IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ზვიად გამსახურდია – “უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა–წყალი”. 11.01.1991

♥ სეგმ

♥ ზვიად გამსახურდია

323430644_754190808994908_1191626794008406559_n

ზვიად გამსახურდია

“… უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა–წყალი…”

1991 წლის 11 იანვარს მრგავლი მაგიდის საზოგადოებრივ–პოლიტიკურ გაზეთში “თავისუფალი საქართველო” №1 (6) გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიასთან, რომელიც მან მისცა ამ გაზეთის რედაქტორს მარიკა აბაიშვილს.

“… უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა–წყალი…”

რედაქტორი: – ბატონო ზვიად, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები გარკვეულწილად ხელსაყრელია დაპყრობილი ქვეყნების განმათავისუფლებელი მოძრაობებისათვის. ამავე დროს, კრემლი დღემდე რჩება უხეშ და საშიშ მოწინააღმდეგედ. მსოფლიო კი მას ანგარიშს უწევს. ასეთია ვითარება, ესე იგი გარკვეული მხარდაჭერა გარედან, ხოლო, მეორეს მხრივ, გარედანვე მომდინარე დიდი წინააღმდეგობა, უზარმაზარ წინდახედულობას, სიფრთხილეს და ამავდროულად, სიმტკიცეს მოითხოვს. როგორ ჭრით ამ პრობლემებს?

ზვიად გამსახურდია: – მოგეხსენაბათ, რომ პირველი დღეებიდანვე ცენტრმა საკმაოდ შემოგვიტია, ვინაიდან ის ვერ ეგუებოდა იმ ცვლილებებს, რაც მოხდა საქართველოში. პირველი და უმთავრესი, რამაც გამოიწვია კრემლის უმწვავესი რეაქცია, იყო ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროში და უშიშროების კომიტეტში, სადაც ფაქტობრივად აღარაფერი დარჩა საბჭოთა. ხელმძღვანელობა, მათი მუშაობის მიმართულება მთლიანად შევცვალეთ, რათა ისინი თანდათან ეროვნულ ორგანიზაციებად გადაიქცნენ, ამასთან დაკავშირებით მოგვივიდა გორბაჩოვის დეპეშა. პირდაპირ გვემუქრებოდა, თუ ყოველივეს უკან არ წაიღებთ, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივიღებო. მაგრამ ჩვენ არცერთი ნაბიჯით არ დავიხიეთ, ყველაფერის ასევე დავტოვეთ და რაც ცენტრიდან მოვიდა, არაფერი არ შევასრულეთ. შემდეგ ასეთივე კონფლიქტი მოგვივიდა ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმების თაობაზე. ეს კონფლიქტი დღემდე გრძელდება. ახლა გამოვიდა მისი დადგენილება, რომელიც წარმოადგენს უხეშ ჩარევას ჩვენს შინაურ საქმეებში, მაგრამ ჩვენ უკან არ დავიხევთ, არ შევცვლით ჩვენს გადაწყვეტილებებს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ დაგვითმია არაფერი, პრინციპულად ვდგევართ იმ პოზიციაზე, რომელზეც თავიდანვე ვიდექით და ვახორციელებთ მრგვალი მაგიდის კურსს. ამავე დროს, სიფრთხილესაც არ გამოვრიცხავთ. არ არის საჭირო ავანტურისტული მოქმედება. რისკენაც ზოგიერთები მოგვიწოდებენ. ომის გამოცხადება, შეიარაღებული შეტაკება და სხვა მიგვაჩნია ავანტურად, ამიტომ ასეთ ნაბიჯებს ნამდვილად არ გადავდგამთ და არ გავამწვავებთ ურთიერთობას, განსაკუთრებით საოკუპაციო ჯარებთან. თუმცაღა პროვოკატორები წამდაუწუმ მოგვიწოდებენ მათთან კონფლიქტისა და ურთიერთობის გამწვავებისაკენ. ეს არ მოგვაჩნია მიზანშეწონილად. ჩვენი აზრით, საოკუპაციო ჯარებთან ჩვენი ურთიერთობა უნდა განსაზღვროს საერთაშორისო სამართალმა, უნდა ველაპარაკოთ მათ საერთაშორისო სამართლის ენაზე. ყოველგვარი ფიზიკური წინააღმდეგობა, ჯიბრი, შეტაკება და სხვა , მიგვაჩნია ავანტურად და არასწორ მოქმედებად. ამ გაგებით, გარკვეულ სიფრთხილესაც ვიჩენთ, მაგრამ ამავე დროს არ ვღალატობთ ჩვენს მთავარ პრინციპებს და პოზიციის ურყევობას ვამჟღავნებთ.

რედაქტორი: – ვერსად გავექცევით იმ სავალალო ფაქტს, რომ ჩვენი ყოფის ყველა სფეროში დაბუდებულია ე. წ. მაფია. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ცნებამ ჩვენში განსხვავებული დატვირთვა შეიძინა, ვიდრე მას უცხოეთში აქვს. საზოგადოება ერთობ მტკივნეულად აღიქვამს ახალი ხელისუფლების ურთიერთობას სხვადასხვა ჯურის მაფიასთან. მწვავედ განიცდიან, როდესაც სხვადასხვა ადამიანებსა და დაჯგუფებებს, თუნდაც კორუმპირებულთ, ხელისუფლება უტევს. მეორე ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავს, როდესაც ადგილი აქვს გარკვეულ დათმობას. პირადად მე სავსებით ვიზიარებ მეორე ნაწილის განწყობას.

ზვიად გამსახურდია: – მაფიოზური დაჯგუფებების ესეოდენ დიდი სიმრავლე, პირველ რიგში, კომუნისტური, ტოტალიტარული წყობილების მანკიერებაა, ვინაიდან მან მოუსპო ადამიანს საშუალება კანონიერი და სამართლიანი გზით შემოსავლის ქონისა, კარგი ცხოვრებისა და წარმატების მიღწევისა მოღვაწეობის ამა თუ იმ სფეროში, ამიტომ მიჰყვეს ხელი უკანონო და დანაშაულებრივ გზას, რითაც გამრავლდა მაფიები. ეს არის ფაქტობრივად დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებიც უპირისპირდებიან სიმართლეს, სიკეთეს, ჭეშმარიტებას, კანონიერებას. მათ წინააღმდეგ ბრძოლა დამსჯელი ორგანოების მეშვეობით, რასაკვირველია, უსარგებლოა; ისევ და ისევ საჭიროა იმ სისტემის დანგრევა, რამაც ეს ყოველივე წარმოშვა. ამ სისტემის ლიბერალიზაცია არის საჭირო, მისი მისადაგება ადამიანის ნორმალური მოთხოვნილებისადმი, შემოსავლის გაზრდა, რათა ადამიანმა შემოსავლის ძიებაში არ დაარღვიოს კანონიერება. ჩვენი სახელმწიფო წყობილების გაჯანსაღება, ეკონომიკური ღონისძიებები გამოიწვევს შემდგომ ამ მაფიების დაშლას, ისინი შეწყვეტენ არსებობას. სანამ კომუნისტური სისიტემის რეციდივები გვექნება, მაფია ყოველთვის იარსებებს.

რედაქტორი: – მაგრამ მაფია კულტურასა და მეცნიერებაშიც არსებობს. ეს ის დაწესებულებებია, რომლებსაც ამა თუ იმ სფეროში ყველა სადავე ხელში აქვთ ჩაგდებული. ვინც ამ ორბიტაზე მოხვდება , მისი ნაწარმოები აუცილებლად შესრულდება, მის ფილმს უეჭველად ჩართავენ რეტროსპექტივაში, დაუბრკოლებლივად გაიგზავნება საზღვარგარეთ პრესტიჟულ სამეცნიერო ფორუმზე, ან მორიგი “აღმოჩენის” გასაკეთებლად, საბოლოო ჯამში კი ზარალდება მეცნიერება და კულტურა.

ზვიად გამსახურდია: – პატარა სამეფოები, პატარა იმპერიები კულტურასა და მეცნიერებაში უნდა მოისპოს. იქ პატარა ლიდერები – მეფეები და თავადები – არიან, რომლებიც თავის კლანს იკრებენ გარშემო. ეს კლანი შემდეგ იბრძვის თავისი ინტერესებისათვის, თავისი მოგებისათვის და ყველანაირი პირადი კეთილყოფისათვის. როდესაც უფრო დემოკრატიული გახდება მმართველობა ამ სფეროებში, ეს გამოიწვევს ამ მაფიების არსებობის შეწყვეტას.

რედაქტორი: – მაშასადამე, მათ საარსებო ნიადაგი აღარ ექნებათ.

ზვიად გამსახურდია: – რასაკვირველია.

რედაქტორი: – რა დამოკიდებულება გაქვთ ამჟამინდელ ოპოზიციასთან და ბოლო ხანებში ჩატარებულ შიმშილობასთან?

ზვიად გამსახურდია: – საქართველო სამხრეთის ქვეყანაა და აქ ზარმაცთა, მუქთახორათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალზე რთულია, მაგრამ თუ ისინი ჩაიდენენ სისიხლის სამართლის რაიმე დანაშაულს, სასჯელი არ უნდა ასცდეთ. რაც შეეხება შიმშილობას, ეს ზნეობრივი აქციაა და უანგარო, ეროვნული ან რელიგიური იდეების სახელით უნდა მიმდინარეობდეს. ტერორისტების შიმშილობა, ან ტერორისტების ინსპირაციით შიმშილობა ხალხის სიმპათიას ვერასოდეს დაიმსახურებს. მე მოვიყვან ირლანდიის მაგალითს : ჩვენი საუკუნის დასწყისში ირლანდიელი პატრიოტების შიმშილობამ გამოიღო უდიდესი შედეგი, თავისუფლება მოუტანა ირლანდიას, ვინაიდან ისინი ზნეობრივი და უანგარო ადამიანები იყვნენ, იბრძოდნენ სამშობლოს თავისუფლებისთვის, შიმშილობდნენ ოკუპანტების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, თავისუფლების სახელით. ახალ დროში კი, ირლანდიელი ტერორისტების შიმშილობამ არსებითად ვერავითარი რეზონანსი ვერ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მოშიმშილეთა სიკვდილით დამთავრდა. დღეს ტერორი და ყოველგავრი ძალადობა უკიდურესად არაპოპულარულია, ხალხში ანტიპათიის გარდა, არაფერს იწვევს. ჩვენში ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული შიმშილობა ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. უპრიანი იქნება, თუ ამგვარ აქციებს ცენტრის დიქტატის წინააღმდეგ მიმართავენ. ერთმა პიროვნებამ შიმშილობა დაიწყო ჩვენზე დიქტატის განხორციელების მიზნით. გარწმუნებთ ეს მოლიპული გზაა. წამოგვიყენეს ულტიმატუმები, გვიბრძანებდნენ და გვეუბნეობდნენ შეასრულეთ ესა ეს, თორემ ვიშიმშილებთ. ეს არ არის გზა პარლამენტთან ურთიერთობებისა. ეს მოთხოვნები უნდა შემოეტანათ საკანონმდებლო ინიციატივების სახით, ვინაიდან მათ, როგორც ოპოზიციურ პარტიებს, ჰქონდათ ამის უფლება. დიქტატითა და ტერორიზირებით კი ვერაფერს მიაღწევენ ჩვენთან. რაც შეეხება მოშიმშილე ქალების ცემასა და დარბევას, მე არავის ვუსურვებ ახალი როდიონოვის სახელის დამკვიდრებას. როგორც როდიონოვი შეაჩვენა ქართველმა ერმა და მოიკვეთა, ისვე შეაჩვენებს მათ. ნათქვამია – საქართველოში ქალს ძაღლიც კი არ შეუყეფსო, აქ კი რა ნახა ჩვენმა თვალებმა?! მე მგონია, ჩვენ სერიოზულად უნდა დავუფიქრდეთ ამ ამბავს. გარდა ამისა შიმშილობას აქვს თავის ეთიკა, მოშიმშილისთვის, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია ხმაურიანი მიტინგების ჩატარება. მით უმეტეს, შიმშილობის მეშვიდე დღეს, როდესაც ერთი მოშიმშილე სხვა მოშიმშილეებს ტერორისტებს, რომ მიუსევს დასარბევად. იგი ამით საკუთარ შიმშილობას აუფასურებს.

რედაქტორი: – რა აზრის ხართ ეროვნული კონგრესის საქმიანობაზე?

ზვიად გამსახურდია: – ამდენი ხანია პარალელურად არსებობს უზენაესი საბჭო და ე. წ. ეროვნული კონგრესი, აბა, თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენ რაიმე გვებრძანებინოს კონგრესისათვის, მიგვეცეს რაიმე მითითება, ან წაგვეყენებინოს ულტიმატუმი?! ისინი თითქმის ყოველდღე გვიყენებნ ულტიმატუმებს და არ შესრულების შემთხვევაში აქციებით გვემუქრებიან. კონგრესი აცხადებს, რომ იგი ქართველმა ერმა აირჩია. ბოლოსდაბოლოს ჩვენ გვაქვს უფლება ვკითხოთ ქართველ ერს – ნამდვილად აირჩია თუ არა მან ეს ე. წ. კონგრესი. ამის გამო მე მომხრე ვარ დას–ის სათათბიროს წევრთა ინიციატივისა მოვაწყოთ ამომრჩეველთა პირადი გამოკითხვა, რათა საბოლოოდ გაირკვეს, თუ ვინ აირჩია ეს ე. წ. კონგრესი. მართალია ეს დაკავშირებული იქნება გარკვეულ ხარჯებთან, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ისიც მიფიქრია, რომ ტყუილად გავაუქმეთ პოლიტგანათლების სახლი. მართალია ის თავის დანიშნულებას არ ასრულებდა და ცრუ პოლიტგანათლების სახლი იყო, მაგარამ პოლიტოლოგიის ანბანი ხომ უნდა ისწავლოს ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, კურიოზები არ მოუვიდეს. ერთ–ერთმა ლიდერმა შარშან პირველად გაიგო სიტყვა “აპარტეიდი” და ითხოვდა განმიმარტეთ მისი მნიშვნელობაო. ასეთი პიროვნები, ცხადია შორს ვერ წაიყვანენ იმ პარტიებს, რომლებსაც სათავეში უდგანან. აუცილებელია განათლება, პოლიტოლოგიის საფუძვლების შესწავლა. რათა კამათი მაინც გახდეს მათთან შესაძლებელი.

რედაქტორი: – მილიციასა და უშიშროების კომიტეტს დღეს ეწოდა – ეროვნული. ეს, ალბათ, ერთგვარი მორალური ავანსია.

ზვიად გამსახურდია: – ეს არის მორალური ავანსი და ამავე დროს დავალება და ვალდებულება. ჩვენ ამით ვუთხარით მათ, რომ დამთავრდა ის დრო, როდესაც ისინი ემსახურებოდნენ კომუნისტური პარტიის ინტერესებს, იმპერიის ინტერესებს, ფაქტობრივად მტრის ინტერესებს. ახლა მათ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ. ჩვემ მათ შევუცვალეთ სახელი, ხელმძღვანელობა, გარეგნულ ფორმასაც შევუცვლით. ჩაცმულობა მათი სხვა იქნება, საბჭოთა გერბების ნაცვლად, ეროვნული გერბები, მაგრამ უნდა შეიცვალონ სული, პოზიცია, მსოფლმხედველობა, მაშინ მთელი მათი მუშაობის სტრუქტურა შეიცვლება და მართლაც ეროვნული მილიცია და ეროვნული უშიშროების კომიტეტი გვექნება. სხვათა შორის, ამ სამსახურის ჩამოყალიბებამ და იმ რეფორმებმა, რაც ჩვენ იქ ჩავატარეთ, გამოიწვია იმპერიული სუკ–ის გამოყოფა, რომელიც ფარულად მაინც არსებობს თბილისში, სასაზღვრო ჯარების სამმართველოში. აქედან გაძევებული კრემლის აგენტები ნავოდნიჩის მეთაურობით იქ მოკალათდნენ და მეორე სუკი შექმნა, თუმც არაოფიციალური და ფარული. მაგრამ ჩვენ ეს არ გვაშინებს, რადგან ძირითადი ძალა არსებული ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელშია, იმპერიული სუკ–ის მოქმედებას ვაკონტროლებთ და შეძლებისდაგავარად, ვანეიტრალებთ.

რედაქტორი: – ბატონო ზვიად, თუ აქამდე მილიციაში სამსახური სამარცხვინო იყო იყო, ალბათ, შორს არ არის ის დრო, როდესაც ფსიქოლოგიური გარდატეხა მოხდება და იქ სამსახური არათუ სამარცხვინო, არამედ საპატიოც იქნება.

ზვიად გამსახურდია: – როდესც დაინახავენ მათ საქმეებს, როდესაც დაინახავენ , რომ ეს უკვე არ არის ანტეროვნული და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა, მაშინ უკვე სასახელოც იქნება, ისევე როგორც უცხოეთში. ეროვნულ პოლიციაში, ეროვნულ ჯარში, ეროვნულ სადაზვერვო სამსახურში ყოფნა არცერთი ინგლისელისთვის, ფრანგისთვის სამარცხვინო არ არის და ქართველისთვის რატომ უნდა იყოს?! სამაჩაბლოში დღეს მრავალმა მათგანმა გამოიჩინა გმირობა, ისინი მისაბაძნი არიან ყველა ქართველისთვის.

რედაქტორი: – გავიგე რომ მერაბ კოსტავას საზოგადოების რამდენიმე წევრმა მილიციაში დაიწყო მუშაობა იქაური ვითარების გაჯანსაღების მიზნით.

ზვიად გამსახურდია: – ეს ასეა. ისინი მაგალითის მისაცემად მივიდნენ იქ. ადრე მილიციელი ლამის ყველაზე სამარცხვინო ადამიანი იყო, დღეს კი სასახელო უნდა გახდეს. მან წესრიგი, ეროვნული უშიშროება და ყოველი ჩვენგანის სიცოცხლე უნდა დაიცვას. ეს საპატიო მოვალეობაა.

რედაქტრი: – დღევანდელ დღეს რა უნდა გაკეთდეს?

ზვიად გამსახურდია: – დღეს უნდა გაერთიანდეს ყველა ეროვნული ძალა კრემლის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად – აქციები, პროტესტები, შესაძლოა დაგვჭირდეს საყოველთაო გაფიცვა და ეროვნული დაუმორჩილებლობა. უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა–წყალი მტრისაგან, თუ საჭირო გახდა, იარაღითაც კი.
ესაუბრა მარიკა აბაიშვილი.”

მასალა მოგვაწოდა დავით არაბიძემ

დატოვე კომენტარი