IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ნოდარ ნათაძე

“ს. ე. გ. მ.”

 

 

1306253235_natadze-1[1]

 

***

უმაღლესი რანგის დივერსია საქართველოს წინააღმდეგ

 (უცხოელებზე  მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით).

 

koghuashvili-natadze

პაატა კოღუაშვილი და ნოდარ ნათაძე

ორი წლის წინ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საქართველოს კანონში არსებული შეზღუდვა მიწის გაყიდვაზე უცხოელებისათვის (არამოქალაქეებისათვის). ეს გადაწყვეტილება იყო და არის თვალში საცემად ყალბი _ სახელდობრ, მიზანმიმართულად (კრიმინალურად და არა უცაბედად) ყალბი. თავისი ამ ყალბი პოზიციის დამოწმებით ამავე სასამართლომ რამდენიმე დღის წინ გააუქმა საქართველოში დღეს არსებული დროებითი ნორმა (მორატორიუმი) მიწის ამ წესით გადაცემის აქტებზე. ზემოხსენებული ყალბი გადაწყვეტილების მიღება მოხდა, არსებითად, იმ ერთადერთი არგუმენტით, რომ, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, ადამიანები “თანასწორნი” ვართ. შეზღუდვებისაგან გათავისუფლდა მიწის მიყიდვა ნებისმიერი სტატუსის არამოქალაქეთათვის _ როგორც ფიზიკურ პირთათვის, ისე იურიდიულთათვის. ხსენებული არგუმენტი ყალბია ორი რამის გამო:

1. მსოფლიოს მიერ დღესდღეობით აღიარებული ნორმა (წარმოშობით მორალური), რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში იკითხება შემდეგნაირად

“ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”

შეიცავს ადამიანის იმ მახასიათებელთა სრულ ჩამონათვალს, რომელთა “განურჩევლადაც” ადამიანები თანასწორნი ვართ. არანაირ დამატებას გამოთქმის “და სხვა” სახით ეს ნორმა არ გულისხმობს (მაგალითად, იმას, რომ ორი პირი _ ერთი ამ კონკრეტული სახლის პატრონი და მეორე სხვა _ თანასწორნი არიან ამ სახლის გამოყენების უფლებაში) და ვერ იგულისხმებს. ამგვარად, კონსტიტუციის ციტირებული დებულებიდან იმის დასკვნა, რომ ადამიანები თანასწორნი ვართ მოქალაქეობის განურჩევლადაც, ელემენტარული შეცდომაა.

2. კანონის წინაშე ინდივიდთა თანასწორობა არ ნიშნავს იმას, რომ კანონს არა აქვს უფლება, ერთმანეთში განასხვავოს ინდივიდები იმ პარამეტრთა მიხედვით, რომლებიც ზემოთჩამოთვლილთა რიცხვში არ შედიან, მაგალითად, განსხვავებული უფლებები მიანიჭოს საშუალო სკოლის ატესტატის მქონეებს და არმქონეებს იმ უფლებაში, რომ უნივერსიტეტში ჩაირიცხონ. ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ და მასთან შეუთავსებადად ვერ ჩაითვლება საქართველოს ისეთი კანონი, რომელიც ზღუდავსა (ან კრძალავს) საქართველოს მიწის მიყიდვას საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის. ამ მხრივაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ზემოხსენებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, უფრო ზუსტად, აბსურდულია.

დამოწმებული ორი შეცდომა ლოგიკურთა რიცხვს ეკუთვნის, ანუ შეცდომათა იმ კატეგორიას, რომელთა დაშვებაც საკმარისია, რათა აბიტურიენტს უნივერსიტეტში შესვლაზე უარი ეთქვას (ანუ ჩაჭრილ იქნას საგანში, რომელსაც “უნარ-ჩვევებს” უწოდებენ). თქმული იწვევს ეჭვს, რომ პლენუმის გადაწყვეტილება უცაბედი არ არის, არამედ წინასწარ განზრახულია რაღაცა კანონსაწინააღმდეგო (კრიმინალური) მოტივით, რომელიც ექვემდებარება (და საჭიროებს!) გარკვევას პროკურატურის მიერ.

საკონსტიტუციო სასამართლომ სახელმწიფო კონტროლი მიწის გაყიდვაზე მოხსნა ტოტალურად, ანუ სრულად. ეს იმას ნიშნავს, რომ პრინციპულად გზა გაეხსნა საქართველოს მიწის მთლიანად გადასვლას უცხოელთა ხელში (რასაც ალბათ, დასჭირდება მხოლოდ რამდენიმე წელი იმ ახალი ანტისახელმწიფოებრივი კანონის პირობებში (“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”), რომელიც დღევანდელი პარლამენტის უმცირესობამ და უმრავლესობამ ერთხმად მიიღეს ტაშის გრიალში ორიოდე თვის წინ. ამით, პრაქტიკულად, საფუძველი ეცლება (ანუ მათ პრაქტიკულ გაუქმებას იწვევს) კონსტიტუციის რამდენიმე სხვა ნორმასაც. მაგალითად,

“სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი” (15).

(სიცოცხლის უფლების რეალიზაციისათვის სახელმწიფოს სჭირდება სახსრები, რომელსაც იგი თავისი მთავარი სიმდიდრის _ მიწის _ დათმობის შემთხვევაში ვერსად ამოიღებს).

“ყველას აქვს საკუთარი პიროვნების განვითარების უფლება (16)

(ახალი მესაკუთრის მიერ შემოღობილ ნაკვეთში თავის “პიროვნებას” საქართველოს ვერცერთი მოქალაქე ვერ “განავითარებს”

“ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია”  (17)

“პატივისა” და “ღირსების” გრძნობა ვერ შეუმუშავდება იმ მოზარდს, რომელსაც უცხო ყარაული კინწისკვრით გააგდებს თავისი სოფლის გაყიდული მინდვრიდან და ა.შ. და ა.შ.

ფაქტობრივად, ეს პერსპექტივა ელის საქართველოს კონსტიტუციითვე დაფიქსირებულ ყველა იმ ძირითად ადამიანურ უფლებებს, რომელთა რეალიზაციის პირობაცაა

_ თავისუფალი საკუთარი (ანუ თავისი ერის კუთვნილი) სივრცე, რომელზედაც და რომლის მიმართაც მოზარდი თავს უფლებამოსილად და პასუხისმგებლად გრძნობს და რაცხს

_ სახსარი (მას საჭიროებენ, მაგალითად, პუნქტები, რომლებშიც აღიარებულია უფასო საბავშვო ბაღი, საშუალო განათლება და სხვა). ასეთია თვით სახელმწიფოს მოვალეობაც კი, რომ მოქალაქე დაიცვას (არც არმია, არც პოლიცია მუქთი არ არის). ზოგადად ასეთია ნებისმიერი კონსტიტუციის, მათ შორის ქართულის მთელი ჰუმანიტარულად პოზიტიური ნაწილი, ანუ ის, რომელშიც ლაპარაკია ქვეყნის მოქალაქეთა ბედნიერებისა და პიროვნული გალაღების იმ ელემენტებზე, რომელთა მიწოდებაც მოქალაქისათვის კანონმდებლის უმაღლესი ნატვრაა.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული ბარბაროსული ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება ვერ იქნება გამართლებული იმით, რომ მოსამართლეებმა უნებური შეცდომა დაუშვეს. ეს შეცდომები რომ უნებურად ჩაითვალოს, ამისათვის საჭიროა საექსპერტო დასკვნა ან მოსამართლეთა შეურაცხადობაზე ან მათი IQ-ს (“ინტელექტურლური ხარისხის”) მეტისმეტად დაბალ ნიშნულზე. სხვა ყველა შემთხვევაში დგება კითხვა: ვისი დაკვეთით არის დაშვებული ეს მიზანმიმართულად დივერსიული გაყალბებები საქართველოს კონსტიტუციის ასოსა და სულისკვეთების ინტერპრეტაციაში? ერთი კანდიდატი თეორიულად არის რუსეთის დავალება, რომელიც საქართველოში ყველა სახის დივერსიას პოზიტივად თვლის. მეორე შესაძლო წყარო დავალებისა არის განვითარებული ქვეყნების სფეროში არსებული ვიღაცის ან რაღაცის ინტერესები, ვისაც საქართველოს მიწის მუქთად ხელში ჩაგდება ჰსურს (ასეთნი, იმედია, მხოლოდ და მხოლოდ მაფიური ძალები არიან). მესამეა პირადი უკანონო მატერიალური დაინტერესება შეცდომათა დამშვებებისა, მაგრამ ამ მესამე ვარაუდს სჭირდება კონკრეტული წარმოდგენა კორუფციის ამ სახის ორგანიზაციული ფორმისა.

შეგნებული სიყალბე, როგორც ქცევის მოტივი, თვალსაჩინოა აქ ყველა შემთხვევაში. ჩვენ, 1995 წლის საქართველოს კონსტიტუციის ხმის მიმცემნი და ამგვარად მასზე პასუხისმგებელნი, უფლებამოსილნი ვართ, თავი ჩავთვალოთ ცილდაწამებულად და, ამდენად, შეურაცხყოფილად: ჩვენი ხელიდან გამოსული კონსტიტუცია არც გონებასუსტთა შედგენილია, არც სახელმწიფო მოღალატეთა. ჩვენ არ მიგვიცია ქვეყნისათვის კონსტიტუცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას წაართმევდა ყველა იურიდიულ ბერკეტს თავისი ძირითადი სიმდიდრის _ მიწის _ შესანარჩუნებლად თავისი ერის ხელში. მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკაში განუყოფლად გაბატონებულია მოცემული ქვეყნის მიწის უცხოელებზე გაყიდვის შემზღუდავი ნორმების გამოყენება _ ზოგჯერ სრული აკრძალვაც. აშშ-ში, რომელიც დანარჩენ მსოფლიოსთან ყველაზე ახლო კონტაქტში მყოფი ერთ-ერთი ქვეყანაა, მიწის 1%-ზე ნაკლები ეკუთვნის უცხოელებს. უგნური ამ მიმართულებით არავინ არის. უგნურად საქართველოს ქცევა უნდათ მხოლოდ იმ თაღლითებს, რომელთაც ქართული კონსტიტუციის შინაარსის ზემოხესენებული გაყალბების მეთოდს მიჰმართეს.

ჩვენ ვითხოვთ და მივაღწევთ (იგულისხმება: საერთაშორისო სასამართლოს მონაწილეობით) ამ პირთა მთელი შემადგენლობით წარდგომას კანონის წინაშე. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქმედ პარლამენტს (პირველ ყოვლისა, მის თავმჯდომარეს, რომელიც სპეციალობით იურისტია), და იურიდიულ კომისიას, პირდაპირ ევალებათ დაიცვან საქართველოს კონსატიტუცია მისი აზრის მიზანმიმართული გაყალბებისაგან. თუ ისინი ამას არ იზამენ, შედეგი იქნება მხოლოდ ის, რომ ისინიც ჩაითვლებიან საქართველოს ისტორიულმასშტაბიანი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების (კონსპირაციის) თანამონაწილეებად.

 

საქართველოს 1992-95 წლების პარლამენტის წევრები:

 

ნ. ნათაძე

პ.კოღუაშვილი

 

 

***

ახალი შემოტევა აფხაზეთში

 

2014 წლის მაისში  ევროპის ყველაზე პოპულარულმა არხმა _ “ევრონიუსმა” _ აფხაზეთში დაწყებული პოლიტიკური აქტივობის კონტექსტში გააჟღერა ცნობა, რომ აფხაზეთი, რომელიც “1925 წლამდე საბჭოთა კავშირში შედიოდა, როგორც ცალკე რესპუბლიკა”, 1925 წელს საქართველოში შევიდა ავტონომიის სახით. მაყუ­რებელს არ მიეწოდა პარალელურად ის ინფორმაცია, რომ აფხაზეთი, როგორც ტერი­ტორია, ყოველთვის იყო საქართველოს ნაწილი კოლხეთის სამეფოს ეპოქიდან დღემდე, ხოლო 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობიდან 1925 წლამ­დე, მას რუსეთი ისე განკარგავდა, რომ არაფერს ეკითხებოდა არც აფხაზებს (აფსუებს), მოსახლეობის 17%-ს, არც ქართველებს (მოსახლეობის 40%-ს), და არც ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ რომელსამე სხვა მოდგმასა და ჯილაგს, რომლებიც ჯერ თურქებმა შემოიყვანეს საქართველოს პირველი რუსული ანექსიიდან 1850-იან წლებამდე, ხოლო შემდეგ რუსებმა. ამგვარად, მსოფლიო მაყურებელი დღეს მომზა­დე­ბულია, რომ ამ უახლოეს დღეებსა და თვეებში მოსალოდნელი მცდელობები

_ რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიისა

_ “ევრაზიის” გაერთიანებაში აფხაზეთის შეყვანისა, როგორც წევრისა

_ აფხაზეთიდან (გალის რაიონის ჩათვლით) ქართველი მოსახლეობის გამოდევნისა, რისკენაც “პრეზიდენტობის’ ახალი კანდიდატი ხაჯიმბა ხალხს მოუწოდებს

_ რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციისა გალის რაიონში (დღეს იქ მხოლოდ აფხაზები დგანან)

_ რუსების ახალი შემოტევისა აფხაზეთის მხრიდან საქართველოს სიღრმეში, ანუ დასავლეთისათვის დემონსტრატიულად “კბილის მოსინჯვისა”

_ ასი ათასი თითქოს “მოჰაჯირის”, სინამდვილეში კი საგანგებო დავალებით დატვირთული თურქის შემოსახლებისა გალის რაიონში და არაერთი სხვა რამ  აღიქვას, როგორც საქართველოს მიერ 1925 წელს “გადაყლაპული” მცირე ქვეყნის რუსეთის მიერ განთავისუფლების ოპერაციის ნაწილები.

`ევრონიუსის~ ეს არაადექვატური პუბლიკაცია, ამ არხის ჩვეული ობიექტუ­რო­ბის ფონზე, მიგვითითებს რუსეთის კონკრეტულ სტრატეგიულსა და აგრესიულ გეგ­მებზე ამ რეგიონში უახლოესი დროისათვის. ამ გეგმის გეოსტრატეგიული ელემენ­ტები (სხვა მრავალს შორის) შემდეგია

1. აფხაზეთში არსებული ყველა პოლიტიკური სუბიექტი რომ ცალსახად მარ­თუ­ლია რუსეთის მიერ, ეჭვს არ იწვევს. რუსეთმა აფხაზეთის “პრეზიდენტის” პოსტზე ამ რამდენიმე დღის წინ, ფაქტობრივად, უკვე შეცვალა შედარებით ზომიერი ანქვა­ბი უფრო აგრესიული ხაჯიმბათი, რომელიც ღიად აცხადებს ქართველის მოსახ­ლე­ო­ბისაგან აფხაზეთის სრული “გაწმენდის” პროგრამას. ეს პროგრამა, თუ რუსს არ შეუშალეს, გატარდება. საქართველო ამას რუსეთის სამხედრო ძალის იქ ყოფნის პი­რო­ბებში ვერ შეუშლის. დასავლეთი რამდენად ჩაერევა და რა ფორმით, არ ვიცით.

რუსეთის “ხეირი” ამ ოპერაციით, ყველა შემთხვევაში, შემდეგია: მოსალოდნელი კატასტროფის შიშის პირობებში საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებას საშუა­ლე­ბა ექნება ხალხს უთხრას: “რა ვქნათ, ვიღუპებით. რუსეთთან ნებისმიერ ფასად უნდა დავზავდეთ” და იურიდიული კაპიტულაცია მოახდინოს. ეს კაპიტულაცია იქნება ან: ა) აფხაზეთის აღიარება საქართველოს მიერ, ან ბ) ოკუპაციის კანონის გაუქმება, ან გ) “კონფედერაციაზე” წასვლა ანუ აფხაზეთის დამოუკიდებლობის არაპირ­დაპირი აღიარება (ამ პოლიტიკას მიჰმართავდა შევარდნაძე: აწყობდა კატასტ­როფას, მაგ. სოხუმის დაცემას, და მერე ამბობდა “რა ვქნათ, ხალხო, მოვ­ტყუვ­დით. ახლა სხვა გზა არ გვაქვს, უნდა დავთმოთ”.

2. “მუჰაჯირების” სახელით შემოიყვანენ საგანგებოდ მომზადებულ ახალ მოსახ­ლე­ობას გალის რაიონში (თურქეთიდან და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე სხვა ქვეყნიდან). ამით აფხაზეთის დემოგრაფიული სურათი რადიკალურად იცვლება. `აფხაზები~ (აფსუები) ადგილობრივებს შორის (ანუ არა რუსებს შორის) უმრავლე­სობა ხდებიან. ეს ხდება ახლავე, რუსების იქ დგომის პირობებში. მაგრამ ვინაიდან უკვე დასახლებული მოსახლეობის აყრა და გასახლება-გაგდება, მოქმედი დაწერი­ლი და დაუწერელი ნორმებით, დაუშვებელია, ეს დემოგრაფიული ახალი სურათი სამუდამოდ რჩება. ამგვარად, ამ სტატეგიულ ტერიტორიაზე რეალური ბატონობა (გავლენის სახით მაინც) რჩება ჩუმი ურთიერთმოკავშირეების _ რუსეთისა და თურქეთის _ ხელში. ორივე ამ ქვეყნისათვის ეს ისტორიულმაშტაბიანი და არა მხოლოდ დროებითი გამარჯვებაა.

3. რუსეთი გარდუვალად მარცხდება უკრაინაში. ის, რომ რუსეთი ღია სამხედრო ჩარევის უფლებას თავს ვერ მისცემს, უკვე ჩანს. უკრაინის რეგულარული შეიარა­ღებული ძალები, რომელთაც ავიაციის და ჯავშანტექნიკის გამოყენების კანო­ნიერი უფლება აქვთ, გარდუვალად დააწყნარებენ პარტიზანულ ძალებს, რომლებიც (რაკი პუტინმა ღია ჩარევა ვერ მოახდინა) მხოლოდ სამსროლელო იარაღით (ავტომატი, ყუმბარმტყორცნი და ა.შ.) და ჩუმად შემოპარებული საზენიტო დანადგარებით ომობენ. ამ პირობებში პუტინს თავისი რეიტინგის ინტერესები რუსეთში აიძუ­ლე­ბენ, ამ დამარცხების კომპენსაცია საქართველოში ეძებოს. იგი აახლებს საქართვე­ლო­ზე შემოტევას და იკავებს ამ ქვეყანას. ამით იგი ახდენს თავისი რეიტინგის აღდგენას რუსეთში იმ დრომდე, სანამ დასავლეთთან რუსეთის დაპირისპირება სამ­­ხედ­რო დაპირისპირებად არ იქცევა, რომელშიც რუსეთს გამარჯვების შანსი არ გააჩნია თეორიულადაც კი. მანამდე, რუსეთის თვალში საკუთარი “სახის” გადასარ­ჩენად და უკრაინის დაკარგვით გამოწვეული მარცხის შესარბილებლად, იგი საქართ­­ველოს იყენებს, როგორც დასავლეთთან “ვაჭრობის” საგანს.

4. მომავალი ახალი “პრეზიდენტი” ხაჯიმბა, ანქვაბისაგან განსხვავებით, რუსებს უხსნის უძრავი საკუთრების ბაზარს, ანუ ნებას ჰრთავს მიწის გაყიდვას რუსებზე. ამით აფხაზეთში უმოკლეს დროში მოსახლეობის რადიკალური რუსიფიკაცია ხდება. აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა რუსული ხდება და, შესაბამისად, რუსეთი მკვიდრდება შავი ზღვის პირად კავკასიონის სამხრეთით, როგორც “ამიერ­კავკასიურ ქვეყანად” ყოფნის სამუდამო პრეტენდენტი. ამ იურიდიული ახალი სტატუსის ფონზე რუსეთი (აწ და სამარადისოდ) საშუალებას იძენს, რომ თავისი დე ფაქტო დროებითი გაძლიერების ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ქმედითად ემსახუროს თავის ამჟამად და სამომავლოდ ძირითად გეოსტრატეგიულ მიზანს _ დასავლეთისათვის შუა აზიის გადაკეტვას და პირიქით.

5. საქართველოს დე ფაქტოდ დაკავების შემთხვევაში (და, შესაძლოა, ამის გარე­შეც) საქართველოს შანტაჟირების გზით რუსეთი სძალავს მას კაბალურ შეთანხ­მე­ბებს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთ-სომხეთის კომუნიკაციების დაკანონების შესახებ (დერეფანი ბათუმიდან სომხეთისკენ, გამჭოლი ტრასა ყაზბეგი-დმანისის გზით, მთავარი მაგისტრალებიდან _ ხაშური-ჯავახეთის გზით და ა.შ.). ანალოგიურად, სძალავს მას დერეფანს (ან დერეფნებს) თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, რამდენადაც აზერბაიჯანი თურქულ-რუსული ჩუმი ალიანსის მეტ-ნაკლები გაოფიციალურებისთანავე ამ ალიანსის ერთგული დამხმარე ან წევრი იქნება.

პუტინის რუსეთის ამ გეოსტრატეგიულ განზრახვებს რეალური განხორციელება არ უწერია. ამის შანსი მას არა აქვს (ვინაიდან შავი ზღვა-კავკასიის რეგიონში დასავლეთის ძალებიც უკვე დიდი ხანია, რაც აღემატება რუსეთისას, და მისი გეოპოლიტიკური დაინტერესების ხარისხიც). შუა აზია ხომ მესამე მსოფლიო ომის (რომელიც უკვე მიმდინარეობს “ცივი” სახით) ცენტრალური სტრატეგიული პოზი­ციაა! (ამაზე მრავალჯერ გვქონია მსჯელობა და აქ ამ თემაზე საუბარს აღარ ვაგრძელებთ). მაგრამ ამ ხანგრძლივ სამხედრო კონფლიქტს, რომელსაც პუტინი ამზადებს, როგორც სამხედრო მომენტის შემცველ ავანტურას, ამ ხნის მანძილზე ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეუძლია როგორც მოსახლეობის ფიზიკური დაზიანების, ისე ეკონომიკური ინფრასტრუქტურული ფიზიკური ნგრე­ვისა და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისათვის საზარალო იურიდიული და დემოგ­რა­ფი­ული შედეგების სახით, სახელდობრ, საერთაშორისო ხელშეკრულებების და ჩვენს ქვეყანაში ახალი “მოსახლეობების” დალექვის სახით. ამ შედეგებისაგან ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობითი დაცვა ჩვენი აქტუალური დღევანდელი მოვალე­ო­ბაა. თქმულიდან გამომდინარე,

საქართველოს დღეს არსებული ხელისუფლება თავისი ანტიქართული “უმრავლესობა-უმცირესობის” სახით მოვალეა, ქვეყნის ღალატის ბრალდებით მომავალი გასამართლების რიდით, მოახდინოს შემდეგი:

  1. დააფორმულოს და გაავრცელოს ოფიციალური ინფორმაცია აფხაზეთის ტერიტორიის რეალური ისტორიის შესახებ მეცნიერული ცოდნის საფუძველზე.
  2. შემოიღოს კანონი გენოციდისა და ეთნიკური წმენდის (აგრეთვე _ მათი მცდელობის ყველა ფორმის) უმკაცრესი დასჯადობის შესახებ და დღევანდელი უკმარისი კანონმდებლობითვე აღძრას სისხლის სამართლის საქმე ხაჯიმბას ამასწინანდელი განცხადების გამო (ქართველი მოსახლეობის მოცილების საჭიროების შესახებ).
  3. აღძრას საქმე აფხაზეთში უკვე ჩატარებული ეთნოწმენდისა და ქართველი მოსახლეობის გენოციდის შესახებ პროკურატურის მიერ უკვე მრავალი წლის წინ შედგენილი საბრალდებლო დასკვნის საფუძველზე.
  4. გამოიძიოს აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის მიმართ გენოციდისა და ეთნოწმენდის პროცესში (1992-1993) ამ გამოძიების პირველი ხელმძღვანელის გივი ეხვაიას და მისი სიკვდილის შემდეგ მისი ამ ფუნქციაში შემცვლელის ალექსანდრე შუშანაშვილის სიკვდილის გარემოებები.
  5. დაადგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და მსოფლიოს წინაშე ფართოდ ცნობილი გახადოს ის, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არც ერთი პირის არც სადღეისოდ უკვე მომხდარი დასახლება, ოკუპანტის მიერ ორგანი­ზე­ბული, და არც ოკუპაციის პირობებში მომხდარი ახალი დასახლება არ იქნება აღიარებული კანონიერად საქართველოს სახელმწიფოს მიერ; შემოსახლებულ პირს არ მიეცემა არც მოქალაქეობა, არც საქართველოს (აფხაზეთის ჩათვლით) ტერიტო­რიაზე უძრავი ქონების (მათ შორის _ მიწისა და მასზე მდგარი ნაგებობის) საკუთრების უფლება.
  6. კანონით შემოიღოს სასჯელის უმაღლესი ზომა საქართველოში (აფხაზეთში და სხვა ნებისმიერ ადგილას) უცხოეთიდან საომრად შემოსული ნებისმიერი შეიარა­ღებული პირისათვის.
  7. ოფიციალურად დააფიქსიროს მსოფლიოს წინაშე, რომ რუსეთი არის საქართ­ვე­ლოში ქართველთა გენოციდის და ქართველთაგან ამ ტერიტორიის ეთნიკური წმენდის ერთიანი უმაღლესი ორგანიზატორი, ხოლო ხოლო აფსუა (“აფხაზი”) და ოსი მოსახლეობის ის ნაწილები, რომელთაც ამ დანაშაულებრივ ღონისძიებაში ფაქტობრივი მონაწილეობა მიიღეს, მოქმედებდნენ მხოლოდ რუსების ნებართვით, წაქე­ზებით, ადგილზე დაცვით და დიპლომატიური დაცვით მსოფლი­ოს მიერ ფიქსაციისაგან.

საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის მოვალეობაა აგრეთვე, რომ საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში ოფიციალურად ცნობილი გახადოს ყველა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანზაციისათვის ისტორიული მეცნიერების შემდეგი მონაცემები:

  1. დღევანდელი აფხაზეთის მთელი ტერიტორია ისტორიის ყველა ცნობილ ეტაპზე, კოლხეთის სახელმწიფოდან დაწყებული, არის საქართველოს სამეფოსა და მისი წინაპარი და შემადგენელი პოლიტიკური ერთეულების ნაწილი. დღევანდელი ქართველი ერის წინაპარნი არიან ერთადერთი მოსახლეობა, ორი ბერძნული კოლონიის გარდა, რომელმაც ეს ტერიტორია გადაიყვანა ხელუხლებელი ბუნების მდგომარეობიდან განვითარებული ფეოდალური ცივილიზაციის მდგომარეობაში.
  2. დღევანდელი აფსუა მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე შემოსახლებული (ძირი­თადად XVII სს-ში), ჩრდილოეთიდან შემოსული ადიღეური მოდგმის ტომია, საქართველოში დასახლების შემდეგ “აფხაზად” წოდებული მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს “აფხაზეთად” წოდებულ ნაწილში დასახლდა.
  3. ფეოდალურ საქართველოში შემოსახლების შემდეგ აფსუა ტომები ბუნებრივად ჩაერთნენ ფეოდალური ცხოვრების სისტემაში. მათ, ქვეყანაში არსე­ბულ თარგზე, შექმნეს თავისი მოდგმის თავად-აზნაურობა, რომელთა მწიგნობ­რო­ბის ენა იყო ქართული. ისინი აზნაურები (ვასალები) იყვნენ ან სამეგრელოს მთავარ დადიანისა, რომელიც თავის მხრივ იმერეთის მეფის ვასალი იყო, ან პირ­დაპირ იმერეთის მეფისა. ასევე, აფხაზეთის სამთავრო იყო ვასალური ერთეული სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროსი.
  4. შემოსახლებულთა არც დემოგრაფიულ წარმატებები, არც მათი სამხედრო შე­საძ­ლებლობების გაძლიერება არასოდეს მიყვანილა იმ ნიშნულამდე, რომ ეს ტე­რი­ტორია დანარჩენი საქართველოსაგან იურიდიულად მოწყვეტილიყო. შესაბა­მი­სად, საქართველოს სახელმწიფოს უფლების უპირობობისათვის, რომ, ამ ტერი­ტო­რიაზე თავის იურისდიქციას ახორციელებდეს, საპირისპირო არგუმენტი არ არსებობს.
  5. საქართველოში ინტეგრაციის შედეგად აფსუა (“აფხაზ”) მოსახლეობას თანდათანობით გაუწყდა ფსიქოლოგიური კავშირი დანარჩენ ადიღე ტომებთან. მას ახალი, საკუთარი ეთნიკური ცნობიერება შეუმუშავდა _ აფსუური თვითიდენ­ტი­ფი­კაცია, რის გამოც დღეს საქართველოს გარეთ, ფსიქოლოგიურად, მას სამშობლო აღარ აქვს. ქართველი ხალხი მის ამ თავისუფალ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. იგი ამ მოსახლეობას განიხილავს არა როგორც დიასპორას, არამედ როგორც თა­ვი­სი ამ ახალი თვითიდენტიფიკაციის _ აფსუებად (სხვა ენებზე კი _ აფხაზე­ბად) თვითიდენტიფიკაციის _ შესაბამისად საკუთარი ეროვნული საზოგადოების შენების უფლების მქონეს.
  6. საქართველოს პოლიტიკურად მოაზროვნე საზოგადოებრიობის, პრაქტიკულად, ერთსულოვანი აზრი ამ ტერიტორიის პოლიტიკური და იურიდიული სტატუსის შესახებ არის ის, რომ ამ ტერიტორიას უნდა ჰქონდეს ფართო ავტონომია. სახელდობრ, იქ, სადაც აფსუა (“აფხაზი”) ხალხი კომპაქტურად ცხოვრობს (ასეთია ამ ტერიტორიის დაახლოებით 25%), მას უნდა ჰქონდეს უფლება და პრაქტიკული საშუალება, საკუთარი ტრადიციით, გემოვნებით, ნებით და სოციალურ ფორმათა არჩევანით საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების შენებისა ანუ საკუთარი გზების ძებნისა სამართლიანობის, კეთილდღეობის, თანასწორობის, კულტურული პროგ­რე­სის და სხვა ზოგადადამიანური იდეალების განხორციელებისათვის საქართველოს კონსტიტუციის დაურღვევლად. საქართველოს ყველა სხვა წერტილში აფსუა (“აფხა­ზი”) ხალხის საკუთრივ ეროვნული ინტერესების წინ წაწევის ფორმაა ე.წ. ფუნქ­ციური ავტონომია პრინციპით “ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე”.

 

ნოდარ ნათაძე

5. 06. 2014 წ.

 

 

 

***

ორი აუცილებელი შენიშვნა

 

https://iberiana.files.wordpress.com/2014/11/natadze.jpg1. პუტინის ლაშქრობა უკრაინაზე “ჰუმანიტარული ქარავანის” საშუალებით არც შემთხვევითია, არც უპრეცედენტო. შემთხვევითი არ არის იმდენად, რამდენადაც პუტინს ამ ავანტურის გარდა სხვა გზა არა აქვს: თუ უკრაინელებმა 24 აგვისტოსთვის თავისი “ანტიტერორისტული ოპერაცია” გამარჯვებით დაასრულეს, ანუ ომი დაამთავრეს დონეცკსა და ლუგანსკზე კონტროლის აღებით (რაც მოსალოდნელია, ვინაიდან უკრაინა ოფიციალურად, “გაშლილი დროშით” მოქმედებს), მაშინ პუტინის პრესტიჟი რიგითი რუსის თვალში ნოლზე დავა. პრეცედენტი პუტინის ამ განზრახულ ავანტურას აქვს 1993 წელს ტყვარჩელში გიგანტური ჰუმანიტარული ქარავანის შესვლის სახით, რომელმაც იქ ალყაში მყოფ “სეპარატისტებს” იარაღი და ტყვია-წამალი შეუტანა. ქარავანი არ გაჩხრეკილა. ამ ფაქტზე პასუხისმგებელი პიროვნება, ადამიანის უფლებათა კონტროლის ხაზით იმ დროს იქ მივლენილი, იყო შევარდნაძის უახლოესი და უერთგულესი კაცი _ მთავარ¬სარდლისა, რომელიც ომობდა  მოწინააღმდეგის მხარეზე.

2. მოწინააღმდეგის მხარეზე ომობდა 2008 წლის აგვისტოს ომში მთავარსარდალი სააკაშვილიც. მე პირადად ერთი იმათგანი გახლავართ, ვისაც ხსენებული ომის შინაარსი და მექანიზმი სწორედ ასე გვესმის. მთავარი (თუმცა არა ერთადერთი) სტრუქტურა ამ სახელმწიფოებრივი ღალატისა ასეთია:

_ არ გაუქმდა რუსების სამშვიდობო მანდატი;

_ არ მიემართა გაეროს ოფიციალურად შეიარაღებული დახმარების მოთხოვნით რუსეთის აგრესიული ომის გამო მაშინ, როცა როკის გვირაბით შემოდიოდნენ მისი შეიარაღებული ძალები (არა მემშვიდობეები), იკავებდნენ საკვანძო პოზიციებს საქართველოს ტერიტორიაზე და ძალთა კონენტრაციას ახდენდნენ ანუ აწარმოებდნენ და იგებდნენ ომს მანევრის საშუალებით. ხსენებული მანევრი ტარდებოდა რამდენიმე დღის მანძილზე (ყველაზე ინტენსიურად 6 და 7 აგვისტოს) და დამთავრდა 7 აგვისტოს. სააკაშვილმა ეს ოფიციალურად არ განაცხადა და მარშზე მყოფ რუსულ ძალებს ცეცხლი არ გაუხსნა. სამაგიეროდ ცეცხლი გახსნა (ჩემის აზრით _ რუსეთის ბრძანებით) მაშინ, როცა ომი უკვე დამთავრებული და წაგებული იყო, სახელდობრ, 7 აგვისტოს დაახლოებით 23 საათზე, როცა ამას აზრი აღარ ჰქონდა. გაისროლა მოსახლეობისაგან დაცლილი (ორი კვირით მანამდე რუსების მიერ ევაკუირებულ) ქალაქ ცხინვალისაკენ. ამით მან მოახდინა რუსული აგრესიის “პროპაგანდული უზრუნველყოფა” მაქსიმალურად ეფექტიანი სახით. ახლა თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც “რუსთავი-2”-ის ეკრანზე გავიდა, ვტყობილობთ, რომ სააკაშვილს ამ აგრესიულ ომამდე რამდენიმე დღით ადრე, პირად შეხვედრაზე პუტინისგან მოსმენილი ჰქონია განცხადება, რომ საქართველოში პოლიტიკურად ანგაჟირებული ოსები და აფხაზები, რუსეთის მიერ მართულნი, “სეპარატისტები არ არიან”. ეს ფაქტი ავალებდა სააკაშვილს მაშინვე პასუხის გაცემას და მსოფლიოს წინაშე გაცხადებას, რომ

_ რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიულ ომს აწარმოებს (სხვისი ხელით) ყალბი ანუ ანტიმეცნიერული წინასწარ გამზადებული იდეოლოგიის საფუძველზე, რომელიც, წინააღმდეგ მეცნიერული მონაცემებისა, საქართველოს ნაწილებს სხვა ქვეყნებად ცნობს. პრეზიდენტი ვალდებული იყო მსოფლიოსთვის მიეცა მეცნიერულად დასაბუთებული განმარტება, რომ

_ ქართველი მოსახლეობა ავტოხთონურია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ანუ ის ერთადერთი მოსახლეობაა, რომელმაც ეს ტერიტორია ხელუხლებელი ბუნების მდგომარეობიდან გადაიყვანა განვითარებული ფეოდალური ცივილიზაციის მდგომარეობაში

_ რომ ისტორიაში არ არის მომენტი, როცა ეს ტერიტორია საქართველოს გარეთ ყოფილიყოს

_ რომ დღევანდელ აფხაზთა (აფსუათა) იმიგრაციას ჩრდილო კავკასიიდან საქართველში (XVII საუკუნე) თავისი დემოგრაფიული და სხვა სახის წარმატებათა ფონზე არასდროს მიუღწევია იმ მდგომარეობამდე, რომ აფხაზეთის ტერიტორია საქართველოსგან იურიდიულად მოეწყვიტა

_ რომ სიტყვა “ოსეთი” და “ოსური” კავკასიონის სამხრეთით მდებარე რომელიმე წერტილისათვის რუსი დამპყრობლების შეთხზულია და არავითარ არც გეოგრაფიულ, არც ისტორიულ, არც დემოგრაფიულ, არც ეკონომიკურ ან სხვა რამ ვითარებას არ ასახავს

_ რომ, შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების უფლება, პრაქტიკულად განახორციელოს თავისი იურისდიქცია საქართველს მთელ ტერიტორიაზე, უპირობოა

_ რომ საქართველოს ხელისუფლებას თუ არა, საქართველოს საზოგადოებრიობას აქვს კონკრეტული კონცეფცია და პოზიცია აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც სიტუაციის სრული ჰარმონიზაციისა

_ რომ, თუ პრეცედენტად იქნა დაკანონებული ეროვნულ და ეთნიკურ ურთიერთობათა რეგულირების ის პრინციპი, რომელსაც რუსეთი გვთავაზობს თავისი ყოფილი იმპერიის ტერიტორიებისათვის _ პრინციპი, რომ დემოგრაფიული დინამიკა (სად ვინ როგორ გამრავლდება) განსაზღვრავს მოცემული ტერიტორიისა და მიკროტერიტორიის პოლიტიკურ სტატუსს _ ეს იქნება ცდუნება და სტიმულირება ყველა ეთნიკური ჯგუფის პანიკური შიშისა ყველა სხვა ჯგუფის დემოგრაფიული კეთილდღეობის წინაშე, მაშასადამე _ სტიმული ეთნიკური წმენდისა და გენოციდისათვის ყველა კონტინენტზე ევროპის ჩათვლით

მთავარი გაკვეთილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიტანოს წინა ორის მოღალატური პრაქტიკიდან და მის მიერ მოტანილი სახელმწიფოებრივი კატასტროფებიდან, შემდეგია: ხელისუფლება ვალდებულია, ღიად და დასაბუთებულად ჰქონდეს გაცხადებული საქართველოს, როგორც სრულყოფილად უნიტარული სახელმწიფოს, მარადიულყოფის შეუვალი უფლება და მტკიცე ნება, რომელშიც (რომელ სახელმწიფოშიც) აფხაზეთი არის ავტონომია უფლებამოსილებათა მკაფიო გამიჯვნით არა მარტო თბილისსა და სოხუმს შორის, არამედ სოხუმსა და აფხაზეთისავე კონკრეტულ რეგიონებს შორისაც.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამ თავის პირდაპირ მოვალეობას, როგორც ეტყობა, არ ცნობს, რაც მისი შესაბამის დარგში სადღეისო პოლიტიკიდან და მის გასატარებლად მოწვეული კადრების რაგვარობიდან ჩანს. სახელმწიფო ღალატამდე ამ კადრების მოქმედება მისული არ არის, მაგრამ, პოტენციურად, სახიფათო კბოდეზე დგას.

 

***

რუსული აგრესიის მოსალოდნელი შემდგომი ნაბიჯი

საქართველოს საზოგადოებრიობას კარგა ხანია, რაც აქვს ჯერჯერობით ყრუ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სომხეთის ადმინისტრაციაში არსებობს და ძლიერდება ტენდენცია რუსეთის ფედერაციასთან უფრო მჭიდრო ოფიციალური კავშირის დამყარებისა, ვიდრე დღეს აქვს, თვით რუსეთის ფედერაციაში სომხეთის შესვლის ჩათვლით. თუმცა ქართველი საზოგადოებრიობისათვის ცნობილია, რომ ეს ტენდენცია არანაირი ზომით არ შეესატყვისება სომეხი ხალხის არც სულისკვეთებას, არც მისი პოლიტიკური აზროვნების მიმართულებას (პირიქით, დიამეტრალურად ეწინააღმდეგება მათ), ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს რეალური საშიშროება რუსულ-სომხური ურთიერთობების ოფიციალურად მიყვანისა იმგვარ იურიდიულ ფორმამდე, რომელიც რუსეთს მისცემს საბაბს, თუნდაც სამართლებრივად არაკორექტული გზით, მიიწეროს უფლება სამხედრო ძალის გამოყენებისა თითქოსდა “ერთობლივი რუსულ-სომხური ინტერესების დასაცავად” საქართველოზე პირდაპირი შეიარაღებული დარტყმის ჩათვლით. ამ განზრახული აგრესიული ოპერაციის სცენარი, სახელდობრ, შემდეგია:

პირველი ნაბიჯი. რუსეთი და სომხეთი ქმნიან რაღაცა ერთობლივ ეკონომიკურ, პოლიტიკურ (მოკავშირეობრივ) ან სტრატეგიულ სტრუქტურას, რომელიც საჭიროებს მჭიდრო სატრანსპორტო კავშირს რკინიგზით (ანუ: აფხაზეთის გამოვლით) და/ან ზღვითა და საავტომობილო გზით (ანუ ბათუმი-ხულო-ახალქალაქის გზით).

მეორე ნაბიჯი. ხსენებული საბაბით რუსეთი ახორცილებს აფხაზეთის რკინიგზის ოფიციალურ აღდგენას და შემდგომ სამხედრო კონტროლს მთელ მონაკვეთზე ფსოუდან ბამბაკის ხეობამდე, აგრეთვე იკავებს ბათუმს და ოფიციალურ კონტროლს ამყარებს საავტომობილო გზაზე ბათუმიდან საქართველო-სომხეთის საზღვრამდე ბოგდანოვკის სამხრეთით. ამით რუსეთის შეიარაღებული ძალები იკავებენ საქართველოს მთლიანად სანაპირო ზოლს, რის შედეგადაც მათი პოზიციების ხელყოფა მათს ევენტუალურ მოწინააღმდეგეს (დასავლეთს) შეუძლია მხოლოდ ზღვიდან ან ჰაერიდან, ისიც _ ძალიან შორს მდებარე აეროდრომებიდან. ამით საიმედოდ იკეტება ამიერკავკასია, როგორც ტრანზიტული მაგისტრალი, დასავლეთის მოძრაობისათვის შუა აზიისაკენ და პირიქით, რაც რუსეთის (პოტენციურად _ რუსულ-ჩინური ალიანსის, ისლამური ქვეყნების დიდი ჯგუფის მონაწილეობით) დღესდღეობით უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიული ამოცანაა. მიუცილებელი სამი პირობა, რომელიც ესაჭიროება ამ გაბედული შეტევითი გეგმის განხორციელებას, სახეზეა. ესენია:

ა. საქართველოს ფარულად პრორუსული ხელისუფლების ფსიქოლოგიური მზაობა თანხმობის მიცემაზე რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნისათვის, აგრეთვე მისი სავარაუდო ფსიქოლოგიური მზაობა სომხეთისათვის “დერეფნის” მისაცემად ბათუმიდან სომხეთამდე საავტომობილო მაგისტრალის სახით.

ბ. თურქეთის სავარაუდო მზაობა შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში დასავლეთისათვის აეროდრომების გამოყენების უფლების არმიცემისათვის, როგორც ეს მან ქმნა 2008 წლის აგვისტოში.

გ. შავი ზღვის აქვატორიის რუსეთის მხრიდან ძალიან მჭიდრო გათოფილობის ფაქტი როგორც სარაკეტო ცეცხლის თვალსაზრისით, ისე ბომბდამშენი ავიაციის (ძალიან ახლოს ხმელეთზე ბაზირებულის) მოქმედების თვალსაზრისით, რაც კითხვის ქვეშ აყენებს დასავლეთის უნარს, რომ ფლოტის გამოყენება შეძლოს შავ ზღვაში და მის მიმდგომ ტერიტორიებზე. ხსენებულ ხიფათთან დაკავშირებულია რუსეთის დღევანდელი ადმინისტრაციის არსებითად არაადექვატური საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ფაქტი, სახელდობრ, ის, რომ იგი პრინციპულად ცნობს თავის უფლებას, რომ საკუთარი გეოსტრატეგიული (მათ შორის _ “თავდაცვითი”) ინტერესების დამოწმებით არღვიოს მეზობელ და არამეზობელ სახელმწიფოთა ტერიტორიის ხელშეუხებლობის საერთაშორისო-სამართლებრივი პრინციპი, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის არაერთხელ განცხადებული რწმენა, რომ “რუსული სამყარო”, რომელიც ვრცელდება არაერთ ტერიტორიაზე რუსეთის გარეთ, მიჩნეულ უნდა იქნას რეალურ ქმედუნარიან ერთეულად დედამიწის მოწყობის (დედამიწის დანაწილებულობის) დღევანდელ სისტემაში, რომელიც (ეს ერთეული) აღჭურვილია საკუთარი ინტერესების საკუთარი გადაწყვეტილებით გატარების უფლებით და რომლის მონაწილეთა (ანუ ეთნიკურ რუსთა და მათ მოკავშირეთა) მიერ ამ ინტერესთა შეიარაღებული გატარება სხვა სახელმწიფოებში მათს არა მხოლოდ საკრალურ უფლებას, არამედ აგრეთვე მათს მორალურ მოვალეობას შეადგენს.

ხსენებული ხიფათისადმი დასავლეთის პრაქტიკული დამოკიდებულება ვერ იქნება გამოწვევის შესატყვისი და რეალისტურად პროპორციული, თუ არ მოხდა შემდეგის გათვალისწინება:

1. ამიერკავკასია, როგორც მთლიანი, ვერ განიხილება მხოლოდ როგორც გეოგრაფიული და გეოსტრატეგიული რეგიონი. ამასთან ერთად, იგი უნდა განიხილებოდეს, როგორც ასპარეზი, რომელშიც და რომელზეც წარმოებს (და მომავალშიც იწარმოებს, მთელს განჭვრეტად მყოფადში) ბრძოლა რამდენსამე სხვადასხვა გეოსტრატეგიულ მოთამაშეს შორის. აზერბაიჯანი არის და ყოველთვის იქნება თურქულმოდგმოვანი (turkic) სამყაროს ნაწილი და მისი ორიენტაცია სიღრმისეულად ყოველთვის განსაზღვრული იქნება თურქულმოდგმოვანი (turkic) და არა კავკასიური ან კერძოდ სამხრეთკავკასიური ინტერესებით.

სომხეთის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა ძალიან დიდწილად არის და იქნება განსაზღვრული იმ (პარადოქსალური) ფაქტით, რომ სომხური პოლიტიკა და კულტუროლოგიური აზრის დიდი ნაწილი სომეხი ერის ეროვნულ მეობას დღეს ათავსებს არა სომხეთის ტერიტორიაზე, არამედ მრავალრიცხოვან სომხურ დიასპორაში, რის გამოც სომეხთა არც ამიერკავკასიური სოლიდარობა, არც ამ რეგიონში თავდამკვიდრების ინტერესი მათთვის არ იქნება არც მთავარი, არც, მით უმეტეს, ერთადერთი სახელმძღვანელო მოტივი ამ რეგიონში. (დავიმოწმებთ ე.წ. “ირონიული გეოსტრატეგიის” შემდეგ მოარულ დებულებას: “სომხებს ძალიან არ ეწყინებათ, თუ ვინმე სულელმა ააფეთქა მათი ბირთვული ელექტროსადგური, და ერთ საუკუნეს მოიცდიან სადმე სხვაგან, სანამ რადიაცია მათ მეზობლებს არ გაწყვეტს”).

2. ამიერკავკასიაში ერთადერთია საქართველო, რომელსაც დედამიწაზე ამიერკავკასიის გარდა სხვა საყრდენი არა აქვს და რომელიც ფუნდამენტურად, უყოყმანოდ ორიენტირებულია დასავლეთზე უკვე ორი ათასწლეულის მანძილზე.

ამ ორიენტაციას ისტორიულად განსაზღვრავს

_ ქრისტიანული რელიგია და ღრმა ქრისტიანული კულტურა.

_ ფეოდალური ისტორია საქართველოს მიწაწყლის 4/5-ზე (ბარსა და მთისწინეთში) და სამხედრო დემოკრატიული (თემური) ისტორია 1/5-ზე (მთაში).

_ მენტალური შეუთავსებლობა აღმოსავლეთის მეზობლებთან, რომელნიც დესპოტური სახელმწიფო ფორმით ცხოვრობდნენ და სხვა რელიგიათა აღმსარებელნი იყვნენ.

შესაბამისად, საქართველო ამიერკავკასიის ერთადერთი ერთეულია,

_ რომლის ტრადიციული ეროვნული ღირებულებები იდენტურია ე.წ. “დასავლური ღირებულებებისა”

_ რომელიც დაინტერესებულია დასავლური ცივილიზაციური არეალის განვრცობაში ჩინეთის საზღვრამდე

_ რომელიც დაინტერესებულია შავი ზღვის განთავისუფლებაში ჩაკეტილი (რუსულ-თურქული) ტბის სტატუსისაგან.

3. ჩრდილო კავკასიის ავტოხთონური ხალხები (ვეინახები ანუ ქისტები და ჩეჩნები (პირველ ყოვლისა), ადიღეელები (დასავლეთი ჩრდილო კავკასია) და ავარელ-დიდოელები (დაღესტნელები) _ არიან დღესდღეობით დიდი პოტენციის მატარებელი მცირე ერები, რომელთა ყოფნას რუსეთის შემადგენლობაში არანაირი არც ისტორიული, არც მორალური საფუძველი და გამართლება არა აქვს. პოლიტიკური და გეოსტრატეგიული თვალსაზრისით დღეს ისინი ორმაგი ორიენტაციის მატარებელნი არიან. ტრადიციული და ძირითადი მათთვის არის ეროვნული (პრაქტიკულად _ კავკასიური) ორიენტაცია, რომელსაც მათ თვალში ამ რეგიონის ერთადერთი ისტორიულად ორგანიზებული ტრადიციული სახელმწიფო _ საქართველო განასახიერებს. ახალია ტენდენცია რელიგიური (სახელდობრ, ისლამური) ორიენტაციისა. საქართველოს, როგორც დღეს და მომავალში დასავლურად ორიენტირებული ცივილიზებული და დემოკრატიული ერთადერთი კავკასიური სახელმწიფოს, ფაქტორი დღეს და განჭვრეტად მომავალში არის ერთადერთი იდეოლოგიური ძალა, რომელსაც შეუძლია წარმატებული წინააღმდეგობის გაწევა ჩრდილო კავკასიის ამ ახალი მძლავრად შემომტევი ისლამური იდეოლოგიისათვის. (ამ უკანასკნელის ნიმუში ამგვარი ფორმულირების სახით “მე მოვკვდე, ოღონდ ჩეჩნეთმა იცოცხლოს. ჩეჩნეთი მოკვდეს, ოღონდ ისლამმა გაიმარჯვოს!” სამწუხაროდ, არაერთხელ მოხვედრილა ჩვენს თვალსაწიერში). ამ ახალი ცნობიერების დაძლევა მხოლოდ ზოგადკავკასიურ (საქართველოს მომცველ) თვითცნობიერებას შეუძლია.

4. გასათვალისწინებელია რუსეთის დღევანდელი მმართველის, პუტინის პირადი ინტერესების ფაქტორი. დღეს მისი პრესტიჟი რუსი ხალხის თვალში უმაღლეს ნიშნულზეა, როგორც ჩეჩნების დამთრგუნველისა, საქართველოსთვის მიწის წამრთმევისა, ყირიმის დამკავებლისა და ლიდერისა დღევანდელ დაპირისპირებაში დასავლეთსა და რუსეთს შორის. მისი პოლიტიკის უპერსპექტივობის გაცნობიერება რუსი ხალხის მიერ, უნდა ვივარაუდოთ, სულ რამდენიმე მომავალი თვის საქმეა. ამიტომ საკუთარი იმეჯის შესანარჩუნებლად მისი მხრიდან მოსალოდნელია ნებისმიერ ავანტურაზე წასვლა, პირველ ყოვლისა _ საძულველ საქართველოს წინააღმდეგ ამ ავანტურაზე წასვლას მას უდავოდ გაუადვილებს პრორუსული ქართველი ხელისუფლების იმედი.

დასავლური გეოსტრატეგიისათვის ერთადერთი სწორი გზა, ჩვენის აზრით, არის:

_ ამიერკავკასიაში საყრდენად და სანდოდ მხოლოდ საქართველოს მიჩნევა აქედან გამომდინარე კურსითურთ საქართველოს ადექვატურ ეკონომიკურ, ინდუსტრიულ და სამხედრო აღჭურვაზე იმ ზომით, რომ მას ერთდროულად ორივე თავისი მეზობლის ზოგადკავკასიური მოქმედების კონტროლი შეეძლოს;

_ მყარი ორიენტაცია კავკასიის ავტოხთონური მოსახლეობის საკუთრივ კავკასიურ იდეოლოგიაზე, რომელიც დასავლეთის სწორი მოქმედების შემთხვევაში თანმმთხვევი იქნება დემოკრატიის თანამედროვე პრინციპებისა;

_ მყარი ლობირება რუსეთის ფედერაციიდან ჩრდილო კავკასიის ზემოხსენებული ხალხების განთავისუფლების საქმისა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში (საქართველოს დიპლომატიას აქ აქტიური როლი უნდა ჰქონდეს).

5. ღრმად გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ საქართველოში დასავლური პოლიტიკისა და ცხოვრების წესის პრესტიჟისათვის ფართო მასის თვალში პირველხარისხოვან საშიშროებას წარმოადგენს ტენდენცია, _ როგორც ოფიციალური პირების მხრიდან, ისე საქართველოში მოქმედი დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან _ იმისა, რომ პოპულარიზაცია მოხდეს იმ დღესდღეობით საქართველოსთვის პრინციპშივე მიუღებელი დებულებებისა (იდეებისა), თითქოს:

_ ცენტრალური ხელისუფლების პარალიზაცია (“დეცენტრალიზაციის” სახელით) არის სიკეთე და დემოკრატიული სულისკვეთების ნიშანი;

_ საქართველო, რომელიც თავის მოსახლეობის ტოლერანტობის ხარისხით (როგორც რელიგიურის, ისე ყოფითის) დიდი განსხვავებით აღემატება, ისტორიულადაც და დღესაც, მსოფლიოს ყველაზე სრულყოფილად დემოკრატიულ ქვეყნებს, საჭიროებს “ჭკუის სწავლებას” გარედან და პირდაპირი ან არაპირდაპირი სასჯელებით დამუქრების გამოყენებით, რათა “შემწყნარებლობა” ისწავლოს გარედან ნაკარნახევი საზოგადოებრივი ქცევის ფორმებისადმი, რომლებიც, თავისი ამ დაუფარავად იძულებითი ხასიათით, საზოგადოებას შეურაცხოფას აყენებენ (მხედველობაში გვაქვს “გეი-პარადების” თავს მოხვევის მცდელობა და სხვა ამ ტიპის მოქმედება);

_ გულგრილობა, საკუთრივ ეროვნული ისტორიულმასშტაბიანი ინტერესებისადმი, ანუ უპასუხისმგებლობა ერის მომავალ თაობათა წინაშე, პიროვნებისათვის სიკეთეა და მოქალაქისათვის ქველობაა.

ქართველი ერისათვის, რომელსაც ურთულეს პირობებში თავისი ყოფაცხოვრების ზნეობრივი რეგულირებისა და დემოკრატიული პლურალისტური გზით წარმართვის დიდი ისტორიული გამოცდილება აქვს, ამგვარი ინფანტილური “პედაგოგიკა” მიუღებელია. ჩვენს ერს სასწავლი აქვს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის ტექნიკა დღევანდელ პირობებში, მაგრამ არა დემოკრატიის პრინციპი. ჩვენს ერს დღეს ამოცანად უდგას უკიდურესი გაჭირვებისა და განსაცდელის პირობებში თავის მოზარდ თაობათა ფორმირებ მაღალი პიროვნული და მოქალაქეობრივი ქველობის, პასუხისმგებლობისა და ჰუმანიზმის სულისკვეთებით. ჩვენი ერის უფლებაა, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისა და სულისკვეთების (მენტალობის) მოზიარეთაგან ამ ჩვენს მძიმე ამოცანასთან ჭიდილში გამგებიანობასა და თანადგომას მოველოდეთ.

ნოდარ ნათაძე

27.09.2014.

One Response to “• ნოდარ ნათაძე”

  1. Manana Chirakadze said

    ბატონო ნოდარ ნათაძევ ეგ მასინ უნდა გეფიქრათ, როცა 1991 წლის 21 დეკემპერს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გამართულ მიტინგზე გამსახურდიას ბრალად სდებდით, რომ მან პრივატიზაცია ვერ ჩაატარა მობილურად და ამიტომ მისი ჩამგდებისათვის მოუწოდებდით საზოგადოებას!!! ყოველივე ეს ჩემი დასავსები ყურიტ რომ არ გამეგონა, სხვას არ დავუჯერებდი!!!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: