IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• აბზიანიძე – გადატრიალება

შუქრი აბზიანიძე

“ჩაუშესკუ – ჩაუშესკუ”

(გადატრიალებების ტექნოლოგია საქართველოში)

ალბათ ყველას ახსოვს, 1991 წლის ბოლოს, ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი მასა “ჩაუშესკუ – ჩაუშესკუს” სკანდირებით როგორ უტევდა უზენაესი საბჭოს შენობას. ოპოზიცია მზად იყო დაემხო ხელისუფლება და ყველანაირად იკაფავდა გზას შენობისკენაც და ხელისუფლებისკენაც. ამ დრამატულ და ვნებათაღელვით აღსავსე დროს ცოტა თუ დაფიქრებულა – რატომ მაინცა და მაინც “ჩაუშესკუ”? დავუშვათ ზვიად გამსახურდია დიქტატორი იყო, განა ცოტა დიქტატორებს იცნობდა მსოფლიო? როგორც ისტორიიდან, ისე მის თანამედროვეებს? რატომ არა, ვთქვათ “ჰიტლერი”, “სტალინი”, “პინოჩეტი” ან ბოლოს და ბოლოს “სადამი”? არა, მხოლოდ “ჩაუშესკუ”. რატომ?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ეს არაა “დიქტატურის” უღელქვეშ სულის მღაფავი ხალხის ამოძახილი. ეს სულ სხვა რამ არის. ეს მოქმედების გეგმაა, პაროლია, მთავარი სიტყვაა, რომლითაც წინასწარ ხდება თანამოაზრეთა და სეირის მაყურებელთა შემზადება დიდი ბატალიებისათვის, დიდი სისხლის ღვრისთვის და რაც მთავარია – ტრაგიკული ფინალისათვის.

“სტალინი” ამ საქმისთვის არ გამოდგებოდა, ის სხვა მასშტაბისა, “დიადი, ხალხთა მამა” იყო, თანაც ხალხის მისდამი დამოკიდებულება, დღესაც კი, არაა ცალსახა, ნახევარი საქართველო მის მზეს ფიცულობს. “ჰიტლერიც” არ ვარგოდა, გადატრიალება ვერაფრით მოუწყეს, მთელმა მსოფლიომ ძლივს დაამარცხა. აბა სად მთელი მსოფლიოს ჯარები და სად “შეიარაღებული ოპოზიცია”. არც “პინოჩეტი” გამოდგებოდა. დიქტატორი კი იყო, მაგრამ სწორედ დიქტატორობით ააყვავა თავისი ქვეყანა, თანაც თვითონ მოაწყო გადატრიალება და კომუნისტები გაყარა. იქნებ “სადამი”? – არა, ძალიან ცუდი სიმბოლო იყო. ყველაფრის მიუხედავად, თავისი ხალხის მხარდაჭერით სარგებლობდა, მთელი მსოფლიო ებრძოდა და ვერ თუ არ ჩამოაგდეს, თანაც მოღალატეებსაც მკაცრად გაუსწორდა. “ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ბოლოსაგან”! მაშ ვინ? რა თქმა უნდა “ჩაუშესკუ”! დიქტატორიც იყო, სისხლიც დააღვრევინეს, ჩამოაგდეს, დახვრიტეს კიდეც. ნამდვილად მისაღები სიმბოლო იყო. ყველასთვის გასაგები, თანაც სულ ახალთ ახალი, მთელი მსოფლიო გაიგებდა, რომ იქ სადღაც, შორეულ კავკასიაში, ერთ პატარა ქვეყანაშიც დაემხო დიქტატურა და იზეიმა დემოკრატიამ! და რაც მთავარია ის – ცენტრიდან მოსულ გეგმასთანაც სრულ შესაბამისობაში იყო!

ანალოგიები ლოგიკაშია ცუდი, თორემ პოლიტიკაში მათ დიდი ძალა აქვთ. დრამის მონაწილეებისათვის (ვისაც დანახვის და გაგების უნარი აქვს) ყველაფერი უცებ ხდება ნათელი. ისევე როგორც 1989 წლის დეკემბერში რუმინეთში, ვიღაც – ვიღაცეები ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ, არეულობები იქნება, თოფიც გაისვრის (ჰაუბიცაც – ხომ უნდა იყოს ნაციონალური სპეციფიკაც, ხომ უნდა გაიგოს მსოფლიომ, როგორი “რკინის მკვნეტელი” ხალხი ვართ!), სისხლიც დაიღვრება, “დაქირავებულებს” და “ტერორისტებსაც” გამოავლენენ, “ბუნკერის” ჯურღმულებში“ დემოკრატიისათვის “ნაწამებ რაინდებსაც” იპოვნიან, ახალი “გმირები” დაამარცხებენ “ურჩხულს” და “დემოკრატიაც” იზეიმებს. გაქცეულ პრეზიდენტს და მის ოჯახს დაიჭერენ, სასწრაფოდ გაასამართლებენ და იქვე კედელთან დახვრეტენ. “დემოკრატია გაიმარჯვებს”, ხალხი ახალ, “ბედნიერ” ცხოვრებას დაიწყებს. ასე იყო რუმინეთში. თითქმის ასე საქართველოში.

იქნებ ეს ყველაფერი სისულელეა? იქნებ არავითარი გადაატრიალება არ ყოფილა,

არავითარი გეგმა (მით უმეტეს “ცენტრიდან”), არავითარი შეთქმულება. ყველაფერი სპონტანურად მოხდა. ხალხის მოთმინების ფიალა აივსო, ჩამოხსნა კედლიდან მამა-პაპისეული ხმალ-ხანჯალი იხუვლა და დაამხო საძულველი ხელისუფლება. მოხდა “დემოკრატიული რევოლუცია” – ქვემოდან. როგორც “კლასიკოსები” გვასწავლიდნენ “როდესაც ქვედა ფენებს აღარ შეუძლიათ ძველებურად ცხოვრება, ზედა ფენებს კი ძველებურად მართვა”.

რა თქმა უნდა, “ქვედა” ფენებისათვის ამ ილუზიის შექმნა აუცილებელი იყო და შეძლებისდაგვარად შექმნეს კიდეც! ხალხს უნდა დაეჯერებინა და ზოგიერთებმა დაიჯერეს კიდეც, რომ “დემოკრატიულ რევოლუციაში” მონაწილეობდნენ, და “ისტორიულ” საქმეს ემსახურებოდნენ. ზოგს ეს გრძნობა დღესაც არ სტოვებს. მაგრამ ვიღაცას ჩუმად ეცინებოდა, დაგვცინოდა – ჩვენც და თქვენც! ისტორიაში ნამდვილად შევალთ, მაგრამ ვინ როგორ? ესაა მთავარი.

მაშ ასე “დემოკრატიული რევოლუცია” თუ “ცენტრში დაგეგმილი და მისი უშუალო ხელშეწყობით განხორციელებული -სახელმწიფო გადატრიალება”? ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ მოკლედ მოვჭრი. თანაც ციტატებით:

“… მას, რა თქმა უნდა,დაუშვებელია ეწოდოს “დემოკრატიული რევოლუცია” – ეს ხომ თავის მოტუება და უფრო მეტიც, გაბრიყვება იქნებოდა. საქმე გვაქვს ტიპიურ სახელმწიფო გადატრიალებასთან, რომელიც განხორციელდა გარკვეულ ძალთა კონგლომერატის მიერ.”

(ი.ბათიაშვილი – მანკიერი წრე. “ივერია ექსპრესი” #5. 08.02.1994წ.)

და კიდევ, ”ცენტრის “ შესახებ:

“დეკემბერ-იანვრის გადატრიალების ერთ-ერთი მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი იყო ისევ რუსეთი და კერძოდ, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელობა, გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ამიერკავკასიის ქვედანაყოფი, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური, ამიერკავკასიის სამხედრო კონტრდაზვერვის ქვედანაყოფი და რაც მთავარია, რუსეთის ხელისუფალნი და პოლიტიკოსები”. (იქვე).

შესაძლოა ვინმემ ეს მოსაზრება კომპეტენტური, მაგრამ მაინც კერძო პირის (თუნდაც საინფორმაციო – სადაზვერვო სამსახურის ყოფილი შეფის) მოსაზრებად ჩათვალოს, ამიტომ მცირე ამონაწერი “ საქართველოს პარლამენტის დადგენილებიდან”:

“…

1. დაგმობილ იქნას სახელმწიფოში პოლიტიკური პრობლემების ძალადობის გზით გადაჭრა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის ყოველგვარი მცდელობა.” (საქართველოს რესპუბლიკა 20.04..2000წ.)

რა თქმა უნდა, შესაძლებელია სხვა დოკუმენტების მოყვანაც, უფრო მეტიც, პიროვნებების, სამხედრო თუ გასამხედროებული შენაერთების დასახელება, ჩვენებების, “მემუარების”, ფოტო, ვიდეო თუ აუდიო მასალის მოტანა, მაგრამ ეს ძალიან შორს წაგვიყვანს და ეხლა არც არის ამის დრო.

სხვა და სხვა მიზეზების გამო (რომლებზედაც არ შევჩერდებით), რეიკიავიკში, რეიგან – გორბაჩოვის, და განსაკუთრებით მალტაზე, ბუშ – გორბაჩოვის, უმაღლესი დონის

შეხვედრებზე გადაწყდა ვარშავის ბლოკის დემონტაჟი და სსრკ – ს მოდიფიცირება (და არა დაშლა, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ). ასე ეგონათ გორბაჩოვსა და მის გუნდს, მაგრამ, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, პროცესი უფრო შორს წავიდა, სსრკ მოდიფიცირების ნაცვლად დაიშალა და გორბაჩოვი და მისი გუნდიც ჩამოვიდა დიდი პოლიტიკური სცენიდან. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ გუნდის ერთ-ერთმა წევრმა მაინც მოახერხა პოლიტიკურ სცენაზე დარჩენა. მართალია, მსოფლიო მასშტაბით, პროვინციულზე, მაგრამ მაინც!

დღის წესრიგში დადგა აღნიშნული გადაწყვეტილებების შესრულება. ეს არ იყო მარტივი საქმე, ვინაიდან სტალინურ ტრადიციებზე აღზრდილი კომპარტიების ლიდერები სულაც არ აპირებდნენ ხელისუფლების დათმობას და “პერესტროიკებს”. ამიტომ, თითქმის მეოთხედი მსოფლიოს მასშტაბით, საჭირი გახდა ხელისუფლებების ცვლილებები. სწორეთ ამ მიზნით, განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალებების სერია, ევროპის სოციალისტურ ქვეყნებსა და სსრკ-ს რიგ რესპუბლიკებში და მათ შორის საქართველოშიც. ეს გადატრიალებები ერთი და იგივე სქემით განხორციელდა, თუმცა სხვა და სხვა ქვეყანაში, ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობების ხარისხისა და სპეციფიკის შესაბამისად, ძირითადად ოთხი სახე მიიღო – უსისხლო, “კარის” გადატრიალების (ბულგარეთი), უსისხლოდ, მაგრამ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მღელვარებით (გდრ), “მცირე სისხლით” და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მღელვარებების ფონზე (ჩეხოსლოვაკია), და ფართო საზოგადოებრივი მღელვარებებით და დიდი სისხლით (რუმინეთი). თვით სქემა ძალიან მარტივი იყო და ძირითადად სამ მთავარ მომენტს მოიცავდა: 1. განხეთქილება ხელისუფლებაში – ძირითადად წინასწარ შერჩეული პიროვნებების “ცენტრიდან” მხარდაჭერის საფუძველზე და საჭიროებისამებრ, მათი რიგების თანდათანობითი გაფართოება “უკმაყოფილოების” ხარჯზე; 2. მასების ანტისამთავრობო გამოსვლების ორგანიზება – რაც, ერთის მხრივ, მასმედიის (შიდა და გარე) მხარდაჭერითა და ხალხის პროპაგანდისტული დამუშავებით მიიღწევა და მეორე მხრივ კი პროვოკატორების, საიდუმლო აგენტებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით, მაგალითად, ჭორების გავრცელებით. 3. ზეწოლა ხელისუფლებაზე – ფართო სპექტრით, გადადგომის იძულებიდან, ძალადობის შედეგად გადაყენებამდე. რაც უკიდურეს ფორმაში შესაძლებელია შეიარაღებული აჯანყებას და სამხედრო ძალის გამოყებებასაც გულისხმობდეს. მოკლედ ყველაფერი წინასწარ შემუშავებული და მრავალჯერ აპრობირებული იყო.

სწორედ ამ სქემით და რა თქმა უნდა სპეცსამსახურების (ცენტრის და ადგილობრივის, ვინაიდან ისინი ძირითადად ერთიან მთლიანობას წარმოადგენდნენ) ხელმძღვანელობითა და ფართო მონაწილეობით დაიწყო ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების კომუნისტური ხელისუფლებების დემონტაჟი და “დემოკრატიული რევოლუციები”.

წინასწარ უნდა ავღნიშნო, ორი რამ. პირველი: მე სულაც არ ვაპირებ არსებული კომუნისტური ხელისუფლებების გამართლებას. ჩემი საქმე არაა იმის გარკვევა რომელი პარტლიდერი იყო უკეთესი და რომელი უარესი. მე მხოლოდ ის მეთოდები მაინტერესებს, რომელთა გამოყენებითაც მოხდა ხელისუფლების ცვლა. ვინაიდან ვთვლი, რომ ხელისუფლების იძულების ან ძალადობის გზით ცვლა დანაშაულია, მით უმეტეს თუ მას თან სდევს უდანაშაულო ხალხის ხელოვნურად პროვოცირებული სისხლისღვრა. მიზანი, რაც არ უნდა პროგრესული იყოს ის, არ ამართლებს საშუალებას. ჩვენ სწორედ საშუალებებზე ვსაუბრობთ და არა მიზნებზე.

და მეორე: გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, ჩემი აზრით, 1989 – 92 წლებში საქართველოში მოხდა არა ერთი (რომელზედაც ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი, 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალება), არამედ ორი სახელმწიფო

გადატრიალება. მხედველობაში მაქვს 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების შეცვლა. რა თქმა უნდა, გარეგნულად ეს უფრო საკადრო ცვლილებას გავდა ვიდრე გადატრიალებას, ვინაიდან შედეგი ერთი თანამდებობის პირის შეცვლაში გამოიხატა და უცვლელი დარჩა სახელმწიფო სტრუქტურები, ხელისუფლების ორგანოები და ა.შ. მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად. რა თქმა უნდა, აპრილის მოვლენების შედეგი პატიაშვილის გადაყენება იყო,

მაგრამ საქმე იმაშია, რომ ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში, სადაც ყველაფერს ერთი პირი წყვეტს, სადაც ხელისუფლების ყველა შტო ფაქტობრივად ერთი პიროვნების ხელშია მოქცეული, სადაც ამ პიროვნების მოხსნა -დანიშვნას ხალხს არავინ ეკითხება, როდესაც მის გადასაყენებლად ეწყობა ფართომასშტაბიანი პროვოკაციები, რომელსაც მოყვება უდანაშაულო ხალხის სისხლისღვრა, როდესაც ადგილი აქვს ფარულ შეთქმულებას (პარტიულ ამხანაგთა ჯგუფის, შსს-ს და უშიშროეების ხელმძღვანელების მხრიდან), როდესაც ამ ერთი ადამიანის გადასაყენებლად გამოყენებულია, არა დემოკრატიული მეთოდები, არამედ, სწორედ სახელმწიფო გადატრიალების კლასიკური მეთოდები, ეს ფაქტობრივად და თავისი არსით – სახელმწიფო გადატრიალებაა. ნათქვამი ეხება, როგორც საქართველოს იმჟამისნდელ ხელისუფალს ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ყველა იმ პარტიულ და სახელმწიფო ლიდერებს რომლებზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. მათ შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნულს, ემატება ისიც, რომ მათი გადაყენება ხდებოდა სხვა ქვეყნის ლიდერის “შეკვეთით” (რაც ნათლად მიუთითებს მის “ახალ აზროვნებასა” და “გარდაქმნაზე”) და იმავე ქვეყნის სპეცსამსახურების უშუალო მონაწილეობით.

ყველაზე უმტკივნეულოდ, დემონტაჟის პროცესმა უნგრეთში ჩაიარა. ამ ქვეყნის სოციალისტური პარტია და მისი ლიდერი – იანოშ კადარი, არ გამოირჩეოდნენ ორთოდოქსობით. ხალხი ისედაც კარგა ხნის შეჩვეული იყო საბაზრო ეკონომიკის ელემენტებს და 1988 წელს უმტკივნეულოდ მოხდა ხელისუფლების ცვლილება. სათავეში მოვიდა გორბაჩოვისთვის უფრო სასურველი პარტიული ფუნქციონერი – კაროი გროსსი. ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ნომენკლატურა დარჩა. ფაქტობრივად ეს იყო ერთად – ერთი ქვეყანა, იმდროინდელ საბჭოთა სივრცეში, სადაც ხელისუფლების ცვლილება არ მომხდარა გადატრიალების გზით.

ბულგარეთში ხელისუფლება იძულების გზით შეიცვალა. ტოდორ ჟივკოვი ორთოდოქსი კომუნისტი იყო და მშვენივრად გრძნობდა “გადატრიალების სუნს”, მაგრამ მცირე წინააღმდეგობის შემდეგ, (როდესაც პარტიის სამმა უხუცესმა წევრმა ის ბულგარეთის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევაში, ხალხის გაღატაკებასა და მუსულმანი მოსახლეობის შევიწროებაში დაადანაშაულეს) და უშიშროების შეფის სტოიან სავოვის ზეწოლით, ცკ-ს პლენუმზე გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან და ციხეშიც აღმოჩნდა. მოგვიანებით იგი გაანთავისუფლეს, სავოვმა კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ხელესუფლებაში მოვიდა მოსკოვის ხელდასხმული მლადენოვი. ნომენკლატურა აქაც ხელისუფლებაში დარჩა. ესაა გადატრიალების უსისხლო, მასების მონაწილეობის გარეშე, შეთქმულების და იძულების საფუძველზე განხორციელებული “კარის”გადატრიალება.

ევროპის სხვა სოციალისტურ ქვეყნებში საქმე უფრო რთულად წარიმართა. მაგალითად გდრ-ში. საქმე იმაშია, რომ არა მხოლოდ პარტიული ხელმძღვანელობა გამოირჩეოდა ორთოდოქსობით, არამედ ცხოვრების შედარებით მაღალი დონის გამო, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურდა, არც “გარდაქმნა” და არც გერმანიის გაერთიანება. გაღიზიანება გამოიწვია გორბაჩოვისა (1986წ.) და რეიგანის (1987 წ.) ვიზიტებმაც (რომელმაც ბერლინის კედლის მალე დანგრევა და გერმანიის გაერთიანება “იწინასწარმეტყველა”). ცოტა მოგვიანებით, ათასობით გერმანელი, უნგრეთის გავლით, “გაიქცა” დასავლეთში,

ფაქტიურად კი ისინი გაუშვეს, ქვეყანაში დაძაბულობის პროფილაქტიკის მიზნით. ისევე, როგორც ფიდელ კასტრომ კუბელი დისიდენტები. მაგრამ დარჩენილ მილიონობით გერმანელს სულაც არ სურდა “კედლის” დანგრევა და გერმანიის გაერთიანება.

ამას დაემატა ისიც, რომ 1988 წელს ჰონეკერი, ჩაუშესკუსთან ერთად ცდილობდა მოლაპარაკებოდა “მოსკოველ კონსერვატორებს” გორბაჩოვის გადაყენების თაობაზე, რისი მცდელობაც, მოგვიანებით, კრახით დასრულდა.

მოსკოვი იძულებული გახდა სერიოზულად მიდგომოდა ჰონეკერის გადაყენების საკითხს. ეს კი გულისხმობდა ძლიერი საინფორმაციო შეტევის განხორციელებას და საზოგადოების ფართო მასშტაბიანი მღელვარების ორგანიზებას. 1989 წლის 6 ოქტომბერს ბერლინში ჩავიდა გორბაჩოვი, რომელმაც მკაცრად გააფრთხილა ჰონეკერი. ამას დაერთო “პერესტროიკის” მომხრეთა მასობრივი გამოსვლები. გორბაჩოვის წასვლის მეორე დღესვე, ბერლინში ჩადის ჩაუშესკუ, რათა მოელაპარაკოს ჰონეკერს, გადატრიალების თავიდან აცილების შესახებ. 17 ოქტომბერს, გესპ-ის პლენუმზე პოლიტბიუროს სამმა წევრმა (მათ შორის, უშიშროების შეფმა ერიხ მილკემ და შსს-ს ყოფილმა მინისტრმა ეგონ კრენცმა) მოითხოვეს ჰონეკერის გადადგომა. უმრავლესობის უხმო თანხმობის პირობებში ჰონეკერი გადაყენებილი იქნა. გესპ-ს ლიდერი გახდა ეგონ კრენცი. ამრიგად გდრ-ს შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა “შიდა გადატრიალებას”, რაც იმ დროისთვის, პარტიული და უშიშროების ნომენკლატურის ხელისუფლებაში დარჩენით დამთავრდა.

შემდგომში, გდრ-ს მოსახლეობაზე, “ბონის” 24 საათიანი პროპაგანდისტულ ზეწოლისა და ხალხის მასის აქტიური მონაწილეობის შედეგად რამდენჯერმე შეიცვალა ხელისუფლება. საინტერესოა, რომ ამ “გარდამავალი” პერიოდის გდრ-ს ყველა ხელმძღვანელი “შტაზის” არქივების გახსნას შეეწირა. 1990 წ-ს 9 ნოემბერს ბერლინის კედელში გაკეთდა სპეციალური გასასვლელი, რომლითაც, განსაკუთრებული წესების დაცვით, შესაძლებელი იქნებოდა საზღვრის გადაკვეთა. მაგრამ, გასასვლელის გახსნის დღესვე გფრ-ს ტელევიზიამ (რომელიც მთელ გდრ-ზე ახორციელებდა მაუწყებლობას), გამოაცხადა, რომ გდრ-ს ხელისუფლების ცნობით, საზღვარი ყველასათვის ხსნილია, მთელ პერიმეტრზე. ხალხის მასა მიაწყდა კედელს და მისი შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. ეს კი კედლის დანგრევით და სოციალისტური გერმანიის საბოლოო კრახით დამთავრდა.

ჩეხოსლოვაკიაში, ჯერ კიდევ 1987 წელს, ზემოთ აღწერილი სქემით, გადაყენებული იქნა ორთოდოქსი პარტიული და სახელმწიფო ლიდერი – ჰუსაკი და მისი ადგილი მოსკოვის რჩეულმა – მ. იაშეკმა დაიკავა. მაგრამ, მან ვერ გაამართლა გორბაჩოვის იმედები და ისიც ორთოდოქსი კომუნისტი აღმოჩნდა. მის შესაცვლელად საჭირო გახდა უფრო ფართო საზოგადოებრივი სამუშაოს ჩაატარება. შეიქმნა სხვადასხვა საზოგადოებრივი და პოლიტიკური დაჯგუფებები: “ჩეხური გარდაქმნა”, “აშშ-ს მეგობართა საზოგადოება”, “მასარიკის საზოგადოება”, “სამოქალაქო თავისუფლების საზოგადოება” და ა.შ. 1988 წლის აგვისტოში დაიწყო პირველი მასობრივი გამოსვლები, რომლებიც რამოდენიმე თვე გრძელდებოდა. მაგრამ ორივე მხარე, ზედმეტად “კულტურულად” იქცეოდა. საჭირო გახდა დემონსტრანტთა “სტიმულირება”, ეს კი “სისხლით” მოხდა. 1988 წლის 17 ნოემბერს, (ნაცნობი თარიღია!) ინსცენირებული იქნა დემონსტრანტებისა და პოლიციის შეტაკება, რომლის შედეგადაც დაიღუპა სტუდენტი – მარტინ შმიტი. მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოებმა და ტელეარხებმა გაავრცელეს ხელკეტიანი პოლიციელისა და მოკლული სტუდენტის სისიხლიანი გვამის ამსახველი კადრები. ამასთან გვამს, ვითარების დასაძაბავად მთელ პრაღაში დაატარებდნენ. როგორც შემდეგ გაირკვა, მოკლული სტუდენტის როლი შეასრულა უშიშროების თანამშრომელმა – ლუდვიგ ჟივჩაკმა. აღნიშნულ ინსცენირებას მოყჰვა “სამოქალაქო ფორუმის” (რა ნაცნობი

სიტყვაა!) შექმნა. ხელისუფლებამ თავი დამნაშავედ სცნო და დაიწყო ოპოზიციასთან მოლაპარაკება, რაც მისი კრახით დამთავრდა. ასე, “მცირე სისხლით” განხორციელდა “ხავერდოვანი რევოლუცია”. საინტერესოა, რომ 14 ნოემბერს პრაღაში ჩავიდა და 18-ში მოსკოვში დაბრუნდა სუკ-ის მაშინდელი თავმჯდომარის – კრუჩკოვის მოადგილე, გრუშკო! აღსანიშნავია, რომ ახალი ხელისუფლების რამდენიმე მინისტრი და წამყვანი პოლიტიკური პარტიების ლიდერები, შემდგომში, უშიშროოების თანამშრომლები აღმოჩდნენ. მოგვიანებით კი, ჩეხურ გაზეთებში გამოქვეყნდა ჩეხოსლოვაკიისა და სსრკ-ს უშიშროების სამსახურებს შორის დადებული 5 წლიანი ხელშეკრულების ტექსტი.

ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს შორის, გადატრიალება, ყველაზე უფრო სისხლიანი ფორმით განხორციელდა – რუმინეთში, 1989 წლის დეკემბრის ბოლოს, რაც, ჩვენი საკითხის თვალსაზრისით, ყველაზე უფრო საინტერესოა, ვინაიდან მრავალი პარალელი შეიძლება აღმოვაჩინოთ 1991-92 წლებში საქართველოში მომხდარ გადატრიალებასთან. ვიდრე ამ პარალელებზე ვილაპარაკებდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სიტუაცია გამორჩეული იყო მთელს სოციალისტურ სისტემაში მომხდარი გადატრიალებებისაგან, ვინაიდან იყო რამოდენიმე სპეციფიური ფაქტორი, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში კომუნისტური ხელისუფლებისადმი ოპოზიცია არ იყო ისე ერთგვაროვანი, როგორც ევროპის ქვეყნებში და მრავალ საბჭოთა რესპუბლიკაში. სხვადასვა ოპოზიციური ძალების მიზნებიც განსხვავებული იყო.

ერთის მხრივ იყო, შიდაპარტიული ოპოზიცია, რომელიც “პერესტროიკის” ლოზუნგით გამოდიოდა და ებრძოდა თავის მიერვე შექმნილ “ორთოდოქსების” ხატს. აღსანიშნავი და მეტად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქართველი კომუნისტი პერესტროიშჩიკების ჯგუფი არც მკვეთრად გამოკვეთილი იყო და არც მისი ლიდერი იყო პერსონიფიცირებული. იგივე მიზეზის გამო, არც ორთოდოქსების ჯგუფი იყო გამოკვეთილი, მაგრამ თანდათან იკვეთებოდა “მთავარი ორთოდოქსის” ჯ.პატიაშვილის ფიგურა. ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ ”ქართული პერესტროიკა” უფრო თანამდებობრივი თამაში იყო ვიდრე რეალობა და უფრო ერთი პიროვნების წინააღმდეგ იყო მიმართული, ვიდრე სერიოზული რეფორმირების პროცესისადმი. რეალურად თუ შევაფასებთ, არც პატიაშვილი ყოფილა ორთოდიქსი კომუნისტი, მისგან უფრო “საფრთხობელა შექმნეს”, ამისთვის აშკარა ორთოდოქსის – ლიგაჩოვის, იმიჯის მიკერება და მის გუნდში “ჩაწერა” გახდა საკმარისი. თორემ პატიაშვილიც ისეთივე ორთოდოქსი იყო , როგორი დემოკრატიც მისი წინამორბედი. ისიც “სასიქადულოთა“ ამალით დაიარებოდა გამოსაჩენ ადგილებში, ცლილობდა შეექმნა ხალხთან ახლო მდგომი და მათზე მზრუნველი ლიდერის იმიჯი და ა.შ. მოკლედ, ცნობილი ფრაზის პერეფრაზირება რომ მოვახდინოთ, არც ერთი იყო ორთოდოქსი და არც მეორე დემოკრატი, ორივე საქართველოს ლენინური კომკავშირის აღზრდილები იყვნენ. არც ერთი აპირებდა კომუნიზმის აშენებას და არც მეორე. ორივე საკუთარი იმიჯის შექმნასა, ხელისულების შენარჩუნებასა და საკუთარი კლანების გაძლიერებაზე ფიქრობდნენ. თუმცა ერთს, ეს უკეთ გამოუვიდა, ვიდრე მეორეს. მათ პირად ბრძოლაში ერთმა გაიმარჯვა, მეორე კი დამარცხდა. რას იზამ, ასეთი იყო კომუნისტური ჯუნგლის კანონი და ქართული პერესტროიკის ხანმოკლე ისტორიაც. სამწუხაროდ, იმ პერიოდში ორივე ეს ძალა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქართულ “პოლიტიკაში” და მათმა პირადმა ბრძოლამ მილიონობით ადამიანის ბედზე მოახდინა გავლენა, მაშინაც და შემდგომ პერიოდშიც.

მეორეს მხრივ, იყო ოპოზიცია, რომელის მიზანიც იყო არა პერესტროიკა როგორც ასეთი, არამედ, ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ოთხმოციანი

წლების დასაწყისამდე თუ ასეთების რაოდენობა ერთეულები იყო, ბოლოსთვის მათი რაოდენობა უკვე ათასებს ითვლიდა (ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა გარედან) და რა თქმა უნდა, საშიშროებას უქმნიდა, როგორც პერესტროიკის იდეას, ასევე მთლიანად სახელმწიფოს. მათი რიგებიც, რა თქმა უნდა, არ იყო ერთგვაროვანი და არც იმდროინდელ ხელისუფლებას და განსაკუთრებით სპეცსამსახურებს დაუკლიათ ხელი მათი დაქსაქსვისათვის, რაც პირველ რიგში ათეულობით პოლიტიკური დაჯგუფების ხელოვნურ ჩამოყალიბებასა, ხელოვნური ლიდერების “შექმნასა” და მათში თავისი აგენტურის შეგზავნაში გამოიხატა. საბოლოო ჯამში, მთელი ეს ოპოზიცია ორად შეიძლება გავყოთ, რაც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა გადატრიალების წინა პერიოდში. ერთის მხრივ, “ლიბერალური ”ოპოზიცია”, რომელიც პრინციპში დაკმაყოფილდებოდა პერესტროიკით, თუ კი “გარდამქმნელები” გაუნაწილებდნენ ხელისუფლებას, მაგრამ, ამავე დროს, არც დამოუკიდებლობაზე იტყოდა უარს, თუ კი ასეთი რამ მოხდებოდა და ხელისუფლებაში თავის წილს მიიღებდენენ. და მეორეს მხრივ, “რადიკალური ოპოზიცია”, რომელიც, დამოუკიდებლობის მოთხოვნას წინა პლანზე აყენებდა და რომლის მიზანიც არ იყო “პერესტროიკა”, თუმცა ცდილობდა ის თავის მიზნებისთვის გამოეყენებინა, ვინაიდან მას სსრკ-ს შესუსტებისა და შემდგომი დაშლის საფუძვლად თვლიდა.

შემდგომში, გადატრიალების წინა პერიოდში (1991წ-ს ბოლოს), პოლიტიკურ ძალთა პოლარიზაციის პირობებში, ამ ორი მიმდინარეობის არსი კარგად გამოიკვეთა მათ ძირითად ლოზუნგებში. ერთის მხრივ, აშკარად “პერესტროიკული” სულისკვეთების ლოზუნგი: “ჯერ დემოკრატია, მერე დამოუკიდებლობა” (ნიშანდობლივია, რომ ამ ლოზუნგით ისინი გამოდიოდნენ მაშინ, როდესაც ქვყანას უკვე გამოცხადებული ჰქონდა დამოუკიდებლობა და მისი რეალური მოპოვების ამოცანა იდგა), მეორეს მხრივ კი, მნიშვნელოვანწილად აღნიშნული ლოზუნგით პროვოცირებული, საპასუხო ლოზუნგი: “ჯერ დამოუკიდებლობა, მერე დემოკრატია”.

მხედველობაშია მისაღები კიდევ ორი მომენტი. არც ერთ ზემოთ აღწერილ ქვეყანაში (და არც სხვებში), არ იყო შექმნილი ისეთი პარადოქსული სიტუაცია, როგორც საქართველოში. ერთის მხრივ, ეროვნული ლიდერი – ზვიად გამსახურდია, რომელიც განუსაზღვრელი ავტორიტეტით სარგებლობდა და მეორეს მხრივ პერესტროიკის ერთ – ერთი ლიდერი – ე.შევარდნაძე, რომელიც ასევე განუსაზღვრელი ავტორიტეტით სარგებლობდა თავის მომხრეებში და რომლის გავლენაც ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ამასთან, მნიშვნელოვანია მეორე მომენტიც, ის, რომ დასაწყისში ისინი სხვა და სხვა სიბერტყეებში მოქმედებდნენ: პირველი, ნაციონალურ სიბრტყეში -საქართველოს მასშტაბით, დამოუკიდებლობის იდეით, მეორე, საკავშირო სიბრტყეში – სსრკ-ს მასშტაბით, სსრკ-ს მოდიფიცირების იდეით (საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების ე.შევარდნაძისათვის მიწერა ისეთივე მითია, როგორც სსრკ-ს დაშლა). ამდენად, ამ ეტაპზე, მათი პოლიტიკური ინტერესები (რომ არაფერი ვთქვათ პიროვნულზე) ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მათი გზები უშუალოდ არ იკვეთებოდა. შემდგომ ეტაპზე კი, როდესაც გამოიკვეთა სსრკ-ს დაშლის პერსპექტივა (მოსკოვის პუტჩის შემდეგ) მათი ინტერესები, თანდათანობით, ერთ სიბრტყეში, უშუალოდ შეეჯახა ერთმანეთს. სწორედ აქაა საქართველოს ტრაგიკული პერიოდის დასაწყისიც.

საქართველოში განხორციელებული გადატრიალებების ტექნოლოგიის პირველი ეტაპი მთლიანად ემთხვევა ჩეხოსლოვაკიში განხორციელებული გადატრიალების მოდელს და სულაც არ უნდა იყოს შემთხვევითი ის ფაქტი, რომ 1988 წლის ნოემბერში პრაღის საპროტესტო აქციების პარალელურად, თბილისშიც მიმდინარეობდა საპროტესტო

აქციები, რომლებიც აშკარად ანალოგიურ მიზანს ისახავდა, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო მისი განხორციელება გადაიდო. ეს მიზეზი კი იმაში მდგომარეობდა, რომ მათ ხასიათში, იყო მნიშვნელოვანი განსხვავება. კერძოდ ვერ მოხერხდა თბილისის აქციისთვის წმინდა პერესტროიკული ხასიათის მიცემა და მისი მიზნის მიღწევას ხელი შეუშალა დამოუკიდებლობის მოთხოვნებმა. “თბილისური ხავერდოვანი რევილუცია” (“მცირე სისხლით”) ჩაიშალა. აღსანიშნავია რომ საკავშირო ხელისუფლების ნამდვილი მიზნები კარგად იქნა შენიღბული და აქციის მონაწილეთა დაშლა საქართველოს ხელისუფლებასთან მიღწეულ კონსენსუსს მიეწერა. რის შთაბეჭდილებასაც აძლიერებდა “სასიქადულოების” პროცესში ჩართვა. ამით ორი კურდღელი იქნა დაჭერილი: მიზნებიც შეინიღბა და “ლიბერალების” რეკლამირებაც მოხდა. პროცესი გადაიდო, და მათ თავიანთი მთავარი როლი ჯერ კიდევ შესასრულებელი დარჩათ.

საქართველოში, სახელისუფლებო ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა. ერთის მხრივ, “ორთოდოქსი” პარტლიდერი ჯ.პატიაშვილი და მეორეს მხრივ, “პერესტროიკა” და მისი ლიდერები, რომელთაგან ერთი, პირად წინააღმდეგობაშიცაა მასთან და სკკპ-ს შიგნითაც განსხვავებულ დაჯგუფებებს წარმოადგენენ. სავარაუდოა რომ, საქართველოშიც საკითხი დიდი გართულებების გარეშე დამთავრდებოდა, რომ არა ის წინააღმდეგობები რომლებიც თანდათან გამოიკვეთა სკკპ-ს პოლიტბიუროში და ევროპის სოციალისტური ქვეყნების “ანტიპერესტროიკული” ლიდერების მხრიდან. და, რაც მთავარია, რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ასევე ახორციელებდა ზეწოლას პარტიულ ნომენკლატურაზე, მაგრამ სრულიად განსხვავებული- არაპერესტროიკული მიზნებით. აქ “პარტიული გადატრიალების” მოდელი ვერ გათამაშდებოდა, ვინაიდან გამარჯვების შემდეგ, “დემოკრატიული ნომენკლატურა” აღმოჩნდებოდა რადიკალთა დარტყმის ქვეშ. ამიტომ უფრო რთული და მრავალსაფეხურიანი მოდელის გამოყენება გახდა საჭირო. ამ მოდელის მიხედვით, “გარდამქმნელები” და “ლიბერალები”, რადიკალებთან ერთად უნდა გამოსულიყვნენ (ამიტომაც იყო, რომ ყველა გულში მჯიღს იცემდა და საქართველოს დამოუკიდებლობაზე იფიცებდა) და შეებრუნებინათ პროცესი, ასე ვთქვათ მიეშვათ ისინი და როგორც “ორთოდოქსი” კომუნისტების, ასევე რადიკალების დისკრედიტაცია მოეხდინათ მათი შეჯახებისა და სისხლისღვრის პროვოცირების გზით. ეს მოდელი განხორციელდა კიდეც. 9 აპრილის მოვლენები იყო კლასიკური, “მცირე სისხლით” (ბოდიშს ვიხდი ამ ტერმინისთვის!) გადატრიალების მოდელი, როგორც ჩეხოსლოვაკიაში, მაგრამ უფრო სერიოზული შედეგებით. ამიტომ მას ხავერდოვანს ვერანაირად ვერ ვუწოდებთ. პოლიტიკური შედეგები კი იგივეა: “ორთოდოქსები” დაემხნენ და ხელისუფლებაში “პერესტროიშჩიკები” მოვიდნენ. პარტიისა და ხელისულების სათავეში უშიშროების შეფი მოვიდა. ამ თვალსაზრისით, ძალიან საეჭვოდ გამოიყურება, ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე, გუმბარიძის, პარტიული სამუშაოდან უშიშროების შეფად გადაყვანა და შემდეგ უკან დაბრუნება, შემდგომში კი მისი სრული “გაქრობა”, ქართული პოლიტიკური სცენიდან. უნდა ითქვას, რომ იმ ქვეყნებში, სადაც გადატრიალება უსისხლოდ ხდებოდა, ხელისუფლეების სათავეში პარტიული ბოსები მოდიოდნენ. იქ კი სადაც სისხლი იღვრებოდა და/ან მოვლენებში მასების ჩართულობის დონე მაღალი იყო – უშიშროების ან პოლიციის შეფები, რომელთაც, თავისთავად, ცხადია პარტიული წრთობა ჰქონდათ გავლილი და იერარქიაშიც მაღალი ადგილი ეკავათ, ვინაიდან ხალხის დაშოშმინებისა და წესრიგის აღდგენის ამოცანა დგებოდა, ამას კი უშიშროების ყოფილ შეფზე უკეთ ვინ გააკეთებდა? მართალია ჩეხოსლოვაკიაში სათავეში უშიშროების შეფი არ მოსულა, მაგრამ სამაგიეროდ მთავრობის რამდენიმე მინისტრი და წამყვანი პოლიტიკური პარტიების ლიდერები იყვნენ უშიშროების თანამშრომლები.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ჯოხი როდიონოვზე გადატყდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ჩვეულებრივი სალდოფონი იყო, რომელიც ძლიან გვიან მიხვდა რა მოხდა. ბევრად

უფრო საინტერესოა, ჩვენი, ქართველი “ამხანაგების” როლის გარკვევა. რა სქემა დაარღვია გორგოძემ? რისთვისაც როდიონოვის პანღურიც დაიმსახურა. ან, რატომ დატოვეს უშიშროების თანამშრომლებმა არენა დარბევის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე? კითხვები ბევრია – პასუხები ცოტა.

ამ მოვლენების “გამოძიება”, მისი შედეგების პროპაგანდისტული დამუშავება და საკავშირო და საერთაშორისო არენაზე მათი გატანაც იმდენად ეფექტურად მოხდა, რომ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება ამას ვერ მოახერხებდა. სავარაუდოა, რომ მათ ვიღაც ეხმარებიდა “ცენტრიდან” და ამით რამდენიმე კურდღლის დაჭერა იყო გამიზნული: “სისხლიანი და ორთოდოქსი” ხელისუფლების საბოლოო დისკრედიტაცია, სამხედროების გაშავება და ორთოდოქსებთან მოსალოდნელი ალიანსის პროფილაქტიკა (რაც ძალიან საჭირო აღმოჩნდა შემდგომში, მოსკოვის პუტჩის დადგმისას) და მსოფლიოს თვალში, რადიკალური ოპოზიციის დისკრედიტაცია, რომელიც, ისედაც ალმაცერად უყურებდა ყველაფერს რადიკალურს და ეროვნულს. საკავშირო და საერთაშორისო მასშტაბით, ყოველივე ამის განხორციელება მოხერხდა კიდეც და ამაში “სასიქადულო ლიბერალების” დიდი დამსახურებაც არის, მაგრამ მათდა სამარცხვინოდ, სრულიად განსხვავებულ შედეგთან გვქონდა საქმე ქვეყნის შიგნით (“სისიქადულოებს” კიდევ მიეცემათ შურისძიებისა და თავის გამოჩენის შანსი). სისხლმა, არა მარტო ორთოდოქსების წინააღმდეგ ითამაშა, არამედ რადიკალების სასარგებლოდაც. რადიკალები სულ მალე წალეკავდნენ “გარდამქმნელებს”. საჭირო გახდა, ამ უკანასკნელთა პოზიციების გამაგრება.

ამ მიზნით, ინიშნება 1990 წლის 25 მარტის არჩევნები. რადიკალების ძალისხმევამ შეიძლება ხელისუფლების სანუკვარი ლუკმა მოუტანოს მათზე მიტმასნილ ლიბერალებს, თვით ისინი კი თამაშ გარე მდგომარეობაში აღმოჩდნენ. ლიბერალური ოპოზიცია მზადაა “ლიბერალი” კომუნისტებისაგან გამოწვდილი ხელისუფლების მცირე ლუკმის გადასაყლაპად. მაგრამ, ერთ გარემოებას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება. 50- იანი წლებიდან საქართველოში აღარც ყოფილან ორთოდოქსი კომუნისტები (თითო ოროლა ფანატიკოსს თუ არ ჩავთვლით). კომუნისტური ხელისუფლება, “სასიქადულოები” და ბობოლა კრიმინალები ისე იყვნენ გადაჯაჭვულნი ფულის კეთებაში, რომ კომუნიზმის აშენება ნამდვილად არავის ახსოვდა. მხოლოდ მოსკოვის თვალის ასახვევად ტარდებოდა პარტიული და სამეურნეო ღონისძიებები, იქმნებოდა სოცრეალიზმის ამსახველი ხელოვნების ნაწარმოებები, გამოდიოდა “ზეგეგმითი” პროდუქცია და ა.შ. მოკლედ ვითარდებოდა სოციალიზმი და კომუნიზმის კონტურებიც იკვეთებოდა. ასეთ ვითარებაში, საქართველოში, ყველაფერი ხომ ისედაც განაწილებული იყო და პირველ რიგში თანამდებობები, ე.ი. ხელისუფლება? განაწილებული იყო ზემოთ აღნიშნულ სამ ჯგუფს შორის. ნუთუ რიგით ლიბერალს (“არასასიქადულოს”) ჰქონდა იმის ილუზია, რომ “პატიოსანი არჩევნების” გზით მას ვინმე ხელისულებას გადაუნაწილებდა? სამწუხაროდ ჰქონდა და ეს ილუზია სწორედ მაშინდელმა ხელისუფლებამ და “სასიქადულოებმა” შექმნეს. საკმარისია გავიხსენოთ, რომ წინასაარჩევნო ბატალიებში უამრავი ადამიანი იყო ჩართული. 450 ადგილიანი უზენაესი საბჭოს ასარჩევად უამრავი წვრილ-წვრილი საარჩევნო უბნები იყო შექმნილი, რომელთაგან თითოეულში ათობით კანდიდატი იყო დასახელებული, თუ მათ ოჯახის წევრებსა და გულშემატკრივრებსაც გავითვალისწინებთ აღმოჩნდება, რომ ათიათასობით ადამიანი ილუზიების ტყვეობაში იყო. ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული “სასიქადულოების” ფარული ლოგიკა კი ძალიან მარტივი იყო: სისხლი დავღვარეთ, ორთოდოქსები დავამარცხეთ, მსოფლიო და საკავშირო ხელისუფლება კმაყოფილია, ჩავატაროთ “ნორმალური” არჩევნები, გავიყოთ სკამები და ვიცხოვროთ ასე “ცივილურად”. მოვა დრო სსრკ-ც გარდაიქმნება, შევქმნით ახალ კავშირს (ისეთს კი არა “ბოროტების იმპერია” რომ იყო, უკეთესს “სიკეთის იმპერიას”), ეს “წვერებიანი და

სუნიანი” რადიკალები გარეთ დარჩებიან, ნელ ნელა მაგათაც მოვუვლით, დავამარცხებთ ჩვენი “ინტელექტით” და “ინტელიგენტობით”. ზოგს შევარცხვენთ, ზოგს მოვატყუებთ, ზოგს შევაშინებთ, ზოგსაც ვიყიდით და ა.შ.

მაგრამ, ეს იდილიური ოცნება დაიმსხვრა. “იმედის არჩევნები” ჩაიშალა. დიდი ილუზიების პატარა პერიოდი დამთავრდა. დამთავრდა ბევრისთვის საკმაოდ მტკივნეულად, ვინაიდან კანდიდატების აბსოლუტური უმრავლესობა თვლიდა, რომ სწორედ მათ და არა სხვას, დეპუტატობამდე ერთი ნაბიჯიღა აკლდათ. ამან არჩევნების ჩამშლელი რადიკალების და პირველ რიგში ზ.გამსახურდიას მიმართ გაღიზიანება გამოიწვია, რამაც სამწუხაროდ შემდგომში იჩინა თავი. ასეთი იმედგაცრუებული ადამიანების (რომელთაგან ზოგიერთი ეხლაც ებღაუჭება ამ ილუზიას) გასაგონად მინდა ვთქვა: ბატონებო! გულს ტყუილად ნუ გაიტეხთ, თქვენი ხელისუფლებაში მოყვანა არავის არ ჰქონია მიზნად (ისევე, როგორც ეხლა), ხელისუფლებაში ისევ ის ნომენკლატურა და “სასიქადულოები” მოვიდოდნენ, ვინც ადრეც იყო და ეხლაც ხელისუფლებაშია. თქვენ გმირულად დამარცხდებოდით საარჩევნო ბრძოლაში, ვინაიდან ლამაზი თვალებისა და თუნდაც ინტელიგენტობისთვის ხელისუფლებას არავის უნაწილებენ. ამ თამაშში თქვენ მხოლოდ დეკორაციის როლი გქონდათ განკუთვნილი და თქვენდა საბედნიეროდ ეს სპეკტაკლი და დიდი პერესტროიკული ტყუილი არ შედგა.

“იმედგაცრუებულთა” შორის ხშირად ისმის კითხვა: რა მოხდებოდა ეს არჩევნები რომ შემდგარიყო? მოხდებოდა ის რაც ეხლა მოხდა – ნომენკლატურა პოზიციებს გაიმაგრებდა და მშვიდად დაინაწილებდა ქვეყანას. მაგრამ, ეს არაა მთავარი კითხვა. მთავარი ისაა რა მოხდებოდა, მოგვიანებით, ეროვნულ ხელისუფლებას, გვერდში რომ დადგომოდით და ფარულად თუ აშკარად, შეგნებულად თუ შეუგნებლად არ დაგეჭირათ მხარი გადატრიალებისათვის. მაშინ ნამდვილად საჭირო იყავით. რა მოხდებოდა მაშინ? თუ თქვენ თვლით, რომ “დასახვრეტთა სიაში” პირველ რიგებში ეწერეთ, მაშინ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაგიჭირდებათ.

“მრგვალი მაგიდის” ხელისუფლებაში მოსვლა ვერანაირად ვერ ჩაითვლება ხელისუფლების დამხობად, ვინაიდან მოხდა ხელისუფლების რიგგარეშე, მაგრამ კანონიერი ცვლა, კანონიერი არჩევნების გზით. ამის ეჭვქვეშ დაყენება პირველ რიგში საქართველოს დამოუკიდებლობის ეჭვს ქვეშ დაყენება იქნებოდა. მართალია იყო ხელისუფლებაზე ზეწოლა, მაგრამ მისი შედეგი იყო არა ხელისუფლების იძულებით ან ძალადობით გადაყენება, არამედ ხელისუფლების უმაღლესსი ორგანოს მიერ ახალი საარჩევნო კანონის მიღება. თვითონ არჩევნები ჩატარდა სრულიად ობიექტურად, რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელია საქართველოში და თუ შევადარებთ მანამდე ან მის შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებს, რაც კი საერთოდ ჩატარებულა საქართველოში – შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი პრეცენდენტი არც ყოფილა. მიუხედავად ამისა, გინდაც არჩევნები დარღვევებით ჩატარებულიყო (როგორც ამას, ერთეულები, თვლიან) მისი შედეგების განსაზღვრისას, ადგილი არ ჰქონია არც შეთქმულებას, არც იძულებას და არც ძალადობას. ამდენად, ეს პერიოდი, ჩვენი ძირითადი თემის – გადატრიალებების ტექნოლოგიის- თვალსაზრისით, საინტერესი არ არის. უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია გამსახურდიას ხელისუფლების ბოლო პერიოდი. ის თუ, როგორ მზადდებოდა და როგორ განხორციელდა გადატრიალება და ამის შემდგომი პერიოდი, ასე ვთქვათ “დემოკრატიული რევოლუციის ტრიუმფალური სვლა”.

ეხლა დავუბრუნდეთ ქართულ – რუმინულ პარალელებს და “ჩაუშესკუებს”. ანუ გადატრიალების ტექნოლოგიის მეორე ეტაპს, მეორე გადატრიალებას საქართველოში – ზვიად გამსახურდიასა და მისი ხელისუფლების დამხობას.

რუმინეთში, მოვლენები ძალზე დრამატულად წარიმართა. მოსკოვის თავდაპირველი გეგმა, ჩაუშესკუს მიმართ, ისეთივე იყო, როგორც ბულგარეთში.- მისი გადაყენება შიდაპარტიული შეთქმულების გზით. “მოსკოვის“ მოთხივნითა და მხარდაჭერით, 1989 წ-ს ზაფხულში გავრცელდა რკპ-ს ექვსი ცნობილი წევრის წერილი, რომელშიც ისინი მკაცრად აკრიტიკებდნენ ჩაუშესკუს. რასაც მოჰყვა პარტიის წევრების ნაწილის ხელმოწერები, რკპ-ს მომავალი მე-14 ყრილობის მიმართ, აღარ აერჩიათ ის პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე. ჩაუშესკუს მხრიდან, ამ მიმართვას მოჰყვა მძაფრი რეაქცია, რაც გამოიხატა შეთქმულთა დაპატიმრებასა და საბჭოთა და უცხოელი ტურისტებისათვის რუმინეთის საზღვრების ჩაკეტვაში.

ჩაუშესკუ, სოციალისტური სისტემის მთავარ “ორთოდოქსად” იქცა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა არსებული სისტემის გარდაქმნას. აღსანიშნავია, რომ მანამდე, ის დასავლეთისთვის ერთ-ერთ ყველაზე მისაღებ და პროგრესულ კომუნისტ ლიდერად ითვლებოდა, ვინაიდან მოსკოვისაგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობდა. დრო და დამოკიდებულებები შეიცვალა, “პროგრესულ ლიდერად” გორბაჩოვი იქცა და ჩაუშესკუმაც დაკარგა თავისი მნიშვნელობა და ბოლოს ის, კომუნისტური სისტემის ყველაზე “თავგამოდებული დამცველი” გახდა, რის გამოც ცდილობდა “ანტიგორბაჩოვული” ფრონტის შექმნას. 1989 წლის დეკემბერში ის “ძმური პარტიების” ხელმძღვანელთა თათბირის მოწვევას და გორბაჩოვის მოწინააღმდეგეთა გაერთიანებას გეგმავდა. ამ თათბირის მოსაწვევებიც კი დაგზავნილი იყო, მაგრამ გასაგები მიზეზის გამო თათბირი არ შედგა. მალტის შეხვედრის შემდეგ, გორბაჩოვმა კიდევ ერთხელ სცადა ჩაუშესკუს შიდაპარტიული გადატრიალების გზით გადაყენება, მაგრამ არ გამოუვიდა. ამიტომ მან უფრო სერიოზული გზების ძებნა დაიწყო. როგორც პრაღაში და თბილისში (9 აპრილს), მოვლენათა დაჩქარებისათვის და ხელისუფლების დისკრედიტაციისათვის საჭირო იყო სისხლი და ისიც დაიღვარა. 1989 წ-ს 16-17 დეკემბერს ქ. ტიმოშიარაში დაიწყო ანტისამთავრობო მღელვარებები. ის დაკავშირებული იყო, ადგილობრივი უნგრელი უმცირესობის ლიდერის – ლასლო ტეკეშის ქვეყნიდან გასახლების მცდელობასთან. დემონსტრანტების დაშლისას არმიამ და უშიშროებამ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და იარაღი. იყო დიდი მსხვერპლი. ამის პასუხად, მსოფლიო და თვით რუმინეთის საინფორმაციო საშუალებებმა, ჩაუშესკუს წინააღმდეგ, ნამდვილი საინფორმაციო ომი დაიწყეს. სახელდებოდა მსხვერპლის ფანტასტიკური რაოდენობა, იკვლევდნენ ცეცხლის გახსნის ბრძანების გამცემის ვინაობას და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩაუშესკუს დაბრალდა. მოგვიანებით, ხანმოკლე სასამართლოზე, ჩაუშესკუ ირწმუნებოდა, რომ არ გაუცია დემონსტრანტების დახვრეტის ბრძანება. მანამდე კი, უშუალოდ გადატრიალების პროცესში, საეჭვო ვითარებაში, გარდაიცვალა თავდაცვის მინისტრი -გენერალი მილია, რომელიც თითქოსდა ჩაუშესკუმ მოაკვლევინა, ტიმოშოარაში ხალხის წინააღმდეგ არმიის გამოყენებაზე უარის თქმის გამო. გადატრიალებიდან გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ გამოჩნდა ვიდეო მასალა, რომელიც აშკარად ადასტურებდა, დახვრეტებში, გენერალ მილიასა და არმიის უშუალო მონაწილეობას. გენერალ მილიას სიკვდილი არასასურველი მოწმის და შემსრულებლის მოცილება იყო, (ანალოგიური მეთოდები საქართველოშიც “წარმატებით” იქნა გამოყენებული), ისევე როგორც ჩაუშესკუს და მისი მეუღლის სასწრაფო გასამართლება და დახვრეტა. თუ კი ის მართლა დამნაშავე იყო, განა უფრო ეფექტური არ იქნებოდა მისი საჯარო გასამართლება? ან რატომ დაიხვრიტა მისი მეუღლე? მაგრამ, ამ პროცესზე, მრავალი არასასურველი ფაქტი შეიძლება ამოტივტივებულიყო, რის გამოც ისინი სასწრაფოდ მოიშორეს.

მოკლედ რომ ვთქვათ, როგორც 9 აპრილს, პატიაშვილს არ გაუცია როდიონოვისთვის ბრძანება, ასევე ჩაუშესკუს არ გაუცია – მილიასთვის, ცეცხლის გახსნის ბრძანება. მაშ ვინ გასცა? თბილისის შემთხვევაში ეს “მითიურ ცენტრს” დაბრალდა. როგორც ჩანს, იგივე

“ცენტრი” მოქმედებდა ტიმოშოარაშიც. ყოველ შემთხვევაში, შემდგომში დოკუმენტურად (ვიდეოფირების ანალიზით) დადასტურდა მოვლენებში აგენტურის ფართო მონაწილეობა.

20 დეკემბერს, ჩაუშესკუმ, რადიოთი და ტელევიზიით, მიმართა ხალხს, სადაც ცდილობდა დაერწმუნებინა ისინი, რომ ტიმოშოარას მოვლენები სსრკ-ს აგენტურის ინსპირირებული იყო. მაგრამ მოვლენები უკვე აგორებული იყო და მისი ცოტას თუ სჯეროდა. იმავე დღეს, მან დაიბარა ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების ელჩები და პირდაპირ დაადანაშაულა მათი აგენტურა და სპეცსამსახურები (რომლებიც ასევე ”ცენტრს” ემორჩილებოდნენ) შეტაკებების პროვოცირებასა და სისხლისღვრის ინსპირირებაში.

21 დეკემბერს, ბუქარესტში, მოეწყო ჩაუშესკუს მომხრეების გრანდიოზული მიტინგი, რომელზეც ჩაუშესკუს გამოსვლა ჩაიშალა პიტარდების უეცარი აფეთქებით და პანიკის ხელოვნური გამოწვევით. პარალლელურად მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლები გაძლიერდა 22 დეკემბერს, როდესაც აღელვებული მასა, “ძირს ჩაუშესკუს” სკანდირებით მიადგა პარტიის ცკ-ს შენობას. ამავე დროს გამოცხადდა, რომ არმია და უშიშროება მიემხრნენ “დემოკრატებს”. ერთ-ერთმა გენერალმა (რომელმაც შემდგომში მაღალი პოსტი მიიღო), გააღო შენობის კარები და დემონსტრანტებმაც, არმიისა და უშიშროების დახმარებით, დაიწყეს შტურმი. ჩაუშესკუ იძულებული გახდა ვერტმფრენით გაქცეულიყო. შემდგომში ვერტმფრენი, გაურკვეველი მიზეზების გამო დაეშვა და ჩაუშესკუ და მისი მეუღლე დაკავებულნი იქნენ. სამი დღის შემდეგ, შედგა “ტრიბუნალი”და ორ საათში ორივენი დახვრეტილ იქნენ (არის ცნობები, რომ ყოველივე ეს დაკავების დღესვე განხორციელდა. მოგვიანებით მხოლოდ ვიდეოკადრები აჩვენეს). ხელისუფლების სათავეში მოვიდა ახლად შექმნილი “ეროვნული ხსნის ფრონტი”. მასში შევიდნენ “პროგრესული” პარტმუშაკები, სამხედროები და უშიშროების თანამშრომლები. როგორც შემდგომში ერთ-ერთი გენერლის ინტერვიუდან გახდა ცნობილი, “ეროვნული ხსნის ფრონტი” გადატრიალებამდე 6 თვით ადრე უკვე არსებობდა და კოორდინირებას უწევდა საპროტესტო აქციებს. შეთქმულთა ლიდერი იყო იონ ილიესკუ, რომელიც ახალგაზრდობიდანვე ჩაუშესკუს “გამოზრდილი” იყო. ის სწავლობდა მოსკოვში (იმავე პერიოდში როდესაც გორბაჩოვი. თუმცა, იმ დროს, მათი ნაცნობობის ფაქტი დადასტურებული არ არის). შემდეგში, გაიკეთა პარტიული კარიერა. 60-იან წლებში გახდა პარტიის ცკ-ს იდეოლოგიური მდივანი და მისი დამსახურებაა ჯერ ჩაუშესკუს კულტის, 70-იან წლებში მდივნობიდან მისი განთავისუფლების და განაწყენებულ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ კი, დიქტატორის იმიჯის შექმნა. “დემოკრატიული რევოლუციის” სხვა ლიდერებზე შეჩერება არც ღირს, საკმარისია აღინიშნოს, რომ ისინი ნომენკლატურის წარმომადგენლები იყვნენ და ასე თუ ისე “მოსკოვთან” და სსრკ-ს სპეცსამსახურებთან იყვნენ კავშირში.

მათ მიერ განხორციელებული “რევოლუცია” არ იყო სტიქიური ხასიათის (თუმცა, კარგად იყო გამოყენებული მოსახლეობის ანტიკომუნისტური განწყობილებები), როგორც ამის წარმოჩენას ცდილობდნენ “ფრონტის” ლიდერები. ვიდეო ჩანაწერების შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ მასების მოქმედებას კარგად ხელმძღვანელობდნენ სპეცაგენტები. ეს იყო შეთქმულების შედეგი, რომელიც წლების განმავლობაში მზადდებოდა. შეგახსენებთ, რომ ჩაუშესკუ ჯერ დასავლეთისთვის ყველეზე მისაღები (და ამდენად “მოსკოვისათვის” ყველაზე მიუღებელი) ლიდერი იყო, შემდეგ კი, “დიქტატორი” და “ორთოდოქსი” კომუნისტი. ამდენად “მოსკოვს” ყოველთვის სურდა მისი მოშორება.

საინტერესოა, რომ “რევოლუციის გმირები” ერთმანეთის მიყოლებით, საეჭვო ვითარებაში იღუპებიან ( როგორც საქართველოში) და მოწმეებიც თანდათანობით ქრებიან. მათ შორის ჩაუშესკუს “გამსამართლებელი” სამხედრო ტრიბუნალის

თავმჯდომარე, გენერალი – გ.პოპა.

“დემოკრატიული რევოლუციის” გამარჯვების ზეიმი ჩააშხამა გაუთვალისწინებელმა გარემოებამ. ბუქარესტის გარეთ დისლოცირებული და ჩაუშესკუს ერთგული “სეკურიტატეს” ოთხი ბატალიონი შევიდა დედაქალქში და ბრძოლებით დაიკავა ადმინისტრაციული შენობები, მათ შორის – ტელევიზიაც. ქალაქში ცხარე ბრძოლები გაჩაღდა. ერთი პერიოდი “ცენტრმა” გადაწყვეტილებაც კი მიიღო ბუქარესტში გადაესროლა მოლდავეთში დისლოცირებული მე-14 არმია გენერალ ლებედის მეთაურობით, მაგრამ ეს საჭირო აღარ გახდა. ჩაუშესკუს ერთგული ძალები ძალიან მცირერიცხოვანი იყო და თავგამოდებული წინააღმდეგობის მიუხედავად, დამარცხდნენ.

ამის შემდეგ “ფრონტი” ახორციელებს მძლავრ პროპაგანდისტულ ზეწოლას მოსახლეობაზე, რათა დაამტკიცოს “რევოლუციის გარდუვალობა”, “დიქტატორის განსაკუთრებული ბოროტება და მზაკვრობა” და მთელი სისხლი მას გადააბრალოს. 1990 წლის თებერვლის ბოლომდე აღმოჩენილნი და განადგურებულნი იქნენ ათასობით “დაქირავებული”, “ტერორისტი” და “დივერსანტი”. რეზიდენციის სარდაფში კი “ნაპოვნი” იქნა, ჩაუშესკუს მიერ ასობით “ნაწამები” ადამიანის გვამი. როგორც შემდგომში დოკუმენტურად დადასტურდა, “რევოლუციონერები” ამ მიზნით, პროზექტურებში სპეციალურად ასახიჩრებდნენ გვამებს, და ტელევიზიით აჩვენებდნენ ხალხს. ფანტასტიურად იზრდებოდა “რევოლუციის” პერიოდში დაღუპულ “მსხვერპლთა” რიცხვი (დასახელდა 63 ათასიც კი! სინამდვილეში კი დაღუპულთა რაოდენობამ, ორივე მხრიდან და ბუქარესტში წარმოებული ბრძოლების შემდეგ, შეადგინა 689 კაცი). ყოველივე ეს მოსახლეობის გატუტუცებული ნაწილის “სამართლიან აღშფოთებასა და გულისწყრომას” იწვევდა და შესაბამისად იზრდებოდა “რევოლუციის მტრების” გამოვლენისა და დასმენების რიცხვიც (საინტერესოა, ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს რამე ხომ არ ეცნობა?). ამ “შავი პროპაგანდის” წარმართვაში განსაკუთრებით გამოირჩეოდა ტელევიზია (გადატრიალებამდეც და შემდეგაც). შემთხვევითი არაა, რომ “თავისუფალი რუმინული ტელევიზიის” დირექტორმა – მუნტიანუმ განაცხადა: “ტელევიზიამ მოახდინა რევოლუცია”.

შემდგომში აღმოჩენილი დოკუმენტები და მათ საფუძველზე შექმნილი ანალიტიკური შრომები ნათლად მოწმობენ, რომ ეს იყო გულმოდგინედ დაგეგმილი და სსრკ-ს ხელშეწყობით და მისი სპეცსამსახურების უშუალო მონაწილეობით (ლამის მე-14 არმიის პირდაპირი ინტერვენციით) განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება და არა “დემოკრატიული რევოლუცია”.

შეფასება, რომელიც ზემოთ იყო მოყვანილი საქართველოში 1991-92 წლების დეკემბერ -იანვრის გადატრიალებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია პირდაპირ იყოს გამეორებული რუმინეთის 1989-90 წლების დეკემბერ – იანვრის სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებითაც. რომ არაფერი ვთქვათ ფაქტებზე, მოვლენებზე და ორივე ქვეყანაში გამოყენებულ “რევოლუციურ” მეთოდებზე. თარიღებიც კი – თუნდაც 22 დეკემბერი! – ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. მაგრამ ეს არაა უბრალო დამთხვევები. ეს ერთი გეგმაა, ერთი ხელმძღვანელობაა და ერთი და იგივე შემსრულებლებია (რა თქმა უნდა სამსახურებრივად). ეს მსგავსება იმდენად დიდია და იმდენად ნაცნობი, რომ თავისუფლად შეიძლებოდა ამით დაგვემთავრებინა და საქართველოზე აღარც კი გველაპარაკა, რომ არა ქართული სპეციფიკა და ზოგიერთი მეტად საინტერესო დეტალი.

ჯერ კიდევ ოთხმოციანი წლების დასაწყისში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის ერთ – ერთმა ოფიცერმა სიამაყით განაცხადა, რომ მათ (იგულისხმებოდა, არა მხოლოდ ამიერკავკასიის შტაბის ძალები) არა თუ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, არამედ ნებისმიერ ქალაქშიც კი შეუძლიათ არეულობების გამოწვევა. და ეს განცხადება მეტ –

ნაკლებად შეესაბამებოდა კიდეც სინამდვილეს. პერმანენტული “სახალხო რევოლუციების” სერია ნათლად მოწმობდა ამას. ჩამოთვლაც კი საკმარისია: კუბა, ანგოლა, ეთიოპია, ავღანეთი, ნიკარაგუა და სხვა. სამოციანი წლების ბოლოს “სტუდენტთა მასობრივი მღერლვარებების” შედეგად დასავლეთ ევროპაც ძლივს გადაურჩა გაწითლებას. ზოგან “კონტრრევოლუციონერებმაც” იმარჯვეს, როგორც მაგალითად ჩილეში. რას ეფუძნებოდა ოფიცრის ასეთი განცხადება? პირველ რიგში იმ ფარულ აგენტურულ ქსელსს, რომელიც 20-30იანი წლებიდან იქმნებოდა და მთელი მსოფლიო მოიცვა (თუნდაც, მეორე მსოფლიო ომის დროს ე.წ. “წითელი კაპელის” მოღვაწეობა რად ღირს). ამ ქსელმა არა მარტო უცხოეთის ქვეყნები მოიცვა, არამედ “მოძმე” სოცილისტური ქვეყნებიც და საბჭოთა რესპუბლიკებიც. რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც ადგილობრივი საზოგადოების, სხვადასხვა შრეების გავლენიანი წარმომადგენლებისაგანაც შედგებოდა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო “მოძმე” კომუნისტური პარტიები, რომელთა შენახვაც მილიონობით დოლარი უჯდებოდა ყოფილ სსრკ-ს და რომლებიც უცბათ გაქრნენ მისი კრახის (ე.ი. დაფინანსების შეწყვეტის) შემდეგ. ეს იყო და ზოგან დღესაც არის -მეხუთე კოლონა, რომელსაც ეყრდნობოდა “ცენტრი”. მესამე ფაქტორი იყო ეროვნული უმცირესობები და მათ საფუძველზე წარმოშობილი ეროვნულ – ტერიტორიული ერთეულები. ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რელიგიურ, პროფესიულ. სტუდენტურ და რა თქმა უნდა პოლიტიკურ და სხვა ნიშნებით გაერთიანებულ ჯგუფებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლებოდა გამოყენებულ ყოფილიყვნენ საზოგადოებაში დაპირისპირებებისა და კონფლიქტის გასაღვივებლად. ბუნებრივია ყველა ეს ფაქტორი “მუშაობდა” საქართველოშიც და მრავალჯერ გამოყენებულიც იქნა, მათ შორის ეროვნულ ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენისა და მისი დამხობის მიზნითაც.

ვინმემ ე.წ. “შეთქმულების თეორიის” აპოლოგეტობა რომ არ დამწამოს, ხაზგასმით უნდა ავღნიშნო: რა თქმა უნდა ყველგან და ყოველთვის, და საქართველოშიც, არსებობდნენ უკმაყოფილო ადამიანები, ჯგუფები, პარტიები და შესაძლებელია საზოგადოების ცალკეული შრეებიც, რომლებიც ოპოზიციურად და უფრო მეტიც -აგრესიულად იყვნენ განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ უკმაყოფილებასა და ჰაუბიცის სროლას შორის ძალიან დიდი, რიგითი ადამიანისთვის გადაულახავი ზღვარია. სწორეს ამ ზღვარის გადალახვისა და შემდგომი მოქმედებების წარმართვისათვის არის საჭირო “ცენტრი”, აგენტურა და პროვოკატორები.

პირველ რიგში შევეხოთ ეროვნულ-ავტონომიურ წარმონაქმნებს – ყოფილ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. ამ საკითხებზე უამრავი რამ არის ნათქვამი და დაწერილი. ეჭვს არავიში არ იწვევს ის, რომ ორივე “გახანგრძლივებული მოქმედების ნაღმი”, იყო, რომლებიც “აფეთქდა “ საქართველოს დამოუკიდებლობის საწინააღმდეგოდ. მაგრამ აზრთა სახვადასხვაობაა იმაში თუ ვინ ან რამ “ააფეთქა” ისინი. ამჯერად მეც მხოლოდ ეს მაინტერესებს. ერთ – ერთი ვერსიის მიხედვით, “სამხრეთ ოსეთის” აფეთქება გამოიწვია უშუალოდ ზ. გამსახურდიას მოქმედებამ, ხოლო აფხაზეთისა კი ე.წ. “აპარტეიდულმა საარჩევნო კანონმა” რომლის მიხედვითაც ჩატარდა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნები. კონკრეტულად ამ საკითხებზეც უამრავი აზრია გამოთქმული, ამიტომ ძალიან მოკლედ, მთავარზე.

ნაცადია, რომ 1989 წლის შემოდგომის “ცხინვალის მოვლენები” მთლიანად, პირადად ზ.გამსახურდიას ინსპირირებულად გამოცხადდეს, “ოსეთის აფეთქებაც” და შემდეგ მისი დაკარგვაც მას დაბრალდეს. ფაქტები კი სრულიად სხვას გვაჩვენებენ (მათ შორის ვიდეო ჩანაწერებიც). მხედველობაში მაქვს, იმჟამინდელი ოპოზიციის მიერ ცხინვალში დიდი მიტინგის ჩატარების მცდელობა, რომელსაც თითქოსდა უნდა შეერიგებინა ოსები და ქართველები. ეს მოვლენაც, ისევე როგორც 9 აპრილის მოვლენები, ხელისუფლებას სწორედ რადიკალური ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის სჭირდებოდა. ის რაც ვერ

მოხერხდა 9 აპრილის სისხლისღვრის შედეგად, უნდა მომხდარიყო “ცხინვალის სისხლისღვრის” შედეგად – ასეთი იყო ამ მოვლენის არსი. ამისთვის, ხელისუფლების მიერ გამოყოფილი ავტობუსებით მომიტინგეები გადაყვანილნი იქნენ ცხინვალის შესასვლელთან, სადაც მათ სსრკ-ს შინაგანი ჯარის და ადგილობრივივი ოსი მოსახლეობის არც თუ მრავალრიცხოვანი კორდონი გადაეღობათ, რომლის გარღვევაც სავსებით შესაძლებელი იყო, თუმცა ეს შეტაკებასა და სისხლიღვრას გამოიწვვდა. რასაც შემდგომი მოვლენების (უკვე თვით ცხინვალში) პროვოცირება უნდა მოეხდინა. განა ნათელი არაა, რომ ხელისუფლებას მომიტინგეთა ცხინვალში შეშვება რომ არ სდომებოდა არც ავტობუსებს გამოყოფდა და შესასვლელსაც უკეთ გაამაგრებდა. თვით ცხინვალში კი მომიტინგეების დასაცავად მხედრიონი იყო გამაგრებული (როგორც ამას ჯ.იოსელიანი ამოწმებს “მესამე განზომილებაში”) და შეიარაღებული ოსი ბოევიკებიც მზად იყვნენ. მაგრამ პროვოკაცია არ შედგა. მე სულაც არ მეპარება ეჭვი, რომ ზოგიერთებს მართლა გულით უნდოდათ ოსებთან ერთად მიტინგის ჩატარება და შერიგება, მაგრამ სამწუხაროდ სხვა უფრო გავლენიან ძალებს ამის საწინააღმდეგო ჰქონდათ ჩაფიქრებული. საჭირო იყო სულ მცირე პროვოკაცია, რომ ატეხილიყო დიდი სისხლისღვრა და ეროვნული მოძრაობისა და რადიკალური ოპოზიციის მზეც ჩასვენებულიყო. სწორედ ზ.გამსახურდიას დამსახურებაა ის, რომ მომიტინგეები არ შევიდნენ ცხინვალში და სისხლიც აცილებული იქნა. ბუნებრივია, ცხინვალში მიტინგის ჩაშლამ მომიტინგეთა იმედგაცრუება გამოიწვია და მასაც ეს ფაქტი “ოსებთან შერიგების ჩაშლად” და “სიმხდალედ” ჩაეთვალა, მაგრამ მთავარი იყო შედეგი და არა გუნება-განწყობილება. რაც შეეხება “აფეთქებას”, ელემენტარული ლოგიკაც მას გვკარნაობს, რომ ვინც ნაღმს დებს, აფეთქებითაც ის აფეთქებს.

სამაჩაბლოს დაკარგვასთან დაკავშირებით კი შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ხელისუფლების არსებობის თითქმის მთელი პერიოდის მანძილზე იდგმებოდა მისი შენარჩუნებისათვის აუცილებელი ნაბიჯები. მრავალი ადამიანის, დაჯგუფების და ორგანიზაციის მიერ შესრულებული როლი ჯერ კიდევ საჭიროებს დაზუსტებას. ბევრი რამ ჯერ კიდევ არ არის ნათელი და ნათქვამიც, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – ვიდრე მიმდინარეობს ბრძოლა, ტერიტორია დაკარგულად ვერ ჩაითვლება. ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ კი ქართულ ძალებს ჰქონდათ შესაძლებლობა აღედგინათ ადრე არსებული სიტუაცია და განევითარებინათ კიდეც ის, მაგრამ ბევრისთვის გაუგებარი, ზოგიერთებისთვის კი სრულიად გასაგები მიზეზების გამო, ეს არ მოხდა. ბრძოლა შეწყდა და ტერიტორიაც დაიკარგა. პრობლემის მოგვარებას ვერ უშველა, ვერც “სინდისის პატიმარ” – კულუმბეკოვის, “გამსახურდიას ჯურღმულიდან” განთავისუფლებამ და მისმა “საზეიმო” გაცილებამ და ვერც ოსი ხალხის “გენოციდის” აღიარებამ. ყოველივე ეს კი ზ.გამსახურდიას განდევნისა და ეროვნული ხელისუფლების დამხობიდან კარგა ხნის შემდეგ მოხდა.

დაახლოებით იგივე ითქმის აფხაზეთის შესახებ. “აპარტეიდული კანონი” და რა თქმა უნდა მისი ავტორები, აფხაზეთის დაკარგვის მთავარი დამნაშავეები ყოფილან. ბატონებო, თუ კი კანონის მიღებით შეიძლება ტერიტორიების დაკარგვა, მაშინ დაბრუნებაც უნდა შეიძლებოდეს. ვინ გიშლით? გამოასწორეთ შეცდომა, მიიღეთ უკეთესი კანონი და დაიბრუნეთ აფხაზეთი. რაღას უცდით? მაგრამ, ნათელია, რომ ომს კანონები კი არ იწყებენ, არამედ ადამიანები. ამას კანონის გარდა ჯარების მობილიზება, გადაადგილება (თუნდაც მაგისტრალების დასაცავად) და მთავარსარდლის ბრძანება სჭირდება. რაც შეეხება კანონს, მთელი პასუხისმგებლიბით შემძლია განვაცხადო, რომ ზ.გამსახურდია არც მისი ავტორია (ავტორები ცნობილია და რატომღაც ხმას არ იღებენ) და მის მიღებაზეც დიდი ყოყმანის შემდეგ დათანხმდა, როდესაც დარწმუნდა, რომ “აფხაზეთის ნაღმიც” მალე აფეთქდებოდა. და უნდა ითქვას რომ, სიტუაციაც ნაწილობრივ განიმუხტა. აპარტეიდი განცალკევებას ნიშნავს, ამ კანონის საფუძველზე არჩეული

აფხაზი და ქართველი დეპუტატები კი ერთად ისხდნენ, ერთ დარბაზში, თანაც სოხუმში (და არა თბილისში) და გადაწვეტილების მიღებაშიც ერთმანეთზე იყვნენ დამოკიდებულნი. ზოგიერთებს სწორედ ეს არ მოსწონდათ, თავის ამბიციების და თავმოყვარეობის შელახვად თვლიდნენ ამას და დღევანდელი შედეგიც სახეზეა. თუ ყოველივე ეს აპარტეიდი იყო, მაშინ დღეს რასთან გვაქვს საქმე? როდესაც აფხაზები სოხუმში, აფხაზეთის ქართველები კი თბილისში ცალ ცალკე სხედან? რომ არაფერი ვთქვათ აფხაზ და აფხაზეთის ქართველ მოსახლეობაზე. ბოდიშს მოვიხდი, თქვენი “რკინისებური ლოგიკის” წინაშე, მაგრამ აპარტეიდი სწორედ ესაა!

მეორე, თუმცა პირველთან მჭიდროდ დაკავშირებულ, მიზეზად სახელდება ის, რომ გამსახურდიამ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ “დასვა” არძინბა. მას გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ არ იყო პარტნომენკლატურის წარმომადგენელი და თბილისში, “გაპროფესორებული” მეცნიერი იყო. რატომ ჰგონია მავანს, რომ ოზგანი ან რომელიმე სხვა “ნომენკლატურშჩიკის” გათავმჯდომარეობით, დღეს უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით? გარდა ამისა გამსახურდიას პერიოდში არძინბას არ შეუქმნია რაიმე განსაკუთრებული პრობლემა, შემდგომი პრობლემები კი სწორედ შემდგომი ხელისუფლების პრობლემაა, რომელიც მისი შეცდომებით იყო განპირობებული. შეცდომა კი 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენა, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შეგნებული გახლეჩა, ომის დაწყება და მისი წაგებაა და არა კანონის მიღება ან არძინბასთვის მხარდაჭერა. არ იქნებოდა არძინბა იქნებოდა სხვა!

ყველა გადატრიალების ტექნოლოგიის საწყისი და ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია – ხელისუფლების შიდა განხეთქილებაა. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის გადატრიალებაშიც ამ ფაქტორმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ეხლა, როდესაც უშუალო შემსრულებლებისაგან დისტანცირების დრო დადგა, მრავალი ყოფილი ოპოზიციონერი და მონაწილე “უცოდველად” აცხადებს – ჩვენ რას გვერჩით, გამსახურდია თავისივე მომხრეებმა დაამხესო. ალბათ ვინმეს თავის მოსულელება განუზრახავს, თორემ სხვებისთვის ნათელია, რომ გადატრიალების გზით ხელისუფლების დამხობა, უძველესი დროიდან, ასე ხდებოდა – როცა დრო მოვა, შენი მომხრე, შენი მოწინააღმდეგე და შენი მოწინააღმდეგის მომხრე ხდება. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს განხეთქილება თვით არის შეთქმულებისა და უფრო ფართო გეგმის ნაწილი, რის შესახებაც მხოლოდ “რჩეულებმა” იციან და თამაშობენ უკმაყოფილოთა გრძნობებზე.

ეხლა, რაც შეეხება უშუალოდ განხეთქილებას და მის საბაბებს მიზეზები შეგვიძლია, მხოლოდ, ვივარაუდოთ, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოს ფარგლებს გარეთ მიგვიყვანს.

უზენაესი საბჭოს შიგნით და განსაკუთრებით კი “მრგვალ მაგიდაში” განხეთქილება დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა და შეიძლება ითქვას, რომ ის, მათი შექმნისთანავე იყო “ჩადებული”. განხეთქილებას ბიძგი მისცა მოსკოვში, 19 აგვისტოს დაწყებულმა პუტჩმა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ პუტჩამდე, ცოტა ხნით ადრე, 17 აგვისტოს პრემიერ მინისტრი თ.სიგუა გადადგა, ეროვნული გვარდიის ნაწილი კი რკონის ხეობაში გავიდა და პრეზიდენტს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. ამ უკანასკნელი აქტის “სულის ჩამდგმელი” და მთავარი მომქმედი პირი, როგორც ცნობილია, თ.კიტოვანი იყო. თარიღების ასეთი დამთხვევა არ უნდა იყოს შემთხვევითი.

მოსკოვის პუტჩის კრახის შემდეგ მათ თავისი “პროტესტი” გამსახურდიას მიერ პუტჩისტებისადმი მხარდაჭერისა და გვარდიის, შინაგან ჯარებად გარდაქმნის, მისთვის “სტატუსის შეცვლის” მოტივით ახსნეს. გვარდიასთან დაკავშირებული, არგუმენტის უსაფუძვლობა ბევრჯერაა განმარტებული, მაგრამ ერთხელ კიდევ განვმარტოთ..

საქართველოს რესპუბლიკის კანონი “ საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების – ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ” (თბილისი,1990 წლის 20 დეკემბერი #75-1ს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებანი. 1990წ. #12. გვ.10.) ეროვნული გვარდიის სტატუსს ცალსახად განსაზღვრავს – როგორც შინაგან ჯარს, ხოლო გვარდიის სამართველოს უფროსს კი, როგორც შს-ს მინისტრის მოადგილეს. ამ კანონის შესაბამისად სარდალს ნიშნავს უზენაესი საბჭო, ხოლო გვარდიის გამოყენება ხდება მხოლოდ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის (შემდგომში კი პრეზიდენტის) გადაწყვეტილებით. ამდენად, მოსკოვის პუტჩის პერიოდში გამოცემული ბრძანებულება ვერანაირად ვერ ჩაითვლება გვარდიის სტატუსის შეცვლად. ეს მშვენივრად იცოდნენ სიგუამაც და კიტოვანმაც. მათი “არგუმენტი”, უბრალოდ საბაბი იყო რათა შეცდომაში შეეყვანათ გვარდიელებიც და მოსახლეობაც და გამსახურდიას “მზაკვრობა” ეჩვენებინათ (რაც სამწუხაროდ ნაწილობრივ შეძლეს კიდეც). აქ სრულიად ნათლად უნდა იქნას განმარტებული, რომ მოკავშირე რესპუბლიკებს მინიჭებული ჰქონდათ მხოლოდ “შინაგანი ჯარების” ყოლის უფლება და ისიც შეზღუდული კონტიგენტით. შეგახსენებთ, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წ-ს აპრილში, ამდენად, კანონის მიღების მომენტისათვის ის დაუმორჩილებელ, მაგრამ მაინც მოკავშირე რესპუბლიკად რჩებოდა. იურიდიულად, ასეთად რჩებიდა ის 1991 წ-ს აგვისტოშიც, ვინაიდან მის მიერ დეკლარირებული დამოუკიდებლობა ფაქტობრივად ჯერ არ იყო ცნობილი სხვა სახელმწიფოების მიერ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ იყო დაშლილი საბჭოთა კავშირი და არა იმის გამო, რომ გამსახურდიამ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია საქართველო – როგორც ამას სიგუა ამტკიცებდა. რა თქმა უნდა, ეროვნული გვარდია თავიდანვე მოაზრებული იყო, როგორც მომავალი რეალურად დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ჩანასახი. მისი შექმნა განპირობებული იყო იმით, რომ ქართველ წვევამდელებს საქართველოში გაევლოთ სავალდებულო სამხედრო სამსახური და გვარდია გამოყენებული ყოფილიყო კონფლიქტური სიტუაციების დასარეგულირებლად. მაგრამ იმ დროისათვის ის რჩებოდა “შინაგან ჯარად” და მისი სტატუსის ყოველვარი გაფართოება საქართველოს რეალურ დამოუკიდებლობას შეუქმნიდა პრობლემებს. ასეთი პრობლემები გაჩნდა “მოსკოვის პუტჩის” დროს და შემდგომი შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ეროვნული გვარდიის არსებული სტატუსი. არავითარ “სტატუსის შეცვლას“ ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან, გვარდიას, სხვა სტატუსი არც არასოდეს ჰქონია. საქმე იმაშია, რომ კიტოვანმა, სიგუას ხელშეწყობით, გადააჭარბა თავის უფლებებს, თანდათანობით ჩამოაცილა გვარდია შსს-ს და ფაქტობრივად კონტროლს გარეშე დარჩენას ცდილობდა.

რაც შეეხება გამსახურდიას მიერ მოსკოველი პუტჩისტების “მხარდაჭერას”, რაც თურმე პუტჩის პოლიტიკური შეფასებისა და გორბაჩოვის მხარდაჭერის დაგვიანებაში გამოიხატა, ამის დამამტკიცებელ საბუთად სიგუა “იანაევის დაკითხხვის ოქმს” ასახელებდა. ამ ოქმების არსებობა ისეთივე ბლეფი იყო, როგორც “კენიის ხორცი” და ბევრი სხვა რამ. გამსახურდია მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო თავის ქვეყნის ბედზე (და არა სხვა ქვეყნის ან მისი “პერესტროიკის ბედზე”) მზრუნველი პრეზიდენტი. ორი, მოჩხუბარი “რუსული დათვის” გაშველება სულაც არ შედიოდა მის მოვალეობებში. მისი მოვალეობა იყო უზრუნველეყო, რომ რომელიმე მათგანს ზიანი არ მიეყენებინა საქართველოსთვის. რაც შეეხება შეფასებას და მის დაგვიანებას, შეფასებაზე ქვევით გვექნება საუბარი, დაგვიანებასთან დაკავშირებით კი ავღნიშნავ, რომ ეს ჩვენს პოლიტიკოსებს ეგონათ, თითქოს სასწრაფო შეფასებები “დიდი პოლიტიკოსობის” ნიშანია. იმედია, რომ ეხლა, მათზე უფრო “დიდ პოლიტიკოსთან” ურთიერთობის შემდეგ, მიხვდნენ, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. უფრო მეტიც, თუ ვერ მიმხვდარან შევახსენებ, და თუ არ იციან ვეტყვი, რომ შევარდნაძემაც სწორედ ერთი დღით დააგვიანა “თეთრ სახლში” მისვლა. აი ეს კი მართლაც დამაფიქრებელი ფაქტია, “მოსკოვის პუტჩის” საიდუმლოს ასახსნელად.

რაც შეეხება “მოსკოვის პუტჩს”, ეს იყო წმინდა “პერესტროიკული” რიგის მოვლენა, რომლის მიზანიც სსრკ-ში “ორთოდოქსი კომუნისტების” და “რადიკალური ოპოზიციის” დამარცხება იყო. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოში “დემოკრატიული რევოლუციის” პროვოცირებაში და ის თავისთავადაც, გადატრიალებების ტექნოლოგიის თვალსაზრისითაც, არის საინტერესო, ვინაიდან წარმოადგენს ე.წ. “სარკისებრი გადატრიალების” (როდესაც ხელისუფლება თვითონ ახდენს გადატრიალების ინსპირირებას, მოწინააღმდეგეების გამოაშკარავებისა და შემდგომში “პუტჩის” ჩახშობის გზით მათი თავიდან მოშორების მიზნით). კლასიკური მაგალითს. როგორც ჩანს საქართველოში ბევრი საქმის კურსშიც იყო (თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში) და ბევრიც ელოდდა მის შედეგებს, პირველ რიგში კი გამსახურდიასა და მისი ხელისუფლების დამხობას. ისევე როგორც ელცინისას რუსეთში. სქემა ძალიან მარტივი იყო. “პუტჩისტები წესრიგს ამყარებენ”, ამხობენ ურჩი რესპუბლიკების ხელისუფლებებს: ელცინს, გამსახურდიას, (აი რატომ გადადგა სიგუა – მაგრამ, ძნელი სავარაუდოა, რომ მას ვინმე უკაან დააბრუნებდა) შემდეგ კი ხალხის მასების ფართო მხარდაჭერით და რა თქმა უნდა სისხლისღვრის შედეგად, “დემოკრატიული ძალები” დაამარცხებდნენ “დიქტატურას” (რომლის მოახლოებაც შევარდნაძემ ჯერ კიდევ 1990 წლის ბოლოს “იწინასწარმეტყველა”) და პერესტროიკაც საბოლოოდ გაიმარჯვებდა. მაგრამ “პუტჩისტებს გულმა უგრძნოთ”, ვერ გაბედეს, დაიბნენ (გახსოვთ ალბათ – აკანკალებული იანაევი და სხვები), დრო დაკარგეს. ინიციატივა ხელში ელცინმა აიღო, და ხალხიც კრემლის წითელი კედლების მაგივრად (ე.ი. გორბაჩოვის), თეთრი სახლის კედლების (ე.ი. ელცინის) დასაცავად დადგა. აი რატომ დააგვიანა შევარდნაძემ ერთი დღით. პუტჩი საბოლოოდ დამარცხდა, მაგრამ გაიმარჯვა არა გორბაჩოვმა, როგორც დაგეგმილი იყო, და როგორც ბევრს ეგონა, არამედ ელცინმა. სხვა სიტყვებით, პერესტროიშჩიკები თავისივე დაგებულ მახეში გაებნენ და მიზანს ვერ მიაღწიეს. “ორთოდოქსები” დამარცხდნენ, მაგრამ “რადიკალებმა” გაიმარჯვეს და არა პერესტროიკის “მამებმა”. ეს ყველაფერი მოსკოვში ხდებოდა, მაგრამ, საკმარისი იყო მოვლენები გეგმის მიხედვით განვითარებულიყო, რომ საქართველოშიც მათ ბევრად უფრო სერიოზული სახე მიეღოთ. ამ სიტუაციაში, ჩემი აზრით, გამსახურდიამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც დროზე არ “შეაფასა” მოვლენები და დაიცვა “ნეიტრალიტეტი”. რაიმე მკვეთრ მოძრაობას, რომელიმე მიმართულებით, ძალიან ცუდი შედეგების მოტანა შეეძლო (თუმცა, სამწუხაროდ ზოგიერთების მიზანიც სწორედ ეს იყო).

მოკლედ, მოსკოვს პუტჩი გორბაჩოვის წინააღმდეგ კი არ იყო მიმართული, არამედ პირიქით, მიზნად ისახავდა მისი და მისი გუნდის საბოლოო გამარჯვებას. “ორთოდოქსების” ხელით, “რადიკალების” განადგურებას და შემდეგ თვით “ორთოდოქსების” დამარცხებას. მოხდა კი პირიქით, ისინი თვით დამარცხდნენ, თუმცა გარეგნულად გამარჯვებულებად მოჰქონდათ თავი. აქედან იწყება გორბაჩოვისა და მისი გუნდის დაღმა სვლისა და სსრკ-ს რეალური დაშლის პროცესები. ეს ორი პროცესი განუყოფელია და ისინი ერთდროულად დასრულდა 1991 წლის ბოლოს. პუტჩის დამარცხებით, დამარცხდა სსრკ-ს შენარჩუნების (ორთოდოქსულისაც და გარდაქმნილისაც) იდეა და გაიმარჯვა დამოუკიდებლობის იდეამ. დამთავრდა მალტის პროცესი, და დაიწყო სხვა. პერესტროიშჩიკები ადვილად ვერ შეეგუენ ამას და თვითონ იქცნენ რეაქციონერებად. (აქედან იღებს სათავეს გამსახურდიას მხრიდან პუტჩისტების მხარდაჭერის “ბრალდება”). სამწუხაროდ, როგორც შემდგომმა მოვლენებმა გვიჩვენა, ელცინისთვის დამოუკიდებლობის იდეას თავისთავადი მნიშვნელობა კი არ ჰქონდა, არამედ ის მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნების საშუალება იყო. ისიც “უფროს ძმად” და “რუსულ დათვად” დარჩა. ამიტომაც აღარ დაუჭირა საქართველოს ეროვნულ ხელისულებას მხარი და მისი დამხობის ხელშეწყობით გზა გაუხსნა “ახალი კავშირის” იდეას. სწორედ ამიტომაც ამ პუტჩის -როგორც ფარსის – გამსახურდიასეული შეფასება შესაძლოა ოდნავ დაგვიანებული, მაგრამ სამაგიეროდ ზუსტი იყო. ის რაც ჩაფიქრებული

იყო, როგორც დრამა, ცუდი რეჟისურისა და შემსრულებლების გამო, იქცა – ფარსად. ამ შეფასების გამო გამსახურდიამ, ჯ.ბუშის მხრიდან კრიტიკა და ისტორიის მდინარის საწინააღმდეგოდ ცურვაში დადანაშაულება დაიმსახურა. საინტერესოა საით მიდიოდა ის მდინარე რომელიც ბუშს ჰქონდა მხედველობაში? პასუხი ნათელია, მალტის შეთანხმების შესაბამისად, ეს იყო სსრკ-ს მოდიფიცირების, გარდაქმნის “ისტორიული პროცესი”. რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, ზოგჯერ მსოფლიო პოლიტიკის “ლომეებიც” ცდებიან და არც ისტორია ემორჩილება ყოველთვის მათ ნებას. ”პროვინციელმა” (მსოფლიოს მასშტაბით) და დამწყებმა სახელმწიფო მოღვაწეებმა კი შეიძლება სწორი შეფასებებიც გააკეთონ და სწორი მიმართულებითაც იცურონ. ყოველ შემთხვევაში ერთი რამ ფაქტია – სსრკ დაიშალა, და მისი “პერესტროიკის” მომხრეთა არმიაც, ოკეანის ორივე ნაპირზე, ისტორიას ჩაბარდა. სამწუხაროა, რომ მანამდე აგორებულ დამოუკიდებლობის მომხრე, ეროვნული ხელისუფლების დამანგრეველი მანქანის შეჩერება საქართველოს ხელისუფლებამ ვეღარ შეძლო. ამაშია საქართველოს პუტჩისა და მისი დღევანდელი მდგომარეობის გასაღებიც.

ასეთი იყო განხეთქილების მთავარი, სიღრმისეული მიზეზიც და საბაბიც. ძნელი წარმოსადგენია, რომ მის მონაწილეთაგან ყველას სცოდნოდა რას აკეთებდა, რა პროცესებში იყო ჩართული და სად მიიყვანდა მათ ეს გზა. ყოველ შემთხვევაში, ზოგი მიხვდა იმას, რომ ამ “თამაშში” ისინი პაიკების როლს ასრულებდნენ და გულწრფელად ნანობენ მომხდარს, ზოგს კი, საკუთარი ამბიციების გამო, თავი “საქართველოს გადამრჩენებად”, “დიქტატურის დამამხობლებად”, “შევარდნაძის ჩამომყვანებად”, “რევოლუციის რაინდებად” და ა.შ. წარმოუდგენიათ. რამდენიმე ადამიანმა (ორივე მხრიდან) დაახლოებით მაინც იცოდა, ან ხვდებოდა, რაც ხდებოდა, და რატომაც ხდებოდა, მაგრამ ზემოთ აღნიშნული “რაინდები” მათ რიცხვში ნამდვილად არ შედიან.

შიდა განხეთქილების სხვა მიზეზებიც სახელდება, მაგრამ მათი მნიშვნელობა იმდენად მცირე და ზოგჯერ აბსურდულიც კი არის, რომ აშკარაა – ისინი უბრალოდ ხალხის გასულელებასა და მის ხელისუფლებისათვის დაპირისპირებას ისახავდნენ მიზნად. რად ღირს თუნდაც პურის გაძვირების არგუმენტი. როგორიც არ უნდა იყოს პურის რეალური თვითღირებულება და რამდენად შეუსაბამოც არ უნდა იყოს ის გასაყიდ ფასთან, ეს შეიძლება მხოლოდ დისკუსიის ან თუნდაც მთავრობის გადადგომის საფუძველი გახდეს და არა ჰაუბიცების სროლის. მით უმეტეს, სრული სისულელეა, როდესაც რიგითი მოქალაქეები ხელისუფლებას პროტესტს უცხადებენ და დამონსტრაციებს უწყობენ პურის გაძვირების მოთხოვნით. მსოფლიოს ისტორია იცნობს შემთხვევებს, როდესაც ხალხი პურის გაძვირების წინააღმდეგ გამოსულა და თოფიც უსვრია, მაგრამ არა მგონია ნორმალური, რიგითი მოქალაქე სადმე ან როდესმე დაპირისპირებოდეს ხელისუფლებას პურის გაძვირების მოთხოვნით. იქნებ ვინმემ დაგვისახელოს მსგავსი პრეცენდენტი? საინტერესოა დღეს რას ფიქრობს ეს ხალხი და როგორ აფასებენ საკუთარ თავს?

მაგრამ, იყო გარეგნულად უფრო “სერიოზული არგუმენტებიც”. მაგალითად, მიწის და საერთოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დაგვიანების საკითხი. განა ნათელი არ იყო, რომ პრივატიზაციის საკითხი ვერ დადგებოდა, ვიდრე არ გადაწყდებოდა საქართველოს რეალური დამოუკიდებლობის საკითხი ე.ი. არ დაიშლებოდა სსრკ და არ მოხდებოდა მისი დამოუკიდებლობის ცნობა სხვა სახელმწიფოების მიერ. უბრალო მიზეზის გამო – გარკვეული უნდა ყოფილიყო ვინ, რომელი სახელმწიფო, იყო იმ ქონების მეპატრონე, რომლის პრივატიზაციაც უნდა მომხდარიყო და სად უნდა წასულიყო პრივატიზაციის შედეგად შემოსული თანხები. დავუშვათ, ფართო მასშტაბიანი პრივატიზაცია დაწყებულიყო 1991 წლის იანვარში, აგვისტოში კი მოსკოვში “პუტჩისტებს” გაემარჯვათ, საინტერესოა რა ხასიათზე დადგებოდნენ ისინი ვინც პრივატიზაციის პროცესის დაყოვნებაში ადანაშაულებდა ხელისულებას და რომლებიც, ეჭვს გარეშეა, პირველ რიგში თვითონ ჩაიგდებდნენ “პრივატიზირებულ” ქონებას.

დღეს, უკვე ცხადია, ვინც მსგავსი მოთხოვნებით გამოდიოდა მას პრივატიზაციის პროცესის დროულად წარმართვა, ან ქვეყნის ბედი კი არ აინტერესებდა, არამედ იმ “ეკონომიკური” პროცესების დაჩქარება რაც შემდეგში (ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ) განვითარდა საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ ამაში მდგომარეობდა გამსახურდიასთან დაპირისპირების და გადატრიალების ეკონომიკური საფუძველი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი “არგუმენტი”, რომელსაც ოპოზიცია აყენებდა გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ მდგომარეობდა იმაში, რომ თითქოს გამსახურდიამ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია. განა დიდი მიხვედრა სჭირდებოდა იმას, რომ ქვეანა რომელიც 70 წელი “რკინის ფარდით” იყო გამოყოფილი მთელი დანარჩენი სამყაროსაგან, რომლის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფაქტობრივად მხოლოდ უცხოეთის პასპორტების გაცემით იყო დაკავებული, რომლის მინისტრები საზღვარგარეთ საბჭოთა პასპორტებით და მოსკოვის გავლით დაიარებოდნენ, რომელშიც უცხოელი ჟურნალისტებიც კი მოსკოველი “თარჯიმნების” თანხლებით ჩამოდიოდნენ, საკუთარი ხელისულების გამო, ვერანაირად ვერ მოექცეოდა საერთაშორისო იზოლაციაში (ამ ხელისუფლებას ძალიანაც რომ მოენდომებინა) და რომ რეალური იზოლაციის საფუძველი იყო იქ, სადაც ამის რეალური ბერკეტები ეპყრათ ხელთ. საქმის რეალური ვითარება კი იყო სრულიად საპირისპირო. საქართველო დამოუკიდებლობის დეკლარირების მიუხედავად ფაქტობრივად რჩებოდა სსრკ-ს შემადგენლობაში და ამდენად საერთაშორისო იზოლაციაში, რომლის დაძლევის ერთად – ერთი გზა რეალური დამოუკიდებლობის მოპოვება იყო და არა მის წინააღმდეგ ბრძოლა.

როგორც ზევით ავღნიშნეთ ყველა ქვეყანაში, მოსკოვიდან მართული “შიდა განხეთქილება” იყო გადატრიალებების პირველი საფეხური. რუმინეთში კი, ხელისუფლების მხრიდან დიდი წინააღმდეგობის გამო, პარტიულ განხეთქილებას დაემატა სახელმწიფოებრივი განხეთქილებაც. ჩაუშესკუს, დაუპირისპირდა არმიის და უშიშროების ხელმძღვანელობა. იგივე მოხდა საქართველოშიც. ასეთი იყო შიდა განხეთქილების ძირითადი მიზეზები და საბაბები.

აქვე უნდა შევჩერდეთ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნის საკითხზე. პრეზიდენტის გადადგომა არ არის მხოლოდ მისი კომპეტენციის საკითხი. ის მისი პიროვნული ფაქტორების გარდა უამრავ ობიექტურ ფაქტორებსაც მოიცავს და გადადგომის გადაწყვეტილების მიღებისას ყოველი მათგანი უნდა იქნეს გათვალისწინებული. ზ.გამსახურდიას გადადგომა არ იქნებოდა მხოლოდ “სკამზე” უარის თქმა. მისთვისაც და ასიათასობით მისი მომხრისთვისაც, ეს პირველ რიგში საქართველოს დამოუკიდებლობაზე უარის თქმას ნიშნავდა. იმ დროს, როდესაც შენი ცხოვრების მიზანი მხოლოდ დეკლარირების დონეზეა შესრულებული და ერთი ნაბიჯი ღა გაკლია შენი და მილიონობით შენი თანამემამულის (თანამედროვეებისა და წინაპრების) ცხოვრებისა და ბრძოლის მთავარი მიზნის – საქართველოს ფაქტობრივი დამოუკიდებლობის – მიღწევამდე, შენ უარს ვერ იტყვი (და არც გაქვს უფლება) იმ პოსტზე, რომელიც აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. ამ მიზანთან შედარებით ყველაერი აზრს კარგავს, ეს უკვე ისტორიული მისიაა. ამიტომ, სრული სისულელეეა იმის მტკიცება, რომ ზ.გამსახურდიამ მიიღო გადაგომის გადაწყვეტილება და შემდეგ ვინმემ გადაათქმევინა ის. არ უნდა იცნობდე ამ ადამიანს, რომ ასეთი რამ ამტკიცო. ეჭვს გარეშეა, რომ ზ.გამსახურდია, ნებისმიერ სხვა ვითარებაში, თუ კი რაიმე მიზეზის გამო ის გახდებიდა “პრობლემა” ქვეყნისათვის, ყოველგვარი ეჭვისა და ყოყმანის გარეშე, მიიღებდა კიდეც გადადგომის გადაწყვეტილებას და თავისი “უალტერნატივობის” მტკიცებას არ დაიწყებდა.

რა თქმა უნდა, შიდა განხეთქილების, გადადგომის და სხვა ზემოთ აღნიშნული

საკითხების “განხილვა” და “გაპროტესტება” საჯაროდ, საზოგადოების გარკვეული ფენის ფართო მონაწილეობით მიმდინარეობდა, რითაც ისინი “პროპაგანდისტულ” ფუნქციასაც ასრულებდნენ. მაგრამ, “პროპაგანდისტულმა მანქანამ” თავისი როლი და ფუნქცია, უფრო სხვა მხრივ და უფრო ფართოდ, ცოტათი მოგვიანებით შეასრულა. ამ პროპაგანდაში ჩართული იყო ოპოზიციის მთელი არსენალი, ჭორებით დაწყებული და ოპოზიციური გაზეთებით, არალეგალური ტელე და რადიო გადაცემებით დამთავრებული. რა თქმა უნდა ამ გადაცემებისათვის საჭირო აპარატურა, იმათი საჩუქარი იყო ვინც უკვეთავდა გადატრიალებას და შემდგომში, მათ გამო ორ ნამინისტრალს ჩხუბიც კი მოუვიდათ. გადატრიალების შემდეგ, განსაკუთრებული როლის შესრულება სახელმწიფო ტელევიზიამ იკისრა და დიდ “წარმატებებსაც” მიაღწია მოსახლეობაზე გაწეულ “შავ პროპაგანდაში”. მისი მიზანი გამსახურდიასა და მისი ხელისუფლების “გაშავება”, ხელისუფლების მომხრეთა დემორალიზაცია, გამსახურდიას მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შუღლის გაღვივება და ა.შ. იყო. სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ 1992-94 წლებში საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დიდი ნაწილი, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებდა პრიმიტიულ “ფსიქოლოგიურ ომს”. დღეს, როდესაც ლაპარაკობენ სხვადასხვა დემოგრაფიულ თუ კლინიკურ ანომალიებზე (სიკვდილიანობის, თვითმკვლელობების და მკვლელობების, სხვადასხვა ფსიქიკური თუ სომატური დაავადებების რიცხვის არნახული ზრდა და ა.შ.) უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი იმდენად ცხოვრების დონის მკვეთრი დაცემის შედეგი კი არ არის, არამედ ზემოთ აღნიშნული “ფსიქოლოგიური ომის “ შედეგია. ჩვეულებრივ, “ფსიქოლოგიური ომის” მეთოდებს, საბრძოლო ვითარებაში, ერთი ქვეყნის სპეცსამსახურები იყენებენ მოწინააღმდეგე ქვეყნის არმიისა და მოსახლეობის წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლებამ კი ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა.

იმჟამინდელი მასმედიის ანალიზი ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ, ამჯერად შემოვიფარგლოთ რამდენიმე მაგალითით და თანაც მხოლოდ ტელევიზიით.

ხელსუფლების წინააღმდეგ მიმართული, ყველაზე მნიშვნელოვანი “ფაქტი” იყო, თითქოს და CNN-ის კორესპონდენტის მიერ დაფიქსირებული კადრები, რომელშიც ასახული იყო “თუ როგორ ესროლა ხელისფლებამ ხალხს”. შეგახსენებთ, მასში ორი მომენტი იყო. ერთი – ფანჯრიდან გადმოყოფილი ავტომატი, და მეორე – ტრასირებადი ტყვია, რომელიც სრულიად უჩვეულო ტრაექტორიით ეცემა ხალხში, უზენაესი საბჭოს შენობის წინ. აქ ამ კადრების გაანალიზების ადგილი არ არის და ეს სპეციალური ექსპერტიზის საქმეა, მაგრამ ერთ რამ ეხლავე შეიძლება ითქვას: არავითარ CNN- ის კორესპონდენტს, რომელმაც ეს ფაქტი დააფიქსირა, ბუნებაში არ უარსებია და ეს სიუჟეტი მთლიანად ვიდეომონტაჟის შედეგი იყო, რომელშიც ხელოვნურად იყო გაერთიანებული ზემოთ აღწერილი ორი მომენტი. ეს სიუჟეტი მთლიანად გათვლილი იყო მაყურებლის ემოციებზე (გახსოვთ, ზოგიერთი დეპუტატის ისტერიული გამოსვლები, ამასთან დაკავშირებით, რომლებიც ასევე გადაიცემოდა ტელევიზიით, რაც აძლიერებდა “ეფექტს”) და მათი ხელისუფლებისადმი დაპირისპირების პროვოცირებაზე. ეს “მეთოდი” ძალიან ძველია. როდესაც ხელისუფლება “ესვრის” ხალხს, ხალხს უფლება და სანქცია ეძლევა იგივეთი უპასუხოს მას.

ამავე რიგში უნდა განვიხილოთ ე.წ. “პირველი გასროლის” საკითხის პროპაგანდისტული დამუშავებაც. მასმედია იმ კითხვას კი არ სვამდა რა უნდოდა შეიარაღებულ ხალხს მთავარ სამთავრობო შენობასთან, რა მიზნით იყვნენ ისინი მოსულნი, რამდენად კანონიერი იყო მათი მოქმედება და ა.შ. არამედ საკითხი ასე ვთქვათ “კარგი ბიჭობის” და “ქუჩური გარჩევის” პლანში გადაჰქონდა და იმას არკვევდა ვინ ვის ესროლა პირველმა. რაც მთავარია, ტელეოპერატორები მზად იყვნენ დაეფიქსირებინათ ეს ტყვიაც და მისი “პირველობაც”, თითქოს ტყვიები დანიმრილი ყოფილიყო და ვიდეოკამერაც ამ ნომრების

ამოსაცნობად ყოფილიყო შექმნილი. ესეც ჩვეულებრივი “პროპაგანდისტული ტრუკი” იყო, რომლის მსგავსიც მრავალჯერ ყოფილა გამოყენებული. მაგალითად, რუმინეთში. იქაც ამტკიცებდნენ, რომ ჩაუშესკუმ ესროლა ხალხს. თუმცა შემდეგ, ვიდეოჩანაწერების ანალიზით, გამოირკვა, რომ მას ასეთი ბრძანება არ გაუცია და ცეცხლიც სპეცსამსახურის პროვიკატორებმა გახსნეს. ჩვენთან, ამ ვიდეო ჩანაწერების ანალიზი ჯერ არ ჩატარებულა და საეჭვოა, რომ როდესმე ჩატარდეს.

იყო სხვა საინტერესო ვიდეო მასალაც. მაგალითად, გამსახურდიას მომხრეები როგორ ართმევენ კამერას “ესტონელ ტელეოპერატორს”, რომელიც ცდილობდა ედპ-ს, არშემდგარი, მჯდომარე აქციის დაწყების დაფიქსირებას. ამ შემთხვევაშიც, უბრალო ბლეფთან გვქონდა საქმე. ესტონელი კორესპონდენტის როლს ჩვენი, ქართველი ქერათმიანი ქალბატონი ასრულებდა. იყვნენ სხვადასხვა “ისტორიულ ფსევდონიმებს” ამოფარებული ტელემუშაკები და პერესტროიკის ტალღაზე შექმნილი მათი “აგიტბრიგადა”, რომლებიც ჯერ პერესტროიკის მტრებისა და წარსულის “გმირების” მხილებით იყვნენ დაკავებული, შემდეგ კი ეროვნული ხელისუფლების დამხობის პროპაგანდისტულ შემზადებაში, გადატრიალების შემდეგ კი “შავ პროპაგანდაში” უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს. ნიშანდობლივია რომ პერესტროიკის დროს მოსკოვის ტელევიზიის “პროგრესული” ტელეწამყვანების უმრავლესობა, რომელთა პრიმიტიულ ასლსაც ჩვენი “გმირები” წარმოადგენდნენ, ძირითადად სუკის აგენტები, ან სუკის მიერ “შექმნილები” და “გაქაჩულები” აღმოჩდნენ (მაგალითად, დემოკტრატიის ერთ – ერთი “ტელე-მამა” ე.კისელოვი 1988 წლიდან სუკის აგენტი “ივანოვია”). გადატრიალების შემდგომი, “სასიქადულოთა” ტელემოწოდებები, რომლებითაც მოსახლეობის დამოძღვრა და გამსახურდიასა და მისი ხელისუფლების წინაარმდეგ “რევოლუციის” გამართლება ხდებოდა, გადატრიალებამდე კარგა ხნით ადრე იყო “გამზადებული” და ვიდეოფირზე ჩაწერილი. პროპაგანდისტული ფრონტის “ავტორიტეტები”, გადატრიალებამდე ემზადებოდნენ. მათივე დამსახურებაა “ბუნკერში” აღმოჩენილი, ხელებზე ელექტროსადენებ დახვეული და ბორკილებით მილზე მიბმული “წამებულის” “დაფიქსირება”. პრიმიტივიზმის მწვერვალი იყო სამტრედიაში დაკავებული “ჩეჩენი ტერორისტის” სცენა, რომელიც თურმე ფრჩხილების ქლიბით (როგორც კომენტატორმა აგვიხსნა ეს იარაღი ყოფილა) და “ნუ პაგადიდან მგლისა და კურდღლის სურათებით” (ეს ტერიტორიის სქემა ყოფილა) აპირებდა ტერორისტული აქტების განხორციელებას.

უნდა ითქვას რომ ოპოზიციის “ტელემუშაკებს” არც ვიდეოკამერების “დამტვრევა” ან “მოპარვა” (ასეთ “ფაქტებსაც” ჰქონდა ადგილი) აღელვებდათ. მოსკოვში იყო “ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია”, რომელიც ოპერატიულად ავსებდა ტექნიკის დანაკლისს. თანაც იმედია, დღეს უკვე აღარავის უკვირს არც კამერის წართმევა და არც დამტვრევა, ეს მხოლოდ მაშინ, “დიქტატურის” ეპოქაში, იყო საგანგაშო მოვლენა.

სამწუხაროდ, ტელევიზიამ საქართველოშიც, ისევე როგორც რუმინეთში, “მოახდინა რევოლუცია”. შემდეგ კი დაუნდობელი “ფსიქოლოგიური ომიც” აწარმოა საკუთარი ხალხის (ორივე მხარის!) წინააღმდეგ.

გადატრიალებისათვის ხალხის შემზადებაში დიდი როლი შეასრულა, ხელისუფლებისა და პირველ რიგში ზ. გამსახურდიასთან დაკავშირებული ჭორების მიზანდასახულმა გავრცელებამაც. რაც მათ დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. შინაარსობლივად ჭორები მეტად ფართო სპექტრს მოიცავდა, დაწყებული იქიდან რომ თურმე “ავსტრალიელმა ჟურნალისტებმა” გამსახურდიას ინგლისური ენის ცოდნა დაუწუნეს და “ავადმყოფობის” სხვადასხვა ვერსიებით და “გარდაცვალებით” დამთავრებული. უშუალოდ გადატრიალების შემდეგ კი მათ ფანტასტიკური სახე მიიღეს. აი ზოგიერთი “შედევრის” ჩამონათვალი: მოსკოვში საქართველოს იმდროინდელი ელჩის განცხადება თითქოსდა

გამსახურდიას მიერ “ეს-ენ-გე”-ში შესვლააზე თანხმობის გაცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების გადაცემის თაობაზე (რომლებიც არავის თვალით არ უნახავს). მთავრობის სასახლის დატოვების შემდეგ გატაცებული თანხის შესახებ. დასაწყისში დასახელდა 4 მილიარდი მანეთი, შემდეგ 200 მილიონი, ბოლოს 36 მილიონზე შეჩერდნენ. ამავე რიგშია 40 კგ. ოქროს გატაცების საკითხიც. ამ დანაშაულის დამამტკიცებელი არავითარი საბუთი არ გამოქვეყნებულა და შემდეგ ისინი მიივიწყეს. გამსახურდიას არაქართველობა და ანტიქართველობა უნდა დაემტკიცებინა მის “სომხურ” წარმოშობასა და ჭორს 12 ჩეჩენი და 8 ქართველი ტერორისტის შესახებაც ამიტომ, შემთხვევითი არ იყო, რომ ლამის ყოველი ხიდის ქვეშ ყუმბარებსა და ასაფეთქებლად გამზადებულ გაზის ბალონებს “პოულობდნენ”. პოლიტიკურ დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად ისეთი ჭორი, როგორიც იყო თითქოსდა გამსახურდიას მიერ, სოხუმში, მიტინგზე გაკეთებული განცხადება აფხაზეთ -სამეგრელოს სახელწიფოს შექმნისა და საქართველოსგან მისი გამოყოფის თაობაზე (გადატრიალების შემდეგ ზ.გამსახურდია საერთოდ არ ყოფილა სოხუმში). ამ აბსურდული ჭორების სათვალავის გაგრძელება კიდევ შეიძლება. მათზე, ვინც ამ ჭორებს იგონებდა ლაპარაკიც არ ღირს, მაგრამ საკითხავია, ისინი ვისაც “ტვინებს ურეცხავდნენ”, “აჯერებდნენ” და “ავრცელებინებდნენ” ამ ჭორებს, ეხლა მაინც თუ გრძნობენ თავს შეურაცხყოფილად? თუ არა, ერთ, იმ დროისთვის, სასიამოვნო ჭორსაც შეგახსენებთ: “კეთილმა ბიძიამ” ხომ დაგირიგათ ხელფასები გერმანულ მარკებში?

ჭორების გავრცელების მექანიზმები სტანდართული იყო, მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ ფართოდ იქნა გამოყენებული ჩვენი “სამზარეულოს პოლიტიკოსი” დიასახლისების სატელეფონო საუბრებისადმი მიდრეკილებები. ასეთების ტელეფონის ნომრები წინასწარ იყო შეგროვილი და საკითხში “ღრმად ჩახედული” რომელიმე “პოლიტიკოსიც”, მათ და მხოლოდ მათ, ანდობდა სრულიად “ახალ ამბავს” რომელსაც ისინი დიდის გულმოდგინებით ავრცელებდნენ თავისნაირებში. “სამზარეულოს პოლიტიკოსების” ნაწილმა მატერიალური წვლილიც შეიტანეა “რევოლუციის” საქმეში და გადატრიალების შემდეგაც, კარგა ხნის მანძილზე, უცხობდნენ ხაჭაპურებს “რევოლუციის გმირებს”.

ერთმა ავტორმა, ამ გადატრიალებას “არტისტული გადატრიალება” უწოდა და ამაში გარკვეული აზრი, რა თქმა უნდა არის, ვინაიდან მის შემზადებაში და შემდეგ კი “გამართლებაში”, “არტისტების” როლი ძალზე დიდი იყო. უბედურება ისაა, რომ ის მხოლოდ “არტისტული” არ იყო და ბევრად გასცდა მის ფარგლებს. რაც შეეხება ტერმინ “არტისტულს”, ამ გადატრიალებას ის ორი მნიშვნელობით შეიძლება ვუწოდოთ. პირველი, იმიტომ, რომ მასში “არტისტების” როლი, მართლაც და საეჭვოდ დიდი იყო. და მეორე, იმიტომ, რომ ოპოზიციის მოქმედებები მნიშვნელოვან წილად იყო “საჩვენებელი”, “შოუს” ხასიათის. ჯავშან ჟილეტებიანი და იარაღასხმული ხალხი საჯაროდ იწონებდა თავს, თავისი “იმიჯის” რეკლამირებას ახდენდა და ამერიკული ბოევიკების გმირებს ბაძავდა. ავტომატი, შავი “რეიბანები”, საღეჭი რეზინა და “ჯეკ ნიკოლსონის ქუდი”, ”რევოლუციის გმირების” აუცილებელი ატრიბუტი იყო, რომ არაფერი ვთქვათ მიხვრა-მოხვრასა, “პახოდკასა” და ჟარგონზე. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, რევოლუციას “დემოკრატიულობას” მატებდა. არტისტიზმი “რევოლუციის” უცილობელი ატრიბუტი იყო, განსაკუთრებით საწყის პერიოდში. სროლის დაწყების შემდეგ “არტისტები” ბუჩქებში შეძვრნენ და ადგილი სხვა კატეგორიას “კრიმინალებს” დააუთმეს, მაგრამ სროლების დამთავრებისთანავე სათანადო ადგილი დაიბრუნეს “პოდიუმზე”.

არც ისე დიდი ხნის წინ, რუსეთში დაიწყეს “სუკი”-სა და “გრუ”-ს სხვადასხვა, ადრე გასაიდუმლოებული სახელმძღვანელოებისა და ინსტრუქციების გამოცემა. ერთ ასეთ წიგნში, რომელიც “ნაციონალური ხასიათის” თავისებურებებს ეხება და რომელშიც მსოფლიოს ყველა ძირითადი ერია დახასიათებული, ქართველების სწორედ ეს თვისება

– საჩვენებელი რაინდობა, “არტისტობა” და კრიტიკულ მომენტებში ბუჩქებში შეძრომა, -არის ხაზგასმული (საბედინეროდ ეს ყველას არ ეხება). მოკლედ კარგად ვყავდით შესწავლილი და ბევრი კარგადაც გამოიყენეს.

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში, რუსეთის ჟანდარმერიაში შეიქმნა “თეატრალურ საქმეთა განყოფილება” რომლის მიზანიც იყო თეატრალური ცენზურის განხორციელება და “არტისტების” დაჯავშნა (“ვერბოვკა”). ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან იმ პერიოდშიც და მანამდეც, თეატრი პროპაგანდის და მასების ცნობიერების კონტროლის ძირითადი საშუალება იყო. ეს არც ბენკენდორფის და მისი მემკვიდრეების აღმოჩენა იყო და არც რუსეთის პოლიტიკური დევნის სამსახურის აღმოჩენა. მანამდე დასავლეთ ევროპის ქვეყნების ანალოგიური სამსახურებიც ფართოდ იყენებდნენ ანალოგიურ მეთოდებს.

დროთა განმავლობაში, ახალი ტექნიკური საშუალებების გაჩენასთან ერთად წინა პლანზე გამოდის პროპაგანდის ახალი ფორმები, ჯერ კინო (აი რატომ იყო ლენინისთვის ის ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი. თუმცა მას ასეთი რამ არასოდეს არ უთქვამს, და ამ აზრის მისთვის მიწერაც “პროპაგანდა” იყო), შემდეგ კი ტელევიზია. რა თქმა უნდა პრესაც ყოველთვის ინარჩუნებდა პირველობას და ჟურნალისტებზეც ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას რაც ”არტისტებზე” და საერთოდ “იდეოლოგიური ფრონტის” მუშაკებზე.

1991-92 წლების გადატრიალება იმ აზრითაც იყო არტისტული, რომ მის იდეოლოგიურ შემზადებასა, განხორციელებასა და “მასების შემდგომ დამუშავებაში” სწორედ მათ მიიღეს დიდი მონაწილეობა. რა თქმა უნდა ნათქვამი არ ეხება ყველას, მათ შორის იმათაც ვინც თავისი გულუბრყვილობით ან “კორპორაციული სოლიდარობის” გამო მონაწილეობდა ამ პროცესში, მაგრამ ნამდვილად ეხება იმათ, ვინც თავის რეჟისორულ კარიერასთან ერთად, თავი გამოიჩინეს საშვიდნოემბრო და საპირველმაისო დემონსტრაციების, შემდგომში კი მასობრივი საპროტასტო გამოსვლების დადგმით. ვინ არიან “პოლიტიკური თეატრისა და კინოს” ეს მუშაკები? ეს უთქმელადაც ნათელია.

“არტისტულის” გარდა გადატრიალება იყო კრიმინალურიც და არა მარტო იმიტომ, რომ თვით იყო ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა, არამედ იმიტომაც, რომ კრიმინალების მონაწილეობამ გადატრიალებაშიც და შემდგომ პერიოდში ხალხის “მოთვინიერებაშიც” გადამწყვეტი როლი შეასრულა. მრავალმა ადამიანმა ყველაფერი ეს საკუთარ ტყავზე გამოსცადა, ამიტომ ფაქტებზე აღარ შევჩერდები, ძარცვის, მკვლელობის, მიტინგებისა და მასობრივი მსვლელობების დახვრეტის და სხვა უმძიმესი დანაშაულებების ფაქტები საყოველთაოდაა ცნობილი. ბევრს ლაპარაკობენ ე.წ. “მართვად ქაოსზე”, რასაც ადგილი ჰქონდა 90-იანი წლების საქართველოში, მაგრამ ქაოსი მხოლოდ რიგითი ადამიანებისთვის იყო, თორემ მისი განმახორციელებლებისათვის ის კარგად ორგანიზებული და მართვადი პროცესი იყო.

“ქურდული სამყარო” თავისი “კანონებითა” და “გაგებით” სწორედ ასეთი მართვის მთავარი მექანიზმი იყო. ეს მექანიზმი ჯერ კიდევ რუსული ჟანდარმერიის დაარსებიდან იღებს სათავეს, მაგრამ თავის სრულყოფილებას მან სტალინის დროს მიაღწია, როდესაც “შავი სამყარი” მთლიანად “კანონიერ ქურდებს” ჩაბარდა, მათი უმრავლესობა კი, რბილად რომ ვთქვათ სახელმწიფო სამსახურში იქნა ჩაყენებული. ამ გზით “შავ სამყაროში” შეიქმნა ისეთივე იერარია და ტოტალური კონტროლის მექანიზმი, როგორიც “წითელში”. დაუმორჩილებლები მკაცრად ნადგურდებოდნენ და რაინდობის იმიჯიც თავიდან ამ უკანასკნელთა სახელთან იყო დაკავშირებული. ამ თემაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, ჩვენთვის საინტერესო არის ის, რომ ზოგჯერ, საგანგებო ვითარებაში ციხის კარები იღებოდა და კრიმინალთა არმიაც (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით)

თავიანთი “გენერლების” მეთაურობით “წესრიგს ამყარებდა” თუმცა, შემდგომში, ფუნქციის ამოწურვის შემდეგ, ტრაგიკულად ასრულებდა ცხოვრებას. რუსეთშიც და სსრკ-ში ლოკალურად, ასეთ მოვლენებს ხშირად ჰქონია ადგილი, მაგრამ გლობალური (სახელმწიფოებრივი) ხასიათი მან სამჯერ მიიღო: ერთხელ – რევოლუციისა და განსაკუთრებით სამოქალაქო ომის დროს, მეორედ – სსრკ-ს სამამულო ომის დასაწყისში, მესამედ კი სტალინის გარდაცვალების შემდგომ პერიოდში. საქართველოშიც ანალოგიურ მოვლენას ჰქონდა ადგილი, როდესაც მასობრივად გამოშვებული იქნა ათასობით კრიმინალი. ის ქაოსი, რომელიც საქართველოში სუფევდა გადატრიალების შემდგომ პერიოდში, არც ისეთი ქაოსი იყო, როგორც ეს შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს და ხელმძღვანელობაც გამოცდილი და საქმეში ჩახედული ჰყავდა. სამწუხაროდ, ამ პროცესს უამრავი ადამიანი შეეწირა (ორივე მხრიდან) და შედეგიც ტრაგიკულია.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ბ-ნ ზვიადს ვთხოვე, შეერჩია ფრაზა, რომელიც საარჩევნო დევიზად გამოდგებოდა. მეორე დღეს, გადმომცა ის ფრაზა, რომელიც შემდეგ მის ერთ -ერთ პლაკატზეც დაიწერა, მიუხედავად იმისა რომ აშკარად “არასაარჩევნო” იყო და რომელიც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: “ქართველი ერის გზა -ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა, ჯვარცმისა და გარდუვალი აღდგომისა”. ჩვენც ამ იმედით დავამთავროთ.

1998წ.

P.S.კარმის კანონის თანახმად, ადამიანის ყველა ქცევა, სულ უმნიშვნელოც კი, განხორციელებული წარსულში,

აწმყოში თუ მომავალში თავის შესაბამის ნაყოფს გამოიღებს ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში თუ იმ ქვეყნად.

ბრძენმა ბრძანა – არ მოექცე სხვას ისე, როგორც არ ისურვებდი რომ შენ მოგექცნენ.

ეს უნივრსალური კანონებია. ისინი ყველას თანაბრად ეხება გამარჯვებულსაც და დამარცხებულსაც,

მთავარსაც და ვასალსაც, სუსტსაც და ძლიერსაც, ბრმასაც და თვალხილულსაც, ბაბუსაც და შვილიშვილსაც, აქ და ამჟამადაც, იქ და სამარადჟამოდაც. ეხლა კი ცოტა იუმორით, ნოდარ დუმბაძიდან, გამზრდელის შეგონება, (როგორც მახსენდება) – “ ხომ ვიყავი მე შენხელა ზურიკელა? ხომ გახდები შენც ჩემხელა? აბა რა განსხვავებაა ჩვენს შორის?”

18.11.2003

“ტრიბუნა” #226- 232. 2003წ.

***

 

Advertisements

3 Responses to “• აბზიანიძე – გადატრიალება”

  1. lado said

    ვინ პირველმა ისროლა 20 დეკემბრიდან მე და ბუდუ აგლაძე უზენაეს საბჭოდან არ გავსულვართ 22 ერევნიდან დაბრუნდნენ ნემო ბურჭულაძე და გურამ აფსნაძე და მოიტანეს სომხური კონიაკი და 2 სართულზე სადაც ასათიანი იჯდა იმ კოლიდორში კიბეებთან მოპირდაპირე ოთახში მე და ბუდუმ იმათან ერთად თითო ჭიკა კონიაკი დავლიეთ, ამას იმიტომ ვწერ რომ ფაქტები მოგიყვანოთ ვინმემ რომ არ თქვას არასწორიაო მთელი ღამე გავათენეთ და დილით ბუდუ ზუსტად 8 აკლდა 15 წუთი რომ წავიდა სახში და მითხრა მოგვიანებით მოვალო მანქანა გაშვებული მყავდა და ფეხით წავიდა მაგრამ ზუსტად 8 აკლდა 5 წუთი რომ მოირბინა და მითხრა მეტროსთან ადამიას ხალხმა დეპუტატი მარკოზია მოკლეს და დეპუტატი აწ გარდაცვილი ვიტალი ჯაში იმყოფება ადამიასთან ერთადო მთლიანად გადაკეტილი აქვთ მეტროს გასწვრივ პუშკინის ქუჩა და ზემოთ მაშინდელი კიროვის ქუჩაო ზუსტად 8 საათზე დაიწყეს პუტჩისტებმა სროლა
    შემდეგ ხომ იცით საიდანაც შემოდიოდა ბატ ზვიადი უზენაეს საბჭოში ზედა მხრიდან შემოსასვლელში დაცვის ბიჭებს ველაპარაკებოდი დაახლოებით იქნებოდა 10 ნახევარი რომ გარეთ გავიდა გვენცაძე და წავიდა რუსთაველის მიმართულებით იქ ჩემს გვერდით იმყოფებოდა ბიჭებთან ერთად გვენცაძის მეგობარი კუსა დოლიძე 15 წუთში დაბრუნდა კოჭლობით გვენცაძე დამჭრეს რომ ჩავედი რუსთაველზეო ფეხის ზემო ნაწილში რბილში ჰქონდა გავლილი ტყვია როგორც მე დამჭრეს იმ დღეს ისე დაჭრეს გვენცაძეც. ასე იყო ეს მეგობრებო თუ ვინმეს აინტერესებს გადაამოწმოს
    ქალბ დარეჯან გმადლობ ასეთი მართალი მასალების გამოქვეყნებისთვის პატივისცემით

  2. lado said

    ბოდიშით ბურჭულაძე და აბსნაძე 21 ღამით დაბრუნდნენ

  3. a.s said

    სროლები დაიწყო 22 დეკემბრის 8 საათზე და ათ წუთზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: