IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გამსახურდიას და კოსტავას სასამართლო პროცესი

 • ს.ე.გ.მ.

 

ოქროპირიძე უჩა

 
ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სასამართლო პროცესის ისტორიისათვის
 

 

1978 წლის მაისში გაიმართა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სასამართლო პროცესი, რომლის შესამზადებლად მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში დიდი წვლილი შეიტანა, როგორც „ქართულმა წითელმა ინტელიგენციამ“ და საბჭოთა სისტემის იდეოლოგიურმა სამსახურებმა, თუ ამ საქმიანობაში დახელოვნებულმა „სუკმა“, ასევე აღნიშნული აქტიორების მიერ საღ აზრ გამოცლილმა, დაბეჩავებულმა ნებაწართმეულმა ე.წ. ქართულმა საზოგადოებამ.

საქმე იმაშია, რომ გასული საუკუნის 70–იანი წლების დასაწყისში საქართველოში საგრძნობლად გააქტიურდა დისიდენტური მოძრაობა, რომელიც 1972 წლიდან მჭიდროდ უკავშირდება რუსეთის დისიდენტურ წრეებსა და მათ თვითგამოცემებს მოსკოვსა და ლენინგრადში (სანკტ–პეტერბურგი). თბილისში იწყება  ა.სოლჟენიცინის, ა.სახაროვის, კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების, მერაბ კოსტავას წერილებისა და სტატიების ბეჭდვა და გავრცელება თვითგამოცემების საშუალებით. საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებისა და ეკლესიისათვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო ზვიად გამსახურდიას სტატიები–„პოლემიკა დასავლეთის პრესასთან საქართველოს ეკლესიის მდგომარეობის შესახებ“, წერილი რედაქციას“, მისივე დოკუმენტური მასალები–„საზოგადოებრივი პრობლემები“, „თეიმურაზ ჯვარშეიშვილის დაკითხვის ოქმები“ და სხვა. მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ უზრუნველყვეს ა.სალჟენიცინის ბესტსულერად ქცეული ნაწარმოების–„გულაგის არქიპელაგი“–გამოცემა და გავრცელება საქართველოში OP[1, გვ. 4].

აღნიშნული საქმიანობა იმ პერიოდში ანტისაბჭოთა აგიტაცია–პროპაგანდად ითვლებოდა, ხოლო მისი ავტორები სასტიკ დევნა–შევიწროვებასა და რეპრესიებს განიცდიდნენ. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა სულ მალე დააპატიმრეს და გაასამართლეს. მათი საქმე # 131–ის საბრალდებო დასკვნაში სწერია: „გამსახურდიამ მიზნად დაისახა მასიური გავრცელება ანტისაბჭოთა ლიტერატურისა. 1974 წლიდან იგი აქტიურად შეუდგა პოლიგრაფიული და საბეჭდი მოწყობილობით სპეციალისტების მიზიდვას, რომელთაც დიდი ფულადი ანაზღაურება ჰქონდათ“… 1974 წლის გაზაფხულზე მან მოიპოვა ა. სოლჟენიცინის „გულაგის არქიპელაგის“ ოთხივე ნაწილი, იმ ავტორისა, რომელიც გაძევებული იქნა სსრკ–დან მისდამი მტრული მოღვაწეობის გამო. „გულაგის არქიპელაგი“ გამოიცა პარიზში, უმკა–პრესში“, რომელიც გმობს მარქსისტულ–ლენინურ მოძღვრებას სოციალისტურ რევოლუციაზე“… [იქვე, გვ.5] (დღეს წარმოდგენაც ძნელია, თუ ეს საქმეები რა შეუწყნარებელ ცოდვად და დანაშაულად ითვლებოდა მაშინ–უ.ო.) მანამდე კი, 1975 წელს ზვიად გამსახურდიას ირჩევენ მოსკოვში ჩამოყალიბებული „საერთაშორისო ამნისტიის“ ჯგუფში საქართველოს წარმომადგენლად, ხოლო 1976 წელს მოსკოვში შექმნილ  პელსინსკის ხელშეკრულების საშემსრულებლო ჯგუფის ჩამოყალიბების კვალობაზე იმავე წლის ივნისში ზვიად გამსახურდია საქართველოში ქმნის ანალოგიურ ჯგუფს, რომლის მიერ შეკრებილი სტატიები და მასალები საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხებზე იბეჭდებოდა ქართულ თვითგამოცემის ჟურნალში „საქართველოს მოამბე“ [იქვე].

1975 წლის მაისში გამოვიდა ჟურნალის „ოქროს საწმისი“ პირველი ნომერი, რომლის გამოცემაც გაგრძელდა 1976 წელს. სულ გამოვიდა 4 ნომერი–ორი 1975, ორიც–1976 წელს. მასში იბეჭდებოდა კომუნისტური ცენზურის მიერ აკრძალული მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებები: ივ.ჯავახი შვილის „XIX  საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხები“, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას სტატიები და ლექსები, კონსტანტინე გამსახურდიას ნოველა–„მტრების მეგობრობა“ და მისი არქივიდან ის სტატიები და მასალები, რომლებიც ცენზურამ აკრძალა და რომლებშიც იგი აკრიტიკებს სოვეტიზაციის შედეგად საქართველოში შექმნილ მძიმე მდგომარეობას. ჩვეული პირდაპირობით მსჯელობს ქვეყანაში როგორც პოლიტიკურ, ისე კულტურულ სფეროში შექმნილ ვითარებაზე. აქვე იბეჭდებოდა საბჭოთა გამოცემების მიერ უგულვებელყოფილი მწერლებისა და პოეტების–გაბრიელ ჯაბაშანურის, ადამ ბობღიაშვილის, ოთარ მაისურაძის, შოთა ჩანტლაძის, ასევე ქართული ლიტერატურის  კლასიკოსების ვაჟა–ფშაველას, აკაკი წერეთლის, ლადო ასათიანის სხვათა გამოუქვეყნებელი და უცნობი ნაწარმოებები [იქვე, გვ.6].

რაც შეეხება ჟურნალს „საქართველოს მოამბე“, იგი პოლიტიკური ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობისათვის მიეწოდებინა  ეროვნულ, რელიგიურ და სოციალურ პრობლემებზე, აგრეთვე სსრკ–ში შექმნილ საერთო მდგომარეობაზე  მართებული ინფორმაცია. მის  პირველ ნომერში დაიბეჭდა გაეროს ადამიანთა უფლების დაცვის დეკლარაცია, კრიტიკული წერილები საქართველოს ისტორიის სწავლების საკითხზე ქართულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, საქართველოში გატარებულ რუსიფიკაციის პოლიტიკის, საქართველოს  მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობის, კულტურის ძეგლების დაცვის, საქართველოში ციხეებში პატიმრების წამების, პოლიტ–პატიმართ ვ.ჟვანიას დახვრეტის, საქართველოს საპატრიარქოს გაძარცვის, რომელშიაც მხილებული იქნენ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, სახელმწიფო თანამდებობებისა და სასულიერო პირები და სხვა. მეორე ნომერში კი მხილებულია „წითელი  ინტელიგენციის“ ზოგიერთი წარმომადგენელი სუკ–თან თანამშრომლობაში, რამაც საზოგადოების ამ ნაწილის დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამას მოჰყვა  პრესაში  თავდასხმები მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიაზე, რომელთა ავტორებიც დაუფარავად მოითხოვდნენ მათ დაპატიმრებას (რ.გორდეზიანი, ვ.ქვაჩახია, აკ.სურგულაძე გ.ხავთასი და სხვები) [იქვე, გვ.6]. 1977 წლის 23 მარტიდან კი სეტყვასავით  წამოვიდა ბრალდებები მათ წინააღმდეგ: „მოღალატე“, „იმპერიალიზმის აგენტი“, „ხულიგანი“, „მომხვეჭელი“, „მოღალატე ფარისეველი“ და სხვა საბჭოთა იდეოლოგიური მანქანისათვის დამახასიათებელი ბინძური გამონათქვამებით სავსე პასკვილებით გაივსო პრესა. მაგრამ ამასთანავე მათ ჰქონდათ ქართული საზოგადოების თანადგომაც. ამ აღვირახსნილი კამპანიის გამო აღშფოთება გამოთქვა ქართველი სტუდენტებისა და ინტელიგენციის პროგრესულმა ნაწილმა, ხოლო 1977 წლის 2 აპრილს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ მუშებმა მათზე თანაგრძნობის ნიშნად გაზეთში არ დაბეჭდეს  ზვიადისა და მერაბის წინააღმდეგ მიმართული მორიგი პასკვილი და გაზეთის აღნიშნული  ნომერის სტატიისთვის განკუთვნილი გვერდი გამოვიდა თეთრი, ანუ დაუბეჭდავი. სრულად რომ ჩავწვდეთ მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას მიმართ გაჩაღებული ამ ბინძური კამპანიის არსს, აქვე მოვიყვანთ ციტატას ერთ–ერთი პასკვილიდან. „მოღალატენი“–სხვაგვარად ვერ უწოდებ ერთ მუჭა ხალხს ზვიად გამსახურდიას წინამძღოლობით, რომლებიც ცდილობენ შელახონ ყოველივე სისხლითა და დაკოჟრილი ხელებით მოპოვებული. სადღესასწაულო მარშის დროს თქვენ არ გაქვთ უფლება  მხარში ამოუდგეთ იმ ხალხს, რომელთა წინააღმდეგ გამოდიხართ“. აქვე გამოყენებულია საბჭოთა სისტემისათვის დამახასიათებელი „ჭეშმარიტების ერთადერთი მფლობელის“ სსრკ კომ.პარტიის ცკ–ის მაშინდელი გენერალური მდივნის ლ.ბრეჟნევის ციტატა, რომ „სოციალიზმის მოწინააღმდეგეების, იმპერიალიზმის აგენტების მიმართ ჩვენ ვღებულობთ და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომელსაც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა“, რაც იმას ნიშნავდა, რომ ზვიადისა და მერაბის დაპატიმრება გარდაუვალი იყო [ოქროს საწმისი, თბ., 2006, გვ.7].

მაინც რამ გამოიწვია „ქართული საზოგადოების“ ამ ნაწილის ამგვარი გაცოფება, რომ კონსტანტინე გამსახურდიას გარდაცვალებისთანავე მშიერი სვავებივით დააცხრენ მის ნააზრევზე ამოზრდილ იდეებს, სიმართლისა და სამართლის ახალგაზრდა მეძიებელთა შესამუსრავად დაირაზმნენ? ეს რომ კარგად გავიგოთ ამისათვის აუცილებელია გადავხედოთ თვით კონსტანტინე გამსახურდიას ადრინდელი მოღვაწეობის შინაარსს და ზვიადისა და მერაბის მიერ გამოცემულ თვითგამოცემების მიერ აღებულ კურსს,  რომელიც საბჭოთა წითელი ინტელიგენციისათვის სრულიად მიეღებელ „მკრეხელურ“ ელფერს ატარებდა. ამ ჩვენი დებულების განსამტკიცებლად საჭიროა აქვე განვიხილოთ მაგალითები.

ჟურნალის „ოქროს საწმისი“ წინასიტყვაობაში ზვიად გამსახურდია წერს: „საწმისი, საწომისი, ღრუბელს ნიშნავს… საწმისი, საწვიმისი, წვიმის მშობელს, ვითარცა ღვთისმშობელი ქრისტესი ლოგოსის, რომელიც  გარდმოსდა უღვთობის გვალვით გადამხმარ მიწაზე ვითარცა წვიმა განხორციელებული. სანუკვარია წვიმა ხანგრძლივი გვალვის შემდგომ, ასევე სანუკვარია სიტყვა ხანგრძლივი იძულებითი მდუმარების შემდგომ_აი, რატომ დაერქვა ჩვენს ჟურნალს „ოქროს საწმისი“… [ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #1, 1975 (მაისი)] უკვე ამ წინასიტყვაობაშია გამოხატული კომუნისტური იდეოლოგიური გვალვით  გაბერწებული ქართული სინამდვილის შეცვლისა და ხანგრძლივი იძულებითი მდებარეობიდან ქვეყნის გამოყვანის აუცილებლობა, და ამ თვალსაზრისს თავგანწირვით როგორ არ შეებრძოლებოდა ამ „ქართული სინამდვილის“ შემოქმედი ქართული წითელი ინტელიგენცია და „გამასებული“ საზოგადოება. ამ თვითგამოცემებში ხომ მათი სულიერი გაბერწების უდავო ფაქტები იყო დაფიქსირებული მხოლოდ იმითაც კი, რომ მათში იბეჭდებოდა ამ სინამდვილის ქართველ მსახურთა მიერ მრავალგზის უარყოფილ–დაგმობილი ავტორთა მამულიშვილური ნაღვაწ–ნააზრევი. თუნდაც გაბრიელ  ჯაბაშანურის ანტისაბჭოთა ეპოპეა–„ინვექტივა–მუნუმენტი“ რად ღირს, სადაც იგი კომუნისტური რეჟიმისა და მის ერთგულ მსახურთა მართლაც მონუმენტურ ბოროტ სახესა და საქმეთ დაუნდობლად აშიშვლებს და ამბობს: „შენ დააბნელე მსოფლიო თალხით/მზეს მოერკალე კუპრის ღრუბლებად,/თავისუფლება წაართვი ხალხებს/ და თავისუფლად ფიქრის უფლებაც“ ან, „რამდენი ღერი თმისა გასხია,/იმდენი დედის გამძიმებს ცრემლი/სამყაროს რისხვა შენთვის ახია/ და ეს სამყაროც  გრისხავს და გწყევლის“_„შენ აეშაგთა შავთა  მსტოვართა/ხარ შავს ხროვაში გამოკიდული./შენდა საქებად ცრუ ხელოვანთა/შენ ააყეფე ხმა მოსყიდული“ [2]. ალბათ დღეს მაინც არავისთვის არ არის ძნელად მისახვედრი, რომ ამ ცრუ ხელოვანთა მოსყიდულ ხმაში პოეტი სწორედ წითელი ინტელიგენციის წარმომადგენელთა უმრავლესობის სამშობლოს ბედისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულებისა და  კარიერისტული მისწრაფებებით ნასაზრდოებ ქვეგამხედველურ მოღვაწეობას გულისხმობდა. და, რა თქმა უნდა, ადრესატმა უცებ შეიცნო საკუთარი თავი, ამიტომაც, რადგანაც ჭკუაც არ ეყო, ხმაურით გასცა ის მიმართულება, საითკენაც ამ სიტყვების დაწერისას პოეტის მზერა იყო მიპყრობილი. ან ლეონ ქართველის ამ სიტყვებს როგორ მიიღებდა საბჭოთა იდეოლოგიურ სამსახურის ერთგულებაზე ყურებგაბასრული და დახელოვნებული „ხელოვანნი“–„ვისაც ქართველი ჰქვია და ვისაც მამული აწუხებს,/სანამდის არ დაგვიანდა/ბრძოლა–მონობის მარწუხებს!.. [3], ან კიდევ მისივე „კავკასიონი განერთხო ფერხთით,/ვით ტახტრევანთან შეიხის მონა,/ქართულ ტაძრებში რუსული ღმერთი/და ჩინ–მენდალი გახდა ბატონად./ სისხლის წვიმებმა ზეცას უწია“/… [ლ.ქართველი, უკანასკნელი ცრემლი, იქვე].

უფროსი რუსი ძმის წინამძღოლობით “ახალი ისტორიული ერთობა–საბჭოთა ხალხის“ ჩამოყალიბება–განვითარებისათვის მოქადაგე „წითელ ინტელიგენციას“ ეხა-მუშებოდა და უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა ამავე ჟურნალში გამოქვეყნებული ივანე ჯავახიშვილის სტატია „XIX  საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხები“, რომელშიაც სასტიკადაა გაკრიტიკებული მეფის რუსეთის  კოლონიური პოლიტიკა ამიერკავკასიაში და თვალნათლივ არის მხილებული კატკოვისა და მის მიმდევართა რუსიფიკატორული პოლიტიკა ამ რეგიონში. გამოაშკარავებულია სომხების საქართველოში ჩამოსახლების სულის ჩამდგმელებისა და განმხორციელებლების კანანოვ–ხატისოვთა თანამოაზრეების ქართული მიწების მიტაცებისათვის გამიზნული ჭეშმარიტი ზრახვანი. იქვე ნათქვამია, რომ „ამ დროს ქართველი ხალხი არავის ახსოვდა. თავის მამაპაპეულ მიწა–წყალზე დასახლება ყველაზე უპირველესად ხომ მისი უფლება იყო, ამის გაგება და გაგონება არც რუსი ერის მთავრობას და არც მის სომეხ მოხელეთ არ სურდათ. ქართველი გლეხკაცობის სასიცოცხლო ეკონომიკური ინტერესები ფეხქვეშ ითვლებოდა, მას გადასახლების გზა თავის სამშობლოშიაც კი შეკრული ჰქონდა იმ დროს, როდესაც უცხოეთიდგან მოყვანილებს მიწაც ეძლეოდათ და ყოველგვარი დახმარებაც“. აქვე საუბარია სომხების მიერ ლორეს რაიონის მიტეცებასა და ჯავახეთ–ახალქალაქის  მითვისების მცდელობაზე და საბოლოოდ დასკვნის სახით ნათქვამია: „თუ წინანდელი რუსეთის ბატონობის დროს ქართველი ხალხის ინტერესები საქართველოში ფეხქვეშ იყო გათელილი და თავისუფალი მიწა საქართველოში რუსი და სომეხი მოხელეების პოლიტიკის წყალობით მხოლოდ სომხებმა და რუსებმა ჩაიგდეს ხელში. ნუთუ ახლა შესაძლებელია,–მიმართავს ივ.ჯავახიშვილი საბჭოთა სახელმწიფოს მესვეურთ,–რომ ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესები სომეხ დაშნაკთა პოლიტიკურ ეროვნული პროექტების განხორციელებას შეეწიროს მსხვერპლად?“ [4].

მწერალი ნოდარ წულეისკირი ეხება რა ქართული ენის სავალალო მდგომარეობას საქართველოში რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითის მოყვანის შემდეგ დასძენს: „როგორც ვხედავთ, დასავლეთ საქართველოში ხალხს საკუთარი სახელი დავიწყნია, კახელ გლეხს ტაბიკის სახელი, თბილისში ძუძუთა ბავშვს რა ენაზე ებულბულებიან ხომ ვნახეთ… ჩვენი რესპუბლიკა უმაღლეს დამთავრებულთა ე.წ. დიპლომიანთა რესპუბლიკა გახდა, მაგრამ იშვიათად თუ იპოვით კარგ ექიმს, კარგ ინჟინერს, კარგ აგრონომს, კარგ პედაგოგს“,–აღნიშნავს მწერალი და აქვე სვამს კითხვას: „რატომ მოხდა ეს. რა არის ამის მიზეზი?–და იქვე პასუხობს:–„მიზეზი ის გახლავთ, რომ ახალგაზრდას ყველაფერს ვასწავლით გარდა მშობლიური ენისა, მშობლიური ისტორიისა, ამიტომ მისი აზროვნება შეზღუდულია, მკვდარია, რაღაც იცის, მაგრამ გამოთქმა უჭირს, საბოლოოდ ცუდი სპეციალისტია“ [5] ასკვნის მწერალი და განაგრძობს: „გამოუსწორებელ შეცდომასა და დანაშაულს სჩადის ჩვენი ინტელიგენცია, როდესაც ქედმაღლურად, ირონიულად უყურებენ ქართული ენის დამცველებს და ქარის წისქვილებთან მებრძოლ დონკიხოტებად ნათლავენ მათ, რადგან ყოველივე ის, რაც დედა ენას ჭირს, ცხოვრების მოთხოვნა, ობიექტური კანონზომიერება ჰგონიათ…

ქართველი მწერალი, რა თქმა უნდა,  მეშჩანებსა და უმეცრებს კი არა, ჩვენს სახელგანთქმულ ენათმეცნიერებებსაც კი ვერ დაეთანხმება ამ საკითხში. ვერ დაეთანხმება იმათ, ვისაც ქართულ ენაში სხვა ენის უსაზღვრო შემოჭრა ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია და მისი შეჩერება უიმედო საქმე ჰგონია.

ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ პატარა ერებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება, სამწუხაროდ, თვით ამ ერების წიაღშიც გაჩნდა, სულერთია ერთ მშვენიერ დღეს მაინც აღარ ვიქნებითო, რა საჭიროა მშობლიური ენაო,–ასე ფიქრობენ და ბავშვები ქართულის ნაცვლად რუსულ სკოლებში შეჰყავთ“–აღნიშნავს მწერალი [იქვე]. ნოდარ წულეისკირის სიტყვაში გატარებული თითქოსდა პროკომუნისტური პათოსისა, ვის მოხვდებოდა ყველაზე მწარედ მისგან მოქნეული მათრახი, თუ არა „წითელი ინტელიგენციის“ კომუნისტური წყობილების სამსახურისადმი თავშეწირულ ღამურებს, ამ საბჭოთა სისტემის სამსახურში ნებით ჩამდგარ ყოველივე მშობლიურის თვითმკვლელობაზე ხელის მომწერ, ამავე სისტემის მიერ ნაშობ სიბარიტებს?

იგივე განცდები იქნებოდა ამ კატეგორიის წილხვედრი, როცა ჟურნალის ამავე ნომერში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გურამ რჩეულიშვილისადმი მოსაგონარს წაიკითხავდნენ, რადგან პირველის ამ სიტყვებში უმალ საკუთარ თავს შეიცნობდნენ: „შენ დაამსხვრიე ის ბორკილები, რომელსაც ატარებდნენ  სხვები. შენ ვერ იგუე ის ბორკილები“ K[6] (ამათ კი იგუეს და თავსაც მშვენივრად გრძნობდნენ–უ.ო.)  ხოლო მათი უმრავლესობა მერაბის მიერ წარმოდგენილ ამ სცენაში, რომ „ალავერდის გუმბათზე მდგომი ჭაბუკი, შემოქმედებითი ცეცხლის ჩადებას ჰლამობდა ინერტიული ბრბოს მიხრწნილ გვამში“ [7] თავს ვერასდროს წარმოიდგენდა, რადგან ეს მხოლოდ იმ რჩეულთა ხვედრია, ვისაც მოყვასისათვის თავგანწირვა უშურველად შეუძლია.

ამავე ჟურნალში მოყვანილია საბჭოთა ქართულ მწერლობისათვის დამახასიათებელი ნიშანდობლივი ფაქტი, რომლის მიხედვითაც ზვიად გამსახურდიას მეგობრებთან მისულა „ერთი ჩვენი პოპულარული მწერალი, რომელსაც წაუკითხავს მისთვის ადგილები თავისი, გაბედული“ რომანიდან. კარგა ხანს კითხულობდა თურმე მწერალი. ბოლოს შეეკითხა მეგობარი–რაშია გაბედულება შენი რომანისა? მწერალმა მიუგო: განა ვერ მიხვდი, როდესაც რომანის გმირები იმყოფებიან ერთ დიდ, მაღალჭერიან ოთახში, ეს ოთახი ეკლესიას ნიშნავს? (?!) ვაგლახ! განა წარმოსადგენია სულიერი კასტრირების ამ დონემდე დაშვება?! და ნუ დაგავიწყდება, რომ ეს მწერალი უკეთესია დაცემულთა შორის“–შენიშნავს ზვიად გამსახურდია თავის მინაწერში და იქვე ამბობს, რომ “დღევანდელი  ქართულ პროზა მე ერთ იგავს მაგონებს:  ოთახში დასვენებულია მიცვალებული, მის ირგვლივ იმყოფებიან ნათესავები, ახლობლები, უეცრად ოთახში ბუზი ბზუილით შემოფრინდება. იქ მყოფთა ყურადღება მთლიანად ბუზზე კონცენტრირდება: იხილავენ მის არსებას, მის ფრენას, აანალიზებენ, მსჯელობენ მასზე. მათ დაავიწყდათ გლოვა მთავარზე და ბუზით ერთობიან“… [ზვიად გამსახურდია, მინაწერი, იქვე], ხოლო ამათ საპირისპიროდ, „ოქროს საწმისის“ მე–2 ნომერში უდიდესი პატივისცემით იგონებს ემიგრაციაში გარდაცვლილ ქართველ პოეტს გიორგი გამყრელიძეს (გრიგოლ ზოდელი) და აღნიშნავს, რომ „თავის შესანიშნავ ლექსებში მან დაიტირა იავარქმნილი მამულის ბედი, თუმც მამულმა ვეღარ დაიტირა იგი და ამჯერად, გერმანიის მიწას მიაბარეს ნოსტალგიით  გულგასერილი“; [8], აქვე ბეჭდავს მის პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე ლექსებს, რომელთაგან ერთერთი ასე მთავრდება: „ვერას დამაკლებს/დუშმანი ვერას,/კვლავ მოვესწრები/თავისუფალ მზის ამოწვერას“, ხოლო ლექსში „როსინანტი“ პოეტი ამბობს: „ახლა ძეგლებით ჩვენ არ გვაკვირვებს/დავიწყებული მისი მხედარი,/და დარჩა სანჩოს და იმის ვირებს/მას შემდეგ ბურთი და მოედანი“ [იქვე]. აქვეა გამოქვეყნებული ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას, (მერაბ კამარელის ფსევდონიმით) ლექსები, ამ უკანასკნელის კრიტიკული სატირით აღსავსე იგავები: „იადონი და ბულბული“ და „ბულბულის განქიქება“, რომელშიც ბულბულის გამკრიტიკებელ ჩხიკვს, ძერასა, თუ ყორანში ბევრი იმ დროინდელი ე.წ. შემოქმედი შეიცნობდა საკუთარ თავს. აგრეთვე კონსტანტინე გამსახურდიას წერილები: „ველიკორუსები და არარუსები“ [9], „ღია წერილი ულიანოვ–ლენინისადმი“ [10], „პასუხი“ [11], „ვინ არის შოვინისტი?“ [12]; ამ წერილების შინაარსი დაინტერესებული მკითხველისათვის საკმაოდ ცნობილია, მაგრამ მაინც უნდა შევეხო ჩემს სტატიაში ზოგიერთ მათგანში გამოხატულ რამდენიმე კრიტიკულ მოსაზრებათ. წერილში „ველიკორუსები და არარუსები“ კონსტანტინე გამსახურდია ამბობს: „როცა საფრანგეთის რევოლუციონერმა ხალხმა ბასტილია დაამხო, მთელმა საფრანგეთმა, მძიმე ტვირთმოხსნილ კაცსავით ამოისუნთქა, ხოლო რუსეთის  „კრესტისა“ და პეტრე–პავლეს ციხის აღების შემდეგ კიდევ მრავალი ხუნდები დარჩა გაუხსნელი რუსეთში მობინადრე არარუს ერების მახებზე, კიდევ მრავალი „კრესტი“ დარჩათ მათ ასაღები.

შედარებით თავისუფლად ამოისუნთქა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთში გაბატონებულმა ერმა ველიკორუსებისამ და მასვე ხელში შერჩა ის მუხრუჭი, რომელიც დღემდისაც აბრკოლებს სხვა ერების წინსვლასა და განვითარებას“… (მართლაც წინასწარმეტყველური პასაჟია–უ.ო.).

„როგორც სინამდვილიდან მჟღავნდება,–აღნიშნავს ქართული ლიტერატურის კლასიკოსი,–რუსეთის პოლიტიკის სოციალისტურმა მესვეურებმაც ვერ შეიგნეს ის ხალასი ჭეშმარიტება, რომ დიდ სახელმწიფოებს მხოლოდ დარღვევისა და დაშლის უფსკრულისაკენ მიაქანებს თავის ფარგლებში ისეთი მცირე ერების ძალად მომწყდევა, რომელთაც საკმაოდ ძლიერ კულტურულ ტრადიციებს გარდა, სრულიად თავისებური ნაციონალური თვითცნობიერება და მკვიდრი ნაციონალური იდეალი მოეძევათ“ [იქვე, (გვ. 191, 193)], ხოლო ღია წერილში ულიანოვ–ლენინისადმი პირდაპირ მიუთითებს, რომ „დღეს სულ ორიოდე თვეც არ გასულა და წითელმა რუსეთმა მოსპო ჩვენში ისეთი მთავარი ატრიბუტები სახელმწიფოებრიობისა, როგორიცაა საზღვრები, რკინის გზა, და ვინ არ იცის, რომ ქართული ენა საქართველოში პრაქტიკულად სახელმწიფო ენა აღარ არის [იქვე, (გვ.197)]. ვიღაც რუსი ს.პ.–სადმი მისივე პასუხი შეიცავს ასეთ პასაჟსაც,–რომ „ყოველი დაპყრობა ისტორიის მანძილზე მუდამ განმათავისუფლებლის როლში მოუხდენია დამპყრობელს. პეტრე დიდიდან დაწყებული ალექსანდრე მეფემდის რუსი იმპერატორები განმათავისუფლებლის როლში აგზავნიდნენ თავიანთ ჯარებს ბალკანეთის ნახევარ კუნძულზე პატარა ერების დასაპყრობად. ნაპოლეონიც ათავი-სუფლებდა ხან იტალიას, ხან გერმანიის სამთავროებს, ხან პოლონეთს და ხან ეგვიპტეს… არ ვიცი, ჩემი  მოკამათე იცნობს თუ არა საქართველოს, ის კი ვიცი, რომ როცა გიორგი სააკაძე სპარსეთის ჯარით შემოვიდა საქართველოში, შაჰ–აბასმა  პროკლამაციებით ამცნო ქართველ ხალხს „საქართველოს ხალხს მეფისაგან ვანთავისუფლებთო“ [იქვე, (გვ. 202)] და იქვე ისევ იმეორებს, რომ ქართული ენა დღეს საქართველოში სახელმწიფო ენა აღარ არისო [იქვე, (გვ. 203)], მწერლის მისიაზე საზოგადოებაში  კი, თავის სტატიაში,_”პასუხი”, ამგვარად მსჯელობს: „პირადად მე მგონია, რომ მწერალი არცერთი მთავრობის, არც ერთი პოლიტიკური პარტიის „მოჯამაგირე“ არ უნდა იყოს, რადგანაც მწერალი მხოლოდ თავისუფალი სულის და სიტყვის „მოჯამაგირე“ ყოფილა მუდამ. იგი აწმყოში და მომავალშიაც ასე უნდა დარჩეს… იცვლებიან და ქრებიან პარტიები და მთავრობები, ხოლო ერი უკვდავია, ვითარცა მარადიულ ღირებულებათა შემქმნელი და მატარებელი სუბსტანცია“ [იქვე, (გვ. 204)].

სტატიაში–ვინ არის  შოვინისტი?–საუბრობს რა ლ.ტოლსტოის მიერ შექმნილ რუსი სალდატესკას დაცუვიწყარი სურათის შესახებ, „რომელიც ყოველივე „არა რუ-სულს დაპყრობილ ქვეყნებში, საოცარი ვანდალუსი ინსტიქტებით სდევნიდა და ანადგურებდა“,–იქვე განაგრძობს, რომ „ეს იმპერიალისტური რუსული სალდატესკა ასი წელიწადი სდევნიდა ქართულ ენას საქართველოში, ქართულ ზნე–ჩვეულებებს და ქართულ კულტურას. ამ რეჟიმის ხელით რუსი ბერები და ეპისკოპოსები სისტემატურად ანადგურებდნენ ქართულ მონუმენტალურ კულტურას.

ამ ხნის განმავლობაში რუსებს საქართველოში გარდა  პოლიგონებისა, ყაზარმებისა, გამარუსებელ შკოლებისა და შხამიანი რუსული გაზეთებისა, არ დაუტოვებიათ რა და ნუთუ ვინმე მოითხოვს დღეს ქართული პატრიოტებისაგან, რომ ჩვენ ასეთი რუსები გვიყვარდეს? [იქვე, (გვ. 206].

აბა, ის ხალხი, რომელსაც ევალებოდათ მხოლოდ რუსების სიყვარული, როგორიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი,–და მთელი მათი სიცოცხლე, ნიჭი და უნარი მათი სურვილებისა და შოვინისტური მიზნების განხორციელების გამართლებისათვის უდრტვინელად უნდა შეეწირათ, შეძლებდა კონსტანტინესეული ამ შეფასებებისათვის უდრტვინელად მოესმინა და იგი თუნდაც ინფორმაციის დონეზე ისე მიეღო, რომ საკუთარი ბუნებიდან მომდინარე „მოჯამაგირული“ პროტესტები არ გასჩენოდა?! და ლადო ასათიანის ლექსშიც „დედისადმი” გამოთქმული ტკივილი რომ, „დაიქცა ყველა დიდი ჯალაბი,/ნაგაზს ჯაჭვს არვინ არ აღრღნევინებს,/წინათ თუ ღვინოს დაგაძალებდნენ/დღეს წყალსაც არვინ დაგალევინებს,/დანატრებულან ციხე–კოშკები/ „მრავალჟამიერ“ არსად გუგუნებს,/მე კარგად ვიცი, მალე მოვკვდები./მე ვერ გავუძლებ ამ საუკუნეს“ (ჟურნ. “ოქროს საწმისი,” #3, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 222-223)].                                                                                                     

ანდა გიორგი ჯაყელის პოეზიის ეს სადარდებელიც–/„უხმოდ, უსისხლოდ უცხო თესლი სამშობლოს მართმევს/და მე როზგქვეშ ტაშს ვუკრავ და ვიძახი ვაშას!“ [არის საშველი, იქვე, (გვ.240–243)].                                                                                                                        

ან კიდევ: „ვარძიის ცაო/ამ ცასავით ძველო ანბანო,/სვეტიცხოველო და ქართუ-ლო საგალობელო,/თუ უცაბედად ამივარდეს ცრემლის ხარხარი/ამის მიზეზი ცნობა არის ახალთახალი/ავსტრალიაში პაპუასებმა,/სადაც ჯერ კიდევ ზოგ სოფელში დღესასწაულზე,/ პირველყოფილი ბედნიერებით,/ ადამიანის ცვრიან მწვადებით/მიმოხატულ და ფართე პირებს იტკბარუნებენ,/შექმნეს რესპუბლიკა დამოუკიდებელი და თავისუფალი/.

–პაპუა“_ვერ მოიპოვებდა მათ თანაგრძნობას. ხოლო მერაბ აბაშიძის ესსეში–მონა ღვთისა და მონა ერისა_რომელიც მან ზვიად გამსახურდიას მიუძღვნა, წინასწარმეტ-ყველური სიზუსტით არის ასახული თავისუფლება შეცხადებული ერის ბრბოდ ქცევის, მის მიერ თავისუფლებისათვის მებრძოლთა ქვებით ჩაქოლვის შემზარავი სურათი და მისი კვლავ აღდგომის მისტერია. „უეცრად ციხის კარი გაიღო და სატანამ გამოიხედა… გამოიხედა და ახარხარდა, როცა დაინახა, როგორ ქოლავდა ხალხის საკუთარ სულს, საკუთარ სიწმინდეს, პოეზიასა და მესიას“… [13].

ვფიქრობ, აღნიშნულ პასაჟში ჩვენ არ უნდა გაგვიჭირდეს საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმეს ჟამთა შეცნობა, თუმცა ასევე მრავლისმთქმელია ნაწარმოების დასასრულიც: „… სამ დღეზე მეტ ხანს გასტანა ხოცვა–ჟლეტამ. მთელი ამ ხნის მანძილზე სატანასთან პირისპირ შეყრას ნატრობდა მესსია… როცა ბრძოლა მისი ერის სასარგებლოდ გადაწყდა, ახლა დახოცილთა შორის დაუწყო ძებნა.

მალე მიხვდა რომ უწმინდური გაპარულიყო…“ [13; იქვე, გვ. 284] და მართლაც, დღევანდელობაშიც თვალნათლივ ვხედავთ, როგორ ცდილობს უწმინდური გაპარვასა და ხალხში შერევას, _ ბრძოლა კი ახლა იწყება.

ვერც „ოქროს საწმისის“ მე–3 ნომერში გამოქვეყნებული სტეფან ცვაიგის–წინასიტყვა „გველის პერანგისა“ [14] და კონსტანტინე გამსახურდიას წერილი–”ქართველ მწერალთა კონფერენციაზე [15] მიანიჭებდა სულის სიმშვიდეს „წითელ ინტელიგენციას“, რადგან ორივე მათგანში ხაზგასმულია მათგან შერისხული ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებისა და საქმიანობისადმი დიდი ყურადღება. არც კონსტანტინეს „გაორებული საქართველო“ [16] და „წერილი პატიმარი პოეტისადმი,“ [17] იქნებოდა მათთვის ადვილად მოსანელებელი. ამ უკანასკნელში ხომ მწერალი 1926 წელს ასეთ რამეს წერს უცნობ პოეტს: „…მე დიდი მწუხარების ზონებში მიხდება სუნთქვა… ისე გადიან თვეები, წლები, რომ ჩემს გულში ისევე იშვიათად ჩამოანათებს სიხარული, როგორც თქვენს საკანში სხივი ოქროვანი“… აღარაფერს ვამბობთ ამავე ნომერში გამოქვეყნებული სრულიად საქართველოს მწერალთა პირველ ყრილობაზე კონსტანტინე გამსახურდიას მიერ წარმოთქმული სიტყვის სტენოგრამაზე, რომელშიაც იგი ლაპარაკობს საქართველოში ქართული ენის ჩაგვრაზე, იმაზე, რომ  სამურზაყანოში მეგრელ ბავშვებს ქართულად არ ასწავლიან, საქართველოში ქართველები ეროვნული უმცირესობის მდგომარეობაში არიან ჩაყენებული და სხვა [18] მათთვის საკითხსა ამავე რიგს მიეკუთვნებოდა–„საქართველოს საკითხი თავისუფალი მსოფლიოს წინაშე“ [19] მასში ასახულია ამერიკის კონგრესის სხდომაზე თეთრ სახლში  კონგრესმენ ვაგონერის (ლუაზიანა) გამოსვლა 1975 წლის 13 მარტს, რომელშიც იგი ეხება აშშ–ს მიერ ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის დე იურე აღიარების გააგრძელებას და იქვე აღნიშნავს: „ესესაა შესრულდა თებერვლის თვეში 53–ე წლისთავი მნიშვნელოვანი შთამაგონებელი დოკუმენტის შექმნიდან, რომელიც მოდის  საქართველოდან. საქართველო პატარა ერია, რომელიც ბალტიური რესპუბლიკების მსგავსად, ძალით შეიერთა საბჭოთა კავშირმა. 1922 წლის 7 თებერვალს საქართველოს ძველი მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ამბროსიმ ამაღელვებელი მოწოდებით მიმართა ცივილიზებულ ქვეყნებს, რომლებიც მაშინ მონაწილეობას ღებულობდნენ გენუის ერთა საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც საბჭოთა რუსეთიც იყო წარმოდგენილი. ამ მოწოდების გაგზავნის შემდეგ პატრიარქი დააპატიმრა საბჭოთა საიდუმლო პოლიციამ. ამბროსი პატრიარქის  მოწოდება ისევე აქტუალურია დღეს, როგორც 1922 წელს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ ერისათვის, რომელიც მიელტვის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას“ [იქვე (ოქროს საწმისი, გვ. 313] შემდეგ კი წაიკითხა ეს ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს  ეკლესიის საჭეთმპყრობელი ამხელს რუსული იმპერიალიზმის მიერ საქართველოს მიმართ ჩადენილ უსასტიკეს დესპოტიზმს, რომელმაც 1921 წლის 25 თებერვალს კვლავ დაადგა ჩაგვრის უღელი პატარა, ტანჯულ ქვეყანას. „მართალია,–აღნიშნავს პატრიარქი,–დამპყრობლები ამჟამად ცდილობენ ყველას დაუმტკიცონ, როგორც საზღვარგარეთ, ასევე თავიანთ ქვეყანაში, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველი ხალხი, მაგრამ მე, ჩემი ერის სულიერმა მოძღვარმა და ამჟამად მისმა ჭეშმარიტმა მწყემსმა, რომელსაც ხელთ მიპყრია  უფაქიზესი სიმები მისი გულისა, და რომელიც ყველაზე უკეთ ვუგდებ ყურს მის გლოვასა და ცრემლებს, კარგად ვუწყი რა ბედნიერია დღეს ქართველი ერი!

„შეგვიძლია ვთქვათ გადაჭარბების გარეშე, რომ ის გაურკვეველი ექსპერიმენტები, რომელთაც აყენებენ ქართველ ხალხზე ამ ბოლო წლებში, მას უსათუოდ მოიყვანს ფიზიკურ გდაგვარებამდე და მორალურ დეგრადაციამდე“,–და ბოლოს მოითხოვს საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანას, რათა ქართველ ხალხს მიეცეს საშუალება თავისი ცხოვრების თავისუფლად მოწყობისა [იქვე, (გვ. 314–315)].

1970–იან წლებში აღნიშნულ პრობლემებზე, მსჯელობა და მათ შესახებ ჟურნალში გამოქვეყნება კი არა, ფიქრიც კი აკრძალული იყო, და, რა თქმა უნდა, ასეთი ნაბიჯის გადადგმას საბჭოთა წითელ ინტელიგენციაზე ისეთი ზემოქმედება ჰქონდა, როგორც სიბნელეში დიდხანს ნამყოფი ხარისათვის წითელი ნაჭრის აფრიალებას, რადგან ამგვარ აქციებში ისინი არა მარტო თავიანთი არარაობრივი არსებობის, არამედ მათი კოლაბორაციონისტული და ქვეყნის ინტერესებისადმი გამყიდველური დამოკიდებულების მხილებას ხედავდნენ; ამიტომაც უსინდისო თავგახელებით ებრძოდა ქართველი „ჰომო სოვეტიკუსიც“ მისივე ხელშეწყობით ჩამოწოლილ ბურუსში ნათელი სხივის შეჭრას. აი, ეს იყო სწორედ ის, რის შესახებაც ერის სულიერი მოძღვარი ჯერ კიდევ 1922 წელს გვაფრთხილებდა–ერის მორალური დეგრადაცია, რამაც XX საუკუნის 90–იან წლებში სხვადასხვა ფორმებში  მსუყედ გამოავლინა თავი.

ჟურნალის ამავე ნომერში დაიბეჭდა გალაქტიონის გამოუქვეყნებელი ლექსი–„საქართველო“ [20] ვაჟა–ფშაველას–„სოციალ–დემოკრატისადმი“, [21]  იოსებ გრიშა-შვილის–”ახალ ხელისუფლებას“ და „ოცდახუთი თებერვალი“ [22] და სხვა. აქვეა პ.დიდებულიძის [23], გრ.ამაღლობელის [24], ოთ.მაისურაძის (ფაზისი, დაიბადა 1925 წელს, იყო საქართველოს განთავისუფლებისათვის მებრძოლი ორგანიზაციის წევრი, 1943 წელს  გაასამართლა «НКВД»ს ტრიბუნალმა, მიუსაჯა [25] დახვრეტა, შეუცვალა 10 წლით. გარდაიცვალა ციხეში ერთი წლის შემდეგ). ადამ ალვანელის (ბობღიაშვილი) [დაიბადა 1912 წელს საქართველოს განთავისუფლებისათვის მებრძოლი რაზმის წევრი, 1943 წელს მოჰკლეს «ЧК»–ს აგენტებმა თუშეთის ტყეში) [26] ანტისაბჭოთა სულისკვეთებით გამსჭვალული ლექსები და შემოქმედება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ზვიად გამსახურდიას „ღია წერილი საქართველოს მწერალთა VIII ყრილობის პრეზიდიუმისადმი“, რომელშიც საქართველოსათვის სხვადასხვა საჭირბოროტო სკითხების განხილვასთან ერთად იგი აღნიშნავს: „ოფიციოზური ქართული მწერლობა დაემსგავსა იმ დაყრუებულ ექიმს, რომელიც, მართალია დიდი გულმოდგინებით სინჯავს თავისი ყურმილით ავადმყოფის სხეულს, მაგრამ არაფერი გაეგება მისი ტკივილებისა. ეს უკეთეს შემთხვევაში. უარეს შემთხვევაში ეს არის ექიმი, რომელიც იყრუებს თავს, რათა ამით დამალოს თავისი უმეცრება და დანაშაულებრივი ინდიფერენტიზმი ავადმყოფის ბედისადმი. ეს ავადმყოფი დღეს ჩვენი ერია, რომელიც მოელის ჭეშმარიტ გულისხმიერ ექიმს.

ორი დღის განმავლობაში ყრილობაზე ათობით ორატორი გამოვიდა. არც ერთ მათგანს სიტყვა არ დაუძრავს ერის ტკივილებზე, საჭირბოროტო ეროვნულ პრობ-ლემებზე. გაისმა ერთადერთი ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა: რევაზ ჯაფარიძის გამოსვლა, რომელსაც „ღია  კარების მტვრევა“ უწოდა ე.შევარდნაძემ თავის დასკვნით სიტყვაში. ცხადია, რ.ჯაფარიძის გამოსვლას ოფიციალობის ენაზე დაერქმევა მწერლის „უცნაურობით“ და „ორიგინალობის ძიების წყურვილით“ გამოწვეული გამოხდომა. ეს იქიდანაც ჩანდა, რომ პრეზიდიუმის არც ერთ წევრს ტაში არ დაუკრავს მისთვის, თუმცა დარბაზი მქუხარე ოვაციებით შეეგება მას… ბევრი გაუგებობა დაიბადა აგრეთვე ჩვენში „მავნე ჩვევებთან და ტრადიციებთან ბრძოლასთან“ დაკავშირებით. ამ ბოლო დროს სამწუხაროდ ცხადი ხდება, რომ ეს „მავნე ტრადიციებთან ბრძოლა“ ნიღაბია რელიგიასთან და ეროვნულ თვითმყოფადობასთან ბრძოლისა.

დღესდღეობით ყველაზე უფრო მახინჯი და ნეგატიური მოვლენა ის გახლავთ, რომ საქართველოში რუსიფიკაცია სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ გეზად იქცა. ქართული ენის კანონგარეშე გამოცხადება, ქართულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში რუსული ენის გაბატონების ცდები, ქართველ მეცნიერთათვის აკრძალვა ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების წერისა, აი, რა არის ყველაზე მახინჯი და საგანგაშო მოვლენა. ქართულმა მწერლობამ უნდა სთქვას თავისი სიტყვა ამ მოვლენებთან დაკავშირებით, კმარა წაყრუება საჭირბოროტო ეროვნულ პრობლემებზე, კმარა ოცნება პრივილეგიებზე, თანამდებობებზე და „ჩინ–მენდლებზე“, დროა მივხედოთ ერის ტკივილებს.

დიდმა ილიამ მთელი თავისი მოღვაწეობის საზრისი ჩააქსოვა  მოხევე ლელთ ღუნიას სიტყვებში: „ჩვენი თავი ჩვენამდე უნდა გვეყუდნესო“. ამას მიელტვოდა ქართველ მწერალთა რჩეული თაობა მეცხრამეტე საუკუნეში, ამას შეეწირა დიდი ილია, დეე, ნურც ჩვენი თაობა  შეაქცევს ზურგს მამაპაპეულ იდეალს და ბრძოლის ველიდან გაქცევას ნუ ამჯობინებს. სირცხვილეული თავისუფლების საკურთხეველი უმაღლესი საკურთხეველია მუზებისა, მუზათა ჭეშმარიტი მსახური სჯობს შეეწიროს ამ დიდების  პარნასს, ვიდრე მტრის წინაშე მუცელზე ხოხვაში დალიოს ნაძრახი სიცოცხლე“ [27]; ხოლო მერაბ კოსტავა თავის გამოსათხოვარში კონსტანტინე გამსახურდიას გარდაცვალების წლისთავისადმი, საუბრობს ქართულ სინამდვილეში მწერლის მიერ შესრულებულ როლზე, მისთვის ჩვეული პირდაპირობით ამბობს, რომ „ერის სულმა კონსტანტინე გამსახურდია გრიგალთა შორის უმძაფრესის, მეოცე საუკუნის გრიგალთან საბრძოლველად მოავლინა… და მისი მისიაც აქ გამოიკვეთა. სიტყვითა და კალმით უნდა შებმოდა იგი მეოცე საუკუნის გრიგალს უუფლებობის წყვდიად ღამეში, ამგვარ  ყიამეთში უნდა აღეზევებინა… მშობლიური ისტორია, ლიტერატურა, განებანა, შეემოსა, სული შთაებერა და გვირგვინი დაედგა იმ ენისათვის, რომელიც ცოცხალმკვდარი წამოაყენეს საფლავიდან მეცხრამეტე საუკუნის სამოციანელებმა… ახლა მისი ბრძოლა ენათმეცნიერთა ნეგატიურ ნაწილთან, ყოველივე ახალსა და ცოცხალს რომ ებრძვიან ენასა და ლიტერატურაში? გრამატიკის უსულგულო დოგმებს, ამ  სკელეტს ენისას მიიჩნევდნენ ნიადაგ ეს გვამის  გამკვეთავნი მხატვრული შემოქმედების  თაურად, ერეტიკოსობად მიითვლიდნენ ყველანაირ გაბედვას, თუმც ნებისმიერი იმათთგანი პირისფარეშივით იდრიკებოდა კონსტანტინე გამსახურდიას ცეცხლოვანი სიტყვის წინაშე. მრავალი გალახულა ამგვარად მისი პირუთვნელი და მკაცრი კრიტიკის შოლტით… ათწლეულების მანძილზე ებრძოდა საბჭოთა სახელმწიფო კონსტანტინე გამსახურდიას დაპატიმრებით, მუქარით, მწერალთა კავშირიდან გარიცხვით, უსაფუძვლო, მოსყიდული კრიტიკით, „ჭორის ღრუბლებით“, ცდილობდა მის გადმობირებას, იდეური პოზიციის შერყევას, თავის სამსახურში ჩაყენებას. ბოლოს თითქოს მოლბა იგი, მეტადრე მისი მსოფლიო აღიარების შემდეგ. აირჩიეს აკადემიის წევრად, პრესაში ხოტბა  აღუვლინეს, გამოუცეს ტომეულები, გადაუხადეს იუბილე. გაირინდა მრავალთავიანი ჰიდრა, გულში ჩაიგუბა ბალღამი, თითქოს ყველაფერი  ჩვეულებრივი გზით წარიმართა“–მრავალმნიშვნელოვნად შენიშნავს საქართველოს ეროვნული გმირი და იქვე ამბობს: „ქართველი ხალხის სიყვარულმა გააპატიოსნა მისი ცხედარი, სიყვარულმა, რომელიც მწერალთა და მოღვაწეთა სიდიადის ერთადერთი უცდომელი ბარომეტრია. ამიტომაც  ცხრათავიანმა ჰიდრამ ვერ მიჩქმალა, ვერც მიისაკუთრა მისი სახელი“…[28].

მაგრამ აღნიშნულმა ჰიდრამ კონსტანტინე გამსახურდიას გარდაცვალების შემ-დეგ ვეღარ მოახერხა გულში დიდი ხნის ნაგროვები ბოღმის დაფარვა და დაუნდობლად დააცხრა მის იდეურ მემკვიდრეთა ნავსაყუდელს, ქართულ თვითგამოცემასა და მის მესვეურთ. და რა გასაკვირია, რომ მისი გარდაცვალებისთანავე, ეს საბჭოთა იდეოლოგიური სამსახურების ნათხევზე აღზრდილ–დაფრთიანებული სიცრუის მანქანების ყურმოჭრილი მონები, თავგანწირვით დაეძგერნენ იმ „ბოროტებას“, რომელიც მათი მოჩვენებითი კეთილდღეობის საძირკვლებს შერყევით ემუქრებოდა. „ბრძოლის  ველის“ შეტევისათვის მოსამზადებლად მისი  ბომბადირება ქართულმა პრესამ და მასთან შერწყულმა „წითელმა პროფესურამ“ იკისრა, რომელსაც გვერდში ამოუდგა „წითელი ინტელიგენცია“ და სამწუხაროდ, ქართული ეკლესიაც.  და წამოვიდა და წამოვიდა პასკვილებისა და ცილისწამებების ნიაღვარი, რომელთა სათაურებიც კომუნისტური რეჟიმისათვის ჩვეული

ლექსიკით იყო შედგენილი და მათი ადრესატების რეპრესირება–განადგურებისათვის ნიადაგის შემზადებას მოასწავებდა, ამასთან სრულად გამოხატავდა მათ ავტორთა მთელ სულიერ საგანძურს. აი, ისინიც: „ვის აძლევს ეს ხელს?, [29), „მოღალატე ფარისევლები“, [30], „ძე ნაკლულოვანი“ [31], ცილისმწამებლებმა და პროვოკატორებმა პასუხი უნდა აგონ [32],  და იქვე „რედაქციისაგან“ [33], მრავლისმეტყველი მინაწერით „საქართველოს მწერლების საკადრისი პასუხი“ [34], და ბოლოს–„არა ცილი სწამო! [35]. კომუნისტური პრესის დასახასიათებლად არსებობს ასეთი ანეგდოტი–ამერიკელს ეკითხებიან: რა აზრისა ხართ საბჭოთა პრესის შესახებ? – წარმოიდგინეთ ორი პიროვნება სქესობრივი აქტის დროს და შემდეგ წაიკითხეთ თქვენს გაზეთებში  მოთავსებული სტატიების სათაურები–პასუხობს ამერიკელი. 

რომ გავიგოთ თუ რა დონის სიბინძურესთან გვაქვს საქმე, აქვე წარმოვაჩენთ ერთ–ერთი ავტორისა და იმ დროისათვის ყველაზე ანგარიშგასაწევი (ორგანიზაციების) დაწესებულებების მიერ გამოხატული პოზიციები. პ. ქართველიშვილი თავის პასკვილში–„ძე ნაკლულოვანი“ ბრალს დებს რა ზვიად გამსახურდიას ყველანაირი გზითა და მეთოდით მამის ქონების უკანონოდ მითვისების მცდელობაში, ბოლოს თავად ახმიანებს საკუთარ ბოროტმზრახველურ მიზანს, ქადაგებს რა მართლაც გაუგონარი უსამართლობის სასარგებლოდ და ასკვნის: „…გვინდა დავსვათ ასეთი საკითხი: რადგან ჩვენს გამოჩენილ მწერალს უღირსი შვილი ძე ნაკლულოვანი აღმოაჩნდა, ხომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი მის მიმართ გამოგვეყენებინა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 513–ე და 543–ე მუხლები მემკვიდრეობის ჩამორთმევის თაობაზე,  რომ იგი სახელმწიფოს კუთვნილებად გამოცხადებულიყო?“ [31]–რა შეიძლება ამაზე ითქვას?!. „ჰომო სოვეტიკუსის“ ღირსების შესაბამისი ნააზრევია,–სხვას ვერაფერს იტყვი…

ახლა ვნახოთ როგორ ეხმაურება აღნიშნულ ამბავს მაშინ საქართველოში ერთადერთი საუნივერსიტეტო დაწესებულება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც ჩანს გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციამ არ დააკმაყოფილა ვ.ქვიჩახიას პასკვილმა „ცილისმწამებლებმა და პროვოკატორებმა პასუხი უნდა აგონ“ და იქვე გააკეთა მინაწერი „რედაქციისაგან“, რომელშიაც ვკითხულობთ: „გუშინწინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა  რექტორატის გაფართოებული სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ პარტიული კომიტეტის წევრები, ფაკულტეტის დეკანები, პროფესორ–მასწავლებლები.

დამსწრენი პრესაში გამოქვეყნებულ წერილებთან ერთად გაეცნენ ზვიად გამ-სახურდიას და მის თანამზრახველთა ცილისმწამებლური და პროვოკაციული ხასიათის მასალებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი ზოგიერთი პროფესორისა და მასწავლებლის შესახებ.

სხდომაზე აზრი გამოთქვეს პროფესორმა ზ.ჭარხალაშვილმა, იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, დოცენტმა მ.ლეკვეიშვილმა, პრორექტორმა ზ.ფორაქიშვილმა, ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ბ.ლუტიძემ, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანმა, დოცენტმა მ.ბაჩიაშვილმა, პროფე-სორმა გ.ხავთასმა, პროფესორმა ი.ვაშაკიძემ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტმა, პროფესორმა აკ.სურგულაძემ, დოცენტმა ა.გაჩეჩილაძემ, ეკონომიკური ფაკულტეტის II კურსის სტუდენტმა ა.ბურძგლამ. სხდომაზე გამოვიდნენ უნივერსიტეტის პარტიული კომიტეტის მდივანი, პროფესორი რ.გორდეზიანი და უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დ.ჩხიკვიშვილი.

თავიანთ გამოსვლებში ყველა ერთხმად გამოსთქვამდა გულისწყრომას და აღ-შფოთებას იმ აშკარა ანტისაზოგადოებრივი საქმიანობის გამო, რასაც ზვიად გამსა-ხურდია და მისი თანამოაზრეები ეწევიან, ეს ვაჟბატონები ადამიანის უფლებების დამცველთა სახელით გამოდიან და თავი ისე მოაქვთ, თითქოს ჰუმანური და მამული-შვილური გრძნობები ამოქმედებლად, სინამდვილეში კი ცილისმწამებლური და დემაგოგიური გამოხტომებით საკუთარი სამშობლოსა და ერის წინააღმდეგ გამოდიან.

თავიანთ სამარცხვინო ხელნაწერის გამოცემას (ზემოთ აღნიშნულ თვითგამო-ცემებს გულისხმობენ–უ.ო.) მათ „საქართველოს მოამბე“ შეარქვეს. ეს ფაქტი უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ამით დაუპირისპირდნენ მეცნიერებათა აკადემიის ცნობილ გამოცემას, რომელიც მეცნიერთა შრომებსა და გამოკვლევებს აქვეყნებს. პირდაპირ დაუშვებელი საოცრებაა ამ სახელწოდებით გამოდიოდეს „სამიზდატი“, რომელშიაც ანტისაბჭოთა მასალებია  მოცემული და ამავე დროს ყოველგვარი  მონაჭორი მეცნიერ მუშაკების ერთი ნაწილის პრესტიჟის ხელყოფის მიზნით.

ზვიად გამსახურდიას მთელი პირადი ცხოვრება იმის მაგალითია, რომ მას მუდამ აკლდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. იგი ყოველთვის რაღაცით უკმაყოფილო და უმადური იყო… პატივმოყვარეობასა და უპრინციპობას იჩენდა… და ბოლოს ისე დაეცა რომ ცილი დასწამა კოლექტივსა და კოლეგებს“,–აღნიშნავს ეს მართლაც ცილისწამებებისა და პროვოკაციების საბუდარი და შემდეგ ჩამოთვლის მეცნიერებს,   იმ ცნობილ სახელმწიფო მოღვაწეებსა და მწერლებს, რომლებსაც ზვიად გამსახურდია საბჭოთა საიდუმლო სამსახურის მუშაკებად ასახელებს, და ბოლოს აკეთებს დასკვნას, რომ „დროა საგნებს თავისი სახელი ვუწოდოთ. ზვიად გამსახურდია და მის თანამოაზრეთა მოქმედება სამშობლოს, სოციალიზმის წინააღმდეგ მოქმედებად უნდა შეფასდეს და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა იქნეს განხორციელებული.

ასეთია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი და სახელოვანი კოლექ-ტივის წევრთა საერთო აზრი“–[33] რიხით აცხადებს კომუნისტური პარტიის ეს ორგანო; მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, როგორც იმ დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, კარგად ვიცი, რომ აქ გამოხატული მოსაზრება სრულებითაც არ იყო ამ, მართლაც დიდი და სახელოვანი კოლექტივის წევრთა საერთო აზრი, და აქ იყვნენ მართლაც ქართული ეროვნულ სატკივარზე მოფიქრალი პატრიოტები: გივი ჟორდანია, დიმიტრი  ლეთოდიანი, გია ავალიშვილი, სოსო კვიციანი, დევი კაჭარავა, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტები_თამარ ჩხეიძე, გია ჩხიკვიშვილი, გელა ნიკოლაიშვილი და სხვები, რომელთაც არავითარი კარიერისტული  ქვენა გრძნობები არ ამოძრავებდათ და თავდაუზოგავად რაზმავდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ–ახალგაზრდობას ეროვნული იდეალების  გარშემო.

ხოლო რაც შეეხება სტატიას „არა ცილი დასწამო!“–მისი ავტორები არაფრით ჩამორჩებიან, პირიქით ზოგჯერ კიდევაც აჭარბებენ ინსუნაციების დონით, მწერალთა კავშირის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თუ ლიტერატურის ინსტიტუტის „სახელოვანი კოლექტივებს“, როცა ისინი წერენ: …“ეს ყველაფრის მკადრებელი მანიაკები, რომელთაც მამულიშვილობისა და კეთილმორწმუნეობის ნიღაბს ამოფარებული ზვიად გამსახურდია  მეთავეობს_თვალთმაქცობენ, ბინძურ ხერხს მიმართავენ, ეროვნული გრძნობების სპეკულაციას ეწევიან და ნადავლს კი რადიო „თავისუფლების“ და ზოგიერთი უცხოური ჟურნალ–გაზეთის ჭუჭყიან ბაზარზე ეზიდებიან გასასაღებლად… ყველა ქართველისათვის ვინც ზ.გამსახურდიას ცოტად თუ ბევრად იცნობს, ნათელია, რომ ეს ფსევდო ინტელიგენტი ვაჟბატონი „სიყრმით თვისითგანვე“ გამოუსწორებელი ხულიგანი, გვარიანად გაწვრთნილი შანტაჟისტი და პროვოკატორია. მისი მოქმედების მთავარი იარაღია მემკვიდრეობით დარჩენილი ფული და გარეცხილი სინდისი.  ნებივრობაში, უსაქმურობაში გაზრდილი, მამის ავტორიტეტს შეხიზნული, ერისა და ეკლესიის ცრუ პატრიოტი“…–ამბობენ ისინი და ბინძურ სარკაზმებს არ იშურებენ ზვიად გამსახურდიასა და მის თანამგრძნობთა განსაქიქებლად, შემდეგ კი იქვე განაგრძობენ: …”საოცარია, საქართველოს ეკლესიის „განახლების“ აზრს გადამთიელთა საზოგადოებრიობა წყვეტდეს… ვინ ჩამოართვა მორწმუნე ქართველს ერს საქართველოს ეკლესიაზე ზრუნვის უფლება, რომ მასზე ფიქრით  ოკეანესგაღმალები „იტვირთავენ“ თავს?“–კითხულობენ ისინი და თვითონვე პასუხობენ,–„ალბათ გამსახურდიასა და ფაილოძის მრევლად წოდებულმა მ.კოსტავამ და ს.კაჭარავამ, ეკლესიის რომ „ჭირისუფლობენ“, და თავიანთ „მოძღვრებთან“ ერთად სხვათა ხელით ნართს გლეჯის ნაცად ხერხზე გადადიან“… და სხვა. დასკვნის სახით კი აღნიშნავენ: „საქართველოს ეკლესია ჯერ არ დაცემულა და არც არასოდეს დამდაბლდება ისე, რომ ვიღაც პარანოიკების დაცვა და მხარში ამოდგომა დასჭირდეს მას…“ და ბოლოს სახელოვან წინაპართა სიტყვებით ასე ამთავრებენ: „არა სადა გეცრუვნოთ შენ სიწმინდით მშობელო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო, რომელსა არა განმცებელ ვქმნილვართ“! იყავნ, იყავნ!“ [35].

თუ რამდენად პასუხობს თვით მოცემული წერილი თუნდაც ამ დაბოლოებაში გამოხატულ ქრისტიანულ–მართმადიდებლურ კრედოს და უფლის ჩვენდამი, მოკვდავ-თადმი განკუთვნილ სწავლებას,–„არა მოიღო სახელი ჩემი ამაოსა ზედა“,–ამის განსჯა სჯულის მეცნიერთ მივანდოთ, მაგრამ არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ ასეთ შემთხვევებში რაოდენი სიფრთხილე და წინდახედულება მართებთ ერის სულიერ მოძღვართ… და ამას ვერაფერს უშველის თითქმის 33 წლით დაგვიანებული მონანიება–აღიარება, რომ „როგორც ყოფილმა მღვდელთმთავარმა, არ შემიძლია ვთქვა, რომ ზვიად გამსახურდია იყო ერთ–ერთი უგანათლებულესი და ღრმად ეროვნული ცნობიერების მატარებელი პიროვნება, რომლის ინტელექტიცა და სამშობლოს სიყვარულის მუხტი ძლიერ სჭირდება დღეს საქართველოს“… [36]. მითუმეტეს თუ ისიც კარგად  უწყი, რომ „…ეკლესიამ ვერ შესძლო და არ შესწევდა საამისო ძალა და უნარი, და, რა თქმა უნდა ნება, რომ დაპირისპირებოდა საბჭოური იდეოლოგიის იმ უზარმაზარ ურჩხულს, რომლის არაერთგზისი მსხვერპლიც თავად გამხდარა 1921 წლიდან მოყოლებული“… [იქვე] –ზემოთ მოყვანილი წერილის მსგავს რაღაცაზე ხელი არ უნდა მოაწერო.

პრესის მიერ განხორციელებული ამგვარი „ბომბარდირების“ შემდეგ დაიწყო საყოველთაო შეტევა ქართულ საბჭოთა სინამდვილეში გაჭიატებული განსხვავებული აზრის მატარებელი პლაცდარმის გასანადგურებლად. 1977 წლის 1 აპრილს საბჭოთა საქართველოს მწერალთა კავშირში შეიკრიბა მისი პრეზიდიუმის სხდომა, რომლის შესახებ მეორე დღეს გაზეთი „კომუნისტი“ იტყობინებოდა: „გუშინ, 1 აპრილს მწერალთა სასახლეში შედგა საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის სხდომა, რომელმაც განიხილა საკითხი მწერალთა კავშირის წევრის, ზ.კ.გამსახურდიას საბჭოთა მწერლისათვის შეუფერებელი საქმიანობის შესახებ.

საკითხის განხილვისას სიტყვით გამოვიდნენ მწერლები: გ.აბაშიძე, ი.აბაშიძე, გ.ასათიანი, ხ.ბერულავა, ა.გომიაშვილი, ნ.დუმბაძე, ი.თარბა, ა.კალანდაძე, კ.კალაძე, მ.ლებანიძე, რ.მარგიანი, კ.მარგიევი, ე.მაღრაძე, ვ.მერკვილაძე, გ.ნატროშვიტლი, შ.ნიშნიანიძე, ი.ნონეშვილი, გ.ჟორჟოლიანი, ა.სულაკაური, გ.ფანჯიკიძე, მ.ფოცხიშვილი, დ.შენგელია, გ.ციციშვილი, ვ.ჭელიძე, ს.ჭილაია, თ.ჭილაძე, ფ.ხალვაში, რ.ჯაფარიძე. მათ ერთსულოვნად დაგმეს ზ.გამსახურდიას საბჭოთა მწერლისა და მოქალაქის სახელთან შეუთავსებელი საქციელი.

პრეზიდიუმმა ერთხმად გარიცხა ის სსრკ მწერალთა კავშირის რიგებიდან (საქინფორმი)“ [34].

საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის აღნიშნული სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში ასეთი მრავლისმეტყველი სურათით მთავრდება: 

თავმჯდომარე (გრ.აბაშიძე–უ.ო.)–„ნუ ჩამაყენებთ  ბრალმდებლისა და მოსამართლის როლში. ჩვენ მოვუსმინეთ აქ გამოთქმულ აზრებს. თუ მართლა ზვიადი დაამტკიცებს, რომ არავითარი ურთიერთობა არა აქვს, ჩვენ გვეტყვიან და აღვადგენთ ისე, რომ წასული არ იქნება მისი  გარიცხვა, ეს იქნება ჩვენთვის დიდად სასახელო და ჩვენი ყველას რეაბილიტაცია“. განა მარტო ზვიადი, არამედ მთელი ორგანიზაციაა უხერხულ მდგომარეობაში. ვის გაუხარდება ეს. ხვალვე დავარღვევთ ამ დადგენილებას, ოღონდ დაამტკიცეთ. როგორ გეკადრებათ?!

ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი კავშირის წევრისათვის ეს შეუთავსებელია და შენ თვითონ უნდა დაასაბუთო შენი სიმართლე. შენ ვერაფერი სთქვი.

კენჭისყრა მაინც უნდა მოხდეს. ფორმალურად ხომ უნდა ვუყაროთ კენჭი იმას, რაც აქ ითქვა.

რ.ჯაფარიძე–არ უნდა კენჭისყრა.

თავმჯდომარე–ვინ არის მომხრე იმ წინადადებისა, რომელიც თქვენ სთქვით?… არ არის კენჭისყრა საჭირო?… ვინ არის მომხრე იმ წინადადებისა, რომელსაც ყველა აწერს ხელს?

ი.აბაშიძე–რომ გაირიცხოს?!

თავმჯდომარე–ვინ არის მომხრე რომ გაირიცხოს? გთხოვთ ასწიოთ ხელი, გთხოვთ დაუშვათ, ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. თავი ვინ შეიკავა? არავინ. მაშასადამე წინადადება მიღებულია ერთხმად“… [37].

როგორც ჩანს წინასწარ საქმის განხილვამდე მოუწერიათ ხელი ზ.გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვაზე……… ვერაფერს იტყვი, მართლაც შთამბეჭდავი გამოხატულებაა საბჭოთა მწერლის ზნეობრივი სახის. ამგვარად დაასაჭურისა საბჭოთა სინამდვილემ მწერლის ის ღვთაებრივი დანიშნულება, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში აღნიშნავდნენ საქართველოში–„მე ერი მზრდის და ცა მნიშნავს“–ო… ხოლო ერის რა წინამძღოლობას იკისრებდა ამგვარად კასტრირებული ქართული საბჭოთა მწერლობა, ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ… და რა გასაკვირია, რომ ასეთ სიბინძურეში მონაწილეობის შემდეგ ისინი შიშით შესცქეროდნენ ზვიად გამსახურდიას გახელისუფლებას, ხოლო საქართველოს ხელისუფლების სათავეში მისი მოსვლის შემდეგ ძილი და მოსვენება დაუკარგა მათ შესაძლო შურისგებაზე ფიქრმა. ასე, რომ ქართველ მწერალთა ამ ნაწილის დაუნდობელი მტრობა ზვიად გამსახურდიას მიმართ, ზემოთ აღნიშნულ უმსგავსობებში მათი ნებაყოფლობითი მონაწილეობისათვის მხილებისა და მის მიერ მოსალოდნელი შურისგების შიშითაც იყო ნასაზრდოები (კოკასა შიგან რაცა სდგას…).

ყოველივე ზემოთ ნათქვამს თუ გავითვალისწინებთ, აი, ეს არის, მართლაც, საბჭოთა მწერლების საკადრისი პასუხი, რომელსაც მხარში ამოუდგა შოთა რუსთაველის სახელობის ქართულ ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტიც, რომლის 1977 წლის 5 აპრილის გაფართოებული სხდომის ოქმში აღნიშნულია_”ესწრებოდნენ: ა.ბარამიძე, გ.გვერდწითელი, მ.დუდუჩავა, ი.ბოგომოლოვი, გ.იმედაშვილი, დ.ლაშქარაძე, ი.ლოლაშვილი, გ.მერკვილაძე, ს.ყუბანეიშვილი, მ.ჩიქოვანი, ს.ცაიშვილი, გ.ციციშვილი, მ.მახათაძე, ჯ.ბარდაველიძე, ნ.ჭოლოკავა, თ.დოიაშვილი, მ.გუგუშვილი, ი.მეგრელიძე, დ.თევზაძე, რ.ბარამიძე, ამათ გარდა სხდომას ესწრებოდნენ ძველი ქართული მწერლობის, რუსთველოლოგიისა და საზღვარგარეთის ხალხებთან ლიტერატურულ ურთიერთობათა განყოფილების თანამშრომლები. სხდომაზე გამოძახებული იყვნენ ზვიად გამსახურდია და ირაკლი კენჭოშვილი.

დღის წესრიგი: ინსტიტუტის თანამშრომლების ზვიად გამსახურდიასა და ირაკლი კენჭოშვილის საბჭოთა მეცნიერებისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხილვა [38]. აღნიშნული სხდომის შესახებ პრესაში გამოქვეყნდა შემდეგი ინფორმაცია: „5 აპრილს შედგა შ.რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გაფართოებული სხდომა, რომელზეც განიხილეს ინსტიტუტის თანამშრომლების ზვიად გამსახურდიასა და ირაკლი კენჭოშვილის საბჭოთა მეცნიერებისათვის შეუფერებელი საქმიანობა.

სხდომას თავმჯდომარეობდა ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ალ.ბარამიძე, აზრთა გაცვლა–გამოცვლაში მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო საბჭოს წევრებმა: პარტორგანიზაციის მდივანმა ნ.ჭოლოკავამ, პროფესორებმა გ.იმედაშვილმა, გ.ციციშვილმა, მ.ჩიქოვანმა, მ.დუდუჩავამ, გ.მეკრკვილაძემ, ი.ლოლაშვილმა, ს.ცაიშვილმა, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ გ.გვერდწითელმა“ [იქვე].

საქინფორმის ცნობაში სრულიად იგნორირებულია ამავე სხდომაზე ლია ანდღულაძის მიერ გამოთქმული ერთადერთი საღი აზრი, რომ „ის საკითხები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას აწუხებს, ყველა ჩვენგანს აღელვებს. მახსოვს, როგორ აგვაღელვა ჩვენ (მიმართავს გ.იმედაშვილს) X საუკუნის გუმბათიანი ტაძრის კუმურდოს–ნანგრევების ხილვამ, მისმა სავალალო მდგომარეობამ.

ზვიად გამსახურდიას, სათანადო განათლებასთან ერთად, გვარიც შველოდა, რომ ამ საკითხებზე ზრუნვა გაბედულად გამოეხატა და, როგორც თვითონ განაცხადა, არაერთგზის მიემართა სათანადო დაწესებულებებისათვის.

ჩემი წარმოდგენა ზვიადის განათლებაზე რამდენადმე სხვაა. აქ მსჯელობენ მის ნაკლოვანებაზე, მაგრამ არაფერს ამბობენ მის დადებით მხარეებზე. შინაგანად მჯერა, რომ ზვიად გამსახურდია თავის ცოდნას, მამისეულ შემართებას და დედის კეთილშობილებას ჩვენი ქვეყნის სამსახურს მოახმარს“… [იქვე, გვ. 35–36]–და „სამეცნიერო საბჭომ ერთხმად დაგმო ზ.გამსახურდიასა და ი.კენჭოშვილის მოქმედებანი. საბჭომ მოუწოდა  ამ გზააბნეულ თანამშრომლებს დაუფიქრდნენ, ვიდრე გვიან არ არის, თავიანთ საქციელს, ხელი აიღონ საბჭოთა მეცნიერებისათვის შეუფერებელი ნაბიჯების გადადგმისაგან, შეწყვიტონ თვითმარქვია ჟურნალების გამოცემა და ცილისმწამებლური განცხადებებისა და წერილების პუბლიკაცია, აქტიურად ჩაებან ინსტიტუტის სამეცნიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პატიოსანი საქმით აღიდგინონ მეცნიერ–მოქალაქის და ნამდვილი პატრიოტის საპატიო სახელი“ [იქვე, გვ.41]. აი, სამწუხაროდ, ასეთი იყო ამ “მეცნიერ–მოქალაქეებისა” და „ნამდვილი პატრიოტების საპატიო სახე“. ხოლო ზვიად გამსახურდიამ და მისმა თანამოაზრეებმა გააგრძელეს რა თავიანთი გზა, იგი დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს აღდგენის მესაძირკვლე და მისი პირველი პრეზიდენტი გახდა.

საქმის ამგვარი მეთოდებით შემზადების შემდეგ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა 1977 წლის 7 აპრილს დააპატიმრეს. საქმე #131 აღიძრა საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის 71–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ანტისაბჭოთა აგიტაცია–პროპაგანდას ითვალისწინებდა. საქმის წარმოება მიმდინარეობდა თითქმის ერთ წელიწადს და 1978 წლის 7 მარტს დასრულდა.

ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე–გამსახურდია იგონებს, რომ „დაპატიმრებისთანავე სუკ–ის თანამშრომლებმა პროკურორის სანქციის გარეშე დაიწყეს ოჯახებში შემოჭრა ჩხრეკის ჩასატარებლად. ჩხრეკა ერთდროულად მიმდინარეობდა მერაბ კოსტავას ბინაზე ჯავახიშვილის ქუჩა #1 და გალის ქუჩა #16 „კოლხურ კოშკში“… ჩემი დის ლედა არჩვაძის კუთვნილ ბინაზე ვახტანგ ჩიქოვანის #28–ში მიმდინარეობდა ჩხრეკა… სუკი მოქმედებდა თავისუფლად. ოჯახებიდან მათთვის უშუალოდ საინტერესო მასალების გარდა გატანილი იქნა კ.გამსახურდიას ხელნაწერები და ნივთები, რომელთა დაბრუნება ვეღარ შევძელით“…[39]  ამუშავდა საბჭოთა დეზინფორმაციისა და ცილისწამების მთელი მანქანა,  პატიმრებზე სხვადასხვა ფორმით ზეწოლის რთული მექანიზმებითურთ, რის გამოც პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს. მათ მიმართ გამოყენებული იქნა საბჭოთა უშიშროების სისტემის მიერ კარგად დამუშავებული ურჩი პატიმრების ფსიქიატრულ საავადმყოფოში მოთავსების პრაქტიკაც. მერაბ კოსტავა მოათავსეს ორთაჭალის ციხის ფსიქიატრულ განყოფილებაში. ზვიად გამსახურდია კი ჯერ მოსკოვში, სუკ–ის ლეფორტოვის ციხეში გადაიყვანეს, შემდეგ კი სერბსკის სახელობის ფსიქიატრიულ კლინიკაში. ამავე პერიოდში ჰონოლულუში მიმდინარე მსოფლიო ფსიქიატრების კონფერენციამ სასტიკად დაგმო საბჭოთა ფსიქიატრიაში გამოყენებული პოლიტიკური პატიმრების ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში წამების პრაქტიკა და სსრ კავშირი გარიცხა მსოფლიო ფსიქიატრიული ასოციაციიდან. მსოფლიო საზოგადოებრივი აზრისა და ფსიქიატრების ზეწოლის შედეგად მოხერხდა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ფსიქიატრიული დაწესებულე-ბებიდან გამოხსნა 1977 წლის დეკემბერში „საბჭოთა ფსიქიატრებისაგან“ დაკომპლექ-ტებულმა „კომისიამ“ ისინი ფსიქიურად ჯანმრთელად ცნო [იქვე, გვ.9].

ამავდროულად 1977 წელს სსრ კავშირში დააპატიმრეს  ჰელსინკის ხელშეკ-რულებათა საშემსრულებლო ჯგუფის ორმოცამდე წევრი. აშშ კონგრესმა პატიმრების ფიზიკურად გადარჩენის მიზნით ისინი ნობელის პრემიაზე წარადგინა. მათ შორის იყვნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა.

1978 წლის 18–19 მაისს ჩატარდა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სასამართლო პროცესი, რომელმაც „ბრალდებულთ“ გამოუტანა „განაჩენი”  3 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა და 2 წელი გადასახლება. ზვიადი სასჯელს იხდიდა ნოღაის სტეპში დაბა კოჩუბეიში,ხოლო მერაბი–პერმის ოლქში, ხოლო რაც შეეხება საბჭოთა უშიშროების კომიტეტის სპეცსამსახურების მიერ ინცინირებულ ზვიად გამსახურდიას ე.წ. მონანიებას, ამის შესახებ ჩვენ ნაშრომში [40] უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ აქ საჭიროდ ვსცანით მოგვეტანა აღნიშნულ საკითხზე „მერაბ კოსტავას განცხადება“ რომელშიც ის ამბობს: „… მსურს აღვნიშნო, რომ ჩემზე უკეთ არავინ იცის სიმართლე ამ ყველაფერზე, რადგან მთელი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი ჩვენი საქმის მსვლელობას, სასამართლო სხდომების დროს ხშირად ვხვდებოდი ზ.გამსახურდიას და ვიცი ყოველი დეტალი იმ სასამართლო საქმისა, რომელიც 56 ტომისაგან შედგებოდა.

სასამართლოზე ზ.გამსახურდიას არ მოუნანიებია მისი უმთავრესი საქმიანობა, უარი არ უთქვამს იმ პატრიოტულ წერილებზე, რომლებიც ეხებოდა ქართულ ეკლესიას, ჩვენს ენას, კულტურის ძეგლებს და ჰელსინკის კავშირის განცხადებებს. უფრო მეტიც–სასამართლოზე მან კიდევ ერთხელ მოითხოვა იმ მოთხოვნათა შესრულება, რომელიც ეხებოდა აღნიშნულ საკითხებს და სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ მათი ნაწილი გაითვალისწინა კიდეც ხელისუფლებამ… სასამართლოზე ჩემი უკომპრომისო (მე არ ვაღიარე თავი დამნაშავედ) და ზ.გამსახურდიას ნაწილობრივ კომპრომისული პოზიცია იყო ჩვენი წინასწარმოლაპარაკების შედეგი, გარდა ამისა შევთანხმდით იმაზეც, რომ გადასახლების დროს  ის დაწერდა ხსოვნას გათავისუფლებაზე და ჩემზე ადრე დაბრუნდებოდა საქართველოში, რაც აუცილებელი იყო ჩვენი საერთო საქმისათვის, რათა მას მოეხდინა ჩვენი მოძრაობის მობილიზაცია და ებრძოლა ჩვენი მოთხოვნების შესასრულებლად. მსურს აღვნიშნო, რომ ზვიადმა მართლაც შეასრულა ეს ყველაფერი და გათავისუფლების შემდეგ კვლავაც აგრძელებს ეროვნულ მოღვაწეობას.

მე არა მხოლოდ ვამართლებ მის ასეთ საქციელს, არამედ მივიჩნევ, რომ იმ სიტუაციაში ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი. აქვე დავსძენ, რომ სასამართლოზე ზვიადს არ დაუსახელებია არც ერთი პიროვნება და მის გამო არავინ დაუბარებიათ დასაკითხად „სუკში“.

ის სამშობლოსათვის ყოველთვის სწირავდა საკუთარ სიცოცხლეს და ამ აუცილებელი ნაბიჯითაც უდიდესი მსხვერპლი გაიღო“… [41] მათი მეგობრობის შესახებ კი მერაბ კოსტავა 1989 წლის 31 მარტს შენიშნავდა: „ბევრი ეცადა ჩემი და ზვიადის მეგობრობაში ბზარის გაჩენას, მაგრამ ეს ვერავინ ვერ შეძლო, ეს არასოდეს მოხდება, მაგრამ თუ მოხდა სასწაული და ჩვენს მეგობრობაში ბზარი გაჩნდა, მაშინ მე ვიტყვი, რომ მეგობრობა საერთოდ არ არსებობს, ეს კი უკვე ქვეყნის დანგრევას უდრის“ [ოქროს საწმისი, იქვე, გვ. 9].

ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ მთელი თავიანთი ცხოვრებითა და მოწამეობრივი აღსასრულით დაამტკიცეს როგორც ერთმანეთისადმი, ასევე იმ იდეალებისადმი უსაზღვრო ერთგულება, რომელთა განხორციელებისათვის ბრძოლასაც ისინი შეეწირნენ. ხოლო სასამართლო პროცესი, რომელიც მათ საბჭოთა რეჟიმმა და მისმა ერთგულმა ლაქიებმა მოუწყვეს. დარჩება როგორც ამ ანტიჰუმანური სისტემის უმახინჯესი შინაარსის გამომხატველი კიდევ ერთი მონუმენტი, რომელიც მათ საკუთარ თავსა და საქმეებს დაუდგეს. საქმემან შენმან გამოგაჩინოს,_იტყოდა ქართველთა ბრძენი წინაპარი,–და ჩვენც ვერავის ვერაფერს ვუშველით, თუ თქვენი საქმეები ამგვარ საძრახის სურათს ქმნიან. მაგრამ ამგვარ საქმეთა წარმოჩენით ვცდილობთ მომავალ თაობას მაინც ვუჩვენოთ ხაზი, რომელიც გადის არარაობრივ არსებობასა და მარადისობას შორის… არჩევანი თქვენზეა.

გამოყენებული ლიტერატურა

1. მ.არჩვაძე–გამსახურდია, ოქროს საწმისი (ქართული თვითგამოცემა 30 წლისაა), გამომც. „საქართველოს მაცნე“, თბ., 2006

ა. ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #1, 1975 (მაისი)

ბ. ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #2, 1975 (ივლისი)

გ. ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #3, 1976

დ. ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #4, 1976

2. გ.ჯაბაშანური, ინვექტივა-მონუმენტი, ჟურნ. “ოქროს საწმისი”, #1, 1975

3. ლ.ქართველი, სიტყვა ერისადმი, უკანასკნელი ცრემლი, ჟურნ. “ოქროს საწმისი”,  #1, 1975

4. ივ.ჯავახიშვილი, XIX საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხები, . “ოქროს  საწმისი”, იქვე.

5. ნ.წულეისკირი, ნუ დავივიწყებთ მშობლიურ ენას, (სიტყვა წარმოთქმული ე.შევარდნაძესთან შეხვედრის დროს, მწერალთა კავშირში“, ჟურნ. „ოქროს საწმისი. იქვე

6. ზვიად გამსახურდია, გურამ რჩეულიშვილის მოსაგონარი, ჟურნ. „ოქროს საწმისი, #1, 1975

7. მერაბ კოსტავა, გურამ რჩეულიშვილი, იქვე

8. გ.გამყრელიძე, “გლეხი ჩეროში”, “როსინანტი”, ჟურნ. „ოქროს საწმისი, #2, 1975

9. კ.გამსახურდია, ველიკორუსები და არარუსები, გაზ. „სახალხო საქმე“,#25, 1917, 13 აგვისტო (ოქროს საწმისი, გვ. 190–194)

10. კ.გამსახურდია, ღია წერილი ულიანოვ–ლენინისადმი (ოქროს საწმისი, გვ. 195–199)

11. კ.გამსახურდია, პასუხი, გაზ. „სოციალისტ–ფედერალისტი“,#62, მაისის 15, 1921 წ. გვ. 1–2 (ოქროს საწმისი, გვ. 200–2005)

12. კ.გამსახურდია, ვინ არის შოვინისტი“, გაზ. „სოციალისტ–ფედერალისტი“,#72, 1921 წ. მაისის 28, გვ.1–2 (ოქროს საწმისი, გვ. 205–209)

13. მ.აბაშიძე, მონა ღვთისა და მონა ერისა, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #3, 1976 (ოქროს საწმისი, 265–284)

14. ს.ცვაიგი, წინასიტყვა „გველის პერანგისა“, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, გვ. 287–288)

15. კ.გამსახურდია, ქართველ მწერალთა კონფერენციაზე, გაზ. „საპხალხო საქმე“, # 77, 19127, 15 ოქტომბერი, გვ. 3 (ოქროს საწმისი, 289–292)

16. კ.გამსახურდია, გაორებული საქართველო, გაზ. „სახალხო ფურცელი“, #828, 1917, 11 აპრილი (ოქროს საწმისი, 295–297)

17. კ.გამსახურდია, წერილი პატიმარი პოეტისადმი, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #3, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 297–298)

18. სრულიად საქართველოს მწერალთა პირველ ყრილობის სტენოგრამა, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #3, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 298–307)

19. საქართველოს საკითხი თავისუფალი მსოფლიოს წინაშე, ჟურნ. „ოქროს საწმისი“,#4, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 313–315)

20. გალაქტიონ ტაბიძე, საქართველო, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #4, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 316)

21. ვაჟა–ფშაველა, სოციალ–დემოკრატისადმი, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #4, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 317)

22. იოსებ გრიშაშვილი, „ახალ ხელისუფლებას“, „ოცდახუთი  თებერვალი“, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #4, 1976 (ოქროს საწმისი, გვ.318)

23. პ.დიდებულიძე, ლექსები, „ოქროს საწმისი“, #4, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 21)

24. გ.ამაღლობელი, ლექსები, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #4, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 339–

25. ო.მაისურაძე, ლექსები, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #4, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 345)

26. ადამ ბობღიაშვილი, ლექსები, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #4,, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 352–364)

27. ზვიად გამსახურდია, ღია წერილი საქართველოს მწერალთა VIII ყრილობის პრეზიდიუმისაგან, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #4, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 400–406)

28. მერაბ კოსტავა, გამოსათხოვარი, ჟურნ. „ოქროს საწმისი“, #4176, 1976 (ოქროს საწმისი, გვ. 407–415)

29. ვის აძლევს ხელს?, გაზ. „კომუნისტი“,#68 (16805), 1977, 23 მარტი

30. მოღალატე ვარისევლები, გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, #27, 1977, 28 მარტი

31. სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი დავით V, მიტროპოლიტი გაიოზი, წილვნელი, მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი ეპისკოპოსი გიორგი,ალავერდელი, 17, III 77 წ. თბილისი 

32. ვ.ქვაჩახია, ცილისმწამებლებსა და პროვოკატორებმა პასუხი უნდა აგონ, გაზ. „კომუნისტი“,#76 (16813), 1977, 1 აპრილი

33. რედაქციისაგან, იქვე

34. საქართველოს მწერლების საკადრისი პასუხი, გაზ. „კომუნისტი“, # 77 (16814), 1977, 2 აპრილი

35. არა ცილი სწამო!,  სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დავით V, მიტროპოლიტი გაიოზი, წილკნელი, მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი, ეპისკოპოსი გიორგი, ალავერდელი, 17. III, 77 წ. გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, #14 (2065), 1977 1 აპრილი

36. გ.კერატიშვილი, მითი და სინამდვილე, გაზ. „ასავალ–დასავალი“, #1 (797), 2009, 28 დეკემბერი–2010, 10 იანვარი, გვ. 2–18

37. სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, ოქროს საწმისი, თბ., 2006, გვ. 13–28

38. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გაფართოებული სხდომის ოქმი, ოქროს საწმისი, 2006, გვ. 31–40

39. ოქროს საწმისი, იქვე, გვ. 8–9

40. უჩა ოქროპირიძე, საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი ბრძოლის თანამედროვე პერიოდი და აჭარა (1988.X-1994.1.III), გვ. 22-23 

41. სოფიო ღლონტი, ზვიად გამსახურდიას ქრისტიანული მრწამსი (“ვერაბ კოსტავას განცხადება”), , თბ., 2007, გვ. 41-42.

42. თამარ ჩხეიძის პირადი არქივიდან, გვ. 15.

43. გ.თვალელი, აჭარელნი ლტოლვილნი (რიბაკოვსკის გეგმა მოქმედებაში), 1982.

44. ელისაბედ ჩიხლაძე, ღია წერილი ამხანაგ ედუარდ შევარდნაძეს, გაზ.  „საქართველოს სამრეკლო“, #106 (136), 1999, 7–13 იანვარი, გვ. 3 და 8.

45. ანდრია კუპეტოვი, ზარი ბიჭვინთის აგარაკზე, «Независимая газета», 18 июля, 1991.

46. თამარ ჩხეიძე, სკკპ ცკ–ს გენერალურ მდივანს მ.ს.გორბაჩოვს, სკკპ ცკ–ს მდივანს ი.ლიგაჩოვს, საქართველოს კპ–ს პირველ მდივანს ჯ.ი.პატიაშვილს (თ.ჩხეიძის პირადი არქივიდან).

http://biblioteka.litklubi.ge/view-nawarmoebi.php?id=10862

 
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: