IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ტარიელ ფუტკარაძე – უზენაესი საბჭოს ორიენტირები

 

• სეგმ

tariel putkaradze

პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ორიენტირები
თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში

ვრცელი ვარიანტი

შესავალი

ქართველი ერი ერთ-ერთი უძველესი ერია მსოფლიოში და, ამავე დროს, ერთ-ერთი იშვიათი, რომელმაც სახელმწიფო შექმნა ჯერ კიდევ ძვ.წ. XV-XIII საუკუნეებში (იხ., კოლხური არქეოლოგიური კულტურის საზღვრები) და დღემდე აქვს. ამ ხნის მანძილზე საქართველო ზოგჯერ დამოუკიდებლობას კარგავდა ხოლმე, მაგრამ ძირითადი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები და სამეფო დინასტია უწყვეტად შეინარჩუნა XIX საუკუნემდე. XIX-XX საუკუნეებში კი საქართველო ორჯერ გახდა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი; კერძოდ, რუსეთის იმპერიამ ე.წ. მცოცავი ანექსიის გზით საქართველო ნაწილ-ნაწილ მიიერთა 1801-1865 წლებში. საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა 1918 წლის 26 მაისს, მაგრამ ბოლშევიკურმა რუსეთმა სამი წლის შემდეგ ისევ იარაღის ძალით დაიპყრო საქართველო. მხოლოდ 70 წლის შემდეგ – 1991 წლის 9 აპრილს – შეძლო ქართველმა ხალხმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა: გამოაცხადა “საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი”, რომლის საფუძველზე მსოფლიომ ცნო საქართველო, როგორც თანამედროვე და დამოუკიდებელი სახელმწიფო 1991 წელს არსებულ საბჭოთა საქართველოს საზღვრებში.

პირველი მრავალპარტიული, საყოველთაო და დემოკრატიული არჩევნები საქართველოს სინამდვილეში და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება
1990 წლის 28 ოქტომბერს

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზაზე პირველი შეუქცევადი ნაბიჯი იყო 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული არჩევნები, რომელიც დაინიშნა კომუნისტურ ხელისუფლებაზე ეროვნული მოძრაობის ზეწოლით. საბჭოთა იმპერიისათვის ამ უპრეცედენტო არჩევნებში გაიმარჯვა პოლიტიკურმა გაერთიანებამ “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”. ახალარჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გახდა ეროვნული მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდია. სწორედ მისი ხელმძღვანელობით მომზადდა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღორძინებისათვის აუცილებელი სახალხო განწყობა, რომელიც გამოვლინდა 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო სახალხო რეფერენდუმში. საერთო-სახალხო რეფერენდუმმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნებაა ისტორიული სახელმწიფოებრიობის აღდგენა და დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრება. რეფერენდუმის საფუძველზე კი 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამ ყოველივეს წინ უძღოდა ეროვნულ-პატრიოტული მოძრაობის ლიდერების (ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა…) ხელმძღვანელობით წარმოებული მრავალწლიანი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში ჩაიწერა:

“საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ცხადდება საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად.

საქართველოს რესპუბლიკა ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისი სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფის ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო აქტები და კონვენციები…

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის კანონიერი და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი მტკიცე გარანტი იქნება”.

9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით დეკლარირებული ორიენტირები ცხადყოფს, რომ 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო ვექტორი მშვიდობიანი გზით რადიკალურად შეიცვალა: 200-წლოვანი რუსული ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ საქართველომ დატოვა რუსული გეოპოლიტიკური სივრციდან და ცივილიზებული დასავლური სამყაროსკენ აიღო გეზი[1]. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო გეოპოლიტიკური რევოლუცია კავკასიის რეგიონში.

საქართველოს მოსახლეობის დასჯა დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებისა და პროდასავლური არჩევანის გამო

/ხელისუფლების ძალადობის გზით შეცვლა 1992-93 წლებში/

რუსეთს არ სურდა საქართველოს დამოუკიდებლობა, რამდენადაც ექმნებოდა საფრთხე, მთელი კავკასია დაეკარგა (ასეა დღესაც). 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში რუსეთის გეოპოლიტიკური ველიდან გასვლას ესწრაფოდნენ ასევე აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები და ბალტიის ქვეყნები. დამოუკიდებლობისკენ მათი სწრაფვა უფრო შეუქცევადი იყო, რამდენადაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ცივილიზებულ დასავლეთს დე იურე არასოდეს უცვნია საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. საქართველოს მოსახლეობის ნების მიუხედავად, 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ბედი დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების მოლაპარაკების მაგიდაზე გადაწყდა:

რუსეთის იმპერიამ ცივილიზებული სამყაროს ზეწოლით დათმო აღმოსავლეთ ევროპა და ბალტიის ქვეყნები, მაგრამ რუსული გეოპოლიტიკური გავლენის ველში დარჩა შუა აზია, კავკასია, უკრაინა და ბელორუსია. რუსეთმა 1992-93 წლებში იარაღის ძალით დაამხო საქართველოს დამოუკიდებლობის გამომცხადებელი კანონიერი ხელისუფლება[2]: განდევნა პარლამენტი, მთავრობა, ადგილობრივი საკრებულოები (ამავე პერიოდში რუსეთმა იარაღის ძალით შეცვალა აზერბაიჯანისა და იჩქერიის ის ხელისუფლებები, რომელთაც რუსეთისგან დამოუკიდებლობა სურდათ).

1992-93 წლებში კანონიერი ხელისუფლების დამხობას მოჰყვა საქართველოსათვის მძიმე შედეგები; კერძოდ, რუსეთისგან მართული კრიმინალური კლანების მიერ პროვოცირებული დაპირისპირებებით დე ფაქტო დაიკარგა საქართველოს ისტორიული ტერიტორიები: აფხაზეთი და ცხინვალის მხარე; ამ ძირძველ ქართულ კუთხეებში მოხდა ქართველთა გენოციდი: პრორუსულმა ძალებმა ბევრი ქართველი დახოცეს, 400 000-ზე მეტი კი დევნილად აქციეს; მოკლეს საქართველოს პრეზიდენტი და შეცვალეს დემოკრატიული გზით არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ აღდგენილი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ორიენტირები და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტით გაცხადებული პროდასავლური კურსი. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა არალეგიტიმურმა მთავრობამ (შევარდნაძის ხელისუფლების ოფიციალური აღიარებითაც კი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება კანონიერი იყო 1995 წლამდე) 1993 წელს საქართველო ისევ დააბრუნა რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში – დსთ-ში. საქართველოს მოსახლეობა აღმოჩნდა მრავალწლიან გაუსაძლის გაჭირვებაში, სიბნელისა და კრიმინალურ გარემოში. პუტჩში მონაწილე სამხედრო ფორმირებების (“მხედრიონი” და სხვ.) მიერ განსაკუთრებული სისასტიკით დაისაჯა სამეგრელოსა და აფხაზეთის მოსახლეობა, რამდენადაც საქართველოს ამ კუთხეებში შეაფარეს თავი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მომხრეებმა და აქაური მოსახლეობა უფრო დიდხანს უწევდა წინააღმდეგობას უკანონო რეჟიმის წარმომადგენლებს. კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ კრიმინალური ჯგუფების მიერ განიავდა სახელმწიფო ქონება და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის კერძო საკუთრება; სრულიად მოიშალა სახელმწიფო ინსტიტუტები… ფაქტობრივად, 1992-93 წლებში საქართველოში განხორციელდა გეოპოლიტიკური კონტრრევოლუცია რუსეთის სასარგებლოდ (საქართველოსათვის კი უმძიმესი შედეგებით).

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ შეძლეს, შეენარჩუნებინათ კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობა: მრავალი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს დევნილმა ხელისუფლებამ, აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან განსხვავებით, სამართალმემკვიდრეობა არ გადასცა არალეგიტიმურ ხელისუფლებას. ქართველმა ერმა /საქართველოს მოსახლეობამ/ დიდი ქართველი მოღვაწე, პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საქართველოს ყველაზე გამორჩეულ ადგილას – გამოჩენილ ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში – დაკრძალა.

საქართველოში რუსეთის აგრესიის არაადეკვატური ტერმინოლოგიური შეფასებისა და ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობის პრობლემა

1992-93 წლებში საქართველოში კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლით საქართველოში დაიწყო სამართლებრივი ვაკუუმი, რომელიც დღემდე გრძელდება; განადგურებულ იქნა ეროვნული ორიენტაციის პარტიები; დაისადგურა დიდმა უსამართლობამ… ამ ყოველივეს დაერთო კარგად ორგანიზებული საინფორმაციო ზეწოლა საქართველოს მოსახლეობის ცნობიერებაზე. საინფორმაციო ომის კონტექსტით არსებითია ის ფაქტი, რომ კრემლის იდეოლოგემების საქართველოში განხორციელებული გეოპოლიტიკური კონტრრევოლუცია ტერმინოლოგიურადაც შენიღბეს და მას უწოდეს ე.წ. “სამოქალაქო ომი” და “ქართულ-აფხაზური” და “ქართულ-ოსური” ეთნოკონფლიქტები. ამგვარი კვალიფიკაციები ფართოდ გავრცელდა და ინერციით დღესაც გამოიყენება.

თავს დატეხილი ბევრი უბედურებისა თუ პრობლემების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობამ 2008 წლის 5 იანვრის პლებისციტით მხარი ისევ დაუჭირა ცივილიზებულ დასავლეთთან ინტეგრაციას – “ნატოს” წევრობას, მაგრამ საქართველო დღემდე მძიმე სიტუაციაშია: საქართველოს მეოთხედი ისევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული, დანარჩენი ნაწილი კი დასავლეთისგან ელის ქმედით მხარდაჭერას. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ საქართველოში დღემდე ვერ ჩამოყალიბდა ქართველი ერის, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის ინტერესების ადეკვატური პოლიტიკური სპექტრი. საქართველოს ღირსებისა და ინტერესების დამცავი პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია საქართველოში ბოლო 25 წელიწადში განვითარებული მოვლენების სამართლებრივი შეფასება. საქართველოში სამართლიანობის აღდგენა უნდა დაიწყოს 1992-93 წლების პუტჩის სამართლებრივი შეფასებითა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებით.

საკითხის ისტორიისათვის:
2004 წელს დევნილი კანონიერი ხელისუფლების წერილის პასუხად საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით (#174 2004 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი) შეიქმნა: “1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი ორმხრივი სახელმწიფო კომისია”; გთავაზობთ, პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულების ტექსტს:

პრეზიდენტის განკარგულება “1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ:

“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის # 60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის “ქ” ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: ივანე მერაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში _ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე; ზურაბ ადეიშვილი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი; ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორი; გიორგი ანდრიაძე საქართველოს საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანი; მანანა არჩვაძე-გამსახურდია კომისიის წევრი; ტარიელ ფუტკარაძე კომისიის წევრი; მანანა ტაბიძე კომისიის წევრი; მერაბ რაფავა კომისიის წევრი.

თითქმის ნახევარ წლიანი გამოძიების შემდეგ გამოვლინდა ბევრი აშკარა სამხილი, მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ არ ისურვა ხელისუფლების დამხობის ფაქტის სამართლებრივი შეფასება მიუხედავად იმისა, რომ მე და პროფესორმა მანანა ტაბიძემ მრავალგზის მოვითხოვეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოებული გამოძიების ბოლომდე მიყვანა (ინტერესთა კონფლიქტი რომ არ დაებრალებინათ, ეს კომისია თავიდანვე დატოვა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ).

ორმხრივი სახელმწიფო კომისიის მუშაობის შეჩერების არსებითი მიზეზი:

1992-93 წლებში რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული პუტჩის ობიექტური გამოძიება საზოგადოებას დაანახებდა და დაანახებს ხელისუფლებაში დღესაც მყოფ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილის რეალურ სახეს; პოლიტიკოსთა ამ გავლენიან ნაწილს ურჩევნია, 1991-93 წლების იმპერიულ-კრიმინალური პუტჩი და ბალტინ-ბეპაევის ტანკებით რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა მონათლონ “სამოქალაქო ომად”; სწორედ პრორუსული ძალების დაწოლით უკან დაიხია პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მის მიერ შექმნილ საპრეზიდენტო კომისიასა თუ გენერალური პროკურორის მიერ შექმნილ საგამოძიებო ჯგუფს ბოლომდე არ მიაყვანინა წარმატებით დაწყებული გამოძიება.

შდრ., პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 21 თებერვლის № 174 განკარგულების საფუძველზე საქართველოს გენერალური პროკურორის – ზურაბ ადეიშვილის – ბრძანებით შექმნილი “ერთობლივი კომისიის” საგამოძიებო ჯგუფის დადგენილებაში ვკითხულობთ:

“საქართვლოს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისა და ასევე ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის პირველი დღეებიდანვე ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობისა და პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას წინააღმდეგ დაიგეგმა და მეთოდური იერიში განხორციელდა ოპოზიციურ ძალებს მიტმასნილი და მისი სახელით მოქმედი პირებისა და იმპერიული ძალების მიერ. სსრ კავშირის პრეზიდენტი მ. გორბაჩოვი და სხვა ოფიციალური პირები ღიად აფრთხილებდნენ ქართველ ხალხს და საქართველოს პრეზიდენტს, რომ მათ მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე გადადგმული ნაბიჯები სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან ურთიერთობაში.

იმპერიული ძალების ქმედების გასანეიტრალებლად საჭირო იყო შესაბამისი პრაქტიკული ზომები ქართული სახელმწიფოს მხრიდან. აღნიშნული მიზნით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სსრ კავშირის – რუსეთის იმპერიის – შეარაღებული ძალები გამოცხადდა საოკუპაციო სამხედრო ძალად და დაისვა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან მისი გაყვანის საკითხი”.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები
და სხვა სამართლებრივი აქტები

2004 წელს კანონიერი ხელისუფლების დამხობის ფაქტის გამოძიება ბოლომდე რომ მისულიყო, ვფიქრობ, დღემდე ბევრი რამ დადგებოდა თავის ადგილას საერთაშორისო სივრცეშიც და საქართველოშიც; შდრ.: პუტჩის შემდეგ დღემდე პოლიტიკური სპექტრიდან განდევნილია ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მატარებელი პარტიების დიდი ნაწილი, კერძოდ, ფაქტობრივად დღემდე იგნორირებულია იმ უზენაესი საბჭოს ფუძემდებელი პარტიები, რომელმა უზენაესმა საბჭომაც საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში შეძლო 31 მარტის რეფერენდუმის ჩატარება, 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოცხადება და შემდეგი კანონების მიღება:

საქართველოს კანონი “გარდამავალი პერიოდის შესახებ” (1990 წლის 14 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესმა საბჭომ მიიღო ეს კანონი, რომ უმტკივნეულოდ განხორციელებულიყო საბჭოთა იმპერიის სტრუქტურების ჩანაცვლება ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ორიენტირებული სამსახურებით); მას მოჰყვა სხვა კანონები და დადგენილებები:

– საქართველოს რესპუბლიკის კანონი გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ;

– საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ

– საქართველოს რესპუბლიკის კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ;

– საქართველოს რესპუბლიკის კანონი სახელმწიფო გერბის შესახებ;

– საქართველოს რესპუბლიკის კანონი სახელმწიფო ჰიმნის შესახებ.

– საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება შინაგანი ჯარის – ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შექმნის შესახებ;

– საქართველოს რესპუბლიკის კანონი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ;
დადგენილება “შინაგან ჯარებში – ეროვნულ გვარდიაში გაწვევის დებულების შესახებ”;

– საქართველოს რესპუბლიკის კანონი პრივატიზაციის შესახებ;

– საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ ოლქის სტატუსის შეცვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ;

– საქართველოს რესპუბლიკის კანონი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ; აქვე აღვნიშნავთ, რომ 1991 წლის 23 მარტს ყაზბეგში გაიმართა ზვიად გამსახურდიას შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ბორის ელცინთან. შეხვედრის შემდეგ მიღებულ ოქმში რუსეთის პრეზიდენტის თანხმობით ჩაიწერა ტერმინი ,,ყოფილი სამხრეთ ოსეთი’’, რითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში დაადასტურა ავტონომიური ოლქის გაუქმების ფაქტი ;

– საქართველოს რესპუბლიკის კანონი პოლიციის შესახებ;

– საქართველოს რესპუბლიკის კანონი სამეწარმეო საქმიანობის შესახებ;

– საქართველოს რესპუბლიკის კანონი ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ;

– საქართველოს რესპუბლიკის კანონი სასამართლო რეფორმის შესახებ;

– საქართველოს რესპუბლიკის კანონი პრეფექტურების შესახებ;

– საქართველოს რესპუბლიკის კანონი საკრებულოების შესახებ;

– საქართველოს რესპუბლიკის კანონი პრესის შესახებ;

– საქართველოს რესპუბლიკის კანონი პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ;

– საქართველოს რესპუბლიკის დადგენილება სამოქალაქო და რელიგიური დღესასწაულების შესახებ;

– საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 კაცს (90,3 პროცენტი). რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

– 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი; 1991 წლის 9 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო სპეციალური რეზოლუცია (№ 94) “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და დემოკრატიული ეროვნული ხელისუფლების მხარდაჭერის შესახებ”.

– საქართველოს რესპუბლიკის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების შესახებ; 1991 წლის 14 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს პირველ პრეზიდენტად აირჩია ზვიად გამსახურდია.

– საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და მთავრობის ორგანიზებით 1991 წლის 26 მაისს ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის საერთო-სახალხო არჩევნები. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 89,59 პროცენტმა ხმა მისცა ზვიად გამსახურდიას და იგი გახდა ხალხის მიერ არჩეული საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.

– საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება თავდაცვის სამინისტროს შექმნის შესახებ;

– საქართველოს რესპუბლიკის კანონი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ;

– საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სსრკ ჯარებისათვის “საოკუპაციო ჯარების სტატუსის” მინიჭების შესახებ (1991 წლის 15 სექტემბერი);

– საქართველოს რესპუბლიკის კანონი ამნისტიის შესახებ;

– 1991 წლის 21 დეკემბერს ალმა-ათაში ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას: ალმა-ათაში დსთ-ს სახელით გაფორმდა რუსეთის მოდერნიზებული იმპერია: სსრ კავშირის მემკვიდრე გახდა ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომლის შემადგენლობაში არ შევიდნენ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები და საქართველო. ამის გამო რუსეთმა მეორე დღესვე, 22 დეკემბერს დაიწყო საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობის ოპერაცია; ხელისუფლების დამხობის პროცესი დასრულდა 1992 წლის 6 იანვარს.

– საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება 1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ (მიღებულ იქნა დევნილობის პერიოდში);

– დადგენილება ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ (მიღებულ იქნა დევნილობის პერიოდში)…

საქართველოს ინტერესების დამცველი პოლიტიკური სპექტრის პრობლემა საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო ომის ფონზე

სასამართლოს წესით დღემდე შეუფასებელია ზემოთ დასახელებული კანონებისა და სამართლებრივი დოკუმენტების შემქმნელი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს იარაღის ძალით დამხობის ფაქტი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეცაა, რომ საქართველოში ვერ ყალიბდება საქართველოს ინტერესების დამცველი პოლიტიკური სპექტრი და ამიტომაც, საქართველო აგებს საინფორმაციო ომს თითქმის ყველა მიმართულებით; საქართველოს დანაწევრების მოსურნეთა მიერ წარმატებით ხორციელდება:

– საქართველოს ისტორიული კუთხეების: აფხაზეთის, სამეგრელოს, აჭარის, ხევსურეთის, თუშეთის, ცხინვალის, ჯავახეთის სამცხის, ტაო-კლარჯეთის და სხვა მხარეების ისტორიის გაყალბებით ანტიქართული იდეოლოგიების ჩამოყალიბება და მთელ მსოფლიოში გავრცელება;

– მილიარდნახევარი მაჰმადიანისა და მილიარდნახევარი ქრისტიანის საზღვარზე არსებულ საქართველოში რელიგიური დაპირისპირების პროვოცირება;

– რუსეთის აგრესიის სახელდება ე. წ. სამოქალაქო ომად, “ქართულ-აფხაზურ” და “ქართულ-ოსურ” ეთნოკონფლიქტებად (სინამდვილეში კი ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ქუთაისსა თუ თბილისში მრავალ აფხაზსა და ოსს მშვიდობიანი თანაცხოვრება აქვს ქართველებთან);

– არაქართული ეთნიკური ჯგუფების სტიმულირება, დაუპირისპირდნენ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას;

– დაუსაბუთებელი ე. წ. ენათმეცნიერული თვალსაზრისის პროპაგანდა, რომლის მიხედვითაც ქართველური ენობრივი სამყარო ნაწევრდება რამდენიმე ქართველურ ენად და ამ საფუძვლით შედგენილი ე. წ. ეთნიკური რუკები ვრცელდება მთელ მსოფლიოში (რომელთა მიხედვითაც დასავლეთით ქართული ენის საზღვარია სამტრედია, ჩრდილო-დასავლეთით კი – ცაგერი); შედეგად დღეს ინტენსიურად მიმდინარეობს ქართველთა ენობრივ-ეთნიკური დანაწევრების მცდელობა, რომლის საბოლოო მიზანია საქართველოს საბოლოო დანაწევრება;

– ტრადიციული ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ორიენტირების დისკრედიტირება თუ შეცვლის მცდელობა და სხვ.

არსებულ სიტუაციაში რეალური საფრთხე ემუქრება როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ასევე, ქართველი და აფხაზი ხალხების იდენტობას. კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა შესაძლებელია მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ფასეულობებისა და გამოკვეთილი სტრატეგიის აღორძინების შემთხვევაში; პირველ რიგში კი აუცილებელია 1991-93 წლებში კანონიერი ხელისუფლების დამხობის ფაქტის გამოძიება საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში. აუცილებელია იმიტომ, რომ კავკასიის ცენტრალური სახელმწიფოს – საქართველოს – ხელისუფლებაში კვლავ არ მოხვდნენ პირები, რომლებიც, ბოლო წლებში არაერთხელ იქცნენ გარეშე ძალების ნების აღმსრულებლებად; აუცილებელია იმიტომაც, რომ ცივილიზებულმა მსოფლიომ ობიექტურად შეაფასოს მე-20 საუკუნის 90-იან წლებში კავკასიაში განხორციელებული რუსული აგრესია და წარმოჩნდეს აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში მიმდინარე კონფლიქტის არსი, ასევე, 2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის რეალური მიზანი – საქართველოს დასჯა ნატოში გაწევრიანების პლებისციტის (2008) ჩატარების გამო; შდრ.: პლებისციტის კითხვა იყო: “უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო)?”

დიახ არა სულ
ხმების რაოდენობა 1,355,328 404,943 1,760,271
% 77.00 23.00 100.00

ამ შედეგებით გამოჩნდა:

ქართველი ერის თანამედროვე თაობა შორს არის გულუბრყვილო მოლოდინისგან, რომ უახლოეს მომავალში ნატო იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის ასპროცენტიანი გარანტია; თუმცა თვლის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ძირეული ინტერესის – საქართველოს დამოუკიდებლობა და სამართლიანობაზე ორიენტირებული სახელმწიფო – განხორციელების ყველაზე ეფექტური და პრაგმატული სტრატეგიაა ნატოში გაწევრიანება. სწორედ დასავლური არჩევანის გამო ბოლო 25 წელიწადში საქართველო მეორედ დაარბია რუსულმა ჯარმა (პირველად 1992-93 წლებში).

უკანასკნელ ათწლეულებში საქართველოში მომხდარი სახელმწიფოებრივი დანაშაულების სამართლებრივი შეფასების პარალელურად, აუცილებელია:

ა) საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ქართული ენის მაკონსოლიდირებელი როლის წარმოჩენა და ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, ფუნქციონირების აღდგენის სტრატეგიის შემუშავება; ყველა სახის უმცირესობებისათვის საქართველოს სახელმწიფო ენის სწავლების ორგანიზებით საქართველოს სახელმწიფოში მათი ინტეგრაციის რეალური პირობების შექმნა; ქართველთა ენობრივ-ეთნიკური ერთიანობისა და უდიდესი მემკვიდრეობის – ქართველთა კუთხური მეტყველებების (მეგრულის, ლაზურის, ხევსურულის, ტაოურის, თუშურის…) – შენარჩუნებისათვის ზრუნვა და ყველა ქართველური მეტყველებით ქართველთა საერთო სამწიგნობრო ენის/კულტურის გამდიდრება; ქართული ენის ტექნოლოგიზება /ქართულიდან და ქართულად აკადემიური ავტომატური თარგმანის განხორციელება და სხვ./, “ქართული ენის ნაციონალური კორპუსის შექმნა” /სადაც შევა სალიტერატურო ენისა და მისი ქვესისტემების – მეგრულის, სვანურის, ლაზურის, ტაოურის, ხევსურულის, იმერულის, ქართლურის… მონაცემები/ და ქართველოლოგიური კვლევების ორგანიზება;

ბ) საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ქართულენოვანი მართლმადიდებლობის /საქართველოს ეკლესიის/ განსაკუთრებული როლის აღიარება; ქართული კულტურის ჩამოძერწვისა და ქართველთა ეთნიკური მეობის გადარჩენის კუთხით ქართულენოვანი მართლმადიდებლობის ისტორიული როლის გამოკვეთა სხვა კონფესიის ქართველთა, ზოგადად, სხვა კონფესიათა პატივისცემის ფონზე; ასევე, ქართულენოვანი მართლმადიდებლობის, როგორც საუკუნეების წინანდელი პროდასავლური არჩევანის წარმოჩინება; ზოგადად, მსოფლიო საზოგადოებისათვის საქართველოს სახელმწიფოს ისტორიული პროდასავლური არჩევანის წარმოჩენა;

გ) საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები ავტოქთონი ქართველების (საინგილოს, ლორე-ტაშირის, ტაო-კლარჯეთის, ლაზეთის მკვიდრი ქართველობის) ეთნიკური იდენტობისა და ქართველური კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისათვის ზრუნვა /ამ რეგიონებში ძალიან დიდია ქართული ენისა და ქართველთა ეთნიკური მეობის გაქრობის საფრთხე/;

დ) განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიულ დოკუმენტში არა ზოგადად მოქალაქის, არამედ საქართველოს მოქალაქის აღზრდაზე ორიენტირება; სწორი სახელმწიფოებრივი (ნაციონალური) ორიენტირების მკაფიოდ გამოკვეთა და ერთიან სახელმწიფოში მოქალაქეთა ინტეგრაციის პროცესის ინტენსიურად წარმართვა.

ე) საინფორმაციო თავდაცვის უზრუნველყოფა: რუსეთის იმპერია და მისი მხარდამჭერი ფსევდო დასავლური ძალები 150-წლიანი “ტრადიციის” კვალად ცდილობენ (ახლა უკვე Soft Power-ის ფორმატით) ქართველთა ენობრივ-ეთნიკურ დანაწევრებას (“ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი აერთიანებს”) და საინფორმაციო შეტევით საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და საქართველოს პოლიტიკური სპექტრის სრულ დისკრედიტაციას, ასევე, საქართველოს მოქალაქეების დეზორიენტაციას. დღეს პუტინის კლანის მიერ მართული რუსეთი თავისი “უხეში” და “რბილი” ძალების კოორდინირებული ქმედებებით აქტიურად ცდილობს, საქართველო საბოლოოდ დააბრუნოს თავის გეოპოლიტიკურ ველში (ევრაზიული ამბიცია!). პრორუსული პოლიტიკური ჯგუფები თუ სუბიექტები ისევ გადანაწილებულნი არიან დაპირისპირებულ ბანაკებში და ცდილობენ, მართონ დასავლეთელი ექსპერტებისა თუ რეგიონის მოსახლეობის განწყობა (ისევ აპელირება არარსებულ დიქტატურაზე, დემოკრატიის არარსებობაზე, უმცირესობათა უფლებებზე და სხვ.).

ამ ფონზეა აუცილებელი საქართველოს პოლიტიკური თუ სამეცნიერო ელიტის მობილიზება, რომ საერთაშორისო სივრცეში თუ საკუთრივ საქართველოში დაბალანსდეს რუსეთის მიერ საუკუნის მანძილზე შექმნილი ე.წ. მეცნიერული იდეოლოგემები.

ვფიქრობ, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს რეალური ისტორიული შანსი, ნატოსა თუ ევროკავშირზე ორიენტირებით დე ფაქტოც სრულად დააღწიოს თავი რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეს (დე იურე ეს მოხდა 1991 წლის 9 აპრილს) და ააღორძინოს ქართველურ ფასეულობებზე, სამართლიანობასა და დემოკრატიულ პრინციპებზე ორიენტიორებული სახელმწიფო. ეს შესაძლებელი გახდება, თუკი ადეკვატურად შეფასდება ბოლო 25 წლის ისტორია და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით რუსეთი დატოვებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ე.წ. კონფლიქტურ მხარეებში აღდგება მშვიდობიანი თანაცხოვრება. ამ გზაზე პირველ რიგში აუცილებელია 9 აპრილის ფენომენის არსის წარმოჩენა.

9 აპრილი – საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა
და ამ ბრძოლაში გამარჯვების დღე

ვფიქრობ, 9 აპრილი არის 200-წლიანი რუსული ოკუპაციის პირობებში დაკარგული თუ გაუფერულებული ქართული ეროვნული ორიენტირების დაბრუნების სიმბოლო და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე; არადა, დღემდე, ოფიციალურადაც კი 9 აპრილი გლოვის დღედ ან ტრაგედიის დღედ განიხილება.

1989 წლის 9 აპრილს მოწინავე ქართველების გმირულმა წინააღმდეგობამ გააერთიანა ქართველი ერი (საქართველოს მოსახლეობა) ეროვნული ფასეულობების გარშემო, იმ ღირებულებების გარშემო, რომელთაც ამდენ ხანს გააძლებინეს ქართველ ერს. ეს ფასეულობები განსაზღვრავდა და მომავალშიც განსაზღვრავს ქართველობის სიცოცხლისუნარიანობას და თავგანწირვას. ვინც 1989 წლის აპრილის დასაწყისში მასშტაბურ ეროვნულ აქციაზე უიარაღოთ ვიდექით რუსული ტანკების წინ, ყველას სრულად გვქონდა გააზრებული სიკვდილის საფრთხე[3]; მზად ვიყავით საქართველოსთვის თავის გასაწირად. იმპერიის მხრიდან სასტიკი ანგარიშსორების შესახებ ბოლო საათებში მომიტინგენი გაართხილა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მისმა უწმინდესმა და უნეტარესობამ, ილია მეორემ; ხანგრძლივი დუმილის შემდეგ აქციის ყველა მონაწილე ადგილზე დავრჩით; მტრის ტანკების პირისპირ ჩვენთან ერთად დარჩა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც… ეს იყო მთელი ქართული საზოგადოების ზნეობრივი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის; ამ ბრძოლაში გამორჩეულთა ხვედრი გახდა მოწამეობრივი სიკვდილი. 1989 წლის 9 აპრილის დილას რუსთაველზე ეროვნული ელიტა თუ იყო შეკრებილი, 10 აპრილს მთელი საქართველოს მოსახლეობა იდგა ამ ეროვნული ელიტის გვერდით. რეალურად, ეს იყო სრული ეროვნული კონსოლიდაცია, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. 9 აპრილს მომიტინგეთა შეუპოვრობამ გააერთიანა ქართული საზოგადოება და საქართველოში მცხოვრები სხვა მოქალაქეები თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს იდეის გარშემო; ამ ერთიანობამ შვა საქართველოს დამოუკიდებლობა; კერძოდ, ზვიად გამსახურდიას მიერ მობილიზებულმა სახალხო მოძრაობამ საქართველოს მოსახლეობას აჩვენა, რომ დამოუკიდებლობის იდეა გადამრჩენია როგორც პიროვნებისა, ასევე, ზოგადად, ქართველი ერის მომავლისა და საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფებისა; ამ იდეით კონსოლიდირებულმა მოსახლეობამ 1991 წლის 31 მარტს თითქმის ერთხმად განაცხადა, რომ აღარ სურს ყოფნა საბჭოთა იმპერიაში, რუსულ იმპერიაში და სურთ დამოუკიდებელი ცხოვრება![4]

1989 წლის 9 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ უიარაღოდ გაიმარჯვა საბჭოთა იმპერიაზე, რასაც მოჰყვა შეუქცევადი პროცესები: კომუნისტური პარტიის დაშლა, ეროვნული პარტიების შექმნა, საქართველოს კოლაბორაციონისტული მთავრობის უსუსურობა და ეროვნული ხელისუფლების არჩევის აუცილებლობა და სხვ.

9 აპრილს დისტანციიდან თუ შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ: 1989 წლის 9 აპრილი იყო “გამოსვლა ეგვიპტიდან”, ეს იყო გააზრებული გადაწყვეტილება და დამოუკიდებლობისკენ სვლის დაწყება, ეროვნული და ქრისტიანული ფასეულობების, როგორც ორიენტირების, აღორძინება!

1989 წლის 9 აპრილი არის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დასაწყისი, ხოლო 1991 წლის 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურე გაფორმებაა (თუმცა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დღემდე გრძელდება). მთლიანობაში 9 აპრილი არის საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლო და არა – გლოვის დღე (9 აპრილი გლოვის დღეა რუსეთის იმპერიისათვის). გამარჯვებით დასრულებულ ყველა ბრძოლაში დაცემულა გმირი მებრძოლი; ამის გამო არავის გამოუცხადებია გამარჯვების დღე გლოვის დღედ: დიდგორშიც დაიხოცნენ გმირები, მაგრამ ეს დღე გლოვის დღედ არავის გამოუცხადებია.

1989 წლის 9 აპრილის შემდეგ აღზევდა ეროვნული მოძრაობა: “საბჭოთა ხალხი” სწრაფად ტრანსფორმირდა ნაციად, ერად. ერს აღარ სურდა რუსულ იმპერიაში ცხოვრება და ეს სურვილი რომ რეალურ ქმედებაში გადასულიყო, ზვიად გამსახურდიამ მართებული გზა აარჩია: არასაბჭოთა, დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვება და რეფერენდუმის გზით ხალხის ნების დაფიქსირება. 31 მარტის რეფერენდუმის შემდეგ – 1991 წლის 9 აპრილს – მართლაც შეიქმნა საერთაშორისო სამართლის დონეზე გააზრებული დოკუმენტი – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რითაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ სურს საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. მსოფლიომ საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო წორედ 9 აპრილის აქტის საფუძველზე; შესაბამისად, ბუნებრივია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილია (და არა 26 მაისი). დამატებითი არგუმენტის სახით აქ მოკლედ ვიტყვი: დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოში ცხადდება ორი საფუძვლით:

– სახელმწიფოს დაფუძნების დღის მიხედვით – ეს დღე ჩვენ არ გვახსოვს, ეს იყო 23 საუკუნის წინ, თუ ჩვენ ავითვლით ფარნავაზიდან და ქუჯიდან, 33-35 საუკუნის წინ, თუკი ავითვლით აიეტის კოლხეთის მიხედვით…

– არსებობს მეორე პრაქტიკაც: დამოუკიდებლობის დღედ ცხადდება ბოლო დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. შდრ.: დღემდე საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნება 26 მაისი, მაშინ როცა 26 მაისი არ არის არც საქართველოს სახელმწიფოს დაფუძნების დღე და არც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ის დღე, რომლის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფოობრიობა ცნო მთელმა მსოფლიომ. საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო აღდგენა იყო 9 აპრილს; ასე წერია კიდეც მოქმედ კონსტიტუციაში; გაეროს დოკუმენტებშიც აღნიშნულია, რომ 9 აპრილის აქტის საფუძველზე გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა; მაგ., საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის პირველივე მუხლში ვკითხულობთ:

“საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით”.

ლოგიკურია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნებოდეს 9 აპრილი (რამდენადაც, არავის ახსოვს მრავალსაუკუნოვანი საქართველოს სახელმწიფოს დაფუძნების დღე (რომელიც იყო სულ მცირე 24 საუკუნის წინ). რამდენადაც 9 აპრილი არის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლისა (1989 წ 9 აპრილი) და დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების დღე (1991 წლის 9 აპრილი). პირადად ჩემთვის 9 აპრილის მონაწილეები გმირები არიან, ხოლო დაღუპულები – წმინდანები; მათი სულები ხარობენ, რადგან საქართველოსთვის ბრძოლას შეეწირნენ. სამყარო არ არის ოდენ ხორციელი სივრცე; სამყარო არის სულიერი და ხორციელი ველების ერთიანობა. ადამიანის ხორციელი სამყარო არის მაქსიმუმ 100-წლიანი, სულიერი სამყარო კი მარადიულია. ხორციელ სამყაროში ფიზიკური ყოფნა ადამიანის მუდმივი გმირობის საფუძველია, წმინდანობის საფუძველია. ვინც დათმო ხორცი ქვეყნისთვის, სულისთვის, ის წმინდანია. ამიტომ, გაუმართლებელია 9 აპრილის გმირების გამოცხადება ე.წ. ტრაგედიის მსხვერპლად, ისინი ბრძოლაში დაღუპული გმირები არიან და წმინდანების რანგში უნდა განვიხილოთ, რამდენადაც მათ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გაწირეს ხორციელი სიცოცხლე.

სამწუხაროდ, დღემდე საქართველო არ არის სრულად დამოუკიდებელი; ჩვენი ტერიტორების ნაწილი დე ფაქტო ოკუპირებულია; იქიდან ქართველობა გამოდევნილია; გაცილებით ბევრი ქართველი მოკლეს ოკუპანტებმა ქართველობისათვის (ვიდრე 9 აპრილს); ქართველობისათვის დევნილნი არიან ჩვენი ძმები და დები აფხაზეთიდან და ცხივნვალის მხარიდან და ისინი არანაკლებ ტანჯულნი არიან და არანაკლები გმირები არიან, ვიდრე 9 აპრილის გმირები… ამდენი გმირობა უთუოდ მოიტანს შედეგს და საქართველო სრულად იქნება დამოუკიდებელი, ჩვენი მემკვიდრეები კი წინაპრების დატოვებული დედაენისა და კულტურის განმავითარებელნი… მთავარია, საქართველოს დამოუკიდებლობა დე იურე არსებობს; ჩვენი სამომავლო ამოცანაა, დე ფაქტოც დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენი წინაპრების სისხლით ჩვენამდე იყო შენარჩუნებული. თავისთავად არაფერი ბრუნდება; აუცილებელია საქართველოს მოსახლეობის სწორი ორიენტირება და ქვეყნის სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრა; ეს კი შეუძლებელია, შორეული თუ უახლოესი წარსულის არაობიექტური განსჯის პირობებში. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველოს შემდგომი ხელისუფლებების მიერ (დღემდე) ფაქტობრივად უსამართლოდ და მიზანმიმართულადაა მივიწყებული პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ღვაწლიც, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრების თავგანწირვაც  [5] და 9 აპრილის მოვლენების რეალური არსიც.

საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
და ქართველი ერის კონსოლიდაცია

საქართველოში და საქართველოს გარშემო მიმდინარე მოვლენების შეფასების მიმართულებით ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიერ დაფუძნებული საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი; კერძოდ, ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მეუფე იაკობის კურთხევით უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი სერგო ვარდოსანიძე 2011 წლიდან ყოველი წლის 9 აპრილს საზეიმო შეხვედრაზე ოფიციალურად იწვევს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერ დეპუტატებს.

საყურადღებო ფაქტი: ერთ-ერთი ასეთი საზეიმო შეხვედრის მონაწილეებს ემოციური სიტყვით მიესალმა საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი აფხაზი მოღვაწე – ბათუმელი მწერალი ანზორ კუდბა, რომლის ტექსტსაც აქვე გთავაზობთ:

„ეს დღე ყველაზე დიდი და საოცარი დღეა საქართველოში: 1989 წლის 9 აპრილი – გმირობისა და გმირთა დაღუპვის გამო მწუხარების დღე და 1991 წლის 9 აპრილი -საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე! მწუხარება და სიხარული საქართველოს ბედისწერაა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა: იყო მძიმე წლები და გზა ბედით თუ უბედობით; დავკარგეთ ჩვენი ღვიძლი დები და ძმები, ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები და დღეს სრულიად საქართველოც ვეღარ ვართ: მოსანანიებელი ბევრი გვაქვს და თუკი სინამდვილეს თვალს გაუსწორებთ, ცხადი იქნება ჩვენთვის, რომ ჩვენც ბევრი შეგვიცოდავს. ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას ღმერთი არ გაწირავს: ერსა თუ ბერს შეგვაკავშირებს ერთ მტკიცე ჯაჭვად, რომლის დაწყვეტას ვერავითარი ბოროტი ძალა ვერ შეძლებს. დადგება ჩვენი ზეობის დღეც“.

ქართული უნივერსიტეტის ეს ინიციატივა მიზნად ისახავს მთავარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პრიორიტეტების გარშემო საზოგადოების კონსოლიდაციას. ფაქტია, რომ პირველად სწორედ აქ, ქართულ უნივერსიტეტში, შეძლეს დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მომწერმა ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა დეპუტატებმა ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა. აქ გამოიკვეთა, რომ მათ შერიგება შეუძლიათ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომელ მხარეს იდგნენ ისინი და რომელ ბანაკს ეკუთვნოდნენ, ისინი არიან დეპუტატები, რომელთაც ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელმაც აღადგინა 70 წლის წინ დაკარგული სახელმწიფოებრიობა.

დასკვნის სახით

დღეს კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი ფეთქებადსაშიში რეგიონია. კავკასიის კრიზისიდან გამოსავლის გზის ძიებისას, ამ ეტაპზე აუცილებელ პირველ ნაბიჯებად მიგვაჩნია საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში, უახლოეს პერიოდში, სასამართლოს წესით ობიექტურად შეფასდეს 1991-93 წლებში კანონიერი ხელისუფლების დამხობის ფაქტი. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ კავკასიის ცენტრალური სახელმწიფოს – საქართველოს – ხელისუფლებაში კიდევ არ მოხვდნენ პირები, რომლებიც, ბოლო წლებში არაერთხელ იქცნენ რუსეთის იმპერიის ან სხვა გარეშე ძალების ნების აღმსრულებლებად. აუცილებელია იმიტომაც, რომ ამ სამართლებრივი დასკვნის საფუძვლით ცივილიზებულმა მსოფლიომ ობიექტურად შეაფასოს მე-20 საუკუნის 90-იან წლებში კავკასიაში განხორციელებული რუსული აგრესია და გარკვეულწილად გადახედოს თავის სტრატეგიას[6]; კერძოდ, დასავლეთის პოლიტიკური ელიტა საქართველოში თუკი დაეყრდნობა დასავლეთზე ორიენტირებულ და, ამავე დროს, საქართველოს ისტორიული ფასეულობების დამცველ ქართულ საზოგადოებას, გადარჩება ქართველი ერიც, საქართველოს სახელმწიფოსაც ვეღარავინ აიძულებს, აღმოჩნდეს რუსულ იმპერიულ გამოუვალ ჩიხში[7] და კავკასიაც საბოლოოდ იქცევა ცივილიზებულ დასავლეთთან ინტეგრირებულ ისეთ რეგიონად, რომლითაც ევროპასა და აზიას მუდამ შეეძლება უშუალო და უსაფრთხო კავშირი.

***

მცირე განმარტებანი

I. 1991-93 წლების გადატრიალების კვალიფიკაციის საკითხი.

წარმოდგენილი კრებულის გამომცემელთა თხოვნით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთა შესახებ ბიოგრაფიული ცნობების შევსებული ვარიანტი მოამზადა ბ-ნმა თემურ მურვანიძემ. ბიოგრაფიების მისეული ვარიანტის მიხედევით 1991-92 წლებში საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა კვალიფიცირებული იყო, როგორც “ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება“. ბ-ნ თ. მურვანიძეს ამგვარი კვალიფიცირების საფუძვლად აღებული ჰქონდა საქართველოს პარლამენტის დადგენილება: “1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ”; კერძოდ, დადგენილებაში ვკითხულობთ:

“საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში[8].  შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი, 2005 წლის 11 მარტი. №1104–Iს[9].

კრებულში “საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი” წარმოდგენილ ჩემს სტატიაში: “საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ორიენტირები თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში” დამოწმებული მაქვს პრეზიდენტ სააკაშვილის #174 (21.02. 2004) განკარგულება: “1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი ორმხრივი სახელმწიფო კომისიი შექმნის შესახებ”. ამ განკარგულების საფუძველზე ჯერ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა, შემდეგ კი მისმა შემცვლელმა ზურაბ ადეიშვილმა შექმნა ერთობლივი კომისია გენერალურ პროკურატურაში[10].

ამ კომისიის საგამოძიებო ჯგუფის დადგენილებაში ვკითხულობთ:

“საქართვლოს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისა და ასევე ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის პირველი დღეებიდანვე ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობისა და პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას წინააღმდეგ დაიგეგმა და მეთოდური იერიში განხორციელდა ოპოზიციურ ძალებს მიტმასნილი და მისი სახელით მოქმედი პირებისა და იმპერიული ძალების მიერ. სსრ კავშირის პრეზიდენტი მ.გორბაჩოვი და სხვა ოფიციალური პირები ღიად აფრთხილებდნენ ქართველ ხალხს და საქართველოს პრეზიდენტს, რომ მათ მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე გადადგმული ნაბიჯები სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა სამხრეთ ოსეთის ოლქთან და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან ურთიერთობაში.

იმპერიული ძალების ქმედების გასანეიტრალებლად საჭირო იყო შესაბამისი პრაქტიკული ზომები ქართული სახელმწიფოს მხრიდან. აღნიშნული მიზნით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სსრ კავშირის – რუსეთის იმპერიის – შეარაღებული ძალები გამოცხადდა საოკუპაციო სამხედრო ძალად და დაისვა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან მისი გაყვანის საკითხი”.[11].

აქ დამატებიტ აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დასავლეთის წაყრუების ფონზე დაამხო რუსეთმა, იმიტომ, რომ პრეზიდენტი გამსახურდია რუსეთს კავკასიას აკარგვინებდა… შდრ.: რუსეთის მიზანი იმთავითვე, 1991 წელსვე, ნათლად იყო გააზრებული საქართველოს კანონიერი ხელისუფლების მიერ; იხ., მაგ., საქართველოს უზენაესი საბჭოს მიმართვა გაეროს:

“საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო დიდ ყურადღებას უთმობს 1921 წლის საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შედეგად შიდა ქართლის მთიან ნაწილში შექმნილ რთულ ვითარებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ამ ძირძველ მიწა-წყალზე მიმდინარე პროცესები ინსპირირებულია სსრ კავშირის ტერიტორიაზე ახალი ზესახელმწიფოს გაჩენის მოსურნე ძალების მიერ და წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას საქართველოს რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე. ამდენად, ე.წ. ოსურ-ქართულ კონფლიქტს აქვს პოლიტიკური საფუძველი. იგივეს ადასტურებს სსრკ, რსფსრ და საქართველოს რესპუბლიკის ერთობლივი კომისიის მიერ 1991 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ოქმი.

უკანასკნელ ხანებში ექსტრემისტული ძალების მოქმედების შედეგად მდგომარეობა ამ რეგიონში განსაკუთრებით დაიძაბა. დღეს უკვე სრულიად ცხადია იმპერიის მიზანი _ მიაღწიოს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილის ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ფაქტობრივად რუსეთისათვის გადაცემას, რაც ეწინააღმდეგება საყოველთაოდ მიღებულ საერთაშორისო ნორმებს.

საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება, პრეზიდენტი და უზენაესი საბჭო ყოველთვის ისწრაფოდა და ამჟამადაც ისწრაფის შექმნილი ვითარების მშვიდობიანი, პოლიტიკური საშუალებებით გადაჭრისაკენ ყველასთან ერთად, ვინც კეთილი ნებისა და სამართლებრივი რეალობიდან გამომდინარე ხელს შეუწყობს ამ რეგიონში ძალადობის შეწყვეტას, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.

აქედან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მოგმართავთ თხოვნით შექმნილი ვითარების შესასწავლად მოავლინოთ თქვენი წარმომადგენლები.

თბილისი, 1991 წლის 3 დეკემბერი [12].

წარმოდგენილი ფაქტების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, დასაზუსტებელია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის დადგენილების კვალიფიკაცია, რამდენადაც “ანტიკონსტიტუციური გადატრიალება” შეიძლება იყოს ე.წ. სამოქალაქო ომიც… პროკურატურის დასკვნაში წარმოდგენილი მსჯელობაც და სხვა უამრავი ფაქტიც ცხადყოფს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამომცხადებელი პრედზიდენტის – ზვიად გამსახურდიას – ხელისუფლების დამხობა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის მთავრობის მიერ ქართველთა მცირე ნაწილის გამოყენებით; რუსეთის მიზანი იყო საქართველოს დაბრუნება თავის გეოპოლიტიკურ სივრცეში – დსთ-ში. შესაბამისად, 1991-93 წლებში გდაგეგმილი და განხორციელებული “ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა” სახელდებული იქნას, როგორც “საქართველოს გარედან მართული კრიმინალური სახელმწიფო გადატრიალება”.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბ-ნი თემურ მურვანიძის მიერ მომზადებულ “ბიოგრაფიებში” კვალიფიკაცია: “ანტიკონსტიტუციური გადატრიალება” ამ სტრიქონების ავტორის მიერ ჩასწორდა შემდეგი ფორმულირებით: “საქართველოს გარედან მართული კრიმინალური სახელმწიფო გადატრიალება”.

II. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საკითხი.

ბ-ნი თ. მურვანიძის მიერ მომზადებულ ბიოგრაფიულ ცნობებში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლ დეპუტატთა ერთი ნაწილი, ასევე, პრეზიდენტის მოწინააღმდეგეთა მცირე ნაწილიც, მოხსენიებულია როგორც: “პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი”; პრეზიდენტის მხარდამჭერ დეპუტატთა დიდ ნაწილს, რომლებიც ასევე იდევნებოდნენ უკანონო რეჟიმის მიერ, “პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის” სტატუსი არ აქვთ. ამგვარი არათანაბრობა სათავეს იღებს საქართველოს სასამართლოს გადაწყტეტილებებიდან; კერძოდ:

2006 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე # 3/4371) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ (მოსამართლე შალვა დემეტრაძე; სხდომის მდივანი – ეკატერინე მაჭარაშვილი)საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ერთი ნაწილი (მუხრან მაჭაცარიანი, ნემო ბურჭულაძე, ლევან ახმეტელი, პაატა ბარათაშვილი, თამაზ გველესიანი, მანანა გაბაშვილი… სულ 44 დეპუტატი) აღიარებული იქნენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატის თანამდებობოდან მათი უკანონოდ დათხოვნის გამო. სამოტივაციო ნაწილში ვკითხულობთ:

“დადგენილია, რომ 1992 წლის 2 იანვრის დადგენილებით, სამხედრო საბჭოს მიერ შეჩერებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის და მასთან ერთად საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა (მოსარჩელეთა) უფლებამოსილება. მოცემული კი წარმოადგენდა მოსარჩელეთა ნების საწინააღმდეგოდ. მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. აღნიშნული გარემოება უნდა შეფასდეს, როგორც მოსარჩელეთა თანამდებობიდან უკანონო დათხოვნა, რომელიც განხორციელდა იძულების და ძალადობის გზით”.

სამართლებრივი ლოგიკისა და კანონის სრული იგნორირებით, სამი წლის შემდეგ, 2009 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე # 3/1977-09) იმავე თბილისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ (მოსამართლე – თინათინ შავერდაშვილი; სხდომის მდივანი – ლელა გოგოჭური) საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატის თანამდებობოდან ასევე უკანონოდ დათხოვნილ დეპუტატებს (ანზორ საკანდელიძე, ბიმურზა დადეშქელიანი, თეიმურაზ გვანცელაძე, ტარიელ ფუტკარაძე, ემზარ გოგუაძე, გელა ჩორგოლაშვილი, ავთანდილ კვეტენაძე, თენგიზ ბარამიძე…), რომლებიც ასევე იდევნებოდნენ უკანონო რეჟიმის მიერ; მათი დიდი ნაწილი მონაწილეობდა დევნილობაში ჩატარებულ გროზნოს, ზუგდიდისა და თბილისის სესიებშიც და, რაც მთავარია, მათი ძალისხმევით დევნილობის პირობებში შენარჩუნდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამართალმემკვიდრეობა. სამწუხაროდ, დეპუტატთა ამ ნაწილს სასამართლომ უარი უთხრა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებაზე…

ზემოთქმულიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, ბიოგრაფიებში ასახულიყო დევნილობის დროს ჩატარებულ სხდომებში უზენაესი საბჭოს დეპუტატთა მონაწილეობაც. [13].

ტარიელ ფუტკარაძე

25. 01.2016


[1] საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთ სამუშაო ვერსიაში ზვიად გამსახურდიას ხელით მიწერილია, რომ საქართველოს სურს, იყოს ნეიტრალური სახელმწიფო. 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოცხადების გამო რუსეთის იმპერიამ დაამხო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება. ნიშანდობლივია, რომ 1921 წელს  რუსეთმა ასევე დაამხო საქართველოს ნეიტრალიტეტის მომხრე ნოე ჟორდანიას ხელისუფლებაც. ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ საქართველოს სახელმწიფოს გადარჩენის პერსპექტივა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება რეალური, თუკი საქართველო ევროპული სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრი იქნება.

[2] მრავალი ფაქტით დადასტურებულია, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობდნენ რუსეთის ჯარები გენერალ რეუტის, გენერალ ბეპაევისა და ადმირალ ბალტინის მეთაურობით.

[3] ერთ საინტერესო ფაქტს გავიხსენებ 1989 წლის 9 აპრილთან დაკავშირებით:

8 აპრილის ღამეს, დაახლოებით 23-24 საათზე ჩემი მეგობარი დემურ შარაშენიძე გახდა შეუძლოდ და სახლში წასვლა დააპირა; პუშკინის სკვერამდე გავაცილე. როცა ვემშვიდობებოდი, უცნაურმა გრუხუნმა მიიქცია ჩვენი ყურადღება; აღმოჩნდა, რომ ტანკების მუხლუხების ხმა იყო… დემური აღარ წავიდა სახლში; აქ სისხლი დაიღვრება და მე ვერ დაგტოვებთო… იმ ღამეს, როცა ქალაქში გავრცელდა ხმა, მომოტინგეებს დაარბევენო, მომიტინგეების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა… იქ რაც მოხდა, ეს არ იყო ტრაგედიის დროს ადამიანების სიკვდილი; ეს იყო თავგანწირული დგომა იმპერიის წინააღმდეგ და გმირული სიკვდილი.

[4] ერთიანობის ეს სულისკვეთება და ქართულ მრავალსაუკუნოვან ღირებულებებზე ორიენტირება რომ მერეც გაგრძელებულიყო, ახლა ჩვენი ქვეყანა ბევრად წინ იქნებოდა.

[5] კარგი იქნება, თუკი საქართველოს რომელიმე გამორჩეულ ადგილას, რომელიმე ტაძრის ეზოში მოინახება ადგილი, სადაც, ოჯახის წევრების თანხმობის შემთხვევაში, გადმოვასვენებთ საქართველოსთვის თავგანწირულ და აწ უკვე გარდაცვლილ იმ დეპუტატებს (უზენაესი საბჭოს წევრებს), რომელთაც 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობა – ხელი მოაწერეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, აქტს, რომლის საფუძველზეც საქართველოს დამოუკიდებლობა სამუდამოდ ცნო ცივილიზებულმა მსოფლიომ.

[6] დასავლური პოლიტიკური წრეების ერთი ნაწილის დიდი შეცდომაა არალოიალური დამოკიდებულება საქართველოს ეკლესიის მიმართ (შდრ.: დასავლეთი ლოიალურია ბერძნული მართლმადიდებლობოსადმი); ეს ფაქტი საქართველოში უნდობლობას აჩენს დასავლეთის მიმართ, რამდენადაც უძველესი დროიდან მოყოლებული, საქართველოს ეკლესია ქართული ფასეულებებისა და საქართველოს სახელმწიფოს უპირველესი დამცველია.  პარალელურად, დასავლეთელი პარტნიორები საქართველოში ეყრდნობიან ქართული ეროვნული ღირებულებებისადმი, ქართველთა დედაენისადმი და ქართულენოვანი ქრისტიანობისადმი ინდიფერენტულად  განწყობილ პოლიტიუკურ ჯგუფებს – ე.წ. ფსევდოლიბერალებს, რომლებიც, ბოლშევიკების მსგავსად, დემოკრატიისა და თანასწორობის ნიღბით უარყოფენ ქართველთა ისტორიულ სასიცოცხლო ფასეულობებს. ამ ფაქტების გამოყენებით რუსეთი ინტენსიურ საინფორმაციო ომს აწარმოებს საქართველოში მოსახლეობის განწყობის შეცვლის მიზნით.

[7] რუსულ იმპერიულ ველში საქართველო თუკი დაბრუნდება, საქართველოს სახელმწიფოს საბოლოო დანაწევრება, ქართველ ერს კი სრული კატასტროფა ელის. ისტორიული გაკვეთილების გათვალისწინებით ცხადია, რომ საქართველოს განვითარების პერსპექტივა ევროკავშირშია და არა – ევრაზიულ კავშირში.

[8] იგულისხმება, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება კანონიერი იყო 1995 წლის ნოემბრამდე.

[9] https://matsne.gov.ge/ka/document/view/42880

[10] შემადგენლობა: გიორგი ჯანაშია _ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე; გელა ბადრიაშვილი _ ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; ტარიელ ფუტკარაძე _ 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი; ფილ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მანანა ტაბიძე _ ფილ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მერაბ რაფავა _ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გიორგი ანდრიაძე _ საქართველოს საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანი.

[11] “დადგენილება პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმისა და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ” (15 ივნისი, 2004 წ.), გვ. 46; დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი პროკურორი რევაზ ზარანდია; 2004 წლის 18 ივნისს დადგენილება დაამტკიცა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა.

[12] საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, # 12, 1991, გვ. 38-39;  http://www.rrc.ge/law/mimkrt_1991_03_12_Q.htm?lawid=1759&lng_3=ge

[13] 1992 წლის 6 იანვრიდან დევნილობაში მყოფი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გროზნოსა და ზუგდიდის სესიებში (1992-93 წლები) მონაწილე დეპუტატთა სია მოამზადა ბ-ნმა ბიმურზა დადეშქელიანმა, ხოლო დააზუსტა ბ-ნმა თემურ მურვანიძემ. დევნილობის მეორე ეტაზე – 1998-2005  წლებში – თბილისში ჩატარებულ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს  სხდომებში მონაწილე დეპუტატთა სია მოამზადა ბ-ნმა ბიმურზა დადეშქელიანმა.

 

 
%d bloggers like this: