IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

◊ ლეილა ცომაია – „ღირსების სასამართლოს“ ვიდეო

 • ს. ე. გ. მ.

„ღირსების სასამართლოს“ ვიდეო – ზვიადის მოწინააღმდეგეთა უღირსობის დემონსტრირება

 

leilaლეილა ცომაია

საბჭოთა ტოტალიტალური სისტემის პირმშო დისიდენტმა ზაქარია ლაშქარაშვილმა, ვიდეო, სახელწოდებით „ღირსების სასამართლო“, მიმდინარე – 2015 წლის 15 მარტს, youtube-ზე სრული ვერსიით განათავსა. ლაშქარაშვილი, რომელსაც დღემდე არ განელებია ზვიად გამსახურდიასადმი მტრობა და სიძულვილი, ამ ქმედებით, თავის მხრივ უთუოდ შეეცადა მოახლოებული ისტორიული თარიღების – 31 მარტისა და 26 მაისის დაჩრდილვას, თუმცა მან მხოლოდ თვითლუსტრირება მოახდინა პოსტ-საბჭოური საზოგადოების თვალში.

 ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ჟურნალ „ივერიის“ 1988 წლის მე-8 ნომერში გამოქვეყნდა ანონიმური პასკვილი ზვიადის წინააღმდეგ 1978 წლის სასამართლო პროცესზე მისი ტაქტიკური უკანდახევის („მონანიების“) შესახებ და სასამართლო პროცესის ფალსიფიცირებული ვერსია „ნიუ-იორკ ტაიმსის“ კორესპონდენტების პაიპერისა და უიტნისა, რომლებმაც ზვიად გამსახურდიას ე.წ. მონანიების შესახებ თავიანთ პრესაში დაწერეს სიმართლე, რომ გამსახურდიას არ მოუნანიება თავისი ძირითადი საქმიანობა და რომ სასამართლო პროცესზე პოლიტპატიმარ ზვიად გამსახურდიას გამოსვლის შემოკლებული ვიდეო-ჩანაწერი იყო საბჭოთა ტელევიზიის ფაბრიკაცია. ამ სტატის გამო უცხოელ კორესპონდენტებს უჩივლა რუსეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ და მოსკოვის სასამართლომ მათ დააკისრა, მათივე გაზეთში უარეყოთ რუსეთის ცენტრალური ტელევიზიისადმი წაყენებული მათმიერი ბრალდება და ამასთანავე თითოეულ მათგანს, სასამართლოზე დაუსწრებლად დააკისრეს თანაბარი ფულადი ჯარიმები საბჭოთა მანეთებით 1144 რუბლი და 54 კაპიკი რუსეთის ტელევიზიის სასარგებლოდ.

ილ. ჭავჭავაძის საზოგადოებას ზემოხსენებული ვიდეო-ფირი მოპოვებული ჰქონდა უშიშროების არქივიდან, რომლის ძირითადი გამოსვლის შინაარსი ფალსიფიცირებული იყო ვიდეო-მონტაჟებით. ილ. ჭავჭავაძის საზოგადოებამ, აგრეთვე თავიანთი ჟურნალის ამავე ნომერში ეჭქვეშ დააყენა მერაბ კოსტავას განცხადებებიც (რუსულ თვითგამოცემა „გლასნოსტში“, ქართულ თვითგამოცემა „მატიანეში“ და ბონერისადმი გაგზავნილ წერილშიც) ზვიად გამსახურდიას „მონანიების“ შესახებ და უნდობლობა გამოუცხადა მერაბის განცხადების ტექსტს. ილია ჭავჭავაძის საზოგადოება ზვიად გამსახურდიას „მონანიებას“ წარმოაჩენდა შევარდნაძისა და უშიშროების კომიტეტის გამარჯვებად და ზვიად გამსახურდიას სამარცხვინო კომპრომისად მაშინ, როცა სწორედ და მხოლოდ ზვიად გამსახურდიას ტაქტიკურ „მონანიებას“ მოჰყვა თავად საბჭოთა ხელისუფლების იძულებით კომპრომისები, რასაც განმარტავდა და ჩამოთვლიდა მერაბი თავის განცხადებებში. ეს იყო: ეკლესიის შედარებითი ლიბერალიზაცია (უშიშროების მარწუხებისაგან), ათეისტური პროპაგანდის შედეგად წართმეული რელიგიური უფლებების დაბრუნება სტუდენტი-ახალგაზრდებისათვის და კომკავშირული რეიდების შეწყვეტა ეკლესიებში, ძეგლთა დაცვის სისტემის მკვეთრი გააქტიურება-გაფართოება და ახალგაზრდების ჩართვა კულტურის ძეგლთა მოვლა-პატრონობაში, რუსიფიკაციის პოლიტიკის შეჩერება ყველა სასწავლო და აღმზრდელობით (ბაგა-ბაღები) დაწესებულებაში. ამ უკანასკნელმა კი, 14 აპრილის დემონსტრაციასთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების საკითხში.

 რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას წინააღმდეგ სამართლებრივად და ფაქტობრივადაც დამარცხებულმა (თითქმის ფარ-ხმალ დაყრილმა) საბჭოთა ხელისუფლებამ ტაქტიკა შეცვალა და ეს ფუნქცია მათ მიერ რეგისტრირებულ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას გადააბარა, რომლებმაც ანალოგიური ფალსიფიკაციითა და ცილისმწამებლური მეთოდებით გააგრძელეს ორგანიზებული ბრძოლა ზვიადის წინააღმდეგ შეკრებებზე თუ თვითგამოცემითი ბეჭდვითი ორგანოების მეშვეობით. მათი შეუწყნარებელი ბრძოლა გასცდა საქართველოს ფარგლებს და ემიგრანტულ გამოცემებში და რადიო „თავისუფლების“ ეთერიდანაც ისმოდა ზაქარია ლაშქარაშვილის, ჯანრი კაშიას, რამაზ კლიმიაშვილისა და მოგვიანებით, ძმები გუდავების გამოსვლებით.

 საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მოღვაწე ყოფილმა პოლიტპატიმარმა დისიდენტებმა, სულ მთლად დაივიწყეს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები და მთელი შეგნებით გააჩაღეს ბრძოლა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. შედეგად, ზვიადი ორ მძლავრ და ულმობელ ურჩხულს შორის აღმოჩნდა – ტოტალიტარული სახელმწიფო მანქანისა და მოსისხლე მტრადქცეულ ყოფილი თანამებრძოლების სახით…

 „ღირსების სასამართლოს“ (როგორც ზვიადმა უწოდა), ზვიადის მხარის წარმომადგენლად, უნდა დავსწრებოდი მეც, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ და მოულოდნელად, იმ დღეს გაურკვეველი მიზეზით მოვიწამლე სამსახურში (თსუ) და ერთი დღით დედაქალაქის პირველ (არამიანცის) საავადმყოფოში აღმოვჩნდი. ზვიადს ჰგონებია, რომ მეც თავი ავარიდე ამ სასამართლოზე მისვლას, გვიან მოსულა ჩემს მაშინდელ ნახალოვკის საცხოვრისში და გამჭირვალე პატარა ქაღალდზე რამდენიმესიტყვიანი წერილი გაუჩრია კარში, რომელშიც აღშფოთებას გამოხატავდა ზაქარია ლაშქარაშვილის უმადურობის გამო. წერილს ამ დრომდე არქივში ვინახავდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირვად სამი თვის წინ გაქრა არქივიდან; ამ წერილის შესახებ რამდენიმე ჩემთან მომსვლელმა იცოდა და ზოგიერთს ვანახე კიდეც. ვიმედოვნებ, რომ წერილი მხოლოდ დროებით მიეფარა თვალს და მას ჩემი არქივის ფოლიანტებში აუცილებლად აღმოვაჩენ. წერილის დაკარგვით გამოწვეული მყისიერი მწუხარება კი ოდნავ შემიმსუბუქა, მივიწყებულმა, ზურაბ ჭავჭავაძის „ტელეგრამამ“, რომელსაც არქივის ქექვისას წავაწყდი, მაგრამ ამაზე ქვემოთ…

 ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის ზაქარია ლაშქარაშვილისა და ბორის კაკუბავას პოლიტპატიმრად აღიარებისა და დაცვის საკითხში საერთაშორისო უფლებათდაცვით სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, რასაც ისინი არ უარყოფენ, თუმცა ამას ხელი სულაც არ შეუშლია მათთვის ზვიადის მიმართ მტრობასა და ქილიკში. სოხუმის ხორც-კომბინატის თანამშრომელი ბორის კაკუბავა ღორის ხორცის დიდი რაოდენობით ქურდობა-დატაცებისათვის დააპატიმრა საბჭოთა ხელისუფლებამ და ამ სირცხვილის ჩამოსარეცხად, კაკუბავამ, ციხიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება დაიწყო, რითაც ზვიად გამსახურდიას ყურადღება და მზრუნველობა დაიმსახურა. ხოლო მეორე – ტაქსისტი და კულინარი ლაშქარაშვილი, კაკუბავასავით სრულიად უცნობი გახლდათ ზვიად გამსახურდიასათვის, მაგრამ მან მონდომება და მზრუნველობა არ დააკლო პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულ (1983 წ. 13 ივლისი, გათავისუფლდა 1987 წ.) ახალგაზრდას. ცხადია, მათ არ ეყოთ აღზრდა, კულტურა და განათლება დაეძლიათ გაჩენილი განდიდების მანია, ამბიციები და განესაზღვრათ თავიანთი ადგილი ეროვნულ მოძრაობაში. მანიაკალური ამბიციები პოლიტეპიდემიად მოედო მთელ მაშინდელ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და შეპყრობილის სინდრომით დაასნებოვნა პოლიტიკური ლიდერები, რაც პირდაპირ თუ ირიბად პროვოცირებული იყო საბჭოთა ძალოვანი სტრუქტურების იდეურ-პროპაგანდისტული მანქანის მიერ, რათა დაენაწევრებინა და სულაც ჩანასახშივე ჩაეკლა ეროვნული მოძრაობა. ერთადერთი, ვინც ამ საფრთხეს მთელი გულით და გონებით ჭვრეტდა, მერაბ კოსტავა იყო, რომელიც წერილობით თუ სიტყვიერი დეკლარირებით, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სწორუპოვარ ლიდერად მხოლოდ ზვიად გამსახურდიას აღიარებდა.

 მერაბ კოსტავამ თავისთავზე აიღო მამულიშვილური მისია ეროვნული მოძრაობის გაერთიანების – გამთლიანების; ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას (შეიქმნა 1987 წლის 31 ოქტომბერს), რომელიც პირველი ლეგალური ორგანიზაცია გახლდათ, თითქოს უნდა მოეცვა მთელი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და ერთიან მონოლითურ პოლიტიკურ ძალად ქცეულიყო, მაგრამ იმდროინდელი საბჭოთა ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ კარტ-ბლანშ მიცემული ეს ორგანიზაცია, ხელისუფლებისავე დაკვეთით ამოქმედდა, ამუშავდა პროგრამა „ყველას მინუს ერთი!“ და ის ერთი ზვიად გამსახურდია იყო!

 1986 წლიდან მე გახლდით ჰელსინკის კავშირის არაფიქსირებული წევრი თავად ზვიად გამსახურდიას მიერ შემოთავაზებული კონსპირაციული გეგმით, რათა მეტ-ნაკლებად დაცული ვყოფილიყავი რეპრესიებისაგან. ზვიად გამსახურდია სწორედ ამ წელს (1986 წ.) დამიახლოვდა მას შემდეგ, რაც ყველა საბჭოთა რეკვიზიტი ხმაურიანად მივაყარე საბჭოთა ხელისუფლებას მწერალთა კავშირსა და თსუ-ში და ჩემს მოქმედებებში ვიყავი სრულიად დამოუკიდებელი და მარტო.

 ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ძალისხმევა, მისი შექმნის დღიდან უმთავრესად მიმართული იყო მერაბ კოსტავას ზვიად გამსახურდიასაგან ჩამოცილებისაკენ. ამ სტრატეგიული მიზნით მათ მიაღწიეს მერაბის დაყოლიებას ილ. ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობაში შესვლაზე. მე შემომთავაზეს საზოგადოების წევრობა, რაზეც უარი განვუცხადე. მოგვიანებით, მერაბმაც შემომთავაზა შევსულიყავი ჭავჭავაძის საზოგადოებაში. „თუ ზვიადი იქნება გამგეობაში, მეც შემოვალ-მეთქი“ და მსუბუქად ვუსაყვედურე ზვიადის გარეშე გამგეობაში მისი შესვლის გამო. მერაბმა მიპასუხა, რომ სწორედ მაგისთვის მჭირდები საზოგადოებაშიო, რათა ერთობლივად შევძლოთ მათი დათანხმება ზვიადის გამგეობაში შეყვანაზეო; ათწლიანი პატიმრობიდან ახალგათავისუფლებულ მერაბს, ცხადია არ ჰქონდა სრულყოფილი წარმოდგენა თამარ ჩხეიძესა და მის ჯგუფზე. უფრო გვიან კი, რაღაც მაქმანებით, პირადი გრძნობებიც გაჩნდა მერაბსა და თამარ ჩხეიძეს შორის…

 თამარ ჩხეიძემ და ზურაბ ჭავჭავაძემ მიაღწიეს აფხაზეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელთა კონსოლიდაცია-შემომტკიცებას მათ ირგვლივ და დააფუძნეს კიდეც ილია ჭავჭავაძის ადგილობრივ საზოგადოება ნუგზარ მგალობლიშვილის, ვოვა ვეკუას, თემურ ლორთქიფანიძის, ჯონი ლატარიას, ბორის კაკუბავასა და სხვათა შემადგენლობით. მათთან გაერთიანებაზე უარი განაცხადა მხოლოდ ერთმა დისიდენტმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა აფხაზეთიდან არკადი მარკოზიამ, რომელიც 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებით პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭოს დეპუტატი გახდა და ხუნტისტებმა მოკლეს უზენაესი საბჭოს შენობის წინ 1991 წლის 23 დეკემბერს. ნუგზარ მგალობლიშვილისა და ვოვა ვეკუას თამარ ჩხეიძისეულ ჭავჭავაძის საზოგადოებაში შესვლა მერაბ კოსტავას ამ საზოგადოებაში ყოფნის ერთსულოვანი ფაქტორით იქნა განპირობებული. თუმცა, ნუგზარ მგალობლიშვილმა, მისი ამ საზოგადოებიდან აუცილებელი გასვლის გადაწყვეტილება მალევე მიიღო და ამის შესახებ 1989 წლის მაისში მოახსენა მერაბს და მიზეზებზეც მიუთითა. ვოვა ვეკუაც, მერაბ კოსტავას მკვლელობის შემდგომ, აუცილებლად დატოვებდა ამ საზოგადოებას და იგიც ზვიადის გვერდით დადგებოდა თავისი შინაგანი სიწრფელის, პატიოსნებისა და გულმხურვალე პატრიოტიზმის ნიშნით, მაგრამ ვოვა ვეკუა მოკლეს 1989 წლის 15 ივლისს ბლაგვი იარაღის ჩარტყმით აფსუა სეპარატისტების პირველი შეიარაღებული დაპირისპირების დროს. დღემდე გულს მიღრღნის ეჭვი, რომ ვოვას მკვლელობა, შეიძლება სულაც არ იყო ამ კონფლიქტის შედეგი, არამედ იყო შესაძლებლობა… ნუგზარ მგალობლიშვილის სრული და ობიექტური შეფასებისათვის კი ჩვენს მკითხველებს ვთხოვ ხელახლა წაიკითხონ მისი სტატია „დესანტი“ უმაღლეს საბჭოში“ ჩვენს გაზეთში „განმათავისუფლებელი“, N31, აპრილი, 2012 წლის. ეს , აწ უკვე საჭირო და აუცილებელზე აუცილებელია გავრცელებული და გახმაურებული ვიდეოს „ღირსების სასამართლოს“ პოსტ-პერიოდის ქრონოლოგიური გაანალიზებისათვის, აგრეთვე ვიდეო-კადრებით წარმოქმნილი აფექტური შეხედულებების დაძლევაში მგალობლიშვილის მიმართ.

 ნუგზარ მგალობლიშვილი, ამ „ღირსების სასამართლომდეც“ და შემდგომ მტკიცედ და მყარად იდგა ზვიად გამსახურდიას გვერდით, ისევე როგორც მერაბ კოსტავა.

 ილია ჭავჭავაძის საზოგადოების მთელი გამგეობა: თამარ ჩხეიძე, ზურაბ ჭავჭავაძე, გურამ მამულია, ვახტანგ ძაბირაძე, ჯუმბერ კოპალეიშვილი, ბორის კაკუბავა, დიმა ჯაიანი, ციალა არდაშელია… გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დაგეშილნი და სიძულვილით აღძრულნი იყვნენ ზვიადის შესამუსრად. მათი ამგვარი უგონო სიცოფე, საბოლოოდ, შეიარაღებული გადატრიალების მედროშეობის მოტივაციადაც იქცა, თუმცა ეს, მხოლოდ, მერაბის ფიზიკური ლიკვიდაციის შემდგომ გახდა შესაძლებელი.

 მერაბის მონდომებამ და წადილმა, ზვიადის ლიდერობით გაეერთიანებინა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ნაყოფი ვერ გამოიღო და მერაბმა დატოვა ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, მაგრამ თამარ ჩხეიძე არ თმობდა მერაბს და მისი აქტივობით, მათ შორის გრძელდებოდა პიროვნული ურთიერთობები. ამ პიროვნული ურთიერთობების გავლენით მერაბი არ აღმოჩნდა იმ ზემოხსენებულ გახმაურებულ „ღირსების სასამართლოზე“ 1989 წლის 9 იანვარს ზვიადის გვერდით. ამ პიროვნული ურთიერთობის გავლენით, ზვიადისაგან ფარულად გაემგზავრა მერაბი, თამარ ჩხეიძესა და ზურაბ ჭავჭავაძესთან ერთად, ავტომანქანით ქუთაისში 1989 წლის 13 ოქტომბერს, რასაც მისი ტრაგიკულად დაღუპვა მოჰყვა.

 ზვიადი, როგორც ბრძენი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, როგორც მოგვიანებით დავრწმუნდი, ფიქრობდა მოვლენების ამგვარ შესაძლო განვითარებაზეც და მერაბის პატიმრობიდან გათავისუფლებისთანავე დაიწყო ზრუნვა მერაბის ხელახალ დაოჯახებაზე. ზვიადი რამდენჯერმე სერიოზულად და საგანგებოდ დამელაპარაკა ამ საკითხზე. თავისთავად მერაბმაც მოუხშირა ვიზიტებს ჩემთან პოლიტიკის გარეშე. ღმერთს შენდობას ვთხოვ, თუ რაიმე უნებლიე წვლილი მიდევს მერაბის ბედის ტრაგიკულად წარმართვაში. მერაბის ცხედართან კი ზვიადმა, მწუხარებით გაჯერებელი ხმით, სწორედ ეს მისაყვედურა…

11165837_872146449521722_700482878_n[1]
„ღირსების სასამართლოს“ ერთი ვიდეო-კადრი, რომელშიც ზურაბ ჭავჭავაძეს ზვიადი კგბ-ს აგენტობაში ამხელს, ხოლო გია ჭანტურია მას ტყვიით შუბლის გახვრეტით ემუქრება, 1989 წლის 26 თებერვალს უჩვენა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიამ, რასაც უმალ ზ. ჭავჭავაძის პროტესტი მოჰყვა და მან, მეორე დღესვე სასარჩელო განცხადება შეიტანა ორჯონიკიძის რაიონის სახალხო სასამართლოში, ამასთანავე დეპეშა გაუგზავნა მიხეილ გორებაჩოვსაც (ქვემოთ იხილეთ ორივე დოკუმენტის ტექსტი). ეს ის დოკუმენტია, რომელსაც მე ჩემს არქივში წავაწყდი და რომელიც ზემოთ ვახსენე. ხოლო დოკუმენტი კი თავად ზურაბ ჭავჭავაძემ გადმომცა ხელში უნივერსიტეტში გასავრცელებლად (იხილეთ ქვემოთ).

l1

ზურაბ ჭავჭავაძე თავის ამ ზემოხსენებულ განცხადებებში ფარისევლურად კვირვობს, თუ საიდან ჩაუვარდა ხელში ტელევიზიას „ღირსების სასამართლოს“ ვიდეო. „ღირსების სასამართლოს“ იღებდა ორი ვიდეო-კამერა, ერთით გოგა ხაინდრავა (ფერადი კადრით), ხოლო მეორეთი (შავ-თეთრი კადრით) უცნობი პიროვნება. თუ საიდან უნდა ყოფილიყო ის უცნობი და თვით გოგა ხაინდრავაც მივლენილი ამ მრავალრიცხოვან სკანდალურ შეკრებაზე, ძნელი მისახვედრი არ არის… ზაქარია ლაშქარაშვილის ბლოგზე – http://zakaria-lachkarachvili.blogspot.gr/p/blog-page.html  – „ღირსების სასამართლოს“ გარდა დევს სხვა მომდევნო აუდიო -სატელეფონო ჩანაწერებიც ზურაბ ჭავჭავაძესა და ზ. ლაშქარაშვილის საუბრებისა, საიდანაც ვლინდება ზ.ჭავჭავაძისა და ლაშქარაშვილის მძულვარე, ორგანიზებული ბრძოლა ზვიადის წინააღმდეგ, აგრეთვე ჭავჭავაძის თავმოწონება „სასამართლოს“ მათი ვიდეო-კამერით გადაღებისა და ამგვარად მისი დოკუმენტურად ფიქსაციის გამო (იხ. ვიდეო)

ზურაბ ჭავჭავაძე ლაშქარაშვილთან ამ სატელეფონო საუბარში ზვიად გამსახურდიას მოიხსენიებს: „წრუწუნად“, „მყრალ“ და „ბინძურ“ პიროვნებად და ამბობს, რომ „ღირსების სასამართლო“ თვითონ დაარქვა ზვიადმა, თორემ ჩვენ საქმის გარჩევას ვუწყობთ ზვიადსო. ამ „ღირსების სასამართლოზე“ ზვიად გამსახურდიას, დისიდენტების გარდა, ემხრობოდნენ აკაკი ბაქრაძე, ნოდარ წულეისკირი, გურამ გეგეშიძე და მოსკოვიდან, თვით ზ. ჭავჭავაძის მიერ სპეციალურად ჩამოყვანილი „გლასნოსტის“ კორესპონდენტი კირილე პოპოვიც, რომელიც რამდენიმეჯერ ჩნდება ვიდეო-კადრში.

chavchavadze&lashkarashvili

ზაქარია ლაშქარაშვილის ბლოგზევე დევს მერაბ კოსტავას ცოლყოფილის რუსუდან ბერიძის წერილიც, რომელიც წარმოადგენს მხილებასა და კომპრომანტს თავად ლაშქარაშვილისა, მაგრამ ვირ-ეშმაკა ლაშქარაშვილმა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვემოთ დაბეჭდილი წერილი ვერ დაიმალებოდა, „ობიექტურობისა და დემოკრატობის“ ნიღბით თავადვე დადო თავის ბლოგზე, ოღონდ გამაბათილებელი კომენტარით, რომ თითქოს რუსუდან ბერიძეს წერილი ზვიადმა დააწერინა „დაშინებითა და მუქარით“. ზვიადის მოწინააღმდეგე რუსუდან ბერიძეს კი, დღემდე არსად განუცხადებია ამ წერილის საკუთარი თავისუფალი ნების წინააღმდეგ დაწერის შესახებ (იხ. წერილი ქვემოთ):

უსიამოვნო ვიზიტი

1988 წლის შემოდგომაზე დამირეკა მეგობარმა ქალმა (გვარს არ ვასახელებ, რადგან ის გაუგებრობის მსხვერპლი გახდა და თავისდაუნებურად აღმოჩნდა არასასიამოვნო სიტუაციაში). მან მთხოვა სტუმრად მიმეღო მისი ნაცნობი, რომელსაც დიდი სურვილი ქონდა, გაცნობოდა მერაბ კოსტავას მეუღლეს და ირაკლი კოსტავას დედას, მე დავთანხმდი. დათქმულ დროს ჩემ ოჯახში მოვიდა ჯონი ლაშქარაშვილი ჩემ მეგობარ ქალთან ერთად. ამ დროს ჩემთან სტუმრად იყვნენ ჩემი მეგობრები და ახლობლები ქეთევან ბერიძე ,ნატო გაბისონია და მირა მეგედი. აღმოჩნდა ,რომ ჯონი ლაშქარაშვილი ყოფილი პოლიტიკური პატიმარია,რომელიც მიდის საფრანგეთში, რომ იქ გააგრძელოს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა (როგორც თვითონ აგვიხსნა). მე ძალიან არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც მძიმე დღეში მყოფ სამშობლოს ტოვებენ (ერთხელ როცა მერაბ კოსტავას ციმბირში ვკითხე , დათანხმდები თუ არა საზღვარგარეთ რომ წახვიდე,ხომ ხედავ აქედან არასოდეს გაგანთავისუფლებენ- მეთქი, მან მიპასუხა თუ ერთი შანსი არის საქართველოში დაბრუნების, მე კიდევ დიდხანს დავრჩები საპატიმროშიო). მე და ჩემმა მეგობარმა ვაგრძნობინეთ ჯონი ლაშქარაშვილს ,რომ მიუღებლად მიგვაჩნია მისი ნაბიჯი.ამის შემდეგ მან მთხოვა,რამდენიმე წუთს მარტო დავრჩენილიყავით.ჩემი ბინა სტანდარტული პატარა ბინაა მე აღელვებული საკმაოდ ხმამაღლა ვლაპარაკობდი,ამიტომ სამზარეულოში გასული ჩემი მეგობრები უნებურად ისმენდნენ ჩვენს საუბარს.

 ჯონი ლაშქარაშვილმა მოინდომა ჩემგან ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის მიღება (განსაკუთრებით ზვიადის შესახებ), ეტყობა, ჩათვალა, რადგან მე და მერაბი დაძაბულ ურთიერთობაში ვიყავით ერთმანეთთან, მე და ზვიადი კი უბრად, ამიტომ საფრანგეთში გამგზავრების წინ ჩემგან შეიძლებოდა სასურველი შავი ინფორმაციის მიღება. ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ქონდა. ჯერ ერთი, ჩემს თვალწინ გაიარა ზვიადის და მერაბის საოცარი მეგობრობის წლებმა, ჩემ თვალწინ ჩამოყალიბდნენ ისინი როგორც ქართული ეროვნული მოძრაობის აღიარებული წინამძღოლები. თან აღმაშფოთებელი იყო,რომ ეს კაცი,რომელიც შავ და ბნელ მომენტებს ეძებდა ზვიადის და მერაბის ცხოვრებაში,მერაბის მეგობრად ასაღებდა თავს.თან მოითხოვდა ჩემგან იმის დადასტურებას,რომ ზვიადი და მერაბი უღირსი და პათოლოგიური ადამიანები არიან.
ჯონი ლაშქარაშვილი მე მკაცრად დავითხოვე ჩემი სახლიდან და ვუსაყვედურე ჩემ მეგობარ ქალს ,ასეთი კაცი ჩემ სახლში როგორ მოიყვანე მეთქი. მისთვისაც სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ჯონი ლაშქარაშვილის სტუმრობის მიზეზი და ძალიან შეწუხდა.

მართალი გითხრათ, ამ უსიამოვნო შემთხვევის შემდეგ მიჭირს დავიჯერო, რომ ადამიანს საქართველოსთვის შესტკივა გული.

რუსუდან ბერიძე, 8.03.90

რუსუდან ბერიძის მონათხრობს ვადასტურებთ:
ქეთევან ბერიძე (ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი)
ნატო გაბისონია (კულტურის სამინისტროს მეთოდისტი)
მირა მეგედი (ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ -თანამშრომელი)

პოლიტიკური ამბიციებით შეპყრობილი ზაქარია (ჯონი) ლაშქარაშვილი იმედოვნებდა, რომ ზვიად გამსახურდიას მოკვდინების შემდგომ მაინც შესძლებდა საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთპიროვნულ ლიდერად ქცევას, ანუ ზვიად გამსახურდიაზე ჩანაცვლებას. ამ იმედით მან 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებაც კი მიიღო, რისთვისაც გამოაქვეყნა საპრეზიდენტო პროგრამა, მაგრამ დარწმუნდა რა რომ შევარდნაძეს ვერ დაუპირისპირდებოდა, აღარ იაქტიურა. 2011 წლის თებერვალში ლაშქარაშვილი საფრანგეთიდან – „მიმართვა ქართველ ერს“ – წერდა: “მოგიწოდებთ აიძულოთ ოპოზიციური პარტიები, შეაჩერონ ფუნქციონირება ან საბოლოოდ დასტოვონ პოლიტიკური ასპარეზი. ქართველ ერს ამის მიღწევა შეგიძლიათ ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციების ბოიკოტირებით, რაც ამასთანავე გამოიწვევს ამ პერსპექტივადაკარგული ოპოზიციური პარტიებისთვის შემოწირულებების შეწყვეტას და ამით მათი ფუნქციონირების შეჩერებას“ .

 ლაშქარაშვილი თვლის, „რომ საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა სამართლიანი არჩევნები, რაც სახელმწიფოებრივობასთანაა დაკავშირებული… არც პირველი არც მეორე და არც მესამე და არც არცერთი!“ და თავისი სიტყვისათვის პოლიტიკური წონის მისაცემად წერს: „საბჭოთა ხელისუფლებამ მოქალაქეობა ჩამომართვა და ქვეყნიდან გამაძევა“ო, რაც სრული სიცრუე და სიყალბეა. ამას ადასტურებს რუსუდან ბერიძის ზემოთ გამოქვეყნებული წერილი და ლევან ბეძენიშვილის წერილიც ლაშქარაშვილზე, რომელიც მას ღირსეულ პოლიტპატიმრად აღიარებს, ხოლო ემიგრაციაში ლაშქარაშვილის წასვლის მიზეზს კი ამგვარად ხსნის: „… გათავისუფლების შემდეგ ეროვნულ მოძრაობაში თავისი თავი ვერ იპოვა (სიტყვით ხომ რადიკალი და რევოლუციონერი იყო და თანამოძმეების პოვნა მართლა გაუჭირდა). ამას დაერთო მატერიალური გასაჭირი, მუდმივი უსახსრობა და ჯონი ლაშქარაშვილი ემიგრაციაში წავიდა. პარიზში დამკვიდრდა და იქაური ქართველების დახმარებით რადიო „თავისუფლებისგან“ რაღაც გროშებს იღებდა რეპორტაჟებისთვის“ო. ბერძენიშვილის ეს წერილიც, ლაშქარაშვილს საკუთარ ბლოგზე უდევს!

 ლაშქარაშვილის თანასაკნელ ლევან ბერძენიშვილის ამავე წერილიდან ვგებულობთ, რომ პატიმრობის ზონაში „ჯონის შეუყვარდა ყველა პატიმრის კლასობრივი მტერი, ქალბატონი განიჩენკო – ცენზორი… არ ვიცი, რას ფიქრობდა განიჩენკო, როცა ასი კაცის ცივი ზიზღით სავსე გამოხედვის ფონზე ერთი კაცის შეყვარებულ მზერას ხედავდა, მაგრამ პოლიტიკური ბანაკი წუხდა, პატიმრები ვერ იჯერებდნენ, რომ სიყვარული კლასობრივ სიძულვილს ამარცხებდა…“

 დიახ, თუ როგორ ხდებოდა საპატიმროს ცენზორებთან ურთიერთობის ჩამოყალიბება და სიყვარულის წარმოშობა, ამისთვის პატიმრადყოფილობის გამოცდილება სულაც არ არის აუცილებელი, არამედ სრულიად ადვილი მისახვედრია გონიერთათვის…

ზაქარია (ჯონი) ლაშქარაშვილი 2013 წლის ნოემბერში ჩამოვიდა საქართველოში პოლიტიკური აქტივობისა და პროცესებში ჩასართველად, რისთვისაც იგი მცირე ჯგუფს შეხვდა, ხოლო ყოფილმა თანამებრძოლებმა ილია ჭავჭავაძის საზოგადოებიდან, აღარ ისურვეს მასთან შეხვედრაც კი!

 ლაშქარაშვილის ბლოგზევე დევს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას 1991 წლის 2 თებერვლის პრესკონფერენციის ფოტო-მონტაჟი, რომელშიც თავიდან ბოლომდე გაყალბებულია ხსენებული პრესკონფერენციის შინაარსი, შეძენილი აქვს ისტერიული ტონი, ხოლო რადიო „თავისუფლების“ ანტიქართულ-ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის შემოქმედ ჯგუფ კაშიასა და კლიმიაშვილთან, თვითნებურად, ჩამატებულია ლაშქარაშვილის გვარიც, მაშინ როცა რეალურად ზვიად გამსახურდიას ამ პრესკონფერენციაზე არ უხსენებია ლაშქარაშვილი და ამას მოწმობს ზემოხსენებული პრესკონფერენციის ბეჭდური ვერსიაც 1995 წლის დოკუმენტური კრებულისა სახელწოდებით „1991 წლის ოცდაორი შეხვედრა ზვიად გამსახურდიასთან“ , სამართლიანობის აღდგენის კავშირის „ხმა ერისას“ გამოცემული (გვ. 3) და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელების ოფიციალური დოკუმენტები და ინტერვიუები“, ტომი I , ზვიად გამსახურდია, 2013 წლის გამოცემა, გვ. 142. ზვიად გამსახურდიას 1991 წლის 2 თებერვლის პრესკონფერენციის გაყალბებული ვერსია

11267156_872155512854149_319592185_n[2]

„შავლეგოს“ სახელით, ლაშქარაშვილს წამოღებული აქვს ინტერნეტ საიტიდან „სიმართლე“ , ხოლო ეს ბლოგი ეკუთვნის ფინეთში ემიგრირებულ პრემიერ-მინისტრ ბესარიონ გუგუშვილს. ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ გააყალბა „შავლეგომ“(რომელიც სინამდვილეში გახლავთ გია ჯანელიძე ეროვნული მოძრაობიდან) ზვიადის პრესკონფერენცია. პირად მიმოწერაში „შავლეგო“ – გია ჯანელიძემ დამიდასტურა, რომ 2 თებერვლის ფოტოდოკუმენტი ეკუთვნის მას, მაგრამ მას არ გაუყალბებია, არამედ სხვისი საიტიდან წამოიღო, ხოლო თუ ვისი საიტიდან, არ გათქვა!

 ასე იყო ზვიად გამსახურდია აშკარა და ფარულ მტრებს შორის მოქცეული, რამაც საბოლოოდ გახადა შესაძლებელი მისი ხელისუფლების სამხედრო-კრიმინალური გადატრიალებით დამხობაც და თავად პრეზიდენტის მოწამოებრივი ლიკვიდაციაც!

 უცხოეთში დაბანაკებული კოლაბორაციონისტი ლაშქარაშვილები და გუგუშვილები კი კვლავ საქართველოს ხელისუფლებაში აღზევებას ლამობენ!

8 მაისი, 2015 წელი.

თემის გაგრძელება „ღირსების სასამართლოზე“ იხილეთ ნუგზარ მგალობლიშვილის წერილით:

https://iberiana2.wordpress.com/segm/n-mgaloblisvili/

***

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: