IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ალ. აბესაძე – BREXIT

 ალექსანდრე აბესაძე

 BREXITპოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პერსპექტივები

მიუნსტერი: 26.06.16

BN-MR809_BREXIT_12S_20160219172453[1]გაერთიანებულმა სამეფომ ცივილიზებულ სამყაროსთან დროებით კარები ჩაჭედა. ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობამ ხმა მისცა ევროკვშირიდან გასვლას. აქვეა აღსანიშნავი, რომ ამ რეფერენდუმზე გადამწყვეტი მნიშვნეობა ასაკოვანმა მოსახლეობამ ითამაშა, რადგან მათმა ხმათა უმრავლესობამ გადაწყვიტა რეფერენდუმის შედეგები. წინასწარი გამოკითხვებით კი ახალგაზრდა ინგლისელები, ქვეყნისა და საკუთარი თავისთვის უკეთეს მომავალს მხოლოდ ევროკავშირში ხედავდნენ. მკითხველისათვის საინტერესოა გავცეთ კითხვას პასუხი თუ რომელმა საშინაო და საგარეო ფაქტორებმა განაპირობეს ის რომ გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა ასე ნეგატიურად განეწყო ევროკავშირის მიმართ და რისთვისაც მისცეს ხმა, რომ ქვეყანას დაეტოვებინა ევროკავშირი.

გაერთიანებული სამეფო და ევროპის თანამეგობრობა

ინგლისი ევროპული თანამეგობრობის წევრი ჯერ კიდევ 1973 წლიდან არის. ევროპული ინტეგრაციის მთავარ მამოძრავებელ იდეას ,,ევროპა, როგორც მშვიდობის პროექტი” ინგლისელებმა თავიდანვე სკეპტიკურად შეხედეს. ისინი თავიდანვე ევროპული გაერთიანებისათვის ერთგვარ მატორპედირებელ მექანიზმს წარმოადგენდნენ. დებატები ინგლისის ევროპული თანამეგობრობიდან გასვლის შესახებ ეს ახალი მოვლენა არაა. 1975 წელსაც იყო დებატები გაერთიანებული სამეფოს ევროპული თანამეგობრობიდან გაყვანის შესახებ, თუმცა მაშინ უმრავლესობამ ევროპულ თანამეგობრობის წევრად დარჩენა ამჯობინა.

გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის BREXIT იდეური მამა, ლონდონის ყოფილი მერი, ბორის ჯონსონი იყო. მისი მოწინააღმდეგე კი აწ უკვე ყოფილი ინგლისის პრემიერ მინისტრი დევიდ ქემერონი. ქემერონმა ჯერ კიდევ არჩევნების დროს დაუშვა მიუტევებელი შეცდომა, როდესაც ის ხალხს დაპირდა, რომ ჩაატარებდა რეფერენდუმს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას შეეძლებოდა თავად გადაეწყვიტა ევროკავშირში დარჩენისა თუ მისგან გასვლის საკითხი.

ერთის მხრივ მის ამ დაპირებას ვაფასებ როგორც პოპულისტურ ნაბიჯს, რომლითაც მისი პოლიტიკური კარიერისთვისა და მისი გუნდისთვის პოლიტიკური ქულების დაწერას ეცადა, ხოლო მეორეს მხრივ დევიდ ქემერონი ისტორიაში შევა ინგლისის პრემიერ მინისტრი, რომელმაც არამხოლოდ ევროპულ თანამეგობრობას ზურგიდან ჩაარტყა მახვილი და მისი უგუნური პოლიტიკის გამო ქვეყანამ დატოვა ევროგაერთიანება, არამედ მასვე მიეწერება აგრეთვე გაერთიანებული სამეფოს დაშლაც. თუ რატომ ამაზე პასუხი ძალიან მარტივია.

შოტლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია ისტორიულად ევროპული თანამეგობრობის მომხრეებია. დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი ჩაატარებენ რეფერენდუმს დამოუკიდებლობის თაობაზე და გავლენ გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან. ორი წლის წინ შოტლანდიაში გაიმართა რეფერენდუმი გაერტიანებული სამეფოდან გასვლის შესახებ. მაშინ შოტლანდიამ ნდობის მანდატი კიდევ ერთხელ გადასცა ლონდონში მთავრობას, მაგრამ დიდი ალბათობით შოტლანდიელები იგივეს აღარ გააკეთებენ და მოითხოვენ დამოუკიდებლობას, რაც რათქმაუნდა ფატალური იქნება ცენტრალური ხელისუფლებისათვის და საერთოდ გაერთიანებული სამეფოსთვის. ადგილობრივი პრესიდან ჩანს, რომ შოტლანდიელები ნდობას აღარ უცხადებენ ლონდონის ცენტრალურ ხელისუფლებას.

შოტლანდიის პრემიერი აცხადებს, რომ ,,შოტლანდიის ადგილი მხოლოდ ევროკავშირშია” და ასახელებს სტატისტიკას, რომლის მიხედვით მოსახლეობის 62% მომხრეა ევროკავშირის წევრობზე, 38% კი წინააღმდეგი.

დაახლოებით იგივე სურათია ჩრდილოეთ ირლანდიაშიც. გამოკითხვებით აქ მოსახლეობის 57% მისცა ხმა ევროკავშირში დარჩენას. ადგილობრივი გაზეთები იუწყებიან, რომ ლონდონმა დაკარგა ინტერესი ირლანდიელი მოსახლეობის წარმომადგენლობაზე. ერთის მხრივ, თუ ეს მხარეები ლონდონის ხელისუფლებას გამოეყვნენ, ეს დანარჩენ მსოფლიოში გამოიწვევს სეპარატისტული რეგიონების გააქტიურებას და წაახალისებს ახალ სეპარატისტულ მოძრაობებს, რაც მსოფლიოსთვის, რომელიც ჯერ კიდევ ეროვნულ სახელმწიფოთა თანამეგობრობას წარმოადგეს, ფატალური შედეგების მომტანი იქნება.

BREXIT და ეკონომიკური ასპექტები

BREXIT-ის შემდგომ სამყარო ვეღარ იქნება ისეთი, როგორსაც 22.06.16-მდე ვიცნობდით. ფრანკფურტისა და ლონდონის საბანკო ბირჟებს შორის ვეღარ იქნება ისეთი მჭიდრო ურთიერთობები, როგორც ამას მსოფლიო დღემდე მიჩვეული იყო. გარდაუვალია, რომ ინგლისელი ეკონომისტებისათვის დადგება რთული დღეები. ინგლისის სავალუტო ბაზარი, ეკონომიკური სისტემა ჩაიკეტება საკუთარ ნაჭუჭში და ინლისელ ეკონომისტთა დიდი ნაწილი საკუთარ საქმიანობას ფრანკფურტის სავალუტო ბირჟაზე გააგრძელებს.

გარდაუვალი ხდება, რომ საგარეო ვაჭრობას შეექმნება პრობლემები. სადღეისოდ ინგლისი საკუთარი საგარეო ვაჭრობის 63%-ს ევროპის ქვეყნებთან აწარმოებს, ხოლო 50%-ზე მეტი საქონლის იმპორტი ინგლისში ევროპიდან ხორციელდება.

ამ ჰარმონიულ ეპოქას BREXIT ერთმნიშვნელოვნად უსვამს წერტილს. სირთულეებს პროგნოზირებს აგრეთვე ინგლისის ეროვნული ბანკი, რომელიც მინიმუმ 6%-იან ინფლაციას ელოდება. პირველადი ეფექტი გაერთიანებული სამეფოსათვის მომდევნო რამდენიმე თვეშივე დადგება, რაც გამოიხატება იმაში რომ დაახლოებით 800 000 სამუშაო ადგილი გაუქმდება. მოსალოდნელია აგრეთვე ფუნტის სტერლინგის კურსის 20% გაუარესდება ევროსთან მიმართებაში.

ინგლისს ამ დროისათვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან უამრავი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააჩნია. ამათგან 33 ევროპის წევრ სახელმწიფოებთან. BREXIT-ით კი ეს ხელშეკრულებები ან სრულიად ანულირდება, ან კიდევ მათი ნაწილი დაკარგავს ძალას, რაც ხელშეკრულების ფაქტობრივ იურიდიულ გაუქმებას გულისხმობს. ეს ყველაფერი აუცილებლად თავიდან იქნება დისკუსიისა და მოლაპარაკების საგანი.

არსებითად მნიშვნელოვანია საბაჟოს რეგულაციების გარკვევა, ანუ დადგენა იმისა თუ რამდენად დასაშვებია ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოსათვის ევროკავშირის ბაზრით სარგებლობის უფლება. ამ საკითხისადმი კრიტიკული მიდგომა ბადებს ლოგიკურ კითხვას, ისარგებლებს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის ბაზრით ისე, რომ მას არ მოუწიოს საბაჟო მოსაკრებლების გადახდა ევროკავშირის ბაზრით სარგებლობისათვის. ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. დიდი ალბათობით მათ იმპორტირებულ საქონელზე დაუწესდებათ გადასახადები, რაც ისევ და ისევ მათ ეკონომიკას და მომხმარებელს დააზარალებს.

დასარეგულირებელი იქნება აგრეთვე უვიზო მიმოსვლის საკითხებიც. დიდი ალბათობით გაერთიანებული სამეფო ზოგიერთ ქვეყანას თავისუფალი მიმოსვლას მისცეს, ხოლო ზოგიერთისათვის შემოიღებს სავიზო რეჟიმს. გადაიხედება აგრეთვე შენგენის რეგულაციებიც.

მხატვრული შედარება რომ გავაკეთო, საბაჟო გადასახადები და სავიზო მიმოსვლა ქვეყნის განვითარებისათვის იგივეა რაც მოტორში ჩაყრილი ქვიშა, რაც ჯერ დააბრკოლებს, დაამუხრუჭებს და საბოლოოდ მწყობრიდან გამოიყვანს მას. შედეგი იქნება ის, რომ იქნება ნაკლები ვაჭრობა, რაც პარალელურია ნაკლები კეთილდღეობის.

 

რამ გამოიწვია BREXIT

მემარჯვენე პოპულისტური პარტიები თითქმის ერთნაირი ხელწერით სარგებლობენ. ისინი შიდა პოლიტიკური თუ ეკონომიკური წარუმატებლობის ახსნას გარედან მომდინარე მოვლენებით ცდილობენ. მემარჯვენე პოპულისტებმა ააგორეს კამპანია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი არის გაერთიანებული სამეფოსათვის უკეთურების მომტანი და მაგალითისათვის მათ პოლიტიკურ დისკურსად გახადეს გარემოება, რომ ყოველ კვირაში 350 მილიონი ევრო ლონდონიდან ბრიუსელში მიედინება. ამომრჩევლების გულის მოსაგებად ისინი მოსახლეობას პირდებოდნენ, რომ ამ თანხებით შეძლებდნენ მთელს ინგლისში ყოველ კვირას ახალი საავადმყოფოს გახსნას. ეს 50 წელს გადაცილებული მოსახლეობისათვის მარტივი სატყუარა აღმოჩნდა და მოსახლეობის 51,2 % ხმა მისცა BREXIT – ს. ეს არის ინგლისელთა თაობა, რომლის ასაკი 49 წლიდან 65 წელს შორის მერყეობს. რაც შეეხება ახალგაზრდებს, გამოკითხვებმა აჩვენა,  რომ მათგან 4-დან სამი საკუთარ მომავალს მხოლოდ ევროკავშირში ხედავდა. BREXIT  მომხრეთა კიდევ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო, რომ ,,წაგვლეკა ლტოლვილებმა“… ჯერ კიდევ რამდენიმე ხნით ადრე ინგლისი შეეცადა ლტოლვილთა შემოდინების საწინააღმდეგო მექანიზმების შემუშავებას, რაშიც გერმანიამ და საფრანგეთმა მას მხარი არ დაუჭირეს. ამით განაწყენებულმა მემარჯვენე რადიკალურმა ფრონტმა დაიმუქრა ევროკავშირიდან ქვეყნის გაყვანაზე. მათი უმთავრესი არგუმენტი იყო, რომ ეროვნულმა სახელმწიფომ არ უნდა აკარნახებინოს სუპრანაციონალურ ინსტიტუტებს თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის შიგნით. ამ ორი ძირითადი პოლიტიკური დისკუსიით გაერთიანებული სამეფოს მემარჯვენე რადიკალურმა ძალებმა დაიწერეს პოლიტიკური ქულები, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში დავინახავთ, რომ ამ რეფერენდუმით გაერთიანებულმა სამეფომ მხოლოდ წააგო.

BREXIT და რუსული პერსპექტივები

რუსული პოლიტ-ესტაბლიშმენტის ევროკავშირი მოიაზრება როგორც მეტოქე, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა დაიშალოს. მათ მიაჩნიათ, რომ რაც მალე მოხდება ევროკავშირის სისტემური რღვევა მით უფრო მალე  ექნებათ მათ შესაძლებლობა, რომ ევრაზიის კავშირში მოლაპარაკებები გაუმართონ ევროკავშირის ყოფილ წევრ სახელმწიფოებს. მათი ფანტაზია არ ჯერდება ამ წარმოსახვითი ნარატივის არსებობას და ფიქრობენ, რომ ევრაზიის კავშირში მისაღებად  ყოფილ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საკუთარ, კრემლისეულ თამაშის წესებს შესთავაზებენ, სადაც იმუშავებს შემდეგი სახის ლოგიკა: ,,რაც უფრო დიდია რეგიონალური ინტერესები, მით უფრო ნაკლებად ბიუროკრატული იქნება განაცხადის დამუშავება ახალი წევრის მისაღებად.

            მსოფლიო პრორუსული ძალების მიერ BREXIT მოიაზრება, როგორც პუტინის ტრიუმფალური სვლა ევროპის დაშლა-დესტაბილიზაციის გზაზე. რუსი დეპუტატები არ მალავენ ღია აგრესიას ევროპის მიმართ და მას მოიხსენიებენ როგორც ევრაზიულ კონტინენტზე ამერიკულ პოლიტიკურ ,,წანაზარდს“,  რომლის დროული ამპუტაცია მათივე აზრით დროულად საჭიროა. როგორც კრემლის საყვირი ვ. ჟირინოვსკი აცხადებს ,,ინგლისელი გლეხები წინ აღუდგნენ გლობალისტებისა და ლიბერალების ფინანსურ მაფიას”. მას მიაჩნია, რომ დღეიდან დაახლოებით ათ წელიწადში ევროკავშირი არათუ იარსებებს როგორც ინსტიტუცია, არამედ ამ სიტყვას საერთოდაც დაივიწყებს ყველა. მისივე ინტერპრეტაციით მალე NATO-ც ისტორიის სანაგვეზე გადაინაცვლებს და შენგენის ხელშეკრულებაც გამოვა მწყობრიდან.

            ცინიკურია გარემოებაც რომ ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსები ამ მოვლენას საბჭოთა-კავშირის დაშლის წინადროინდელ პერიოდს ადარებენ და მაგალითისათვის ასახელებენ ბალტიისპირეთის ქვეყნების გასვლას საბჭოთა-კავშირის შემადგენლობიდან.

            კრემლის ომბუდცმენს ბორის ტიტოვს მიაჩნია, რომ ევროპა  როგორც ,,თეთრი სახლის ვასალი” მალე შეწყვეტს არსებობას და თვლის, რომ ევროპის დაშლა იქნება ევროკავშირში შემავალი ქვეყნებისათვის თავისუფლების მოპოვება. განთავისუფლებაში ის  გულისხმობს, თავისუფლებას აშშ-ს ჰეგემონიისაგან. მისივე აზრით ამ პროცესების დასრულების შემდეგ ,,ძალას მოიკრებს” ევრაზიის კავშირი, როგორც ერთადერთი და ლეგიტიმური ძალა ამ კონტინენტზე.

            მოსკოვში მიაჩნიათ, რომ BREXIT-ით თამაშიდან გამოითიშა ერთ ერთი მოსკოვის ძლიერი მოწინააღმდეგე, რომელიც გამალებით მხარს უჭერდა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს. მათივე გათვლით ხელისუფლებას პრო რუსი პოლიტიკოსი ჯონსონი გადაიბარებს და ამგვარად მოსკოვსა და ლონდონს შორის ურთიერთობები დათბება. მოსკოვი პროგნოზირებს აგრეთვე მის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მალევე დასრულებას. ბორის ჯონსონი მოსკოვისათვის მისაღები პიროვნებაა. მან საზოგადოებას თავი გააცნო არამხოლოდ პრორუსულობითა და ულტრამემარჯვენეობით, არამედ ის  უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში ღიად უკრაინას ადანაშაულებს. მოსკოვი ღრმადაა დარწმუნებული იმაში, რომ ევროპაში უკვე ანარქიამ დაისადგურა, ყველა სახელმწიფოს შიდა პრობლემები აქვს და რუსული სანქციების შესანარჩუნებლად ან მათ გასაგრძელებლად ვერავინ მიიცლის. ამ იდეოლოგიური ხაზის უტყუარობაში დარწმუნებულები არიან მოსკოვის მერი სერგეი სობონინი და პუტინის პრეს მდივანი პესკოვიც, რომლებიც იდენტურ ფერებში ხატავენ სამომავლო მოსკოვ-ლონდონურ ურთიერთობებს.

BREXIT და გეოპოლიტიკური პერსპექტივები

მოსკოვი – კიევი – ალეპო – ლონდონი ეს არის ჯადოსნური გეოპოლიტიკური ოთხკუთხედი. აქ უნდა დავსვათ კითხვა იმის თაობაზე თუ რომელ კონტექსტში არის შესაძლებელი რომ ოთხი  ქვეყნის დედაქალაქი ერთმანეთთან გეოპოლიტიკური კონტექსტებით დავაკავშიროთ.

            სადღეისოდ მთავარ გეოპოლიტიკურ თამაშის კერებს უკრაინა და სირია  წარმოადგენენ. როდესაც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია წამოიწყო და მოახდინა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია, ევროპამ რუსეთს დაუწყო სანქციების ენაზე საუბარი, რაც რუსული მედიის მიერ ინტერპრეტირებული იქნა, როგორც დასავლეთის მიერ რუსულ ეროვნულ ინტერესებზე პირდაპირი დარტყმის მცდელობა. შესაბამისად, რუსულმა მედიამ პოლიტიკური დისკურსის თემად აქცია ევროპული იდეის დეკადენსი, ევროპული კულტურის თვითლიკვიდაციის ფაზაში გადასვლა და რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერი რაც დასავლურია ან მასთან ასოცირდება გამოაცხადა რუსული ეროვნული ინტერესების გამანადგურებლად, მტრად, რაც თავის თავად აბსურდული იდეაა. აქვე განვმარტავ იმასაც, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური მიზანი სხვა პოლიტიკური მოთამაშეების განადგურება არაა (ნორეალიზმის პირდაპირი გაგებით).

            მედლის მოერე მხარეს, ანუ რუსეთში არსებობს კონტრადიქტორულად განსხვავებული ხედვები იმის შესახებ, თუ რა არის ევროკავშირი. პოლიტიკური ესტაბლიშმენტი ცდილობს,  რომ ევროპისაგან შექმნას მტრის ხატი და თითოეული რუსეთის მოქალაქისათვის ამ მტერთან ბრძოლა მოქალაქეობრივი მოვალეობის რანგში აიყვანოს.

            რუსულ მედია-პროპაგანდას დასავლეთმა მხილებით გასცა შესაბამისი პასუხი. კრემლის მესვეურებისათვის ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო სტრუქტურულად და არქიტექტურულად ახალი მეთოდების შემუშავება, იმისათვის  რომ მომხდარიყო ევროპის დესტაბილიზაცია.

            კრემლს ამ მიზნის მისაღწევად ინსტრუმენტების რამდენიმე არსენალი გააჩნდა. პირველი და უებარი საშუალება მათთვის მემარჯვენე რადიკალური ძალების მხარდაჭერა, დაფინანსება და გააქტიურება იყო. ბრძოლა დაიწყეს რამდენიმე ფრონტზე თითქმის სინქრონულად. მარიე ლე პენმა პუტინისაგან მოითხოვა (ფრონტ ნაციონალ) დაფინანსება, რასაც იღებს კიდეც. გერმანიაში არნახულ პოპულარობას აღწევს პოლიტიკური პარტია ,,ალტერნატივა გერმანიისათვის“. ამ პარტიაში ძირითადად გაწევრიანდნენ ის მოქალაქეები რომლებიც ნაციონალ-სოციალისტებთან ერთად პირდაპირ არ ერთიანდებოდნენ, თუმცა მეტ ნაკლებად მათ პოლიტიკურ პროგრამას ეთანხმებოდნენ. მათ შეუერთდნენ აგრეთვე ის მოქალაქეებიც რომლებიც განაწყენებულნი და უკმაყოფილონი იყვნენ შიდა პოლიტიკით და მემარჯვენე იდეებს უჭერდნენ მხარს. დაახლოებით ამდაგვარი სცენარით განვითარდა მოვლენები ავსტრიასა და პოლონეთში, სადაც მემარჯვენე ნაციონალებმა ხელისუფლების სათავეებამდეც კი მიაღწიეს. მართალია ვერ მოახერხეს ხელისუფლების დიდი ნაწილის ხელში აღება, მაგრამ დამდგარი შედეგები საკმარისი იყო იმისათვის, რომ  ევროპელ პრაგმატიკოსებს განგაშის ზარები შემოეკრათ და დაეწყოთ ევროკავშირის მოსახლეობის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ევროპამ დაიწყო ,,მარჯვნივ სიარული”. თუმცა… რუსეთს თანადროულად სირიაში შეჰყავს საჰაერო-სამხედრო ძალები, სადაც იწყებს ე.წ. კონტრტერორისტულ ოპერაციას. რუსეთის განმარტების ამ სამხედრო ოპერაციის მიზანი ისლამურ სახელმწიფოს მომხრეთა რიგებზე დარტყმების მიყენება იყო და მას უნდა დაეცვა და გაემაგრებინა ბაშარ ალ ასადის რეჟიმი. როგორც შემდგომმა მოვლენებმა ცხადყვეს, რუსეთმა საკუთარი ძალები სირიაში გამოიყენა შემდგომი მიზნებისათვის:

  1. ნაცვლად ისლამური სახელმწიფოს რიგებისა, მან დაბომბა და გაანადგურა ასადის მოწინააღმდეგეთა და დასავლეთის მომხრეთა პოზიციები და ამით ფაქტიურად ომი გამოუცხადა დასავლეთს, მაგრამ დასავლეთმა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად დახუჭა თვალები და რუსეთის მიერ მხოლოდ სანქციების შემოღებით შემოიფარგლა.
  2. რუსეთმა მიზანმიმართულად დაბომბა სირიის მშვიდობიანი ქალაქები და ამით ხელოვნურად შექმნა მრავალმილიონიანი ლტოლვილთა ნაკადი, რომლებიც თურქეთის გავლით ევროპაში შემოვიდნენ.
  3. რუსეთმა ამ პოლიტიკით უზრუნველყო ის, რომ ევროპის სახელმწიფოთა შორის ჩამოეგდო განხეთქილება. განხეთქილება კერძოდ გამოიხატა იმაში, რომ ევროპის ზოგიერთმა სახელმწიფომ საერთოდაც უარი განაცხადა ლტოლვილთა მიღებაზე. მაგალითისათვის ასეთი იყო და დღემდე რჩება უნგრეთი. უნგრეთის მთავრობა, ორბანის მეთაურობით ცნობილია როგორც პრო-რუსული ხელისუფლება. უნგრეთის ერთადერთი დახმარება ის იყო, რომ მათ ლტოლვილებს გაუხსნეს დერეფანი ცენტრალურ ევროპაში შემოსასვლელად.

მოვლენათა ამგვარი განვითარება ცხადყოფდა, რომ ევროკავშირი ლტოლვილთა გადანაწილების საქმეზე ერთიან პოლიტიკაზე ვერ შეთანხმდებოდა და ეს იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ევროპის სახელმწიფოებს შორის დაიწყებოდა განხეთქილება. მაგალითისათვის პოლონეთმა დაიწყო ლტოლვილთა მხოლოდ მცირე მასების მიღებაზე საუბარი, რაც ფაქტიურად ძალიან სასაცილოდაც მოჩანდა იმასთან შედარებით, რაც გერმანიამ ან საფრანგეთმა მიიღო.

            განსხვავებული პოზიციები იყო სწორედ ის ფენომენი, რაც რუსეთს ამ საკითხში ევროპის სახელმწიფოთა შორის უნდოდა დაენახა, რაც ნიშანი იყო იმისა, რომ ლტოლვილთა მასებმა შეასრულეს ის ფუნქცია, რაც რუსეთს დიდი ხნის წინ ჰქონდა ევროპის საწინააღმდეგოდ ჩაფიქრებული. ანუ მოქმედება დაიწყო ლტოლვილებმა, როგორც გეოპოლიტიკურად ინსტრუმენტიზებულმა იარაღმა. თუ როგორ განვითარდებოდა შემდგომ სცენარი ეს უკვე დროის და ევროპულ სახელმწიფოებში ჩანერგილი მეხუთე კოლონის მუშაობაზე იქნებოდა დამოკიდებული. შედეგიც დაუდგათ – BREXIT!

დასკვნა

გაერთიანებული სამეფოს გასვლა ევროკავშირიდან გადაწყვიტა მოსახლების შედარებით ხანდაზმულმა ნაწილმა. მათი ასაკი 50 წელს აღემატებოდა. მათ წინააღმდეგ ხმა მისცეს ახალგაზრდებმა, რომლებმაც გამოკითხვებში აჩვენეს, რომ ოთხი ახალგაზრდიდან სამს ევროკავშირის გარეთ ცხოვრება არ უნდოდა.

            გარდა გარედან ორგანიზებული მოვლენებისა, გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია აგრეთვე იმანაც, რომ დევიდ ქემერონმა წინასაარჩევნო დაპირებად რეფერენდუმის ჩატარება და ამგვარი გზით ხალხზე იმის მინდობა გადაწყვიტა, გავიდოდა თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან, რაც ფაქტობრივად საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდა. გაერთიანებული სამეფოს ეს გადაწყვეტილება ბიძგს მისცემს უელსს, ჩრდილოეთ ირლანდიასა და შოტლანდიას, რომ ჩაატარონ რეფერენდუმები და გახდნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ეს სხვა არაფერია თუ არა სახელმწიფოს დაშლა მარტივ მამრავლებად, რომელმაც შესაძლოა დაამკვიდროს პრეცენდენტი სხვა რეგიონებისათვისაც. მაგალითისათვის ბასკეთი, კატალონია ა.შ.

            ეკონომიკური თვალსაზრისით ინგლისს ევროპული ბაზრის სარგებლობისათვის დაუწესებენ საბაჟო გადასახადებს, რაც მათ ეკონომიკაზე ნეგატიურად იმოქმედებს.

            დროთა განმავლობაში შესაძლოა ინგლისმა კვლავ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში დაბრუნებაზე . ამის შესაძლებლობას ლისაბონის ხელშეკრულება იძლევა, უბრალოდ დღევანდელი პერსპექტივიდან კი რეფერენდუმის ეს შედეგები შოკისმომგვრელი იყო მთელი ცივილიზებული სამყაროსათვის. მკითხველისათვის გასაგები უნდა იყოს ის გარემოებაც, რომ ინგლისის გასვლა ევროკავშირიდან ეს არ არის მყისიერი პროცედურა. დეტალები ამის შესახებ რეგულირებულია  ლისაბონის ხელშეკრულების §50-ით,  რაც მოიცავს იმ კრიტერიუმებს, რომელიც ევროკავშირიდან გამავალმა სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს. ამ გარემოებას ემატება აგრეთვე ის, რომ სანამ ევროკავშირსა და ინგლისს შორის არსებული ხელშეკრულებები თავიდან განიხიელება და დარეგულირდება, უნდა გავიდეს მინიმუმ 2 წელი, ხოლო ამის შემდეგ შესაძლებელი ხდება ამ პროცესის დასრულება.

            რუსული მედიის მიერ ახალ პოლიტიკურ დისკურსად იქნება ატაცებული ინგლისის გასვლა ევროკავშირიდან. ამ ყველაფერს ისინი რათქმაუნდა დახატავენ აპოკალიპტურ ფერებში.

            საქართველოს  ტერიტორიაზე არსებული მეხუთე კოლონაც დიდი გამალებით მუშაობს საქართველოს მოსახლეობის აზრის რუსული ინტერესების მიხედვით ფორმირების საკითხში. მათ საქართველოში ძირითადად პოლიტიკური პარტიების სახე და ფაქტობრივად არაფერი აქვთ საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. მათი მიზანი მხოლოდ ხელისუფლების უზურპაციაა რათა შემდგომ ,,გამოძერწილი მინისტრებით”, ,,გამოძერწილი პრეზიდენტებით” აკეთონ ისევ და ისევ საუკუნოვანი რუსული საქმე. კერძოდ, ხელი შეუწყონ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის საქმეს.

            მწამს, რომ ევროპელი პოლიტიკოსები გაანალიზებენ ყველა იმ სუსტ წერტილს, რომელზეც რუსეთი წარმატებულად ურტყამს და მივლენ დასკვნამდე, რომ ევროპის სახელმწიფოთა ძალა მხოლოდ მათსავე ერთობაშია, და რომ ცალკეულ აუტარქიულ ერთეულებად დაქსაქსული ქვეყნები უფრო ადვილად გახდებიან ისეთი ბოროტების იმპერიების მსხვერპლნი, როგორიც რუსეთია.

მჯერა აგრეთვე, რომ ევროპული გონიერება და პრაგმატიზმი აუცილებლად გაიმარჯვებს ვიწრო ნაციონალისტურ და შოვინისტურ ინტერესებზე და ევროპა კვლავ შეინარჩუნებს საკუთარ თავს როგორც კონტინენტი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტოა თავისი კულტურით, ცივილიზაციითა და ჰუმანიზმით.

 

 

 

 

 

 
%d bloggers like this: