IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ქართული მეცნიერების 20 წელი

• ს. ე. გ. მ

მანანა გაბაშვილი

                                                           

ქართული მეცნიერების 20 წელი

    

      1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალებიდან დღემდე განვლილი ოცწლიანი პერიოდი სხვადასხვა თვალსაზრისით საფუძვლიან კვლევასა და ანალიზს ითხოვს. პირველ რიგში იმ მიზეზთაა და შედეგთა გააზრებით, რაც ამ მოვლენებს უდევს საფუძვლად. კერძოდ, სისტემას, რომელიც საქართველოს 1992 წლიდან გარეშე ძალებმა შიდა ძალებზე დაყრდნობით მოარგეს და ქვეყანა უმძიმესი პრობლემების წინაშე დააყენეს (ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, მიზანმიმართულად გაღატაკებული ხალხი, დევნილები, ემიგრანტები, უცხოეთში დამამცირებელი სამუშაობისათვის განწირულები და სხვ.). საფრთხე შეექმნა ფუნდამენტურ ღირებულებებს, ქართულ სახელმწიფოებრიობასა და საზოგადოებას, რომელიც საქართველოსთვის მიუღებელსა და დამანგრეველ პრინციპზე ააწყვეს. ეს არის სოციალური სოლიდარობისაგან შორს მყოფი საზოგადოება, დამყარებული უზომოდ გამდიდრებულ მცირე ჯგუფებსა და გაღარიბებულ უმრავლესობაზე.

     ეს არის ის, რაც ხელს უშლის ერის თვითრეალიზაციასა და ნიჭიერების გამოვლინებას, ერის განათლებისაკენ სწრაფვას, მატერიალურად ყველასთვის მისი ხელმიუწვდომლობის გამოც. ამდენად სახელმწიფო გადატრიალებამ, მანკიერმა სისტემამ, ქვეყანასა და ყველა სფეროს რომ მოარგეს, დაღი განათლებასა და მეცნიერებასაც დაასვა, დასწია მისი დონე.

     1992 წლის შემდეგ სამშობლო არაერთმა მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტმაც დატოვა, რაც მთავარია ახალგაზრდობამ, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს აღმშენებლობას უნდა გამოდგომოდა. ბევრს იმ ცოდნით, საქართველოში რომ მიიღო (რომლის დისკრედიტაციაც ასევე შეგნებულად მოხდა) დღეს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წამყვანი პოზიციები უკავია, ქართველ ფიზიკოსთა ჯგუფი შვეცარიაში (ცერნის კოლაიდერი) მსოფლიოსათვის უმნიშვნელოვანეს ექსპერიმენტში მონაწილებს და სხვ.

   ათეული წლების მანძილზე საქართველოში შექმნილი ინტელექტუალური კაპიტალი, რაც ქვეყნის წარმატებისა და პროგრესის მთავარი საწინდარია, საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ამას ფუნდამენტურ მეცნიერებაზე უარის თქმამ, ქართული სამეცნიერო სკოლების ნგრევამ შეუწყო ხელი, რასაც საერთაშორისო სახელისა და რეზონანსის მქონე ქართული სამეცნიერო სკოლებიც ვერ გადაურჩნენ. გაქრა _ ანდა გაქრობის პირასაა _ ცალკეული სპეციალობები. ამის გადასაფარად და ნგრევის გასამართლებლად დაიწყო ქართული მეცნიერებისა და განათლების ხელაღებით კრიტიკა, რომელიც უფრო მის დისკრედიტირებას ისახავდა მიზნად და საქართველოსათვის განვითარებადი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ამას საქართველოსათვის შესაბამისი პროგრამების მისადაგებაც მოჰყვა. არაერთი საეჭვო განათლებისა და კვალიფიკაციის, საკუთარ ქვეყანაში ხელმოცარული უცხოელის შემოსვლა, რომელთა გაფეტიშებაც ადგილობრივი კადრების დაკნინების ხარჯზე მიზანმიმართულად დაიწყეს. ამ უცხოელმა ,,განმანათლებლებმა” საქართველოში პარტნიორები, უფრო ზუსტად, თანამზრახველები მოძებნეს (თავიანთ მატერიალურ ინტერესთა რეალიზაციისათვის) იმ ქართველებს შორის, ვინც 1992 წლის მოვლენებმა ასპარეზზე გამოიყვანა და ვის ამ ,,წარმატებასაც” ხელისუფლებამ შეუწყო ხელი. შედეგად წაახალისა ზერელეობა, ზედაპირულობა, არაკომპეტენტურობა, უზნეობა და სიცრუე. დაიწყო მცდელობა ღირებულებათა გადაფასების, საუკუნეთა მანძილზე შემუშავებული ტრადიციების ხელყოფის, ძველი და დრომოჭმული ველური სავაჭრო კაპიტალიზმის პროგრესულ მოვლენად გამოცხადების, იოლი, არაკეთილსინდისიერი გამდიდრების გზების ძიების, ფულსა და ფულის გაფეტიშებაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნის პროპაგანდა, რომლისთვისაც უცხოა სულიერი და მარადიული ღირებულებანი, სოციალური სოლიდარობა, რაზეც ტრადიციულად ქართული საზოგადოება იდგა და საქართველო დღემდე მოიყვანა.

    ფული და არა პროფესიონალიზმი გახდა ყველა დარგის და მათ შორის პოლიტიკის მამოძრავებელი ძალა. შესაბამისად, სხვადასხვა სფეროსა და დარგისათვის ნორმად იქცა ძალადობა და ძარცვა.  ამას შეეწირნენ პროფესიონალები, ინსტიტუტები, ბიბლიოთეკები, წიგნები, მატერიალური კულტურის ძეგლები. რესტავრაციის ხელოვნებაში გაუაზრებლობასა და პოპულიზმს, დაფუძნებულს გაუმართლებელ სისწრაფეზე, ემსხვერპლნენ უნიკალური ქართული კულტურის ნიმუშები, ძეგლები, ძველი, ისტორიული მნიშვნელობის ქალაქები, რომელთაც დაუკარგეს მთავარი განცდა _ ეროვნული სულისა და სიძველის იერი, რაც მათ თავისთავადს და განსაკუთრებულს ხდიდა. ისინი ერთ თარგზე გამოჭრილ, ყალბ თეატრალურ დეკორაციებს დაამსგავსეს. თანაც სიღნაღში ევროპული რატუშა ააშენეს, მცხეთაში, სვეტიცხოვლის შესასვლელთან კი გაუგებრობა, პართენონს მიმსგავსებული კარიკატურა. ამასთანავე მკვიდრდება ქართული აზროვნებისა და გემოვნებისათვის უცხო და მყვირალა, მჭახე, ე.წ. შხამიანი (ფერწერის ენაზე), ფერები.

      გენიალური უბრალოება და ორიგინალობა ქართული კულტურის, ხელოვნებისა და არქიტექტურისა შეცვალეს ზოგ შემთხვევაში (საკუთარი ინტერესებისა და გემოვნების შესაბამისად, რისი მამოძრავებელიც კვლავ ფული და ანგარებაა) სხვისი გუშინდელი და დღევანდელი დღის იმიტაციითა და გადამღერებით, რაც ფაქტობრივად პლაგიატია. ამასათანავე მოხდა იგნორირება მეცნიერების იმ დარგებისა, რომელიც პირდაპირ კავშირშია არქიტექტურასთან, ამ რთულსა და კომპლექსურ, თავის მხრივ, სხვადასხვა მეცნიერების შემცველ სფეროსთან _ ისტორიასთან, სოციოლოგიასთან, ფსიქოლოგიასთან, ეკონომიკასთან, ეკოლოგიასთან, გეოდეზიასთან, მათემატიკასთან,  რაც მთავარია, ეროვნულ ფსიქოლოგიასთან, ქართული საზოგადოების თავისთავადობასთან და ა.შ. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მოწვეულ არქიტექტორთა შენობა-ნაგებობანი,  ხიდები და სხვ. უცხო სხეულივით იჭრება თბილისის უნიკალურ გეოგრაფიულ გარემოში, რომლის ხელყოფაც მიმდინარეობს მისი ბუნების თვითნებური განადგურების გზით.

      უცხოელთა ეს შენობა-ნაგებობანი არ ესადაგება თბილისის საერთო მასშტაბსა და იერს. თუმცა ეს არც თბილისის მერიის მესვეურთ, არც მათ მოწვეულ უცხოელ არქიტექტორებს ანაღვლებთ. მათ არ აღელვებთ  ძველი თბილისი და მისი ისტორია, მისი განუმეორებლობა და თავისთავადობა, რისი დასტურიც ახალ აშენებული იუსტიციის სახლია, ამოვარდნილი ძველი თბილისის მასშტაბიდან. ამ სახლს თბილისელთა გულდასაწყვეტად ქალაქის ერთ-ერთი მყუდრო და გამწვანებული (ოთხმოცწლიანი, უნიკალური ჯიშის ხეებით) და ტენისის კორტები შეეწირა, რაც მთავარია, სივრცეები, რომელიც გარემოს ერთ მხატვრულ კომპოზიციად კრავდა.

     ასეთივე მხატვრულ გაუგებრობათა და უგემოვნობის ნიმუშია ისტორიული რიყეც, რომელსაც ბარბაროსულად მოექცნენ და ნამდვილი მხატვრულ-არქიტექტურული დომხალია. ამაზე აქცენტს ვაკეთებთ იმიტომაც, რომ ყველაზე  თვალნათლივ არქიტექტურა ასახავს ეპოქის სახეს. ამ გარემოში ვცხოვრობთ, იზრდება და ყალიბდება ახალი თაობა, მისი გემოვნება, გარემოსადმი დამოკიდებულება, ფსიქოლოგია. ზოგ ახალგაზრდას ეს უკვე კიდეც მოსწონს და უგემოვნობას სილამაზედ აღიქვამს. აღმშენებლობად კი იმას, რაც ხდება თბილისის ცენტრალურ უბნებში, როდესაც ხელისუფლებასთან დაახლოებული არქიტექტორები ორიგინალობასა და თავისთავდობას უკარგავენ თბილისის უნიკალურ ლანდშაფტს, დაუშვებელი, უსახური და მიუღებელი მასობრივი (რასაც კომუნისტები ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მაინც აკეთებდნენ) განაშენიანებით,Aასევე, როგორც ეს უკვე ითქვა, არქიტექტურისათვის მნიშვნელოვან სივრცეთა ჩაკეტვით, რის გამოც, მაგალითად, თბილისის სპორტის სასახლე (რომელიც მის ირგვლივ აშენებული შენობებით დაახრჩვეს) აღარ აღიქმება.

     იგივე უნდა ითქვას გმირთა მოედანზე და იქ განთავსებულ სამარცხვინო ბოძზე, რომელიც ძეგლია იმისა, თუ რა დამართეს ქართულ კულტურასა და გემოვნებას უნიჭო და უმეცარმა ჩინოვნიკებმა და მათმა ფავორიტებმა. ეს არის იმის დასტურიც, რომ თბილისის განაშენიანება და სატრანსპორტო პოლიტიკა იმ  ვითარებაში ხორციელდება, როდესაც არ არსებობს თბილისის გენერალური განვითარების გეგმა, რაც ტოლფასია იმისა, რომ ქვეყანა კონსტიტუციის გარეშე იმართებოდეს.

     როგორც აღინიშნა, ყველა ამ პრობლემას მეცნიერება უდევს საფუძვლად. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ყველა გზა მეცნიერებისაკენ მიდის. მეცნიერების განადგურება კი პირველ რიგში ტოლფასია სახელმწიფოს განადგურების. ცნობილია,  ქვეყანა, რომელიც არ მიისწრაფის მეცნიერებისაკენ და უარს ამბობს მეცნიერებზე, კოლონიად გადაიქცევა. ამიტომაც 1991-92 წლების მოვლენების ობიექტური და მიუკერძოებელი ანალიზის გარეშე ვერ მივიღებთ სწორ პასუხს, რა მოხდა ქართულ მეცნიერებაში, როგორი სისტემა მოარგეს მას, რა მოუვიდა ქართულ საზოგადოებასა და კერძოდ სამეცნიერო წრეებს. სწორედ მეცნიერული პრინციპები და მიდგომა ითხოვს, რომ ბოლო 20 წელს მივუდგეთ არა ცალმხრივად, და კონტექსტიდან ამოგდებულად, არამედ მთლიანობაში გავიაზროთ, ისევე როგორც ყველა იმ პრობლემას, რომელიც სათავეს 1992 და არა მხოლოდ 2003 წლიდან, ,,ვარდების რევოლუციიდან~ იღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბოლო 20 წლის მოვლენები გაანალიზდება ისე, თუ ვის როგორ აძლევს ხელს, რისი ტენდენციებიც უკვე შეინიშნება.

ეს ეხება მეცნიერებაში შექმნილ მდგომარეობასაც, სადაც ისევე გაჩნდნენ თვითმარქვია, ახალი ტიპის ყველაფრის მკადრებელი ფსევდომეცნიერები და ფსევდოპატრიოტები, როგორც სხვადასხვა დარგში თვითმარქვია ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, ექსპერტები და, რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, თვითმარქვია არქიტექტორებიც, რაც დღევანდელობის კიდევ ერთი პარადოქსია.

როგორც ეს უკვე ითქვა, ბოლო 20 წლის ვოლუნტარიზმმა და განუკითხაობამ მეცნიერებაშიც ზერელე და იოლი გზების მაძიებლები მოამრავლა, მეცნიერების  მომხმარებლები, სხვათა შრომების მიმთვისებელი პლაგიატორები. ამ შემთხვევაშიც ამ ტიპის ე.წ. მეცნიერთა ასპარეზზე გამოსვლას 1991-92 წლებ149012_4527586635930_2133712232_n[1]ის დეკემბერ-იანვრის  სახელმწიფო გადატრიალებამ, ქართული სამეცნიერო სკოლების მოშლამ შეუწყო ხელი, რაც მოხდა ხელოვნურად და გამიზნულად. მითუმეტეს, რომ მეცნიერება ყოველთვის სახელმწიფოებრიობასა და პოლიტიკასთან გახლდათ დაკავშირებული. ასე იყო შუა საუკუნეების საქართველოში და ასეა დღესაც.
 ვინც 1991-1992 წლის დეკემბერ-იანვრის მოვლენების დროს  ხელყო ქართული სახელმწიფოებრიობა, ხელყო ქართული მეცნიერებაც.
 მეცნიერების პოლიტიკასთან (თავისუფალ აზროვნებასთან,  თავისუფლებასა და თავისუფალ საზოგადოებასთან) კავშირი  ესმოდათ იმ დიდ ქართველებს,  სხვადასხვა დროსა და ხანაში, ქართული მეცნიერების სათავეებთან რომ იდგნენ.
ივანე ჯავახიშვილი ქართული უნივერსიტეტისათვის ბრძოლის დაწყებისას აცნობიერებდა თუ რამდენად იყო საქართველოში უნივერსიტეტის დაარსება დამოკიდებული პოლიტიკაზე. ამიტომ 1905წ. რევოლუციის შემდეგ იგი თვალს ადევნებდა რუსეთის იმპერიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. იმპერიის დასუსტება რეალურს ხდიდა ქართული უნივერსიტეტის დაარსებასა და ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. ივანე ჯავახიშვილისათვის არ წარმოადგენდა საიდუმლოებას, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის იმპერია ქართული საზოგადოების მისწრაფებას, რომელსაც სურდა ქართული უნივერსიტეტის დაარსება და ქართული სამეცნიერო კადრების ჩამოყალიბება.
     1917წ. თებერვლის რევოლუციის შემდეგ პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნებულმა ივანე ჯავახიშვილმა ამავე წლის  12 მაისს, ,,ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების” დამფუძნებელ კრებაზე წაიკითხა მოხსენება. მან ისაუბრა საქართველოში უმაღლესი განათლების ისტორიასა და უნივერსიტეტის გახსნის აუცილებლობაზე და ამასთან დაკავშირებით აღნიშნა:
,,…რა საკვირველია ჯერ კიდევ ბევრი შრომა და მხნეობაა საჭირო, ქართული მეცნიერებისა და აზროვნების აყვავებამდის, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაკლია. მაგრამ ყველა გრძნობს, რომ შესაძლებელია ქართულმა აზროვნებამ და ენამ წინანდებურად ლაღად ფრთა გაშალოს, ქართველობამ კვლავ აზროვნების უმწვერვალეს სფერომდე აღმაფრენა შეძლოს და თავის ამ სულისკვეთებისათვის შესაფერისად მოქნილი და მდიდარი ენა შექმნას; ხოლო თუ ჩვენ გვინდა, რომ ამ აღორძინებას მტკიცე საფუძველი ჰქონდეს, ფესვები მაგრად გაიდგას და უხვად გაიფურჩქნოს, უნდა დაუყოვნებლივ ჩვენს თანამედროვე ვითარებას ჩაუკვირდეს და საქმის შესატყვისი სამოქმედო გეგმა შევიმუშაოთ, რომლის განსახორციელებლად არაფერი არ უნდა დავზოგოთ და არავითარი დაბრკოლების წინაშე არ უნდა შევდრკეთ. საქართველოს თანამედროვე აღორძინება ჯერ კიდევ ნორჩია, რომ მას გულმტკივნეული მზრუნველობა არ ესაჭიროებოდეს. ყველასათვის ცხადი უნდა იყოს, რომ არცერთს ეროვნებასა და ქვეყანას არ შეუძლია შეუჩერებელი კულტურული ზრდა, თუ რომ მას შესაბამისად განვითარებული და მუდამ წარმატებაში მყოფი მეცნიერება არ აბადია. ერის ყოველი წარმატება, თვით ნივთიერი კულტურის სფეროშიც კი, თეორიული მეცნიერების წარმატებასა და აღორძინებაზეა დამოკიდებული. რაც უნდა კარგად შეისწავლოს პრაქტიკულად გამოსაყენებელი ტექნიკის თვით უკანასკნელი აღმოჩენა და საშუალებანი, თუ რომ თეორიული მეცნიერება მას საფუძვლიანად მუდამ ნიადაგს არ უმაგრებს, ამგვარს ცოდნას, ვითარცა ნამდვილს ხელოსნურსა, მცირედი ღირებულება აქვს და თანდათან უნდა ჩამოქვეითდეს. ამიტომ ცხადზე უცხადესია, რომ თუ ჩვენ გვსურს ჩვენი ერის გონებრივსა და კულტურულს ნორჩ აღორძინებას ფესვები გავუმაგროთ, მთელი ჩვენი ძალღონე ქართული მეცნიერების შექმნას და აყვავებას უნდა ხელი შევუწყოთ” (,,სახალხო საქმე”, 1917, 63).
     ივანე ჯავახიშვილის ეს სიტყვა დღესაც კვლავ აქტუალურია.
     ქართული მეცნიერების ისტორიის თვალსაზრისით კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას უნდა მიექცეს  ყურადღება, რასაც ივანე ჯავახიშვილი ითვალისწინებდა და მეცნიერებას უკავშირდებოდა. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ კერენსკის დროებითმა მთავრობამ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქართული საზოგადოების მოთხოვნა და ქართულ უნივერსიტეტს არა სამეცნიერო, არამედ მხოლოდ სასწავლო ფუნქციის უფლება მისცა. მაგრამ ამგვარად შეზღუდული უნივერსიტეტი სრულფასოვანი არ იქნებოდა, რაც ივანე ჯავახიშვილასათვის მიუღებელი იყო. ამიტომ მისი კატეგორიული მოთხოვნა გახლდათ, რომ უნივერსიტეტი მეცნიერული ცენტრიც ყოფილიყო. ამის შესაძლებლობა ქართველ ერს მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მიეცა. თბილისის უნოვერსიტეტის გახსნა 1918წ. 26 იანვარს (ახ. სტილით 8 თებერვალი) ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგი იყო, რითაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა განათლებისა და მეცნიერების კავშირი პოლიტიკასთან. რაც მთავარია, გაიხსნა ისეთი უნივერსიტეტი, რომელიც ივანე ჯავახიშვილსა და ამ საქმეში მასთან მყოფ მეცნიერთა ჯგუფს, მათ მხარდამჭერ ქართულ საზოგადოებას ჩაფიქრებული ჰქონდა.
      არც ის არის შემთხვევითი, რომ ეს მოხდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, რომლის სახელიც ქართული განათლების ისტორიასაც უკავშირდება, გელათის აკადემიიის დაარსებას, დიდ ქართველ მეცნიერებთან თანამშრომლობას (იოანე პეტრიწი და სხვ.). თვითონ დავით აღმაშენებელი, როგორც ეს კარგად არის ცნობილი, თავისი დროის ერთ-ერთ უგანათლებულესი პიროვნება იყო. მის შესახებ შუა საუკუნების ერთი უცხოური წყარო წერს, რომ ქართველი მეფე ხელს უწყობდა ცოდნისმოყვარე ივერიელ ერს. ქართველი ერის ცხოვრებაში განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ ქართულ სავანეებში მოღვაწე ქართველი ბერები, რომლებიც დიდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდნენ, ფრანგი მეცნიერის როლან პეტის აღიარებით, სხვა ეროვნების ბერებს შორის ყველაზე განათლებულნი იყვნენ.  როდესაც ათონის მთის სხვადასხვა სავანეთა წიგნსაცავებში არსებული წიგნები და ხელნაწერები დაითვალეს (ბერძენმა და სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებმა), ყველაზე მდიდარი ქართველთა სავანის (,,ივირონის”) ბიბლიოთეკა აღმოჩნდა.
      დამოუკიდებელი საქართველოს (ქართველ ერს ახალ, დიდ ამოცანათა წინაშე რომ აყენებდა) ახალდაარსებულ უნივერსიტეტში, უცხოეთიდან საქართველოში სამოღვაწეოდ არაერთი მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერიც მოიწვიეს. მათი დამსახურებაა ქართული სამეცნიერო სკოლების შექმნა და ეროვნული კადრების აღზრდა. დროთა მანძილზე უკვე ზოგიერთი მათი აღზრდილი გახდა მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი, ვის სახელსაც უკვე მოგვიანებით ახალი ქართული სამეცნიერო სკოლების შექმნა დაუკავშირდება. მათში იმდენად დიდი იყო პატრიოტული განწყობა და სამშობლოს მსახურების სურვილი, რომ მაშინაც, როდესაც 1921წ. საქართველოს დამოუკიდებლობა დაამხეს, მათ ეს დიდი ისტორიული მისია დაპყრობილი სამშობლოს პირობებშიც გააგრძელეს. ამისკენ მათ ივანე ჯავახიშვილმა, უნივერსიტეტის რექტორმა (1919-26 წწ.), პირველი გამოშვების სტუდენტებს მოუწოდა. მის მიერ წარმოთქმული სიტყვა სტუდენტმა სერგი მაკალათიამ ჩაიწერა, რომელიც  მეცნიერის არქივზე მუშაობისას აღმოვაჩინე.
      ეს არის უნივერსიტეტის რექტორის თამამი და მრავლისმეტყველი გამოსვლა, საიდანაც ჩანს ივანე ჯავახიშვილის მოქალაქეობრივი პოზიცია, რომელიც არათუ შეეგუა 1921წ. საქართველოს ოკუპაციას, არამედ მომავალ მეცნიერებს ამ გზითაც, ხალხში ისტორიის პოპულარიზაციით, საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე, დამოუკიდებლობაზე ფიქრისა და მოქმედებისკენ მოუწოდა და შემდეგი სიტყვებით მიმართა:
,,მე ბედნიერი ვარ დღეს, რომ ვხედავ დღეს ჩვენი ხანგრძლივი ოცნებისა და ბრძოლის ნაყოფს. ჩვენ მიერ დაარსებული პირველი ქართული უნივერსიტეტის პირველ გამოშვებას. ეს არის ჩვენი პირველი დიდი გამარჯვება, ქართველი ხალხის პოლიტიკურ-კულტურული აღორძინების მტკიცე საძირკველი და თქვენ, ჩემო საყვარელო მოწაფეებო, მშობლიური ისტორიის მცოდნეობა, შეძენილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, შეიტანეთ და გაავრცელეთ ხალხში, რომ მან იცოდეს, აცნობიერებდეს, აფასებდეს თავის ისტორიულ წარსულს. ეს იქნება საწინდარი ჩვენი ერის პოლიტიკური და კულტურული აღორძინების, თავისუფლებისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივი არსებობისა. თქვენ უნდა იღვაწოთ და არ უნდა მისცეთ განსვენება თვალთა თქვენთა, ვითარცა გიორგი მთაწმინდელი, რომ მოიპოვოთ ჩვენი სამშობლოს საუკეთესო მომავალი”.
 ივანე ჯავახიშვილმა ამ სიტყვით, რომელიც უკვე ოკუპირებულ საქართველოში წარმოსთქვა და მოქალაქეობრივი გმირობის ტოლფასი იყო,  აშკარად დაადასტურა, რომ მეცნიერება ერთ-ერთი გზაც არის საქართველოს დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვაში და ისიც ამ გზას დაულოცავს თავის მოწაფეებს, რომლებიც თვითონაც უკვე მოწაფეთა მასწავლებლები გახდებიან. ამ ჭეშმარიტ მეცნიერთა თავდაუზოგავი, უმძიმესი და პატიოსანი შრომის (,,ვითარცა გიორგი მთაწმინდელი”) მოტივაცია სამშობლო და დაკარგული თავისუფლების აღდგენა იყო.
ეს  გავაცნობიერე მაშინაც, როდესაც 1991წ. 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ვაწერდი ხელს და, თუკი მზად აღმოვჩნდი ამ დიდი ისტორიული პროცესებისათვის, ეს იყო განათლებაც, რომელსაც ამ მეცნიერებმა მაზიარეს, დამსახურება მათი ლექციებისა და სამეცნიერო ნაშრომებისა, სადაც ისეთ პრობლემებსა და საკითხებს წამოჭრიდნენ, როგორიც არის ქართველი ხალხის გამძლეობის ის მიზეზები, რამაც ქართველები დღემდე მოგვიყვანა. თუ რას ნიშნავდა ქართველებისთვის ქართული სახელმწიფოს, ქართული მიწისადმი დამოკიდებულება, ბრძოლა ამ მიწების დაცვისა და შენარჩუნებისათვის, რაც ქართველობის შენარჩუნებას ნიშნავდა. როგორ შევძელით საუკუნეთა მანძილზე საკუთარი წარმოების, მეურნეობის, კულტურისა და იდეოლოგიის შენარჩუნება და სხვ. ეს იყო შორს გამიზნული და ქართული პოლიტიკის  პერსპექტივებზე გათვლილი ის აუცილებელი ცოდნაც, რაც ივანე ჯავახიშვილის ზემოთ მოყვანილ სიტყვებს მიესადაგება და  პროგრამული ხასიათისა გახლდათ.
ჩვენ ლექტორებს შორის იყვნენ ის მეცნიერებიც, იარაღით რომ ებრძოდნენ ოკუპანტებს, იყვნენ გადასახლებიდან დაბრუნებულებიც, კეთილშობილი და საოცრად კეთილგანწობილები, უკვე მოხუცებულები, ვიცოდით სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპულ მეცნიერთა სახელებიც. ვხვდებოდით იმასაც, რომ კომუნისტებისა და კომუნისტური სისტემისთვის არ ყოფილა იოლი ამ ჭეშმარიტ მოქალაქეებთან და მეცნიერებთან ბრძოლა, რადგანაც მათზე გამარჯვება ისტორიის წინაშე მარცხის ტოლფასი იყო. ისინი პიროვნებები იყვნენ. პიროვნებასთან, რწმენასა და იდეასთან ბრძოლა კი შეუძლებელია.
მართალია ჩვენ, ლექტორები და სტუდენტები, ღიად არ ვსაუბრობდით ამ თემებზე, მაგრამ ვიცოდით ამ მეცნიერთა ცხოვრება და უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის, და მაშინ ძნელად თუ წარმოვიდგენდით, ჩვენც და ისინიც, რომ  სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში, ერთი ნაწილი მაშინდელი სტუდენტობისა, მათ მიერ გავლილ რთულსა და საშიშ გზას დაადგებოდა და დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების წევრი გახდებოდა.
არის დარგები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკას. არ არის შემთხვევითი, ივანე ჯავახიშვილმა პეტერბურგიდან დაბრუნებისთანავე ქართული ორიენტალისტიკის სკოლის შესაქმნელად ნიადაგის მომზადება რომ დაიწყო. ეს ზრუნვა პირველ რიგში იმ ფაქტორით იყო გაპირობებული, რომ აღმოსავლეთმცოდნეობა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი დარგია, მით-უმეტეს ისეთი ქვეყნისათვის, როგორიცაა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზასაყარზე მდებარე საქართველო. დამოუკიდებელ საქართველოში ამ დარგს თითქოს სტრატეგიული, კიდევ უფრო მეტი დატვირთვა უნდა შეეძინა ქვეყანაში, რომელიც კავკასიაში, მუდმივი დაძაბულობის რეგიონში მდებარეობს და მსოფლიოს ყველაზე ცხელ სამყაროს ახლო აღმოსავლეთს ემიჯნება. ამასთანავე ეს დარგი, გარდა მეცნიერებისა და პედაგოგებისა, ამზადებს დიპლომატებს, პოლიტიკურ მოღვაწეებს, რომელთა მოქმედების არეალიც დიდია.
დღევანდელ მსოფლიოში აღმოსავლეთმცოდნეები ჩართულნი არიან გაეროს, იუნესკოსა და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციათა მუშაობაში, როგორებიცაა _ ,,კულტურათა დიალოგი”, ,,მსოფლიო კულტურა”, ,,კაცობრიობის ისტორია” და სხვ. ამიტომ მეცნიერების ეს სფერო სხვადასხვა ქვეყანაში სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე განსაკუთრებული ზრუნვის საგანია. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის ჩვენმა მეზობლებმა (რუსეთი, თურქეთი და სხვ.), ის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს დარგად გამოაცხადეს.
არც ის არის შემთხვევითი, აღმოსავლეთმცოდნეთა მსოფლიო კონგრესი ჰუმანიტარულ დისციპლინებს შორის დღემდე ყველაზე მასშტაბური და მრავალრიცხოვანი რომ არის. ამავე დროს იშვიათია, ჰუმანიტარულ დარგებს შორის მსოფლიოში ისეთი ფორუმი, რომელსაც არსებობის ასეთი ხანგრძლივი _ სამსაუკუნოვანი _ ისტორია ჰქონდეს (I კონგრესი პარიზში 1873წ. გაიმართა).
თავისთავად ეს ფაქტიც მეტყველებს ყველა დროში მის აქტუალურობასა  და განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. ამას ისიც ადასტურებს, რომ აღმოსავლეთმცოდნეთა კონგრესები იმ ქვეყნებისა და მთავრობათა პატრონაჟით მიმდინარეობს, სადაც ტარდება. ამით კიდევ ერთი აქცენტი კეთდება ამ დარგის მნიშვნელობაზე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში.
მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო კონგრესი (რომელშიც მონაწილეობა მივიღე) ანკარაში 2007წ. გაიმართა. კონგრესი თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ერდოგანმა გახსნა. მიღებები და წვეულებანი გაგვიმართეს მინისტრებმა (მათ შორის კულტურის მინისტრმა, რომელიც ქართველი აღმოჩნდა და ქართულად გამომელაპარაკა), თურქეთის რესპუბლიკის მეჯლისმა. თურქეთში ყოფნისას დავრწმუნდი, თუ განათლება და მეცნიერება თვით მოსახლეობის ფართო ფენების დონეზეც რაოდენ პრესტიჟულად მიიჩნევა.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღმოსავლეთმცოდნეთა კონგრესი, რომელსაც მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის წარმომადგენელი ესწრება და ყველაზე მრავალრიცხოვანია, ერთგვარი მსოფლიო ტრიბუნაცაა საკუთარი ქვეყნის პრობლემების წამოჭრისა და საერთაშორისო რეზონანსის გამოსაწვევად. როგორც ჩანს, ამიტომაც უახლესი ისტორიისა და პოლიტიკის სექციას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მას სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და პოლიტიკოსები ესწრებიან. სამწუხაროდ, ანკარაში, ამ სექციაში, არც-ერთი ქართველი არ მონაწილეობდა, რაც გაუმართლებელი იყო, სამაგიეროდ, აქტიურობდნენ სომხები და აზერბაიჯანელები თავიანთი ცნობილი პრობლემებით. ამაში დავინახე ქართული მხარის როგორც უპასუხისმგებლობა და პასიურობა, ისე გულგრილობა.
ეს ჩემთვის უკვე საერთაშორისო დონეზე აღქმული იმ მოვლენათა შედეგები იყო, რომელიც სათავეს 1992 წლიდან იღებს, იმ ხალხიდან, ვინც დამოუკიდებლობა (გარეშე ძალების ხელშეწყობით) ხელიდან გამოგვტაცა და რამაც _ პოლიტიკასთან ერთად _ ქართული მეცნიერებაც დააზარალა.
ძალადობაზე აგებული იმ რეფორმებით, სადაც გაუთვითცნობიერებელი ჩინოვნიკისა და არა მეცნიერის აზრი გავიდა. ანგარიში არ გაეწია საკუთრივ მეცნიერთა მიერ მომზადებულ აკადემიის რეფორმის პროექტს, აკადემიის პრეზიდენტის (აკად. თამაზ გამყრელიძე) და სხვა ცნობილ მეცნიერთა საპროტესტო წერილებსა და ყურადსაღებ რჩევებს. შედეგად, მაგალითად, აღმოსავლეთმცოდნეობა, რომელზეც უნივერსიტეტის დამაარსებლებმა განსაკუთრებით იზრუნეს და რომელსაც, როგორც ეს უკვე აღინიშნა, მისი სტრატეგიული დანიშნულებიდან გამომდინარე დამოუკიდებლობის პირობებში მეტი მნიშვნელობა და დატვირთვა უნდა შეეძინა, დაზარალდა. მისი მიზანმიმართული დაკნინების პოლიტიკის პირობებში კი აღმოსავლეთმცოდნეობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში მოკრძალებული, ერთი პატარა კუთხე ხვდა ჰუმანიტარულ უზარმაზარ ფაკულტეტში.
პარადოქსულია, რომ ის, რაც ამ დარგს მისცა კომუნისტურმა რეჟიმმა, აღმოსავლეთმცოდნეობის ცხრასართულიანი ინსტიტუტის შენობის ჩათვლით, აკადემიკოს გიორგი წერეთლის დიდი ავტორიტეტის გათვალისწინებით, დარგის განვითარების პერსპექტივით, სადაც წლების მანძილზე სხვადასხვა მიმართულებით მეცნიერებისა და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი კვლევები მიმდინარეობდა, დამოუკიდებელ საქართველოში დაარბიეს.
ესეც ეჭვებს ბადებს დამოუკიდებლობის ძალადობით ჩამგდებთა მიმართ, ვისაც დამოუკიდებლობაზე არც უფიქრიათ და არც უღვაწიათ.
ამიტომაც უსასტიკესი რეპრესიები დამოუკიდებლობის გამომცხადებელ ეროვნული ხელისუფლების წევრთა და  მათ მხარდამჭერთა მიმართ არ ყოფილა შემთხვევითი. ეს ჩანს იქიდანაც, რომ ამ ძალამ დამოუკიდებლობის დისკრედიტაციასთან ერთად (ხალხის შეგნებული გაღატაკება მათი იოლად მართვის გამოც და სხვ.) დამოუკიდებლობა პირადი გამდიდრებისათვის გამოიყენა, რაც დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა. დღემდე ეს ძალები ქონების მითვისება-გადანაწილებით არიან დაკავებულნი და იმ ფუფუნების დემონსტრირებით (ხელისუფლების პირველი პირების ჩათვლით), რასაც ყველგან ცივილიზებულ სამყაროში ერიდებიან, მითუმეტეს გაღატაკებულ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 35% სიღარიბის ზღვარზეა, 45% კი ზღვარს ზემოთ. გაეროს 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის 50% კალორიების განსაზღვრულ მინიმუმზე ნაკლებს იღებს, 35% კი კრიტიკულ ზღვარზეა, ამ ადამიანთა საკვები რაციონის 60-70% პურია. ეკონომიკურმა სიდუხჭირემ დააქვეითა მოსახლეობის იმუნური სისტემაც, რამაც მკვეთრად გაზარდა დაავადებები.
სწორედ ამ ხალხის მითითებებსა და ჩარევას, მათ მიერ ორგანიზებულ  რეფორმებს შეეწირა ქართული მეცნიერება, სამეცნიერო ინსტიტუტები და ბიბლიოთეკებიც, რომლებიც ქართველ მეცნიერთა ძალისხმევის შედეგად (ზოგ შემთხვევაში მეცნიერთა საკუთარი ფულითაც) წლების მანძილზე (რუსეთიდან, ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან ჩამოტანილი) ათიათასობით წიგნით, უნიკალური გამოცემებითა და ფონდებით მდიდრდებოდა. პარადოქსულია აგრეთვე, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ე.წ. რეფორმატორებმა (ყველა სფეროში დემოკრატიის სახელით რომ იმოქმედეს), ზოგიერთი ინსტიტუტის ბიბლიოთეკის წიგნები უკეთეს შემთხვევაში ყუთებში ჩაყარეს და მეცნიერთათვის მიუწვდომელი გახადეს, უარეს შემთხვევაში საეჭვოდ გააქრეს, ანდა, შერჩევით, გარკვეული ლიტერატურა თავიდან მოიშორეს.
მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტის ეს სიტყვები (მისი პოპულარიზაციის მაგივრად) ქართველი ხალხის მეხსიერებიდან ისევე წაშალეს, როგორც უახლესი ისტორიის სხვა  უმნიშვნელოვანესი ფაქტები, რომლებიც წლების მანძილზე კარგად ორგანიზებულ დეზინფორმაციებში ჩაძირეს.
მაგრამ რა უნდა მოსთხოვო სხვას, როდესაც თვითონვე არ იცი შენი ისტორია.
მოხსენების წაკითხვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის  ისტორიული მნიშვნელობის შესახებ (რასაც მოსკოვი მაშინდელ ოპოზიციაზე დაყრდნობით გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა), რომლის საფუძველზეც საქართველოს საერთაშორისო სამართალსუბიექტი გახდა, შეექმნა დამცავი იურიდიული მექანიზმი მის ტერიტორიულ მთლიანობას, გზა გაუხსნა საქართველოს დასავლეთისაკენ და ისეთი პროცესები დაბლოკა (მაგ., ბონერ-სახაროვის კონსტიტუციის პროექტი, რომლის საფუძველზეც საქართველოს ავტონომიებს რესპუბლიკის სტატუსი ენიჭებოდათ), ახალგაზრდა ქართველ პოლიტოლოგებს, მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა რომ ჰქონდათ. თუმცა მისასალმებელი იყო ის დიდი ინტერესი, რომელიც მათ ამ პრობლემებისადმი გამოიჩინეს, რადგანაც ამ მიმართულებით კვლევა გვიჩვენებს, რომ  საქართველოსთვის საზიანო ყველა ამ გეგმის განხორციელება მხოლოდ ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ეს არის ისტორიისადმი გაუცხოებისა და ზერელე, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების  კიდევ ერთი მაგალითი, რაშიც მთელი საზოგადოებაა დამნაშავე. ასეთ მიდგომას ასპარეზზე გამოჰყავს არაკომპეტენტური პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები, თვითმარქვია ექსპერტები და სხვადასხვა ჯურის ჭკუის დამრიგებლები. ისინი დღემდე აყალბებენ ისტორიასა და საზოგადოების დეზორიენტირებას აგრძელებენ, ზოგიერთები ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულის მისაჩქმალადაც. ეს ე.წ. ანალიტიკოსები ეროვნულ ხელისუფლებას მითების ეპოქას მიაკუთვნებენ, სტალინიზმის აღორძინებას მიაწერენ და სხვა მსგავსი აზროვნების ისეთი დომხალით აპიარებენ (სამწუხაროდ, იმ ტელევიზებითაც ხალხი ყველაზე მეტად რომ უყურებს), რაც კვლავაც  გმირთა მოედნის ბოძსა და გაუბედურებულ რიყეს მაგონებს.
 ამ ანალიტიკოსებმა, ცხადია, არ იციან, რომ გარდა ეროვნულ ხელისუფლებასთან დაკავშირებული დიდძალი მასალისა, არსებობს  ,,მრგვალი მაგიდის” კარგად დაცული და გადანახული უზარმაზარი არქივიც, ამსახველი იმ სამუშაოებისა, რაც მისმა წევრებმა ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ხელისუფლებაში მოსვლამდე ჩაატარეს.
ისტორია, და ეს მისი ბუნებაა, ყველაფერს ობიექტურად დაალაგებს (ხომ იყო დრო, ილიას წაკითხვისთვისაც რომ იჭერდნენ) და თავის სახელს დაარქმევს. აღნიშნულ მასალებს სხვადასხვა დარგის მკვლევრები ჩაუსხდებიან, რაც ტელევიზიებით გაპიარებულ ამ მითებს ბოლოს მოუღებს. ეს შეეხება მათ მიერ გაფეტიშებულ ცრუ გმირებსაც, რომელთა ,,გმირობაც~ მხოლოდ საკუთარ ხალხზე (ისიც გარეშე ძალის ხელშეწყობით) გამარჯვებაა და მტერთან დამარცხება.
 ამ დროს ჩვენ შორის დადიან  თვითმხილველნი და მონაწილენი საქართველოს უახლესი ისტორიის, გაუყალბებელი, ჭეშმარიტი ისტორიის მატარებლები, თავის მხრებზე რომ გადაიტანა ეს ისტორია. მათთვის ქართული პოლიტიკის კიდევ ერთი პარადოქსი აღმოჩნდა უკვე ყველასათვის კარგად ცნობილი ,,ვარდების რევოლუციის” ფორმულა _ პირველად საქართველოს ისტორიაში, რის გამოც ,,ჩვენ მწერლობაში” როსტომ ჩხეიძემ, ჯერ კიდევ 2006წ. (#12) პამფლეტი ,,პირველად საქართველოში” გამოაქვეყნა. თუმც ამ თემატიკასთან მიბრუნება მას კვლავ მოუწია, როდესაც ისევ გადაგვიწერეს ისტორია ,,და აი, ისევ ზედიზედ გაისმის ტელეეკრანებიდან, ხან პოლიტიკოსთა, ხანაც ჟურნალისტთაგან. საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებაო. როგორ თუ… როგორ თუ პირველად. მაშ 1990 წლის 28 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს არჩევნები საქართველოს ისტორიის ნაწილი აღარ არის. მაშინ ხომ სწორედ ასე მოხდა… კომუნისტურმა მმართველობამ მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება ზვიად გამსახურდიასა და ,,მრგვალ მაგიდას (,,რეზონანსი” 15 X, 2012).
ამ ფორმულირებამ ნაციონალებს (პიარის სკოლა გავლილ დემაგოგებს) ფრთები შეასხა, დემოკრატიის მანტია მოასხმევინა და საერთაშორისო მასშტაბით მისაბაძ მაგალითად აქცია. თუმცა ამ არჩევნებმა ახალი ტერმინი დაბადა _ არჩევნების ხაშურიზაცია (არჩევნებზე ნიღბებითა და იარაღით ბოგინი, ბიულეტენების გატაცება და სხვ.), რასაც ქვეყანა, გარკვეული ობიექტური მიზეზებითაც, საბედნიეროდ გადაურჩა.
ბევრისთვის უცნობია, უზენაესი საბჭოს შენობაში (დროდადრო რომ უტევენ და აპარტახებენ) მხოლოდ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი რომ იყო გამოფენილი, ხოლო 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის 9 აპრილის აქტი არა, რაც უზენაესი საბჭოს დეპუტატებმა გავაპროტესტეთ, მაგრამ უშედეგოდ. ალბათ ამიტომაც ქუთაისში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის პირველ სხდომაზე რატომღაც ლავრენტი ბერია გაახსენდა და არა ზვიად გამსახურდია, რომელმაც თბილისში, უზენაესი საბჭოს შენობაში, 1990წ 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, რის საფუძველზეც სააკაშვილი  საქართველოს რიგით მესამე პრეზიდენტია. თუმცა 20 წლისთავი დამოუკიდებლობისა მიხეილ სააკაშვილმა 1918 წლის 26 მაისიდან (და არა 9 აპრილიდან) ათვალა და ისე იზეიმა.
როგორც ეპყრობი საკუთარ ისტორიას, შესაბამისად გეპყრობა სხვაც. ვერავინ უნდა გიბედავდეს (თვით სტრატეგიული პარტნიორიც), დაგამახანჯებინოს ისტორია. ეს არის ეროვნული ღირსების საქმე. ამიტომ როდესაც ბანერზე წერ: ,,მე ვარ ქართველი, მაშასადამე ნატოელი~ (როგორც ეს ორი წლის წინათ მცხეთისკენ მიმავალ გზაზე იყო), ამით საკუთარ უთავმოყვარეობას ადასტურებ, მონურ დამოკიდებულებას სხვაზე, რაც დამღუპველია. საერთოდ ნატოში შესვლის პიარი ნაციონალებმა  კომუნისტების კომუნიზმში შესვლის ლოზუნგს დაამსგავსეს. მათივე დამსახურებაა ორმაგი სტანდარტის დაშვება. ის, რაც დასავლეთისათვის მიუღებელია (მაგალითად, დაუსჯელობა, კანონისადმი შერჩევითი დამოკიდებულება, ადამიანის ღირსების შელახვა და სხვ.), ჩვენთვის ნორმაა.
ცნობილია, რომ დასავლეთი როგორც პოლიტიკის, ისე სხვა თვალსაზრისით არაერთგვაროვანია. ეს კარგად იციან  განათლებულმა ქართველებმა და იცოდნენ XIX საუკუნის სამოციანელებმაც, რომლებიც დასავლეთთან ურთიერთობასა და ამ ურთიერთობის ხასიათზე, ჭეშმარიტ დასავლურ ღირებულებებზე (ჯერ კიდევ დაპყრობილი ქვეყნის პირობებში) ფიქრობდნენ.
ასე მაგალითად, ,,ივერიის” კორესპონდენტი გიორგი შარვაშიძე, პოეტი და დრამატურგი (აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის შვილი), რომელიც დასავლური კულტურის ღირსეული მატარებელიც იყო, აღნიშნავდა, რომ დასავლეთისგან ყველაფრის ბრმად გადმოღება, რაც დასავლეთისთვისაც პრობლემაა  ჩვენთვისაც მიუღებელია, ისევე როგორც საქართველოსადმი უპატივცემულო და ზემოდან ყურების პოლიტიკა, რისთვისაც მას საკადრისი პასუხი (ზოგიერთი ევროპელისთვისაც) გაუცია.
საკითხი ასეც უნდა დავსვათ. ქართული მხარე (1992 წლიდან) რამდენად კეთილსინდისიერად და პროფესიულად, ოპერატიულად და თანმიმდევრულად მუშაობდა დასავლეთთან საქართველოს ცნობილი პრობლემების მოგვარებაზე.  რამდენად მუშაობდა (საგარეო პოლიტიკის ჩათვლით) ქვეყნის ინტერესებისა  და არა ვიწრო პარტიული, საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნების პოზიციებიდან. მითუმეტეს, რომ დასავლეთთან (რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას) სამართლიანი და პარტნიორული  ურთიერთობის განმაპირობებელი, პირველ რიგში, სწორი საშინაო პოლიტიკაა, რაც საკუთარ ხალხზე დაყრდნობის პოლიტიკაშიც გამოიხატება, რაც პროდასავლურობის ტესტია და დემოკრატიულობის.  ვეჭვობ, იმ ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყნის კონსტიტუცია (2004წ.) ერთ პიროვნებაზე, კერძოდ პრეზიდენტ სააკაშვილზე გადაწერა, დასავლეთთან თანასწორი და პარტნიორული ურთიერთობები რომ შეძლებოდა. Eთანაც იმ ხელისუფლებას, ვინც წინა ხელისუფლების მსგავსად ქართველ ხალხს (სხავადასხვა ხერხითა და მეთოდით) ებრძვის და ატერორებს, ყიდის (უცხოელებზე) და ანიავებს ქართულ მიწებს, რაც საქართველოსათვის ყველაზე მტკივნეული პრობლემაა.  ამაზე XIX საუკუნეში ილია ჭავჭავაძე და სამოციანელები, XX საუკუნის ყველა დიდი მოღვაწე ფიქრობდა.
რევაზ გაბაშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი, მიწის საკითხს ამ პარტიის შექმნის (XXს. 20-იანი წწ,) მთავარ მიზეზად მიიჩნევდა, რომელსაც ცალკეული პიროვნებანი და ზოგიერთი პარტია ნაჭრებად და მთელი პროვინციებითაც ასხვისებდა. საქართველოსთვის მიწის გამოცლა, აღნიშნავდა რევაზ გაბაშვილი, ეს იყო დარტყმა  ქართულ სახელმწიფოებრიობაზე. ეს პრობლემები  მთავარი იყო ეროვნული ხელისუფლებისთვისაც, რომელსაც ქართული სოფლის შენარჩუნებისა და მისი გაძლიერების ჭრილში განიხილავდა. ეს ის უმნიშვნელოვანესი,  საქართველოსთვის საციცოცხლო პროლემებია, რაც ქართველ მეცნიერთა მხრიდან საგანგებო კვლევასა და განსჯას ითხოვს.
ამ შემთხვევაშიც, როგორც ისტორიის დარგის წარმომადგენელმა, მისი მნიშვნელობა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარ ისტორიას, რომ მისი ყველა წამყვანი პოლიტიკოსი საკუთარ გადაწყვეტილებას ისტორიულ წარსულზე დაყრდნობით აკეთებს. ცნობილია, რომ ამერიკის ისტორია ამავე დროს დემოკრატიის ისტორიაა. ამიტომ, როცა ამერიკელი საუბრობს თავის ისტორიაზე, ის არ ახდენს ისტორიის იდეოლოგიზაციას. მაგრამ საქართველოში, დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე, დაიწყო ქართველი ერის ისტოორის იდეოლოგიზაცია, ოღონდ დემოკრატიის თეორიით. ისევე როგორც ეს მოხდა ბოლშევიკების დროს კლასთა ბრძოლის თეორიით. ქართველი ერის ისტორია გაცილებით ხანგრძლივია, ვიდრე დემოკრატიის ისტორიაა. ამიტომ გაუგებრობას იწვევს, როდესაც საკუთარ ისტორიას უყურებ სხვისი ისტორიის თვალით. ეს გახდა მიზეზი საქართველოს ისტორიის 2003 წლიდან ათვლისა.
ისტორიის გაყალბება ჭეშმარიტი ისტორიის დავიწყების ტოლფასია. ,,ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, _ წერს ილია, _ როცა ერი თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს”. ივანე ჯავახიშვილი ნაშრომში ,,ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია” აღნიშნავს, რამდენად კარგად აცნობიერებდა ილია ისტორიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის მნიშვნელობასა და მისი განვითარების (რაშიც თვითონაც მიუძღვის წვლილი) აუცილებლობას.
ამის გამო, წერს ივანე ჯავახიშვილი, ილია თავს ანებებდა თავის პირდაპირ მოვალებას და ისტორიის კვლევა-ძიებას მიმართავდა. მისთვის ანალიზი და ისტორიული პროცესების გააზრების აუცილებლობა, რაზეც ჩვენი აწმყო და მერმისია დამოკიდებული, ჩანს ილიას იმ სიტყვებიდან, ივანე ჯავახიშვილს რომ მოჰყავს:
,,ამოდენა დაუძინებელ მტრებს შორის, რით და  როგორ შეგვარჩენდა ხარბობა უცხო თემთა ამ მშვენივრად შემკულს წალკოტსა, რომელსაც საქართველოს ეძახიან, თუ ჩვენს წარსულს ჩვენი ცხოვრებისა მაგარი ქვა არ ჩაედგა, ეს ერთის მხრით, მეორეს მხრით _ რა ჩამოგვარჩენდა ასე უწყალოდ სხვა ქვეყნებსა ან განათლებასა, ან გამდიდრებაში თუ ამისთანა ქვეყნის პატრონთა ცხოვრების საძირკველში მაგარ ქვასთან ერთად უვარგისი და ფხვილი  ქვაც არ ჩაეყოლებინა ჩვენს ისტორიას, რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელია სიფუყე და სისუსტე, ამას ახსნის და გვითარგმნის ხოლმე მარტო ისტორია. და თუ იგი დავივიწყეთ, მაშ _ დაგვივიწყნია ჩვენი ცხოვრების სათავეც, ჩვენი ცხოვრების ფესვი, ჩვენი ცხოვრების საძირკველი, და თუ ეს ასეა, რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი.”
 
 ამასთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ილია, რომელიც წარსულის ძლიერსა და სუსტ მხარეებს ისტორიულ პროცესთა უწყვეტობისა და მთლიან პროცესებთან მიმართებით გაიაზრებს, ამავე პროცესებს  დიდ მოღვაწეთა სახელებს უკავშირებს, ვისთანაც ერი ,,ჰპოულობს თავის სულსა და გულს, თავის მწვრთნელს, თავის ღონესა და შესაძლებლობას, თავის ხატსა და მაგალითს”.
ამის უამრავი მაგალითია ,,ქართლის ცხოვრებაში“. მასში ქართველი ერის დიდ სახელმწიფოებრივ გამოცდილებასთან ერთად, პოლიტიკისა და ზნეობის, პოლიტიკის განათლებასთან კავშირების მნიშვნელობაა გააზრებული, რაც ქვეყნის მართვაზეც აისახებოდა. თამარ მეფის ისტორიკოსი (ბასილი ეზოს მოძღვარი) წერს: თამარი მართავდა ქვეყანას არა ვერაგობითა და სიცრუით (რომლის მავნებლობასაც ასევე განიხილავს ,,ქართლის ცხოვრება”), არამედ სამართლიანობით. მის დროს არავის განუცდია ძალადობა, რაც ამ მხრივაც ამ წარსულს გაცილებით თანამედროვეს ხდის, ვიდრე XXI საუკუნის საქართველოა. ჩანს აგრეთვე, რომ ყველაზე წარმატებული ,,ოქროს ხანა” მხოლოდ ძლიერ ეკონომიკასა და ძლიერ ჯარს არ ეფუძნებოდა. აუცილებელი პირობა, რასაც შუა საუკუნეთა ქართული პოლიტიკა აცნობიერებდა  სამართლიანობა, განათლება, ზნეობა, სწორი სოციალური მიდგომები, სიმართლის ძალა და ის მარადიული ღირებულებანი იყო, რაც ,,ქართლის ცხოვრების” გზით თაობებს გადაეცემოდა და საუკუნეთა მანძილზე ქართველი ერისათვის სწორ ორიენტირებს წარმოადგენდა.
მრავლისმეტყველია, რომ ,,ქართლის ცხოვრება” ძალაუფლების საკითხებს თამარის მაგალითზეც განიხილავს. მასში ნათქვამია, რომ თამარს თავისთავად  ძალაუფლება და სიმდიდრე, ამქვეყნიური სიამოვნებანი და ამაოება ქვეყნისა არ იზიდავდა. ცხოვრების უბრალოება და სისადავე, ადამიანზე ზრუნვა, თამარის ცხოვრების წესი გახლდათ. ძალაუფლება მას  სამშობლოს, ხალხის მსახურებისათვის სჭირდებოდა, რაც თავის ანდერძით კიდევაც გამოხატა.
ქართული პოლიტიკის ამ პრინციპებთან  მუდმივ კავშირში მეცნიერება იყო, რომელიც შესაბამის წანამძღვრებსაც ამზადებდა. იოანე პეტრიწი თავის ,,ფილოსოფიურ ტრაქტატში”, სადაც ადამიანის დანიშნულების კონცეფციას ავითარებს, ეხება ადამიანის იმ მთავარ მახასიათებელს, რითაც იგი ყველა ცოცხალი არსებისაგან განსხვავდება _ ეს არის სინდისი, რომელსაც პეტრიწი სამართლიანობასა და სიმართლეს, მართლგანსჯასა და თვითგანსჯას, სიკეთის ბოროტებისაგან განსხვავებას უკავშირებს. რომ არა ეს უნარი, დასძენს იგი, ყველაფერი დაიღუპებოდა, რადგანაც ყოველგვარი ბოროტების სათავე უსამართლობა, განუსჯელობა და სიცრუეა. სინდისი კი იოანე პეტრიწის თანახმად თვით ღმერთია ადამიანში.
ქართულ პოლიტიკასთან განათლებისა და მეცნიერების გზით ათონელი მამები და სხვა დიდი ქართველი მოღვაწენიც თამნამშრომლობდნენ, რომლებიც იოანე პეტრიწის მსგავსად ადამიანის სრულქმნილებას სიყვარულსა და მოყვასზე ზრუნვაში ხედავდნენ. დავით აღმაშენებლისათვის ეს იყო უმთავრესი მაჩვენებელი, როდესაც იოანე პეტრიწს გელათის აკადემიის რექტორად იწვევდა. ეს პირადი მაგალითის ძალაც იყო, რომელსაც დიდ ქართველ მოღვაწეებთან ერთად ქართველი მეფეებიც იძლეოდნენ, მოკრძალებითა და ზომიერებით, პატიოსნებით, ადამიანისადმი სიყვარულითა და ზრუნვით, რაც ქართველ მეფეთა აღზრდაში იდო.
ეს თემები ,,ქართლის ცხოვრებაში” ჩვენს ერში საუკეთესო თვისებათა (რაც სახელმწიფოს დონეზე იყო აყვანილი) გამოვლინების კონტექსტში განიხილება. სხვაგვარად, და ეს კარგად იცოდნენ ქართული პოლიტიკის მესვეურებმა, ვერცერთ დიდი ქართული საქმე ვერ გაკეთდებოდა. ამიტომაც, მაგალითად, საქართველოს გაერთიანების რთულ პროცესებში დავით კურაპალატი ეროვნულ იდეოლოგიას, ეროვნული წმინდანებსა და გმირებს წინ წამოსწევს და კიდევ უფრო აძლიერებს და ზრდის ქართული ენის ფუნქციასა და მნიშვნელობას, როგორც ერის ერთიანობის ფენომენს.
1801 წლიდან, საქართველოს დაპყრობის შემდეგ, უცხო ძალთა მონდომებითა და წახალისებით, ეს ღირებულებანი მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად, ადამიანში უარესი თვისებების გამოვლინების, ღალატისა და მონური მორჩილების წახალისების პოლიტიკით შეიცვალა. ნიჰილიზმის დანერგვისა და გარეთ პატრონის, მშველელის ძიების პოლიტიკით შეიცვალა. დაპყრობილ ქვეყანაში (რაშიც ისტორიის გამყალბებლებიც ჩაერთვნენ) დროში და თანდათანობით ამან დიდი მასშტაბები და საშიში, კატასტროფული ხასიათიც მიიღო. ერი მისი საუკეთესო შვილებისაგან გამოხშირეს _ ჭეშმარიტი ლიდერები მოუკლეს.
1801 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა დროსა და ვითარებაში, ეროვნული მოძრაობა, ამ პროცესების წინააღმდეგაა მიმართული.
 საბჭოთა პერიოდის ზედმეტად ოპტიმისტური “მზიური საქართველო”, ე.წ. დემოკრატებმა “პატარა საქართველოთი”  (უმწეობის ნიუანსითა და განცდით) შეცვალეს, რომელიც მათ ხელში კიდევ უფრო დაპატარავდა.
1994 წელს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში სტუმრობისას, ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბრჟეზინსკიმ ამ სიტყვებით მოგვმართა: არა აქვს მნიშვნელობა ერი პატარაა თუ დიდი, მთავარია მას უნდოდეს თავისუფლება.
1 ოქტომბერს ქართველი ხალხის უდიდესმა უმრავლესობამ უარი ძალადობასა და სიცრუეს უთხრა, მხარი ცვლილებებს, სამართლიანობის აღდგენას დაუჭირა, რაც მხოლოდ სიმართლით (და არა ნახევარსიმართლით) შეიძლება. ვისაც ამ სისტემის ისტორიის 2003 წლიდან დაწყება აძლევს ხელს, გავახსენებ ედუარდ შევარდნაძის ამ სიტყვებს: ,,მეტი აღარ შემიძლია და 1 ოქტომბერს ვამთავრებ ჩემს მოღვაწეობას” (,,ასავალ-დასავალი”, 2-7, X 2012).
,,ქართული ოცნების” კოალიციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლება და მეცნიერებაა, რაც ქართული მეცნიერებისადმი, ქართული სახელმწიფოსადმი სწორი მიდგომის მაჩვენებელიცაა. მითუმეტეს, რომ იმ სისტემის დაშლაში (რომელიც გათიშე და იბატონეს პრინციპს ეფუძნება, ქართველების ურთიერთდაპირისპირებასა და განადგურებას), სამართლიანობის აღდგენასა და დაგროვილი მრავალი პრობლემის მოგვარებაში დიდია განათლებისა და მეცნიერების როლიც.
განათლებისა და მეცნიერების კონცეფცია, შედგენილი გია დვალის ჯგუფის მიერ, ამ კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია. ის პირველ რიგში, მეცნიერის ღირსებისა და მეცნიერთა თაობებს შორის გაწყვეტილი კავშირების აღდგენას ემსახურება, თავისუფალ, მოაზროვნე და ნიჭიერ ადამიანთა ასპარეზზე გამოსვლის ხელშეწყობას. პროგრამა სწორ აქცენტებსა (ფუნდამენტური მეცნიერების კვლევის ცენტრის შექმნა და სხვ.) და მიმართულებებს სვამს, ქართული მეცნიერების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებას, რაც წარსულის გამოცდილებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგის ანალიზის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
რაც მთავარია, ამ კონცეფციის მიხედვით, მეცნიერება პრიორიტეტულია და ქართველი ერის დიდ შესაძლებლობებსა და პოტენციალს ითვალისწინებს, ერში ინტელექტუალური კაპიტალის შენარჩუნებასა და მისი განვითარების გზებს. ამ მხრივ მისახედია სკოლაც, რომელიც საფუძველია უმაღლესი განათლების, ორივე ერთად კი _ მეცნიერების.
მეცნიერების პრიორიტეტების დადგენა ცალკეულ დარგთა აღდგენა-აღორძინება (მათი ანალიზის გზით), საქართველოს ეკონომიკური განვითარების პარალელურად, მის პერსპექტივაში უნდა განხორციელდეს.
განათლებისა და მეცნიერებისადმი სწორი მიდგომა საქართველოს  დემოკრატიულ და სამართლიან, ჭეშმარიტად თანამედროვე ქვეყნად გადააქცევს,  განამტკიცებს დამოუკიდებლობას, გაზრდის საქართველოს ისტორიულ როლსა და ჩართულობას როგორც რეგიონში, ისე  თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: