IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ბექა ჭიჭინაძე – საქართველოს ისტორიის უცნობი ქრონიკები

♥ Georgia-საქართველო

უაკ (UDC) 94(479.22)
ჭ-551

ბექა ჭიჭინაძე

საქართველოს ისტორიის უცნობი ქრონიკები

თერთმეტი ისტორიული ქრონიკა

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2023

Beka Chichinadze
UNKNOWN CHRONICLES OF THE GEORGIAN HISTORY

ELEVEN HISTORICAL CHRONICLES

Sulkhan-Saba Orbeliani University Press, 2023

© ბექა ჭიჭინაძე, 2023
© სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, 2023
ISBN 978-9941-8-5687-7

***
ეძღვნება საქართველოს პრეზიდენტის,
ეროვნული გმირის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას.

***

წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა

გენიალური ძველი ბერძნული ფილოსოფიური ინტუიციის მიხედვით, დრო – კრონოსი, ყოვლისშთანმთქმელი ურჩხულია, რომელიც კაცობრიობას როგორმე უნდა მოეთვინიერებინა. ცივილიზაციის გარიჟრაჟზე ადამიანს მხოლოდ გარეული მცენარეებისა და ცხოველების მოშინაურება არ უსწავლია. გაცილებით მნიშვნელოვანი იყო უფრო საშიში მხეცის – დროის მოშინაურება. ამ გარეული მხეცისგან ადამიანმა ახალი და კულტურული ჯიში – ისტორია გამოიყვანა, რომელიც კრებდა იმას, რასაც დრო ფანტავდა და ეს ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება იყო.

ვახუშტი ბატონიშვილი ისტორიული მეცნიერების მისიასთან დაკავშირებით „პლინი სთოიკს“ ციტირებს: „ყოველი ჟამი წარწყმდეს, რომელიცა სწავლასა ზედა არა სახმარ ვყოთ“ – დრო, რომელიც ცოდნასა და გამოცდილებაში არ გროვდება, იფანტება.

ჩვენი „სამიათასწლოვანი ისტორია“ ხშირად გამხდარა თავის მოწონების მიზეზი, მაგრამ რა ხელშესახები გამოვლინება აქვს მას ჩვენს სინამდვილეში, სააზროვნო სივრცეში? ნუთუ ეს დიდი დროც დაკარგული დროა? პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენი ისტორიის დიდი დრო იმ შემთხვევაში არ იქნება დაკარგული, თუკი ის „სწავლასა ზედა სახმარ-იქმნების“. უფრო მარტივად, ის მხოლოდ მაშინ არ იკარგება, თუკი მას ვსწავლობთ და საკუთარი გამოცდილების ნაწილად ვაქცევთ. და პირიქით, მისი არცოდნა არის დაკარგვა უზარმაზარი დროისა, დაკარგვა რამდენიმე ათასწლეულისა.

დიდი გულუბრყვილობა იქნება საქართველოს ისტორიაში მხოლოდ საქართველოს ისტორიას ვხედავდეთ. დიდი ხანია მეცნიერულად დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანი პირველყოფილი ხანიდან მოყოლებული უწყვეტად ვითარდება.

ამ უჩვეულო სიძველეს მოწმობს ქართულ მიწაში აღმოჩენილი უძველესი მატერიალური ნაშთები, ამავე პერიოდის სიტყვიერი გადმონაშთები ქართულ ენაში. ქართულმა კულტურამ უწყვეტად და სისხლსავსედ გაიარა განვითარების მომდევნო ეტაპებიც. შესაბამისად, საქართველოს ისტორიის სახით ხელთა გვაქვს ზოგადად ადამიანის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ნათელი სურათი. ქართველი ადამიანის განვითარების ისტორია, ადამიანის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ილუსტრაციაა. ამ მხრივ, ჩვენი პატარა ქვეყნის დიდი წარსული შეუფასებელი მნიშვნელობისაა და მსოფლიო ისტორიაში სულ რამდენიმე ანალოგი მოეძებნება. ყველაფერი ეს ქართულ ისტორიოგრაფიას, როგორც დისციპლინას, ანიჭებს ლეგიტიმურ პრიორიტეტს, არამხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო აუდიტორიაშიც.

ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში, საქართველოს ისტორიის შემსწავლელმა მეცნიერებებმა წინ დიდი ნაბიჯები გადადგა. პროგრესის აღქმა პერსპექტივაში ხდება, ამიტომაც ეს მონაპოვრები ისტორიის მომდევნო ეტაპიდან უფრო იოლად შესამჩნევი იქნება, თუმცა ერთი რამ ახლაც ნათელია – ჩვენს ისტორიოგრაფიაში ბოლო პერიოდში თავი მოიყარა ბევრმა ისეთმა წყარომ, რომელთა უქონლობაც ძალიან ართულებდა საქართველოს ისტორიის მთელი რიგი საკვანძო მონაკვეთების გაგებას. განსაკუთრებით რთული იყო მისი გეოკულტურული ნიშის განსაზღვრა მსოფლიო ისტორიაში. საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, შესანიშნავად ერკვეოდა აღნიშნულ პრობლემატიკაში და კარგად ესმოდა, როგორც მისი მაღალი სამეცნიერო ღირებულება, ისე პირველხარისხოვანი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. წიგნში განხილული უცნობი წყაროები კვლევის მისეულ სულისკვეთებას ეხმიანება, ამიტომ, ჩვენი ნარკვევი სწორედ პირველი პრეზიდენტის ხსოვნას ეძღვნება.

ეს წყაროთმცონდეობითი ძიებები უდიდესი ენთუზიაზმითა და რუდუნებითაა განხორციელებული, მაგრამ მარტოდენ ძალისხმევა, თუნდაც თავგანწირული, რამდენიმე ათეული ახალი წყაროს გამოსავლენად არ კმარა და აუცილებლად მოითხოვს სხვა, პოზიტიურ ობიექტურ წინამძღვრებსაც. ერთი მხრივ, ევროპის საზღვრების გახსნამ და მეორე მხრივ სამეცნიერო ლიტერატურის მასობრივმა დემოკრატიზაციამ ინტერნეტის ეპოქაში, ჩვენი ისტორიის ბევრი ახალი, უნიკალური წყარო გამოავლინა. ქართული წყაროთმცოდნეობის ამ რენესანში, სხვადასხვა მკვლევართა მიერ აღმოჩენილი წყაროები იმდენად მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია, რომ უკვე აღარ გვაქვს უფლება გავაგრძელოთ წუწუნი საქართველოს ისტორიის „ოქროს ხანის“ წყაროთა სიმწირეზე, ან ისევ მივდიოთ

აკვიატებულ ცრურწმენებს საქართველოს „დამალულ“ თუ ჯერაც არდაწერილ ისტორიაზე. ჩვენს წინაშეა ჩვენი ისტორიის უამრავი ახალი, მრავლისმეტყველი წყარო, რომელთა შუქშიც ბევრი ახალი კითხვა და პასუხი ჩანს.

ამ ნარკვევში მობილიზებულია ჩემი და ჩემი თანამდგომი მეგობრების მაქსიმალური რესურსი, რათა ჩვენი ისტორიის ეს ყველაზე საინტერესო, მაგრამ ზოგჯერ წყაროთა სიმწირით დაჩრდილული მონაკვეთი, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, გაცოცხლდეს და მთელ თავის დიად მრავალფეროვნებასა და მშვენიერებაში ამეტყველდეს. ამისთვის გამოყენებულია თოთხმეტ ენაზე არსებული წყაროები (ქართულ, ბერძნულ, ლათინურ, სომხურ, სირიულ, სპარსულ, თურქულ, არაბულ, ძველ ფრანგულ, ბულგარულ, ეთიოპიურ,
კოპტურ, ირლანდიურ ენებზე. დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობის ისტორიის შესახებ საუბრისას მოხმობილია მეგრული ზეპირსიტყვიერების ზოგი მნიშვნელოვანი ნიმუშიც).

წიგნის ზოგი ნაწილი იმეორებს ჩემს ძველ დაკვირვებებს და ადრე გამოქვეყნებულ წყაროებს, მაგრამ ამ ვერსიაში ჩართულია ბევრი ახალი წყაროც და ამავდროულად, ძველი მასალებიც უკეთაა გადააზრებული. ამას ხაზგასმით ვაზუსტებ, რათა ნაცნობი ფრაგმენტების ხილვისას მკითხველმა ყურადღება არ მოადუნოს და მხედველობიდან არ გამორჩეს ის სიახლეები, რომელიც ამ რედაქციის სხვადასხვა ნაწილებში მრავლადაა გაბნეული.

ახალი წყაროების გამოვლენას დიდი სიხარული ახლავს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ბევრ კარგ მკვლევართან და მოყვარულთან ერთად ვიზიარებ, მაგრამ, მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ყველა მკვლევარი როდი მიესალმება ახალი წყაროების შემოტანას სამეცნიერო მიმოქცევაში, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, წარმოდგენილი წყაროები არ ერგება საქართველოს ისტორიის მათეულ, მოძველებულ და მწირ ხედვებს. ამიტომ, ურჩევნიათ, ისევ და ისევ გაიმეორონ საბჭოთა ეპოქის ისტორიოგრაფიის დღეისთვის აშკარად მოძველებული მონაცემები. ეს მათთვის უფრო „უსაფრთხოა“, მაგრამ თუ ახალი წყაროები არ ეთანადება ან გამორიცხავს ისტორიოგრაფიაში გაბატონებულ შეხედულებებს, მით უარესი ამ შეხედულებებისთვის და არა წყაროებისათვის. ქართული ისტორიოგრაფიისა და წყაროთმცონდეობის ყველა გულშემატკივარს კარგად ესმის ახალი წყაროების და მათთან დაკავშირებული სამეცნიერო სიახლეების მნიშვნელობა. ეს ნარკვევი სწორედ მათი დიდი მხარდაჭერით შეიქმნა, რათა ყველა ეს პირველხარისხოვანი წყარო არ დარჩეს ერთგვარ ელიტარულ ინფორმაციად, რომელზეც წვდომა მხოლოდ ვიწრო სამეცნიერო წრეებს ექნება. თითოეულ ამ თანამდგომსა და თანამოაზრეს გულითადად ვმადლობ და საპასუხო პატივისცემასა და ნდობას ვუდასტურებ. განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნავ მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მეუფე მელქისედეკის თანადგომას, ვისი ფინანსური მხარდაჭერითაც გამოიცა ჩვენი წიგნი.

ბექა ჭიჭინაძე,
პარიზი, 2023 წლის 28 თებერვალი

რ ე ც ე ნ ზ ი ა

ახალგაზრდა ქართველი ისტორიკოსის, ბექა ჭიჭინაძის წიგნი „საქართველოს ისტორიის უცნობი ქრონიკები“ ორი მიზეზის გამო არის განსაკუთრებულად საინტერესო. ერთი იმის გამო, რომ თავად ეს სფერო, ანუ საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები შუასაუკუნეებში ცენტრალურ და დასავლეთ ევროპასთან გარკვეული ეპოქალური ვითარებების გამო შედარებით terra incognita-დ რჩებოდა. მიზეზი ძნელი მისახვედრი არ არის – ცხადია, საბჭოთა სამეცნიერო და იდეოლოგიური რეზონი ხელს დიდად არ შეუწყობდა ამ მიმართულებით კვლევას ქართულ სამეცნიერო-სააზროვნო სივრცეში (მეტროპოლიაში ამ მხრივაც თავს მეტის უფლებას აძლევდნენ), ამიტომაც, თუნდაც იგივე აღმოსავლეთმცოდნეობით კვლევას შუასაუკუნების ამ ასპექტში აშკარად ჩამოუვარდებოდა. მეორე იმიტომ, რომ თავად ავტორი აკეთებს და ადგენს საინტერესო კორელაციებს სხვადასხვა გადმოცემებს, ნარატივებსა და წყაროებს შორის, რომელთაგანაც ერთი ნაწილი მაინც იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადრეც ცნობილი იყო, მაინც ისტორიკოსთა და წყაროთმცოდნეთა ყურადღების მიღმა რჩებოდა. მედიევისტიკა საქართველოში გინდ ისტორიული, თუ გინდ ფილოლოგიური კვლევის ასპექტში, მაინც საქართველს ისტორიის დავიწროებულ წრეში იკეტებოდა.

ივანე ჯავახიშვილი და მისი სკოლის წარმომადგენლები მართალია, ცდილობდნენ გაეფართოვებინათ წყაროთმცოდნეობითი ბაზისი სხვადასხვა ენოვანი ტექსტებისა და ნარატივების მოზიდვით, მაგრამ მათ ნაშრომებში მაინც აღმოსავლური წყაროები პრევალირებდა. რა თქმა უნდა, „რკინის ფარდაც“ თავისებურ კვალს ატყობდა ამ მცდელობას – მეცნიერებს არ ჰქონდათ საშუალება უცხოეთში, კერძოდ ევროპასა და ამერიკაში არქივებში სამუშაოდ ევლოთ. მაგალითად, უდავოდ მაღალი დონის მედიევისტის, პროფ. ვალერიან გაბაშვილის ნაშრომებში, აღმოსავლურ წყაროებთან ერთად გვხვდება ცნობები კათოლიკე მისიონერების ჩანაწერებიდან, თუმცა ისინი მაინც გვიან შუასაუკუნეებს განეკუთვნება. მისი ერთ-ერთი მოწაფის, თამაზ ნატროშვილის შესანიშნავ წიგნში „მაშრიყით მაღრიბამდე“, ერთ თავში თემატიზებულია საქართველოს და ჯვაროსნების ურთიერთობები, ხოლო საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატი და მკვლევარი, ზურაბ ავალიშვილი ასევე იკვლევდა აღნიშნულ პერიოდს და საინტერესო ცნობები მოიპოვა პრესვიტერი იოანეს შესახებ, რომელიც გაიგივებული იყო დავით IV აღმაშენებელთან. პოსტსაბჭოთა პერიოდში ყურადღებას იქცევდა მკვლევარ სანდრო თვარაძის ნაშრომები, თუმცა ავტორმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვეღარ შეძლო ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება. რაც შეეხება გასული საუკუნის ქართულ მწერლობას, ეს რეცეფცია განახორციელა კონსტანინე გამსახურდიამ, თავის მონუმენტურ ისტორიულ ტეტრალოგიაში „დავით აღმაშენებელი“ (1939-1964), სადაც ჯვაროსანთა ქრონიკებს რამოდენიმე მოზრდილი თავი ეთმობა.

ბექა ჭიჭინაძის წიგნი ეძღვნება ზვიად გამსახურდიას, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მწერალს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს. ეს მიძღვნა ნიშანდობლივია – მის წიგნებში, წერილებში, ესსეებსა თუ ლექციებში, ხშირადაა თემატიზებული დავით აღმაშენებლის ფიგურა და მისი კავშირები დასავლეთის რაინდულ სამყაროსთან. განმარტებულია პრესვიტერის, ანუ მეფე-ხუცესი იოანეს გადმოცემა, როდესაც ამ ყოველივეს კვლევას საბჭოთა საქართველოში ტაბუ ედო, ხოლო წიგნად გამოცემულ სადისერტაციო ნაშრომში „ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება“, რუსთაველის უკვდავი პოემა ასევე ევროპული რაინდული რომანების შუქჭრილში განიხილება.

ბექა ჭიჭინაძის წიგნის სიმძიმის ცენტრი ისტორია და წყაროთმცოდნეობაა – მას სამეცნიერო მიმოქცევაში შემოჰყავს წყაროების ახალი ჯგუფი, რომელიც ამ დონეზე დღემდე არავის შეუსწავლია: ოლივერ სქოლასტიკოსი, რეინბერტი, ქრისტეფორე კოლუმბი, მე-12 და მე-13 საუკუნეების ფრანგული სიმღერები და ა.შ. თუმცა წიგნში არამარტო ქრონიკები და სხვა ტიპის ტექსტებია განხილული, არამედ საბეჭდავები, მონეტები, ფერწერული თუ სკულპტურული გამოსახულებები. ამ წიგნზე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სრულფასოვანი, ინტერდისციპლინარული კვლევა და თუ ჩამოვთვლით იმ სფეროებს, რომელთაც ის მოიცავს, შემდეგ სურათს მივიღებთ: 1. მედიევისტიკა, ქრისტიანული შუასაუკუნების კვლევა 2. ბიზანტიოლოგია 3. ჰერალდიკის კვლევა 4. ~წყაროთმცოდნეობა 5. სამხედრო ისტორია 6. ეკლესიის და მისი სიწმინდეების ისტორია 7. კულტურის ისტორია – ეროვნული ხასიათი, სემანტიკები, მენტალობა, გემოვნებები და ა.შ. 8. აღმოსავლეთმცოდნეობა 9. ქართველოლოგია. 10. ბოტანიკის ისტორია. 11. ზოოლოგიის ისტორია.

იმისთვის, რომ მეტნაკლებად ჰოლისტური სურათის რეკონსტრუქცია მოხდეს, სწორედ ინტერდისციპლინარული მიდგომაა საჭირო. ეს ისტორიკოსებს მაშინაც ესმოდათ და ამას შეძლებისდაგვარად ახერხებდნენ, როდესაც მიჯაჭვულობა რომელიმე ერთ კონკრეტულ, ვიწრო სფეროზე ბევრად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე შემდგომში. და მაინც, მედიევისტიკა იმთავითვე ინტერდისციპლინარულად ფუნქციონირებდა, თუნდაც ფრანგული „ანალების სკოლის“ წარმომადგენლის, ან მათგან განსხვავებული, სულისმეცნიერულად ორიენტირებული დეოდა როშეს ან რომელიმე სხვა ავტორის სამეცნიერო მოღვაწეობიდან მოყოლებული. ბექა ჭიჭინაძის წიგნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ავტორისავე თქმით, არის „ქართველი ადამიანის განვითარების ისტორიის“ რეკონსტრუქცია,  როგორც „ზოგადად ადამიანის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ნათელი სურათი“. აქ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ საუბარია ზოგადად ანთროპოლოგიის ერთ კონკრეტულ და მნიშვნელო ვან კაპიტელზე. ავტორს გაცნობიერებული აქვს, რომ ისტორია ცოცხალი ქმნადობის პროცესია. ის არ არის მხოლოდ წარსული, რომელიც არსებობს ძველი წყაროების ნარატივებში, შედარებით კონსერვირებულ ან ნანგრევებად ქცეულ ნაგებობებში, ასევე სამუზეუმო არტეფაქტებში. ის ცოცხალი პროცესია, რომელსაც თავისი ზემოქმედება აქვს აწმყოზე და კვლევისას ისე უნდა წარმოსდგეს,  „როგორც ის თურმე მომხდარა“(ლ. რანკე).

წიგნი შეეხება მნიშვნელოვან საკითხებს, როგორც მაგალითად, სხვადასხვა წყაროებში და მედიევალურ ავტორებთან საქართველოს სამეფოს (აფხაზთა და ქართველთა სამეფოს) რეცეფციას, როგორც შიდა და გარე ლეგიტიმაციის მქონე, კულტურულ-ისტორიულად და რელიგიურად განპირობებულს, მრავალეროვანი და არაერთი სარწმუნოების მქონე გაერთიანებისას, ანუ როგორც ერთგვარი „წმინდა აღმოსავლური რაიხისას“ (გრიგოლ რობაქიძის ტერმინს თუკი მოვიშველიებთ). მისი პიკური მდგომარეობა მაინც ოთხი მეფის მმართველობის დროშია მოქცეული – დავით IV აღმაშენებელი, დემეტრე I, გიორგი III და თამარი (სამწუხაროდ ქართულში არ გვაქვს „რაიხის“ საერო-ზეპური ზუსტი შესატყვისი. „სასუფეველი“ და „საუფლო“ უფრო რელიგიური კონნოტაციის მატარებელი ტერმინებია, ხოლო სიტყვა „იმპერია“ საერთოდ არ ითარგმნება. მისი გამოყენება საფრთხილოცაა, რამდენადაც მას საკმაოდ უარყოფითი კონნოტაციაც აქვს). ეს სამეფო, ანუ „რაიხი“, წარმოადგენდა ხალხთა იბეროცენტრულ, ნებაყოფლობით გაერთიანებას, დაფუძნებულს არა დამპყრობლურ-მჩაგვრელ, არამედ ბუნებრივი, ტრადიციული ფედერალიზმისმაგვარ ფორმებზე, ადამიანის ინდივიდის, როგორც ღვთის ხატად შექმნილის და ამდენად სრულიად მართლზომიერის პატივისცემაზე, სახარებისეულ იდეალებზე გასწორებულ ურთიერთობებზე, ასევე გრანდიოზულ აღმშენებლობაზე. მისი ყმადნაფიცი ან გავლენის ველში მოქცეული იყო არაერთი სახანო კავკასიის სამხრეთით – შირვანშაჰები, ილდეგიზიანები, აიუბიანები, სუკმანიანები და სხვები. ეს შეიძლება ითქვას, იყო რეგიონალურ ძალაზე გაცილებით უფრო მაღლამდგომი წარმონაქმნი, რომელსაც ბევრიც აღარ რჩებოდა, გამხდარიყო „მსოფლიო ძალა“, თუკი ბოლომდე ჩაანაცვლებდა მანაცკერტის ბრძოლის შემდეგ სრულიად დასუსტებულ და დაპატარავებულ ბიზანტიის იმპერიას. არც ისაა გასაკვირი, რომ საქართველოს მეფე ჯვაროსანთა ქრონიკების ავტორთა თვალში სიმდიდრეს და კეთილდღეობას განასახიერებდა.

წიგნში გვხვდება საკმაოდ თამამი და გაბედული ჰიპოთეზა გიორგი III-ის ეპოქაში შირვანელების ფლოტის გამოყენებით საზღვაო ბრძოლაში რუს-ვარიაგი მომხვდურების დამარცხების შესახებ ქართველთა მიერ, რამაც განამტკიცა ქართული ჰეგემონია ირანში და კასპიის ზღვაზე. მსგავსი გაბედული ჰიპოთეზები ზოგჯერ კვლევის „მარილია“. ავტორი ვარაუდობს, რომ ამ ბრძოლის სურათები შესაძლოა რუსთაველს გამოეყენებინა ავთანდილის მიერ ვაჭრების მეკობრეთაგან დახსნის ამბავში, რაც სავსებით დასაშვებია.

ბექა ჭიჭინაძის წიგნში განხილულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში მოხსენიებული ჯვაროსნების, ასევე ევროპული ქვეყნების ზეპური ელიტის მნიშვნელოვანი ფიგურების სახელები, ტაძრელთა ანუ ტამპლიერთა ორდენის კომანდორები; ეხება გოლგოთაზე გოდფრუა ბულონელის, უდიდესი ჯვაროსანი რაინდის საფლავის ადგილმდებარობას, რომელიც დიდხანს ქართველი ბერების ხელში იყო და ა.შ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აფხაზთა და ქართველთა სამეფო მოიაზრებოდა ჯვაროსანთა  მოკავშირედ და პარტნიორად. მეტიც – უფრო მაღლამდგომ, უპირატესობის მქონე სტრატეგიულ პარტნიორად. ხუთჯვრიანი დროშაც ამ პარტნიორობიდან იღებს სათავეს.

წიგნში ავტორი ეხება აფხაზთა და ქართველთა სამეფოს შესახებ არსებული გადმოცემების ესქატოლოგიურ-ისტორიულ აღქმას, რაც მაგალითად, გულისხმობდა „პარადიზის“ ანუ სამოთხის იდენტიფიკაციას მასთან. ავტორი მართებულად ფიქრობს, რომ ბიბლიის სამოთხე თავისი მდინარეებით კავკასიაშია ლოკალიზებული. აქ მცირე გადახვევის სახით ერთ ასეთ პარალელს გავავლებდი: ინგლისელმა მწერალმა ქალმა, ლესლი ბლანჩმა დაწერა წიგნი „სამოთხის ხმლები“, რომელშიც თემატიზებულია მე-19 საუკუნეში, ჩრდილოეთ კავკასიაში გავრცელებული მიურიდიზმი და მის წარმომადგენელთა ბრძოლა რუსეთის იმპერიასთან იმამ შამილის მეთაურობით. რომელ „პარადიზს“ იცავენ სამოთხის მახვილები, ანუ მიურიდები? რა თქმა უნდა იმას, რომელიც მათი მთების გადაღმა, სამხრეთით მდებარეობს. აქაც იგივე ტრადიციის გამოძახილი ჩანს. საქართველოს სამეფო ჯვაროსნული ტექსტების წრეში წარმოდგენილია ისეთ ფორმაციად, რომელიც ღვთისმბრძოლ ძალას, „გოგსა და მაგოგს“ ეღობება. აქ უნდა ითქვას, რომ ეს ტრადიცია ამ ტერმინის დიფერენცირებას იმდენად არ ახდენს, როგორც, მაგალითად, ყველაზე მეტად „ჰერმეტული“ ბიბლიური ტექსტები.
ასე მაგალითად, წინასწარმეტყველ ეზეკიელის მიხედვით, მაგოგი ბოროტების და აგრესიის ეთნოპოლიტიკური გაერთიანებაა, გოგი – როსის, თობალის და მეშეხის თავადია, ამავე დროს მისი ყველა მმართველის ზოგადი სახელია, როგორც მაგალითად, მინოსი კრეტაზე ან ნიმროდი ბაბილონში.
რაც შეეხება წიგნის იმ ნაწილს, სადაც მოცემულია მსჯელობა ქართულ და დასავლეთევროპულ რაინდულ იდეალებზე, აქაც დამაჯერებლადაა ნაჩვენები მათ შორის უდიდესი კულტურული ნათესაობა და მსგავსება, იმაზე მეტი, ვიდრე დასავლეთსა და ბიზანტიას შორის არსებობდა. თამარი რაინდობის ინსპირატორი იყო არამარტო საქართველოში, არამედ დასავლეთის (ანუ ძველქართულად „ღადირთას“) რაინდებისთვისაც. ჯვაროსნულ თემაზე აგებული ქართული პროპაგანდა გულისხმობდა უძველეს ქართულ ტერიტორიებზე ისლამის ბატონობის დასრულებას და იქ ქრისტიანული კულტურის კვლავ დომინანტურ პოზიციაში დაბრუნებას, რაც იქ არსებობდა მუჰამედის და მისი მიმდევარი ხალიფების მიერ წარმოებულ დამპყრობლურ ომებამდე, მართებულად დაასკვნის ავტორი.

ბექა ჭიჭინაძის წიგნი მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებული, ინტერდისციპლინარული გამოკვლევაა. მასში წამოწეულია არაერთი სამეცნიერო სიახლე. ავტორი მარჯვედ იყენებს ცნობათა ურთიერთშევსების, ასევე თუ ამის საჭიროებაა – დედუქციის მეთოდს. ცალკეულ სფეროებში ეს ფაქტობრივად ყამირზე ახალი ხნულის გავლებაა. იგი ჩინებული შენაძენი იქნება როგორც სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის, ისე ზოგადად მკითხველისთვის, ვინც ისტორიის საყურადღებო და დღემდე ნაკლებად ცნობილი ამბების მიმართ ინტერესით გამოირჩევა.

კონსტანტინე გამსახურდია,
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
საქართველოს დიპლომატი
XVI

შინაარსი

ქართული თავსაბურავი შუა საუკუნეების ბიზანტიასა და ევროპაში ……… 1
მოხდა თუ არა გიორგი მესამის დროს საზღვაო ომი კასპიის ზღვაზე? ….. 22
ქართველები და ჯვაროსნები, ახალი მასალები – ახალი დასკვნები …….. 34
საქართველოს ეკლესიის დიდი მოძღვრების დამოკიდებულება
დასავლეთ ევროპის მიმართ……………………………………………………106
საქართველო მე-12 და მე-13 საუკუნეების ფრანგულ სიმღერებში ……. 123
სირიელი ანონიმის ცნობები დიდგორისა და ბასიანის ბრძოლების
შესახებ……………………………………………………………………………134
საქართველო ქრისტეფორე კოლუმბის ჩანაწერებში ………………………. 140
კოპტური წყაროები მე-4 საუკუნის დასავლეთ და აღმოსავლეთ
საქართველოში ქრისტიანობის ისტორიის შესახებ …………………………. 153
შუა საუკუნეების უცნობი ბულგარული წყაროები საქართველოს
შესახებ…………………………………………………………………………….167
საქართველო შუა საუკუნეების ირლანდიურ ეპოსში
«LEBOR GABALA ERENN» და „არიან-ქართლის“ ქვეყანა ……………172
დადიანთა სამხედრო ფლოტი და ადმირალი ქრისტეკოჩი რატია ………. 180
დანართი, ვარაზვაჩე ქართველის მინიატურა მე-12 საუკუნის
ბიზანტიურ ხელნაწერში (სკილიცეს მადრიდული ხელნაწერი) ………… 194

1

ქართული თავსაბურავი შუა საუკუნეების
ბიზანტიასა და ევროპაში

რამდენიმე თვის წინ, თურქეთში, ერთ-ერთ კერძო კოლექციაში, მიკვლეულ იქნა ტრაპიზონის პირველი იმპერატორის, ალექსი კომნენოსის ბეჭედი. ქართულ საზოგადოებას ამ მნიშვნელოვანი მონაპოვრის შესახებ ისტორიკოსმა ზურა ბატიაშვილმა აცნობა. მრავალმხრივი ინტერესების და შესანიშნავი მიგნებების მქონე მკვლევარმა წარმოადგინა ალექსის ბეჭდის ფოტოც, რომელზეც იმპერატორი, მარცხენა ფიგურა, გამოსახულია წმინდანის (წმიდა გიორგის ან ტრაპიზონის მფარველის – ევგენი ტრაპიზონელის. ბ.ჭ.)1 გვერდით.

განსაკუთრებით საგულისხმოა იმპერატორის პირამიდული, ქართული თავსარქმელი, რომელიც ბიზანტიური წყაროების მიხედვით, გავრცელებული იყო კომნენოსებში, რაც საქართველოსთან ამ საგვარეულოს უახლოესი ურთიერთობების კონტექსტში კარგად გასაგებია.

პირამიდული თავსაბურავი ანტიკურ სამყაროში, რამდენიმე ხალხში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობდა, მაგრამ მისი ის ვარიაცია, რომელიც საქართველოდან კომნენოსების გავლით ბიზანტიაში გავრცელდა და რენესანსის ეპოქის ხელოვნების ნიმუშებზეც დიდი გავლენა მოახდინა, როგორც ვნახავთ, უბრალო კონუსს კი არა, უფრო რთულ ნამუშევარს წარმოადგენდა.

ნარკვევის შესავალში მოკლედ მიმოვიხილავთ საკითხის ისტორიოგრაფიას, შემდეგ კი, ახალი წყაროების შუქზე, ვაჩვენებთ ამ ქართული თავსარქმელის მერმინდელ ისტორიას, როდესაც ის ბერძენი და ლათინი იმპერატორების საყვარელ თავსაბურავად იქცა და რენესანსის ეპოქის ხელოვნების ცალკეულ ძეგლებზე დიდი გავლენა მოახდინა. ვფიქრობ, გაჭირდება მეორე ასეთივე შემთხვევის დასახელება, როდესაც შუა საუკუნეების ქართული კულტურული მოვლენა ეპოქის ერთგვარ მსოფლიო მოდად იქცა, შესაბამისად, ეს შემთხვევა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

პირველ ცნობებს კომნენოსთა ქართულ თავსაბურავზე გვაწვდის ევსტათი თესალონიკელი: „[დავით კომნენოსს] თავზე ეხურა იბერიულ ყაიდაზე უცხოური წითელი ქუდი, ის ხომ ბარბაროსებმა შეამზადეს და შეარქვეს, როგორც მოეწონათ, მრავალნაკეციანი და იმნაირად შენაოჭებული ქვევით, დანარჩენ ქობაზე (შემოვლებაზე), რომ სახის გარშემო ჩამოშვებული ნებიერად იცავს მზისგან“2.

a,comnenos

matskhvarishi

სიმონ ყაუხჩიშვილმა მართებულად შენიშნა, რომ ნიკიტა ხონიატე კომნენოსთა იბერიული თავსაბურავის ფორმასაც აკონკრეტებს, რომლის თქმითაც, ამ იბერიულ ქუდს პირამიდული ფორმა ჰქონდა. ხაზგასასმელია, რომ ევსტათიც (მეორე ნაწყვეტში) და ნიკიტაც ამ თავსაბურავს იბერიულად მიიჩნევენ3. ამდენად, ბიზანტიური წყაროები თანხმდება, რომ კომნენოსთა ეს პირამიდული თავსარქმელი სახესთან საჩრდილობლით, ქართული წარმოშობის იყო.

ძველ საქართველოში ქუდის ამ საჩრდილობელს „აფრას“ ეძახდნენ. ალექსი კომნენოსის ბეჭედზე მოცემული მისი პირამიდული თავსაბურავი სწორედ ამ კარგად ცნობილ სინამდვილეს ასახავს.

თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში ამით სრულდება ანდრონიკეს ქართული თავსარქმელის ისტორია. სინამდვილეში კი, ეს მხოლოდ დასაწყისია მისი ჭეშმარიტი ეპოპეისა. ზოგი უცნობი წყარო ამ ქუდის მერმინდელი, უაღრესად საინტერესო თავგადასავლის შესახებაც მოგვითხრობს. ფრანგმა ისტორიკოსმა, შარლ დუ ფრესნმა (1610-1688) აკროპოლიტესზე და კანტაკუზენზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ეს პირამიდული თავსარქმელი წაწვეტებულ ბოლოში ძვირფასი ქვითაც ბოლოვდებოდა (სავარაუდოდ ლალით)4. ამავე ავტორმა დამაჯერებლად აჩვენა, რომ ანდრონიკეს ამ თავსარქმელმა სათავე დაუდო ფართოდ გავრცელებულ მოდას მთელ ბიზანტიის იმპერიაში და რაც მეტად საგულისხმოა, სწორედ ამ ტიპის თავსაბურავს ატარებდა ბოდუენ მეორეც, კონსტანტინეპოლის უკანასკნელი ლათინი იმპერატორი და ნამურის მარკიზი (1217-1273), ფრანგი დიდგვაროვანი კაპეტინთა საგვარეულოდან5.

ამგვარად, სახეზეა უნიკალური შემთხვევა არამხოლოდ ქართული ისტორიოგრაფიის, არამედ, ზოგადად, შუა საუკუნეების კულტურის ისტორიის კვლევის თვალსაზრისითაც – შუა საუკუნეების ერთ-ერთი ევროპელი მონარქი ქართულ თავსაბურავს ატარებს.

ლუდოვიკ დე მანის ცნობილ ჰერალდიკურ ლექსიკონში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზეც, რომ შუა საუკუნეების საფრანგეთის მეფეები ატარებდნენ ანალოგიურ თავსაბურავებს.
ამასთან დაკავშირებით აქ ვკითხულობთ: „გაურკვეველია, ჩვენმა მეფეებმა ისესხეს ის [კონსტანტინეპოლელი] იმპერატორებისგან თუ იმპერატორებმა ჩვენი მეფეებისაგან, რაც უფრო მეტადაა სავარაუდო, რადგან ნიკიტა ამბობს, რომ ქუდის ეს ტიპი ბარბაროსთაგან იქნა ნასესხები, ანუ უცხოელთაგან ბერძნების მიერ“6. ავტორი, ამ შემთხვევაში ცუდად იცნობს ბიზანტიურ წყაროებს, რომლებშიც, როგორც ზემოთ ვნახეთ, რამდენჯერმეა პირდაპირ ნაჩვენები ის „ბარბაროსული“ წარმოშობა, რაც ამ თავსარქმელს გააჩნდა. მათი ჩვენებით, ეს იბერიული წარმოშობის ქუდი იყო. შესაბამისად, ავტორის ზემოხსენებულ ვარაუდს საფუძველი ეცლება და ეს პირამიდული თავსაბურავი საფრანგეთის მეფეთა შორის საქართველოდან, კონსტანტინეპოლის გავლით უნდა გავრცელებულიყო. აქვე, სათანადოდ უნდა ვითვალისწინებდეთ იმ გარემოებასაც, რომ კონსტანტინეპოლს რამდენიმე ფრანგული წარმოშობის იმპერატორიც მართავდა, რომლებიც სწორედ ამ ქართულ თავსარქმელებს ატარებდნენ. საფრანგეთის მეფეთა შორის ამ წაწვეტებული ქუდების გავრცელება, ძალიან მაღალი ალბათობით, სწორედ მათ უნდა უკავშირდებოდეს.ქართულ-კომნენოსურ ქუდს ატარებდა იმპერატორი ისააკ ანგელოსიც. აკროპოლიტესის მიხედვით, ისააკის ბულგარელთაგან დამარცხებისას, მისი პირამიდული თავსარქმელი ამ უკანასკნელებს ჩაუვარდათ ხელში. ქართული თავსარქმელის ამ ტრადიციას აგრძელებდა მიქაელ პალეოლოგოსიც.

ხაზგასასმელია, რომ ქართული თავსარქმელი ინსიგნიას, ძალაუფლების ნიშანს წარმოადგენდა კონსტანტინეპოლის მიღმაც. როგორც ცნობილია, თეოდორე კომნენოსის ვაჟს, იოანე კომნენოსს, თავი „თესალონიკის იმპერატორად“ ჰყავდა გამოცხადებული. მეტად საინტერესოა, რომ, როდესაც იოანე აიძულეს ამ ტიტულზე უარი ეთქვა, მას საიმპერატორო ძალაუფლებაზე უარის თქმის ნიშნად მოუწია დაეთმო ეს ტრადიციული, პირამიდული თავსარქმელი, რომელსაც წვეტოვან დაბოლოებაზე ლალი ჰქონდა დამაგრებული7.

ამ თავსაბურავს ბიზანტიის იმპერიაში და განსაკუთრებით კომნენოსებში, უკვე დიდი ისტორია ჰქონდა. ნიკიფორე გრიგორას მოწმობით, მე-14 საუკუნეში ეს მოდა ბიზანტიაში მოწინავე ადგილს იკავებდა და ღრმა სოციალური მნიშვნელობა გააჩნდა, რამდენადაც ბიზანტიის სამეფო კარზე ამ ქართულ თავსარქმელს მხოლოდ სრულწლოვანი ბიზანტიელი დიდგვაროვნები ატარებდნენ. იმპერატორის თავსარქმელი მათგან მხოლოდ მეწამული ფერით განსხვავდებოდა.

საყურადღებოა, რომ ანდრონიკე პალეოლოგოსმა დიდ ლოღოთეტს განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, ამ თავსაბურავის იმ ვარიაციის ტარების უფლება მიანიჭა, რომელსაც საიმპერატორო ოჯახი ატარებდა.

შარლ დუ ფრესნი უდავოდ მართალია, როდესაც აცხადებს, რომ იმპერატორ იოანე VIII პალეოლოგოსის (1392-1448) საჩრდილობლიან/აფრიანი და „პირამიდული ქუდიც“ სწორედ ამ თავსარქმელის ტრადიციას აგრძელებს8.

სანამ ამ სკულპტურას დაწვრილებით მიმოვიხილავთ, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მრავალრიცხოვანი ვიზუალური მასალისა, ამ ქართული თავსაბურავების უადრესი გამოსახულებები, ასევე როგორც ალექსის ბეჭდის გამოსახულება, ნაკლებად დეტალიზებულია. სინამდვილეში, ის გაცილებით რთული აგებულების იყო და მხოლოდ უბრალო კონუსი არ ყოფილა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, ვთქვათ, მაცხვარიშის ფრესკაზე გამოსახული ქართველი დიდებულების ფრესკით, რომელზეც დემეტრე პირველის მეფედ კურთხევაა ასახული. ევსტათი თესალონიკელის თანახმად, კომნენოსთა იბერიული თავსაბურავი იყო „მრავალნაკეციანი და იმნაირად შენაოჭებული ქვევით, დანარჩენ ქობაზე, რომ სახის გარშემო ჩამოშვებული ნებიერად იცავს მზისგან“, ანუ,
გარდა კონუსისა, ამ ქართულ ქუდს სახის ასწვრივ ჩამოშვებული აქვს ერთგვარი გამონაშვერი მზისგან მოსაჩრდილებლად, ძველ ქართული „აფრა“, რომლის კვალიც ცოტნე დადიანის ფრესკაზე თვალსაჩინოა. მეტად საგულისხმოა, რომ ამავე ეპოქის, მე-12 საუკუნის მეორე ნახევრის ლათინური ანონიმი შეიცავს პირდაპირ მითითებას ქართული მაღალი ქუდის ზომის შესახებაც: “Georgiani… gestantes unius cubiti pilleos”9, ანუ ქართველთა მაღალი ქუდები ერთ წყრთამდე (ზრდასრული ადამიანის იდაყვიდან შუა თითის წვერამდე) აღწევდა. ქართული ქუდის ზომად ერთ წყრთას ამოწმებს 1210-ან წლებში გერმანელი პილიგრიმი ტიტმარიც.

იოანე პალეოლოგოსის ვატიკანში დაცულ სკულპტურაზე, რომელიც მე-15 საუკუნის იტალიური ქანდაკების საუკეთესო ნიმუშია, ზედმიწევნითაა ასახული მაღალი, პირამიდული ქართული ქუდის აფრა/საჩრდილობელიც და ზომაც – მონაცემები, რომელთაც ბერძნული და ლათინური წყაროები გვაწვდის.

ts.dadiani

shergil dadiani

ioane paleologos

ქართული ქუდი განსაკუთრებულ კულტურულ მოვლენად და რენესანსის ხელოვნების ძეგლების ერთ-ერთ შთაგონებად იქცა ფლორენციის საეკლესიო კრებისას, 1438 წელს, როდესაც იმპერატორი იოანე პალეოლოგოსი ფერარაში, ფლორენციასა და ვენეციაში სწორედ ამ თავსარქმელით ჩავიდა. თანამედროვეთა თანახმად,  მთელი იტალია, განსაკუთრებით კი ხელოვანები, განცვიფრდნენ იმპერატორის უჩვეულო თავსაბურავით. იტალიურ ხელოვნებაში ამ თავსაბურავით იმპერატორის არაერთი გამოსახულება შეიქმნა.
განსაკუთრებით საყურადღებოა იტალიელი მხატვრისა და მედალისტის – ანტონიო პიზანელოს მედალიონი, რომელზეც იმპერატორი განთქმული ქართული თავსაბურავითაა წარმოდგენილი. იმპერატორის ქართული წარმოშობის თავსაბურავი რენესანსის ეპოქის იტალიელი ხელოვანებისთვის იქცა ანტიკურობის ერთგვარ სიმბოლოდ, როგორც ანტიკური პერსონაჟების ერთგვარი მარკერი. საგულისხმოა, რომ იტალიური რენესანსის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, პიერო დელა ფრანჩესკაც, თავის ნამუშევრებში სწორედ იოანე პალეოლოგოსის ამ ცნობილი თავსარქმელითაა შთაგონებული. განსაკუთრებულად შთამბეჭდავი მათ შორის კონსტანტინე დიდია. ამ მოხდენილ ქართულ თავსარქმელთან შეხამებული ეს შესატყვისი სახე ქმნის ძლევამოსილებისა და მშვენიერების ბრწყინვალე ხატსმშვიდი, მეტყველი, მწყაზარი სახე, რომელიც ზედმიწევნით ეთანადება ძველი საქართველოს ეგზოტიკას.

ამ მოკლე მიმოხილვის შემდეგ, ისევ დავუბრუნდებით ანდრონიკე კომნენოსის ფიგურას, რადგანაც მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიზანტიაში ქართული თავსარქმელის შეტანაში.

კომნენოსები და ქართველები

ანდრონიკემდეც, კომნენოსებს საქართველოსთან და ქართველ მებრძოლებთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებდათ. ცნობილია, რომ ნიკომედიასთან ახლოს, ალექსი (1058-1118) და ისააკ (1050-1104) კომნენოსებს ორასამდე თურქმა ალყა შემოარტყა. ახალგაზრდა ძმებს თან ახლდა ქართველთა და ალანთა სამოცკაციანი რაზმი. თურქთა ნადირობა ალექსიზე და ისააკზე მთელი ღამის და დილის განმავლობაში გაგრძელდა. მომავალი იმპერატორის გადასარჩენად თავგანწირული ქართველი და ალანი მებრძოლები, თურქთა ყურადღების მისაქცევად და კვალის ასარევად სახურავებზე აძვრნენ. ამასობაში, ალექსიმ და ისააკმა დანარჩენი ძალებით, ნიკომედიისკენ გაიკაფეს გზა. საბოლოოდ, ისინი თურქებს დაუსხლტნენ. როგორც ჩანს, მომავალი იმპერატორის გადასარჩენად დაფანტულმა ქართველებმა და ალანებმა მათთან შეერთება მოახერხეს, რადგანაც, წყაროთა ცნობით, ალექსი და ისააკი თავის ქართულ რაზმთან ერთად უვნებლად ჩავიდნენ იმპერიაში, სადაც მათ დიდი ტრიუმფით დახვდნენ10.

ქართველ მებრძოლებთან წარმატებული თანამშრომლობა გააგრძელა იმპერატორმა მანუელ კომნენოსმაც (1143-1180). 1156 წელს მან ქართველი მოქირავნეების მეშვეობით, იტალიაში, ბრინდიზიუმთან, ნორმანები დაამარცხა. ნორმანთა მეფე როჯერ მეორის სიკვდილის შემდეგ, 1154 წელს, როდესაც ტახტზე მისი ვაჟი უილიამ პირველი ავიდა, მანუელმა ჩათვალა, რომ ხელსაყრელი დრო დადგა იტალიაზე ბიზანტიის გავლენის აღსადგენად და გერმანელი, ალანი და იბერი მოქირავნეების თანხლებით იტალიისკენ გაემართა. მთლიანობაში, ეს სამხედრო კამპანია წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა თავდაპირველად იგი ბიზანტიელთათვის იმედისმომცემად წარიმართა. საკუთრივ იბერებს, კინამუსი სამხრეთ იტალიური ქალაქის – ბრინდიზიუმის ალყის აღწერისას იხსენიებს: „იოანიკე კრიტოპოლესი და ფერამესი, სპარსული მოდგმისა, იბერებთან და მასაგეტებთან (ალანებთან) ერთად წარგზავნილ იქნა შეტევისათვის, და როგორც კი მიუახლოვდნენ მტერს, რომელსაც ჰქონდა ბანაკი დაცემული ორმოცდახუთი სტადიონის მოშორებით, ეკვეთნენ მათ. როცა უკან იხევდნენ მახლობელი ადგილებიდან, დახოცეს მრავალი უკანამავალთაგან, დაატყვევეს ბევრი სატვირთო ცხენი და დაბრუნდნენ ბრინდიზიუმში მათი ალმების ხელში ჩაგდების შემდეგ“11. ამ შეტაკებაში ქართველებმა ალანებთან ერთად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, ხელთ იგდეს რა მტრის აღალი და მათი ალმებიც კი. მოგვიანებით, მოქირავნეებსა და ბიზანტიელებს შორის უთანხმოებამ იჩინა თავი, რადგანაც ქართველებმა და ალანებმა ანაზღაურების გაზრდა მოითხოვეს. ქართველთა ეს შენაერთი ძალიან მცირერიცხოვანი იყო. მიუხედავად ამისა, იმპერატორმა მათ უზარმაზარი თანხა, 30 000 ოქრო გადაუხადა, მაგრამ ისინი მაინც უკმაყოფილონი დარჩნენ, რადგანაც მათი სამხედრო უნარები და გამოცდილება ძალიან ძვირად ფასობდა12, რაც მათ ბრინდიზიუმთან მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებითაც დაადასტურეს.

1185 წელს, ნორმანთაგან თესალონიკის დაცვისას, დავით კომნენოსიც ქართველ მოქირავნეებს ეყრდნობოდა, რომელთაც, ევსტათი თესალონიკელის შეფასებით, სიმამაცე არ აკლდათ. ქართველები კომნენოსთა არმიაში ძირითადად შუბოსნებად მსახურობდნენ13.
კომნენოსთა ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ნორმანთა წინააღმდეგ, სწორედ ქართველი შუბოსნები უნდა ყოფილიყვნენ. მე-12 საუკუნის ევროპაში ისინი თავზარდამცემ სამხედრო ძალად მიიჩნეოდნენ. ჟან ბოდელის „საქსონიურ სიმღერაში“ ვკითხულობთ, რომ საქსონთა ლაშქარი ფრანგებმა თითქმის უკუაქციეს, რა დროსაც ბრძოლაში საქსონთა სასარგებლოდ ჩაერთვნენ ქართველები: „მაგრამ ამ დროს გამოდიან ქართველნი, მოიღერეს მუჭით თავის შუბები, და წინაშე მათი მჭიდრო წყობისა, გაილივნენ შიშით ფრანგთა გულები“ (დაწვრილებით, იხ. ქვემოთ, „საქართველო მე-12 და მე-13 საუკუნეების ფრანგულ სიმღერებში“).

1160-იან წლებში საქართველოში ჩამოვიდა, უფრო სწორად, გამოიქცა, ანდრონიკე კომნენოსი, დავით აღმაშენებლის შვილიშვილი ქალის ხაზით, შესაბამისად, გიორგი III-ის მამიდაშვილი. მას თან ახლდა იერუსალიმის მეფე ბალდუინ III-ის ქვრივი, მშვენიერებით განთქმული დედოფალი თეოდორა. მათი თავგადასავალი აღსავსეა დრამატული პერიპეტიებით. თეოდორა 13 წლის ასაკში დააქორწინეს ჯვაროსნული იერუსალიმის მეფე ბალდუინზე. მეფე არაფერს იშურებდა მშვენიერი ყმაწვილი ქალის გულის მოსაგებად. უილიამ ტირელის მიხედვით, დედოფლის მხოლოდ კაბების გარდერობი ათას ჰიპერბერად იყო შეფასებული. 22 წლის თეოდორა დაქვრივდა და ტახტზე ბალდუინის ძმა – ამორი ავიდა. დაქვრივებულმა ახალგაზრდა დედოფალმა ქმრისგან ანდერძით აკრა მიიღო. სწორედ ამ ხანებში, პალესტინაში ჩადის ანდრონიკე კომნენოსი, რომელსაც თანამედროვეები დიდი ავხორცის სახელით იცნობდნენ. მას უკვე ნაცდუნები ჰყავდა ბოემუნდის და, პრინცესა ფილიპა და მარია ანტიოქიელი, ამჯერად კი, თვალი იერუსალიმის მეფის ქვრივს, საკუთარ ბიძაშვილს, თეოდორას დაადგა. თვითმხილველთა გადმოცემით ის უბადლო მშვენებით ბრწყინავდა. ყოფილმა დედოფალმა არ უარყო ქარიზმატული ანდრონიკეს სიყვარული.

იმპერატორი განარისხა მათმა „უწმინდურმა და უღვთო კავშირმა“ და ამორის კომნენოსისთვის თვალების დათხრა მოსთხოვა, მაგრამ შეყვარებულები გაიქცნენ და ნურ ად დინ სულთანთან შეაფარეს თავი. კინამოსი წერს, რომ შემდეგ ისინი საქართველოსკენ გაემართნენ, „აღმოსავლეთში, იბერებთან“14. გზად, ჰარანში, თეოდორამ იმშობიარა. ანდრონიკეს საქართველოში ოჯახით ჩამოსვლას ადასტურებს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“: „მოვიდა ანდრონიკე კომნენოსი ცოლითა სახებრწყინვალითა და შუენიერითა“. გიორგიმ თავის მამიდაშვილსა და მის მიჯნურს, იერუსალიმის ყოფილ დედოფალს, „მისცა პატივი სახლისშვილობისა მათისა“, ქალაქები, ციხეები და ტახტები თავის ტახტთან ახლოს. საინტერესოა, რომ ქართულ წყაროს ყურადღების მიღმა არ რჩება ბალდუინის ქვრივის წარმტაცი სილამაზე და მას „სახებრწყინვალეს და შუენიერს“ უწოდებს. დევნილ შეყვარებულთა საქართველოში ყოფნისას შირვანს რუსები და დარუბანდელები შეესივნენ15 (ნარკვევის მეორე ნაწილში ამ საკითხს საგანგებოდ შევეხებით). წყარო აღნიშნავს, რომ შაბურანის ბრძოლაში ქართველი დიდებულები და თვით მეფე მოიხიბლნენ ანდრონიკეს სამხედრო ტალანტით. მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შირვანელებზეც. შესანიშნავმა მუსლიმმა პოეტმა ხაყანიმ მას ოდა მიუძღვნა, სადაც ანდრონიკეს „იესოს სარწმუნოების მიმდევართა დიდებას“, „ბიზანტიუმის წინამძღოლს“, „კეისარს“ და „მესიის წრფელ მეგობარს“ უწოდებს, მაგრამ, რეალურად, ანდრონიკე ძალიან შორს იდგა ამ მაღალი ქრისტიანული იდეალებისგან. თანამედროვეთა მოწმობით მას კლასიკური განათლება ჰქონდა მიღებული. უყვარდა პავლე მოციქულის ციტირება. იყო კარგი მხედარი, უბრალო ხალხის მოყვარული და ქომაგი, მაგრამ ამავე დროს იყო პროვოკატორი, დამცინავი, დაუნდობელი, ავხორცი, „მაცდური და პრანჭია“. როგორც ჩანს, მისი ხასიათის სწორედ ამ უკანასკნელ თვისებაში ეწერებოდა მისი ახლებური მოდის „იბერიული ქუდი“. ეპოქის მშვენიერ მანდილოსანთა ეს ქარიზმატული გულთამპყრობელი თავისი ქართული ქუდით და სამოსით ბიზანტიურ არისტოკრატიაში მიბაძვის სურვილს აღძრავდა. მოცემული ეპოქის საქართველოში ჩაცმა-დახურვასა და თავის მოვლას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ და ამ მხრივ, მოკოხტავე ანდრონიკეს, ალბათ, კიდევ ბევრის სწავლა შეეძლო საქართველოში ყოფნისას.

საგულისხმოა თბილისის აბანოების განსაკუთრებული მრავალრიცხოვნება და ზოგი წერილობითი წყაროს ჩვენება. მე-12 საუკუნის ლათინური ანონიმის მიხედვით: “Georgiani barbam et comam multum nutrientes, gestantes unius cubiti pilleos”, ანუ „ქართველები წვერს და თმას ძლიერ უვლიან, მათი ქუდები ერთ წყრთამდეა“.

ხსენებულ მაღალ ქუდებში სწორედ ქართული პირამიდული თავსარქმელები იგულისხმება. ანდრონიკეც, ამ ქუდსა და ქართულ სამოსში, წარმოიდგინებოდა, როგორც ეპოქის ტიპური ქართველი დიდგვაროვანი.

ბიზანტიის არისტოკრატია ანდრონიკეს და დანარჩენ კომნენოსთა მიერ შემოტანილ „უცნაურ“ ქართულ მოდას თავიდან მტრულად ეკიდებოდა. ევსტათი თესალონიკელიც მის შესახებ აგდებით ლაპარაკობდა, უწოდებდა რა მას „ბარბაროსთა ნაწარმს“, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მალე მან ბიზანტიის ქედმაღალი არისტოკრატია მთლიანად დაიპყრო და საიმპერატორო კარზეც კი გავრცელდა.

ანდრონიკეს დაუდგრომელი ხასიათი ჰქონდა და ერთ ადგილას დიდხანს ყოფნა არ შეეძლო, ამიტომ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, საქართველო დატოვა. საბოლოოდ, ტრაპიზონის თემარქმა მოახერხა მისთვის იერუსალიმის დაქვრივებული დედოფლის წართმევა, შესაძლოა, სწორედ მაშინ, როცა საქართველოდან ბრუნდებოდა, მაგრამ ანდრონიკეს და თეოდორას უკვე საერთო შვილები ჰყავდათ, ამიტომ ანდრონიკე თეოდორასთან ურთიერთობებს აგნესა ფრანგთან ქორწინების შემდეგაც ინარჩუნებდა. მოგვიანებით, ყველა დროის ეს ერთ-ერთი დიდი ავანტიურისტი იმპერატორის ტახტზეც ავიდა, რასაც ბიზანტიის არისტოკრატიასა და მომდევნო იმპერატორთა შორის, მისი ქართული თავსარქმელის მყარად დაფუძნებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა. ჩანს, ანდრონიკე იმპერატორობაშიც არ ელეოდა თავის ქართულ მემკვიდრეობას, როგორც სიმბოლოს, რომ მის ძარღვებშიც ბაგრატიონთა სისხლი დიოდა, მისი სახელოვანი პაპა ხომ მთელ იმდროინდელ მსოფლიოში ფართოდ ხმაგანსმენილი დავით აღმაშენებელია16. რაფაელ პრინკემ თავის ნაშრომში დამაჯერებლად აჩვენა რომ ანდრონიკეს დედა სწორედ დავითის უმცროსი ასული – კატაჲ იყო 17.

ანდრონიკეს მთავარი მიზანი დასავლეთევროპულ გავლენებთან ბრძოლა გახლდათ. მისი წინამორბედი იმპერატორები სწორედ ლათინური კულტურის გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეულები, რაც ბიზანტიაში მასობრივ უკმაყოფილებას იწვევდა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ანდრონიკეს ამ ბრძოლაში დასავლეთ ევროპული სტილის წინააღმდეგ, მის აღმოსავლურ/იბერიულ ქუდს გარკვეული სიმბოლური დატვირთვა ენიჭებოდა.

ქართული სამოსი, როგორც ძალაუფლების სიმბოლო

მე-12 საუკუნიდან მე-15 საუკუნემდე, ცხადია, ამ თავსაბურავს ბიზანტიაში გარკვეული მოდიფიკაციებიც უნდა განეცადა, მაგრამ ფლორენციაში ჩასვლისას იოანე პალეოლოგოსის ქუდს შენარჩუნებული ჰქონდა კომნენოსთა ქართული ქუდის ყველა არსებითი თავისებურება – აფრა/საჩრდილობელი სახესთან, პირამიდული ფორმა, დაბოლოება თვლით და ზომა – ერთ წყრთამდე. ამ თავსარქმელის წარმოშობა და მისი გავრცელება ბიზანტიის არისტოკრატიაში, მათ შორის ბერძენ და ლათინ იმპერატორთა შორის, შემდეგ კი მისი დიდი გავლენა რენესანსის ეპოქის ხელოვნების ცალკეულ ძეგლებზე, ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენაა არამხოლოდ ქართული, არამედ შუა საუკუნეების ევროპის კულტურის ისტორიისათვისაც.

ქუდს შუა საუკუნებში უზარმაზარი იდენტობრივი მნიშვნელობა ჰქონდა. ნიშანდობლივია, რომ ნიკიფორე გრიგორას თანახმად, ბიზანტიაში ეს ქართული წარმოშობის თავსარქმელი კეთილშობილთა სიმბოლოდ იქცა. ეს ქართული „ქუდი ჰხურავთ“ ბიზანტიელ არისტოკრატებსაც და კონსტანტინეპოლის ბერძენ და ფრანგ იმპერატორებსაც, ხოლო საბოლოოდ, ის რენესანსის ეპოქის იტალიაში ანტიკურობის სიმბოლოდაც კი გვევლინება.

ქართული თავსარქმელის პოპულარობა ეპოქის ქართული სახელმწიფოს ძლევამოსილების პირდაპირპროპორციული იყო. ბიზანტიური და ევროპული სამყარო პატივს სცემს და ანგარიშს უწევს ქართულ სამყაროს და მის სიმბოლოებს. ზოგჯერ ეს შეიძლება მათ სასიცოცხლო ინტერესსაც წარმოადგენდეს. მაგალითად, ზემოხსენებულმა გერმანელმა პილიგრიმმა – ტიტმარმა, სინას მთის მოლოცვის დროს ქართული სამოსი გადაიცვა და თავი ქართველად გაასაღა, რათა იმ განსაკუთრებული პატივისცემით ესარგებლა, რომლითაც აღმოსავლეთში ქართველები სარგებლობდნენ. ბიზანტიაშიც, ტრადიციულად, ქართველებზე ძალიან მაღალი წარმოდგენა ჰქონდათ. დიდი ბიზანტიელი ფილოსოფოსი და თეოლოგი, მიქაელ პსელოსი, ქართველთა შესახებ წერს: „ეს ხალხი სიმაღლით მეათე ფუტამდეა, წარბები კი ქედმაღლობით აქვთ აჭიმული… მე ვგულისხმობ უმამაცესად მებრძოლ იბერიელებს, ყველას ახლახანს ამოსვლოდა წვერი და თვით გაფურჩქნილ ყვავილს ჰგავდნენ, მაღალი ტანისა იყვნენ და თანაზომიერნი, თითქოს კანონის მიხედვით, მახვილით ხელში შემართულნი იყვნენ უძლეველნი“18. გიორგი პახიმერე ყურადღებას ამახვილებს ქართველთა ღირსების მეორე, სულიერ მხარეზეც: „უმეტესად, ქართველნი მაღალი აგებულებისანი არიან და აქვთ წმინდა, შეურყვნელი სარწმუნოება, [ყაზან ყაენმა] როცა გაიგო, რომ ჯვარი ქრისტიანთა წინამძღოლი ალამია, მისი ქართველი ფარისმტვირთელები მოათავსა საკუთარი ლაშქრის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში… [ყაზანმა] აიღო იერუსალიმი მხოლოდ იმისთვის, რომ ქართველები გაეხარებინა უფლის ცხოვრების მომცემელი საფლავით“19.

თამარის მიერ სხვადასხვა მუსლიმი მმართველების ზედიზედ სასტიკმა დამარცხებამ და ტრაპიზონის იმპერიის დაარსებამ, ქართული სახელმწიფოს სწორუპოვარი ძლევამოსილება აჩვენა. ტრაპიზონის საკეისროს დაარსებამდე გიორგი მეორეს თავად ჰქონდა მიღებული კეისრის ტიტული. განსაკუთრებით საყურადღებოა რომ ქართველთა ეს ერთგვარი „იმპერიული ამბიცია“ აღიარებულია საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

ბულგარეთის მეორე იმპერიის აღორძინებისას შექმნილ ბულგარულ კითხვა-მიგებით თხზულებაში „რაზუმნიკში“, რომელიც ჩვენი ისტორიისა და ისტორიოგრაფიის ბრწყინვალე უცნობი წყაროა, ნათქვამია: „ამგვარად, თქვენ, ძმანო, უნდა უწყოდეთ, რომ არსებობს სამი იმპერატორი ქვეყნად, სამი, მსგავსად წმინდა სამებისა ზეცად. პირველი იმპერია არის ბერძენთა, მეორე იმპერია არის ბულგარელთა, მესამე არის ქართველთა. მამა არის ბერძენთა იმპერია, ძე არის ქართველთა იმპერია, წმინდა სული არის ბულგარელთა იმპერია. ბერძენთა გამოხატავს იმპერიას ღმრთისას, ბულგარელთა გამოხატავს ქრისტიანობას და ქართველთა აგრეთვე გამოხატავს ქრისტიანობას ღმრთისადმი“20 (ნიშნავს შემონახვას ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენისას).

„ქართველთა იმპერია“ და მისი იმპერატორი აქ დანახულია ბიზანტიის იმპერიის „ძედ“, მემკვიდრედ. ძე ღმერთის პატივი, მამის თანასწორია. ქართველთა იმპერიული ამბიციები ლეგიტიმურია. ამავე თვალსაზრისით ანგარიშგასაწევია უილიამ ტვიროსელის ცნობაც „ქართველთა მოდგმის იმპერიის“ შესახებ, რომელიც, შესანიშნავმა ქართველმა წყაროთმცოდნემ, ალექსანდრე თვარაძემ, ამგვარად თარგმნა: „ღმერთმა აღაზევა სპარსელთა თავხედობის წინააღმდეგ მათი მეტოქე სამეფო იბერთა მოდგმის სახით…“21.
ვფიქრობ, ამ ნაწილში თარგმანი მეტ სიზუსტეს მოითხოვს, რადგანაც მოცემულ მონაკვეთში, ლათინურ ტექსტში წერია Imperium/იმპერია, და არა Regnum/სამეფო… “suscitavit… æmulum imperium gentis Hiberorum”22, ანუ „ღმერთმა აღაზევა [სპარსეთის იმპერიის] საპირისპირო იმპერია იბერთა მოდგმისა“. მთლიანობაში, ალექსანდრე თვარაძისაგან შემოთავაზებული თარგმანი მისაღებია: „აღმოსავლეთში ლათინების პირველი გამოჩენიდან იერუსალემის სამეფოს არსებობის მეორმოცე წლამდეც კი, ქრისტიანები ვერაფრით გათავისუფლდნენ ამ სატანჯველისაგან. ეს გახლავთ ჰიდრაზე გაცილებით მეტი უბედურება, რაც მეტ თავს კვეთ მას, კიდევ მეტი სისწრაფით ამოდის ახალი. ლამის ყოველ წელიწადს სპარსეთის სიღრმეები აურაცხელი რაოდენობით გადმოანთხევდნენ ამ საზარელ ხალხს და ისინი ფარავდნენ ქვეყნიერების თითქმის მთელ ზედაპირს. მაგრამ ჩვენმა ტანჯვამ ღვთაებრივი განგებაც შეძრა და მისმა მოწყალებამ სპარსელთა ამპარტავნული თავხედობის წინააღმდეგ აღაზევა მათი საპირისპირო იმპერია იბერთა მოდგმისა (ჩვენი ინტერპოლაცია). ღვთის მადლით, მუდმივი გამარჯვებებით ეს ერი ისე გაიზარდა და გაძლიერდა, რომ მათ გატეხეს და დაამხეს სპარსელთა ამპარტავნება. ადრე ამ ერს თვითონ ეშინოდა სპარსელებისა, ახლა კი ისინი ბევრად აღემატებიან სპარსელებს ძალითა და სამხედრო გამოცდილებით.

ამგვარად, სპარსელები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში შორეულ სამეფოებსაც კი შიშის ზარს სცემდნენ, ახლა იმითაც კმაყოფილნი არიან, თავიანთი სამფლობელოების ფარგლებში დროებითი მშვიდობა მაინც თუ ექნებათ. იბერიის სამეფო ჩრდილოეთით მდებარეობს. ის აგრეთვე აფხაზეთის სახელითაა ცნობილი. ისინი სპარსელების მეზობლები არიან. გამოირჩევიან მაღალი აღნაგობით, უაღრესი სიძლიერითა და მხედრული თვისებებით. ხშირი ომებითა და განუწყვეტელი თავდასხმებით მათ გატეხეს სპარსელთა ძალები ისე, რომ ეს უკანასკნელნი თავიანთ თავს მათ ტოლად უკვე აღარ თვლიდნენ, ამიტომ თავიანთი მდგომარეობით შეშფოთებულებმა, თავი დაანებეს სხვა ქვეყნების რბევას და ძარცვას“. უილიამის ლოგიკა აქ იმპერიათა მონაცვლეობის კარგად ცნობილ შუასაუკუნეობრივ გაგებას ეფუძნება. სპარსთა იმპერიის უკიდურესი გაძლიერების შესაზღუდად და მსოფლიო წესრიგის დასაბალანსებლად ღმერთმა აღაზევა „ქართველთა მოდგმა“, რომელიც „მუდმივი გამარჯვებებით ისე გაიზარდა და გაძლიერდა“, რომ იქცა „ქართველთა იმპერიად“ – “Imperium gentis Hiberorum”, რომელმაც შეაკავა სელჩუკთა იმპერია და ქრისტიანული სამყაროს სასარგებლოდ სელჩუკთა იმპერიის საპირწონე იმპერიად ჩამოყალიბდა.

ქრისტიანულ იმპერიად აღიქვამდნენ საქართველოს არამხოლოდ ევროპულ ქრისტიანულ წრეებში, არამედ, პირველყოვლისა საკუთრივ საქართველოში, დავითისა და თამარის ტიტულები – „თუით მფლობელი“ და „ფლობით მპყრობელი“ ხომ სხვა არაფერია, თუ არა ბიზანტიური „ავტოკრატორის/იმპერატორის“ ქართული თარგმანი.

ბერძენ და ლათინ იმპერატორთა შორის გავრცელებული პირამიდული, ქართული თავსარქმელი წარმოადგენდა არა უბრალო თავსაბურავს, არამედ ინსიგნიას – ძალაუფლების ნიშანს, რომლის ტარების უფლებაც მხოლოდ იმპერატორსა და არისტოკრატიას გააჩნდათ. ამავე კონტექსტში მრავლისმეტყველად ჟღერს ცნობა დავით აღმაშენებლის მიერ იერუსალემის ჯვაროსანი მეფის, ბალდუინისთვის გაგზავნილი ინსიგნიების შესახებ, რასაც, ამ უკანასკნელის პანეგირისტი დიდის ამბით შენიშნავს23.

ამდენად, მე-12 და მე-13 საუკუნეებში, სხვადასხვა პირობებში, ქართულ ინსიგნიებს იღებენ ქრისტიანული სამყაროს ისეთი კარგად ცნობილი მონარქები, როგორებიც იყვნენ იერუსალიმის მეფე ბალდუინი, ბიზანტიის იმპერატორი ანდრონიკე კომნენოსი, ტრაპიზონის იმპერატორი ალექსი კომნენოსი და კონსტანტინეპოლის ლათინი, წარმოშობით ფრანგი იმპერატორი – ბოდუენ მეორე.

ამ შემთხვევებისაგან განსხვავებით, ქართველთა მეფისაგან ვასალთათვის ნაბოძები სამოსი განსხვავებული მნიშვნელობის იყო და ქართველთა მეფის მიმართ ამ უკანასკნელთა პოლიტიკურ დაქვემდებარებაზე მიუთითებდა. ამის საილუსტრაციოდ შესანიშნავ მასალას გვაწვდის იბნ ალ ასირი: „ქართველები გაბატონებული იყვნენ [მუსლიმებზე] და ისე ექცეოდნენ, როგორც სურდათ, შეესეოდნენ ადარბადაგანის იმ მხარეს, რომელიც მოეპრიანებოდათ და არავის შეეძლო მათი შეჩერება და მათგან ქვეყნის დაცვა. ასე იყო არზრუმშიც, იმდენად, რომ მისი მმართველები იღებდნენ საპატიო სამოსს ქართველთა მეფეებისაგან და ატარებდნენ ჯვრით დაგვირგვინებულ დროშას, მისი ვაჟი ქრისტიანი გახდა ქართველთა დედოფლის შერთვის სურვილით და მათი შიშით, რათა თავი დაეცვა მათი სიავისაგან. იგივე ხდებოდა დარუბანდსა და შირვანში“24.

ქართველთა საერთაშორისო ავტორიტეტი ქრისტიანული ევროპისა და ბიზანტიის გარეთაც უაღრესად მაღალი იყო. ძველი არაბული ეპიკური პოემის – „ალ ჰიმმას“ მიხედვით, „ყველა მეფეს და სულთანს ეშინოდა“ თამარის, მისი რაინდები კი იყვნენ „მძლავრი და მამაცი, რჩეული ჭაბუკები და მებრძოლები… კარგად მომზადებულები საბრძოლველად ცხენითაც და ფეხითაც, მამაცნი ომებში და ასპარეზობებზე“25 (შდრ. უილიამის ზემოთ მოხმობილ ცნობას ქართველთა შესახებ: „გამოირჩევიან მაღალი აღნაგობით, უაღრესი სიძლიერითა და მხედრული თვისებებით“). „ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ფილიპ ავრილის შემდეგი ინფორმაციაც (XVIს.), რომლის თანახმადაც ჩანს ქართველების ავტორიტეტს, თვით დაპყრობლებიც იმდენად დიდ ანგარიშს უწევდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისას ქართულ ტანსაცმელში გამოწყობა მოგზაურთა დაცვის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენდა: „ამ ტანსაცმლის ყველას ეშინოდა სპარსეთში“, წერს ფ. ავრილი. ასე იყო თურქეთშიც. ქართული ტანსაცმლით ისინი თურქებმა ვერ შეიცნეს და „ისე კარგად მოგვექცნენ, რომ დიდხანს გონს ვერ მოვედითო“26.

დიდმა საერთაშორისო ავტორიტეტმა ქართულ ინსიგნიებს იმდროინდელ მსოფლიოში პოზიტიური, პრესტიჟული მნიშვნელობა მიანიჭა და ბერძენ და ლათინ იმპერატორთა შორის მისი მასიური პოპულარულობა განაპირობა.

22

მოხდა თუ არა გიორგი მესამის დროს
საზღვაო ომი კასპიის ზღვაზე?

1174 წელს შირვანში ხმელეთიდან და ზღვიდან შეიჭრა ჩრდილო კავკასიელთა და რუსთა გაერთიანებული ლაშქარი, რომელმაც დაიკავა მნიშვნელოვანი საზღვაო პუნქტები და მოსახლეობაში საყოველთაო პანიკა დათესა. შირვანშაჰი აღსართანი საქართველოში გამოიქცა. იგი გიორგი მესამის ყმადნაფიცი და მამიდაშვილი იყო. ნათესავის საშველად გიორგიმ დარუბანდისკენ გაილაშქრა. ლაშქრობაში თან იახლა მისი მამიდაშვილი – ანდრონიკე კომნენოსი, რომელიც ამ პერიოდში ოჯახთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა. აღსართანის გადასარჩენ ამ ოპერაციაში ანდრონიკეს ყოფნას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც აღსართანი მისი დეიდაშვილი იყო. ანდრონიკე დავითის უმცროსი ასულის – კატაჲს ვაჟი იყო, აღსართანი კი კატაჲს უფროსი დის – თამარის, ამიტომ, გიორგის ბრძანებით, მათდამი თანასწორი მოყვრობის ნიშნად, ანდრონიკეს და აღსართანის ტახტები ერთმანეთის პირისპირ იყო განლაგებული. აღმაშენებლის ისტორიკოსი მოხდენილად წერს, რომ მეფის ერთი ასული შირვანში – აღმოსავლეთში ნათობდა, მეორე კი საბერძნეთში – დასავლეთში. ისტორიკოსის ხატოვანი
სიტყვით, მამისაგან მიღებული ნათლით ეს დედოფლები ანათლებდნენ მთელ სამყაროს – აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე.

მინორსკის აზრით, აღსართანს სწორედ დედამისის, თამარისგან უნდა მიეღო ეს „უცნაური“ ქართული სახელი. მკვლევარი სწორი უნდა იყოს, რადგანაც ამ მშვენიერი ქართული სახელის უძველესი ფორმა დასტურდება ჯერაც აბოს მარტვილობაში: „მივიღე თაყუანისსაცემელი ბრძანება ხელითა სიწმიდისმოყუარისა ხსართან მღდელისათა“. აღსართანის ქართული მემკვიდრეობა სხვამხრივაც თვალსაჩინო და ხაზგასმული იყო, მაგალითად, ხაყანი მას „დავითიანს“ უწოდებს (Dāvūdiyān ba-gauhar), რაც, რა თქმა უნდა, მისი „ბაგრატიონ/დავითიანი“ დედისგან მიღებული საპატიო მემკვიდრეობაა. აღსართანის მმართველობა შირვანში დიდი ეკონომიკური და კულტურული აღმავლობის დროა. მის სახელთანაა დაკავშირებული დედაქალაქის ბაქოში გადატანაც.

გამორჩეულად საყურადღებოა, რომ 1174 წლის ამ დიდი სამხედრო ოპერაციის ცენტრალური ელემენტი საზღვაო შეტაკებაა. ხაყანი საუბრობს დიდ საზღვაო ბრძოლაზე და რუსთა 73 ხომალდის განადგურებაზე. ყველაფერ ამასთან დაკავშირებით, ისლამური წყაროთმცონდეობის დიდი პატრიარქი მინორსკი წერს: „უადრეს ხანაში ტერმინი „რუსი“ აღნიშნავს ჩრდილოელს, მაგრამ 1173 წლისკენ ისინი ძლიერ არიან ათქვეფილი სლავებთან. ბეკ-ბარსის (დარუბანდის მმართველი) ინიციატივა კიევისაგან დამოუკიდებელი იყო და მას უნდა გამოეყენებინა მოხალისეები, რომლებიც სამხრეთში ხეტიალობდნენ, როგორც პროტოტიპები მომავალი კაზაკებისა.

ხაყანის ოდა გვამცნობს, რომ შემოსევა იყო ორმხრივი: ხმელეთიდან და ზღვიდან, ეს უკანასკნელი რუსთა მონაწილეობით. ხაყანი საუბრობს სამოცდაცამეტი რუსული გემის განადგურების შესახებ და რუსთა წინააღმდეგ ამ ოპერაციის არენად მოიხსენიებს “Jazīrayi
Rūynās”(„ენდროს კუნძული“) და «Landbaran»-ს. ეს კუნძული, სავარაუდოდ უნდა იყოს თანამედროვე სარა, მტკვრის ძველი შესართავის სამხრეთით. ლანდბარანი მდებარეობს მტკვრის ზედა დინებაზე (ბარდავის სამხრეთი). თუ ხაყანი სწორია, რუსი მეზღვაურები, ჩანს, მოქმედებდნენ უფრო ადრეული, 942 წლის რეიდის მიმართულებით“27.

მინორსკი ჰიპოთეტურად საუბრობს არა მთლიანობაში ხაყანის ცნობაზე შირვანზე რუსთა საზღვაო თავდასხმის შესახებ, არამედ მის გეოგრაფიულ განსაზღვრებებზე. სხვამხრივ, რუსთა მონაწილეობა ამ საზღვაო ბრძოლაში, ეჭვქვეშ არაა დაყენებული, მაგრამ მას და საკითხის ზოგ სხვა მკვლევარს, ვფიქრობ, მხედველობი დან გამორჩა ავტორის ზოგი სხვა მითითება, 1174 წელს კასპიის ზღვაზე წარმოდგენილ „რუსთა“ წარმომავლობის შესახებ. რუსული ფლოტის ზღვაზე განადგურების შემდეგ, ხაყანი შენიშნავს რომ ამ „ქერა-წითურთა სისხლის გუბეები დადგა სანაპიროზეც კი“28. ეს საინტერესო დეტალი პირდაპირი მინიშნება უნდა იყოს, რომ რუსთა ამ შენაერთში სწორედ რუს/ვარიაგები იგულისხმებიან. ხაყანი გვაძლევს მეორე მონაცემსაც შირვანს შესეულ „რუსთა“ ვინაობის შესახებ. მისი თქმით, აღსართანმა „სწორედ ისე გააცამტვერა რუსი რწმუნოები, როგორც ალფ არსლანმა რუმის (ბიზანტია) მცხოვრებლები“.

აქედან ჩანს, რომ ეს „ქერა/ჟღალი“ და „ურწმუნო რუსები“ თითქოს ქრისტიანები უნდა იყვნენ, ისევე, როგორც ბიზანტიელები. ხაყანის მუსლიმური პერსპექტივიდან განხორციელებული შედარების საფუძველი აქ სწორედ ეს გარემოებაა. ამგვარად, ამ დიდი
სამხედრო ოპერაციისას, გიორგი მესამე უნდა დაპირისპირებოდა რუსულ ფლოტილიას. საფიქრებელია, რომ გიორგი ამ საზღვაო ბრძოლაში შირვანშაჰის ფლოტს დაეყრდნო (არსებობს ზოგი სხვა მანიპულაციის შესაძლებლობაც, რომლის განხილვისგანაც თავს შევიკავებ). რაც არ უნდა იყოს, ერთი რამ აშკარაა – მტრის ყველაზე ანგარიშგასაწევი ნაწილი სწორედ ხომალდებში იყო კონცენტრირებული და შესაბამისად, ეს გარემოება რუსთა წინააღმდეგ საზღვაო ბრძოლაში ქართველთა გარდაუვალ ჩაბმას მოითხოვდა.

ამ ფაქტის სახით, მე-12 საუკუნის კავკასიის ისტორიის საკმაოდ დიდი მასშტაბის მოვლენაზე ვსაუბრობთ. ამასთან დაკავშირებით, მ. დორნისათვის გაგზავნილ წერილში, ხანიკოვი მართებულად შენიშნავდა: „პოეტი არაფერს ამბობს რუსთა რიცხოვნობაზე, რომელთაც ამ ექსპედიციაში მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ მათ მოაოხრეს მონაკვეთი, რომელიც კასპიის მხარეს ლამბერანიდან აშორებს, შესაძლოა ვირწმუნოთ, რომ ისინი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყვნენ“29.

მოზრდილ ფლოტილიას, სასმელი, მტკნარი წყლის დიდი რესურსიც სჭირდებოდა, ამიტომაც, ბუნებრივია, რომ რუსული ხომალდები სარის მიდამოებში შეჩერდა, რომელიც ამ არეალში ყველაზე მდიდარია მტკნარი წყლებით30.

საკითხის თითქმის არცერთ მკვლევარს ეჭვი არ ეპარება, რომ წარმმართველი როლი რუსთა წინააღმდეგ 1174 წლის სამხედრო ოპერაციაში გიორგი მესამეს ჰქონდა და არა მისი ხელის შემყურე აღსართანს, რომელიც, მრავალრიცხოვანი და ძლიერი მტრის შემოსევისთანავე საქართველოში გამოიქცა. ხაყანი, გასაგები მიზეზების გამო, ამ მოვლენებში აღსართანის სამხედრო როლს აზვიადებს და გიორგის მიღწევებსაც კი მას მიაწერს. მაგალითად, ამ ოპერაციის ფარგლებში გიორგიმ აიღო შაბურანი და აღსართანს გადასცა: „მოაოხრა ქუეყანა მუსკურისა და შარაბამისა და აიღო ქალაქი შაბურანისა და უბოძა მამის დისწულსა მისსა შარვანშას“, მაგრამ შირვანშაჰის პანეგირიკში, მაამებელმა პანეგირისტმა ეს გამარჯვება შირვანშაჰის ხმალს მიაწერა 31. სინამდვილეში, ქალაქი გიორგიმ აიღო და აღსართანს ლამის ლანგრით მიართვა, რაზეც ხაყანი თვალს ხუჭავს. ეს, მისი თხზულებების პანეგირისტული ხასიათიდან გამომდინარე გასაკვირი არაა. უნდა ითქვას, რომ მთელი ამ ოპერაციის სხვა მონაკვეთებშიც აღსართანი იმდენადვეა აქტორი, რამდენადაც შაბურანის აღებაში. რა თქმა უნდა, რეალური მოთამაშე ამ ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში გიორგი მესამეა.

სამხედრო თვალსაზრისით, აღსართანის როლი აქ მეორეხარისხოვანი იყო და ხაყანის მიერ აღწერილი ისტორიის რეალური აქტორი მხოლოდ გიორგი და მის მიერ შეკრებილი ამერ-იმერის დიდი ქართული ლაშქარია, რომელმაც სამშობლოდან დახმარების სათხოვად გადმოხვეწილი აღსართანის საშველად ენერგიული ზომები მიიღო, როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო ოპერაციების სახით.

რუს/ვარიაგთა 1174 წლის ლაშქრობა რიგითი მარბიელი ლაშქრობა არ ყოფილა – ეს იყო მოზრდილი და ბრძოლისუნარიანი ლაშქრის (ხაყანი მათ „გამძვინვარებულ ლომებად“ მოიხსენიებს) კარგად ორგანიზებული შეტევა ზღვიდან და ხმელეთიდან. ვარიაგებს/ვარანგებს მაღალბრძოლისუნარიანი მეომრების სახელი უნდა ჰქონოდათ საქართველოში, რასაც ქართულ ენაში მათი ეთნომიმის საყურადღებო სემანტიკური თავგადასავალი გვიჩვენებს. ძველი ქართული ენის ლექსიკონში ვკითხულობთ: „ვარანგნი, ვარგნი თუ მრავლის შემძლენი“.

როგორც აღვნიშნეთ, სახმელეთო ოპერაციის პარალელურად, რუს/ვარანგთა და ჩრდილოკავკასიელთა საზღვაო ძალებმა შეძლო კასპიის ზღვისპირეთში განლაგებული შირვანის მნიშვნელოვანი ცენტრების დაკავებაც. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ მათი ფლოტი მტკვრის ძველი შესართავის მახლობლად კონცენტრირდა, რაც რუსებს მტკვრის აუზის გაყოლებაზე ქვეყნის სიღრმეში შეჭრის საშუალებას მისცემდა, როგორც 942-943 წლებში, როდესაც კასპიის ზღვიდან რუსული ხომალდები მტკვარში შევიდნენ, გადაცურეს 160 კილომეტრამდე და მიაღწიეს კავკასიის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქს, ბარდავს, რომელიც სასტიკად ააოხრეს. მასუდს დაწვრილებით აქვს აღწერილი რუსთა ეს დიდი საზღვაო-სამდინარო სამხედრო ოპერაცია32.

ქართულ-ჯვაროსნული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ თავში ვსაუბრობთ ტანკრედის მიერ განხორციელებულ მსგავსსავე საზღვაო-სამდინარო-სახმელეთო ოპერაციაზე ქართველი სარდალის – ასპიეტ ბაკურიანისძის წინააღმდეგ. ტანკრედმა მოფსუესტას, როგორც ხმელეთიდან, ისე ზღვიდან შეუტია, საიდანაც ხომალდები მდინარე სარონის შესართავიდან მდინარის გაყოლებით ქალაქამდე გადაიყვანა. შირვანშიც, 1174-წელს, სახმელეთო ძალების პარალელურად რუსული ხომალდები სწორედ მტკვრის ძველი შესართავის მახლობლად იყვნენ კონცენტრირებული და ჩანს მტკვრის აუზის აყოლებით ქვეყნის სიღრმეში შესაჭრელად ემზადებოდნენ. როგორც აღვნიშნეთ, რუს/ვარანგთა ფლოტილიამ შეძლო კასპიის ზღვისპირეთში განლაგებული შირვანის მნიშვნელოვანი ცენტრების დაკავებაც. ამის ფონზე, კარგად გასაგებია, რომ გიორგიმ მთელი საქართველოს, იმერისა და ამერის დიდი ლაშქრის შეკრება მიიჩნია საჭიროდ ყმადნაფიცი შირვანიდან მტრის განსადევნად. ჰქონდათ თუ არა მე-12 საუკუნის საქართველოში საზღვაო ბრძოლის გამოცდილება? მეტად საგულისხმოა, რომ ამავე ეპოქაში, სულ რაღაც ოციოდე წლით ადრე, ქართველებმა მონაწილეობა მიიღეს დიდ საზღვაო ბრძოლაში ნორმანთა წინააღმდეგ. 1156 წელს იმპერატორ მანუელ კომნენოსის ერთ-ერთი ძირითადი დასაყრდენი სამხრეთ იტალიურ კამპანიაში სწორედ ქართველი მოქირავნეები იყვნენ, რომლებიც, კინამუსის ჩვენებით, მაღალი საბრძოლო უნარებით გამოირჩეოდნენ და რომელთა დასაქირავებლადაც მანუელს უზარმაზარი თანხის გადახდამ მოუწია.

ბრინდიზიუმთან გადასხდომამდე, ხონიატეს მიხედვით, იმპერატორის ფლოტი უილიამის ფლოტს დაუპირისპირდა: „დაუპირისპირდნენ [უილიამის] ძალებს სასტიკ, დიდ საზღვაო ბრძოლაში და გაანადგურეს მისი გემები“33. აქ ქართველთა სამხედრო გამოცდილება უშუალოდ უნდა გადაეკვეთა „ბერძენთა სიმარჯუესა ზღვასა ზედა ნავებითა“, რაზეც, ჯუანშერის მიხედვით, ყურადღებას ჯერაც ვახტანგ გორგასალი ამახვილებდა. ქართველები იმყოფებოდნენ რენო დე შატილიონის რაზმებშიც (ამაზე ცალკე თავში ვსაუბრობთ), რომელიც მუსლიმებს თავს ესხმოდა, როგორც ხმელეთზე, ისევე ზღვაზე. საფიქრებელია, რომ ქართველები მასთან ერთად მეკობრეობდნენ წითელ ზღვაზე.

ფეოდალური ეპოქის ქართული ლაშქრის ბირთვი მძიმედ შეაბჯრულ აზნაურთაგან შედგებოდა. ხაყანის შემდგომი ცნობა სწორედ აღნიშნულ სინამდვილეს უნდა გულისხმობდეს. ხომალდებზე ასული ამ მებრძოლებიდან „თითოეული თავისი რვალის აბჯრის ციხე-სიმაგრეში იყო, როგორც ისფანდიარი, მათ ისე გაავლეს ზღვაზე (მტერს) მუსრი, როგორც ჰეფთ ხანმა…“. სასტიკ საზღვაო ბრძოლაში რუსთა „ნახევარი მოიკლა, მეორე ნახევარი დამარცხდა და გაიქცა…“. დარჩენილები ივედრებოდნენ „ამანს“ – შებრალებას.

ბრძოლაში განადგურდა მათი ფლოტილიის მოზრდილი ნაწილი. ავტორის მეტაფორით, კასპიის ზღვა ისე შეიღება რუსთა სისხლით, თითქოს მასში ლალი ჩაეთესათო. ხაყანი საუბრობს 73 რუსული ხომალდის განადგურებაზე, მაგრამ რიცხვი შესაძლოა მხატვრული იყოს. მიუხედავად იმისა, რომ არსებითად იგი რეალურ ცნობებს გვაწვდის, მისი თხზულების ჟანრი არ გვაძლევს უფლებას ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ.

არსებობდა თუ არა მე-12 საუკუნეში კასპიის ზღვაზე საზღვაო ბრძოლის შესაძლებლობა? არის თუ არა სახეზე ამის პირობები, ანუ საზღვაო ძალები ორივე მხრიდან? როგორც ვხედავთ, რუსთა დიდი ნაწილი სწორედ ხომალდებში იმყოფებოდა, სანაპიროდან არც ისე შორს და მათთან გამკლავება ფლოტის გარეშე, ცხადია, წარმოუდგენელი იქნებოდა. ცნობილია, რომ შირვანშაჰებს მე-12 საუკუნეში საკუთარი სამხედრო ფლოტილიები გააჩნდათ. უფრო ადრეც, ჯერ კიდევ 910 წელს, შირვანშაჰმა ალი იბნ ჰაისამმა, რუსთა საზღვაო თავდასხმა სწორედ საკუთარი ფლოტის მეშვეობით მოიგერია34.

მსგავსსავე მოვლენას უნდა ჰქონოდა ადგილი 1174  წელსაც, მაგრამ გაცილებით უფრო დიდ მასშტაბებში, რადგანაც ერთი მხრივ, მასში მონაწილეობდა რუსთა მოზრდილი ფლოტილია,
მეორე მხრივ კი ქართველთა დიდი ლაშქარი, რომელიც რუსულ საზღვაო ძალებს შირვანშაჰის ფლოტილიის მეშვეობით უნდა დაპირისპირებოდა.

1174 წლისთვისაც რუსთა ხომალდები დაახლოებით იმ სახის უნდა ყოფილიყო, როგორიც მათი წინა საზღვაო ექსპედიციებისას კასპიის ზღვაში. აღსანიშნავია, რომ მათ არც ისე პრიმიტიული ფორმა ჰქონდა და მოიცავდა, როგორც აფრებსა და ნიჩბებს, ისე ანძებსა და იარდებსაც. ძირითადად, აქ იგულისხმება „შნეკას“ ტიპის სამხედრო გემები. მათი სიგრძე დაახლოებით 25 მეტრამდე იყო, სიგანე 5 მეტრამდე. ხომალდს გააჩნდა 1 ტონამდე ბალასტური ტვირთი. რუსთა მიერ კასპიის საზღვაო ექსპედიციებისას გამოყენებული შნეკას ტიპის ხომალდები სწორედ სამხედრო ხომალდებს წარმოადგენდა – მათი ფერდები ფარების მწკრივით იყო შეჯავშნული35.

1174 წლის კასპიის საზღვაო ბრძოლაში, ძირითადად გამოყენებული უნდა ყოფილიყო ბრძოლის დისტანციური საშუალებები: მშვილდ-ისარი, შუბი, შურდული, ცეცხლი. ხაყანი ამ ბრძოლასთან დაკავშირებით არაერთხელ ახსენებს სწორედ ისრებსა და შუბებს. საფიქრებელია, რომ ყველა ამ საშუალებასთან ერთად გამოყენებული იყო საგანგებო ძელებიც, რომლებითაც ხომალდები ერთმანეთს ეჯახებოდნენ, ლეწდნენ და ძირავდნენ.

ერთიანმა ქართულმა ფეოდალურმა მონარქიამ მყისიერი და ქმედითი პასუხი გასცა რუსთა საზღვაო თავდასხმას მისი პროტექტორატის ტერიტორიაზე და შირვანშაჰის საზღვაო ძალების გამოყენებით, კუნძულ სარის მიმდებარედ, საზღვაო ბრძოლაში რუს ვარიაგთა საზღვაო ძალებზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

მთელი ეს ისტორია, საოცარ სიახლოვეს ავლენს „ვეფხისტყაოსნის“ ერთ სიუჟეტთან. მართალია, „ვეფხისტყაოსანში“ ეპოქის ისტორიის უპირობოდ წაკითხვა ყოველთვის გაუმართლებელია, მაგრამ, მეორე მხრივ, პოემაში ზოგჯერ ძალიან მკაფიოდ იკვეთება ეპოქის ცალკეული ისტორიული რეალობები. ვფიქრობ, ზღვისპირა სახელმწიფოს მფლობელი ფრიდონი, რომელმაც მტრის თავდასხმის შემდეგ სამეფო დაკარგა, „ზღვისპირეთის“ პატრონად წოდებული შირვანშაჰ აღსართანის ანარეკლი უნდა იყოს. ტარიელისაგან ფრიდონის შველა და სამეფოს დაბრუნება კი გიორგი მესამის მიერ შირვანიდან რუსების განდევნას და შაბურანის აღსართანისთვის გადაცემას უნდა გულისხმობდეს. სამი დიდი ხელმწიფის – ტარიელის, ავთანდილისა და ფრიდონის მეგობრობის ამბავიც, ნაწილობრივ, სამი ბიძაშვილ-მამიდაშვილი ხელმწიფის – გიორგის (ქართველთა მეფის), ანდრონიკეს (ბიზანტიის მომავალი იმპერატორის) და აღსართანის (შირვანის შაჰის) ალიანსს უნდა ასახავდეს. ასევე, გიორგისა და ანდრონიკეს სიყვარულის უკიდურესად ამაღელვებელ ისტორიას. გიორგი მესამის მეუღლის – დედოფალ ბორდოხანის შესახებ წყაროში აღნიშნულია, რომ მისი მსგავსი სარძლო საქართველოში იქამდე არსად დანახულა. დედოფლის ნაადრევი სიკვდილი გიორგიმ, „ამფხვრელმან თმათა და წვერისამან“, სასტიკად განიცადა. მეფე ძველი სიყვარულის ერთგული დარჩა და სხვა ცოლი არ შეურთავს. რაც შეეხება ანდრონიკეს, თავის მიჯნურთან, მშვენიერებით მთელ აღმოსავლეთში განთქმულ თეოდორა კომნენოსთან, ის ადამიანებმა დააშორეს და არა სიკვდილმა, მაგრამ იგი ისევ აგრძელებდა სასიყვარულო ურთიერთობებს თეოდორასთან.

ვინ იცის, რამდენად შთააგონა შოთა გიორგის და ანდრონიკეს, ამ ორი „კარგი ჭაბუკის“ ერთგული სიყვარულის ამბავმა, რომელიც მაშინ ძალიან ცნობილი იყო და სიყვარულის არაკად ყვებოდნენ.

მსგავსება კიდევ უფრო ზედმიწევნითაა გიორგი მესამისა და ტარიელის საზღვაო ბრძოლის ნაწილში აღსართანისა და ფრიდონის საშველად, კერძოდ, აღსართანიც და ფრიდონიც ზღვისპირის მეფეა. ორივე მათგანს მტერი ზღვიდან და ხმელეთიდან ერთდროულად ადგება. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ფრიდონს შველის ტარიელი, რომელიც დიდ საზღვაო ბრძოლაში ანადგურებს მტრის ფლოტს და სამეფოში ისევ ფრიდონს აღადგენს. იმავეს ახორციელებს გიორგი მესამე. იგი ანადგურებს რუსულ ფლოტს, ხოლო ზღვისპირის მეფე აღსართანს „უკუაგებს თვისადვე მამულად“.

ფრიდონის შველა ტარიელისაგან:

«მოჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა;
დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა;
კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა!
აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.
მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა;
ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა.
ფიცხლა ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა;
ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ ვა!
კვლა სხვასა მივე, მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა,
ზღვასა დავანთქენ, დავხოცენ, ომიმცა რაღა აგესა!
სხვანი გამექცეს, მიჰმართეს მათ მათსა საქულბაგესა;
ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდა, მაქებდეს, არ მაძაგესა.
ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია,
კვლა შევიბენით, შეიქმნა ომისა სიმარცხენია…
ფიცხლად წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზატენით36;
მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან,
აჯათა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან;
მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან,
გვითხრობდეს: „მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!
ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ-მეფობით…“.

(ამგვარი უნდა ყოფილიყო შაბურანელთა მიმართება შირვანშაჰის, როგორც მათი მეფის, და გიორგის, როგორც მეფეთა-მეფისა და შირვანშაჰის სიუზერენის მიმართ).

შესაბამისობები ზედმიწევნითია: 1. აღსართანიც და ფრიდონის „ზღვისპირის“ მეფეები არიან. 2. ორივეს, ზღვიდან და ხმელეთიდან ერთდროულად ადგება მტერი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარგავენ ძალაუფლებას. 3. აღსართანიც და ფრიდონიც მტერს ამარცხებენ ძლიერი მეგობრის დახმარებით, დიდ საზღვაო შეტაკებაში. ორივე შემთხვევაში, მტრის ხომალდები ნადგურდება, გადარჩენილები კი გარბიან („მიმართეს მათ მათსა საქულბაქესა“). ამგვარად, გიორგი მესამის საზღვაო ომი კასპიის ზღვაზე რუს/ვარიაგთა წინააღმდეგ და აღსართანის ხელისუფლებაში აღდგენა გახდა შოთას პოეტური შთაგონება ტარიელის საზღვაო ომის აღწერისას. პოეტს, ისევე, როგორც კარგ მხატვარს, თვალწინ რეალური მოვლენა სჭირდება მშვენიერების აუცილებელი წინაპირობის – ნატურალური პროპორციების აგების სასწავლებლად, რომელსაც შემდეგ თავისი მხატვრული სამყაროს ასაშენებლად გამოიყენებს. ტარიელის საზღვაო ომის ამ შთამბეჭდავი აღწერის რეალური მოდელი ქართველთა და შირვანელთა სწორედ ეს საზღვაო ომი უნდა იყოს. ამავე მოვლენით ჩანს შთაგონებული შოთას მეორე გმირის – ავთანდილის საზღვაო ბრძოლაც, რომელშიც ხომალდის ჩასაძირი ძელებიც იხსენიება:

„ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ-შეუვალითა,
ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა.
კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა,
აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა;
ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თურე კრთებოდა,
კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, ლომს მკლავი არ უდრკებოდა.
ძელი მოსტეხა ავთანდილ დარჩა ნავ-დაულეწელი;
შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი;
ვეღარ გაესწრნეს, გარდუხდა მტერთა მი და მო მლეწელი;
არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი.
მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ჰხოცდა, ვითა თხასა;
ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა“;
34

ქართველები და ჯვაროსნები,
ახალი მასალები – ახალი დასკვნები

——————————–

1 აქაც და შემდეგშიც, ფრჩხილებში მოთავსებული განმარტებები ეკუთვნის ავტორს.
2 ყაუხჩიშვილი ს., გეორგიკა, თესალონიკელი ევსტათი, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, 1970, ტ. 8, 15.
3 იქვე, 16.
4 Collection des chroniques nationales françaises: Du Cange, C. Du F. Histoire de l’empire de Constantinople sous les empereurs Françaises, 2 v. t. 3. 1826, 357.

5 იქვე, 356-357.
6 de Magny L., La science du blason: accompagnée d’un armorial général des familles nobles de l’Europe, 1858, LXXVIII.

7 Calmet A., chez Jean Renauld Doulssecker, Histoire universelle, sacrée et profane, depuis le commencement du monde jusqu’à nos jours, 1767, 408.
8 Favre L., Du Cange, Charles Du Fresne Du Cange, 1887, 83.

9 The Library of the Palestine Piligrims text Societey, Cornell University Library, London, 6, 1897, 28.

10 Schlumberger G.L., Les Iles des Princes, Paris, 1884, 198-199.

11 Alemany A., Sources on the Alans, A Critical Compilation, Barcelona, 2000,
220-221.
12 Birkenmeier J. W., The Development of the Komnenian Army, BRILL, 2002, 151.
13 Theotokis G., The campaigns of the Norman dukes of southern Italy against
Byzantium, in the years between 1071 and 1108, University of Glazgow,
2010, 218.

14 Rosenblum J., traduite par , Jean kinnamos, Chronique, 1972, Livre 6, 250.

15 Kouymjian D., A Numismatic History of Southeastern Caucasia and Adharbayjan based on the Islamic Coinage of the 5th/11th to the 7th/13th Centuries, Columbia University, 1969, 175.

16 თამარის ისტორიკოსი წერს, რომ მეფის ტრფიალით შეშლილი ნათესავებიც („თვისნი“) კი არ ერიდებოდნენ მისი ხელის თხოვნას: „ხოლო ახლო მყოფთა ესევითარი აქუნდა ტრფიალი, რომელ არცა უღირსთა უღირსობისა აქუნდა კდემა-რცხუენა, არცაღა თჳსთა თჳსობისა გავლენა“. ამ ნათესავებს შორის იყვნენ ალექსი კომნენოსი და შირვანშაჰი აღსართანი.
„და ზოგი ძალდატანებით აიძულებდა ალექსის ქმრად მოყვანას, რომელიც ახლოს ენათესავებოდა მას… მაშინ ალექსი აქ იმყოფებოდა, ამით შეშინებული თამარი ივედრებოდა გათხოვებისაგან ხსნას“.
რატომ ეშინოდა თამარს ალექსი კომნენოსთან ქორწინების? წყაროს მიხედვით, ამის მიზეზი „ახლო ნათესაობა“ იყო.
მართლმადიდებლური კანონების მიხედვით, და-ძმის შვილებს შორის არსებული ბიძაშვილ-მამიდაშვილობა მიიჩნეოდა „პროტოექსადელფიად“ – პირველ ბიძაშვილ-მამიდაშვილობად, ანუ დავითის ასულის, კატაჲს ვაჟ ანდრონიკესა და კატაჲს ძმის – დემეტრეს ვაჟ გიორგის შორის, არსებობდა პროტოექსადელფია. პროტოექსადელფია ემთხვევა მეოთხე თავს/თაობას (საერთო წინაპარი, საკუთარი თავი, და/ძმა, დის/ძმის შვილი), შემდეგ, პირველი ბიძაშვილ-მამიდაშვილების შვილებს შორის არსებობს დევტერაექსადელფია – მეორე ბიძაშვილ-მამიდაშვილობა, რომელიც ემთხვევა მეექვსე თაობას. დევტერაექსადელფია არსებობდა ალექსი კომნენოსის მამას – მანუელ კომნენოსსა და თამარს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ ალექსი კომნენოსსა და თამარის ასულ რუსუდანს შორის იარსებებდა ტრიდაექსადელფია – მესამე ბიძაშვილ-მამიდაშვილობა მერვე თავით,
ანუ თაობით და მათ შორის ქორწინება განხსნილი იქნებოდა, მაგრამ თავად თამარი ალექსის ბიძაშვილად ერგებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ალექსი მანუელის ვაჟი იყო, თამარის და მისი ნათესაური მიმართება ისევ მეშვიდე თაობის დევტერაექსადელფიაში, ანუ მეორე ბიძაშვილ-მამიდაშვილობაში რჩებოდა.

ქორწინება მეორე თავის ბიძაშვილ-მამიდაშვილებს შორის უსასტიკესად ისჯებოდა მართლმადიდებლური კანონმდებლობის მიერ. დაქორწინებულები უნდა გაეყარათ, ჯვრის დამწერი მღვდელი განეკვეთათ, მონაწილეები კი შეეჩვენებინათ. აი, ამიტომ ეშინოდა თამარს ალექსისთან ქორწინების, მართალია, მასზე, როგორც მეფეზე, პრაქტიკულად არცერთი საეკლესიო სასჯელი არ ამოქმედდებოდა, მაგრამ მან, როგორც სჩანს პატივი სცა მართლმადიდებლურ კანონებს. მეორე მხრივ, მას არ სურდა გათხოვება და ეს კანონები ეხმარებოდა რამდენიმე ყველაზე რეალური პრეტენდენტის „დაბლოკვაში“.

კიდევ უფრო ახლო იყო ნათესაობა თამარსა და შირვანშაჰ აღსართანს შორის, რომელიც გიორგი მესამის მამიდაშვილი იყო. თამარსა და აღსართანს შორის ძალაში უნდა ყოფილიყო მეორე ბიძაშვილ-მამიდაშვილობა (თუ პირველი?), ამიტომ, თამარის რეაქცია აღსართანისგან ხელის თხოვნაზეც მწვავე იყო: „მეორედ ნუღარ გაიმეორებ“, განუცხადა მან შირვანშაჰს, რომელსაც უკვე კათალიკოსი და მოძღვრები უხვად დაესაჩუქრებინა ამ „უსჯულო“ ქორწინების საკურთხებლად.

17 Prinke R., Kata of Georgia, daughter of king David IV the Builder, as wife of sebastokrator Isaakios Komnenos, January, 2011.

18 ყაუხჩიშვილი ს., გეორგიკა, 6. 1966, 10-12.
19 Korobeinikov D., Byzantium and Turks in the Thirteenth Century, Oxford University Press, 2014, 207.

20 Trencsenyi B., Whose Love of Which Country, Leiden, 2010, 617.
21 თვარაძე ა., იბერები გიიომ ტიროსელის ქრონიკაში, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები, თბილისი, 2008, 9.
22 Migne J.P., Patrologiae Cursus Completus: Series Latina: Sive, Bibliotheca Universalis, Integra, Uniformis, Commoda, Oeconomica, Omnium SS. Patrum,
Doctorum Scriptorumque Ecclesiasticorum Qui Ab Aevo Apostolico Ad Usuque Innocentii III Tempora Floruerunt, Vol. 201, Paris, 2021, 503-504.

23 Rheinhold R., Geschichte des Konigreichs Jerusalem, Innsbruck, Verlag der Wagnerschen Universitats Buchhandlung, 1898, 120.

24 The Chronicle of Ibn al-Athir for the Crusading Period from al-Kamil fi’l-Ta’rikh, Part 3, Ashgate, 2010, 270.
25 ჭიჭინაძე ბ., ევროპული წყაროები პრესვიტერ იოანეს და სხვა ქართველი მონარქების შესახებ ახალი მასალების მიხედვით, თბილისი, 2022, 86.
26 მანანა გაბაშვილი, დასავლეთის მხატვრობის გავლენა სვეტიცხოვლის ფრესკაზე, <https://iberiana2.wordpress.com/georgia/manana-gabashvili-3/&gt;

27 Minorsky V., Khāqānī and Andronicus Comnenus, Bulletin of the School
of Oriental and african Studies, University of London, Vol. 11, No. 3, 1945,
550-578.

28 Ученыя записки втораго отдѣления Императорской академии наук,
Санкт-Петербу́рг, книга V, 1859, 110-111.
29 Khanykov M., Mélanges asiatiques, tirés du Bulletin de l’Académie impériale
des sciences de St.-Pétersbourg, Vol. 3, 1859, 118.

30 იქვე, 112.
31 Brill E.J., First Encyclopaedia of Islam, Leiden, 1993, 943

32 Martin J., Treasure of the Land of Darkness, The Fur Trade and Its Significance
for Medieval Russia, Cambridge University Pres, 2004, 113.
33 Choniates N., O City of Byzantium, Wayne State University Press, 1984, 55.
34 Nurulla A., influence of shirvanshah state on naval affairs in azerbaijan, Baku,
2017, 134.

35 Alakbarli F., Presence of Normans in Caspian During the Middle Ages (9th-
11th Centuries) Conference Paper, Azerbaijan National Academy of Sciences,
2004, 7.

36 აქ არეკლილი უნდა იყოს შაბურანის აღება.

[08.06.2023]

დატოვე კომენტარი