IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ნ. ბაღდავაძე – სელფი

• ს. ე. გ. მ.

Selfie or Carpe Diem

ანუ, მოდაზე აჭრილი, ვითომ დავარცხნილი აზრები

ნუკრი ბაღდავაძე

სელფი – ავტოპორტრეტის დაწერის მცდელობაა ალბათ, ან საკუთარი გონებრივი  საშუალებებით, ან სხვათა მეშვეობით მომენტის დაჭერაა.
სელფი თითქმის ყველას უყვარს, მაგრამ ამავე დროს, სიფრთხილეა საჭირო, რამე თუ,  შხამიანი სოკოს ეფექტები დაჰკრავს.
რა თქმა უნდა, იგი მაინც, ბუნებრივად ეგოისტურია ავტორისაგან გამომდინარე, მხოლოდ  დადებითის წარმოჩენით, ვითომ სიზმრისა, თუ ოცნების ახდენაა, მოგონილი, ალტერნატიული  მეთოდების გამოგონებაა, ხშირად, უკეთ წარმოჩენისათვის, მაგრამ ამავე დროს, სახიფათოა და  ხშირად, შედეგობრივად ,,მყიფე და მსხვრევადი“.
ამ დროს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რამდენად თავისუფალი, ან გიჟია ადამიანი,  რამდენად თვითიდენტურია იგი, თუ უბრალოდ მიმბაძველი ასლებისა და გარე აზროვნებისა,
რამეთუ უმეტესად მართლდება სიტყვები – ,,კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოჩინდების . . .“
და თუ ზოგჯერ, იგივე ,,კოკასა შიგან“ სხვა, უცხო სითხის ჩასხმა ხორციელდება, ძალზედ  სახიფათო მირაჟია.
სელფი ყველას როდი ეხერხება, არადა, სელფი ბედნიერებისა და სიამოვნების ძიებაა,  მაშინაც კი, როცა ,,ბედნიერებამ გვითხრა: – ნუ მეძებთ . . .“
ჰოდა, შევჩერდეთ,დავფიქრდეთ,დავიმახსოვროთ!
ამ დროს, ნამდვილად დიდი თვალებია საჭირო, ჩემო მეგობარო, რომ უკეთ დავინახოთ და  გავარჩიოთ თეთრი და შავი, იმპულსური და გაუცნობიერებელი სურვილი ჭეშმარიტად  მნიშვნელოვანისა და ფასეულისა.
და თუ მართლა ვიცით, რა ფერისაა ბავშვობა და სიყმაწვილე, იისსავე სურნელს რომ  აფრქვევს, რა ფერისაა სიყვარული, დამტყდარი სტიქიური ბედნიერება, თუ უბედურება, წინა  ღამის ახდენილი, თუ აუხდენელი სიზმარი-ნატვრა . . . , დახვრეტილი, თუ ნაიარები განვლილი  წლები, ,,ერის გამოღვიძება“, თუ ,,ოცნებების სასაფლაო“ და ,, ადამიანთა სევდა“… და ბოლოს,  თუ მართლა ვიცით, რა არის სიცოცხლე, რა არის სიკვდილი . . . , ,,მოდით, მაუგლივით  ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში და ყველამ ერთმანეთს შევსძახოთ მაგიური სიტყვები – მე და  შენ ერთი სისხლისანი ვართ!“ . . .
და თითქოს გამხმარ ნატვრის ხეზე, აქამდე აუხდენელი ოცნებების სიმბოლოებად შევაბათ  ჩემი, შენი და მისი ფერადი ნატვრა.
დროულად . . . თორემ, საბოლოოდ გაქრებიან ჩვენი თანამედროვე ადამიანები, დროის  ,,უკანასკნელ მოჰიკანთა” სახეები, ემოციები და თავად დროც . . .
სანამ დროა ჩვენც შევჩერდეთ, დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ ყოველივეზე . . .
სამწუხაროდ, ბოლო წლების მანძილზე, ხალხის უმრავლესობას თითქმის სულ წაუშალეს  მეხსიერება და აღარაფერი ახსოვს, უბრალოდ ცხოვრობს, ცხოვრობს პურისა და სანახაობისათვის.

დიახაც, ერთგვარად, მოქალაქეები, დაბადების, თმის შეკრეჭისა და წვერის გაპარსვის  გარდა, ვიდრე სულს განუტევებენ, თითქოს ათასი საჭირბოროტო საქმით არიან დაკავებულნი,  მაგრამ სინამდვილეში, მხოლოდ აურზაურის შოუს ხარბდებიან.
სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი შოუა. სხვა არაფერი ,,იჭმევა“ ,,ჩვენს სალხინეთში“. ამ   დროს კი, მართლაც გვავიწყდება, ნამდვილი პრობლემები, უგონოდ ვეხარბებით ჩრდილო-დასავლურ ე. წ. ,,ფასეულობებსა“, თუ მათ ,,მეორად სულიერ არაფასეულობებს“.
,,ტროას ცხენი” კი, კარგა ხანია ჩვენს დედა-გულ ეზოში დგას და ჩვენი უბნის  მამასახლისებიც თავად კაზმავენ ფოჩიანი კამფეტებით.
,,რამე რომ იყოს . . .” – დღეს რომანტიზმია?! ფიქრია?! სიზმარია?! ოცნებაა რამე?! ჩემთვის  კი, ალბათ ასეა – ნეტავი კი, რომ რამე იყოს ღირებული ამ ქვეყანაზე, სადაც ქუჩა ნაწვიმარია,  ფოთლებია ფენილი . . .
ჩვენი ქვეყნის ქუჩებში შენობები უკვე მერამდენედ დააზიანა ბუნებრივმა, თუ  ,,ხელოვნურმა” ცხოვრებისეულმა ,,მიწისძვრებმა”. სახლისა და ქვეყნის კედლები ერთნაირადაა  დახეთქილი, კარებიც აღარ იხურება. რეალურიცაა და მეტაფორულიც ყოველივე. ჩვენი  გაზაფხულის შემოდგომაც და ზაფხულის ზამთარიც ესაა.
დღესაც, კვლავ ,,ძველსურნელოვნად” ჰყვავის საბჭოური პროვინციული ცხოვრება,  ავადმყოფობა, კორუმპირებული ბიუროკრატია და კლანური მაფია. დღესაც ჩვენი, როგორც  არამარტო ამ ,,თეატრალური ცხოვრების“ პერსონაჟების, ძირითადი საზრუნავია ელექტროობა და  მისი მიბმაა ჩექმებზე, ზამთრისთვის.
დღესაც, ,,დემოკრატიული” ხანის ,,ფოლკლორული” სიმღერები და ძველი საგალობლები,  კვლავ ირევიან ერთმანეთში და მკრთალ შუქზე, აკორდეონი, ვიოლინო და მაგიური კავკასიური  დუდუკის სიჩუმე ისმის.
დღესაც, სამწუხაროდ ,,პრიმიტიული ბრძოლის” აჩრდილი დადის.
ერთდროულად, სიყვარულსა და ოცნებას ვსწავლობთ კვლავ. მერამდენედ, სიკეთესა და  ბოროტებაზე ვფიქრობთ ვითომ, თავისუფლებასა და უსაზღვროებაში ფრენის სურვილის  გაღვიძებას ვცდილობთ გახუნებული და უძვირფასესი ადამიანური გრძნობების ფერთა გამაში.
დღესაც, ,,უცხო ჩიტის“ ,,მშვენებით” ,,ვტკბებით” და. უბრალოდ, შეუძლებელია, არ  აღიარო, რომ ეს მარიონეტული სახელმწიფო და ცხოვრება ლამისაა კლასიკად გვექცა. სადღაა  ღირსება და მარადიული ფასეულობანი, რომლითაც მუდამ საზრდოობდა თაობები.
დღესაც ისტორიაში ვართ ჩარჩენილები.
დღესაც ,,დარვინის” დროა ჩვენში. ოცნებაც გაივლის ,,გაზაფხულის შემოდგომაზე”,  სასოწარკვეთაც, მრისხანებაცა და ნაადრევი სიხარულიც, ალბათ, თან გაჰყვებიან.
მართლაც, ყველაფერი რიგზე ვერ არის ჩვენს – ,,არ ვიცით ვის სამეფოში“!
არა, პრობლემები, რომ გვაქვს, ნამდვილად არც ეს არ ვიცით, არც მე, არც შენ და არც ვინმე  ,,ტრიფონმაც“, არ ვიცით ნამდვილი დიაგნოზი პრობლემებისა და ამიტომაც, ვერც ,,ტრიფონი“  ვერ გადაგვარჩენს, მითუმეტეს იგი ღმერთი არაა და ვერ უშველის ამ საქმეს. თავად უფალიც  გვეუბნება ხელი გაანძრიეო, თორემ ვერც მე ვეღარ გშველიო სხვაგვარად.
შემოგვაბერდა და შემოგველია გონი, ფიქრები, ოცნებაც. ჩვენ, ხომ მხოლოდ იმისათვის არ  დავიბადეთ ამ პატარა, მართლაც, დღეისათვის ,,სამაზრო“ ქვეყანაში, რომ მუდმივად ვუყუროთ  ვითომ ახალ-ახალ მარიონეტ ძალთა – ,,დაბადებიდანვე პაიკების“ ახალ-ახალ გადანაწილებებს.
მართლაც, როდემდე ვითმინოთ მუდმივად თვალებში ნაცრის შეყრა, არაკომპეტენტურ ,,კრავთა“  აღზევება და ტყუილები.
აუცილებელია, კულტურული, მორიდებული იუმორით შევახსენოთ ურთიერთს ჩვენი  მძიმე მდგომარეობა, განვსაზღვროთ სად ვართ, რათა უფრო იმის იქით არ წავიდეთ, არ  გადავიჩეხოთ.
დღეს, ხომ ბრწყინვალედაა შეზავებული ტკივილი და ჩვეული იუმორი. იუმორი კი,  აყუჩებს ტკივილს. თორემ ჩვენც ,,იმდენად შევეჩვიეთ სიკვდილს, აქამდე რომ ცოცხლები ვართ  გვიკვირს“ . . .
ყინულიანი წყალი, ,,მოდაზე”, არასოდეს გადამისხავს, თუმცა ჩემი ცხოვრების  გამოცდილებიდან გამომდინარე, ცივი წყალის გადასხმის საშინელი შეგრძნება კი ბევრჯერ  მიგემია, გაოცებული და გახევებულიც დავრჩენილვარ და ვფიქრობ, რომ ამდენი პრობლემების  მხოლოდ საკუთარ თავზე განცდა და თვითშეძრწუნება, არაა საკმარისი. ,,თუ სიყვარულია,  სიყვარული იყოს” . დაე, ყველამ განიცადოს ,,მისი ძალა და გემო”, რომ ჭეშმარიტ სიყვარულსა და  თანაგრძნობას დიდი ძალა აქვს.
კიდევ ერთი, უდაოდ, თუმცა მტკივნეული, მაგრამ აუცილებლად გადასაწყვეტი საკითხი …
პრობლემათა გადაუწყვეტლად. ჩვენი საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა, დაკბენილები და  დასაკბენად განწირულები, სწორედაც! საკმაოზე მეტნი ვართ უამრავი პროცესებისა და  მოვლენების მოწმეები, ადამიანების მიერ მწარედ დაკბენილები, კვლავ ცოფურ გარემოში რომ  ვცხოვრობთ, დღესაც, რომ არც ვრჩებით და არც ვკვდებით. გარემო, კი, სწორედაც, ისეთია, რომ  იტყვიან: ძაღლი პატრონს ვერ ცნობს და ვერც პატრონი დიდად ძაღლსაო?! სამწუხაროდ, ვერც იმას  ვარჩევთ, ვინ ვის და რისთვის კბენს.
არადა, მართლაც, სადღაა სიყვარული, თანაგრძნობა, ურთიერთპატივისცემა
სოლიდარობა?! . . . სად გაქრა ეს ყოველივე?! სრული ჰარმონიულობა ძაღლს, ადამიანსა და გარემო  ურთიერთობებს შორის არ გამქრალაო, ვფიქრობდით, აქვეა ახლოსო, ერთი ხელის გაწვდენაზეო …
მირაჟი აღმოჩნდა?! სამწუხაროდ! თავს ვიმშვიდებდით: ,,ნუ მიიქცევი, სულო, საძილედ,   ძაღლივით ფხიზლად მიწექი კართან, ნურაფერს ძაღლურს ნუ ითაკილებ კუდის ქიცინის და  ყეფის გარდა. ,,არადა, ამ დროს . . . ,, თურმე ძაღლებსაც ამედიდურებს და უმახინჯებს ძაღლურ  ბუნებას ზედმეტი ქება, ჯილდო, ტიტული, ზედმეტი ზიზღი და ფუფუნება. არა!? . . .
,,მე ძაღლის კბენას უფრო ავიტან, ვიდრე ამ ძაღლურ მსახიობობას.” რა გვიშველისო?! ან  გვიშველისო კიდევ რამე?! კბენას გადავეჩვიოთ?! შინაური არ გვიკბენს გარეული დაგვცოფავს  უთუოდ?! არა?! სულ არ გვცოფავს განა?!
მე ვფიქრობ და გამოსავალი, ამ დროს ასეთი მგონია – ლომობა, ლომობა უნდა  დავიბრუნოთ, დიახ ლომობა – სულით ლომობა, რაც ოდიდგან მოსდევდა ჩვენს ჯიშს. აი, მაშინ კი,  ვერც შინაური ძაღლები დაგვკბენენ და ვერც გარეულები გაგვიბედავენ რამეს!
აბა, როდემდე გვინდა ეს ძაღლურ-ღორულ-ვითომ გაადამიანებური მაიმუნური ცხოვრება?!
,,ლომი კი, ბორკილს არ დაიდებს, ან მოკვდება, ან იმეფებს,  შინაური არ გახდება და ძაღლივით არ იყეფებს.”
დღეს, კი, როცა ,,მთა ბექად გადაიქცა, მუხა ლელწმად, ზღვა წყაროდ, ადამიანი პეპელად.
კაცი კაცს აღარ ნიშნავს, თუ ზედ კაცური არ დავუმატეთ “, განა ცოდვა არ არის ეს ყოველივე?!
და მაინც, ვფიქრობ, ეს მაგიური რწმენა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისა,  ეროვნულ-სარწმუნოებრივი სახელმწიფოებრივი იდეები და აზრები კი, როგორც ნაზავი  კულტურისა, ოსტატობისა, ქართული სიმღერებისა, ცეკვებისა და პროფესიონალიზმისა,  სიყვარულისა, შთაგონებისა და გადმოცემისა, მარადიულად იარსებებს!
მადლობა მეგობარო გულისცემის მოსმენისათვის, ჩვეული სტილით, იუმორითა და მწარე  სინამდვილით დაკაწრული ჩემი ფურცლები რომ გადაიკითხე.
ოღონდ ნუ მეტყვით, რომ წლები შემომადნა, გულჩვილი გავხდი და ამის ბრალია.
მომიტევე, თუ, ამ უკუღმა ბრუნვად ცხოვრებაში, ვერ შევძელი და ჩემი ღიმილიც კი, ვერ  მოგაწვდინეთ გულის მალამოდ.
არაჩვეულებრივია, ნოსტალგიური, ილუზიური . . . თავბრუდამხვევი სიამოვნებაა ზღვა და  ცამდე აზიდული მზე, ხოლო ეს პატარა ჩანახატი, თითქოს, ფრაგმენტია ჩვენი დიდი  ცხოვრებისეული ფილმიდან, ან პირიქითაც, ჩვენი წუთისოფელია ფრაგმენტი ამ ჩანახატისა.
ეხლა, კი წამო კინოში, წამო მომავლის კინოში წავიდეთ?! მომავლის კინოში, სადაც  ყველაფერი Happy End-ით დამთავრდება უთუოდ, ჩემთვის, შენთვის, მისთვის და ყველასათვის!
ილუზიაა?! განა ყოველივე განვლილი ილუზიაა არ იყო?! ან, იქნებ, არც იყო და არც ესაა  ილუზია?!
რატომაც არა?! იქნებ და მართლაც, ყველაფერი კი არ მთავრდება, უბრალოდ ახალი ამბავი  იწყება!
მოდი, გავიხსენოთ მომავალი!
სიამოვნებით დავლევდი თქვენს სადღეგრძელოს, როგორც ერთ-ერთი მოჩუხჩუხე ანკარა  წყაროსი, ჩვენსა ამა სოფლად კიდევ რომ ჩამოედინება, აგრე რიგად რომ ცდილობთ მიძინებულთა  გამოღვიძებას. ჩვეული პროფესიონალიზმითა და იუმორით კვლავაც კურცხალს რომ უმშრალებთ  და იმედს აძლევთ უიმედოთა ლაშქარს.
მოდით თქვენის სახით იმ მეგობრებსა და მამულიშვილებს გაუმარჯოს, პირველ ცრემლს  რომ შეამჩნევს, მეორეს დაიჭერს და მესამეს შეაჩერებს!
ასევე, ამ განსხვავებული სასმისით, მოდით ჩვენს ხავსმოკიდებულ ეკლესიას,  ამ ეკლესიაში დანთებულ სანთელს, ამ სანთლის წინ დაღვრილ ცრემლებს  და ამ ცრემლებში განდობილ, საიდუმლოს, ჩვენს სამშობლოსა და მის აღორძინებას  გაუმარჯოს!

უღრმესი პატივისცემით
ნუკრი ბაღდავაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: