IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ა. კახნიაშვილი – ავტონომია უნივერსიტეტს!

• ს. ე. გ. მ.

Avtandil%20kaxniashvili[1]

ავტონომია უნივერსიტეტს!

`სამართალი და განათლების საქმე ასეთი უაღრესნი არსებითნი საჭიროებანი არიან სახელმწიფო კეთილდღეობისათვის, რომ აქ ფულის გაფრთხილება, ფულის დაზოგვა, ხარჯვის შიში, მეტად მავნებელი რამ არის, როგორც საზოგადოებისათვის, ისე სახელმწიფოსათვის. სამართლის ურიგოდ მოწყობილება სვავია _ რომელიც სნთქავს ხალხის სიმდიდრესა, მახვილია _ რომელიც ჰკვეთს ფრთებსა ხალხის ხელთმოქმედებას  და ეკონომიურს წარმოებას“.
                                      ილია ჭავჭავაძე, `ცხოვრება და კანონი“

tsu1b[1]კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი _ თსუ თეთრად მხოლოდ მისი I კორპუსის კედლების ფერის გამო არ აღიქმება. ცოდნის ტაძარს განსაკუთრებული აურა მასში მოღვაწე მამულიშვილებმა მოჰფინეს, რომლებმაც საკუთარი სულის ნათელი ერის უპირველეს კულტურულ სიმბოლოდ ქცეულ შენობას შთაბერეს და თავად იქცნენ ქართული უნივერსიტეტის სახედ.

ივანე ჯავახიშვილი და შალვა ნუცუბიძე, ანდრია რაზმაძე და ელეფთერ ანდრონიკაშვილი, ივანე ბერიტაშვილი და პეტრე მელიქიშვილი, აკაკი შანიძე და კორნელი კეკელიძე, იაკობ ნიკოლაძე და ნიკო კეცხოველი, ნიკო მუსხელიშვილი და ილია ვეკუა,  აკაკი ბაქრაძე და სერგო ჯორბენაძე სხვა ერისკაცებთან ერთად ათწლეულების განმავლობაში ღირსეულად წარმოაჩენდნენ ქართველთა ინტელექტუალურ პოტენციალს და განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდათ ეროვნული იდეოლოგიისა და თვითმყოფადობის ჩამოყალიბებაში.

ვერავინ უარყოფს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის ეროვნული მუხტის აქტიური მატარებელი იყო და  მართლმადიდებელ დედა ეკლესიასთან ერთად ქართული ცნობიერებისა და სახელმწიფოებრიობის მყარ  საძირკველს  წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ `ვარდების რევოლუციის” შემდეგ განხორციელდა თსუ-ს მიზანმიმართული ნგრევა (`ჩარეცხვა”), როგორც ბოლო დროს    განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა,  უნივერსიტეტელები   დღესაც შესამჩნევად გამოირჩევიან ცოდნა-განათლებით (ე. წ. ზოგადი უნარებით)  და პიროვნული თვისებებით (ზნეობით) და, რაც მთავარია, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით.   სტუდენტებმა, ჩვეულებისამებრ, ხმა აიმაღლეს უსამართლობის წინააღმდეგ, ეფექტურად დაიცვეს საკუთარი  უფლება, სამართლიანი კონკურენციის პირობებში აირჩიონ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.  სანამ,  იმის თაობაზე, თუ რა და რატომ  ხდება დღეს თსუ-ში, საზოგადოებას ჩემს თვალსაზრისს გავაცნობ,  მიზანშეწონილად მივიჩნიე,   11 წლის წინანდელი  პუბლიკაცია  გამეხსენებინა,  რომელშიც, ფაქტობრივად, დღევანდელი დაპირისპირების საწინდრებია წარმოჩენილი.…

2005 წლის 29 აპრილს აშშ-ს ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრის საქართველოს ოფისმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა კონფერენცია თემაზე: `კორუფციის პრევენცია საქართველოს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დარგში“.  მომხსენებლებმა და დისკუსიის მონაწილეებმა (ქეთევან როსტიაშვილი, გიული ალასანია, ალექსანდრე ლომაია, რუსუდან ლორთქიფანიძე, მარკ მალენი, ედუარდ რაუპი და სხვები.) გარდა იმისა, რომ განათლების სფეროში კორუფციის ხელშემწყობ მიზეზებად საკანონმდებლო ხარვეზები, ჯგუფურ (კლანურ) ინტერესებში მართვა, მახინჯი საკადრო პოლიტიკა, დაბალი სამართლებრივი კულტურა და სოციალურ-ეკონომიკური დონე დაასახელეს, იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ უმაღლესი განათლების სისტემა ზოგიერთისთვის “მომგებიან ინდუსტრიად” ქცეულა, რომელშიც ყოველწლიურად 50-100 მილიონი დოლარის ოდენობის “შავი” ფული ტრიალებს (ილექება)…  ამასთან, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს ინერტულობა უსაყვედურეს და ტოტალიტარიზმის დროიდან გადმოყოლილი “ნეგატიური მოვლენები” (კონკურსების ფიქტიურად ჩატარება, ახლობელ-ნათესავთა დასაქმება, ქრთამით და პროტექციით ნიშნების დაწერა, რამდენიმე ათას დოლარად დისერტაციების “დაშტამპვა”, გაშლილი სუფრის (“დესერტაციის”) ფასად გამეცნიერება და სხვა) შეახსენეს.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ როგორც მართვადი (გეგმიური) ეკონომიკა ვერ მუშაობს ეფექტურად, ასევე მართვადი განათლებაც კარგს არაფერს მოიტანს. ამასთან, ისიც ითქვა, რომ კორუფციულ განათლების სისტემას კორუფციული საზოგადოება ასაზრდოებს. ამდენად, გამოსავალი მხოლოდ სისტემურ ცვლილებებშია, რაც დიფერენცირებული მიდგომით და კომპლექსური ღონისძიებებით უნდა განხორციელდეს, ხოლო რეფორმის გატარებისას საზღვარგარეთული, მათ შორის ამერიკული გამოცდილებაც უნდა გავითვალისწინოთ. საგულისხმოა, რომ არაკორუმპირებული “ახალი უნივერსიტეტის” მშენებლობის პროცესში სისტემური ცვლილებების, ღონისძიებათა კომპლექსისა და დიფერენცირებული მიდგომის აუცილებლობას გამორჩეულად სწორედ აშშ-დან მოწვეულმა ექსპერტმა გაუსვა ხაზი.

კონფერენციის მონაწილეებს დაურიგდა  ამერიკული ფონდების (STARR, IREX) ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული ნაშრომი,  რომელშიც  დასკვნის სახით აღნიშნული იყო, რომ “უმაღლესი განათლების სისტემის ფუნქციონირება  მხოლოდ ნეგატიურად უნდა შეფასდეს”, ხოლო კორუფციის აღმოსაფხვრელად ძირითად რეკომენდაციად  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტის მიღება დასახელდა…

ჩემი თვალსაზრისი კონფერენციაზეც გამოვთქვი და საზოგადოებასაც გავაცანი. კერძოდ, გაზეთ “ახალი 7 დღეში”  2005 წლის 13 მაისს გამოქვეყნებულ წერილში:  “კორუფცია და უნივერსიტეტი” (“თსუ არ არის შპს”) აღვნიშნე, რომ `კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით მორიგი “რევოლუციური” რეფორმის წამოწყებისას, არაგონივრულად მიმაჩნია განათლების დარგში არსებული მდგომარეობის ხელაღებით “მხოლოდ ნეგატიურად” შეფასება; ყველა პროფესორ-მასწავლებლის კორუმპირებულად  მოხსენიება; ვითარების ისე წარმოჩენა თითქოს საქართველო, ზოგიერთი აფრიკული ქვეყნის მსგავსი   “განვითარებადი” ქვეყანაა, რომელსაც განათლების სისტემა  არ გააჩნია და დამოუკიდებლობა მასობრივად წერა-კითხვის უცოდინარმა მოსახლეობამ მოიპოვა. მით უმეტეს, როდესაც, თითქმის ერთი   საუკუნის წინ  დაარსებული პირველი ქართული უნივერსიტეტის  კურსდამთავრებულები (ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ქიმიკოსები, ბიოლოგები, პროგრამისტები) კონკურსების გზით იკავებენ წამყვან თანამდებობებს  ევროპისა და ამერიკის აღიარებულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრებში  (გია დვალი აშშ-ში წლის საუკეთესო ფიზიკოსადაც კი აღიარეს).

მიმაჩნია, რომ ანტიკორუფციული ღონისძიებების კომპლექსის გატარება, პირველ რიგში, სახელისუფლებო დაწესებულებებიდან უნდა დაიწყოს, ხოლო განათლებისა და მეცნიერებისათვის, მიუხედავად სისტემაში არსებული რიგი ხარვეზებისა, საწყის სტადიაზე უპრიანი იქნებოდა დაფინანსება გაგვეზარდა და დამოუკიდებლობისათვის მყარი საწინდრები შეგვექმნა. ამასთან, არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ზოგიერთ დარგს მხოლოდ ხელშეწყობა (დაფინანსების ზრდა) ესაჭიროება,  ზოგირთს რეფორმირება, ხოლო ზოგიერთს კი მართლაც თავიდან უნდა ფორმირება (მაგ., სამართალს…).

რბილად რომ ვთქვა, არაკორექტულად მიმაჩნია, როდესაც ე. წ. კორუფციასთან ბრძოლაში ძირითადი აქცენტები პარლამენტსა და  ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე  კი არ კეთდება, არამედ უმაღლესი განათლების სისტემაზე და პროფესორ-მასწავლებლებზე. შედეგად, კონკრეტიზაციის გარეშე, თსუ-ს  მთელი აკადემიური პერსონალი ერთნაირად ილანძღება: ისინიც, რომლებიც  ქრთამსაც იღებდნენ და სხვამხრივაც ყოვლად უზნეოდ იქცეოდნენ და ისინიც, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ჯანმრთელობის ფასად ერთგულად ემსახურებოდნენ “უნივერსიტეტის იდეას” და ცდილობდნენ თსუ ისეთივე  მნიშვნელოვანი ინსტიტუტი   გამხდარიყო თითოეული ქართველისთვის, როგორიცაა:  “ენა, მამული და  სარწმუნოება”.

მართალია, თსუ-ში მექრთამეობა-პროტექციის ცალკეული ფაქტებიც ხდებოდა და ყოფილი კომპარტიის ნომენკლატურამაც იპოვა თავშესაფარი, მაგრამ არავის აქვს მორალური უფლება უნივერსიტეტს “კორუფციის ბუდე” უწოდოს. მითუმეტეს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან თსუ-ს დაფინანსება 12-ჯერ შეუმცირეს და პროფესორ-მასწავლებლები სოციალურად დაუცველები დატოვეს.

“ნაციონალების” მიერ ნაუცბათევად მიღებულ სახელმწიფო გერბზე (პარლამენტის მიერ 1999 წელს მიღებული  დადგენილების თანახმად “კვართიან-დავითიანი” რომ უნდა ყოფილიყო…)  უპირატესობა “ერთობის ძალას” მივანიჭეთ. ჩემი აზრით კი, ჩვენსავით მცირერიცხოვანი და თვითმყოფადი კულტურის მქონე ერის ძალა ცოდნაში, განათლებასა და ინფორმირებულობაშია. მხოლოდ ცოდნითა და სამართლებრივი კულტურით გამორჩეული მოქალაქეები შეძლებენ კორუფციის დამარცხებას და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას. პირველი ქართული უნივერსიტეტის დანიშნულებაც მშობლიურ ენაზე უმაღლესი განათლების მიღება, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის ფორმირება და ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული პროფესიონალების აღზრდაა (და არა, მხოლოდ  გარკვეული სახის უნარ-ჩვევებიანი “დოგსოპულოების” გამოზრდა).

ტოტალიტარიზმის დროინდელიდან შემორჩენილ  განათლების სისტემაში ბევრი რამ რომ შესაცვლელ-სარეფორმოა, არავინ უარყოფს. ქვეყანაში პერიოდულად მიმდინარე “რევოლუციურმა” პროცესებმაც კიდევ ერთხელ ნათელყო, რომ “ვასალური აზროვნებისათვის” თავი ჯერ კიდევ ვერ დაგვიღწევია და საუნივერსიტეტო განათლებასაც აუცილებლად ესაჭიროება რეფორმირება, თუმცა, დაუშვებელია ისტორია-სამართალმცოდნეობის მიმართულებით “გარდაქმნებს” ისევე მივუდგეთ, როგორც საბუნებისმეტყველო თუ ფუნდამენტური მეცნიერებების სფეროში. მაგალითად, იმავე ფიზიკა-მათემატიკის დარგში “კორუფციის” და სხვა “მანკიერებების” აღმოსაფხვრელად საკმარისი იქნებოდა სახელმწიფოს გონივრული დაფინანსება გამოეყო და პროფესიონალებისთვის საქმიანობაში ხელი არ შეეშალა. ხოლო, რაც შეეხება ისეთ იდეოლოგიზებულ დარგებს, როგორიც, მაგალითად, სამართალია შეიძლებოდა  სისტემურ ცვლილებებზეც გველაპარაკა, მაგრამ პირველ რიგში, საკითხავია “ვარდებით” (ფაქტობრივად, ძალადობით!) ხელისუფლებაში მოსულთა “პოლიტიკური ნება” თუ არის, უნივერსიტეტმა  რეალური დამოუკიდებლობა (ავტონომია) მოიპოვოს და მაგალითად, იმავე იურიდიულმა ფაკულტეტმა  მაღალი დონის სპეციალისტები მოამზადოს.

1917 წელს “ბოლშევიკებმა” მასწავლებლებად “წითელი პროფესორები” მოიწვიეს, რომლებიც ერთპარტიულ, ტოტალიტარულ სახელმწიფოს დემოკრატიულად ნათლავდნენ და რევოლუციურ ტრიბუნალებს მართლმსაჯულების ყველაზე ჰუმანურ ფორმად წარმოაჩენდნენ, ხოლო ისტორიკოსებში ავტორიტეტად ის მიიჩნეოდა, ვინც ფაქტებს მმართველი კლასის სასარგებლოდ ყველაზე მეტად აყალბებდა.

კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით ნაუცბათევად მიღებული განათლების “რევოლუციური”  კანონი და მკაფიო კონცეფციის გარეშე რეფორმების წამოწყება საფუძვლიან ეჭვს ბადებს, ხომ არ ხდება უნივერსიტეტის დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის ხელყოფა, მისი პოლიტიზება, კადრების პარტიული ერთგულების ნიშნით შერჩევა?! მით უმეტეს, როდესაც სახეზე გვაქვს არცთუ შორეულ წარსულში ფაქტობრივად, იმავე სცენარით განხორციელებული “რევოლუციური რეფორმები” სასამართლოებში და საგადასახადო სტრუქტურებში. ხომ არ მოხდება, იგივე უნივერსიტეტში და წლების შემდეგ აღმოჩნდება, რომ დასავლეთიდან მხოლოდ ტერმინოლოგია (მაგალითად, “ასოცირებული პროფესორი”, “კრედიტი”, “კურუკულუმი”, “სილაბუსი”, “ემერიტუსი”…)  გადმოგვიღია, ხოლო არსი იგივე დაგვიტოვებია. ამასთან, მრავალი ღირსეული, ტრადიციულ ფასეულობებზე ორიენტირებული პროფესიონალი საარსებო წყაროს გარეშე ქუჩაში გაგვიყრია, ხოლო მათ ადგილზე, თუნდაც კომპიუტერისა და უცხო ენის ჩინებული მცოდნე, მაგრამ ყოვლად უზნეო “ახალი სახეები” მოგვიყვანია, რომელთათვის უმთავრესი ღირებულება პირადი კეთილდღეობა იქნება და არა ეროვნულ – სახელმწიფოებრივი ინტერესები.

სჭირდება კი “რევოლუციურ” ხელისუფლებას სამართლის დოქტორები, რომლებიც სტუდენტებს კანონის უზენაესობის პრინციპისადმი ერთგულების სულისკვეთებით ზრდიან, სამართლებრივ სახელმწიფოში ძალისმიერი გზით ხელისუფლების ცვლას მიუღებლად მიიჩნევენ ან ისტორიკოსები, რომლებმაც კარგად უწყიან, რომ დავითისა თუ თამარის მეფობის ხანაში სახელმწიფო დროშად “ხუთჯვრიანის” არსებობა შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება და საკუთარ სინდისთან კომპრომისზე არასოდეს წავლენ?!

სწორედ, უნივერსიტეტის მიერ საკუთარი მისიის შესასრულებლად და “კორუფციის პრევენციისათვის” იყო აუცილებელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე  თსუ-სთვისაც მიგვენიჭებინა  სრული დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა, როგორც ეს 1918 წელს განხორციელდა. შესაბამისი დებულებით: “თბილისის უნივერსიტეტი როგორც სამეცნიერო-სასწავლო სფეროს მხრივ, ისე საუნივერსიტეტო მართვა-გამგეობისა და შინაური მეურნეობის მხრივაც სრულებით ავტონომიურია და ყოველ ამ დარგის საქმეებს თვითონვე განაგებს”. ამასთან, სახელმწიფოს ბიუჯეტში განსაზღვრული იყო კონკრეტული თანხა უნივერსიტეტის “შესანახად”.

ამდენად, ნაცვლად იმისა, რომ ბრძენი წინაპრებივით კანონმდებელს XXI საუკუნეშიც მკაფიოდ განესაზღვრა სახელმწიფოს მხრიდან პირველი ქართული უნივერსიტეტის ან თუნდაც უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროს დაფინანსების ვალდებულება (ბიუჯეტიდან გარკვეული პროცენტის გამოყოფის გზით), ამასთან,  თსუ-სთვის რეალურად მიენიჭებინა აკადემიური თავისუფლება (ანუ, უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავდა ვის მიიღებდა, რას ასწავლიდა, ან რა კრიტერიუმებით შეაფასებდა), დღევანდელი მოდელით ყველა არსებით საკითხს, ფაქტობრივად სახელმწიფო წყვეტს. იურისტის პროფესია და იურიდიული საგანმანათლებლო პროგრამები კი კანონითვე მიეკუთვნება სახელმწიფოს მხრიდან “რეგულირებადს”.

დღევანდელი დაფინანსების მექანიზმი  ვერ უზრუნველყოფს არა მარტო ცალკეული დარგების (მაგალითად, იმავე ფიზიკა-მათემატიკის) სწავლებას და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას თუნდაც დღევანდელ დონეზე, არამედ გონივრულ ხელფასებს კონკურსის გზით შერჩეული ახალი კადრებისთვის და თსუ-დან დათხოვნილ თანამშრომელთა სოციალურ დაცვას. ბუნდოვანია აგრეთვე “ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის” ორგანიზაციული პრინციპები და ის მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავდნენ “კორუფციულ” გარიგებებს კადრების შერჩევისა თუ სწავლების პროცესში. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით სადავოდ მივიჩნევ იმ ნორმასაც, რომლითაც თსუ-ს უფლება ეძლევა გაასხვისოს ქონება, თუნდაც შესაბამისი სამინისტროების თანხმობით.

არც, მხოლოდ რამდენიმე საგანზე ორიენტირებული ე.წ. ეროვნული საგამოცდო ცენტრების შემოღებიდან ველოდები ხელშესახებ ეფექტს. საკითხები ისე უნდა შერჩეულიყო, რომ მათზე პასუხების გასაცემად აბიტურიენტს 10 წლის განმავლობაში უნდა მიეღო ინფორმაცია და გონება გაევარჯიშებინა. თუ გამოცდის დასაძლევად რამოდენიმე თვიანი მომზადებაა საკმარისი, გამორიცხული არ  არის მომავალში ახალგაზრდებმა სკოლაში ზოგადი განათლება კი არ მიიღონ, არამედ რამდენიმე დისციპლინა ან სულაც, მხოლოდ ტესტების გავლის მეთოდიკები აითვისონ, ხოლო “კორუფციულმა” გარიგებებმა “სარეპეტიტორო ცენტრებში”, საკურსო გამოცდებისა თუ სახელმწიფო ატესტაციისწინა “რეპეტიტორიუმებში” გადაინაცვლოს.

ამასთან, კომპლექსური ღონისძიებები არც მისაღები გამოცდებისას უნდა დავივიწყოთ და როდესაც წინასწარვე გვაქვს დაგეგმილი, რომ აბიტურიენტებიდან მხოლოდ ნახევარი მოხვდება უმაღლეს სასწავლებელში, ხელისუფლებას იმ 20 ათასამდე ახალგაზრდის ბედზეც მართებს დაფიქრება და თუ სამუშაო ადგილებით ვერ უზრუნველყოფს, მინიმალური სოციალურ დაცვის გარანტიებით მაინც უნდა უზრუნველყოს “ზოგად უნარებსა” თუ უცხო ენის ტესტირებაში “ჩაჭრილები”.

როდესაც განათლების რეფორმაზე ვლაპარაკობთ და თან “კორუფციის პრევენციას” ვისახავთ მიზნად საკადრო ცვლილებებთან ერთად, პირველ რიგში, შრომის სათანადო ანაზღაურებაზე და პროფესორ-მასწავლებელთა სოციალურ დაცვაზე გვმართებს ზრუნვა, რითვისაც უნივერსიტეტს საბიუჯეტო გადასახადებიც საგრძნობლად უნდა შემცირებოდა. მართალია, დღევანდელი ხელისუფლება განათლებას “სამეწარმეო-კომერციულ საქმიანობად” (“ბიზნესად”) აღიქვამს და ზოგიერთი უნივერსიტეტი  “მსხვილ გადამხდელად” ჰყავს რეგისტრირებული, თსუ მაინც არ არის შპს და მის მართვაში დაშვებულ შეცდომებს შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.

მითუმეტეს, დღევანდელ ვითარებაში გვმართებს სიფრთხილე, როდესაც დასავლეთში აპრობირებული მეთოდებით ვაპირებთ თსუ-ს მართვაში ჩავრთოთ სტუდენტი-ახალგაზრდობა და ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ დროს, მხედველობიდან გვრჩება, რომ განვითარებულ ქვეყნებში პირველკურსელები დაახლოებით 20 წლისანი არიან, განათლების მისაღებად სერიოზულ თანხებსაც იხდიან  და  არც ასე მასობრივად  არიან პოლიტიკური ამბიციებით შეპყრობილები.  და რაც მთავარია,  უნივერსიტეტში   ცოდნის შესაძენად აბარებენ და არა ე. წ. თვითმმართელობის ორგანოებში  თანამდებობების დასაკავებლად ან “კომკავშირელებივით”  მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების  გასატარებლად.

ამდენად, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ყველაზე საგანგაშოდ უნივერსიტეტის პოლიტიზაციის მცდელობას მივიჩნევ.  თუ გავითვალისწინებთ, რომ მართვის ორგანოებად კანონმა განსაზღვრა აკადემიური საბჭო (არჩეული რექტორით), მასზე  გაცილებით მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობითი საბჭო, რომლის ერთ მესამედს სტუდენტები შეადგენენ (არჩეული სპიკერით), ხოლო აკადემიური საბჭოს წარდგინების საფუძველზე წარმომადგენლობითმა საბჭომ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) უნდა დაამტკიცოს, ჩნდება საშიშროება, რომ მათ შორის ურთიერთობა პარლამენტსა და მთავრობას შორის საქმის გარჩევებს დაემსგავსოს, ხოლო “დამოუკიდებელი”  მედიასაშუალებების მხრიდან საუნივერსიტეტო ცხოვრების ტენდენციურმა გაშუქებამ საზოგადოებაში ცოდნის ტაძრის მიმართ უნდობლობა დაამკვიდროს და უნივერსიტეტს საბოლოოდ შეურყიოს ათწლეულების განმავლობაში შექმნილი ავტორიტეტი.

მივიჩნევ, რომ კანონში ჩადებული “მრავალხელისუფლებიანობის” (რაც დემოკრატიული ქვეყნებისთვის მისაღებია) ძირითადი მიზანი არა ცოდნის დონის ამაღლებაა, არამედ უნივერსიტეტში “დაბალანსებული” ძალების არსებობა, რომელიც საშუალებას მისცემს ხელისუფლებას აკონტროლოს ავტორიტეტული უმაღლესი სასწავლებლის მრავალათასიანი კოლექტივი. ამასთან, არ უნდა იყოს ძნელი წარმოსადგენი დღევანდელ ვითარებაში როგორ უზრუნველყოფს უნივერსიტეტი მართვის ორგანოების ფორმირებისას “საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული კენჭისყრით სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების ჩატარებას”, როგორც ეს უმაღლესი განათლების შესახებ კანონით არის გათვალისწინებული.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნაცვლად იმისა, რომ თსუ რეალურად დამოუკიდებელ, ავტონომიურ, დეპოლიტიზირებულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად ვაქციოთ, ფაქტობრივად, ხორციელდება პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტობის დაპირისპირებულ ჯგუფებად დაყოფისა და თსუ-ში კომუნისტების დროინდელი პარტიული თუ კომკავშირული ორგანიზაციების მსგავსი ე. წ. თვითმმართველობის სტრუქტურების ფორმირების მცდელობა (მიმაჩნია, რომ იმავე მიზანს ემსახურება მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული ე.წ. პატრიოტული  საზაფხულო ბანაკები, რომელთა დღის წესრიგში გარკვეული დრო “ტრეინინგ-სემინარებს” ეთმობათ). თუმცა, ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, ვინაიდან უნივერსიტეტს რეალური დამოუკიდებლობა მხოლოდ ჭეშმარიტად დემოკრატიულ ფასეულობებზე ორიენტირებულ სახელმწიფოში შეიძლება გააჩნდეს და არა ბუტაფორულში.

1998-1999 წლებში განხორციელებული  სასამართლო ხელისუფლების “რეფორმაც” დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ევროსტანდარტების დანერგვასაც ისახავდა მიზნად და ძველი “კორუფცირებული” კადრების ახალი “ნათელი სახეებით” ჩანაცვლებასაც, თუმცა, დღეს უკვე აშკარაა, რომ ამ მხრივ ვითარება არსებითად არ შეცვლილა. იგივე მოხდა, 2000 წელს საგადასახადო სამსახურების “რეფორმირებისას”. სამწუხაროდ, არც “რევოლუციის” შემდეგ ჩატარებული კონკურსების შედეგად აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსული ახალი კადრები გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და მაღალი მორალური სტანდარტებით. ამდენად, ნაუცბათეობამ და რეფორმების სათანადო გაუაზრებლობამ სხვა სფეროებში რა შედეგები მოიტანა არავისთვის უნდა იყოს დამალული, ამიტომ განათლების რეფორმას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. განსაკუთრებული ყურადღება კი საკადრო საკითხს უნდა მიექცეს.

ყველა შემთხვევაში გონივრული იქნებოდა განათლებისა და მეცნიერების სფეროს რეფორმირებამდე ხელისუფლებას, ჯერ  ეკონომიკის გაჯანსაღებაზე და ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნაზე ეზრუნა, რაც “კორუფციის პრევენციასაც” უდავოდ სასიკეთოდ წაადგებოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოში ავტორიტარიზმისაკენ  მობრუნების ტენდენციები იგრძნობა და სახელმწიფო პოლიტიკური წყობილების ფორმითაც უფრო კლეპტო და პლუტოკრატიულ ტირანიას გვაგონებს, ვიდრე დემოკრატიულ რესპუბლიკას, უპრიანია ერთი ცნობილი `რევოლუციამცოდნის” (ჯუღაშვილის)  სიტყვებიც გავიხსენოთ, რომელმაც განაცხადა: “არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა!”.  მართლაც, თუ საქართველოში თსუ და აკადემია (ანუ, ფაქტობრივად,  განათლება და მეცნიერება) არ იარსებებს,  შეგვეძლება საზღვარგარეთელ მეგობრებს ვახაროთ, რომ  “რეფორმებმა” ამ სფეროში მაინც მოიტანეს რეალური შედეგი და კორუფცია საბოლოოდ იქნა დაძლეული…

შპს-ები, ანუ საწარმოები (ფირმები, კომპანიები, კორპორაციები) განვითარებულ ქვეყნებში წელიწადში ათეულათასობით კოტრდება, მაგრამ მათ კულტურასა და ეკონომიკას ამით არაფერი აკლდება.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი ერთადერთია და, თუ  მას საძირკვლები გამოეცალა და  ავტორიტეტი შეერყა,  მეცნიერებისა და განათლების  ფლაგმანის  სტატუსით აღდგენა ისე იოლად ვეღარ მოხდება, როგორც ახალი  სამეწარმეო სუბიექტის რეგისტაცია.
“უნივერსიტეტის იდეის” დისკრედიტაციის პირველი ნიშნებიც სახეზეა. გარდა იმისა, რომ საზოგადოება უნივერსიტეტელების კორუმპირებულობაზე  ალაპარაკდა და პოლიტიკოსებმაც მოუხშირეს ვიზიტებს, თსუ-ში ელემენტარული წესრიგია მოშლილი. ამდენად, სანამ მორიგ სარეფორმო აღმართებს შევუყვებოდეთ, იქნებ შევჩერდეთ და გზა კარგად გავიაზროთ. ცხდია, რჩევები უცხოელი მეგობრებისგანაც უნდა მივიღოთ, მაგრამ მარშრუტი თავად უნდა შევარჩიოთ “ადგილობრივი თავისებურების” გათვალისწინებით და თითოეული ნაბიჯი დიდი სიფრთხილით უნდა გადავდგათ, რომ სადმე არ გადავიჩეხოთ”.

ყოველივე  ზემოაღნიშნული  2005 წელს  დაიწერა და, იმედი მაქვს,  მკითხველი ხვდება, რომ მშობლიური უნივერიტეტისადმი  მხოლოდ  პატივისცემა და კეთილგანწყობა მამოძრავებდა.  1991 წელს იურიდიულ ფაკულტეტის დეკანმა,  გივი ინწკირველმა პატივი დამდო და პირველ ქართულ უნივერსიტეტში სამუშაოდ მას შემდეგ მიმიწვია, რაც  ჩემს საგაზეთო პუბლიკაციას გაეცნო. მანამდე, თსუ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მქონდა დამთავრებული და უნივერსიტეტში მუშაობაზე თავიდანვე ვოცნებობდი, მაგრამ იმ დროს “ნახევარი შტატიც“ კი არ იყო თავისუფალი…  მაღალანაზღაურებადი ორი თანამდებობა უყოყმანოდ მივატოვე და ბატონ გივის წინადადებას დავთანხმი, ვინაიდან თსუ-ს პედაგოგობა უდიდეს პატივად მიმაჩნდა.

ამდენად, თავს ორგზის  უნივერსიტეტელად  და ისეთ აქტიურ  იურისტად მივიჩნევ, რომელიც თავადაც  ცდილობს კანონი დაიცვას და სხვისგანაც ითხოვს კანონმორჩლებას. ამასთან,  დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო იმაში რაც `ცოდნის ტაძარში“ ხდება, არამედ საქართველოში სამართლებრივი ნიჰილიზმის (სამართლის ნორმების არცოდნა ან/და აბუჩად აგდება)  დამკვიდრებაზე და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ტემპებზეც, პირველ რიგში, თსუ-ს იურისტები   არიან პასუხისმგებელნი.

სამწუხაროდ, მოვლენები იმაზე უფრო ტრაგიკულად  განვითარდა, ვიდრე ეს შემეძლო წარმომედგინა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თსუ-ს სრულად გაკონტროლება გადაწყვიტა და „გეპეის“ ლექტორობიდან თსუ-ს რექტორად გამწესებულ რუსუდან ლორთქიფანიძეს  `”ეფორმის  პირველი   ტალღა“ ჩაატარებინა და  აქტიური პროფესორების ერთი ნაწილი  “ჩაარეცხინა“…  ამასთან, მაგალითად, იურიდიულ ფაკულტეტზე დარჩენილ აკადემიურ პერსონალს  ხელფასები გაუნახევრა…  არაუნივერსიტეტელმა, მაგრამ თბილისელმა რექტორმა ყველაფერი არ იკადრა, რის გამოც,  2005 წლის მიწურულს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად სააკაშვილმა სოხუმის ფილიალის კურსდამთავრებული იურისტი გიორგი ხუბუა დანიშნა, რომელმაც “სამართლის თეორიაში“  2004 წელს შემოიტანა “დაუმორჩილებლობის უფლება“ და ხელისუფლების  ძალისმიერი ცვლა (დანაშაული) “გააპრავა“.  მანვე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის (დავით კერესელიძის) წარდგინების საფუძველზე, დაამტკიცა თსუ იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს (დოქტორანტურის) დებულება, რომლითაც  უმაღლესი განათლების შესახებ `რევოლუციური“ კანონის შესაბამისად რეფორმირებულმა  პროფესორებმა  2006 წლის დასაწყისში აირჩიეს ახალი სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი (ლევან ალექსიძე და ავთანდილ დემეტრაშვილი), ხოლო   300-მდე დოქტორანტს “ერთიანი სიიით“ დაუმტკიცეს სადისერტაციო თემა და სამეცნიერო ხელმძღვანელი… თუმცა, დოქტორანტურის დებულებაში იმდენი  არსებითი და რედაქციული ხასიათის ხარვეზი იყო “გაპარული“, რომ  ლოგიკურად  მოაზროვნე  “სამართლის დოქტორების“ მოსამზადებლად ნამდვილად არ გამოგდებოდა.

პირველ ქართულ უნივერსიტეტზე გავლენის მოპოვების,    საგანმანათლებლო სივრცეში წამყვანი  პოზიციების დათმობის და  ინტელექტუალური პოტენციალის გადინების მიზნით, განხორციელდა არა მარტო  ფაკულტეტების გაერთიანება და  შტატების შემცირება, არამედ თსუ-ს ახალი წესდების დამტკიცებაც, რომლის საფუძველზე აკადემიური საბჭოს შემადგენლობა  12-მდე შემცირდა. შედეგად, აკადემიური საბჭო,   ფაქტობრივად “პოლიტბიუროდ“ გადაიქცა,  ვინაიდან წევრების ნახევარი  “ნაცმოძრაობის“ ატივისტებით (მათ შორის, პარლამენტარებით და ხელისუფლების მაღალჩინოსნებით) იყო დაკომპლექტებული.

რუსუდან ლორთქიფანიძის ნაცვლად თსუ-ს რექტორად   გიორგი ხუბუას, ხოლო  გაერთიანებული ფაკულტეტების დეკანებად ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერი “აღიარებული სპეციალისტების“ (ძირითადად,  საზღვარგარეთ განსწავლული ახალგაზრდების)  გამწესებით  ნაციონალურმა მოძრაობამ 2005-2006 წლებში, ფაქტობრივად, ისეთივე  სრული კონტროლი მოიპოვა უნივერსიტეტზე,  როგორც ამას კომუნისტები ზეობის წლებში ახერხებდნენ.

ამავე პერიოდში იწყება ე. წ. სტუდენტური   თვითმმათველობის ფორმირებაც, რომელიც ძირითადად  ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი  ახალგაზრდებით დაკომპლექტდა. მათი მორალური სახის  შესახებ მკაფიო წარმოდგენას “ერთიანი  სტუდენტური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პლაკატი ქმნიდა, რომელზეც  სტუდენტები  რუსული “ვოდკისა“ და ინგლისურენოვანი უხამსი  წარწერებიანი  მაისურებით იყვნენ გამოსახულნი.  მათ გართობა-სეირნობაზე, ღამის კლუბებში “საუნივერსიტეტო ღონისძიებების“   გამართვაზე თსუ-ს ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები გამოიყოფოდა. სამაგიეროდ,  დავით კირკიტაძისა და ლადო ვარძელაშვილის მიერ გარედან მართული    და  `ზონდერებად“ ჩამოყალიბებული  “პატრიოტები“  თვითმმათველობიდან  განსხავებულად მოაზროვნეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. და არა მარტო სტუდენტებს…

2008 წლის 5 იანვარს დაგეგმილი  საპრეზიდენტო არჩევნების წინ   სააკაშვილმა თსუ-ს ტრადიციულ  საახალწლო კარნავალზე დააპირა მისვლა, ხოლო „თვითრეკლამაში“ მისთვის  ხელი რომ არ შეეშალათ, სტუდენტური  თვითმმართველობის ხელმძღვანელების  ორგანიზებით ჯერ დარბაზშივე  მოხდა იურიდიულ ფაკულტეტის ლექტორზე `საჯარო“ თავდასხმა, შემდეგ `აქტივისტები“ შენობის გარეთ  დახვდენ, უკნიდან მიპარვით  ჩაარტყეს და ძირს დაცემულს ფეხები სულ თავში  ურტყეს. მეორე დღეს კი, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითთმართველობის თავმჯდომარემ (გიორგი შამათავამ) თსუ-ში  ცილისმწამებლური განცხადება გაავრცელა, თითქოს ლექტორს თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომარის (დავით ჩოფლიანის)   თანხლები გოგონას  შეურაცხყოფისთვის აგებინეს პასუხი…  ლოგიკურია, ამ “ინციდენტისთვის“   პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე  ვიდეო-სათვალთვალო კამერები იყო დამონტაჟებული დამნაშავეები ვერც სამართალდამცავებმა “დაადგინეს“… დავით ჩოფლიანი საზღვარგარეთ სასწავლებლად გაუშვეს, ხოლო ქალბატონი, რომელმაც  გამოძიებას ჩვენება მისცა და თავდამსხმელები დაასახელა,    იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა…

2008 წელს, ხუბუას მესვეურობით,  თსუ-ს  “რეფორმის მეორე ტალღამ“ გადაუარა და, ფაქტობრივად,  ხელისუფლებითვის არასასურველი ყველა ლექტორი  ან ის დამოუკიდებელი მეცნიერი  “ჩარეცხა“, ვისაც შეეძლო საკუთარი პოზიცია ღიად გამოეთქვა. ამასთან,  ხუბუამ ჯერ ის  კათედრა (მიმართულება) გააუქმა, სადაც თავად მუშაობდა (სახელმწიფოსა და სამართლის თეორია), შემდეგ `სამართლის მეთოდების“ ახალი მიმართულება შექმნა და პროფესორის 4 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში, ფაქტობრივად,  მხოლოდ თვითონ გაიმარჯვა… საგულისხმოა, რომ პროფესორების ასარჩევი საკონკურსო კომისიის წევრებს შორის  სამართლის  დოქტორი ერთიც არ ერია, ხოლო `სამართლის მეთოდებში“ სახელმძღვანელო დღემდე არ გამოცემულა და მიმართულებასაც დღემდე  მხოლოდ ერთი პროფესორი (ცხადია, ისევ  ხუბუა…)  უძღვება.

ამავე წელს იურიდიული ფაკულტეტზე დავით კერესელიძე  იურიდიული საზოგადოებითვის ასევე ნაკლებად ცნობილმა ირაკლი ბურდულმა ჩაანაცვლა, რომელიც რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა  ხუბუამ კანონდარღვევით დანიშნა დეკანის  მოვალეობის შემსრულებლად (ამ დროს უკვე თსუ-ს წესდებაც არსებობდა და იურიდიული  ფაკულტეტის საბჭოს დებულებაც, რომელთა თანახმად დეკანი ფაკულტეტის საბჭოს  უნდა აერჩია).

იურიდიული ფაკულტეტის ახალგაზრდა  და საზღვარგარეთ “ღრმადგანსწავლულმა“ ხელმძღვანელმა   იმით `გაითქვა“ სახელი, რომ  ჯერ ფიზიკოსების მიერ  გამონთავისუფლებულ ფართში მოიწყო ახალი კაბინეტი, დეკანის მორიგ არჩევნებზე მხოლოდ თვითონ  დასახელდა და კონკურენტი არ ჰყავდა, ხოლო  2014 წლის დასაწყისში  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს გაყალბებული რეკომენდაცია მისცა, რომელშიც ყველა მონაცემი მცდარი  შეიტანა.  დაბოლოს,  იმდენი მოახერხა, რომ თსუ-ს აკადემიურ საბჭოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგენინა თავი… ამდენად, გამორიცხული არ არის, თუ თსუ-ს ახალი  რექტორი აკადემიური საბჭოს დღევანდელმა შემადგენლობამ  აირჩია, პირველი ქართული უნივერსიტეტის მორიგი  მესვეური ისევ იურისტი გახდეს…

ვინაიდან, ერთგვარი ისტორიული მიმოხილვიდან, ფაქტობრივად,  დღევანდლამდე მოვედი, ცხადია, თსუ-ში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებსაც შევეხები.  მითუმეტეს,  რომ წინამდებარე   წერილი  სწორედ ამ მიზნით დაიწერა.

ვაღიარებ, რომ  “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში  მოსვლის შემდეგ  თსუ-ს რექტორად ცნობილი და ავტორიტეტული მეცნიერის, ვლადიმერ პაპავას  გამწესებამ  თსუ-ს გადარჩენის და რეალური საუნივერსიტეტო რეფორმის  გატარების იმედი გამიჩინა. მაგრამ, როგორც შემდგომში აღმოჩნდა,  ისეთი  გარემოცვა მიუჩინეს, რომ ხელის განძრევის და  `სამართლიანობის  აღდგენის“ საშუალება  არ მიეცა. შედეგად,   ვერც უნივერსიტეტიდან დათხოვილი ან ნებით წასული პროფესიონალების უკან დაბრუნება მოხერხდა (ძირითადად, ფუნდამენტური მიმართულებით  მოღვაწე მეცნიერებს ვგულისხმობ), ვერც ფაკულტეტების აღდგენა და  ვერც სტუდენტური თვითმმართველობის  რეფორმირება. თუმცა,  ფაქტია, რომ თსუ-მ მაინც  მოახერხა საქართველოშიც და მთლიანად კავკასიის რეგიონში ლიდერობის შენარჩუნება,  ხოლო  მსოფლიოს 24 000-მდე უნივერსიტეტის რეიტინგშიც (ე.წ. რანჟირების სისტემაში) შესამჩნევად დაწინაურდა (830-დან 734-ე ადგილზე გადმოინაცვლა), რაც  უდავოდ მისასალმებელია და  მომავლის მიმართაც   ოპტიმიზმით განმაწყობს.  სწორედ, ამიტომ,  მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, თსუ-ში წესდება და აკადემიური საბჭოს შემადგენლობაა შესაცვლელი, ხოლო ვლადიმერ პაპავა დაკავებულ თანამდებობას პროფესიული და პიროვნული თვისებებითაც შეესაბამება, მითუმეტეს, რომ  უკეთესი რექტორი თსუ-ს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ ყოლია…

2016 წლის არჩევნების მოახლოებისთანვე, როგორც მოსალოდნელი  იყო, “კოჰაბიტაციის“ რეჟიმში  მყოფი ნაცმოძრაობა გააქტიურდა და თსუ-ში პოზიციის გამყარება, პირველ ეტაპზე,  კანცლერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატის გაყვანის გზით განიზრახა. თვითმმართველობის ატივისტი, ეკონომისტი გიორგი გაფრინდაშვილი, რატომღაც  იურიდიულმა ფაკულტეტმა წარადგინა, მაგრამ, როგორც სჩანს,  მისმა მხარდამჭერებმა  ვერ გაითვალისწინეს, რომ უნივერსიტეტი ბოლომდე არ არის გატეხილი და, თუ “რეფორმირებული“  პროფესორების  მხრიდან მათ კანდიდატს წინაღმდეგობა არ  შეხვდებოდა,  უნივერსიტეტში მოსული ახალი თაობა უსამართლობას იოლად ვერ შეეგუებოდა…

მართლაც,  რომ მეგონა უნივერსიტეტშიც  სრული სამართლებრივი წყვდიადი იყო გამეფებული და სტუდენტობა პროფესორებთან  ერთად “თვლემდა“ ლექციებზე, თურმე, “ნურას უკაცრავად!“ და პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდების ჯგუფს კონსტიტუციური დებულებებიც  სცოდნია და უნივერსიტეტის წესდებაც ჰქონია წაკითხული.  ამასთან,  აქტიურადაც შეძლებია საკუთარი უფლებების დაცვა, რაც ძალადობაში მონაწილეთა   მფარველობაში შემჩნეული  პირის კანცლერის თანამდებობაზე წარდგენის გაპროტესტებისას გამოავლინეს.  ყველასთვის მოულოდნელად, მათ გვერდით უნივერსიტეტის რექტორი დადგა და, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასი საქციელი ჩაიდინა, როდესაც აკადემიური საბჭოს წევრთა უმრავლესობის  წინააღმდეგ წავიდა და სტუდენტური  თვითმმართველობის წარმომადგენელს  (მითუმეტეს, იურისტების მიერ წარდგენილს…) ღიად არ დაუჭირა მხარი.

ცხადია, ნაციონალური მოძრაობისა და  იურიდიულ ფაკულტეტის მესვეურები  “ურჩი“ რექტორის წინააღმდეგ დაირაზმნენ და, ჩვეულებისამებრ, სტუდენტური თვითმმართველობა ჩააყენეს ავანგარდში…

კანცლერის კანდიდატურის წინააღმდეგ  სტუდენტების სადღეღამისო   აქციის დაწყების  თაობაზე   მედიასაშულებებიდან  შევიტყვე.  როგორც კი მოვიცალე, გავამრავლე თსუ-სთან, სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობასთან და   იურიდიული  ფაკულტეტის დეკანის მიერ ყალბი დოკუმენტის გაცემასთან  დაკავშირებული მასალები და   კვირა საღამოს  უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მივედი.  115-ე აუდიტორიაში   შეკრებულ სტუდენტებს (უმრავლესობა გოგონები იყვნენ)  აქტიურობისთვის  მადლობა გადავუხადე და მასალები გასაცნობად გადავეცი.  გავიგე,  რომ დილიდან პირველი კორპუსის წინ აპირებდნენ გადანაცვლებას და  თვითმმართველობის  მხრიდან ელოდებოდნენ ხელშეშლას.

მეორე დღეს მედიით შევიტყვე, რომ უნივერიტეტის წინ   კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა. საქმეები გადავდე და პირველი საათისთვის მივედი, რომ ახალგაზრდებს შორის ძალისმიერი დაპირისპირება თავიდან ამერიდებია.     დაპირისპირებულ ჯგუფებს ერთმანეთისგან  პოლიციელების  რიგი ყოფდათ. კიბეები  “აუდიტორია 115“-ს მხარდამჭერებს ჰქონდათ დაკავებული, ხოლო  თვითმმართველობის მიერ მობილიზებულები (ძირითადად, ვაჟები) ეზოში იყვნენ შეკრებილები და შენობაში შესვლას ცდილობდნენ.  ზოგიერთებს  რექტორის საწინაღმდეგო  მოწოდებიანი ერთი და იმავე  ზომის და აშკარად  ერთი ხელით  შესრულებული დიდი ფორმატის ქაღალდები  ეჭირათ. როდესაც გავესაუბრე, აღმოჩნდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ რას აპროტესტებდნენ და რამოდენიმემ ეს ე. წ. თვითნაკეთი ბანერი უპრობლემოდ გადმომცა (მაგალითად, არ იცოდნენ ვინ იყო გიორგი გაფრინდაშვილი ან  რაში  უშლიდა ხელს თსუ-ს რექტორი კანცლერის   არჩევას).

როგორც კი  შეძახილები  „შევდივართ!“ გავიგონე და აღმართული ხელებით ბიჭები პოლიციელების კორდონს  მიუხლოვდნენ,  “შტურმის“ თავიდან  ასაცილებლად, რაც იმ წამს მოვიფიქრე, ის მოვიმოქმედე. ვინაიდან,  ზევით ასვლას ვერ მოვასწრებდი თვითმმათველობის წარმომადგენლებთან  მივედი და მეგაფონი ვთხოვე. დავპირდი, რომ  მათთვის  გზის გახნას შევეცდებოდი.   მადლობა, შალვა საბაურს,  რომ მეგაფონი  დამითმო.  ორივე მხარეს  კორექტული ურთიერთობისა და დიალოგისკენ მოვუწოდე, შევთავაზე რექტორი და ადმინისტრაციის თანამშრომლები შენობაში შეეშვათ (დავინახე, რომ  პაპავა თანმხლებ პირებთან ერთად იქვე იდგა), ამის შემდეგ, ორივე მხარეს შევთავაზე გაფრინდაშვილის  მომხრეებისა  და მოწინაღმდეგეებისთვის  რიგრიგობით მიეცათ   საკუთარი პოზიციის მეგაფონებით  ჩამოყალიბების საშუალება. ამასთან, ვურჩიე უნივერსიტეტის ინტერესებში, ჯერ სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით აერჩიათ ღირსეული  კანცლერი,  ხოლო რექტორის საკითხი  სამომავლოდ გადაედოთ.  სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, რომ რექტორის თანხლებმა ქალბატონმა მიკროფონი, ფაქტობრივად ხელიდან გამომგლიჯა…

სამწუხაროდ, არავინ  დამიჯერა და დაძაბულობამ იმატა. იქვე გავიგონე, რომ თსუ-ს დაცვის თანამშრომლებმა რექტორს შენობაში  უკანა კარიდან   შესვლა  შესთავაზეს,  რის გამო მეორე ჯგუფთან,  კიბის ზემო ნაწილში  გადავინაცვლე.   მინდოდა მერჩია, რომ  რექტორისთვის გზა გაეხსნათ  (უხერხულია,  რექტორს საკუთარ კაბინეტში არ უშვებდე…) მაგრამ,  მას შემდეგ რაც თვითმმართველობის მხარეს დამინახეს, ვინღა მომისმენდა?!

პირველი კორპუსის წინ ვითარება მოულოდნელად  განიმუხტა.  როგორც კი რექტორი თანმხლებ პირებთან ერთად შენობის უკანა შესავლელისკენ გაემართა, მას თვითმმართველობის  წევრებიც გაყვნენ.  მას შემდეგ კი, რაც რექტორმა სამუშაო ოთახი დაიკავა, უნივერსიტეტის ეზო, ფაქტობრივად,  დაცარიელდა და მეც  დავტოვე იქაურობა.

მედიით გავიგე, რომ გაფრინდაშვილმა მოხსნა კანდიდატურა, რის გამოც    მისმა მხარდამჭერებმა რექტორის გადადგომა მოითხოვეს. დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუხედავად იმისა, პირველ კორპუსში   პოლიცია  არავის უშვებდა, თვითმმართველობის წევრებთან ერთად  საეჭვო პირებიც ახერხებდნენ შენობაში შეღწევას,  ნიღბიანთა ჯგუფები   უსწორდებოდნენ სტუდენტებს და რექტორის კაბინეტში შეჭრას ცდილობნდენ. “აუდიტორია 115-ის“ წევრები დახმარებას ითხოვდნენ.

როგორც კი მოვახერხე,  ისევ მივედი უნივერსიტეტში.  დერეფანი სავსე იყო ახალგაზრდებით. მათი ნაწილი აგრესიულად იყო განწყობილი.   როგორც ამიხსნეს აკადემიური საბჭოს  გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ, რომელიც დიდი ხანია რექტორის გადადგომის  საკითხზე მსჯელობდა.  მისაღებში შესვლა მოვახერხე. შესვენებაზე გამოსული აკადემიური საბჭოს წევრები დაბნეულები და შეშინებულები ჩანდნენ. როგორც აღმოჩნდა, რექტორის გადადგომის მომხრეთა სიმცირის გამო (ზოგიერთი სხდომას ვერ დაესწრო)    გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, მაგრამ  სტუდენტების მხრიდან მოსალოდნელი  აგრესიის შიშით  ამის თქმას ღიად ვერ ბედავნდენ. შევთავაზე, როგორც ნეიტრალურ პირს მე გამეტანა ინფორმაცია, რაზედაც მისაღებში მყოფნი დამეთახმნენ. დერეფანში გამოვედი, ახალგაზრდებს მეგაფონი გამოვართვი და  განვმარტე, რომ დღეს რექტორის გადადგომის საკითხი აღარ განიხილებოდა და  ვლადიმერ პაპავა უნივერსიტეტის ინტერესებში რჩებოდა თანამდებობაზე. ამასთან, შეკრებილებს   მოვუწოდე   მოქცეულიყვნენ ისე,  როგორც  ეს უნივერსიტეტს ეკადრება, ხოლო რექტორის მოწინააღმდეგეებს ვთხოვე  პროტესტი კანონიერი ფორმით გამოეხატათ,  რისთვისაც ან აუდიტორიაში უნდა შესულიყვნენ (რექტორის კაბინეტის მეზობლად ან თუნდაც 115-ეში)  ან ეზოში გადაენაცვლათ.

ვინაიდან  თვითმართველობის  წევრებმა დერეფანში დარჩენა გადაწყვიტეს  (შესაბამისად, არც “აუდიტორია 115-ის“ წევრები დაიშალენ)   და ვითარება  კვლავ დაძაბული რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რექტორის კაბინეტის  წინ საკმარისზე  მეტი სამართალდამცავი (დაცვის თანამშრომელი და პოლიციელი) იმყოფებოდა და ვითარება თითქოს კონტროლს უნდა დაქვემდებარებოდა, მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე რექტორის მისაღებში დარჩენა, რომ  8 საათი მოახლოვდა (რეიტინგული სატელევიზიო არხებით საინფორმაციო გადაცემების დაწყების დრო…)  და პროვოკაცია  არ იყო გამორიცხული…

მართლაც,  ცოტა ხანში, როგორც კი   დერეფანში  ხმაური და შეძახილები გაისმა, რექტორის მისაღებში მყოფები შემოსასვლელის გასამაგრებლად “დავრაზმე“, ხოლო, როგორც კი  გარედან კარებს მოაწვნენ და ხელების ბრახუნი დაიწყეს,  ადმინისტრაციას ვურჩიე 112-ში  დაერეკათ.

არანაკლებ 5 წუთის განმავლობაში, პირთა ჯგუფი ცდილობდა კარების შემომტვრევას (ბლაგვი საგნით კარებზე დარტყმის ხმებიც გვესმოდა), მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. ფაქტია, როდესაც ახალგაზრდებმა  “აკადემიკოსებს“ ძალით ვერ აჯობეს, როგორც ჩანს,  “სამართალდამცავებს“ მოუწიათ მოვალეობის შესრულება   (სხვათა შორის, როდესაც  თვითმმართველობის “აქტივისტები“ უნივერისტეტის ლექტორს  თავს დაესხნენ საპატრულო პოლიციის  მანქანა  ათიოდე მეტრში  იდგა…).

როდესაც მისაღებიდან გამოვედი, შევეცადე “შტურმის“ მონაწილეებისთვის ამეხსნა, რომ მათი მოქმედება არა მარტო მორალურ, არამედ უკვე  სამართლებრივ ჩარჩოებს სცდებოდა. ვთხოვე პროტესტი ცივილიზებული ფორმით გამოეხატათ და აუდიტორიაში შესულიყვნენ. ამის შემდეგ, ვინაიდან პირველი კორპუსი  პოლიციის მიერ იყო ბლოკირებული და შენობაში საკმარისზე მეტი სამართალდამცავი იმყოფებოდა,  უნივერსიტეტი  დავტოვე.

დილით “რუსთავი 2“-მა  გაავრცელა ცნობა, რომ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა რექტორის კაბინეტი დაიკავეს…  თავი ვალდებულად ჩავთვალე, უნივერსიტეტში მივსულიყავი. აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია მცდარი (“დეზინფორმაცია“) იყო…  რექტორი 115-ე აუდიტორიაში სტუდენტებს ხვდებოდა, ხოლო  თვითმმართველობის მხარდამჭერები   დერეფანში შევნიშნე. მათთან მივედი და როდესაც აუდიტორიაში  შესვლაზე უარი განაცხადეს,  ავუხსენი თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა თვითნებობას და ძალადობას. შევახსენე, რომ ხუბუას რექტორობისას მის კაბინეტში უნებართვოდ შესული  პროფესორები  სასამართლომ ხულიგნობისთვის გაასამართლა და ვთხოვე, რომ, თუ უნივერსიტეტის ინტერესები ამოძრავებდათ, არ დამსგავსებოდნენ  სააკაშვილის დროინდელი თვითმმართველობის აქტივისტებს, რომლებიც ძალისმიერი მეთოდებითაც მოქმედებდნენ.

მიუხედავად  ამისა, თსუ-ს  სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა ნაწილი მისაღებში შეიჭრა, ხოლო დანარჩენებმა  შესავლელი კარის  ბლოკირება მოახდინეს. თსუ-ს დაცვის თანამშრომლებმა  და პოლიციელებმა მარჯვენა დერეფანში შესასვლელი გადაკეტეს და  რექტორის  მისაღების წინ რამოდენიმე  რიგად განთავსდნენ. შთაბეჭდილება დამრჩა,  ოთახში უნებართვოდ მყოფთა  უსაფრთხოებას იცავდნენ…

ვითარებაში გასარკვევად რექტორის  მისაღებში შეჭრილებთან გასაუბრება გადავწყიტე.  სამართალდამცავებმა უპრობლემოდ  გამატარეს  (როგორც ჩანს, აკადემიური საბჭოს წევრი ვეგონე, ვინაიდან წინა დღეს ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ ამ სტატუსით მომიხსენია…),  მაგრამ  თვითმმართველობის  აქტივისტებმა  მათ ლიდერებთან  თავიდან  არ შემიშვეს, ხოლო  მას შემდეგ,  რაც ვინაობის დასახელება,  თვითნებობის აღკვეთა და ოთახში შეშვება კატეგორიულად მივითხოვე,  ზურგი მომიშვირეს და კანონით გვაქვს  “დაუმორჩილებლობის უფლებაო“ გამომიცხადეს…    მხოლოდ მაშინ შემიშვეს, რაც  ჟურნალისტებიც წამომეშველნენ  და შიგნით მყოფთაგანაც  ნებართვა მიიღეს.

აკადემიური საბჭოს წევრთა სავარძლებში მსხდომ ახალგაზრდებს ვითარების სამართლებრივი ასპექტები განვუმარტე, კანონის ფარგლებში მოქმედების თაობაზე ჩემი რჩევების  უგულვებელყოფა ვუსაყვედურე და ისევ ვთხოვე, პროტესტის გამოსახატად  რომელიმე აუდიტორიაში ან უნივერსიტეტის ეზოში გადასულიყვნენ. ამასთან, აღვნიშნე, რომ გაცილებით გონივრულად მიმაჩნდა, ახალი კანცლერის არჩევის შემდეგ,  სტუდენტებს აკადემიური საბჭოს რეფორმირებაზე ეზრუნათ, ხოლო რექტორის  საკითხი სამომავლოდ  გადაედოთ, ვინაიდან  უნივერსიტეტში ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილებას კოლეგიური ორგანო  იღებს  და არა ერთპიროვნულად რექტორი. მითუმეტეს, თსუ-ს ყველა დონეზე ღირსეულად წარმომადგენლობისა და წარმოჩენისთვის  ვლადიმერ პაპავაზე  უკეთესი კანდიდატის შერჩევა გაუჭირდებოდათ. ამ დროს ოთახში თსუ-ს თანამშრომლები შემოვიდნენ და “პროტესტანტებს“  რექტორთნ მოლაპარაკების გამართვა შესთავაზეს.  ოთახი დავტოვე და  უკვე  მედიით მივადევნე თვალი თსუ-ში მიმდინარე მოვლენებს.

ამდენად, თსუ-ს რექტორმაც და საზოგადოებამაც მინდა იცოდეს,  რომ 13  მარტს ჩემს უნივერსიტეტში იმ სტუდენტებთან  მივედი, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ.  სხვათა შორის,  სხვა უნივერსიტეტებიდანაც იყვნენ მოსული პროფესორები, თუმცა, თსუ იურიდიულ ფაკულტეტის თანამშრომლებიდან  ვერავინ შევიცანი.  მომდევნო ორი  დღის განმავლობაშიც  ჩემი უნივერსიტეტის ღირსებას და ინტერესებს ვიცავდი. ორივე მხარესთან გასაუბრებას  და  მათ მორიგებას ვცდილობდი. შთბეჭდილება დამრჩა, თუ სტუდენტთა ერთი ჯგუფი, თვითორგანიზაციის პრინციპით მოქმედებდა,  ვითარებას აანალიზებდა, ერთმანეთს ეთათბირებოდა და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებდა,  მეორე, აშკარად გარედან  იმართებოდა, ვინაიდან, ფაქტობრივად,  არავის მოსმენა არ სურდა, არც აუდიტორიაში შესვლას თანმხდებოდა და მიზნად მხოლოდ  რექტორის  დაუყოვნებლივი  გადადგომა ჰქონდა დასახული.  ორივე მხარეს მოვუწოდებდი, პირველ რიგში,   ცოდნის თეთრი ტაძრისთვის  ეცათ პატივი და პროტესტი კანონით დაშვებული ფორმით  გამოეხატათ. ამასთან, ვურჩევდი ჯერ ღირსეული კანცლერი აერჩიათ საყოველთაოდ აღიარებული “სამართლიანი  კონკურენციის  პრინციპის“ დაცვით, შემდეგ  ერთობლივად  ეზრუნათ თსუ-ს წესდებისა და აკადემიური საბჭოს  შესაცვლელად, ხოლო რექტორის საკითხი სამომავლოდ გადაედოთ.

ხაზს ვუსვამ, რომ 13-15 მარტს თსუ-ში  პირველი ქართული უნივერსიტეტის  სიყვარულმა, და არა მისი რექტორის გამოქომაგების სურვილმა  მიმიყვანა. მაგრამ,  მიუხედავად იმისა,  რომ ვლადიმერ პაპავას  მიმართ დასაბუთებული პრეტენზიები მაქვს (თუნდაც ის, რომ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მიერ დოკუმენტის გაყალბებაზე რეაგირების მოთხოვნით  შეტანილ რამოდენიმე განცხადებაზე მისგან  პასუხი ვერ მივიღე და შეხვედრის სურვილიც არ გამოუთქვამს), დარწმუნებული ვარ, დღეს ის  უნივერსიტეტს სჭირდება და  რექტორის თანამდებობიდან მისი გადადგომა გაუმართლებლად მიმაჩნია.  მართალია, ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო,  მაგრამ  მაღალი ალბათობით შეიძლება დასაბუთება, რომ თსუ-ს რექტორზე  გარედან მოხდა ზემოქმედება…

დარმწუნებული ვარ, უნივერსიტეტში ერთი თვის წინ განვითარებული მოვლენები მოახლოებულმა საპარლამენტო არჩევნებმა განაპირობა.  დღევანდელ  ხელისუფლებასაც  და მის ე.წ. ოპოზიციასაც   თსუ-ს რექტორის თანამდებობაზეც  და აკადემიურ საბჭოშიც  ერთგული პირები სჭირდებათ.  მე კი მხოლოდ  აღიარებულ მეცნიერებს,  პოლიტიკური ამბიციებისგან სრულიად თავისუფალ და  სხვებისგან  დამოუკიდებელ პიროვნებებს ვისურვებდი. აქედან გამომდინარე,  მეც ვუერთდები ახალი თაობის უნივერსიტეტელების  მოწოდებას: “ავტონომია უნივერსიტეტს!“. ამასთან, პოლიტიკური გაერთიანებების მესვეურებს ვთხოვ ნუ ჩაერევიან  თსუ-ს შიდა საქმეებში, ხოლო  პროფესორებს ვურჩევ, მიბაძონ სტუდენტებს, არ მოექცნენ პოლიტიკოსთა  გავლენის ქვეშ, ღირსება აღიდგინონ, თავისუფლების ხიბლი სრულად შეიგრძნონ, ხმის მიცემისას  მხოლოდ საკუთარი ნება გამოხატონ  და პირველი ქართული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებად  და რექტორად  ყოველმხივ  ღირსეული პიროვნებები აირჩიონ.

ავთანდილ კახნიაშვილი
სამართლის დოქტორი
თბილისის დავით აღმაშენებლის
სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
15  აპრილი  2016 წელი

 
%d bloggers like this: