IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

◊ ლაკირბაია: საქართველოს ეკონომიკურ-ფინანსური პრობლემები

• ს. ე. გ. მ. 

Tea_Lakirbaia

თეა ლაკირბაია

საქართველოს ეკონომიკურ-ფინანსური პრობლემების
საწყისი მიზეზები და შედეგები…

შევარდნაძის ,,მეორედ მოსვლის” 12 წლიან ,,მოღვაწეობას” უშედეგოდ არ ჩაუვლია. გაცოცხლდა მოღალატეთა სისხლძარღვი. ისევ მოკალათდნენ მაღალ თანამდებობებზე ეროვნული ხელისუფლების მტრები. ენის მიტანა, ჩაშვება, მექრთამეობა და სამშობლოს ფარული გაყიდვა კვლავ მათ მთავარ საქმიანობად იქცა. საქართველო 4 თუ 5 მილიარდი დოლარის ფასად განვითარებადი ქვეყნის სტატუსის მქონე სახელმწიფოდ აქციეს და ეს ის საქართველო, რომელსაც უძველეს დროში ჰქონდა სასწავლო აკადემიები (მითრიდატეს განათლება მიღებული აქვს ფაზისის აკადემიაში) … ამ 4 თუ 5 მილიარდით საქართველოს გაუჩნდა პირველი საგარეო ვალი, რომელიც ავთვისებიან სიმსივნესავით იზრდება დღემდე..

1995-2000 წლებში, როცა მე ვმუშაობდი მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის სხვადასხვა უცხოელ ჯგუფებთან, საქართველოში ,,ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების” ქართული მოდელის შექმნაზე (საბანკო ხაზით), მახსოვს ყოველ ჩვენს კვალიფიციურ შეკითხვას თუ წინადადებას გაოცებული კითხვითვე პასუხობდნენ – საიდან იცით ეს თქვენ?… ამას იმიტომ გვეკითხებოდნენ, რომ შევარდნაძის მიერ მონიჭებული სტატუსის თანახმად უწიგნურები ვეგონეთ…

 

 იმის გამო, რომ დღემდე განვითარებადი ქვეყნის სტატუსს ვატარებთ, ვინც კი ჩაიხედა ჩვენი განათლების საქმიანობაში, ვგულისხმობ მეგობარ სახელმწიფოებს, რომელთა გარეშე ჩვენს განვითარებას ,,მომავალი არა აქვს“, მიგვითითეს ისეთი სასწავლო გეგმებისა და მეთოდების შემოღებაზე, თითქოს ახლა ეყრება საფუძველი განათლების მიღებას  ჩვენს ქვეყანაში, რომლის დანერგვის შედეგად გვაქვს  დაბალი დონის საშუალო განათლების მიმცემი სკოლები, ასეთივე დაბალი განათლების მიმცემი უმაღლესი სასწავლებლები და გვყავს 25 და 28 წლის მეცნიერებათა დოქტორები. თავისთავად, არაფერია ცუდი იმაში, რომ 25 წლის ახალგაზრდა უკვე დოქტორია, მაგრამ როცა იგი ამას აღწევს განსაკუთრებული  ნიჭისა და შრომის წყალობით და არა მხოლოდ გეგმური თეორიული საფეხურების გავლით (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი).

    სამწუხაროა, რომ განათლების ხარისხი წლითი-წლობით სულ უფრო დაბალი ნიშნულისკენ მიექანება და არაფერი კეთდება, თუნდაც ადრე არსებულ დონემდე მისაღწევად. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მოსწავლეთა რიცხოვნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2008 წელს შეადგენდა 643 ათას სამასს, 2014 წელს კი-554ათასს, ანუ 89 ათასი მოზარდით ნაკლბი იღებს საშუალო განათლებას, რაც კატასტროფაა, თუ ეს გამოწვეულია  საშუალო განათლების მიღების სურვილის არ(ვერ)ქონით, მაგრამ მეორე უბედურებაა , თუ ასეთი კლება გამოწვეულია მოსახლეობის რაოდენობის თუ შვილის ყოლის მსურველ ოჯახთა  რაოდენობის შემცირებით…

   საქართველოში, მასობრივი და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების რიცხვი 2005 წელს შეადგენდა 2056 ერთეულს, 2014 წელს 824-ს, ხოლო წიგნადი ფონდი ამ წლებისთვის, შესაბამისად, შეადგენდა: 28 მილიონი 300 ათასს და 17 მილიონი 300ათასს.

   ზემოდ აღვნიშნე და გავიმეოებ: საგარეო ვალს საფუძველი (როგორც დანარჩენ უბედურებებს) ჩაუყარა შევარდნაძემ, მაგრამ მის სისხლიან ნაკვალევზე მოსული დანარჩენი ფაქტობრივი ხელისუფლებები არ ჩამორჩნენ მას და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საგარეო ვალები, 2015 წლის იანვრის მონაცემებით შეადგენს 13,5 მლრდ დოლარს (25,1 მლრდ ლარი),თუ ამ ვალს გავყოფთ აღწერის მონაცემებით დადგენილ  მოსახლეობის რაოდენობაზე (3.700.000), გამოდის, ერთ სულ მოსახლეზე ირიცხება 3.650 დოლარამდე ვალი.  ვის, თუ რას მოხმარდა ამდენი თანხა წლების განმავლობაში? ან, როგორ გადაიხადოს ქართველმა ხალხმა ამდენი ვალი? რასაც ემატება მომსახურების თანხა (პროცენტები)?.. ამ კოლოსალური ვალების საპირისპიროდ, სულ უფრო უარესდება ადამიანთა ყოფა; შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი, საქსტატის მონაცემებით, 2015წლის იანვრის მონაცემებით შეადგენს 160,20 ლარს, შემდეგ თვეებში უფრო ნაკლებს და ოქტომბრის თვეში კვლავ გახდა 163,30 ლარი, ხოლო საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი უფრო ნაკლებია (ქალები, მოზარდები, მოხუცები და ა.შ).

   სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (რეგისტრირებული სიღარიბე) 2007 წლის მონაცემებით შეადგენდა 6.4 %-ს და იმდენად ღატაკდება ხალხი, რომ 2014 წელს ეს რიცხვი გაიზარდა 11.6 %-მდე,  აქვე, გასათვალისწინებელია, რომ რეალური სიღატაკე გაცილებით უფრო მეტ რიცხვს (პროცენტს)  მოიცავს…

   ასევე, საქსტატის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი ერთსულიანი ოჯახისთვის 2015 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით თვეებში მერყევობს 155-163 ლარის ფარგლებში, ორსულიანი ოჯახებისა 227-231.5-მდე, სამსულიანი ოჯახების 255,4-260,4-მდე, ოთხსულიანებისა – 283.8-289.4-მდე, ხუთსულიანებისა – 319.30-325.5-მდე, ექვსსულიანებისა და მეტისთვის – 377.5-384.8 ლარამდე… საკვირველია, არა?! თუ ერთსულიან ოჯახს 160 ლარი ჰყოფნის და 7-8 სულიან ოჯახებს 385 ლარი, რომ ერთი თვის განმავლობაში დაიკმაყოფილონ საარსებო მოთხოვნები კვების, გადაადგილების, ჩაცმა-დახურვის, კომუნალური და სხვა გადასახდელების ჩათვლით, ასწავლონ შვილებს და ა.შ. მაშინ რატომ იღებენ სახელმწიფო სამსახურში მომუშავე მაღალი რანგის მოხელეები, ყოველთვიურად, ათეული ათასობით ხელფასებს, პრემიებს და დანამატებს? რასთან გვაქვს საქმე? თუ მოსახლეობისთვის დადგენილი  საარსებო მინიმუმი სწორია, მის ათმაგ ოდენობაზე (ესეც გაბერილი ოდენობა ავიღე) მეტს, რა უფლებით ინიშნავენ სახელმწიფო მოხელეები, ხოლო თუ მინიმუმი ძალიან შემცირებულადაა გაანგარიშებული, მაშინ ხომ არ გვაქვს საქმე მოსახლეობის მიზანმიმართულ (ხელოვნურ) შემცირებასთან?.. საერთოდ, რატომ არ არსებობს კანონი სახელმწიფო მოხელეთა ხელფასისა და რანგირების შესახებ? ვის აწყობს ამ მხრივაც დაულაგებელი ქვეყანა?

   ქვეყანაში არ არსებობს ისეთი კანონი, რომელიც დაარეგულირებდა საპენსიო საკითხს. საუბრობენ კერძო საპენსიო ფონდის შექმნასა  და ამ საკითხის მოწესრიგებაზე, მაგრამ ხვალიდანაც რომ დაარსდეს ასეთი ფონდი, ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა და შედეგს გამოიღებს 20-25 წლის შემდეგ, მაგრამ  რა ქნას დღევანდელმა პენსიონერმა? როცა პენსიის დანიშვნის წესებში არ მონაწილეობს ისეთი ელემენტი, როგორიცაა წელთა ნამსახურობა, ანუ პენსიონერის მიერ, ახალგაზრდობაში სახელმწიფოს ხაზინაში შეტანილი წილი, რომელიც სიბერეში უნდა დაუბრუნდეს პენსიის სახით? რა ხდება დღეს ამ კუთხით? ყველა ხანდაზმულს, ვინც იმუშავა 25-50 და მეტი წელი, ისევე ეძლევა პენსია თვეში 160 ლარი, როგორც იმათ, ვისაც არასოდეს უმუშავია და სახელმწიფოსთვის ფულადი სარგებელი არასდროს მოუტანია (უფრო მკაცრი გამოთქმისგან თავს შევიკავებ). კომუნისტებსაც კი ჰქონდათ განსხვავებული მიდგომა მარტოხელა პენსიონერების მიმართ და მათ, მარტოხელობისთვის, ფულადი და ნატურით დანამატები ჰქონდათ. ახლა კი ამ კატეგორიის ხალხი მიტოვებულია სახელმწიფოსგან და ისინი ელიან უპატრონო და უსახელო სიკვდილს, მიუხედავად ხანგრძლივი და სასახელო შრომითი ბიოგრაფიებისა… მოკლედ რომ ვთქვათ, ასაკით პენსიონერები, მარჩენალის მყოლები თუ მარტოხელები, სიდუხჭირისთვის არიან განწირულნი.

უფრო უიმედო და კატასროფულ მდგომარეობაში კი შრომის უნარის მქონე ახალგაზრდები იმყოფებიან, რომლებიც არსად არიან დასაქმებულნი და თითქმის საპენსიო ასაკამდე არსებულ სიცოცხლეს უმუშევრად ატარებენ, ქვეყანაში კი არ არსებობს ამგვარ იძულებით უმუშევართა დახმარების სახელმწიფო პროგრამა, რაც თვითმკვლელობისა და სხვადასხვა სახის დანაშაულობებისაკენ უბიძგებს სასოწარკვეთილ ადამიანთა არმიას, ამ მიზეზითაც ვერ მრავლდება ერი.

   არც ბიზნესისთვის  დამდგარა დღემდე მშვიდად მუშაობის დრო, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ახლა ნამდვილად არ ხდება ღამის ნებისმიერ დროს ქონებისა და სხვა სიკეთეების იძულებითი ,,ჩუქება“ სახელმწიფოზე ან ვინმე პიროვნებაზე, რაც უდავოდ სასიამოვნო ფაქტია. ასეთი ქმედება სააკაშვილის  ხელისუფლების მიერ იყო ყაჩაღობა საკუთარ ხალხზე და თუ ყაჩაღობას არ სჩადის დღევანდელი ხელისუფლება, ეს სულაც არ ნიშნავს ხალხზე ზრუნვას: ხელისუფლება ყაჩაღი კი არა, საკუთარ ხალხზე მზრუნველი ორგანო უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კორექტივები შევიდა საგადასახადო კოდექსში, ის მაინც არ არის ბიზნესმენისთვის გასაგები ენით დაწერილი, ხშირია დამატებები და შესწორებები. კოდექსის მოთხოვნები და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან, რაც იწვევს ოფიციალურად ორმაგი ბუღალტრული აღიცხვის წარმოებას, ამას კი მოსდევს შეცდომების დაშვება და  ფინანსისტებისთვის – ორმაგი შრომა ერთმაგი ხელფასის მისაღებად, ბიზნესმენისთვის  კი ჯარიმებისა და საურავების გადახდა. ნუთუ ასე ძნელია საგადასახადო კოდექსის დაახლოვება საერთაშორისო სტანდარტებთან, რომ ბიზნესმენმა გაუთვალისწინებელი ჯარიმები არ იხადოს? გასაგებად აწყობილი საგადასახადო კოდექსის არსებობის პირობებში, ბიზნესის აწყობა და მუშაობა უფრო ადვილი იქნება, ბიუჯეტშიც დროულად და არაიძულებითი წესით გადაიხდება თანხები.

   ასე საამაყო მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაც არ არის სამუშაო პირობები ნორმალური: დღეს არსებული ინფლაციის პირობებში ძალიან ცოტაა 100 ათასი ლარი, რაც ასევე ცოტაა დამატებული ღირებულებით დაბეგვრისგან გათავისუფლებული ბრუნვისთვის. ასეთი თანხები, სულ მცირე 200 ათასი ლარი მაინც უნდა იყოს, ხოლო მცირე ბიზნესის მიერ  გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას, ჩათვლებში უნდა მონაწილეობდნენ, სხვანაირად, დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვის მქონე ფირმები, მისგან საქონელს არ შეიძენენ, რადგან ჩათვლის უფლება არა აქვთ… დღეს მოქმედი წესებით არსებობენ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფირმები, მაგრამ შეზღუდულად საქმიანობენ სამოქმედო წესების არასრულყოფილების გამო  …

ქაოსია საბანკო კრედიტით მოსარგებლეებთან დამოკიდებულებაშიც; უცნაურია, რომ ბანკები, დიდი მოგების მიუხედავად, ეკონომიას აკეთებენ (?!) ხელშეკრულებისთვის საჭირო საწერი ქაღალდის ხარჯვისას, სხვანაირად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ მსესხებელთან დადებული ხელშეკრულება ისეთი წვრილი შრიფტითაა დაწერილი, რომ  +30 ზომის გამადიდებელი შუშა თუ არ გამოიყენე, ვერ წაიკითხავ. თან ისეთი ტერმინებითა და სიტყვებითაა გადატვირთული, ჩვეულებრივი მსესხებელი ვერც იგებს შინაარსს (არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს სპეციალურად ხდება, მსესხებლის დასაბნევად)…

ახლა, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი: მოგეხსენებათ, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ბანკის ვალი აქვს და უმრავლესობა დადგენილ ვადაში ვერ იხდის კრედიტს. ჩვენში ძალიან ,,ხარბი თვალებით“ გაიღვიძეს ბანკირებმა და აი, რატომ?: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 403-ის მე-2 ქვეპუნქტი  ჩამოყალიბებული იყო რედაქციით (თავი მეორე-მოვალის მიერ ვადის გადაცილება) ,,დაუშვებელია პროცენტიდან პროცენტის გადახდა“, რომელიც, საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 29 ივნისის #5127 დადგენილებით ჩამოყალიბებულია შემდეგი რედაქციით: ,,ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში“. როგორ ფიქრობთ, ეს ცვლილება ვისი ინიციატივით იქნება შეტანილი? ან რომელი ბანკი არ ისარგებლებს ამ შემთხვევით და არ ჩადებს ამ შესაძლებლობას, დამატებითი ფულის მიღებისა, ხელშეკრულებაში? გარდა ამისა, მოკლევადიან სესხებს (ერთ წლამდე ვადა), ვადაზე გადაუხდელობის შემთხვევაში ამატებენ დარიცხულ და გადაუხდელი პროცენტის თანხას და ხელახლა აფორმებენ ახალ სესხს ახალი ვადით, რადგან, მოკლევადიანობის გამო, დგება სესხის ხანდაზმულობის  მიზეზით  ბალანსიდან ჩამოწერის საკითხი, ასეთ ქმედებას ერთხელ მიღებულ სესხზე აკეთებენ რამდენიმეჯერ და რამდენიმე წლის განმავლობაში… მაგალითად, სამი თვით აღებული 500 დოლარის სესხი, მსესხებელს ერიცხება 5 და მეტი წლის განმავლობაში და საბოლოოდ, სახლ-კარის გაყიდვის ფასად იხდის 5-8 ათას დოლარს.  დამატებითი უბედურება ისაა, რომ  ამ საკითხში მოსახლეობის გაურკვევლობით სარგებლობენ ბანკები.  ამიტომაც და ასეთი მეთოდით მუშაობის გამო, შეუბრალებლად ღარიბდება და ღატაკდება უმუშევარი და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები, ხოლო უსაზღვროდ მდიდრდება ბანკების მაღალი და უმაღლესი მენეჯმენტი. უფრო მეტიც: მოსახლეობას  თავს დაატეხეს ამერიკული დოლარის კურსის აწევა ეროვნულ ვალუტასთან დამოკიდებულებაში, რამაც მსესხებლები  დიდ ფინანსურ ზარალამდე მიიყვანა და მოსახლეობა  კიდევ ერთხელ გააღატაკა; ყველაფერი გაძვირდა ბაზარზე, ერთ ლარად ღირებული  წებო ,,მომენტი“ 2.50 ლარი გახდა, ერთი კილო სტაფილო, შარშანდელი 40 თეთრიდან, წელს 1.20 ლარამდე ავარდა, ასევე ჭარხალი და ღარიბი მოსახლეობის ყოველდღიურ მენიუში შემავალი  სხვა  საკვები ინგრედიენტები…

ინფლაციას ყველა ეკონომისტი თავისებურად ხსნის, მაგრამ ვერსად გავექცევით მის კლასიკურ განმარტებას: ,,ინფლაცია-(გაბერვა), ეს არის მიმოქცევის არხების გავსება ქაღალდის ფულით, ფულის გაუფასურება და ფასების ზრდა“. საიდან მოვიდა ამდენი ფული? ოფიციალური ინფორმაციით საქართველოს მოსახლეობის ერთი მილიონი ნაწილი ღარიბია, ნახევარი მილიონი – ღატაკი, დახმარება სახელმწიფოს მხრიდან მიზერულია, დასაქმებულად ჩათვლილი მოსახლეობის ნახევარ მილიონზე მეტს დარიცხული ხელფასი თვეში 500 ლარზე ნაკლები ჰქონია (საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია). აბა ვის ხელში ხვდება ამდენი ფული, რომ ფულის მიმოქცევის არხები გაივსო?..

საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელსაც აქვს საშუალება, დაიჭიროს კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთები, დაარეგულიროს და კომერციული ბანკების მიერ სესხების გაცემა უზრუნველყოს ეროვნულ ვალუტაში, უბრალოდ არ ერევა ამ საქმეში, უფრო მეტიც: როგორც ჩემთვის ცნობილია, ვალუტის კურსის დადგენაში მონაწილეობენ მხოლოდ ეროვნული და კომერციული ბანკები და სხვა არავინ  (ენის გამომტანი). ამიტომ, არაა ცნობილი, რეალურად როგორ ხდება კურსის დადგენა და რა დამოკიდებულებაა ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების მოცულობებს შორის. მიმოქცევაში დიდი ფულის  არსებობას, ცნობილია, რომ ხელს უწყობს გამოუმუშავებელი ფულის მასის გაშვება მიმოქცევაში, ასეთი ფული კი აქვთ სახელმწიფო მოხელეებს და საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებსაც წარმოადგენენ კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

აქ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, სხვაც ბევრია მოსაწესრიგებელი, დასარეგულირებელი და ქვეყნის სასარგებლოდ გადასაწყვეტი, მაგრამ არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს ეს და სხვა უბედურებები მხოლოდ ამ ხელისუფლების დროს ხდება. არა და არა, ეს ყველაფერი, როგორც სტატიის დასაწყისში ვთქვი, დაიწყო 1991  წლის 22 დეკემბრიდან და მას შემდეგ მოსული ხელისუფლებები არ ღალატობენ ედუარდის ანდერძს,  გეგმაზომიერად ამცირებენ საქართველოს მოსახლეობას და არაფერს აკეთებენ ერის გადასარჩენად, თორემ ასეთის სურვილის შემთხვევაში ,,მრგვალი მაგიდის“ მიერ შემუშავებული პროგრამა საქართველოს განვითარებისა, 25 წელია ელოდება საკუთარი ხალხისმოყვარე, ეროვნულად მოაზროვნე და პატიოსან  მმართველს…

თეა ლაკირბაია

2015 წლის დეკემბერი

გაზეთი “განმათავისუფლებელი” N47

 
%d bloggers like this: