IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• დამარცხების მეოცე წლისთავი

♥ სეგმ

ეროვნული ხელისუფლების დამარცხების მეოცე წლისთავი

 

  1. ჩანერგილი და მოღალატე ქართველები
  2. მთავარი მანქურთი და  მსხვერპლად შეწირული საქართველო
  3. სამშობლოსათვის წამებული რაინდი – ზვიად გამსახურდია და ჯვარზე გაკრული საქართველო

 

***

 

 მთავარი მანქურთი

და  მსხვერპლად შეწირული საქართველო

(წერილი მეორე) 

 

       „მანქურთი“  თურქმანული ტერმინია და ნიშნავს მონას, რომელსაც დავიწყებული აქვს საკუთარი წარმომავლობა, საკუთარი წარსული, სამშობლო – დედულ-მამული და მხოლოდ მებატონის ბრძანებებზეა დამოკიდებული და მის ინტერესებს ემსახურება.  მანქურთებად  დამონებული ხალხის  შვილებს ზრდიდნენ, რისთვისაც საგანგებო მეთოდი იყო გამოყენებული:  ახლადდაკლული აქლემის ტყავს შიდა მხრიდან ჩამოაცვამდნენ თავზე ხელებშეკრულ მსხვერპლს, რომელსაც არ შეეძლო, საკუთარ თავს მიწვდენოდა და მზის გულზე სტოვებდნენ. მზისაგან ის ტყავი  თავზე უხმებოდა განწირულ ადამიანს და  სალტესავით უჭერდა, ხოლო დროთა განმავლობაში  ტვინიდან სწოვდა სამშობლოს გრძნობასა და ხსოვნას.

        მონღოლურ უღელნატარებმა რუსეთმა ღრმად შეითვისა მანქურთიზაციის ხელოვნება და ვერაგობით დამონებულ საქართველოში, თავისი ორასწლოვანი ბატონობის მანძილზე,  მრავალს შემოაჭირა აქლემის ტყავი, თავები დაუვიწროვა და ის თავი დედის ნაცვლად დედინაცვლის კალთაში ჩაადებინა.

       ახალი ეპოქის ყველაზე თვალსაჩინო ქართველი  მანქურთი გურიაში დაიბადა და ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სხვა  ტყავისსალტეშემოჭერილთა შორის. ეს გახლდათ   გასული საუკუნის უკანასკნელი სამი ათწლეულის საქართველოს  საჭეთმპყრობლად მოვლენილი  ედუარდ შევარდნაძე.   საკუთარმა რუსულის მასწავლებელმა მამამ, ამბროსიმ, ისეთი ტყავი ჩამოაცვა თავზე, რომ სულ დააკარგვინა წარმოდგენა სამშობლოზე და რუსი მებატონის ყურმოჭრილ ყმად აქცია.  ეს თვით ედუარდსაც არასოდეს დაუმალავს და  კუთვნილება დიდი რუსეთისადმი  გულახდილად აქვს ნაღიარები სიჭარმაგეში გამოცემულ ავტობიოგრაფიულ  ნაშრომში „ჩემი არჩევანი“ («Мой выбор», Москва, 1991 Г.).

        რუსი მკითხველისათვის განკუთვნილ ამ წიგნში  ავტორი საქართველოს  სრულიად ღიად და დაუფარავად უწოდებს  თავის „მალაია როდინას“ (იხ. გვ. 30 და გვ. 79). „მალაია როდინა“ რუსული იდიომატური გამოთქმაა და ქართულად „პატარა სამშობლოს“ კი არა, სამშობლოს ერთ კუთხეს ნიშნავს –  რაც იმას გულისხმობს, რომ შევარდნაძე რუსებს წარუდგენს საქართველოს, როგორც რუსეთის ერთ-ერთ კუთხეს და უდასტურებს  თანამემამულეობას. სხვა საკითხია, რომ საკუთარ თვისტომთ, მათ, ვინც არ იცის „მალაია როდინას“ იდიომატურობა, ქართულად გამოცემულ წიგნში  პირში სჩრის სატყუარას, როდესაც „მალაია როდინას“  „პატარა სამშობლოდ“ ათარგმნინებს („ჩემი არჩევანი“, თბ.1992. იხ. გვ. 31, 81).           

    საგულისხმოა, რომ როგორც სერგო ორჯონიკიძის ღირსეული  მემკვიდრე,  ედუარდ შევარდნაძეც ფერშალია პროფესიით – დამთავრებული აქვს თბილისის სამედიცინო ტექნიკუმი –  ამგვარად, ფერშლობა ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც შეგვიძლია  განვიხილოთ  მშობელი ერის დამამხობელთათვის.

    პირველი პარტიული ნაბიჯიც არაფრით განსხვავდებოდა სერგო ორჯონიკიძის კომუნისტური წვრთნისაგან –  1956 წლის 9 მარტს რუსებმა დახვრიტეს ასობით მშვიდობიანი მიტინგის მონაწილე და თბილისური სისხლისღვრის შემდეგ მან, ერთადერთმა ქართველმა, მომიტინგეების მიმართ მკაცრი ბრალდებით, მომხდარში სწორედ თანამემამულეები დაადანაშაულა, რაც კრემლის მოდარაჯე თვალს, ცხადია, არ გამოეპარა და  სულ მალე, 1957 წელს დანიშნეს საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველ მდივნად!  

      ამ ერთი ნაბიჯიდანაც შესანიშნავად ჩანს, თუ როგორ განვლიდა გზას კომკავშირის ლიდერობიდან ხელისუფლების უმაღლესი პირის თანამდებობამდე, მაგრამ ეს ახლა ჩვენი განხილვის საგანი არ არის – ჩვენ ის ვიკითხოთ, რა ფათერაკებს სწია მან საქართველო საკუთარი უფლებამოსილებებით.

         თუკი დღეს თავად ცდილობს საკუთარი ნამოღვაწარის პატრიოტული ვუალით შებურვას,  ავიწყდება, რომ აგრე ადვილი არ არის წარსულის შავი ლაქების ამორეცხვა, რადგან „არა არს დაფარულ, რომელი არა განცხადდეს“. დავიწყოთ ეროვნული მოძრაობის სულ ჩანასახიდან და მოვიხმოთ ინფორმაცია განსჯისათვის.

          ხოლო საიმისოდ, რათა სუბიექტურობა არ დაგვბრალდეს, ჩვენს წერილში დროდადრო დავიმოწმებთ შევარდნაძის ყოფილ თანამეინახეებსა და თანამზრახველებს. თავდაპირველად  პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილს  მივცეთ სიტყვა („ასავალ–დასავალი“,  № 30, 2009):    

      „ტრაბახობდა შევარდნაძე, 1978 წლის 14 აპრილს მე შევუნარჩუნე საქართველოს ქართული ენაო!  რასაც ახლა გეტყვით, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია: იმ დროს მე ვმუშაობდი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველის მოადგილედ… საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის ტექსტი მომზადდა საქართველოში და სწორედ შევარდნაძის თავმჯდომარეობით მომუშავე კომისიამ ჩაწერა პროექტში: საქართველოს სახელმწიფო ენა არის რუ–სუ–ლი!!! ჩემმა თანამშრომელმა, იურიდიული განყოფილების გამგემ, ირაკლი ჩიქოვანმა ეს ტექსტი წაიღო მოსკოვში, საკავშირო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში შესათანხმებლად. რუსებს ძალიან გაუკვირდათ, რატომ უნდა შეიცვალოს სახელმწიფო ენა ქართული – რუსულითო? ჩვენმა წარგზავნილებმაც უპასუხეს, ქართული რომ სახელმწიფო ენაა, ეს ხომ ისედაც ცნობილია და რად უნდა მტკიცებაო! აი, ასე მოხვდა 1978 წლის საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად რუსული. შემდეგ ეს ამბავი გახმაურდა და შევარდნაძემ ისევ თავის სასარგებლოდ შემოაბრუნა სიტუაცია!“ 

      ეს – ქართული ენის სტატუსი, ახლა – როკის გვირაბი:  ცხადია, ამ ავადსახსენებელი  გვირაბის მშენებლობაც მისი პირადი ინიციატივა იყო, საბჭოთა ხალხების  – ქართველების და ოსების ერთიან რუსულ სახელმწიფოებრივ სივრცეში შერწყმისათვის ჩვენი მიწა–წყლის ხარჯზე! ამ წერილის ავტორს საკუთარი თვალით ჰყავს ნანახი შევარდნაძე  ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემაში, სადაც ის  რისხვას ატეხდა ქვეყნის უგუნურ მოსახლეობას  და გულწრფელად გამოხატავდა გაკვირვებას, თუ რატომ ხდება, რომ  რიგ ქართველებს არ მოსწონთ როკის გვირაბის მშენებლობა, მაშინ, როდესაც ყველანი მშვენივრად ეგუებიან რიკოთის  გვირაბის არსებობას. 

     თუმცა ის დღეს  უარყოფს თავის ინიციატივას გვირაბის მშენებლობაში, მაგრამ აღიარებს, რომ:  ”მე მხარს ვუჭერდი კავკასიონის ქედის ქვეშ რკინიგზის გაყვანას თბილისიდან როსტოვამდე, ეს სულ სხვა საქმეა და დავიწყეთ კიდეც ამის მშენებლობა, მაგრამ მერე საბჭოთა კავშირი დაიშალა…“   (საინფორმაციო სააგენტო “ფაქტი”, 2008 წლის 23 08, შაბათი – 02:36). პირდაპირ განსაცვიფრებელია, თუ როგორ უწიგნურებად რაცხს პოლიტიკანი– დემაგოგი ქართველებს, რომლებსაც იმაზე დაფიქრების თავიც არ ჰქონიათ,   რაგვარად შეიძლებოდა მატარებელი გადაადგილებულიყო კავკასიონის ქედის ქვეშ, თუ იქ გვირაბი არ იქნებოდა! არადა, არათუ მხარს არ უჭერდა, სწორედ მისი ცეკას მდივნობისას, 80–იან წლებში  დაიწყო 1920–იანი წლებიდან დაგეგმილი ამ გვირაბის მშენებლობა, რასაც მანამდე ათასგვარი ტყუილ–მართლით  არიდებდა საკუთარ ქვეყანას ყველა შევარდნაძემდელი ხელისუფალი!

       ახლა ისიც გავიხსენოთ, თუ როგორ დაინიშნა, თავისი თაყვანისმცემლების სასიქადულოდ, ედუარდ შევარდნაძე საბჭოთა კავშირის  საგარეო საქმეთა მინისტრად 1985 წელს. მიუხედავად შევარდნაძის რუსული მენტალიტეტისა და რუსეთისათვის გაწეული დიდი და უანგარო ღვაწლისა, დედინაცვლის კანონისამებრ, რუსეთს, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე,  უმტკივნეულოდ და დაუნანებლად შეუძლია უცხო სხეულის მოცილება. 80-იანი წლების ბოლოს, ავღანეთიდან სამუდამოდ კუდამოძუებული  რუსეთის სამხედრო მანქანა  ცალკერძ  ეკონომიკურად იშლებოდა და დღის წესრიგში დგებოდა მისი პოლიტიკურად დაშლაც –  საბჭოთა კავშირის ერთობაში შეკოწიწებული ერების თვითგამორკვევითა და ევროპასა და საერთოდ მსოფლიოში გავლენის დაკარგვით.  სტალინის შემდეგ, ვინ ჰკითხავდა ნებისმიერ ქართველს (და მით უფრო, შევარდნაძესავით საშუალო ჭკუის ჩინოვნიკს) ბერლინის კედლის დანგრევასა და ევროპიდან ჯარების გამოყვანას! მაგრამ რუსეთს სჭირდებოდა განტევების ვაცი – აუცილებლად „ნაცმენი“, და სასურველი იყო  ქართველი – რათა შედეგების მომკისას მასზე შეეწმინდა ხელი! გარეგნულად რუსეთის ევროპული ჰეგემონიის დამანგრეველი და იურიდიულ აქტებზე ხელმომწერი ქართველი უნდა ყოფილიყო, რათა კიდევ უფრო გაეცოფებინათ ჯერ კიდევ სტალინვერმომნელებელი თანამემამულეები და შემდეგ უფრო გამეტებით გასწორებოდნენ საქართველოს და სტალინის ჯიბრიც მათზე ამოეყარათ! 

        რა თქმა უნდა, რუსეთის ამ  ჩანაფიქრში ვერ გაერკვეოდნენ შევარდნაძის გულუბრყვილო თაყვანისმცემლები  და მეორედ დააბიჯეს ფეხი ერთსა და იმავე ფოცხს ასი წლის წინანდელი წინაპრების მიამიტმა შთამომავლებმა. მსოფლიო ქვეყნების ძმაბიჭობის მოიმედე  ქართველებმა საშველად უხმეს მსოფლიო სახელის მქონე პოლიტიკოსს, რომელიც, მათი წარმოდგენით,  საქართველოს უეჭველად ჩართავდა თავის დიდ ევროპა–ამერიკის საძმაკაცოში!

       ხოლო რა მოხდა ასი წლის წინ?

       ასი წლის წინაც ჰყავდა საქართველოს შევარდნაძესავით „მსოფლიო დონის პოლიტიკოსი“– ეს გახლდათ რუსული მენშევიზმის ლიდერი, დროებითი მთავრობის ფოსტა–ტელეგრაფის მინისტრი, მოგვიანებით – შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველი ირაკლი წერეთელი.

      შევარდნაძისგან განსხვავებით, ის მართლაც  დიდი ავტორიტეტის მქონე მოაზროვნე პოლიტიკოსი იყო, ოღონდ შორეული შთამომავლის დარად ისიც რუსეთის განუყოფლობის იდეით იყო შეპყრობილი.

      დამფუძნებელი კრების გარეკვის შემდეგ წერეთელი იძულებული გახდა საქართველოში ჩამოსულიყო.  ქართულმა საზოგადოებრიობამ თავისი ჯიშისა და ჯილაგის „დიდი პოლიტიკოსი“ (თითქოს მას თითი მაინც გაენძრიოს საკუთარი სამშობლოს სიუზერენისაგან თავდახსნაში) მაშინვე ჩააყენა  ქვეყნის დამოუკიდებლობის სამსახურში და 1919 წელს ქართული დელეგაციის ერთ–ერთ ხელმძღვანელად წარგზავნა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, რამაც ევროპელთა დიდი გაკვირვება გამოიწვია, თუ რა ხელი ჰქონდა რუსეთის ამ თავგადაკლულ პატრიოტს ქართულ თვითმყოფადობასთან და დამოუკიდებლობასთან.

       ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია  დიდი ქართველი მამულიშვილის, რევაზ გაბაშვილის მოგონება –  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინდღით, 1918 წლის 25 მაისს: „ბ–ნი კაკი წერეთელი, 25 მაისის კრებაზედ, გულშეწუხებული ჩავარდა სავარძელში და გაჰკიოდა ისტერიო–„ისტორიულ“ სიტყვებს: „რას შვრებით, თქვენა ღუპავთ რუსეთის დემოკრატიას!“–აო?“

        ზუსტად ასეთივე მიმართება ჰქონდა ედუარდ შევარდნაძეს საკუთარი ერის დამოუკიდებლობასთან – ეს სწორედ ის შევარდნაძე გახლდათ, რომელიც გორბაჩოვთან ერთად უკანასკნელ წუთამდე ცდილობდა საბჭოთა კავშირის გადარჩენასა და შენარჩუნებას!    მაგრამ   სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში და ეროვნული ხელისუფლების დამხობაში დიდი იდეური წვლილისათვის პუტჩისტებმა სწორედ იგი მოიწვიეს მათ მიერ შექმნილი ორგანოს — სახელმწიფო საბჭოს — ხელმძღვანელად და           ის კი ვერ გათვალეს (ან, პირიქით, ძალიან კარგად გათვალეს!), რომ თუ ჩამოვიდოდა  რუსული სუკ–ის სამხრეებიანი გენერალი – პირველ ყოვლისა აქაც რუსულ საქმეს გააკეთებდა!

      მოგვიანებით შევარდნაძემ განაცხადა: ”მე ვიცოდი, რომ არ ვიყავი უფლებამოსილი, დამეკავებინა სახელმწიფოს მეთაურის პოსტი, მაგრამ ვიყავი დარწმუნებული, რომ მხოლოდ მე შემეძლო საქართველოს ამოთრევა ქაოსისა და კრიზისიდან და გაძღოლა .“

      თუ რა სიზუსტით შეასრულა მან ეს დაპირება და  როგორ ამოათრია  საქართველო ქაოსიდან და კრიზისიდან, ამაზე მეტყველებენ საქმენი მისნი: საქართველო მან აქცია ვერშემდგარ ქვეყნად – მოშლილი  სახელმწიფოებრივი სტრუქტურებით, გაპარტახებული ეკონომიკით და ხალხის ზნეობრივი გადაგვარებით.

      კრემლისგან მას ჰქონდა დავალება, დაემტკიცებინა თანამემამულეებისათვის, რომ საქართველოს არ შეუძლია ურუსეთოდ არსებობა; მისი მოსვლისთავანავე ხალხს უნდა ეგრძნო, რომ დიდი რუსი ძმის გარეშე საქართველო დაიღუპებოდა  და მხოლოდ რუსეთის წიაღში დაბრუნება უშველიდა.

      ხალხი გაითანგა შიმშილით, უშუქობით, უტრანსპორტობით – გაჩნდნენ  მათხოვრები – მიწისქვეშა გადასასვლელებთან, მეტროებში, ეკლესიებთან – შევარდნაძემ ქართველებს გააშვერინა ხელი სამოწყალოდ, რაც თვით საბჭოთა პერიოდშიც კი  არ მომხდარა! აუხდინა, ხალხში  ჯერ კიდევ მის ჩამოსვლამდე მოარული შემონათვალი მუქარა:  „საქართველო ნამეტნავად გაზულუქდა, დამაცადეთ, ისე გაგიხდით საქმეს, რომ ბილეთს ვერ უღებდეთო ერთმანეთს ტრანსპორტში!“ წარმატებით აღმოფხვრა ეგრეთ წოდებული „საშუალო ფენა“  – ერის ხერხემალი: ინჟინრები, პედაგოგები, ექიმები, აგრონომები უპოვრებად აქცია და მათ თავზე წამოასვა პროიმპერიული კრიმინალი ქურდები და კრიმინალი ინტელიგენცია.

     კრემლისავე დავალებით შევარდნაძე რისხვად მოევლინა ყოველივე ქართულს, ეროვნულს, ტრადიციულს, რისი საბუთიცაა თუნდაც ეროვნული ხელისუფლების ძალისხმევით ქართულ საფეხბურთო გუნდებზე მორგებული ეროვნული სახელების ისევ საბჭოურ–რუსულ იმპერიულ საზღვრებში მოქცევა. საქართველოში დაბრუნებისთანავე შევარდნაძემ იზრუნა, რომ  ახლადმოვლენილი „იბერიების“, „კოლხეთების“, „გორდების“ ნაცვლად გუნდებს დაბრუნებოდათ საბჭოურ–რუსული კალკით შექმნილი „ინტერნაციონალური“ სახელები –  „დინამოები“, „ტორპედოები“, „მეტალურგები“.

        და, რაც მთავარია,  შეასრულა კრემლის უმთავრესი დავალება – 1993 წელს შეაბრუნა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, დსთ–ში, იგივე განახლებულ საბჭოთა კავშირში, საიდან გამოსვლასაც მოახმარა  მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საქართველოს პრეზიდენტმა  ზვიად გამსახურდიამ.

        სრულიად განსაკუთრებული თემაა შევარდნაძის პირადი ამხედრება ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. მას საფუძველში ედო, ცხადია, პირველ ყოვლისა, მრწამსის სხვადასხვაობა – გამსახურდია იყო მართლმადიდებელი აღმსარებლობის ეროვნული მოღვაწე, ხოლო შევარდნაძე – ათეისტი პარტიული ფუნქციონერი, რომლისთვისაც სულიერი ზნეობრივი ფასეულობანი ისევე მიუღებელი იყო, როგორც ღორისთვის მარგალიტი. მაგრამ არსებობდა კიდევ ფსიქოლოგიური ფაქტორი, რასაც ფარდას ხდის ტერმინების – „ზვიადიზმის“ და „პროვინციული ფაშიზმის“ წარმოშობა: როგორც 1937 წლიდან იყო დაკანონებული ტერმინი „მავნებელი“და „მავნებლის შვილი“ ეროვნული მრწამსის პოლიტპატიმრებისა და მათი მემკვიდრეებისათვის, ისე შემოვიდა და დაკანონდა 90–იანი წლებიდან  ტერმინი  „ზვიადისტი“. იგი ძველი „მავნებლის“ ფარდი იყო და თავისი არსით კეთილმორწმუნე უანგარო მამულიშვილს გულისხმობდა. სწორედ ასეთი ადამიანების ტერორს მიმართავდა შევარდნაძე თბილისურ მიტინგებზე, სამეგრელოს ხუთგზის აოხრებისას და აფხაზეთში თავშეფარებულთა დალაშქვრისას, რკინიგზის დაცვის საბაბით! რაც შეეხება ტერმინ „პროვინციულ ფაშიზმს“ – ეს ედუარდ შევარდნაძის ფსიქოლოგიური თავდაცვა გახლდათ და თავდაცვის ის სახე,   რომელსაც ფსიქოლოგიაში „პროექცია“ეწოდება და გულისხმობს საკუთარი თვითარსის სხვისთვის მიწერას – ანუ ეს იყო პროვინციაში დაბადებული და გაზრდილი არა გლეხი კაცის (ქართველი გლეხკაცი, რუსი „მუჟიკისგან“ განსხვავებით,  თავისი ღირსებით არასოდეს ტოლს არ უდებდა თავადსა და აზნაურს), არამედ ბოგანოს კომპლექსი, რომლისგანაც განთავისუფლებას ცდილობდა შევარდნაძე დედაქალაქში,  დედითაც და მამითაც კეთილშობილი გვარეულობის ოჯახში გაზრდილი დენდისა და რაფინირებული ინტელიგენტის წინააღმდეგ ღია და ფარული ბრძოლით; პროვინციალის კომპლექსის დაძლევასვე ემსახურებოდა მის მიერ „თბილისელების“ ერთობის სახელით დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში კრიმინალური  ბანდების – ეგრეთ წოდებული უბანთა „საძმოების“ დაარსება, რომლებიც, გასული საუკუნის დამდეგს შემოღებული „ქალაქელის“ თბილისურ–სომხური მოდელის ანალოგიით იქმნებოდა და შევარდნაძემ შეძლო მათი ამოქმედება, სუკ–ის მიერ შექმნილ „მხედრიონთან“ და კიტოვანის გვარდიასთან ერთად,  ეროვნული ძალების წინააღმდეგ.

      პირველი უმთავრესი დავალების შესრულების შემდეგ დღის წესრიგში დადგა მეორე დავალების შესრულება, იმისა, რის თაობაზეც კრემლი დაემუქრა გამსახურდიას, როდესაც მან უარი განაცხადა დსთ–ში გაწევრიანებაზე – აფხაზეთისა და შიდა ქართლის მირთმევა სიუზერენისათვის!

     ისევ შევარდნაძის ყოფილ თანამოაზრეებს და თანამზრახველებს მივცეთ სიტყვა, თუ როგორ შეჰყავდა მას საქართველო დსთ–ში, და როგორ მიართმევდა რუსეთს შიდა ქართლსა და აფხაზეთს – აი, რას იხსენებს თენგიზ სიგუა დსთ–ში შესვლასთან დაკავშირებით:

      „დსთ  შევარდნაძის გამყიდველური პოლიტიკის პირმშოა – 6 თვე დასჭირდა, რომ თავისი უმრავლესობა დაეთანხმებინა დსთ-ში შესვლაზე. პირველად, 27 აგვისტოს თქვა ღიად ამის შესახებ; სოხუმის დაცემის დღეს, ჩვენს უბედურებაზე სურდა თამაში, იმ უბედურებაზე, რაც თვითონ შექმნა; აღარ მინდა გახსენება ქართული ჯარის განიარაღების და სოხუმში ხალხის დაბრუნების, სასწავლო წლის დაწყების შესახებ… მეტსაც გეტყვით, იყო ასეთი დეპუტატი საშა ბერიძე, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა და 4 მარტს ასაფლავებდნენ. მე ვერ მოვახერხე მისამძიმრება და შესვენების დროს გადავწყვიტე, დასაფლავებისთვის მიმესწრო. ჩავდივარ კიბეზე და რას ვხედავ, საშა კიბეზე ამოდის. მივუსამძიმრე, თქვენსკენ მოვდიოდი-მეთქი; იუხერხულა, რა ვქნა, შევარდნაძემ დარეკა, მანქანა გამოგზავნა, კენჭისყრას აუცილებლად უნდა დაესწროო. ზურა წერეთელი, მაშინ ჩვენი დეპუტატი იყო, ვორონეჟში მოძებნეს, მოსკოვში ჩააფრინეს და მხოლოდ თბილისში უთხრეს, რატომაც იყო გამოძახებული. ასე, თითო-თითოდ აგროვებდა შევარდნაძე დსთ-ში შესასვლელ ხმებს… მაშინ მარგიანი ავთო ვიცე-პრემიერი იყო და მოსკოვში გავუშვი სურსათის შემოტანაზე ხელშეკრულებების დასადებად. დააგვიანა დარეკვა, უცებ ადვაძე მირეკავს, ჩვენი ელჩი იყო მაშინ რუსეთში და მეუბნება, მარგიანი მინსკში გაფრინდა დსთ–ის სამიტზე შევარდნაძის დავალებითო. ჩამოვიდა და საბუთები ჩამოიტანა მთავრობის სხდომაზე გასატანად.“ (საინფორმაციო სააგენტო “ფაქტი”, მანანა იაშვილი, 23.8.2008 წელი)

       ახლა ვნახოთ, შიდა ქართლის შესახებ რას გვაუწყებს სიგუა:

     “შევარდნაძის მიერ ხელმოწერილი დაგომისის ხელშეკრულების გამყიდველური პოლიტიკის შედეგებს ახლა ვიმკით! 1992 წელს შევარდნაძემ დაგომისში მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჩიკვაიძე იახლა და ხელი მოაწერეს სრულიად კაპიტულანტურ ხელშეკრულებას. სწორედ მაშინ დადგინდა აბსურდული ოთხმხრივი სკკ, რომელშიც შედიოდა რუსეთი, საქართველო, “სამხრეთი ოსეთი” და ჩრდილო ოსეთი. აი, ეს ჩრდილო ოსეთი რაღა იყო, ის ხომ რუსეთის ნაწილია, მაგრამ უმცირესობაში გვაქცევდნენ და ასეთ აბსურდზე მოაწერა ხელი მაშინ შევარდნაძემ. ამდენი წლები ვიმკიდით მისი გამყიდველური პოლიტიკის შედეგებს და ახლაც ვიმკით.“ (იქვე)

     რაც შეეხება აფხაზეთის ჩაბარებას, მოვლენათა ცხელ კვალზე ასე აღწერდა  თენგიზ სიგუა ამ მოვლენებს (გაზ „ივერია“ №38 1994 წ.):

     „გახსოვთ სახელმწიფო მეთაურის განცხადება, რომ იგი ბოლო დატოვებს სოხუმს, სანამ უკანასკნელი კაცი არ დატოვებს, არ გამოვა… – 30 ათასი ადამიანი უპატრონოდ იქნა მიტოვებული… შემოყვანილი იქნა 1000 კაცი ადმირალ ბალტინის ხელმძღვანელობით და იგივე 50 ჯავშანტექნიკა აფხაზეთის მთლიანად დაკარგვის, ათასობით კაცის სიკვდილის, ასობით ათასი ლტოლვილის გაჩენის შემდეგ… ეს იყო ჩაფიქრებული გეგმა – მთავარი საკითხი გერმანიიდან გამოყვანილი სამხედროების სოციალური უზრუნველყოფის საკითხია. მილიონიანი არმია ყავდა რუსეთს გერმანიაში განლაგებული. გადაწყდა გამოყვანა, დაიწყო კიდეც. მათი დიდი ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიაში, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეში ყოველგვარი სოციალური პირობების გარეშე იმყოფება, 15 ათასამდე ოფიცერმა კარვების ქალაქში გაატარა 2 ზამთარი. საჭიროა რუსეთისათვის ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა… გადაწყვეტილება ასეთია, რომ ნაწილი ამ ოფიცრებისა უნდა ჩასახლდნენ გუმისთიდან ფსოუმდე. ეს არის გეგმის ძირითადი მიზანი. ამ გეგმის განხორციელებას შეეწირა აფხაზეთი!“

        აფხაზეთის სამსხვერპლოს თაობაზე უტყუარ ცნობებს გვაწვდის შევარდნაძის კიდევ ერთი ყოფილი თანამებრძოლი, უშიშროების ყოფილი მინისტრი ანზორ მაისურაძე, რომელიც ირწმუნება, რომ სწორედ შევარდნაძის ხელდებით შევიდა განჯაში განლაგებული 345-ე პოლკი  აფხაზეთში, რომელმაც გაგრაში დახოცა ქართველები:

       „ომის დასრულების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო აფხაზეთის ომზე, – აცხადებს ის ერთ–ერთ ინტერვიუში და საიდუმლოს უმხელს ჟურნალისტს – ამ საკითხთან დაკავშირებით დამკითხა ალექსანდრე შუშანაშვილმა, მას ჰქონდა აფხაზეთის საქმე გამოსაძიებელი. 2-საათნახევარი მკითხავდა. დაკითხვიდან რომ გამოვედი, ვუთხარი, ალე, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან-მეთქი. ერთი მითხარი, ვინ არის ამ საქმეში მთავარი დამნაშავე, არავის არ ვეტყვი არაფერს-მეთქი. გაიხედ-გამოიხედა, ნახა, მარტო ჩვენ ვიყავით, შეხედა შევარდნაძის სურათს და ასე თქვა, ამის ბრალიაო… ჩამოვართვი ხელი და წამოვედი. ვუთხარი, რომ ამას არავისთან არ ვიტყვი მეთქი. არც არასოდეს არ მითქვამს, სანამ ცოცხალი იყო. ამას ახლა თქვენ გეუბნებით, უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ.“ (თამთა ქარჩავა, გაზეთი ”რეზონანსი”http://www.ambebi.ge/ 10:21 / 28-07-2010)

     ესე იგი, რა გამოდის – შევარდნაძემ პირნათლად მოიხადა თავისი ვალი რუსეთის განახლებული იმპერიის წინაშე: ჩააბარა  საქართველოს ძირძველი ტერიტორიები – აფხაზეთი და სამაჩაბლო, ხოლო   ჩვენ საჯაროდ ვერ გაგვიბედავს ჩადენილ ბოროტმოქმედებათა  მხილება, ვიდრე ცოცხლები არიან ამ მოვლენების თანამზრახველნი და თანამონაწილენი. ამასობაში კი ზის მთავარი მანქურთი  მორჭმით კრწანისის რეზიდენციაში და რჩევა–დარიგებებს აძლევს საქართველოს საბოლოოდ დასაღუპავად  გამოზრდილ და დაფრთიანებულ ოფიციოზისა და ოპოზიციის რიგებში ჩამდგარ სამშობლოდავიწყებულ ახალგაზრდა მანქურთებს, რომელთაგან ერთნი რუსულ გზას ადგანან და მეორენი – ანგლო–ამერიკულს; ხოლო მისი გენეტიკური შთამომავალი პატარა მანქურთი ბაბუასავით ჩრდილოეთის ცას იფიცავს და დითირამბებს უმღერის დიდ რუსეთსა და მოსკოვს, რომლის ბადალი ქალაქიც არსად მოიძევება დედამიწის ზურგზე!

 

 

  საბა იბერი, „იბერიანასთვის“, 5/10 – 2011

 

 

***

 

სამშობლოსათვის წამებული რაინდი – ზვიად გამსახურდია

და ჯვარზე გაკრული საქართველო

(წერილი მესამე)

 

 

უკვდავ თანამემამულეთა პირველ სამეულში

2009 წლის გაზაფხულზე საქართველოს ტელევიზიაში განხორციელდა ბრიტანული პროექტი “გამოჩენილი თანამემამულეების შესახებ”, სადაც ქართველმა ერმა ყველა დროის გამოჩენილ შვილთა შორის ღირსეული ადგილი მიანიჭა თავის პირველსა და ერთადერთ ჭეშმარიტ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას – დავით აღმაშენებლისა და ილია ჭავჭავაძის გვერდით დაუმკვიდრა ადგილი!

ხალხმა გულწრფელად გასცა პასუხი თანამედროვე პოეტის ნატვრას, რომელიც თავის ერთ ლექსში ქართველთა ისტორიულ ორ დედაბოძად, ორ სვეტად, სწორედ დავითსა და ილიას გულისხმობდა და მესამისკენ ჰქონდა მოლოდინის თვალი მიპყრობილი: „ღმერთო, გვაღირსე მესამე სვეტი!“

მიუხედავად იმისა, რომ თვით პოეტს არ ეყო გულისხმა ამ მესამე სვეტის შესაცნობად, ქართველმა ერმა უპირობოდ შერაცხა თავის „მესამე სვეტად“ ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი და სამშობლოს ორსაუკუნოვანი მონობისაგან დამხსნელი რაინდი – ზვიად გამსახურდია! 2009 წლის 31 მარტს, დაბადებიდან 70 წლის აღსანიშნავად, მადლიერმა თანამემამულეებმა ღირსეული საჩუქარი მიუძღვნეს თავიანთ პრეზიდენტს – ჩარიცხეს საქართველოს ყოველი დროის უკვდავ შვილთა პირველ სამეულში!

 

მებრძოლი სულით – სიჭაბუკიდან სიჭარმაგემდე

(ორი ფრაგმენტი ბიოგრაფიიდან)

ანჩისხატის ტაძრის დეკანოზი, მამა რევაზი იგონებს:

„მაშინ ჯერ არ ვიყავი მღვდლად ნაკურთხი. ვარ საპარიკმახეროში და იქვე, ჩემს გვერდით, 12–13 წლის ყმაწვილი ზის. მოულოდნელად შემოდის ვიღაც უცნობი პირი და ყველას გარეთ გვერეკება, – რუსი გენერალი მობრძანდება და დაცალეთ საპარიკმახეროო. ყველანი მორჩილად ვდგებით, იმ ერთი ბიჭის გარდა. მარტო ის ბიჭი არ ინძრევა – ჩაფრენია სავარძლის სახელურებს და ცოცხალი თავით არ გადის გარეთ. ერთმა ოფიცერმა სცადა მისი ძალით გაყვანა და ბიჭმა ისეთი ალიყური სტკიცა, ქუჩაში გაისმა ლაწანის ხმა. ბოლოს ეს ყმაწვილი სავარძლიანად გამოსვეს გარეთ და პირდაპირ „კ.გ.ბ.“ –ში გააქანეს. ეს პატარა ბიჭი გახლდათ ზვიად გამსახურდია. როდესაც ბატონი კონსტანტინე მიუყვანიათ „დამნაშავესთან“, მათ დასანახად მამას დაუტუქსავს შვილი, ხოლო, თვალს მიფარებიან თუ არა, მხარზე დაუკრავს ხელი და შეუქია – ყოჩაღ, შვილო, ნამდვილი ვაჟკაცი მეზრდებიო!“

კიდევ ერთი მოგონება, იმავე ტაძრის მღვდელმსახურის, მამა ნიკოლოზის:

„ზვიად გამსახურდიას თავგანწირული სულისკვეთება საყოველთაოდ ცნობილია. მაგრამ ისიც უნდა ითქვას ხაზგასმით, რომ მას საკუთარი ოჯახიც არ ეზოგებოდა. ერთ ასეთ შემთხვევას გავიხსენებ: ბათუმში ბაპტისტური ეკლესიის დაბრუნების მცდელობა გვქონდა. ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდი გახლდათ და მთელი აჭარის მილიცია იყო ამ საქმეზე მობილიზებული. მოთავეებს დარბევის აშკარა საფრთხე ელოდათ. როცა შევიტყვე, ზვიადი ოჯახთან ერთად აპირებდა ჩამოსვლას, გავაფრთხილე, რომ ეს მთლად უხიფათო არ იყო. მან მშვიდად მომიგო: – ქრისტეს სადიდებელ საქმეში ჩემი ოჯახი როგორ დავინდო, დაგვხოცავენ და დაგვხოცონ, ქრისტესათვის შეწირულნი არც პირველნი ვიქნებით და არც უკანასკნელნიო!“

 

საქართველოს სულიერი მისია

ქრისტესთვის თავშეწირვა ისევე იყო უპირველესი მცნება ზვიად გამსახურდიასათვის, როგორც მისი დიდი წინაპრის – ვახტანგ გორგასლისათვის, რომელიც ამბობდა: „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა“! და მეორეს მხრივ, სამშობლოსთან მიმართებაში, ზვიადსაც იმავე ღირსებით შეეძლო ეთქვა: „როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა“, როგორც მისმა წინაპარმა პოეტმა თქვა. აქედან გამომდინარე, ყოველი მისი ქმედება განსახილველი ხდება იმ იდუმალი ღვთაებრივი ფიქალის მსახურებაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძემ დააწერა: „მამული, ენა, სარწმუნოება“!

ქრისტეს სამსახურში გაღებული ღვაწლის მიხედვით ზვიად გამსახურდია საგანგებო როლს ანიჭებდა თავის სამშობლოს. მას მიაჩნდა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას საგანგებო სულიერი მისია ეკისრებოდა უფლისა და კაცობრიობის წინაშე. იგი თამამად აცხადებდა: „სახარების მიხედვით, სულიწმინდის მისია არის კაცობრიობის ცოდვათა, ანუ „ყველა ენათა“ ცოდვების მხილება. იგივე მისია ეკისრება ქართველ ერს მომავალში, რადგან საქართველო არის წილხვდომილი ღვთისმშობლისა“.

ამდენად, გამსახურდიასთვის მთავარი იყო, არ დაეჩლუნგებინა ხმალი სულიერ ბრძოლაში, ჭეშმარიტი სარწმუნოების დასაცავად! მან თავისი ერის სახელით თქვა უარი კონფესიური პროზელიტიზმის იმპორტზე და მთელი მოწინავე კაცობრიობის წინაშე აღიარა, რომ საქართველოს მოსახლეობის 95 პროცენტი მართლმადიდებლობის აღმსარებელია და არ საჭიროებს სხვა „ქრისტიანული“ კონფესიებისა და სექტების სამისიონერო დახმარებას და უარი უთხრა მათ მრავალრიცხოვან წარმომადგენლებს საქართველოში შემოსვლაზე“. ის უშიშრად აღიარებდა, რომ ანტიქრისტიანულ ძალთა „ მიზანია გაანადგურონ ერის ცნება საერთოდ, დამოუკიდებელი სახელმწიფოები და შექმნან ერთიანი მსოფლიო კონგლომერატი სათავეში მსოფლიო ხელისუფლებით. ამ მსოფლიო მთავრობამ უნდა დააყენოს ე.წ. ახალი მსოფლიო წესრიგი…რელიგიას ისინი არ ანიჭებენ მნიშვნელობას“!

 

დინების საწინააღმდეგოდ

რადგან ძლიერნი ამა ქვეყნისანი არა მარტო რელიგიას, ეთნოსსაც არ ანიჭებდნენ არავითარ მნიშვნელობას, საქართველოს მომავალ პრეზიდენტს, რომლისთვისაც ძვირფასი იყო ზოგადქრისტიანული იდეალები და არანაკლებ ძვირფასი – ეროვნული, ორმაგი ძალისხმევა მართებდა, რათა საქართველო გამოეხსნა რუსეთის იმპერიული დაქვემდებარებისაგან.

მაგრამ ეს საკითხიც უკვე გადაწყვეტილი იყო გორბაჩოვ–შევარდნაძისა და ბუშ–ბეიკერის 1989 წლის დეკემბრის მალტის შეხვედრაზე, სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიისპირელებს აენთოთ „მწვანე შუქი“ (რასაც გრომიკომ მოგვიანებით „პოლიტიკური და დიპლომატიური ჩერნობილი“ უწოდა), ხოლო დანარჩენი რესპუბლიკები „პერესტროიკულად“ გადაკეთებულ საბჭოთა კავშირში უნდა დარჩენილიყვნენ. გამსახურდია საქართველოს თავისუფლების ლოზუნგით „კრემლსა“ და „თეთრ სახლს“ერთდროულად დაუპირისპირდა.

ცხადია, „ახალი მსოფლიო წესრიგის“ მესვეურებს არ მოეწონებოდათ ზვიად გამსახურდიას თამამი განცხადებები და აშშ–ის პრეზიდენტმა მამა–ბუშმა მის ქმედებას „დინების საწინააღმდეგო ცურვა“ უწოდა, რაზეც გამსახურდიამ არანაკლები სითამამით უპასუხა: „დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან!“

გარე თუ შიდა ძალებთან წარმოუდგენელი წინააღმდეგობის ფასად, არ მოაწერა ხელი მოდერნიზებული საბჭოთა კავშირის ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას და ამის საპასუხოდ საქართველოსთვის თავს დატეხილი დიდი ომის ჟამს, მაინც მიაღწია იმას, რომ ტყვიების ზუზუნში, ეგრეთ წოდებულ ბუნკერში ჩამწყვდეული საქართველოს თავისუფლება ცნო 33–მა ქვეყანამ!

საპრეზიდენტო სტრატეგია

ისინი, ვინც ასე თუ ისე, აღიარებდნენ გამსახურდიას სამეცნიერო ღვაწლს, ხშირად უწუნებდნენ მას პოლიტიკურ თვალსაწიერს და მიიჩნევდნენ, რომ იგი არ უნდა შედგომოდა პოლიტიკოსის გზას, რადგან პოლიტიკა თურმე სხვაგვარ მომზადებას ითხოვს ადამიანისაგან.

უმრავლესობამ, ცხადია, არ უწყოდა, რომ ზვიად გამსახურდია საქართველოს სახვალიო დღეს აგებდა ისტორიის სვლასთან სრული შესატყვისობით, რადგან მას გარკვეული ჰქონდა საბჭოთა ქვეყნის მომავალი აღსასრული დროსთან სრული შესატყვისობით.

ამის საუკეთესო დასტურია ისტორიული ფაქტი: 60–იანი წლების ბოლოს მასთან „კოლხურ კოშკში“ სტუმრობდა ცნობილი დისიდენტი ანდრეი ამალრიკი, რომელმაც 1969 წელს გამოაქვეყნა თავისი ცნობილი ნაშრომი : „იარსებებს თუ არა საბჭოთა კავშირი 1984 წლამდე“, სადაც დიდი სიზუსტით იყო აღწერილი ქვეყნის დაშლის სურათი, პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზებიდან გამომდინარე. ამალრიკი სულ რამდენიმე წლით შეცდა და ამ ფაქტების მიხედვით, ყველაზე სკეპტიკოსი ოპონენტისთვისაც კი სრულიად გასაგები უნდა იყოს, რომ გამსახურდიას წლების კი არა, თვეების მიხედვით ექნებოდა გამოთვლილი პოლიტიკური სტრატეგია იმპერიის ნანგრევებში მოყოლისაგან საქართველოს გადასარჩენად!

 

დამოკიდებულება ეროვნულ უმცირესობებთან

გარეშე და შინაური მტრები ზვიად გამსახურდიას ხშირად აბრალებდნენ ნაციონალურ შეუწყნარებლობას – თითქოს მას ეკუთვნოდა ლოზუნგი: „საქართველო ქართველებისთვის“, ვიდრე არ გაირკვა ამ სიტყვების პირველწარმომთქმელის – გენერალ–პოლკოვნიკ როდიონოვის ავტორობა, რომელმაც, როგორც აღმოჩნდა, გაზეთ „ლენინსკოე ზნამიაში“ 1989 წლის 16 ივლისს მიაწერა გამსახურდიას მსგავსი ლოზუნგის მიტინგზე გამოტანის ბრალდება.

არადა, ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებენ: პრეზიდენტად არჩევიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ თავის კაბინეტში მიღება გამართა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის. ერთ–ერთ ასეთ დელეგაციას – საქართველოში მცხოვრები რუსების ჯგუფს – წინ მიუძღოდა რუსი საეკლესიო პირი, არქიმანდრიტი რაფაელი. აი, მისი მონათხრობი, შეხვედრის შთაბეჭდილებებზე:

პრეზიდენტმა ძალიან გულთბილად მიგვიღო, ჩემთან ერთად იყვნენ აქაური რუსული ინტელიგენციის წარმომადგენლები: პედაგოგები, მეცნიერები, ხელოვნების მუშაკები… მასპინძელმა ყველას გამოჰკითხა – რა ულხინთ, რა უჭირთ, ხომ არავის ავიწროვებენ; რით შეუძლია, რომ დაეხმაროს. იმან კი უთხრა, მაგრამ ამათ რა უპასუხეს?! ამათი აზრები სულ მიწიერს უტრიალებდა: საბინაო პრობლემებიდან დაწყებული, პირადი მოხმარების საგნებით დამთავრებული…არცერთი სათხოვარი კუჭის დონეს არ გასცილებია. განა შეიძლება პრეზიდენტის შეწუხება ამგვარი საკითხებით? გამსახურდია დიდი მოთმინებით და გულისხმიერებით უსმენდა მათ, გულთბილადაც გამოეთხოვა და კეთილი დაპირებებითაც გამოისტუმრა, მაგრამ მე ყურადღებით ვაკვირდებოდი და მისი გამომეტყველება იერსახით მამცნობდა, რომ მას ებრალებოდა ეს პატარა ადამიანები!”

ვისაც მამა რაფაელის ქადაგებები წაუკითხავს ან მოუსმენია, უწყის, რომ მამა რაფაელს ზერელე დასკვნების გაკეთება არ სჩვევია და განუსჯელად არასოდეს აფასებს პიროვნებასა თუ მოვლენებს!

უმადური კომუნისტები

 

1991 წლის ცნობილი აგვისტოს პუტჩის შემდგომ საქართველოს უზენაესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება, რათა გაეუქმებინა კომუნისტური პარტია, მის მიერ წარსულსა და უახლოეს აწმყოში (9 აპრილი, ვილნიუსი, ბაქო) ჩადენილ ქმედებათა გამო, რასაც, ბუნებრივია, უნდა მოჰყოლოდა კომუნისტური პარტიის სიით არჩეული დეპუტატების დათხოვნა მაშინდელი საკანონმდებლო ორგანოდან – უზენაესი საბჭოდან.

მაგრამ დახეთ გამსახურდიას – დადგენილების მიღებიდან მეორე დღესვე მან დაიბარა კომუნისტური სიით გასული დეპუტატები და უზენაესი საბჭოს მცირე დარბაზის ტრიბუნიდან დაუყვავა მათ და სთხოვა, პირად ანგარიშსწორებად არ მიეღოთ ეს ნაბიჯი. საგანგებოდ განუმარტა მათ, რომ მან კარგად უწყოდა – ისინი იდეური მარქსისტები კი არ იყვნენ, არამედ პარტბილეთი ჯიბეში პურის წიგნაკის მნიშვნელობით ედოთ და თითოეული მათგანის ცოდნა და გამოცდილება სჭირდებოდა დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარ საქართველოს; და რომ თანხმობის შემთხვევაში არცერთი მათგანი არ დარჩებოდა სახელმწიფო მართვის სადავეებს მოწყვეტილი – რა სამსახურსაც ხელს დაადებთ, იმ სამსახურში ჩაგაყენებთო – დააიმედა ისინი პრეზიდენტმა.

იმ დღეს სტუმრებმა სიტყვებით გამოხატეს კმაყოფილება, მაგრამ მოგვიანებით არცერთ ნაკომუნისტარს არ უხსენებია მადლიერებით ეს შემთხვევა; პირიქით, მომავალში მათი უმეტესობა გადაბარგდა იმ ოპოზიციის რიგებში, რომელმაც შევარდნაძეს გაუკვალა გზა საქართველოში ეროვნული ხელისუფლების დასამხობად.

 

„არმაგედონი“

პრეზიდენტი, რომლის ბადალსაც ნებისმიერი დიდი და ძლევამოსილი ქვეყანა ინატრებდა, ვერ შეიღირსია ქართველობამ და 1991 წლის 21 დეკემბერს, ზუსტად 20 წლის წინ, იმ დღეს, როდესაც მან არ გააგზავნა ელჩები ყაზახეთში ახალ ბატონყმურ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად, საკუთარმა მე–5 კოლონამ თავს მოახვია სიუზერენისაგან წაქეზებული ომი. მაგრამ ვერც ამ ომმა შეცვალა პრეზიდენტის გულისთქმა – ის გულშემატკივრულად არიგებდა თანამემამულეებს:

„…თუკი მოყვასი ზარბაზანს გვესვრის, ჩვენ ნუ ავიღებთ მახვილს, სიყვარული შევაგებოთ მის სიძულვილს და ყვავილები ვესროლოთ.“ მხოლოდ მან უწყოდა, რომ საქართველოში დიდი არმაგედონი დაიწყო – ანტიქრისტიანულ ძალთა გამძვინვარებული ბრძოლა ქრისტეს ეკლესიის, ქართველი მართლმადიდებელი ერის წინააღმდეგ, და რომ ეს ბრძოლა უმთავრესად სულიერი ბრძოლა იყო და არის დღესაც!

პრეზიდენტის მოწინააღმდეგენი დღემდე სამოქალაქო ომად ხმობენ ამ დაპირისპირებას, მაშინ, როდესაც ყველა ოპოზიციონერი, ქართველი სამხედროცა და საერო პირიც, კრემლის დავალებას ასრულებდა, რის მიხედვითაც ომი იყო სამამულო – სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის!

 

ომის შედეგების ზვიად გამსახურდიასეული წინასწარმეტყველება:

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს:

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით … ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ… ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება – შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეირაღებული ბანდის ხელში… მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზები, კომუნიკაციები… საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია… საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას…“

ეს სიტყვები სრულად აუხდა ქართველობას – მარტო სისხლიანი მიტინგები რომ ჩამოვთვალოთ: დაიხვრიტა 3 და 7 იანვარს – „დიდუბისა“ და „დელისის“ მეტროსთან, 2 თებერვალს – 200000–იანი მიტინგი ცირკთან; 5–ჯერ დაატყდა რეპერსიები სამეგრელოს, მთლიანად გადაითელა და გაპარტახდა საქართველო კახეთიდან აფხაზეთამდე – შევარდნაძის დიდი ღამე დადგა საქართველოში!

 

პიროვნული და იდეოლოგიური მტრის, ედუარდ შევარდნაძის, პირისპირ

 

წინა წერილში(„ეროვნული ხელისუფლების დამარცხების მეოცე წლისთავი – წერილი მეორე: „მთავარი მანქურთი და მსხვერპლად შეწირული საქართველო“ აღვნიშნე და აქ აღარ გავიმეორებ, იდეოლოგიურთან ერთად რა პიროვნული მოტივები გააჩნდა ედუარდ შევარდნაძეს ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ საბრძოლველად – აქ მხოლოდ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მოგახსენებთ მათი შედარებითი ბიოგრაფიის ფრაგმენტებს იმის სამხილებლად, თუ კრემლისგან ათეულ წლობით მხარდაჭერილ რა ძალასთან უხდებოდა ზვიად გამსახურდიას დაპირისპირება:

ა) ზვიად გამსახურდია აღმერთებდა ქართულ ენას, ავითარებდა იოანე ზოსიმეს მიერ გამოთქმულ ქართული ენის მისიის ღვთივგანპირობებულობის თვალსაზრისს, იბრძოდა ქართული ენის სიწმინდისათვის;

ედუარდ შევარდნაძე ნერგავდა ქვეყანაში რუსულ ენას; საქართველოს, როგორც ლაბორატორიას იყენებდა ამ ენით ერთაშორისი ურთიერთობის დასამყარებლად, და 1978 წლის 14 აპრილს იღვწოდა ქართული ენისათვის სახელმწიფო სტატუსის ჩამოსართმევად.

ბ) ზვიად გამსახურდია იდგა სსრკ–ის დაშლის საძირკველში – საქართველო არ შეიყვანა განახლებული რუსული იმპერიის შემადგენლობაში – დსთ–ში,

ედუარდ შევარდნაძეს საქართველოში დაბრუნების უმთავრეს მოვალეობად დაკისრებული ჰქონდა საქართველოს დსთ–ში შეყვანა, რაც წარმატებით განახორციელა!

გ) ედუარდ შევარდნაძემ დადგა საქართველოს მოღალატის – სერგო ორჯონიკიძის ძეგლი,

ზვიად გამსახურდიამ აიღო საქართველოს მოღალატის – სერგო ორჯონიკიძის ძეგლი.

დ) ზვიად გამსახურდიას დროს დაკანონდა ქართული საფეხბურთო გუნდებისთვის ეროვნული სახელწოდებები,

ედუარდ შევარდნაძემ საქართველოში ჩამოსვლისთანავე დაუბრუნა გუნდებს პირვანდელი საბჭოთა სახელწოდებები.

ე) ზვიად გამსახურდიამ გააუქმა უკანონო წარმონაქმნი – სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და ეს ცვლილება აღიარებინა რუსეთს,

ედუარდ შევარდნაძემ დაგომისის ხელშეკრულებით გაასხვისა ისტორიული შიდა ქართლი;

ზ) ედუარდ შევარდნაძემ გაიყვანა როკის გვირაბი და ნაღმი ჩაუდო საქართველოს სუვერენიტეტს,

ზვიად გამსახურდიამ სცადა როკის გვირაბის აფეთქება, მაგრამ ისე მყარად აეშენებინა ის შევარდნაძეს, რომ ვერაფერს გახდა;

ვ) ზვიად გამსახურდიამ აფხაზეთში საფუძველი ჩაუყარა მშვიდობიანი ერთობლივი თანაცხოვრების პოლიტიკას, ამასთანავე, 1993 წელს ხელი არ მოაწერა რუსეთთან ერთად აფხაზეთის გაკონტროლებას, რის ფასადაც შეეძლო მშვიდობიანად დაებრუნებინა პოლიტიკური ხელისუფლება;

ედუარდ შევარდნაძემ მკვიდრი ქართველები 300000 კაცის ოდენობით დევნილებად აქცია საკუთარ სამშობლოში და მშობლიურ მიწა–წყალზე დასაბრუნებელი ფეხი ამოუკვეთა.

თ) ზვიად გამსახურდიამ თქვა შინაურ მტერზე: „ვესროლოთ ყვავილები“!

ედუარდ შევარდნაძემ იარა გვამებზე, ვიდრე სულ მთავარ სამიზნემდე არ მივიდა: ხოცა ჯერ შინაური წრიდან – კობახიძეები, პატარიძეები, ხაბეიშვილები; მერე თვითმფრინავის ბიჭები და სატანას მსხვერპლად მიუტანა საქმეში გაურეველი უდანაშაულო მღვდელი; 9 აპრილს მომიტინგეთა დასასჯელად თვითმფრინავიდან გასცა ბრძანებები; დაუკვეთა გია ჭანტურიას მკვლელობა; იყო ხობში კვირაიას დახვრეტის თანამონაწილე; ჟიული შარტავა მძევლად დაუტოვა მტარვალებს ხელში და ბოლოს თვით ზვიად გამსახურდია მოაკვლევინა!

 

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?

დღეს ზვიად გამსახურდიას კეთილისა და ავის მოსურნენი ერთნაირად ცდილობენ გარკვევას – მკვლელობით დასრულდა პრეზიდენტის სიცოცხლე თუ თვითმკვლელობით. ცხადია ყველა სამხილი მკვლელობაზე მიუთითებს, მაგრამ ერთი წუთით რომ დავუშვათ, ის უზარმაზარი „სტეჩკინი“ თავად მიებჯინა პირისახეზე და იმ წარმოუდგენელი ტრაექტორიით გაესროლა კიდეც – არავის უცდია გარკვევა, თვით ასეთ შემთხვევაშიც კი აგებდა თუ არა ის უფლის წინაშე პასუხს თვითმკვლელობისათვის?!

ცნობილია, როდესაც ქალი საკუთარი ღირსების შენარჩუნებისთვის იკლავს თავს, ის სასოწართმეულ თვითმკვლელად არ ითვლება – ასე მოიკლა გმირმა ქართველმა ქალმა შუშანმა თავი, ხაზართა მეფის თანამეცხედრე რომ არ გამხდარიყო – ბეჭდის თვლიდან დალია საწამლავი; იგივე ქმედება არ ეთვლება ცოდვაში კაცს, როდესაც სხვათა გადასარჩენად იკლავს თავს – საყოველთაოდ ცნობილია, როგორ იხსნა ამ გზით ფორე მოსულიშვილმა 16 კაცი და ეს იყო გმირობა და არა სულმოკლეობა; რაზმის მეთაურის ნაცვლად იგი წარუდგა ფაშისტებს სიტყვებით: „მეთაური მე ვარ, თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია!“ და მათ წინაშე მოიკლა თავი, რითაც 16 კაცს შეუნარჩუნა სიცოცხლე!

ამდენად, სავსებით ზედმეტია, მკვლელობისა და თვითმკვლელობს ვერსიების მტკიცებისათვის თავგამოდება – ზვიად გამსახურდიას თავიც რომ მოეკლა, ეს იქნებოდა არა თვითმკვლელობა, არამედ ყველა მისი თანამდგომის – მოკიდებული დაცვის ბიჭებიდან, უბრალო ადეპტამდე – გადარჩენა, რომელთაც პრეზიდენტის თანადგომისა და თანახლებისთვის დღითა და ღამით იარაღით ხელში სდევდა შევარდნაძის ხელისუფლება.

 

ლხინი ჟამიანობის დროს

საზეიმო თარიღის აღნიშვნაში აისახა ავბედითი სიმბოლო – შობის წინა დღით განიდევნა პრეზიდენტი სამშობლოდან და შობის წინა საღამოსვე დაიწყო ამ მოვლენის საზეიმოდ აღნიშვნა. მამა ვახტანგი (მარგიანი) იგონებს ამ განსაკუთრებული დღის მოვლენებს:

„შაბათს, 6 იანვარს, წავედი, რათა მიმეღო მონაწილეობა საშობაო წირვა–ლოცვაში. მოვიდა ილია მეორე ძალიან კარგ ხასიათზე სამღვდელოებასთან ერთად, მაგრამ სიონს აშკარად დაეტყო ხალხის ნაკლებობა. თვალში საცემი გახდა – ხალხმრავალი სიონი აღარ იყო …7 იანვარს ილია მეორემ დამპატიჟა ბანკეტზე. ის ბანკეტს აკეთებს დღესასწაულის დღეებში. თითქმის თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბანკეტი ჩატარდა, მაგრამ უკვე მათთვის სულ არ იყო შობა მნიშვნელოვანი დღესასწაული…ულოცავდნენ ილია მეორეს, ვინაიდან ილია მეორეს ლოცვით იყო, რომ განიდევნა გამსახურდია საქართველოდან…ერთი სიტყვით, ილია მეორეს გამარჯვებას ულოცავდნენ, ულოცავდნენ გამსახურდიას დამხობას. (“ახალი თაობა” 1999წ. 13. 04.)

ეს იყო მხოლოდ დასაწყისი – დასაწყისი ანტიეროვნულ ძალთა ზეობისა საქართველოში. ამ დღიდან გაგრძელდა ლხინი ჟამიანობის დროს. ეს ვითარება ძალიან წააგავდა ორი საუკუნის წინანდელ ხანას, რომლის ფსიქოლოგიური სურათი ხატოვნად აქვს აღწერილი სანდრო ახმეტელს ბარათაშვილზე დაწერილ ესსეში:

„… საქართველო, როგორც საქართველო, როგორც სიმბოლო თავისუფლებისა, მოკვდა, როცა საქართველოს მზე ჩაესვენა და ერს მისი უმაღლესი წმიდათაწმიდა უფლება, მისი დამოუკიდებლობა ხელიდან გამოეცალა. მოიგონეთ იმ დროის ქართველნი… განა ჩვენ გვესმის მათი კვნესა, ვაება და ტანჯვა. განა მაშინდელი ქართველნი მოსთქვამდნენ და სტიროდნენ, ვითარცა ებრაელნი მდინარეთა ბაბილონისათა. განა ამ საშინელ, ულმობელ დროს ქართველი ცრემლითა რწყავდა დაობლებულს, მიწასთან გასწორებულს სამშობლო მიწა–წყალს?.. მოიგონეთ ბარათაშვილის დროს სიცილი და ხარხარი, ლხინი და კისკისი, გეგონებათ, საქართველო სტკბება უბედნიერესი წამებით. მხოლოდ მგოსანი გულჩათხრობილი გლოვობს. მისი სული, ვით სპეტაკი სული მთელი ერისა, მოსთქვამს მწარედ, გულსაკლავად“.

განსხვავება კი ამ ორ დროს შორის გახლავთ ის, რომ დღევანდელ საქართველოს აღარ ჰყავს ბარათაშვილი, რომელსაც შეეძლებოდა დაეტირა სულიერებას მოკლებული ერის მიერ თავისუფლების განსყიდვა, უმადურობა, უნუგეშობა, უდარდელობა, დაცემა, დაკნინება, დამდაბლება, მოყვრის ვერმცნობელობა და მტრის გალაღება!

 

სოლომონ ლიონიძის სადარი დატირება

ერეკლე მეფე სასიკვდილო სარეცელზე მთელი ერის სახელით ცხარედ დაიტირა საქართველოს ერთგულმა მეციხოვნემ – სოლომონ ლიონიძემ. ზვიად გამსახურდიას საქართველოში მისი ღირსების შესაფერისი დამტირებელიც არ ერგო. მთელი კავკასიის სახელით ეს გააკეთა ცნობილმა ვაინახმა სამართალდამცველმა, ისა ქაძოევმა – მისი სამძიმრის დეპეშა: “სიტყვა მეგობარზე”, დღემდე ხელიდან ხელში გადადის საქართველოში, სადაც ზვიად გამსახურდიას საკაცობრიო ღვაწლია შეფასებული და, რომლის ფრაგმენტებსაც ქვემოთ გთავაზობთ:

“ზვიად გამსახურდიას სიკვდილით მთავრდება დისიდენტური სუფთა, რომანტიკული ეტაპი კავკასიის ჩაგრულ ხალხთა თავისუფლების მოძრაობისა.… ზვიადი მარადისობაში გადავიდა, თანამემამულეებს დაუტოვა რა თავისი მოძღვრება – ზვიადიზმი – საქართველოს სახელმწიფოს სრული უფლებების აღდგენისათვის, ქედმოუხრელი ბრძოლის მოძღვრება, მოძღვრება აგებული ოთხ დედაბოძზე:

1. ქართველი ხალხის დაბრუნება ღმერთთან;

2. დაბრუნება წინაპართა ტრადიციებზე;

3. პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენა;

4. – კავკასიელ ხალხთა ძმობა. საერთო კავკასიური სახლის შექმნა კავკასიის ყველა ხალხისათვის.

აი ის დოქტრინა, რომელიც გაუნათებს გზას მომავალ პატრიოტებს საქართველოს თავისუფლებისათვის, სრულიად კავკასიის თავისუფლებისათვის.. ღმერთი იყოს მათი შემწე! დაე, მათი ხვედრი იყოს წარმატებული და საბედნიერო ვიდრე ჩვენია!

არა! ზვიად გამსახურდიას იდეაზე ჯვრის დასმა არ გამოუვათ. ზვიადი დაიღუპა ფიზიკურად, იდეა ზვიადისა კი იცოცხლებს“.

 

ტაბუ სიკვდილის შემდეგ

1907 წელს წიწამურთან მკვლელობის შემდეგ ილია ჭავჭავაძის სახელზე 30 წლის მანძილზე იყო ტაბუ დადებული – არ შეიძლებოდა მისი არც სახელის ხსენება, არც მისი ნაწარმოებების ციტირება. ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შემდეგ ჯერ ოცდაათი წელი არ გასულა. ამიტომ არც სახელია მისი ჯეროვნად შეფასებული და მის შემოქმედებით ნააზრევს რომ აგრეთვე აძევს ტაბუ, ამის მაგალითად მოვიყვანთ დამოკიდებულებას მის უდიდეს შემოქმედებით ნააზრევთან – ნაშრომთან რუსთაველის უკვდავი პოემის შესახებ.

უღმერთობაში მყოფ კრიმინალურ ინტელექტუალ ქართველთა უმადური ნაწილი დღეს ამ ეგზეგეტიკურ ნაშრომს საერთოდ არ ცნობს, რადგან ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. მასწავლებლები არ ასწავლიან სკოლაში, პუბლიცისტები არ ციტირებენ, მეცნიერები გვერდს უვლიან. ისეთი შთაბეჭილება რჩება, თვით „ვეფხისტყაოსანზეც“ იტყოდნენ უარს, ეს პოემა ზვიად გამსახურდიას რომ დაეწერა! ანტონ პირველის მსგავსად იტყოდნენ: „საწუხ არს ესე, ამაოდ დაშვრაო!“

ასე გასინჯეთ, ინტერნეტის „ვიკიპედიაში“, სტატიაში სახელწოდებით „რუსთველოლოგია“, პოემის თანამედროვე მკვლევარ 50 დიდსა და მცირე ავტორთა შორის ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები ზვიად გამსახურდია – ქართველი კაცის უმადურობა და გულღრჯოობა ამაზე შორს ვეღარ წავა.

კიდევ მეტი – საკმარისია მოიწადინოთ ოფიციოზისა თუ ოპოზიციის საიტებზე შესვლა, თუ ზომაზე მეტად და ღირსებით არის ნახსენები „გამსახურდია“, დიდად მოსალოდნელია, რომ თქვენი „პოსტები“ ამოაგდოს ადმინის ავტომატმა „უცენზურო ტექსტის“ ბრალდებით!

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ძვირფასო მკითხველო, შეგიძლია გააკეთო დასკვნა, თუ რატომ არ უდგას ძეგლი ზვიად გამსახურდიას თბილისში. აბრძანდი მთაწმინდაზე და მიიღებ პასუხს! ახვალ და ნახავ, რომ მთელ პანთეონში ოდენ მისი საფლავია მუდამჟამს ცოცხალი ყვავილებით სავსე! რა არის ეს – სიყვარული უფრო მეტი, ვიდრე თუნდაც ილიასი, ექვთიმესი ან ქაქუცასი?არამც და არამც – ეს არის დიდი მონატრება და ხალხის მოლოდინი ზვიადის იდეების ხელახალი აღორძინებისა და განვითარებისა! შესაბამისად – წარმოიდგინეთ, ქალაქში რომ იყოს ზვიად გამსახურდიას ძეგლი, ის მუდამ სავსე იქნებოდა ცოცხალი ყვავილებით, როგორც უხმო ყვედრება თანამედროვე მოღვაწეთა და პოლიტიკოსთა მიმართ; ხოლო, გეკითხებით და მიბრძანეთ ერთი, რომელ ხელისუფლებას აწყობს ასეთი გაცხადებული არავერბალური პროტესტი?

 

საბა იბერი, „იბერიანასთვის“, 19.12.2011, ნიკოლოზობას

 

 

P.S. ზემოთ ზვიად გამსახურდიას რუსთველოლოგიურ ღვაწლსა და „ვეფხისტყაოსანზე“ მოტანილმა ცნობამ, არ არის გამორიცხული, უკმარისობის გრძნობა აღძრას რიგ თანამემამულეებში, ვისთვისაც, შესაძლოა, უცნობი იყოს ზვიად გამსახურდიას ნაშრომი. არადა, დაუშვებელია ქართველ კაცს არ ჰქონდეს „ვეფხისტყაოსნის“ სწორად წაკითხვის საშუალება, რისი დიდი ალბათობაც არსებობს, რადგან საღვთისმეტყველო ნაწარმოების ნაცვლად, ფსევდომკვლევარები ხან გეოგრაფიულ–სათავგადასავლო პოემად აკითხებენ მას, ხან სამიჯნურო ლექსად და ხან – ისტორიულ ეპოსად! ამიტომ, მკითხველს ვთავაზობთ მცირე დაიჯესტს ნაშრომიდან, რომლისთვისაც გამსახურდიას მიენიჭა

ჰონორის კაუზა – – „ვეფხისტყაოსნის“ ეგზეგეტიკაში!

ზვიად გამსახურდიამ თავის „ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველებაში“ ეგზეგეტიკურად გაანდო თანამემამულეებს შოთა რუსთაველის გენიალური ქმნილების საღვთისმეტყველო საიდუმლო და მიახვედრა, თუ რატომ აქვთ ქართველებს პოემა მეხუთე სახარებად!

იგი აღნიშნავს, რომ, როდესაც რუსთაველმა პოემაში გვამცნო: „ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები“, ამით თავად მიგვითითა იმ იგავსიტყვიერ ხერხზე, რომლითაც მისი ქარაგმების ენა უნდა გაგვეგო. საკმარისია, ვთარგმნოთ პოემის გმირების სპარსული და არაბული აღმოსავლური სახელები, რომ ამ სახელების სიმბოლოებსაც და მათ დანიშნულებასაც მივაკვლევთ – „ვეფხისტყაოსანი“ ადამიანის მიერ ღმერთთან დაკარგული ერთობის აღდგენის პოემაა:

ნესტან–დარეჯანი (სპარსულად „ნესტ–ან–დარე–ჯაჰან“ – „ის, რაც არსად არ არის“) საღმრთო სიბრძნე და მადლი – რაც ადამიანმა თავისი ცოდვების გამო დაკარგა, ჯურღმულში ჰყავთ დამწყვდეული ქაჯებს, ანუ ცოდვისმიერ ქვენა ზრახვებს: ბოროტებას, შურს, სიავეს, უკეთურებას, სიბილწეს – და იმისათვის, რათა დავიბრუნოთ იგი, საჭიროა გაერთიანდეს საღმრთო სიყვარული (რასაც თარგმანში ნიშნავს „ტარიელი“), სარწმუნოება (რასაც ნიშნავს „ავთანდილი“) და იმედი (რასაც გადმოგვცემს სახელი „ნურადინ ფრიდონი“), ისე, როგორც ამისაკენ, სრულყოფილების მისაღწევად, მოგვიწოდებს პოემაში გონება („თინათინი“), ხოლო „ახალ აღთქმაში“ – პავლე მოციქული: სარწმუნოების, იმედისა და სიყვარულის მეშვეობით“ (იხ. 1კორ. 13, 13). ამდენად, რუსთაველი გვმოძღვრავს, თუკი ადამიანი შეძლებს საკუთარ პიროვნებაში მოუყაროს თავი რწმენას, იმედსა და სიყვარულს – დაამარცხებს მიწიერ ვნებებს და მოიპოვებს ზენაარ მადლს – შეუერთდება საღმრთო სიბრძნეს, რისი დასტურიცაა ტარიელისა და ნესტანის ბედნიერი შეერთება; ამ გზით ადამიანი დაიბრუნებს უფალთან მისასვლელ გზას!

ხოლოდ ზვიად გამსახურდიას უტყუარ ჰუმანიტარულ ალღოს შეეძლო რუსთაველის გენიალური საღვთისმეტყველო ნააზრევის ასე მკაფიოდ და ლაკონურად ამოცნობა და ჩამოყალიბება! ხოლო მისმა ყველა ღირსეულმა თანამემამულემ ჯერ არს, იცოდეს – ზვიად გამსახურდიას სახელს მარტო ეს ერთი ნაშრომი – „რუსთაველის სახისმეტყველება“ ეყოფოდა უკვდავებისთვის, სხვაც რომ არაფერი დაეტოვებინა!

Гамсахурдия: “Грузия – для грузин”

Sep. 26th, 2008 at 8:38 AM

Наконец-то нашёлся первоисточник инфы, про Гамсахурдия и лозунга “Грузия – для грузин”:

В газ. “Ленинское знамя”, ежедневной газете Закавказского военного округа ВС СССР, от 16 июля 1989 г. в открытом письме в редакцию газеты “Молодежь Грузии” (в “М. Груз.” опубл. 15 июля) генерал-полковник Родионов, командующий Закавказским военным округом, пишет:

“… на митинге у Дома кино в столице Грузии 10 июля “лидеры нации” Церетели, Гамсахурдиа, Костава и другие призывали: “Долой гнилую Российскую империю!”, “Отправить памятник Ленину вслед за памятником Орджоникидзе!”, “Грузия для грузин!”, “Грузинам должны быть предоставлены все привилегии!”, “Создать свою национальную армию, без которой невозможна национальная независимость”. Там же на англ. и грузинском языках “красовались” лозунги” “Долой Советскую власть из Грузии!”, “Свободу политзаключенным”, “Оккупанты, убирайтесь из Грузии!”.”

 

 

 

7 Responses to “• დამარცხების მეოცე წლისთავი”

  1. a.sanduxaZe said

    ცხადია ყველა სამხილი მკვლელობაზე მიუთითებს, მაგრამ ერთი წუთით რომ დავუშვათ, ის უზარმაზარი „სტეჩკინი“ თავად მიებჯინა პირისახეზე და იმ წარმოუდგენელი ტრაექტორიით გაესროლა კიდეც – არავის უცდია გარკვევა, თვით ასეთ შემთხვევაშიც კი აგებდა თუ არა ის უფლის წინაშე პასუხს თვითმკვლელობისათვის?!

    ბატონო საბა, ხომ არ დაგვიკონკრეტებდით, რომელია ეს ყველა სამხილი? სტეჩკინი რა უზარმაზარია შე კაი ადამიანო, ადამიანმა რომ ხელში ვერ აიღოს?
    ისე წერთ სტეჩკინის უზარმაზარობის შესახებ, რომ დავინტერსდი და მოვიძიე სტეჩკინის სურათი, მე მეგონა ქვემეხის ტოლი თუ არისთქო და…

    • საბა იბერი said

      ბატონო ალექსანდრე!

      თქვენ ჩემი თანამოაზრე ბრძანდებით და ამოდენა წერილში, ერთი შენიშვნის გარდა, თანაგრძნობიერი სიტყვა ვერ გაიმეტეთ?

      პატივისცემით – საბა იბერი

  2. jaba melkadze said

    დიახ, ჩვენი პატრიარქი თევზივით დუმს ყოველთვის! იოანე ნათლისმცემელი თურმე ტყუილად ამხილებდა ჰეროდეს! ესენი უფრო “ჭკვიანები” არიან, იმიტომაც მოძრაობენ ლამის კადიროვისეული შავი ესკორტებითა და ჯიპ-რაზმებით! იმიტომ იკავრევენ მკერდში ყოველ კვირის წირვაზე მამათმავალ მიშასა და მის სოდომიტ-ლესბოსელ ნაცმოძრაობას! საფლავებში ბრუნავენ ალბათ ხელაიასა და კირიონის ძვლები… ამ მნათობების მერე ხომ ტურებს დარჩათ ლომების ნასუფრალი!

  3. a.sanduxaZe said

    ბატონო საბა, თქვენი წერილები უდაოა, ნამდვილი მამულიშვილის გულისხმიერი აზროვნება და ტკივილია, მე ყოველთვის საკუთარ გულისთქმად აღვიქვამდი თქვენს ნაწერს, მაგრამ მე იმ ერთ აბზაცზე ჩემი აზრი მოგახსენეთ.

  4. a.sanduxaZe said

    ბატონო საბა, ბოლომდე ვიქნები გულახდილი და გეტყვით, რომ ნამდვილად ვერ გავიგე თუ რომელ სამხილზე არის პედალირება, რათქმა უნდა ჩვენ არც ერთი არ შევსწრებივართ იმ უბედურ და ტრაგიკულ შემთხვევას და გადაჭრით ვერ ვიტყვით რა მოხდა, მაგრამ როგორც, მოგახსენეთ ვერ ვენდობი კომისიის დასკვნას, რისი უფლება ნამდვილადაც მაქვს.

    მე 1993 წლის 4 ნოემბერს, პირადად ვნახე პრეზიდენტი ზუგდიდის ადმინისტრაციული შენობის წინ. რამდენიმე ადამიანი ვიდექით ამ შენობის წინ და ამ დროს გაჩერდა მანქანა, რომელშიც იჯდა პრეზიდენტი, მანქანიდან გადმოვიდა ერთ-ერთი თანმხლები პირი და შევიდა შენობაში, პრეზიდენტი კი დარჩა მანქანაშივე. შევხედე რა პრეზიდენტს, შევძრწრუნდი, მე არასდროს მენახა ბატონი ზვიადის ასეთი სახე, ასეთი სასოწარკვეთილი და განადგურებული. უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი მთავრდებოდა, კვლავ საბედისწერო მარცხი…. ძალა მოვიკრიბე, გავბედე და მივედი მანქანასთან, მისალმების შემდეგ ვკითხე, ბატონო ზვიად, ეს ყველაფერი გედის უკანასკნელ სიმღერას ხომ არ ჰგავს-მეტქი? არაფერი მიპასუხა, მხოლოდ დახარა დანისლული თვალები და უთქმელი ტკივილი გამოხატა ამით.
    მხოლოდ ეს ამოვილუღლუღე, მადლობთ ბატონო პრეზდენტო ამ ბედნიერი სამი წლისათვის, რაც შენ გვაჩუქე-მეთქი, ეს მთელი ეპოქაა და თუ შთამომავლობა მეღირსა, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ამ სამი წლის ეპოპეით გავზრდი მეთქი. მოვშორდი მანქანას და პირჯვარი გადავწერე…
    მივდიოდი ქუჩაში და უხმოდ ვქვითინებდი. დიდხანს მომიწია სამეგრელოში დარჩენა, ჩემში ერთმანეთს ებრძოდა ოპტიმიზმი და შავბნელი რეალობა, მაგრამ როდესაც ეს უბედურება შევიტყვე, გავითიშე, წამსვე ვირწმუნე, რომ მან შეასრულა თავისი ნათქვამი…
    ბატონო საბა, ვისაც ის პერიოდი, ის რეალობა საკუთარი თვალით არ უნახავს, ვინც ყოველივე ამის მომსწრე და განმცდელი არ არის, მისთვის იოლია, მით უმეტეს დღეს ამაზე საუბარი.
    და ორჯერ იოლია ამ კომისის წევრებისაგან ასეთი “დასკვნის” დადება, ამ ხალხის უმრავლესობა ხომ ახლოსაც არ გაკარებია ეროვნულ მოძრაობას, მითუმეტეს იმ ქარცეცხლიან დღეებს!
    მოგახსენებთ კიდევ ერთს და გავიმეორებ დიდოსტატ კონსტანტინეს სიტყვებს: მე არც მელქისედეკ კათალიკოსის მგალობელი ვარ და არც გიორგი მეფის მეხოტბე,
    ვიცნობ იმ ხალხსაც, ვინც იმ საბედისწერო ღამეს იმყოფებოდა იქ.
    დღეს ერთი რამ ნათელია – გამიზნულად არ ჩაატარეს ცხედრის ექსპერტიზა!
    ჩემის აზრით, დღეს პასუხი იმ პირებს უნდა მოეთხოვოს ვინც ეს არ დაუშვა!

  5. a.sanduxaZe said

    mec gilocavT, mamuli gagvbrwyinebodes!

  6. avatari said

    ბატონო საბა! გმადლობთ, “უხმოდ ქვითინებს” ყველა მამულიშვილი …

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: