IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გიორგი თარგამაძე

• ს.ე.გ.მ.

 

სტახანოველი დოიარი გიორგი თარგამაძე

 

კაცი ის არის, ვინც საზოგადო საქმის დროს პირადობას ივიწყებს.

აკაკი

რუსული საბჭოთა იმპერიის კლანჭებიდან თავდახსნილ საქართველოს მკაცრი განაჩენი გამოუტანეს და ჩვენდა სამარცხვინოდ, ეს  ისტორიული განაჩენი ქართველთა ხელით აღასრულეს.

დღევანდელი, ქართული პოლიტიკური სპექტრი  (1992 წლიდან მოყოლებული), გადაძეძგილია ათასი ჯურის მედროვე შარლატანით,  უიდეო, უპრინციპო და ქვენა გრძნობების მქონე არსებებით, რომელთათვისაც, აკაკის სიტყვებით რომ ვთქვათ – „სამშობლო რასა მიქვიან,  მეწყერსაც წაუღიაო!“  და მგონი, მართლაც მიაქვს,  ამათგან განწირული ჩვენი სამშობლო მეწყერს.  

მიაქვს, და ჩვენდა სამწუხაროდ, ამ მეწყერს ვერ დასდგომია ჯებირად  დღევანდელი თაობა, პირიქით, ეს ოცი წელიწადია ხელსაც კი უწყობს ამ პროცესს  ჩვენი საზოგადოების პრივილ ეგირებული ნაწილი.

მრავალ  მეთოდსა და ხრიკს იყენებს მტერი  ქართველთა მოდგმის ამოსაძირკვად. იქნება ეს ცრუ არჩევნები თუ ცრუ რევოლუციები – აღმსრულებლები კვლავაც და კვლავაც ქართველი კვისლინგები, მანქურთები თუ გვარნაცვალი უცხო ტომელები არიან. ამგვარ კატეგორიებს ფულის კეთების, სიმდიდრისა თუ  ფუფუნების მოხვეჭის ასპარეზად პოლიტიკა გაუხდიათ. გუშინდელი ღატაკები დღეს სოლიდური სიმდიდრის მფლობელნი გამხდარან და ყოველგვარი საშუალებებით ცდილობენ ამ მოხვეჭილის დანარჩუნებასა და გაზრდას.

კვლავ არჩევნობანას  ჟამი უდგას  საქართველოს.  ამ არჩევნობანაში, თხემით ტერფამდის არიან ჩართულნი ძველი თუ ახალნაყარი ავაზაკნი. მათ შორისაა ცხრა პარტია და ცხრა პატრონგამონაცვალი  გიორგი თარგამაძე.

 თუ გადავხედავთ მის ცხოვრებისეულ გზას დავრწმუნდებით, რომ ეს პერსონა თვალთმაქცობის, ყალთაბანდობის, ინტრიგების ხლართვის უდავოდ თანდაყოლილი ნიჭითაა დაჯილდოებული. ოღონდ სარგებელი ნახოს და მისთვის არ არსებობს არავითარი იდეა, მრწამი, ერთგულება ვისმეს ან რაიმეს მიმართ. ფამილიარული თავაზიანობით  ყოველთვის ცდილობს ნამდვილი სახის  დაფარვასა  და  ჟონგლიორული სიმარდით  მოხდენილადც  ირგებს დემოკრატიულობის ნიღაბს,  არადა –  პირწავარდნილი ყვარყვარეა!

გადავხედოთ ვიკიპედიაში არსებულ მის მშრალ ბიოგრაფიას:

 

გიორგი თარგამაძე (დ. 22 ნოემბერი, 1973, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი. სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი 2008 წლიდან დღემდე. პოლიტიკური პარტიის „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ დამფუძნებელი (ამ ბიჭში ქრისტიანობის ნატამალი რომ არ არის, ამის დასტური მთელი მისი ცხოვრებაა – ა. ს. !).

2003-2008 წლებში იყო ტელეკომპანია „იმედის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი, ანალიტიკური პროგრამა „დროების“ ავტორი და წამყვანი, 1999-2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ერთიანი საქართველოს“ ხელმძღვანელი.

არიერა
გიორგი თარგამაძე დაიბადა 1973 წლის 22 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის წინა დღეს, რის გამოც მისმა მშობლებმა — ჟანა ვაჩეიშვილმა და რობერტ თარგამაძემ ახალშეძენილ ვაჟს გიორგი დაარქვეს. საშუალო განათლება მე-18 სკოლაში მიიღო, სადაც რვა კლასის ჩათვლით სწავლობდა. ამის შემდეგ კი სწავლა ნიკიფორე ირბახის სახელობის პოლიგრაფიულ სასწავლებელში განაგრძო.

1991-1999 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ სწავლის დაწყებამდე, 1987-1991 წლებში, საყმაწვილო გადაცემა „თვალსაწიერის“ წამყვანი იყო, რამაც გავლენა მოახდინა მის პროფესიულ არჩევანზე.

თეორიული ცოდნის შეძენის პარალელურად პრაქტიკულ საქმიანობასაც ეწეოდა, 1991-1993 წლებში ტელეკომპანია „იბერვიზიაში“ იყო საინფორმაციო პროგრამა „მონიტორისა“ და ანალიტიკური გადაცემა „დაიჯესტ-მონიტორის“ წამყვანი.
• 1993-1995 წლებში — აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის თავმჯდომარე;
• 1995-1997 წლებში — ტელესტუდია „ბათუმის“ დირექტორი;
• 1997-1999 წლებში — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პრეს-მდივანი.

პოლიტიკა
ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და სოციალური ვითარებიდან გამომდინარე, 26 წლის ასაკში თარგამაძემ გადაწყვიტა აქტიურად ჩართულიყო პოლიტიკურ პროცესებში. 1999 წელს იგი პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ერთიანი საქართველოს“ ხელმძღვანელი გახდა. 2002 წელს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა საქართველოს პარლამენტი და მუშაობა დაიწყო ტელეკომპანია „იმედში“.

2003 წელს გიორგი თარგამაძე ჟურნალისტურ საქმიანობას დაუბრუნდა. 4 წელი იგი ტელეკომპანია „იმედის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. პარალელურად იყო ყველაზე რეიტინგული გადაცემა „დროების“ ავტორი და წამყვანი.

2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ გიორგი თარგამაძემ და მისმა მეგობრებმა დატოვეს ჟურნალისტიკის სფერო და 2008 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, დააარსეს პოლიტიკურ პარტია — „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“. რომლის თავმჯდომარეც გიორგი თარგამაძე გახდა.

გიორგი თარგამაძის ხელმძღვანელობით, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ მონაწილეობდა 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებში. ახალბედა პარტიამ წარმატებას მიაღწია და საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა პოლიტიკური ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“.

2010 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ გაუმჯობესებული შედეგი აჩვენა და საქართველოს მასშტაბით მეორე, ხოლო თბილისის მასშტაბით მესამე ადგილი დაიკავა.
დღეისათვის „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს, როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე დედაქალაქისა და ქვეყნის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

ეს ინტერნეტში არსებული ოფიციალური მონაცემებია.

ყურადღება გავამახვილოთ ბოლო ოთხ აბზაცზე. რადიკალური ოპოზიციური ტელეკომპანიის ერთ-ერთი სოლიდური ფიგურა აარსებს ახალ პარტიას, დაარსებიდანვე ეს პარტია იხვეჭს „თავბრუსდამხვევ“ პოპულარობას, მონაწილეობას იღებს იმ დროიდან მოყოლებული ყველა დონის არჩევნებში და ღებულობს წარმატებებს.

აშკარაა, რომ ეს პარტია ხელისუფლების სატელიტი და სათადარიგო  ნაწილი, საჩვენებელი ოპოზიციაა. ასეც ხდება, თუ ადრე კომუნისტებს საჩვენებელი ძროხა კამელია ჰყავდათ, დღეს მათ სულიერ და ხორციელ შთამომავლებს, საჩვენებელი ოპოზიციონრები ჰყავთ. ჩვენი მოსაზრების დასადასტურებლად მოვიყვანთ ამონარიდს გაზეთიდან „ვერსია“, სადაც ბატონი თარგამაძე ამართლებს ჩვენს მოსაზრებას: გიორგი თარგამაძე: ,,სრული იდიოტი უნდა ვიყო, ვინმე დავარწმუნო, რომ ხელისუფლებას არ შევუთანხმდი _ პირიქით!” (9 აპრილი 2012 გაზეთი “ვერსია”).

გიორგი თარგამაძე,  ჯერ კიდევ 2005 წლის დეკემბერში  ჩაწერილ, მაგრამ  გამოუქვეყნებელ ინტერვიუში  ჩვეული პირუთვნელობით ამხილა,  საქართველოს მტრების მიერ შუბლში ტყვიადახლილმა მამულიშვილმა,  გურამ შარაძემ. ეს ინტერვიუ მცირედი შემოკლებით გამოქვეყნდა გაზეთ „განმათავისუფლებლის“ 2009  წლის 19 ნომერში და აგრეთვე, შეგიძლიათ იხილოთ გურამ შარაძის საზოგადოების ვებ-გვერდზე: http://guramsharadze.wordpress.com/gamosatxovari/2009-2

„თარგამაძეზე არის ნათქვამი: ,,ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადა’’. სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა პირველად რომ გავიცანი. 1993 წელს კოლხური კოშკის დაწვაზე რამდენიმე რეპორტაჟი გავაკეთებინე ,,იბერვიზიისთვის’’… მოგეხსენებათ, 1994 წელს სამუშაოდ გადავედი ასლან აბაშიძესთან. მასთან ვაქე და ვადიდე. ასლან აბაშიძე მაშინ ჭკუაზე იყო, ჯერ კიდევ არ ჰყავდათ გადაყვანილი ჭკუიდან მის მეგობრებს, მათ შორის გიორგი თარგამაძეს…

18 წლის თარგამაძე გახდა მინისტრი. მერე გალსტუკიანი გიორგი თარგამაძე გადაჯინსდა და დაიწყო ცუნცულ-ცუნცული. მომდიოდა ხმები მის ავკაცობაზე და ამბების მიტან-მოტანაზე. ასლან აბაშიძემ რომ პარკი გააშენა, იმის მშენებლობის ერთ-ერთი დათვალიერებაა და მოვკიდე ხელი თარგამაძეს, მივიყვანე ასლან აბაშიძესთან და ვუთხარი: ,,აბა, ეხლა თქვი, რას ელაპარაკები მას ჩემზე ყურში, ჩემს ზურგს უკან!’’. წახდა, გაშავდა… ,,მეტი აღარ დაგინახო ჩემზე ილაპარაკო, არც ჩემს ზურგს უკან და არც ისე-მეთქი’’…

თბილისში რომ იყო ,,აღორძინების’’ საარჩევნო შტაბის უფროსი, მაშინ მიხვდა აბაშიძე, რაშიც იყო საქმე. თარგამაძემ დაასწრო და სანამ გამოაგდებდნენ, თვითონ დატოვა პარლამენტი და ,,აღორძინება’’. აი, კაცი! კაცად აქცია ჯერ გურამ შარაძემ, მერე აბაშიძემ, ორივეს უღალატა, ორივე გადააგდო… აბაშიძის ,,აღორძინების’’ ქერის ორმოდან მოხვდა ბადრი პატარკაციშვილის კიდევ უფრო დიდ ქერის ორმოში _ გახდა ,,იმედის’’ საინფორმაციო სამსახურის უფროსი და დღეს წარმატებით ასრულებს ხელისუფლების დავალებას, რომ გურამ შარაძე არ გამოჩნდეს ეკრანზე… ალბათ, პატარკაციშვილს რომ დაიჭერენ ან აქ, ან რუსეთში, იგივეს იზამს…

,,ვარდების’’ რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ დღეს მირეკავს ბადრი პატარკაციშვილი და მეკითხება, რა დაგიშავე, რატომ მლანძღავო? სად-მეთქი და აგერ თარგამაძე გამოვიდა და თქვა, გურამ შარაძემ ბადრი პატარკაციშვილი გალანძღა ერთ-ერთ მიტინგზეო. მე ვუთხარი _ ეხლავე მივალ თარგამაძესთან, _ და მივარდი ,,იმედში’’. ვეუბნები, მისი მეუღლეც იქ იყო, _ ამოიღეთ ჩანაწერი, სადაც მე ამას ვამბობ-მეთქი. _ გვაპატიე, ბატონო გურამ, ახლავე გამოვასწორებთო. მაშინ იყო, რომ ,,ღამის ქრონიკაში’’ მიმიწვიეს, მეფერენ, მაგრამ მე მაინც ვთქვი ჩემი სათქმელი. რა მქონდა მე გიორგი თარგამაძესთან გასაყოფი ან საბრძოლო?!. ასლან აბაშიძეს ხომ გადმკიდა და ახლა პატარკაციშვილის გადაკიდება მოინდომა.

გეხსომებათ, თუ როგორ ჩააკითხა ამასწინათ ჰოლანდიაში ექსკლუზიური უფლებით ოჯახური იდილიის გასაშუქებლად პირადად თარგამაძემ სააკაშვილს… ხვალ თუ ზეგ, ,,დროებაში’’ უნდა იყოს მისი თავის მომჭრელი მლიქვნელობის დოკუმენტი _ … სააკაშვილის დაბადების დღე ვის დაკარგვია, კაცოო?!..“

ახდა ცხონებული ბატონი გურამის სიტყვები, მან ასევე ვერაგულად უგანა ბადრი პატარკაციშვილსაც.

გიორგი თარგამაძეს თანდაყოლილი ფიგაროობა სჭირს. როგორც ინტერნეტ სივრციდან ვგებულობთ, მას ჭიპი ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში საბჭოთა ტელევიზიაში აუჭრია, სადაც ის რედაქტორადაც გაუმწესებიათ. ალბათ მამამისის ჩალიჩით, რომელიც იმ დროს ტელევიზიაში ტელე-ოპერატორად მუშაობდა.

1992-1993 წლებში მოღვაწეობას «იბერვიზიაში» განაგრძობს, რომლის დაფინანსებასაც «მხედრიონს» მიაწერდნენ, ხოლო 19 წლის ასაკში უკვე ასლან აბაშიძის კარზე ხვდება. იგი ჯერ აჭარის «დამოუკიდებელი» ტელერადიოკომპანიის დირექტორი ხდება, ხოლო შემდეგ _ აჭარის უზენაეს საბჭოსთან არსებულ ტელერადიოკომპანიას ხელმძღვანელობს. თუმცა, მისი საქმიანობა ამით არ შემოიფარგლება, იგი სწრაფად წინაურდება და აბაშიძის კარზე თავისებურად ალაგებს ურთიერთობებს. თბილისიდან ჩასული ჩინოსნებისთვის იგი იქცა «საჭირო კაცად», მას უკვე შეუძლია გააფუჭოს ან გამოაკეთოს ურთიერთობები. (ხვლიკობანა. თამარ დავითულიანი. http://www.geworld.ge/View.php?ArtId=2936&lang=ge&Title=xvlikianoba ).

ინტერნეტ სივრცეში არსებული თამარ დავითულიანის წერილიდან იმასაც ვგებულობთ, რომ „1997-დან 1999 წლამდე _ ცენტრთან დაპირისპირებული რეგიონის ლიდერის, ასლან აბაშიძის პრესსამსახურსაც ხელმძღვანელობდა და იმავე დროს თბილისში, საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციაში რეჟისორის ასისტენტადაც მუშაობდა და აჭარის განყოფილების საკუთარ კორესპონდენტადაც!“

აი, ორსკამზე მჯდომი ყალთაბანდობის ეტალონი!

 

დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევთ გაეცნოს თამარ დავითულიანის წერილს, რაც საკმარისი იქნება ავანტურისტი გიორგი თარგამაძის პერსონის სრულყოფილად გასაცნობად.

ასლან აბაშიძესთან განშორების შემდეგ გიორგი თარგამაძეს ახალ მემარჯვენეებთანაც უცდია შეძრომა, მაგრამ წარუმატებლად…

შემდეგ „ტელე-კომპანია „იმედი“, რომლის ტრაგიკული ამბები კარგადაა   საქართველოსთვის ცნობილი. ჟურნალისტი ელისო კილაძე  ერთ -ერთ ინტერვიუში ამხელს გ. თარგამაძის მზაკვრობასა და არაადამიანობას: „- 7 ნოემბერს, როცა სპეცრაზმი ინგა გრიგოლიას და თეა ადეიშვილს ტყე-ტყე მისდევდა… ახლაც ყურში მიდგას ადეიშვილის განწირული კივილი… მაინტერსებს, როგორ მოახერხა გიორგი თარგამაძემ და მისმა ოჯახმა სპეცრაზმით სავსე “იმედის” დატოვება?  რომელმა ჩინოვნიკმა გამოიყვანა სამშვიდობოს?

ექსკლუზიურად გეუბნებით: ხელისუფლებიდან “იმედის” ჟურნალისტების გადაბირება ევალებოდა გივი თარგამაძეს, რომელსაც ღამ-ღამობით ჟურნალისტები პარლამენტში საშვების გარეშე შეჰყავდა… გიორგი თარგამაძეზე კი ამბობენ, რომ 7 ნოემბერს ერეკლე კოდუამ გამოიყვანა “იმედიდან”. ასევე, დასახელდა ლევან ვეფხვაძის ცოლისძმა, გვარად  ჩიქოვანი, რომელიც კუდ-ის მაღალჩინოსანია… 

სხვათა შორის, პატარკაციშვილი, როგორც ამბობენ, ასლან აბაშიძემ გიორგი თარგამაძის შესახებ გააფრთხილა, მაგრამ  პატარკაციშვილმა ეს გაფრთხილება ყურად არ იღო, რასაც ბოლოს ძალიან ნანობდა…

მოკლედ, ისინი ბადრის ერთგულები მანამ იყვნენ, სანამ კარგად უხდიდათ, მაგრამ მერე სარფიანად გაყიდეს. საპარლამენტო მანდატები ერთადერთი სიკეთე არაა, რაც გიორგი თარგამაძემ ხელისუფლებისგან მიიღო.“ (გიორგი თარგამაძის გაუხმაურებელი ცოდვები, ვანო პავლიაშვილი, „ქართული სიტყვა“).

და განა მარტო თარგამაძე? ასეთი პოლიტიკური მოხეტიალეებით არის ძირითადად მისი პარტია „დაკომპლექტებული“. მაგალითად, მისი მარჯვენა ხელი და იდეოლოგი ლევან ვეფხვაძე, რომლის მეუღლე გიორგი ბარამიძის აპარატში მუშაობს და მას თან დაჰყვება თანამდებობის მონაცვლეობისას. აი რას ვგებულობთ თ. დავითულიანის წერილიდან: „ვიდრე გიორგი თარგამაძე და მისი პროდიუსერი – ლევან ვეფხვაძე სააკაშვილის ხელისუფლებას «დროებაში» ამათრახებდნენ, ნათია ჩიქოვანი შინაგან საქმეთა მინისტრის პრესცენტრს ხელმძღვანელობდა, ხოლო მისი ძმა მირიან ჩიქოვანი დღესაც კუდის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსია და სხვადასხვა ღონისძიებებზე სააკაშვილის მომხრეთა მიყვანითა და კონტროლით არის დაკავებული. ჟურნალისტები ღიად წერენ იმაზე, რომ სწორედ ვეფხვაძის ცოლის ძმის მითითებით მოქმედებენ მიშასთან შეხვედრაზე მიყვანილი ადამიანები, რომ იგი ანიშნებს, ვინ უნდა მოეხვიოს მიშას და ვინ არა.

ლევან ვეფხვაძისა და გიორგი თარგამაძის ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა ერთი «მოქალაქეთა კავშირის» ახალგაზრდულ ფრთაში – სმაკში მოღვაწეობდა, მეორე კი ასლან აბაშიძის «აღორძინებაში».“
(ხვლიკობანა. თამარ დავითულიანი. http://www.geworld.ge/View.php?ArtId=2936&lang=ge&Title=xvlikianoba).

ამდენ ხეტიალში გიორგი თარგამაძემ  მშვენივრად აიწყო ცხოვრება, შეიძინა სახლები თბილისსა და ბათუმში… ქობულეთის ფიჭვნარში რამდენიმე ჰექტარი და არც უცხოეთში ვოიაჟებს იკლებს  მეორედ დაქორწინებული  ოჯახითურთ.

კარგა ხანს წველა გიორგი თარგამაძემ ბადრი პატარკაციშვილი, ხოლო როცა ბადრი პატარკაციშვილის თავზე პირქუში ღრუბლები  ჩამოწვა, მასაც უგანა. ეს მოვლენები  ერთობ  ბნელითაა მოცული.  ვიმედოვნებთ, რომ  მომავალში ნათელი გახდება, თუ რა როლი ითამაშა გ. თარგამაძემ პატარკაციშვილის ტრაგედიაში,  და არა მარტო მან…

როგორც დავინახეთ გიორგი თარგამაძე უბადლო მწველავია, ცოტა ადრე რომ დაბადებულიყო,  ნამდვილად გახდებოდა საბჭოთა სტახანოველი დოიარი.

ჩვენი წერილის მთავარ გმირად გიორგი თარგამაძე ავირჩიეთ, ქოჩრით ამოვწიეთ იმ მყრალი  წუმპიდან, სადაც ეს ჯოჯოები და ერცახე  ცერეცოები ხვართქალებენ. როგორც ზემოთ ვთქვით, ქართული პოლიტიკური გალერეა მხოლოდ და მხოლოდ ამგვარი პერსონებითაა სავსე. გვეგონა ბევრი მათგანი ისტორიას ჩაბარდნენ, მაგრამ  ნურას უკაცრავად, გამოჩნდა მათი რეანიმატორი და ცოცხალი გვამები შეჰყარა  „ქართულ ოცნებაში“.

ორიოდე სიტყვა ამ წარმონაქმნზეც; არც ეს არაა ნამდვილ ქართული, გადმოკოპირებულია „ამერიკული ოცნებიდან“ – The American Dream. და ამგვარი ასლები რა დღეშიც გვაგდებს მშვენივრად ვხედავთ. იქნებ ღირდეს ამაზეც დაფიქრება?

ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს, უთუოდ  გულმავიწყობა ანუ სკლეროზი დასჩემდა, ივიწყებს და მხედველობაში არ იღებს ამა თუ იმ ავაზაკის მოღალატურ ქმედებებს. გუშინდელ დამნაშავებსა და ქვაბავაზაკებს თავისი ხელით რეცხავს, სახამებელში ავლებს, აუთოებს და გზას ულოცავს საქართველოს წინააღმდეგ სათარეშოდ. ასე იყო რამდენიმე წლის წინათ, როდესაც დაუჩოქეს შევარდნაძეს და შეევედრეს  გაეგრძელებინა საქართველოს დაქცევა.  ასევე გაწმინდა და გააუთოა ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, ძველი კომინისტური ნომენკლატურა… 

ქართულმა საზოგადოებამ  ჩვეულებრივი გულგრილობითა და ინდიფერენტიზმით  აპატია შევარდნაძის ნაზარდ-ნაწრთობ მიხეილ სააკაშვილს  გორში მიწაზე ფორთხიალი. განა თავმოყვარე ხალხი დღემდის იგუებდა,  შიშით  ყმაწვილივით აკივლებულ  და მოფართხალეს ქვეყნის მეთაურად და მთავარსარდლად?

ჩვენდა სავალადოდ, ისეც წავხდით!

 

ალექსანდრე  სანდუხაძე

 

 

                                

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: