IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ცოტნე გამსახურდია. ინტერვიუ – 28.05.2014

tsotne თავად ილიასეული “მოყვარის ძრახვის” პოლიტიკა აირჩია და სხვასაც ამისკენ მოუწოდებს, თვლის, რომ სახელმწიფოებრიობის  გადასარჩენად გაცილებით მეტი   ჭუჭყის დღის სინათლეზე გამომტანია საჭირო, ვინაიდან ,,მზის შუქი ყოველგვარი მანკიერების პირველი წამალია”! ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება სურს და არა “მავანთა ფეოდალურ მამულში”. როგორც „ჯორჯიან პრესთან საუბრისას  პირველი პრეზიდენტის ვაჟი და ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია ამბობს,  შიშის, კონფორმიზმისა თუ  მატერიალური ინტერესების გამო არ უღირს გაჩუმება და ქვეყნის ინტერესებისთვის ღალატი და მანკიერების წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად აპირებს.

როგორია ხელისუფლების ჩრდილოვან მხარესთან ბრძოლის ცოტნესეული  მეთოდი და რატომ უნდა გავხდეთ სამოქალაქო გმირები, ამაზე „ჯორჯიან პრესთან ცნობილი გვარის,  ცნობილი გამგრძელებელი თავად  საუბრობს:

 –  საზოგადოებას სამოქალაქო გმირობისკენ ბოლო დროს ხშირად  მოუწოდებთ, რატომ დადგა  ამის აუცილებლობა დღეს? მხოლოდ საყდრისთან მიმართებაში გააკეთეთ   ეს მიმართვა?  კონკრეტულად რას გულისხმობთ სამოქალაქო გმირობაში?

-სამოქალაქო გმირობაში  ვიგულისხმე პრინციპში საკმაოდ მკაფიო და მარტივი ფენომენი, რასაც ჰქვია მიუკერძოებლობა. ის, რომ ადამიანების პოზიცია  არ იყოს ასოცირებული გარკვეულ ინტერესებთან, გარკვეულ ჯგუფებთან.  მათ შეძლონ ობიექტურად დაინახონ ქვეყნის ინტერესები და არა გარკვეული ჯგუფის, კლანის, ხელისუფლების თუ ოპოზიციური პარტიის თვალით. ქვეყანა უფრო მტკიცე და ხანგრძლივი ცნებაა, ვიდრე დროებითი პოლიტიკური ძალაუფლება. შეიძლება  მიდიოდნენ პოლიტიკური გუნდები, პოლიტიკური რეჟიმებიც კი, მაგრამ ქვეყანა უნდა დარჩეს, ქვეყანა უნდა განვითარდეს. სასურველია, ეს დიდი რყევების გარეშე მოხდეს. სწორედ ამის მისაღწევად არიან საჭირო ის სამოქალაქო გმირები, რომელზეც მე ვისაუბრე, ანუ ობიექტური და მიუკერძოებელი ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი დაინტერესების გარეშე დაინახავენ და მიაწვდიან საზოგადოების ინერტულ ნაწილს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი – ეს ეხება კულტურულ ასპექტსაც, სოციალურ-ეკონომიკურსაც და  ა.შ.

– ერთი შეხედვით  თითქოს იოლ რამეს ითხოვთ, თუმცა დამეთანხმეთ კონფორმიზმი გვახასიათებს  ქართველებს, ხელისუფლების კრიტიკა ავტომატურად მასთან დაპირისპირებად აღიქმება, რაც პრივილეგიების დაკარგვას ნიშნავს, ამიტომ არამგონია ბევრს მოუნდეს ამის  ხარჯზე გმირობა…

უმწიფარი, ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნებში, სწორედ  ისეთში, როგორიც საქართველოა, ხელისუფლებასთან ლაქუცი ყოველთვის მომგებიანია და ხელისუფლებასაც სჭირდება ასეთი ადამიანები თუ ჯგუფები, ამიტომ მათ გარკვეულ მატერიალურ სტიმულებს უქმნის. თუმცა  ხელისუფლებისთვისვე უმჯობესია, მისი სიმახინჯის გამომააშკარავებელი არ შერაცხოს მოღალატედ და ძირგამომთხრელად. მთავრობა უნდა იყოს გაცილებით კრიტიკული თავის თავის მიმართ, არ უნდა ჩავარდეს ეგოცენტრიზმში. არ უნდა იქცეს დრაკონად, რომელიც მან დაამარცხა და უნდა ეცადოს, მრავალი კუთხით შეხედოს პროცესებს. იგივე დამოკიდებულებით თუ მიუდგება  საყდრისის თემას, თუ ნებისმიერ პრობლემატურ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხს, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა სამწუხაროა, რომ ამის გააზრებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ.

  ყოფილ პრემიერ ივანიშვილს ხელისუფლების სათავეში ყოფნისას შეხვდით,  როგორც მაშინ აღნიშნეთ, მასთან  გულწრფელი საუბარი გქონდათ, მას შემდეგ არ გქონიათ მცდელობა  ასევე გულწრფელად გეთქვათ პრეტენზია იმ მანკიერებებზე, რასაც მის მიერ ირიბად მართული მთავრობა სჩადის?  არავისთვისაა დასამალი, რომ მას   ახლაც უდიდესი გავლენა აქვს  ხელისუფლებაზე…

 პრემიერის პოსტზე მყოფ ბიძინა ივანიშვილს მართლაც რამდენჯერმე შევხვდი, მას შემდეგ კი  ჯერჯერობით არ გვქონია შეხვედრა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ეს კომუნიკაცია შედგეს. საჯაროდაც შემიძლია მას ვუთხრა ჩემი სათქმელი. იმის მიმართ, რაც მან გააკეთა, უდავოდ, დღესაც პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ პირადად მე ცოცხალი გამოვედი ციხიდან. ეს ცალსახა რეალობაა. გარდა ამისა,  ფაქტია, საქართველომ შედარებით წინ წაიწია დემოკრატიული განვითარების კუთხითაც, თუნდაც ის, რომ ხელისუფლების კრიტიკა დღეს აღარ არის დაკავშირებული ისეთ საფრთხეებთან, როგორიც არის ახლობლების დაკავება ღამის 3 საათზე, ნარკოტიკების ჩადება, ოჯახებში შევარდნა, ადამიანების მძევლებად აყვანა, ციხეში ტანჯვა-წამება, ტელემედიის დატერორება და უზურპირება. ანუ კრიტიკული სივრცე  თავისუფალია და ეს კარგია, თუმცა ძალიან არ მომწონს, ამასაც პირდაპირ გეტყვით, ის როლი, რაც ივანიშვილს არჩეული აქვს.  კერძოდ, ის რომ კულისებიდან აკონტროლებს ძალიან ბევრ პროცესს, ამაზე მეტყველებს მისი მიბრძანება პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს, მისი დასწრება პარტიულ ყრილობაზე.  თეთრი ძაფებით არის შეკერილი, რომ იგი არ არის საზოგადოებრივი სექტორის წევრი და მოქალაქე, მისი აქტიურობის შესახებ არასამთავრობო სექტორში მემგონი არავის გაუგონია. მისი პოზიცია არის ძალიან საინტერესო და მოსახერხებელი იმ გაგებით, რომ თავისუფალია პასუხისმგებლობისაგან, მაგრამ რეალურად აკონტროლებს პროცესს. ყოველთვის შეუძლია მთავრობის შეცდომები თუ ნებისმიერი გაუგებრობა მიაწეროს ვიღაც სხვა, მეორე ეშელონის ფიგურებს და თავად  კრიტიკის და განხილვის მიღმა დარჩეს. ეს პოზიცია მიუღებელია ჩემთვის და, ზოგადად, არ არის ჯანსაღი დემოკრატიული სისტემისათვის .

– თვლით, რომ, ფაქტობრივად, მაფიოზურ მმართველობასთან გვაქვს საქმე?

მთლად ასე კრიტიკულად არ ვიტყოდი, მაგრამ რაღაც მსგავსთან, რაც შესაძლოა მომავალში ასეთადაც ჩამოყალიბდეს, ვინაიდან ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად და  აბსოლუტური  ფარული ძალაუფლება კიდევ უფრო უარეს შედეგებს გამოიწვევს. რაც შეეხება საყდრისის თემას, რომელზეც ზემოთ მკითხეთ, არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობას და მათ შორის ივანიშვილსაც, ამ საკითხთან მიმართებაში არ ჰქონდა რეალური ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით,  თუ რა ხდება იქ, მათ ჰქონდათ მიწოდებული ინფორმაცია, მხოლოდ ერთი მხარის, RMG Gold-ის  მიერ და ხელისუფლებაშიც დაიჯერეს ის, რისი დაჯერებაც უნდოდათ. სამწუხაროა, როცა პრემიერი დისკუსიის მიღმა იტოვებს თავს და ამბობს -” მიდით, კაცო, მიხედეთ, იქ არაფერი არისო!”-  ამ განცხადების შემდეგ,  საქართველოს მსგავს პოლიტიკურ სისტემაში მას არავინ მიაწვდის  ალტერნატიულ ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტიდან. თქვენ დაინახეთ, გურამ ოდიშარიამ  შეპასუხებაც ვერ გაბედა წესიერად სამწუხაროდ. ეს არის ქვეყანა, სადაც თავს აჭრიდნენ უსიამოვნო შინაარსის წერილის მომტანს და ახლაც პრემიერს ვერ უბედავენ და ვერ ეუბნებიან – არა, ბატონო ირაკლი, თქვენ არ იცით, რომ სულ სხვაგვარადაა საქმე.

 ამიტომ არის, რომ  ასეთი ქვეყნის მთავრობა, ნებისმიერ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან ინფორმაციულ ბლოკადაში რჩება და აქედან გამომდინარეობს შემდეგ ის ავტორიტარიზმი, რასთანაც დღემდე წლების განმავლობაში გვქონდა საქმე, როდესაც მთავრობა უკუკავშირს კარგავს საკუთარ ხალხთან და ხელისუფლებაც აკეთებს მხოლოდ იმას, რასაც გარკვეული ჯგუფი ცალმხრივად აწვდის, არადა რეალობა გაცილებით უფრო მრავალფეროვანია. საერთოდ კი, ძალაუფლება მართლაც რყვნის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხელისუფლებაში ძალიან ბევრი ჩემი მეგობარია, ბევრ მათგანზეც შეიძლება ვთქვა, რომ ძალაუფლებამ  გარყვნა.

 -კონკრეტულად ვის გულისხმობთ, იქნებ დაგვისახელოთ?

მაგალითად ავიღოთ იგივე  სოზარ სუბარი, ადამიანი რომელსაც საკუთარი თავისა და საკუთარი თანამშრომლებისათვის განუზომლად დიდი პრემიების გამოწერის გარდა, ბევრი არაფერი გაუკეთებია, კი შეიცვალა ციხეებში სიტუაცია, მაგრამ არა იმიტომ რომ იქ რაიმე ინსტიტუციური რეფორმები გატარდა. პირიქით, გააუქმეს ის მონიტორინგის საბჭოც კი, რომლის შექმნისთვისაც, თქვენს მონა მორჩილს, თვეები აქვს ნაშიმშილარი.

ციხეში სიტუაცია თუ შეცვლილია დღეს, მხოლოდ იმიტომ, რომ აღარ იყო პოლიტიკური ნება, რომელიც  თავის დროზე მოდიოდა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან – რომ პატიმრები ადამიანები არ არიან, მათ უნდა მოექცე როგორც ცხოველებს და ყველანი ციხეში. ეს პოლიტიკური ნება უმაღლესი ხელისუფლებიდან  აღარ იყო და  იმიტომ შემცირდა ციხეში ცემის, წამებისა და არაადამიანურად მოპყრობის ფაქტები. მაგრამ ნელ-ნელა ისევ იკეტება  სისტემა, ვინაიდან  ინსტიტუციური რეფორმის გარეშე საბოლოო შედეგი ვერ მიიღწევა, ვიღაცის “ჯიგრობას” ჩვენ ვერ ვენდობით, სახელმწიფო ვერ იქნება ვიღაცის “კაი ბიჭობაზე” დამოკიდებული.  კიდევ ერთი მინუსი მთავრობის გახლავთ ის, რომ რეფორმები არ გატარებულა არც ერთ სფეროში ფაქტიურად, დაწყებული საარჩევნო კოდექსის რეფორმირებით, დამთავრებული იგივე სასჯელაღსრულების სისტემით. შესაბამისად დღეს ჩვენ იგივე რეალობის ქვეშ ვცხოვრობთ, უბრალოდ ტერორი არ არის, განა იმიტომ რომ სისტემა არ იძლევა ამის საშუალებას. არა! დღესაც რომ მოუნდეს კულისებს მიღმა დარჩენილ ივანიშვილს, თავისუფლად შესძლებდა იგივეს გაკეთებას, რადგან მას არავითარი შემაკავებელი ფაქტორი ინსტიტუციურად ამისათვის არ აქვს.  ერთადერთი შეიძლება ხელი შეუშალოს  მხოლოდ დასავლეთის მეტმა ჩართულობამ, რადგან დასავლეთი მას უკვე დღეს არ მიიჩნევს საკუთარ პროექტად, როგორც მიიჩნევდა სააკაშვილს და ამის გამო შეიძლება თვალი აღარ დახუჭოს იმ დარღვევებზე, რომლებზეც ხუჭავდა თვალს წლების განმავლობაში. თუმც ესეც საკამათოა, რადგან, თუ დავაკვირდებით, დასავლეთი ყოველთვის სტატუს კვოს უჭერს მხარს და არსებულ ხელისუფლებასთან ლმობიერი და ლოიალურია საქართველოს მსგავს ქვეყნებში. რადგან ფიქრობენ, რომ ჩვენნაირ ქვეყნებში ჯერ დუღილის პროცესი მიდის და რა მოხდა, თუ რამდენიმე ასეული ადამიანი ემსხვერპლება ამ სიტუაციას, ნელ-ნელა დალაგდება ყველაფერი. ეს ჩვენ არ გვაქვს ამის დრო, 40 წლის ვარ თითქმის და რომ მოვიხედავ ბოლო 25 წლის მანძილზე, ფაქტიურად კარგი არაფერი არ მახსოვს.

ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლები  საკადრო დეფიციტსა და შესაბამისი კომპეტენცის ნაკლებობას თვლიან ქვეყნის ნელი ტემპით განვითარების მთავარ მიზეზად…

მართლაც, ქვეყანაში ბევრი არაპროფესიონალია და მათ შორის, მთავრობაში. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც გაიძვერობისა და გაქნილობის წყალობით მოხვდა გარკვეულ თანამდებობებზე, ან უბრალო გამართლების მეშვეობით.  მათ არფერი გაუკეთებიათ ქვეყნისთვის, გარდა იმისა, რომ ყოველ თვეში საკუთარ თავს უწერდნენ პრემიებს, როგორც ამას შვრებოდა, მაგალითად, არჩილ კბილაშვილი.

ჩემამდე არ დადის, საკუთარ თავს როგორ უნდა გამოუწერო პრემია, სხვამ რომ გამოგიწეროს, კიდევ მესმის და საკუთარ თავს როგორ უნდა აჩუქო ხალხის ფული, ეს ვერაფრით გავიგე. სახელმწიფო სამსახურისგან დღემდე ღმერთმა დამიფარა, მაგრამ ოდესმე თუ მივქარე და მსგავსი ნაბიჯი გადავდგი ასეთი უნამუსობის გაკეთებას ვერაფერი მაიძულებს.

თქვენ თავად ახსენეთ სახელმწიფო სამსახური, პოლიტიკაში ირიბად ჩართული ხართ, შესაძლებელია მომავალში უფრო გააქტიურდეთ ამ კუთხით?

ჩართული ვარ როგორც საზოგადოების წარმომადგენელი. ჩემი ბრალი არ არის,  ჩემი მოკრძალებული ნათქვამის, რომელიც სისხლით და ოფლით მაქვს მოპოვებული, თუ ვიღაცას სჯერა. საერთოდ მიმაჩნია, რომ ძალაუფლების წყურვილი და მისკენ ლტოლვა არის მენტალური შხამი, აღმოსავლურ რელიგიურ ტერმინს გამოვიყენებ. მენტალური შხამი არაჯანსაღი ფენომენია ფსიქიკის და მე ამის არანაირი სურვილი არა მაქვს და არ მგონია რაიმემ მაიძულოს ამაზე თანხმობა. მე თავისუფალი კაცი ვარ, ჩემი მოსაზრებები გამაჩნია, თუ ვინმე იზიარებს და მოსწონს მივესალმები.

– ამ მოსაზრებების გამო ერთხელ უკვე მოგიწიათ სასჯელის მოხდა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თქვენ თითეულ  კრიტიკულ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში ბევრი მხარდამჭერი თუ გამზიარებელი  ჰყავს, შესაძლოა იდეურ მტრად გამოგაცხადონ, რომელიც ხელისუფლებისთვის საშიშია და კვლავ დევნის ობიექტი გახდეთ…

ჩემნაირი ელემენტების ალბათ იმიტომ ეშინიათ, რომ მე არ ვაპირებ კუდის ქიცინის სწავლას, დამერწმუნეთ, პირიქით, ალბათ მიხვდით ჩვენი საუბრიდანაც, ვხედავ პოზიტივსაც, მაგრამ იმ ნეგატივზე, რაც კიდევ მრავლადაა,  არ ვაპირებ საკუთარი პოზიცია შევიცვალო, რაღაცის შიშის,  კონფორმიზმისა  თუ მატერიალური ინტერესების გამო.

და ბოლოს, ქალაქს, მალე  ახალი თავკაცი ეყოლება, ვის ისურვებდით ამ პოსტზე წარმოდგენილი კანდიდატებიდან?

– არჩევნების და კანდიდატების თემას შეგნებულად არ ვეხები, მაგრამ დღეს დარწმუნებულად, 100%-ით შემიძლიათ გითხრათ მხოლოდ ერთი –  ხელისუფლების ყველა შტოსა და სეგმენტში ერთი პოლიტიკური ძალის გამარჯვება, იქნება კატასტროფა.  მსგავსი მმართველობის  ქვეყანა მე ევროპაში არ მეგულება.

“Georgian Press”

 http://georgianpress.ge/com/news/view/5675?lang=1

One Response to “• ცოტნე გამსახურდია. ინტერვიუ – 28.05.2014”

  1. inga ghutidze said

    მწარე სიმართლეა. ამას მხოლოდ ის ფაქტიც ადასტურებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც წინა ხელისუფლების ფლაგმანი იყო და იქიდან იმართებოდა მთელი ქვეყანა წლების განმავლობაში, არავინ შეჰხებია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: