IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• განცხადება 1991-93 წლების სახელმწიფო გადატრიალების გამოძიების შესახებ. 17/7/2019

♥ სეგმ

 

განცხადება 1991-93 წლების სახელმწიფო გადატრიალების გამოძიების შესახებ

19/7/2019

 

2019 წლის 17 ივლისს, პარტია „თავისუფალმა საქართველომ” სასტუმრო „ძველ თბილისში“ გამართა პრეზენტაცია 1992 წლის სამხედრო გადატრიალების საკითხზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: უზენაესი საბჭოს დეპუტატები, კანონიერი მთავრობის წევრები და ეროვნული მოძრაობის ვეტერანები.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით ბოლო დროინდელი მოვლენების კონტექსტში აუცილებელია მოხდეს ყველა იმ ფაქტის გამოძიება, რაც თან ახლდა 1992 წლის სამხედრო გადატრიალებას და თანმდევ პროცესებს, როგორიცაა: პოლიტიკური ნიშნით რეპრესიები, მშვიდობიანი მანიფესტაციების დახვრეტები, კანონიერი ხელისუფლების მომხრეების დევნისა და შევიწროების უპრეცენდენტო შემთხვევები.

შეუძლებელია ქვეყანაში ვისაუბროთ კანონიერებასა და სამართლიანობაზე რომელიმე კონკრეტულ მოვლენის კონტექსტში, თუ არ იქნება გამოძიებული ეს უმძიმესი დანაშაული, რომელთან შედარებითაც შემდგომი პერიოდის პოლიტიკური კონფლიქტები და უფლებადარღვევები ბევრად ლოკალურ ხასიათს ატარებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე პირები, მათი მხარდამჭერები და პოლიტიკური პარტნიორები დღესაც იკავებენ წამყვან პოზიციებს, როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში და ქმნიან პოლიტიკურ ამინდს საქართველოში. ადამიანები, რომლებიც რუსეთის დაზვერვის დავალებით ებრძოდნენ კანონიერ ხელისუფლებას და მოითხოვდნენ ზვიად გამსახურდიასაგან საქართველოს СНГ-თან მიერთებას, დღეს თავს პროდასავლურ ლიდერებად ასაღებენ.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ.

კონფერენციის შემდეგ გაიმართა გენერალური პროკურორის სახელზე ერთობლივი მიმართვის ხელმოწერა. დოკუმენტი გენერალურ პროკურატურას უახლოეს დღეებში გადაეცემა.

 

 

***

საქართველოს გენერალურ პროკურორს

ბატონ შალვა თადუმაძეს

ბატონო შალვა,

როგორც მოგეხსენებათ 1991-1993 წლებში საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები დღემდე სამართლებრივი შეფასების გარეშეა დატოვებული. შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმის პირობებში საქმის გამოძიებას ხელს უშლიდა პოლიტიკური ნების არარსებობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავად ამ ტრაგიკული მოვლენების ფიგურანტები რჩებოდნენ მაღალ თანამდებობებზე და ხელს უშლიდნენ გამოძიებას.

.

2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართეთ პროკურატურას 2013 წლის 2 თებერვალს საქმის გამოძიების მოთხოვნით. ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია, თუმცა ზეპირად განმარტებული იქნა, რომ გამოძიების ჩატარება შეუძლებელია ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. როგორც თქვენთვის ცნობილია 2018 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო კანონი და 5 წლის ვადით გაახანგრძლივა მძიმე დანაშაულების გამოძიების ხანდაზმულობის 25 წლიანი ვადა. შესაბამისად 1991 წლის დეკემბრის ბოლოდან ჩადენილი მძიმე დანაშაულების ხანდაზმულობის ვადა გადის არა 2016 წელს, არამედ 2021 წელს.

თქვენთვის ცნობილია აგრეთვე ისიც, რომ 2019 წლის 31 მარტს ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა გამოხატეს მკაფიო დამოკიდებულება ზემოაღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით და ნაცვლად ადრე გამოყენებული ტერმინებისა: „სამოქალაქო დაპირისპირება“ და ა.შ. ზემოაღნიშნული მოვლენები საყოველთაოდ ფასდება, როგორც სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციური ხელისუფლების წინააღმდეგ დანაშაულებრივი ქმედებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, დაიწყოთ გამოძიება შემდეგ ფაქტებთან დაკავშირებით:

1. 1991 წლის აგვისტოში ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით გამოვიდნენ ხელისუფლების ფაქტობრივი დაქვემდებარებიდან და გადავიდნენ რკონის ხეობაში, შემდეგში მათ გადაინაცვლეს რამდენჯერმე თბილისის ცენტრში რუსთაველის გამზირზე, თბილისის ზღვაზე და საქართველოს ტელევიზიის პირველ არხთან, ხოლო 1991 წლის 22 დეკემბერს იერიში მიიტანეს საქართველოს უზენაესი საბჭოს შენობაზე და დაამხეს საქართველოს კანონიერი ხელისუფლება (პრეზიდენტი, მინისტრთა კაბინეტი, უზენაესი საბჭო).

გარდა საყოველთაოდ ცნობილი მტკიცებულებებისა (მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო მასალები) საქმეზე მტკიცებულებად შეიძლება დართული იქნეს ჯაბა იოსელიანის მოგონებები „3 განზომილება“, სადაც დეტალურადაა აღწერილი როგორც შეიარაღებულ მოქმედებებში მონაწილე პირები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც თანამშრომლობდნენ მეამბოხეებთან.

2. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ უზენაესი საბჭოს შენობის დატოვების დროს 1992 წლის 6 იანვარს, კოლონას, რომელიც მიემართებოდა ბარათაშვილის ხიდის გავლით საქართველოს სახელმწიფო საზღვრისკენ აზერბაიჯანის მიმართულებით. ერთ-ერთმა სამხედრო ქვედანაყოფმა გაუხსნა ცეცხლი თბილისის ცენტრში, რა დროსაც კოლონის ერთ-ერთ ავტობუსში მყოფი რამოდენიმე პირი გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენთაგან მრავალი დასახიჩრდა და მიიღო სხეულის მძიმე დაზიანებები.

6 იანვარს ანალოგიურ ვითარებაში სოფ. აღაიანში, ავტობუსში ჩაცხრილეს სენაკის ბატალიონის მეთაური კურდღელია და სხვა პირები.

3. კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ თბილისში დაიწყო მრავალათასიანი მიტინგები სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ, რომელთა წინააღმდეგაც გამოყენებული იქნა სამხედრო ძალა: 1992 წლის 3 იანვარს მეტრო დიდუბესთან, 7 იანვარს მეტრო „დელისთან“, ხოლო 1992 წლის 2 თებერვალს მასობრივი მანიფესტაციის წინააღმდეგ თამარ მეფის გამზირზე. დარბევის შედეგად დაიღუპა რამოდენიმე ადამიანი, ათეულობით ადამიანმა მიიღო მძიმე დაზიანებები.

საქმეზე მტკიცებულების სახით შეიძლება დართული იქნეს როგორცაქციის მონაწილეთა და დაზარალებულთა ჩვენებები, ასევე დოკუმენტური წიგნი „მე ვადანაშაულებ“.

4. თბილისში მშვიდობიანი აქციების დარბევის შემდეგ სამხედრო ხუნტამ დაიწყო ლაშქრობა დასავლეთ საქართველოს დაუმორჩილებელი რაიონების წინააღმდეგ და იერიშით აიღო მთელი რიგი ქალაქები. დასავლეთ საქართველოზე კონტროლის დამყარების შემდეგ დაიწყო სხვადასხვა რაიონების არნახული ძარცვა და დარბევა, რომელსაც თან ახლდა მკვლელობები როგორც საბრძოლო მოქმედებების დროს, ისე მშვიდობიან პირობებში. ხონის საავადმყოფოში დახვრიტეს გვარდიელი კორნელი შანავა, წალენჯიხაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში დახვრიტეს დაჭრილები რომლებიც ზუგდიდში გადაჰყავდათ და ა.შ.

ცნობილია ასევე შემზარავი ფაქტი, როცა ხობის რაიონში ხელი მოკვეთეს მხატვარ ვახტანგ ნოდიას, იმის გამო, რომ მან დახატა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პორტრეტი.

5. საბრძოლო მოქმედებების და სამხერდო ოპერაციების პარალელურად მიმდინარეობდა მასობრივი დაპატიმრებები და წამება. დაპატიმრებების უმრავლესი ნაწილი მიმდინარეობდა ყოველგვარი სანქციისა და ფორმალობების გარეშე. საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა პატიმარ წიკლაურისადმი, ვახტანგ გოქსაძისადმი და დაკავებული ამირან კალაძისადმი (ე.წ ყვარლის საქმეზე) არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.

6. 1993 წელს ქალაქ ხობში სამხედრო ხუნტის დაქვემდებარებაში მყოფმა ქვედანაყოფებმა ადგილზე სასამართლოსა და ყოველგვარი ფორმალობის გარეშე დახვრიტეს რამოდენიმე პირი. მტკიცებულების სახით შემორჩენილია ვიდეო მასალა.

7. სამხედრო გადატრიალებაში გარდა სხვადასხვა უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისა და ბანდიტური დაჯგუფებებისა მონაწილეობდნენ უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურები და სამხედრო ქვედანაყოფები (გენერალ ბეპაევის, ადმირალ ბალტინის და სხვ.), რომლებიც უშუალო კავშირში იმყოფებოდნენ სამხედრო გადატრიალების მეთაურებთან.

გთხოვთ დაიწყოთ გამოძიება ზემოაღნიშნულ ფაქტებზე კანონით დადგენილი წესით. მზად ვართ ვითანამშრომლოთ პროკურატურასთან და მოგაწოდოთ ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია და საჭირო მტკიცებულებები.

კახა კუკავა, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე

მირიან წიკლაური, პარლამენტის წევრი.

უზენაესი საბჭოს წევრები:

რობერტ პეტრიაშვილი, გურამ პეტრიაშვილი, სალომე ზვიადაძე, მანანა გაბაშვილი, ნუგზარ შავთვალაძე, ვლადიმერ ცოფურაშვილი, ნიკოლოზ სანებლიძე, ალექსანდრე ვარძელაშვილი, ტარიელ დუდაური.

ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები:

ია ბაგრატიონ – მუხრანელი, თინათინ მღვდლიაშვილი, ჯემალ დავლიანიძე, ვალერი გაბელია, გია ძოწენიძე, დავით ჭაბუკაშვილი, თამაზ გველესიანი, ლევან ხაჭაპურიძე, ციცინო მაღლაფერიძე, ბესიკ მიქავა, გიორგი კერვალიშვილი, ვახტანგ ბახტაძე, დიანა მენაბდე , მანონ შავდია, ეკატერინე ნანუაშვილი, გულნარა ჩხვიმიანი, გივი კვანტალიანი, გელა ლომაძე, დავით კუპატაძე, ანა მიქაუტაძე, ნანა ბუხსიანიძე, დარეჯან ბრეგვაძე, შოთა რატიანი, მზია სულაძე, ომარ ბილონაშვილი, მურმან მზარელუა, პეტრე ივანიძე, ემირ დარსანია, ჯანიერ ღვინჯილია, ნათელა ქირია, ბადრი გოგელაშვილი, პაატა დევსურაშვილი, გოდერძი პავლაძე, ნოდარ მაისურაძე, ზურაბ ჯავაშვილი.

სასულიერო პირები:

დეკანოზი მირიან (ნოდარ) სამხარაძე,

მღვდელი გიორგი აბდუშელიშვილი

თბილისი.

17 ივლისი, 2019

 

freegeorgia.ge

 
%d bloggers like this: