მეორე მხარეს, მით უმეტეს, სამების ტაძრის სიახლოვეს განთავსება, სიმბოლურადაც გაუსვამდა ხაზს მის დამოუკიდებლობას ხელისუფლების დანარჩენი შტოებისგან. ყველა შემთხვევაში, „პირველი პირებისთვის“ აგებულ შენობაში საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს ან „ადმინისტრაციული იუსტიციის“ განთავსებით სასამართლო ხელისუფლება შესამჩნევად აიმაღლებდა შელახულ ავტორიტეტს და ამ შთამბეჭდავი შენობის ფასადზე ამოკვეთილი შეგონება („ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!”) სიმბოლურ შინაარსს შეიძენდა. ამასთან, ავლაბრის სასახლეში სასამართლო ხელისუფლებაში შემავალი რომელიმე ინსტიტუტის განთავსება იმითაც იქნებოდა გამართლებული, რომ შენობის წინ არსებული ტერიტორია საჯარო სივრცეს დაუბრუნდებოდა და მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცემოდათ.
ვინაიდან, როგორც ჩანს, ავლაბრის რეზიდენცია კვლავ ხელისუფლების პირველი ორი შტოს მფლობელობაში დარჩა, კარგი იქნება, თუ გამორჩეული იერსახის „მართლსაჯულების სასახლე“ მეტრო „ისანის“ წინ არსებულ ტერიტორიაზე (რამოდენიმე ჰექტარია) აშენდება, რისთვისაც სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა გამოისყიდოს აუცილებელი ქონება მესაკუთრეებისგან. ფაქტია, რომ ქეთევან წამებულის გამზირის N67–ის მიმდებარედ რამოდენიმე მიწის ნაკვეთის (ყოფილი ტრამვაი–ტროლეიბუსების პარკის) გასხვისების თაობაზე განცხადებები საჯაროდ არის გამოკრული, ხოლო გზის პირას მხოლოდ რამოდენიმე მცირე ზომის ობიექტია (მათ შორის, მშენებარე). „მართლმსაჯულების სასახლის“ პროექტი საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე უნდა შეირჩეს, ხოლო მშენებლობისთვის აუცილებელი თანხების მოძიებაში, დარწმუნებული ვარ, „მეგობარი ქვეყნებიც“ დაგვეხმარებიან და „სამართლებრივი რეფორმების ფონდის“ მეშვეობითაც შეიძლება შეგროვდეს (მითუმეტეს, რომ შემოწირულობებით ეკლესიებიც შენდება).

გონივრული იქნებოდა, „მართლსაჯულების სასახლის“ აშენებამდე, მეტრო „ისანის“ პირდაპირ მდებარე შენობაში, რომელშიც ადრე ისნის რაიონის სასამართლო და პროკურატურა იყო განთავსებული (ამჟამად სამედიცინო კომპანია „ევექს“ აქვს დაქირავებული), თბილისის საქალაქო სასამართლოს მეორე ადმინისტრაციული კოლეგია განთავსებულიყო, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილს მოემსახურებოდა. „მართლსაჯულების სასახლის“ აგების შემდეგ კი, რომელშიც საქალაქო სასამართლო (შეიძლება სააპელაციოც) გადმოვიდოდა, დიღომში სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტაციულ საქმეთა მეორე კოლეგიები დარჩებოდნენ, რომლებიც საბურთალოს, დიდუბეს, ნაძალადევს, ჩუღურეთსა და გლდანს მოემსახურებოდნენ.

ცხადია, რომ მტკვრის ხეობაში 40–ზე მეტ კმ–ზე გადაჭიმული ქალაქის მეორე ბოლოში სასამართლოს განთავსება მოქალაქეებსაც მოუხსნიდა შენობამდე მიღწევის პრობლემას (მითუმეტეს, გახშირებული საცობების პირობებში) და სამართალდამცავთა დროისა და საბიუჯეტო სახსრების ფუჭად ფლანგვასაც გამორიცხავდა. სრულიად გაუმართლებელია, როდესაც მაგ., ვარკეთილში, ვაზისუბანში, ლილოსა ან ფონიჭალაში დაკავებული პირის დიდ დიღომში გადასაყვანად პოლიციელები რამდენიმე საათს და 10-15 ლარის საწვავს მაინც ხარჯავენ უაზროდ… არადა, დამოუკიდებლობის აღდგენამდე თბილისის 10–ვე რაიონში იყო სასამართლო, რომელთა გაერთიანების შედეგად ჯერ – 5 დარჩა, შემდეგ კი ერთი…

აღნიშნული იდეით თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ორი წლის მივმართე, თუმცა არსებული შენობის მეორე გვერდიდანაც გაფართოება ამჯობინა, რამაც, ჩემი აზრით, პრობლემა ვერ მოხსნა. დარწმუნებული ვარ, სასამართლო რეფორმისა და მატერიალური ბაზის თაობაზე სპეციალისტებსაც და საზოგადოებასაც კიდევ მოუწევთ სერიოზული სჯა-ბაასი. ამასთან, მოქალაქეებს სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრების „ურყევი ნებაც“ თუ შეგვრჩა, როგორც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი გვირჩევს, ქმედებები „ანალიტიკურ აზროვნებაზე“ უნდა დავაფუძნოთ და არა ემოციებზე… ფაქტია, რომ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტისას, ხშირად ნაუცბადევად ვმოქმედებთ, რის გამოც, საერთო ჯამში, ძალზე ვაგვიანებთ და ერთხელ აშენებულის („რეფორმირებულის“) მრავალგზის გადაკეთება გვიწევს, რისი მკაფიო მაგალითიც, არა მარტო თბილისის საქალაქო სასამართლოს „მზარდი“ შენობა, არამედ უკვე მეოთხე „სასამართლო რეფორმის“ მე–4 სტადიაზე („ტალღაზე“) მყოფი სასამართლო ხელისუფლებაცაა…

იმედი მაქვს, მოსამართლეთა კორპუსის გონივრულად (თუნდაც ვენეციის კომისიის ან ილია ჭავჭავაძის მიერ „ცხოვრება და კანონში“ განსაზღვრული კრიტერიუმებით…) დაკომპექტების შემთხვევაში, ისანში აღმართულ „მართლსაჯულების სასახლეში“ მართლაც ევროსტანდარტების დონეზე განხორციელდება „სამართლიანობის აღდგენა“, რის გამოც მადლიერი მოქალაქეები მას „მართლმსაჯულების ტაძრადაც“ მოიხსენიებენ.

სამართლის დოქტორი
ავთანდილ კახნიაშვილი

***

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კობახიძეს

საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის
მცხოვრები: თბილისი, ჭონქაძის ქუჩა № 17
ტელეფონი: 577 76 04 76

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

დღევანდელ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა სტატიის „ევროინტეგრაციის შანსი“ გაზეთის ფორმატამდე შემცირებული ვარიანტი . წარმოგიდგენთ რა, სრულ ვერსიას, გთხოვთ გააცნოთ პარლამენტის წევრებსაც და პუბლიკაციაში გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების საფუძვლიანად მიჩნევის შემთხვევაში, გაითვალისწინოთ საქმიანობაში.

ვინაიდან არა მარტო უზენესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების, არამედ თვითონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შერჩევის პროცედურაა ხარვეზებიანი, ლოგიკური იქნებოდა, დღეს სასამართლოსთვის მიმემართა და მიმდინარე კონკურსის შეჩერება იმ დრომდე მომეთხოვა, სანამ არ დასრულდებოდა პარლამენტის წინააღმდეგ 2017 წელს შეტანილი სარჩელების განხილვა, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის არჩევის კანონიერებას ეხება.

თავი მხოლოდ იმის იმედით შევიკავე, რომ საკანონმდებლო ორგანოში ხალხის მიერ არჩეული დეპუტატებიც და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებიც სრულად გააცნობიერებთ პასუხისმგებლობას და გამოიყენებთ შანსს, თავად სასამართლო ხელისუფლების მიმართ „აღადგინოთ სამართლიანობა”, რაც მყარ საძირკველს შეუქმნის საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას და ევროპულ კავშირში მის სრულ ინტეგრაციას.

განცხადებას თან ერთვის:
დანართი 1: საგაზეთო პუბლიკაციის სრული ვერსია, 10.06.2019;
დანართი 2. განჩინება, 10.05.2019;
დანართი 3. წერილი სასამართლოდან, 20.05.2019.

პატივისცემით,

ავთანდილ კახნიაშვილი
10 ივნისი, 2019 წელი

***

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს
ბატონ გიორგი მიქაუტაძეს

საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის
მცხოვრები: თბილისი, ჭონქაძის ქუჩა № 17
ტელეფონი: 577 76 04 76

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

დღევანდელ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა სტატიის „ევროინტეგრაციის შანსი“ გაზეთის ფორმატამდე შემცირებული ვარიანტი . წარმოგიდგენთ რა, სრულ ვერსიას, გთხოვთ გააცნოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსაც და პუბლიკაციაში გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების საფუძვლიანად მიჩნევის შემთხვევაში, გაითვალისწინოთ საქმიანობაში.,

ვინაიდან არა მარტო უზენესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების, არამედ თვითონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შერჩევის პროცედურაა ხარვეზებიანი, ლოგიკური იქნებოდა, დღეს სასამართლოსთვის მიმემართა და მიმდინარე კონკურსის შეჩერება იმ დრომდე მომეთხოვა, სანამ არ დასრულდებოდა პარლამენტის წინააღმდეგ 2017 წელს შეტანილი სარჩელების განხილვა, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის არჩევის კანონიერებას ეხება.

თავი მხოლოდ იმის იმედით შევიკავე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებიც და საკანონმდებლო ორგანოში ხალხის მიერ არჩეული დეპუტატებიც სრულად გააცნობიერებთ პასუხისმგებლობას და გამოიყენებთ შანსს, თავად სასამართლო ხელისუფლების მიმართ „აღადგინოთ სამართლიანობა”, რაც მყარ საძირკველს შეუქმნის საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას და ევროპულ კავშირში მის სრულ ინტეგრაციას.

განცხადებას თან ერთვის:
დანართი 1: საგაზეთო პუბლიკაციის სრული ვერსია;
დანართი 2. განჩინება, 10.05.2019;
დანართი 3. წერილი სასამართლოდან, 20.05.2019.

პატივისცემით,

ავთანდილ კახნიაშვილი
10 ივნისი, 2019 წელი

Advertisements
 
%d bloggers like this: