IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ემიგრანტის ფიქრები

• ს. ე. გ. მ.

ემიგრანტის ფიქრები

რომ არ ვთქვა და არ დავწერო აღარ შემიძლია…
ჩვენი სამშობლოს დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი ძირითადად ორ „დაპირისპირებულ“ ბანაკს წარმოადგენს, რამეთუ შუა, ერთობლივი ძალისხმევით უკვე გაკრიფეს და მიდის ძიძგილაობა და ჯიბრი შევარდნაძის ძირიდან და ფესვიდან ამოყრილ ორ ქარაეკლიან განშტოებას შორის.
წინარენი გუშინდელ დღეს წარმოაჩენენ ოქროს ხანად, აწინდელნი თავისას უბერავენ, ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადიო.

გუშინდელნი ლამისაა წმინდანის შერავანდედით შეიმოსონ და თავნი ანგელოსთა დასად შერაცხონ.
აწინდელი საუკუნის დასაწყისში შევარდნაძის უზურპატორული რეჟიმი მოლპა, გაიხრწნა, გათახსირდა. დაბეჩავებულ და გავერანებულ მოსახლეობაში იმძლავრა პროტესტის გრძნობამ, აგორებული გუნდა უშველებელ ზვავად იქცეოდა, რომელიც წალეკავდა იმ უზნეო, არაადამიანურ რეჟიმს. ქვეყნის ბედის გამრიგეებმა თადარიგი თავიდანვე დაიჭირეს და თვითვე ამოავსეს ოპოზიციური სპექტრის ვაკუუმი, რათა იქ ღირსეული, ქვეყანაზე და ხალხზე მოფიქრალ-მოამაგე არ მისულიყო.

შევარდნაძის ბანდის ახალგაზრდული ფრთისაგან მოზილეს და სამზეოზე გამოიტანეს „ახალგაზრდა რეფორმატორთა“ კასტა, რომელსაც უნდა ეზრუნა მოსალოდნელი კატაკლიზმების თავიდან ასაცილებლად და ვითარება შეცვლილიყო ისევ და ისევ შევარდნაძის კლანის განადგურების თავიდან ასაცილებლად და რაც მოხდა ყველამ მშვენივრად ვიცით! 

მივუბრუნდები ნაცების ბოლო საარჩევნო პერიოდს, მიშას მეორედ მოსვლას.
არჩევნები რომ შევარდნაძისეული მეთოდებითა და ხრიკებით ჩატარდა ამას რეგვენი ან გაიძვერა თუ უარყოფს.
საუბრობენ მის ლეგიტიმურობაზე და დემოკრატიულობაზე.

ბატონებო, საარჩევნო სიებში კვლავ იყო შეტანილი ჩემი გარდაცვლილი მშობლები, ნათესავები,მეზობლები თუ განსვენებული ნაცნობები. ერთი ნათესავი ხუმრობით მითვლიდა, ჩამოდი საქართველოში, არჩევნებზე საარჩევნო უბანში მშობლებსაც შეხვდები, ბებია-ბაბუებსაც და ვინც უდროოდ წასვლით გული გატკინაო. ეს ფაქტია და ნურვინ გაბედავს შემოდავებას. ამ ხნის მანძილზე ჩემს სახელზეც იცემოდა საარჩევნო მოსაწვევი და ღმერთმა იცის ვის მისდიოდა ჩემი ხმა! ასევეა ცნობილი საარჩევნო „კარუსელები“.

ჩემი სისხლისმიერი ნათესავი ჩართული იყო საარჩევნო სიების შედგენა-დადგენაში, გაამწესეს ქალაქის ერთ-ერთ უბანში, იმ უბანში, თუ მეხსიერება არ მღალატობს, იყო ირაკლი აბაშიძის ქუჩა, რომლის ერთი მხარე დაუსახლებელი იყო, ესე იგი, არ გააჩნდა ლუწი ნომრები. ქუჩის მარჯვენა მხარეზე იყო სასაფლაო და ალაგ-ალაგ დაჭაობებული გაშლილი მინდვრები. მაგრამ საარჩევნო სიების დამდგენი სტუდენტური ჯგუფისათვის მიუციათ დავალება, რომ სიებში გაეტარებინათ არარსებული ლუწი ნომრები და შეევსოთ არარსებული მაცხოვრებლებით. ეს არის ფაქტი! ასეთი ფაქტი ხომ უამრავი დააფიქსირეს დამკვირვებლებმა?!

მაშინ საყოვეთაოდ გახდა ცნობილი, რომ საარჩევნო სიებში შეტანილი იყო კარგახნის წინ გარდაცვლილი ქართული ცეკვის დედოფალი ქალბატონი ნინო რამიშვილი! და ვინ მოსთვლის რამდენი ათიათასი ასეთი!

საარჩევნო სიების დადგენაზე მომუშავე სხვადასვა დამოუკიდებელმა ორგანიზაციებმა ათიათასობით მკვდარი სულის არსებობა დააფიქსირეს!

აქედან გამომდინარე, იმ არჩევნების ლეგიტიმურობაზე, დემოკრატიულობაზე და ზნეობრიობაზე საუბარი მხოლოდ თაღლითთა საქმე და ხელობაა!

ცდილობენ იმ  ცხრაწლიანი პერიოდის ოქროს ხანად გასაღებას, სააკაშვილი თავის ფეოდალურ სამფლობელოს ევროპის განვითარებულ ქვეყანასაც კი ადრიდა და საქართველოს უწოდებდა კავკასიის ავსტრიას!


საქართველო, შევარდნაძის ზეობისას დავტოვე და წამოვედი ემიგრაციაში თოთხმეტიოდე წლის წინ!
მაშინ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში მხოლოდ ორ ათეულამდე ქართველი თუ ითვლებოდა. 2004 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ამ ქალაქის თითქმის ყოველ ქუჩაზე გაიგონებდით ქართულ საუბარს, სად არ წააწყდებოდი ქართველს, ეტაპებად შემოდიოდნენ სამშობლოდან გამოსული ქართველები. პატიოსან და საღად მოაზროვნე ადამიანს ვეკითხები, ვის დაუტოვებია საათივით აწყობილი ქვეყანა და კეთილდღეობა?


აუტანელი და გაუსაძლისი გახდა სამშობლოში ცხოვრება, უცხოეთში გადახვეწილი ათიათასობით ქართველი კაცი თუ ქალი იძულებული იყო ბევრი არაჩვენებური რამ ეკადრებინა და ისე მოეპოვებინა პური არსობისა. დიდი ნაწილი განარკომანდა, სამუდამოდ დაავადდა. ბევრი ქართველი ქალი იძულებული გახდა აკიდებოდა უცხოტომელს, სხვა რჯულისას, ან შეუღლებულიყო ან კიდევ ხასად დაჯდომოდა.ეს კი არა და, ქართველი ახალგაზრდა კაცები ცოლად ირთავდნენ ქვეყნის მკვიდრთ და გადადიოდნენ მეუღლის გვარზე, რათა უფრო გაადვილებოდათ ქვეყანაში დამკვიდრება. ბევრმა მეწყერმა გადაიარა ქართველთა თავზე, ის ის იყო ფუძნდებოდნენ რომ სააკაშვილის მთავრობამ ევროკავშირთან ხელი მოაწერა რეადმისიას, უნებართვოდ მცხოვრები ქართველების საქართველოში უპირობო გაბრუნებას.
რამდენ ათას ოჯახს გადაეკეტა საარსებო საშუალება? 

იყვედრებიან ეს აშენდა ის აშენდაო, გზები გაიყვანესო, შუქი უგრაფიკოდ მიეწოდებოდა ქვეყანასო, კი ბატონო, იყო რაღაც ძვრები,განა დაუნახავი ვარ? მაგრამ როდესაც პრეტენზიას აცხადებ წინას უკეთესობაზე და ხალხს საარჩევნო დაპირებებს აძლევ უნდა გააკეთო, აბა რა უნდა ჰქნა?!

გზის გაყვანაზე გამახსენდა, დიდი ზარზეიმით აპიარებდნენ ცივ-გომბორზე გზის გაყვანას, პირველი მიშა გაატარეს ზედ, მაგრამ რამდენიმე თვეში ის გზატკელილი სულ ერთიანად ჩახლეწილა.. აეროპორტი ააშენეს და უთვალავჯერ წამოხადა სახურავი ბორიო სიომ, თეატრები ააშენ-გაარემონტეს და გაწვიმებისას ნიაღვრები ჩავიდა სცენაზე და პარტერებში, რამდენი ასეთი რამ..

რამდენმა ათასმა ქართველმა დატოვა საქართველო 2004 წლიდან მოყოლებული 2012 წლამდე და რამდენი ტოვებს დღესაც ამ ბედოვლათი, ამორფული მთავრობის გადამკიდე?
ცხოვრების დონის გაუმჯობესების ჩემს სანათესაოს, სამეგობროს, სამეზობლოს აბსოლუტურ უმრავლესობას არაფერი ეტყობოდა, პირიქით, დღითი დღე უარესდებოდა და გაუსაძლისი ხდებოდა მათი ყოფა.
უმჯობესდებოდა ამ პოლიტიკური პარტიის წევრების, მხარდამჭერებისა და დაახლოებული პირების ოჯახური ყოფა.

კრიმინალური ვითარება გაუმჯობესდა, ცხოვრება უსაფრთხო შეიქმნაო, არ გედავებით… მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ წვრილმანი დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანით გადაიტენა საქართველოს ციხეები. დამტვრეული საბავშვო ეტლის მეზობლის ეზოდან გამოტანის გამო რამდენი მიუსაჯეს პატარა ბავშვს?

სახელმწიფო აშენდაო ხშირად იმეორებენ, საკითხავია აშენდა კი?
აი, ამ დღეებში უცემიათ ნაცმოს წევრები ჭიაბერაშვილი და ლადარია, რა თქმა უნდა ასე თავაშვებული ანგარიშწსორება დასაგმობია,მ აგრამ როდესაც რამე ხდება, მას გამომწვევი მიზეზიცა აქვს და ის მიზეზია საძებარი.
რომელ ნორმალურ ქართველს დაავიწყდება ჭიაბერაშვილისაგან, ჯგერენაიასაგან, ლადარაისაგან და მათა ძმათაგან სულში ჩაფურთხება?

„მოდერნისტული აზროვნების“ პიონერები!

მეგობრებო, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იქონიოს საკუთარი აზრი და მრწამსი, არვინ გედავებათ, მაგრამ ხომ არსებობს რაღაც წმინდა, სათუთი ამ ქვეყანაზე, რაიც ადამიანს განასხვავებს ცხოველისაგან?

ქართვლის დედის შეურაცხმყოფელი, აბუჩად ამგდები ქვეყანაში თავაწეული არ უნდა დადიოდეს! ჩემთვის ეს ორი სიტყვა, ის ძეგლი არის სიმბოლო ჩემი დედისა, დისა, ბებიისა. ჩემთვის ეს ორი სიტყვა და ის მონუმენტი არის სიმბოლო ზოგადად ქართვლის დედისა, წმინდა ნინოსი, წმინდა ანა დედოფალისა, წმინდა შუშანიკისა, წმინდა თამარ მეფისა, წმინდა ქეთევან წამებულისა, გმირი 9 ძმა ხერხეულიძეების დედისა, გმირი თამარ ვაშლოვნელისა, თინა წავკისელისა, მაია წყნეთელისა, ინგილო ქალისა, ეკატერინე გაბაშვილისა, ნინო ნაკაშიძისა, მარიჯანისა, თეკლა და ქეთევან ბატონიშვილებისა, ოლღა გურამიშვილისა, მარო მაყაშვილისა, მირანდა ფალავანდიშვილისა და ოლღა დემურია-კოსტავასი!
გაიგეთ!?

მიდით და გაულანძღეთ ფრანგებს „ორლეანელი ქალწული“ ჟანა დ’არკი, მიდით და გაულანძღეთ თავიანთ პატრონებს, მარია სტიუერტი, მარია ტერეზია, სისი… და მიიღებთ თქვენსას!
და თუ რომელიმეს არ მოსწონს ეს და თავისებურ „ინტერპრეტაციას“ აძლევს ყოველივე ამას, თავს გვახვევს, გვთავაზობს თუ გვაიძულებს მათი ინტერპრეტაციითა და იდეოლოგიით ვიცხოვროთ, მაშინ ნურას უკაცრავად!
თვენებურად იცხოვრეთ თქვენ და აცხოვრეთ თქვენი ოჯახის წევრები, დედები, დები, ცოლები და ქალიშვილები და არც ვინმეს აქვს უფლება ჩარევისა! ჩვენ კი თავი დაგვანებეთ, შეგვეშვით! არ გვინდა ჩვენ ასეთ „სახელმწიფოში“ ცხოვრება!

ვამბობ ჩვენს, რადგან დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თქვენზე გაცილებით მეტია ჩემნაირად მოაზროვნე ქართველი დღეს!
და თუ „დემკრატია გინდებლარიენ“, მაშინ დაემორჩილეთ უმრავლესობას!

თქვენ კი გზა ხსნილი გაქვთ, სადაც გეგულებოდეთ თქვენი გუმანისა და ხვაშიადის სახელმწიფო, იქ მიბრძანდით!
ამასვე ვეტყვი თქვენსავე განაყოფ ძმებსაც, დღეს რომ მოაჯდენენ ქვეყანას კისერზე, ცა ქუდად რომ არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად! არ დამიწყოთ ახლა ბევრი რუტუ-რუტუ,ასეა ეს! ერთი მკერდის ძუძუ გიწოვიათ, ვარდების „რევალუციაც“ ერთად გაგითამაშებიათ და ახლა „კოხტაბიტაციასაც“  შეხმატკბილებულად თამაშობთ!

მაგრამ არ გეგონოთ რომ ვერ ვამჩნევდე თქვენს მომხრეებსა და პოლიტმიჯნურებში წიგნიერ, პატიოსან და სამშობლოზე ნამდვილად შეყვარებულ ადამიანებს, პირიქით, საბედნიეროდ ასეთებიც არიან და ეს მახარებს და ისინი ჩემს სამეგობრო სიასაც ამშვენებენ!

ბევრი კიდევ უთქმელი დამრჩა,მაგრამ ახლა ამით დავასრულებ!

ავსტრია

2014 წლის  29 მაისი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: