IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

◊ ნუგზარ მგალობლიშვილი – „ღირსების სასამართლო“

• ს. ე. გ. მ.

„გიკვირს?!   –   ნუ   გიკვირს!“

  nugzar-mgaloblishvili   ოცდაექვსი წელი მიილია მას შემდეგ, რაც  „ღირსების სასამართლოს“ ვიდეო ჩანაწერი შეიქმნა (1989 წლის 9 იანვარი) და წელეს, 2015 წლის 15 მარტს განთავსდა youtube – ზე. აღსანიშნავია, რომ პირველად ამავე  სასამართლოს ვიდეო ჩანაწერის ფრაგმენტი, გავრცელებული სუკ–ის მიერ, 1989 წლის იანვრის პირველ ნახევარშივე ვიხილეთ საქართველოს ტელევიზიით. თუ იმ ტოტალიტარული რეჟიმის დროს ეს ქმედება  ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად,  დღეს, 26 წლის შემდეგ  ნამდვილად გაუგებარია და ბუნებრივად აჩენს მრავალ კითხვას, რისთვის,   რა მიზანს ემსახურება ამ ვიდო-ფირის გავრცელება? იქნებ იმისთვის დასჭირდა ზაქარია ლაშქარაშვილს ამ ვიდეომასალის  გამომზეურება, რომ დღემდე აწუხებს პრეზიდენტობის ამბიცია?  ან იქნებ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები აღიზიანებს და ამ ისტორიული თარიღის გადაფარვას  ლამობს? გამოსარიცხი არც ის არის, რომ  კრიზისში მყოფი დღევანდელი ხელისუფლების დარდი არ ასვენებს და ყურადღების გადატანის მიზნით გაავრცელა ეს ვიდეო,  არ ვიცი! თუმცა, ის კი ვიცი, რომ 1989 წელს სუკ–ის მიერ ეროვნული მოძრაობის „გასაშავებლად“ ტელევიზიით გავრცელებული ე. წ. სასამართლოს იგივე ჩანაწერი, ოღონდ იქვე მომუშავე მეორე  კამერით გადაღებული „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ მიერ,  ბუმერანგივით  მიუბრუნდა მასვე.   ზაქარია ლაშქარაშვილისთვის  ნამდვილად ცნობილი  უნდა ყოფილიყო იმ ვიდეოს გადამღებისა და გამვრცელებლის ვინაობა. სწორედ ამიტომ, უნებლიედ ცოცხლდება ხალხში გავრცელებული ფრაზა: „ჩეკისტი მას შემდეგ კვდება, როცა მის საფლავზე დარგული მუხის ფესვი ხმებაო“.

               1988–1989 წლებში ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობა, რეალურად საშიში გახდა საბჭოთა რეჟიმისთვის, ხოლო ზვიად გამსახურდია კი მის მთავარ მტრად მოიაზრებოდა. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან, ზვიადი მუდმივ მეთვალყურეობას და ზეწოლას განიცდიდა.  ვრცელდებოდა სხვადასხვა ჭორები, განსაკუთრებულად კი სერბსკის ფსიქიატრიულ საკვლევ– სამეცნიერო  ინსტიტუტში (КГБ -ს ბაზა) ჩაწერილი „მონანიების“ ვიდეომასალიდან გამომდინარე, რომელიც ცენტრალური ტელევიზიით მთელ სსრკ – ს მოედო. ამაზე რუსი დისიდენტებიც წამოეგნენ და ზვიადი საყოველთაო ლანძღვის ობიექტი გახდა. სინამდვილეში კი, არავითარ მონანიებას  არ ჰქონია ადგილი და ეს ზვიადმა თავისი შემდგომი ბრძოლით, ხოლო საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებითა და თვითშეწირვითაც დაამტკიცა. ანუ  იმ ე.წ. მონანიებით  ზვიადმა ჭკუით აჯობა და გააბითურა საბჭოთა კავშირის უძლიერესი კგბ (მოიძიეთ  ვიდეო ჩანაწერი  youtube-ზე).

    მიუხედავად ამისა ზვიადზე თავდასხმები მაინც გრძელდებოდა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მერაბ კოსტავამ და მე გადავწყვიტეთ  იმ ე.წ. მონანიების არსში გაგვერკვია რუსი დისიდენტები და ზვიადთან შეთანხმების შემდეგ გადაწყდა ჩემი ჩასვლა მოსკოვში ლუდმილა ალეკსეევასთან. მან თბილად მიმიღო, მომისმინა და შემპირდა, რომ რუსი დისიდენტები, ზვიადის მონანიებაზე,  ამიერიდან  აღარ ილაპარაკებდნენ. ლუდმილა  ალეკსეევას, იური ორლოვისა და სხვა დისიდენტების ძალისხმევით დანაპირები შესრულდა (შემდგომაც, იური ორლოვმა, თავის წერილობით განცხადებაში დადებითად შეაფასა ზვიად გამსახურდიას საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა და ყოფნაც). სამწუხაროდ, ქართველი დისიდენტების ნაწილში ამის მიღწევა შეუძლებელი გახდა, მიუხედავად მერაბის მრავალჯერადი გულითადი და ენერგიული მცდელობისა.

                სწორედ ასეთ ვითარებაში მოეწყო სასამართლო ვიდეო კამერების  თანხლებით,    რაზეც  ვიღაცამ იზრუნა, როგორც შემდგომ დავრწმუნდით, წინასწარ დაგეგმილი სამომავალო გავრცელებისა და დაპირისპირების გაღრმავების მიზნით.

                  ამაზე უთქვამს მუხრან მაჭავარიანს:  „გიკვირს?! – ნუ გიკვირს!“

 ნუგზარ მგალობლიშვილი

14 მაისი, 2015 წელი.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: